რედაქტორისაგან

ჯემალ ინაიშვილი

იმედია, ჩვენი ახალი პროექტი მოგეწონათ. ვგულისხმობ პირველ ნომერს, რომელიც ახალი ფორმატით გამოვიდა და ახალი თემებიც დაემატა.
გაზაფხულის მოსვლასთან დაკავშირებით მეტად გაცხოველებული სჯა – ბაასია პარლამენტში ეკონომიკური რეფორმების რამოდენიმე საკითხზე – საბაჟო კოდექსი, მთავრობის ახალი ინიციატივა საბაჟო გადასახადის გაუქმებაზე და უკვე ამოქმედებული კანონის – სურსათის უვნებლობის და ხარისხის შესახებ ამოქმედების მექანიზმზე. ამიტომ, ბუნებრივია, მეორე ნომრის მთავარ თემებად ეს საკითხებია ჩვენს ჟურნალში. მკითხველს ვთავაზობთ ფართო დისკუსიას მათ ირგვლივ, შეხედულებათა მთელ სპექტრს, რადგან აქ აჩქარება არ ივარგებს და ნებისმიერი თემა საერთო ეკონომიკური სტრატეგიის შემადგენელი ნაწილია. სახელმწიფოს შემდგომი განვითარება ბევრადაა დამოკიდებული ამ საკითხების ოპტიმალურ დარეგულირებაზე.
ბუნებრივია, არც სალარო აპარატის გამოყენების საკითხს ავუარეთ გვერდი და ახალი მოთხოვნების პარალელურად რუბრიკით – ბუღალტრული მაცნე და საგადასახადო მაცნე გთავაზობთ მათი მეშვეობით ოპერაციების წარმოების, აღრიცხვის პრობლემებს, ასევე დანახარჯებში გატარების წესებზე დისკუსიას.
თებერვალში სავაჭრო-სამრეწველო პალატის, ამერიკის განვითარების სააგენტოს (USAID) და ჟურნალ საქართველოს ეკონომიკის ეგიდით მოეწყო ტრადიციული მცირე და საშუალო ბიზნესში 2005 წლის მონაცემებით წარმატებულ ბიზნესმენთა კონკურსის დასკვნითი ეტაპი, სადაც ღირსეულთა შორის ღირსეულებს სპეციალური პრიზები გადასცეს პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის ხელმძღვანელობამ და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებმა. ეს კონკურსი მეტად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ სექტორის პოპულარიზაციის და ხელშეწყობის საქმეში და განვითარების სტატისტიკაც შთამბეჭდავია. ისინი ქართული ეკონომიკის არეალში სულ უფრო მეტ როლს თამაშობენ. საინტერესო იქნება მათთან თქვენი ურთიერთობაც და ახლოს გაცნობა.
მეტად მნიშვნელოვანი იყო თურქეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ვიზიტი და საქმიანი შეხვედრები ბიზნეს თუ ეკონომიკურ ელიტასთან. ჩვენი მეზობელი ქვეყნის ეკონომიკა ერთ-ერთი სწრაფმზარდია და მათი მაგალითი მისაბაძი ბევრ სფეროში. მით უმეტეს, რუსეთის მხრიდან ჩვენი ექსპორტიორების შევიწროების ფონზე უახლოეს მეზობელთან და ყველაზე მსხვილ სავაჭრო პარტნიორთან ურთიერთობის დალაგება წაადგება საქართველოს ბიზნესს. ამას გარდა, საინტერესოა მისი აზრი როგორც თურქეთის, ისე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ პრობლემებზე, რასაც ამ ნომერში გთავაზობთ.
მსოფლიო ბაზარი ამ წლის მეორე თვეში შედარებით სტაბილურობით გამოირჩეოდა და აღმავლობის გზაზე იყო. ნავთობის ფასების დარეგულირებამ და ირანის საკითხში პროგრესმა ბაზარს ახალი სტიმული შესძინა. ამას გარდა, მიუხედავად სავაჭრო ბალანსის დეფიციტის არნახული ზრდისა, ამერიკის ეკონომიკას, ანალიტიკოსთა აზრით, სერიოზული გამოცოცხლება ეტყობა და ბენ ბერნანკეს მიერ საპროცენტო განაკვეთის ბოლოჯერ გაზრდა იმედს აძლევს მსოფლიო ბაზარს, რომ დოლარის კურსი გამყარდება. რა ტენდენციებს ხედავენ ანალიტიკოსები და რას უნდა ველოდეთ მომავალი 2-3 თვის განმავლობაში, ამაზე ჩვენი ანალიტიკოსების მოსაზრებას გაეცნობით ტრადიციულ რუბრიკაში მსოფლიო ეკონომიკის მიმოხილვა.
ასევე გთავაზობთ თებერვლის თვის საინტერესო ეკონომიკური მოვლენების კოლაჟს და მეცნიერების განყოფილებას.
ვიმედოვნებთ, ჩვენი ურთიერთობა მკითხველებთან საინტერესო ფაზაში შევა და კონტაქტები უფრო ხშირი იქნება თქვენი აზრი ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial