კონკურენტული რეგულირების პრაქტიკა საერთაშორისო პროკურმენტში


თემურ ხომერიკი
საქართველოს უნივერსიტეტის სრული პროფესორი

საბაზრო ეკონომიკის პირობებში, სახელმწიფო იძულებულია ჩაერიოს ბაზრის ფუნქციონირებაში, რათა დაცული იქნას დემოკრატიული არჩევანის უზრუნველმყოფელი კონკურენტული მექანიზმები. კონკურენცია არა მარტო რესურსდამზოგავი საშუალებაა ეროვნული ეკონომიკის განვითარებისთვის, არამედ საზოგადოებრივი კეთილდღეობის დაცულობის წინაპირობაცაა. სახელმწიფოს მარეგულირებელი საქმიანობა მოიცავს როგორც სახელმწიფო ეკონომიკური პოლიტიკის რეალიზაციას, ასევე იმ ამოცანების გადაწყვეტას, რომლის გადაჭრაც თვითრეგულირებადი საბაზრო მექანიზმებით შეუძლებელია. ამას აღიარებს თითქმის ყველა ეკონომიკური მიმდინარეობა, დაწყებული კლასიკოსებიდან, დამთავრებული ინსტიტუციონალისტებით, ნეოკლასიკური და ნეოკეინზიანური სკოლებით.

ჯერ კიდევ ადამ სმიტმა გაუსვა ხაზი წარმოების ფაქტორების ოპტიმალურ განაწილებაზე კონკურენციის დამაბალანსებელ როლს, რაც კომერციული საქმიანობის საფუძვლად იქნა აღიარებული. დ. რიკარდომ აღწერა სრულყოფილი კონკურენციის თეორიული მოდელი, სადაც ვერ მოიძებნა სახელმწიფო რეგულირების ადგილი. ჯ. ს. მილმა და სხვა კლასიკოსებმა კიდევ უფრო სრულყვეს ზემოაღნიშნული მოდელი, ხოლო ნეოკლასიკურმა სკოლამ ა. მარშალის მეთაურობით ყურადღება გაამახვილა ფასების სისტემაზე კონკურენციის გავლენასა და მასშტაბის ეკონომიის მნიშვნელობაზე. ყველა ზემოაღნიშნული მიდგომა ყურადღებას ამახვილებდა მხოლოდ ფასებით კონკურენციაზე და ფასის მაკოორდინირებელ როლზე საბაზრო წონასწორობისთვის, რაც ამ მოვლენის რეალურ შინაარსს არ ასახავდა. ი. შუმპეტერმა კი მეწარმეთა წარმატებისა და კონკურენტული უპირატესობის საფუძვლად წარმოების ინოვაციურობა და პროდუქტის ხარისხობრივი მახასიათებლები განიხილა. ჯ. რობინსონმა კი გამოყო ე. წ. „ბუნებრივი მონოპოლების“ დარგები, სადაც ეფექტიანობისათვის ცალკეული დარგების ტექნიკური განსაკუთრებულობის გამო, კონკურენტული ფირმების მოღვაწეობის მიზანშეწონილობა ეჭვქვეშ დააყენა. კლასიკოსების აზრი, რომ თვითრეგულირებადი ეკონომიკა უფრო ეფექტიანად ფუნქციონირებს სახელმწიფოს ჩარევის გარეშე, გააქარწყლა წინა საუკუნის 30-იანი წლების ეკონომიკურმა კრიზისმა და დიდმა დეპრესიამ. საბაზრო ეკონომიკაში სახელმწიფო როლზე ფუნდამენტურ თეორიულ გადატრიალებას წარმოადგენდა ჯ. კეინზის კონცეფცია: კლასიკოსებისაგან განსხვავებით მას მიაჩნდა, რომ სახელმწიფოს შეეძლო ეკონომიკის განვითარების რეგულირება ერთობლივ მოთხოვნაზე ზემოქმედებით. სახელმწიფო კაპიტალდაბანდებების და ხარჯების ზრდა (შესყიდვების გაფართოება), ამ კონცეფციით განაპირობებდა ქვეყნის მშპ-ს შესატყვის ზრდას და საბოლოოდ – დასაქმების ამაღლებას. ეკონომიკური ინსტრუმენტებიდან ფულად-საკრედიტოსთან შედარებით, უპირატესობა ენიჭებოდა ბიუჯეტურ რეგულატორებს. გასული საუკუნის 70-80-იან წლებში, ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირებისადმი ახალი მიდგომები წარმოადგინეს მონეტარიზმის მიმდევრებმა. მაშინდელი სტაგფლაციის პირობებში, დასაქმებასთან ერთად, პრობლემად იქცა ინფლაცია, რის დაძლევაში კეინზიანური მიდგომები უძლური აღმოჩნდა. მილტონ ფრიდმენისთვის ამოსავალს ფულად-საკრედიტო ურთიერთობები წარმოადგენდა და მათი აზრით, ფულის მიწოდების რეგულირებით შესაძლებელი იყო ეკონომიკის სტაბილიზაცია, ცხადია, თავისუფალი ბაზრის პრიმატის პირობებში. ფ. ჰაიეკის მიხედვით, საბაზრო წონასწორობა წარმოადგენს სტატიკურ მდგომარეობას, რომლის დინამიკურ მოდელად განიხილავდა კონკურენციის პროცესს, რასაც საზოგადოებრივი პროგრესის საფუძვლად მიიჩნევდა. ამდენად, სახელმწიფოს როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ საბაზრო მექანიზმების კორექტირებით, არამედ ხელს უნდა უწყობდეს კონკურენციას და მხოლოდ ამ მიმართებით იყენებდეს მარეგულრებელ გავლენებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო იქცევა არაკონკურენტული გარემოს შემოქმედად. ცხადია, მაკროდონეზე, მეზოდონესა და მიკროდონეზე ეკონომიკის რეგულირების კონკრეტული მექანიზმები და მასშტაბები განპირობებულია ეროვნული ეკონომიკის განვითარების დონით და კონკრეტულ პერიოდში ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემატიკით.

თანამედროვე შერეული ეკონომიკის პირობებში, სულ უფრო მეტი დასავლელი მეცნიერ-მკვლევარი ამახვილებს ყურადღებას საბაზრო თვითრეგულაციის უუნარობაზე გლობალური განვითარების პირობებში და ემხრობა იქ, სადაც მოსალოდნელია ბაზრის ფიასკო, რეგულირების ბერკეტები ხელში აიღოს სახელმწიფომ და სამოქალაქო სექტორმა, რასაც საბოლოოდ დემოკრატიული ფასეულობებისა და კეთილდღეობის სოციალური პოლიტიკის პრიმატის აღიარებისკენ მივყავართ. ამ პირობებში აქტუალური ხდება მოსახლეობის ცხოვრების დონისა და ხარისხის ამაღლება, მომხმარებელთა უფლებების დაცვა, გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება და ა. შ. ყოველივე კი საჭიროებს ძლიერ სახელმწიფო ხელისუფლებას ყველა განშტოებით: საკანონმდებლო, სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სახით. ცხადია, ხელისუფლების სიძლიერე არ გამორიცხავს სახელმწიფო ორგანოთა სისტემის მოქნილობას, რელევანტურობასა და ადაპტიურობას ეფექტიანი მართვის პირობებში.

გარდამავალი ეკონომიკის პირობებში, საქართველოსთვის სახელმწიფო შემოსავლების მობილიზაციასთან ერთად, სულ უფრო აქტუალურია ხარჯების გაწევის რაციონალიზაცია საბაზრო გარემოში. მიუხედავად იმისა, რომ საზღვარგარეთის მოწინავე ქვეყნების უმეტესობამ სახელმწიფო სახსრების ეფექტური მართვისთვის შეიმუშავა პროკურმენტის საკუთარი პრინციპები, სახელმწიფო შესყიდვების პრაქტიკის განზოგადებით, ამ სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმები საერთაშორისო მასშტაბით სულ უფრო ჰარმონული ხდება, რამაც სათანადო ასახვა ჰპოვა საერთაშორისო შეთანხმებებსა და აქტებში. ამ მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საერთაშორისო ვაჭრობის სამართლებრივი კომისიის (UNCITRAL) მიერ მიღებული ჩარჩო კანონი „საქონლის (სამუშაოების) და მომსახურების შესყიდვების შესახებ“, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის სამთავრობო შესყიდვების თაობაზე შეთანხმება, ამ საკითხზე ევროდირექტივები და მსოფლიო ბანკის შესყიდვების სახელმძღვანელო წესები. ზემოაღნიშნული ემსახურება განსაზღვრულ გეოეკონომიკურ სივრცეში სახელმწიფო დაკვეთების ერთიანი ბაზრის ფორმირებას.

სახელმწიფო შესყიდვების პროცესისა და პროკურმენტის სისტემის დახასიათებისას სარგებლობენ განსხვავებული ტერმინოლოგიით – სახელმწიფო შესყიდვებთან (State Procurement) ერთად, ხშირად გამოიყენებენ საზოგადოებრივი შესყიდვებისა (Public Purchasing) და სამთავრობო შესყიდვების (Government Procurement) ცნებებს, თუმცა, ყველა შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვებს მიაკუთვნებენ ნებისმიერი დონის ხელისუფლების ორგანოების და სახელმწიფო დაწესებულებების დანახარჯების ერთობლიობას, რომელიც გაიწევა საზოგადოებრივ საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად შეძენლი საქონლისა და მომსახურების ანაზღაურებისთვის. ტერმინი „სახელმწიფო შესყიდვები“ განსაზღვრულად ვეღარ ასახავს თანამედროვე პირობებში მასზე დაკისრებულ შინაარსს, რადგან იგი სადღეისოდ არა მხოლოდ სახელმწიფო ხარჯების ეფექტიანობას ასახავს, არამედ საზოგადოებრივ კეთილდღეობასაც გულისხმობს და განსაზღვრული სოციალური დატვირთვის შემცველია. კიდევ უფრო შეზღუდულია „სამთავრობო შესყიდვები“, რომელიც მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ შესყიდვებს ეხება. ამდენად, თანამედროვე პირობებში, აღარავინ დავობს საზოგადოებრივი შესყიდვების ტერმინის დამკვიდრებაზე, როგორც ეს მიღებულია ევროკავშირის ქვეყნებში. გაეროს UNCITRAL მოდალური კანონის მე-2-ე პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვად მიჩნეულია სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ ნებისმიერი წესით განხორციელებული საქონლის (სამუშაოს) და მომსახურების შესყიდვა. საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, ძირითადად, სწორედ გაეროს მოდალური კანონის საფუძველზეა შექმნილი და ამ კანონით დადგენილი წესები ვრცელდება ყველა სახის სახელმწიფო შესყიდვაზე, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების გარდა.

xomeriki 1

ევროინტეგრაციის პირობებში, საქართველოსთვის განსაკუთრებულია სახელმწიფო შესყიდვების სისტემის, ევროკავშირის საზოგადოებრივი შესყიდვების ზოგად წესებთან და ევროდირექტივებთან შესაბამისობაში მოყვანა. აღნიშნული დირექტივები მოითხოვენ წევრი სახელმწიფოების დონეზე განხორციელებას და მათი დანიშნულებაა იმ პროცედურების კოორდინაცია, რომლებიც უნდა დაიცვას ევროგაერთიანების წევრმა, რომელსაც სურს დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრულ მაჩვენებლებზე მაღალი ღირებულების შესყიდვის განხორციელება. დადგენილი ნორმები მოიცავს სამშენებლო სამუშაოების, პროდუქციისა და მომსახურების შესყიდვის თაობაზე დადებულ ხელშეკრულებებს, რომლებსაც განათავსებენ როგორც ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციები, ასევე წყლის, ენერგიის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროში მომუშავე საზოგადოებრივი, ნახევრადსაზოგადოებრივი და კერძო საწარმოები. ის ფაქტი, რომ ამ ხელშეკრულებების ერთ-ერთი მხარე მიჩნეულია საზოგადოებრივი ინტერესების წარმომადგენლად, განსაზღვრავს საზოგადოებრივ შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების სპეციფიკურობას კერძო გარიგებებთან შედარებით. საზოგადოებრივი შესყიდვების თაობაზე სახელმწიფო დაკვეთის ჩამოყალიბების პროცესი, სახელშეკრულებო ურთიერთობების შეზღუდული საბიუჯეტო და პოლიტიკური ფაქტორები, საზოგადოებრივი ინტერესი და საზოგადოებრივი მონიტორინგის საჭიროება წარმოადგენს სპეციფიკური მარეგულირებელი წესებისა და პრინციპების დანერგვის საფუძველს. აღსანიშნავია, რომ ევროდირექტივების მიზანს წარმოადგენს, არა საზოგადოებრივი შესყიდვების სფეროში არსებული ყველა ეროვნული წესის ჰარმონიზაცია, არამედ კონტრაქტების განთავსების ეროვნული პროცედურების კოორდინაცია გარკვეულ ზღვარს ზემოთ დადებული ხელშეკრულებების განთავსებისთვის მინიმალური საერთო მოთხოვნების დაწესების გზით, რაც გულისხმობს საზოგადოებრივ შესყიდვებთან დაკავშირებული პრცედურების წარმართვას არადისკრიმინაციულ საფუძველზე, საზოგადოებრივი სახსრების რაციონალურ განაწილებას საუკეთესო შემოთავაზების ტენდერის გზით შერჩევის მეშვეობით და ევროპულ საწარმოებს შორის ჯანსაღი კონკურენციის გაძლიერებას, რათა დაიზოგოს გადასახადების გადამხდელთა ფული. ყველა კომპანიას უნდა გააჩნდეს სახელმწიფო დაკვეთის მოპოვების თანაბარი შანსი. ზემოაღნიშნული ხელსაყრელია როგორც მთავრობებისთვის, ასევე სამეწარმეო სუბიექტებისა და მოსახლეობისათვის, რომელთაც განუმტკიცებს იმის რწმენას, რომ სახელმწიფო სახსრების ხარჯვა განხორციელდება ეფექტიანად და გაწეული მომსახურება იქნება მაღალი ხარისხის. ამდენად, საზოგადოებრივი შესყიდვებისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია ამ პროცესის ეკონომიკური, პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტები.

საქართველოსთვის, როგორც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი ქვეყნისთვის, მეტად მნიშვნელოვანია სამთავრობო შესყიდვების შეთანხმებაზე (GPA) დროულად მიერთება, რომელზედაც საქართველოს 2000 წლიდან მინიჭებული აქვს დამკვირვებლის სტატუსი. აღებული ვალდებულებების შესაბამისად, საქართველოს მხარემ თავდაპირველად დაიწყო მოლაპარაკებები მონაწილე ქვეყნებთან და ვმო-ს სამდივნოს წარედგინა შეთანხმებაზე საქართველოს მხარის დოკუმენტური დანართების პროექტი, თუმცა შემდეგ ეს პროცესი შეჩერდა. ვმო-ს სამთავრობო შესყიდვების შეთანხმება უპირველესად ხელს უწყობს ვაჭრობის თავისუფალი რეჟიმის განვითარებას, მათ შორის, სამთავრობო შესყიდვების სფეროში და მონაწილე ქვეყნებისთვის ითვალისწინებს საბაზრო ეკონომიკის ხელშემწყობი რეჟიმის დამკვიდრებას. გამომდინარე იმ მაღალი მონეტარული ზღვრებიდან, რომლებზედაც ვრცელდება სამთავრობო შესყიდვებთან დაკავშირებული ნორმატივები და პროცედურები, შეიძლება ითქვას, რომ მასთან შეერთება ვერ შეზღუდავს ადგილობრივ მიმწოდებელს, ხოლო წარმატებული ეროვნული მეწარმისთვის გახსნის გზას სხვადასხვა ქვეყნების სახელმწიფო დაკვეთებისკენ. ხელშეკრულება ითვალისწინებს კიდეც ეროვნული ხელშეწყობის რეჟიმებს, განსაკუთრებით განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისთვის, თუმცა იმავდროულად გამორიცხავს უცხოელ მიმწოდებელთა მიმართ დისკრიმინაციას. იგი ასევე ითვალისწინებს განვითარებული ქვეყნების მიერ ტექნიკური დახმარებების გაწევას და გამჭვირვალობის რეჟიმის დამკვიდრებისთვის მონაწილე მხარეებში საინფორმაციო-მეთოდური ცენტრების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, აგრეთვე გამოუცდელი მიმწოდებლებისთვის საკონსულტაციო და დოკუმენტების შედგენა-თარგმნაში დახმარებას.

საქართველოში სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობა ძირითადად ჰარმონულია საერთაშორისო ნორმებთან, თუმცა დახვეწას საჭიროებს მასთან არაპირდაპირ დაკავშირებული სამართლებრივი აქტები. ხშირ შემთხვევაში, ცალკეული კანონები ეხებიან სახელმწიფო შესყიდვების სისტემას და იმავდროულად არ ითვალისწინებენ ამ სფეროს სპეციფიკას ან მოკლებულნი არიან ქმედუნარიანობას. ცალკეული სამთავრობო უწყებები ჯერ კიდევ გამოსცემენ ნორმატიულ აქტებს, რომლებიც რბილად რომ ვთქვათ, წინააღმდეგობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან. ამ პირობებში, ცხადია, ახალი საერთაშორისო ვალდებულებების აღება მიზანშეუწონელია, სანამ ქვეყანაში არ იქნება სათანადო პოლიტიკური ნება და არ დამყარდება კანონის უზენაესობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, საერთაშორისო ეკონომიკური სანქციები გადაფარავს ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებასთან შეერთების მთელ ეფექტს.

სახელმწიფო შესყიდვების რეფორმა საქართველოში, ისევე როგორც ეროვნული ეკონომიკის რესტრუქტურიზაცია, წარიმართა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, რომლის დახმარება საქართველოსადმი საკმაოდ სოლიდური თანხებით განისაზღვრება. მსოფლიო ბანკის როგორც შეღავათიანი კრედიტები, ასევე გრანტები დეტალურადაა გაწერილი გადაუდებელ ღონისძიებებზე და მთავრობასთან შეთანხმებული პროგრამების შესაბამისად წარმოებს მათი ხარჯვა. ამ სახის შესყიდვების მიმართ მსოფლიო ბანკის ძირითად ამოცანებს წარმოადგენს: შესყიდვების განხორციელება ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და ტრანსპარენტულობის პირობებში; სახსრების მიმღები სახელმწიფოების ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა; პოტენციური მიმწოდებლისთვის შესყიდვების პროცედურებში მონაწილეობის შესაძლებლობის უზრუნველყოფა. სწორედ ამ მიზნით ჩამოყალიბდა ე.წ. „შესყიდვების სახელმძღვანელო“ და შემუშავებული იქნა სტანდარტული სატენდერო დოკუმენტაცია ბანკის მიერ ჩატარებული საკონკურსო ვაჭრობისთვის. მართალია, მსოფლიო ბანკი დამკვეთებისგან მოითხოვს საქონელი და მომსახურება შესყიდულ იქნას საერთაშორისო ტენდერების საფუძველზე, მაგრამ განსაკუთრებულ გარემოებებში არაა გამორიცხული ფასთა კოტირების, პირდაპირი შესყიდვების ან შეზღუდული ტენდერების საშუალებით კონტრაქტების გაფორმება. შესყიდვის გამარტივებული მეთოდები, როგორც წესი, გამოიყენება მცირე შესყიდვებისთვის.

საერთაშორისო პროკურმენტის გამოცდილება მოწმობს, რომ თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფო შესყიდვის სწორად დაგეგმვა, ასევე შესყიდვის პროცედურების ზუსტად ორგანიზება და სამართლიანი კონტრაქტების გაფორმება. ამასთან, აუცილებელია კონტრაქტით განსაზღვრული ვალდებულებების მხარეების მიერ ზედმიწევნით აღსრულება, ხოლო საზოგადოებრივი მონიტორინგი საჭიროებს ანგარიშგების მკაცრად განსაზღვრული სისტემის მოწყობას. ამ საკითხს გააჩნია მენტალური მხარეც, რადგან თუ საბჭოთა პერიოდში სახელმწიფო შესყიდვები წარმოებდა მკაცრად შედგენილი გეგმების შესაბამისი სახელმწიფო შეკვეთების გზით, პოსტსაბჭოთა პერიოდში სახელმწიფო შესყიდვებმა ინერციით შეინარჩუნა იგივე სახე და აუცილებლობით წარმოიშვა ამ სფეროს მარეგულირებელი სპეციალური კანონმდებლობის შექმნის აუცილებლობა. პარალელურად განვითარებულ ქვეყნებში განუწყეტლივ იზრდებოდა სახელმწიფო სექტორის როლი. ქვეყნების უმეტესობაში სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობით, საწყის ეტაპზე, ძირითადად, დაცული იყო ეროვნული მეწარმეობა, ხოლო შემდგომ ეტაპზე – ხელშეწყობის რეჟიმი დაყვანილ იქნა კანონით განსაზღვრულ პრეფერენციებამდე.

XX საუკუნის მეორე ნახევარში, რაც უფრო იზრდებოდა სახელმწიფო ხარჯები, შეინიშნებოდა ეროვნული შესყიდვების სისტემაზე საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების გავლენის ტენდენცია. სწორედ ამ პერიოდში შემუშავდა ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, ხოლო 1979 წელს ამ შეთანხმების ფარგლებში, ძირითად მონაწილეებს შორის გაფორმდა სპეციალური ხელშეკრულება სამთავრობო შესყიდვებთან დაკავშირებით (GPA), რომლის მოქმედების სფერო თავდაპირველად მეტად შეზღუდული იყო. 1994 წელს ურუგვაის რაუნდზე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ფარგლებში განხორციელდა სამთავრობო შესყიდვების შეთანხმების შემდგომი სრულყოფა და იგი ძალაში შევიდა 1996 წლის 1 იანვრიდან. პარალელურად ევროპაში სულ უფრო ვითარდებოდა რეგიონული ინტეგრაციის სქემები, რომლის ლოგიკურ შედეგსაც წარმოადგენდა 1957 წელს ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობის ჩამოყალიბება რომის შეთანხმების საფუძველზე, რომელიც, მართალია, ცალკე არ მოიცავდა საზოგადოებრივი შესყიდვების თაობაზე დებულებას, მაგრამ წევრ ქვეყნებს უკრძალავდა მიმწოდებელთა დისკრიმინაციას და თავისუფალი ვაჭრობის შეზღუდვას. სპეციალური დირექტივები საზოგადოებრივ შესყიდვებთან დაკავშირებით დამკვიდრდა გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან: თავდაპირველად 1971 წელს მიღებულ იქნა ევროდირექტივა სამუშაოების შესყიდვებთან დაკავშირებით, ხოლო 1976 წელს დაემატა ანალოგიური მოთხოვნები საქონლის მიმართ. ძირითადად იგი ეფუძნებოდა შესყიდვების თაობაზე თანამეგობრობაში გაცხადების რეჟიმს, ტექნიკური სპეციფიკაციების გამოცხადების ნეიტრალიტეტის პრინციპს და კონტრაქტის მინიჭების შერჩევის პროცედურებში ობიექტური კრიტერიუმების გამოყენების აუცილებლობას. 80-იან წლებში ევროპის სახელმწიფოებში მიმდინარეობდა საზოგადოებრივი შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის განვითარება და წარმოებდა განუწყვეტელი მონიტორინგი მონაწილე მხარეების მიერ აღებული ვალდებულებების რეალიზაციასთან დაკავშირებით. ევროკავშირის ფარგლებში კიდევ უფრო მეტი ყურადღება ექცეოდა ტრანსპარენტულობის დონის ამაღლებას, ევროდირექტივებით განსაზღვრული მოთხოვნების განხორციელებაზე მკაცრი კონტროლის დაწესებას, სახელმწიფო შესყიდვების შეთანხმებული წესების მოქმედების არეალის გაფართოებას, მათ შორის აქცენტი გაკეთდა მომსახურების შესყიდვაზეც.

World information technology

საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ უდიდესი როლი შეასრულა გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში სახელმწიფო შესყიდვების თანამედროვე სისტემის ფორმირების საქმეში. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საერთაშორისო ვაჭრობის კანონმდებლობის კომისიამ, 1986 წელს დაიწყო სამუშაოები სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით. იგი დასრულდა 1994 წელს UUNCITRAL მოდალური კანონის მიღებით, რომელშიაც ზოგად დებულებებთან ერთად, მოცემულია შესყიდვების მეთოდებისა და პროცედურების დეტალური აღწერა. აღნიშნულ დოკუმენტს თან ერთვის სახელმძღვანელო რეკომენდაციები, რომელმაც მნიშვნელოვნად გაამარტივა საქართველოში შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის შემუშავების პროცესი. საერთაშორისო ნორმებთან ეროვნულ კანონმდებლობათა ჰარმონიზაციის კვალობაზე მსოფლიო ბანკი სულ უფრო მეტ შესყიდვებს ახორციელებს დახმარების მიმღებ სახელმწიფოთა კანონმდებლობათა შესაბამისად, თუკი ისინი კოლიზიაში არ მოდიან მსოფლიო ბანკის წესებთან, ხოლო, მეორე მხრივ, სულ უფრო მეტი საერთაშორისო ტენდერი იმართება ბანკის მიერ დადგენილი პროცედურების შესაბამისად. უკანასკნელ პერიოდში მსოფლიო ბანკის მიერ განხორციელებულ შესყიდვებში სულ უფრო მცირდება ბიუროკრატული ბარიერები და ქვეყნების მთავრობები ოპერატიულად იღებენ სათანადო ტექნიკურ დახმარებას.

რაც შეეხება საერთაშორისო პროკურმენტს, იგი წარმოადგენს პრაქტიკული მეთოდებისა და პროცედურების ერთობლიობას, რომელიც სატენდერო შერჩევის გზით უზრუნველყოფს შემსყიდველი ორგანიზაციისა და საზოგადოების ინტერესების მაქსიმალურ დაცვას. იგი ეფუძნება საჯაროობის, თანასწორობის, ეკონომიურობის, ეფექტიანობის და პასუხისმგებლობის პრინციპს. ამასთან, ფართოდ იყენებს საერთაშორისო სტანდარტებსა და წესებს.

საერთაშორისო პრაქტიკაში სახელმწიფო შესყიდვების სისტემები ერთმანეთისაგან განსხვავებულია, თუმცა მათ გააჩნიათ საერთო ნიშნები, რაც უმეტესად ეხება ზოგად პრინციპებსა და გამოყენებულ მეთოდებს. ასევე განსხვავდება თითოეულ ქვეყანაში შესყიდვების ცენტრალიზაციის დონე და ადმინისტრირების ხარისხი. ამასთან, ყველა ქვეყანაში არსებობს ერთი სამთავრობო უწყება მაინც (სააგენტოს, დეპარტამენტის, სამსახურის ან სხვა სახით), რომელიც ქვეყნის მასშტაბით არეგულირებს და საერთო კოორდინაციას უწევს სახელმწიფო შესყიდვების პოლიტიკას. უმეტესად ამავე ორგანოს მოვალეობას შეადგენს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებაზე მონიტორინგი და დადებული ხელშეკრულებების ადმინისტრირება, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში აღნიშნული მაკონტროლებელი ორგანოების და/ან აუდიტორების უფლებამოსილებაა.

რიგ ქვეყნებში დამატებით შექმნილია სპეციალური სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურები, რომლებიც სახელმწიფო მართვის ორგანოებიდან და ორგანიზაცია-დაწესებულებებიდან მიღებული დაკვეთების საფუძველზე ცენტრალიზებულად ახორციელებენ სტანდარტული საქონლისა და მომსახურების ტენდერების გზით შესყიდვას და შემდგომ ამარაგებენ შესაბამის ორგანიზაციებს. რამდენადაც გაცხადდა, უახლოეს პერიოდში ანალოგიური სამსახურის ჩამოყალიბება იგეგმება საქართველოშიც. გარდა ზემოაღნიშნულისა, ყველა სახელმწიფო შემსყიდველ ორგანიზაციაში ფუნქციონირებს სახელმწიფო შესყიდვების სამსახურები (მაგ., სამინისტროებში – დეპარტამენტებისა და სამსახურების სახით), რომლებიც ამ სახელმწიფო უწყებებისთვის აწარმოებენ სპეციფიკური საქონლის, სამუშაოსა და მომსახურების შესყიდვას. ცხადია, ერთი მხრივ, ამ პირობებში იხსნება პროკურმენტის პროფესიონალური კადრების დასპეციალების პრობლემა შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის და მსხვილი შესყიდვების ტენდერების მეშვეობით იაფდება ერთეულ პროდუქტზე დანახარჯები, მაგრამ იმავდროულად აღნიშნული მოითხოვს მაღალ ორგანიზებულობასა და დიდ მმართველობით ხარჯებს. ქვეყანათა უმეტესობაში ფუნქციონირებს პროკურმენტის კადრების მომზადებისა და გადამზადების ცენტრები, აგრეთვე საკონსულტაციო ბიუროები, ზოგან საკონსულტაციო-მეთოდური ცენტრები. ასევე რეგულარულად ხდება ერთი სპეციალიზებული ყოველკვირეული გაზეთის გამოცემა მაინც, სადაც ქვეყნდება განცხადებები მოსალოდნელ შესყიდვებთან დაკავშირებით, ხოლო პერიოდულ ბიულეტენებში წარმოებს შესყიდვების გარემოს შესახებ მიმოხილვების, ანგარიშების და სხვა ინფორმაციული მასალების განთავსება. სახელმწიფო შესყიდვების სისტემის შემდგომი განვითარებისთვის უდიდეს ტექნიკურ რესურსს წარმოადგენს გლობალური ქსელების (ინტერნეტი) მეშვეობით ინფორმაციის ურთერთგაცვლა, აგრეთვე ელექტრონული ვაჭრობის წარმოებაც. თუმცა კომერციული ფირმებისაგან განსხვავებით, სახელმწიფო კონტრაქტების დადება ხასიათდება მნიშვნელოვანი პროცედურული შეზღუდვებით და ფორმალური წესებით.

სახელმწიფო შესყიდვების მოქმედი სისტემა საქართველოში დეცენტრალიზებულია და მის განხორციელებაზე უფლებამოსილია სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაცია, რომელსაც ეკისრება პასუხისმგებლობა სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების მართლზომიერებაზე.

სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ფორმირების საწყის ეტაპზე (1998-2000 წ.წ.), მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფო შესყიდვების საკანონმდებლო ბაზის შექმნა საქართველოში, რისთვისაც მიღებულ იქნა კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში ჩამოყალიბდა სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი და გამოიცა შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტები შემუშავებული იქნა საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, რეფორმის საწყის ეტაპზე შემსყიდველი ორგანიზაციების უმეტესობა ახდენდა სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმების იგნორირებას, რასაც ხელს უწყობდა ისიც, რომ არ არსებობდა შესყიდვების პროცედურების განხორციელების დადგენილი სტანდარტები და ხშირად შემსყიდველები ახდენდნენ კანონმდებლობის მრავალგვარ ინტერპრეტაციას. ამ პერიოდში ბიუჯეტური შეზღუდულობის გამო ხშირად ხდებოდა სეკვესტრირება, რის გამოც პრაქტიკულად ორგანიზაციები „სხვა საქონლისა და მომსახურების“, აგრეთვე „კაპიტალური ხარჯების“ მუხლებით არ ფინანსდებოდა (ძირითადად გაიცემოდა ხელფასები), ხოლო ქვეყანა ძირითადად საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ტრანშებად გამოყოფილი კრედიტებითა და გრანტებით არსებობდა. ამის შედეგად სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონი ფაქტიურად ვერ დაინერგა სამეურნეო ცხოვრებაში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მსოფლიო ბანკთან შეთანხმდა შესყიდვების სისტემის ინსტიტუციონალური განვითარების პროგრამა 2001 წლისათვის და განისაზღვრა სახელმწიფო შესყიდვების სისტემის რეფორმის სამოქმედო გეგმა. მსოფლიო ბანკის სტრუქტურული გარდაქმნების კრედიტის – SAC III პირობებით, საქართველოს მხარემ საწყის ეტაპზე აიღო ვალდებულება სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის სრულყოფის კუთხით, რათა იგი გამხდარიყო საერთაშორისო საკანონმდებლო ნორმებთან ჰარმონული და რეალურად განხორციელებადი. ამის შესაბამისად, მომზადდა საქართველოს კანონში „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ცვლილებებისა და დამატებების თაობაზე“ კანონპროექტი, რომელიც 2001 წლის მარტში დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა. 2001-2004 წ.წ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ მოეწყო ტრენინგ-სემინარები სახელმწიფო შესყიდვების სპეციალისტთათვის, გამოიცა და გავრცელდა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული მეთოდური მასალები და საკანონმდებლო ნორმატიული დოკუმენტები, მოწინავე უცხოური გამოცდილების გაზიარების მიზნით მოეწყო საქმიანი ვიზიტები და სასწავლო ტურები ლიტვაში, პოლონეთში, აშშ-ში, იტალიასა და ყირგიზეთში, თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღიჭურვა სახელმწიფო შესყიდვების ოფისი, საერთაშორისო ექსპერტ-კონსულტანტების მონაწილეობით შემუშავდა დებულება „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“, დამტკიცდა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და მასთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს დებულებები. 2001 წლის ოქტომბერში დამტკიცებულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ დებულება და მისი დოკუმენტური დანართები“, ზოგად დებულებებთან ერთად განსაზღვრულ იქნა სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და შესყიდვების შესახებ ანგარიშგების სტანდარტული ფორმები, მანვე მოიცვა შესყიდვებთან დაკავშირებული ინსტრუქციები, მეთოდიკები და წესები. ამასთან, განხორციელდა მათი იმპლემენტაცია. მსოფლიო ბანკის ექსპერტების მიერ საქართველოს შესყიდვების გარემოს შესწავლის საფუძველზე შედგა შეფასების ანგარიში, რომლის ძირითადი რეკომენდაციები საბოლოოდ დაზუსტდა 2002 წლის 4-6 ივნისს საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივ სემინარზე „სახელმწიფო შესყიდვების სრულყოფა საქართველოში“ და აისახა სააგენტოს სამოქმედო გეგმაში. 2002-2003 წ. წ. მსოფლიო ბანკის ექსპერტთა მონაწილეობით მომზადდა ტრენინგების ეროვნული სტრატეგია როგორც შესყიდვების კოორდინატორებისათვის, ასევე საზოგადოდ შესყიდვების სპეციალისტებისათვის.
შეიქმნა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდი ინტერნეტში, სადაც განთავსდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შესახებ, სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობა, აგრეთვე სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი სხვადასხვა ნორმატიული და მეთოდური ხასიათის მასალები, სატენდერო განცხადებები, მომწოდებელთა სია, ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო შესყიდვების ყოველკვარტალური ანალიზი, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წლიური ანგარიში და ა.შ.

ვარდების რევოლუციის შემდეგ, ახალი ხელისუფლების ცალკეული მაღალი თანამდებობის პირის ამბიციური და სუბიექტური მიდგომის, არაკომპეტენტური და, ცალკეულ შემთხვევებში, პროვოკაციული ქმედებების შედეგად, მოხდა პროფესიონალთა კადრების დათხოვნა და პროტექციონისტული საკადრო პოლიტიკის გატარება, მიმდინარე რეფორმის შეჩერება და ამ სფეროში აღებული საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევა, შესყიდვების მარეგულირებელი ნორმების სოროსის ფონდის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით რევიზია და შესყიდვების საერთაშორისო პრაქტიკაში აღიარებული წესების უგულებელყოფა, ავტონომიური სააგენტოს გაუქმება და რიგით სამთავრობო ქვედანაყოფად გადაქცევა, შემსყიდველი ორგანიზაციების მიმართ მიკერძოებული მიდგომა და ერთიანი ანგარიშგება-მონიტორინგის სისტემის დარღვევა, საბაზრო პრინციპებზე უარის თქმა და კანონმდებლობის არასწორი ინტერპრეტაცია, არსებული პოზიტიური გამოცდილების დისკრედიტაცია და რეპუტაციაშელახული კადრების მხარდაჭერა, კონკურენციის შეზღუდვის ფაქტების დემაგოგიური გამართლება და საზოგადოებრივი ნდობის ბოროტად გამოყენება, რითაც საღი აზრის საწინააღმდეგოდ, 2005-2011 წლებში ამ სისტემის მუშაკთა მთელი ძალისხმევა მხოლოდ პოლიტიკური შეკვეთების რეალიზაციაზე იყო გადატანილი და განხორციელებული შესყიდვების საჯაროობა და გამჭირვალობა შეიზღუდა.

2006 წელს ძალაში შესული „განახლებული კანონის“ მოქმედების სფეროდან სხვადასხვა საბაბით გამოტანილ იქნა სამთავრობო წრეებისთვის საინტერესო სფეროების – საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს მინისტრის, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ან/და ქ. თბილისის მერის შეხვედრებისა და ვიზიტების, საქართველოს პარლამენტში დელეგაციების მიღებისა და საქართველოს პარლამენტის დელეგაციების საზღვარგარეთ ვიზიტების ორგანიზების უზრუნველსაყოფად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დელეგაციების მიღებისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციების საზღვარგარეთ ვიზიტების ორგანიზების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და ქ. თბილისის მერიის სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხებით განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვები; ელექტროენერგიის, გარანტირებული სიმძლავრის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სახელმწიფო შესყიდვები; „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელებასა და ნაღდი ფულით ქვეყნის ეკონომიკის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები; უძრავი ქონების სახელმწიფო შესყიდვასთან, ასევე უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით მიღებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები; საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ცალკეული მომსახურების შესყიდვა; სუვერენული საკრედიტო-სარეიტინგო მომსახურებისა და სახელმწიფო ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული საკრედიტო-სარეიტინგო მომსახურების შესყიდვები, აგრეთვე აღნიშნული მომსახურების მიმწოდებლისათვის საკრედიტო- სარეიტინგო მომსახურების თანმდევი ხარჯების ანაზღაურება; „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლატარიის ორგანიზატორის ან აგენტის მიერ ლატარიის ბილეთის შენახვის, სარეალიზაციო ან/და ლატარიის ორგანიზატორის სარეკლამო საქონლის უსასყიდლო გავრცელებასთან დაკავშირებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა; და სხვა ამგვარი/ შესყიდვები, რითაც არასაკონკურსო საფუძველზე ექსკლუზიური კონტრაქტებით შეიქმნა უკანონო გარიგებების ხელშემწყობი გარემო. ცალკეული მოხელეები ლობირებენ კანონდარღვევით, ერთ პირთან მოლაპარაკებით, მსხვილი კონტრაქტების გაფორმებას, ხოლო შემდეგ ყოვლად უსაფუძვლოდ ცდილობენ ამის გარემოებებით გამართლებას. ამის შედეგად კონკურენტები არაჯანსაღ საფუძველზე ინაწილებენ სახელმწიფო შესყიდვების ბაზარს. ამ პირობებში, სათანადო გამჭვირვალობის არქონის გამო, ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციულ მიდგომებს, კორუფციის ფაქტები იშვიათობას არ წარმოადგენდა, ადგილი ჰქონდა სხვადასხვა მიზეზით გამოწვეულ ფავორიტიზმს და სხვა არაჯანსაღ პრაქტიკას. საზოგადოებაში დღემდე დამკვიდრებულია უნდობლობა სახელმწიფო შესყიდვების სისტემისადმი.

xomeriki 3

მართალია, ელექტრონული შესყიდვების დანერგვით 2011 წლიდან გაიზარდა ტენდერების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, თუმცა მნიშვნელოვანი შესყიდვები (თითქმის იმდენივე, რასაც ეს ბაზა მოიცავს) კვლავაც არატრანსპარენტულად ხორციელდება. 2010 წლის პირველი დეკემბრიდან ქაღალდის ტენდერები გაუქმდა და ყველა სახელმწიფო ტენდერი მხოლოდ ელექტრონულად ტარდება. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, 2011 წლის ბოლოსთვის e-სისტემაში უკვე რეგისტრირებული იყო 10 417 მომხმარებელი: აქედან 3052 შემსყიდველი ორგანიზაცია და 7365 მიმწოდებელი. 2011 წელს e-სისტემაში გამოცხადებული ტენდერების შედეგად დადებული 17 717 ხელშეკრულების საერთო ღირებულებამ 1 156 191 457 ლარი შეადგინა. 2011 წელს სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება დადებულია ჯამში 2,662,663,113 ლარზე, საიდანაც 66%-ზე სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადება განხორციელდა e-ტენდერების მეშვეობით. e-სისტემა ორენოვანია და მასში განთავსებული მონაცემები ხელმისაწვდომია სისტემის ნებისმიერი მომხმარებლისათვის ქართულ და ინგლისურ ენებზე. კერძოდ, მასში ასახულია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ:
• შესყიდვების წლიური გეგმები;
• სატენდერო განცხადებები;
• შესყიდვის სავარაუდო ღირებულებები;
• სატენდერო დოკუმენტაცია და მისი ცვლილებები;
• მიმწოდებლების სატენდერო წინადადება და წინადადების ფასი;
• სატენდერო კომისიის სხდომის ოქმები და მიმწოდებელთან გაცვლილი კორესპონდენცია;
• ხელშეკრულებები და მათი ცვლილებები;
• ინფორმაცია განხორციელებულ გადახდებზე.

შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისათვის სახელმწიფო შესყიდვებში დაინერგა ევროკავშირის მიერ შემუშავებული შესყიდვის ობიექტთა საძიებო კატალოგი (წინათ იგი წარმოებდა ეკონომიკური საქმიანობის გაეროს კლასიფიკატორის მიხედვით). მასში თითოეულ ობიექტს გააჩნია საიდენტიფიკაციო კოდი. კოდები იერარქიულად არის განლაგებული. სწორედ ამ კოდებისა და მათი იერარქიიდან გამომდინარეობს შესყიდვის ობიექტთა ერთგვაროვნება და მათთან დაკავშირებული მონეტარული ზღვრები.

პროკურმენტ-მენეჯმენტის საერთაშორისო პრაქტიკაში არსებული პოზიტიური გამოცდილების საქართველოში წარმატებული დანერგვისთვის, თანაბრად მნიშვნელოვანია როგორც მაღალი ხარისხის კანონის არსებობა, ასევე სათანადო ინსტიტუციური ინფრასტრუქტურის არსებობა, ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერა, საზოგადოებრივი მონიტორინგისთვის აუცილებელი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და შესყიდვებში მონაწილე მხარეების პროფესიონალიზმი. ლიბერალური კანონმდებლობის პირობებში შესყიდვების პროცედურათა გამჭვირვალობა და მასში მონაწილეთათვის მინიჭებული უფლებების დაცვა თანაბრად აქტუალურია.

მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივი, ორგანიზაციული და ეკონომიკური პრინციპები, ხოლო მათ განხორციელებაზე უფლებამოსილი ორგანო არის დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის თავმჯდომარესაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია: ამ კანონის მოქმედებისათვის საჭირო ნორმატიული აქტებისა და სტანდარტული სატენდერო დოკუმენტაციის შემუშავება და გამოცემა, მათი საერთაშორისო ნორმებთან ჰარმონიზაცია; შემსყიდველი ორგანიზაციებიდან მიღებული ანგარიშების საფუძველზე შესყიდვების სფეროში ქვეყანაში არსებული მდგომარეობის სისტემატური შესწავლა, გაანალიზება და საქართველოს მთავრობისათვის წინადადებების წარდგენა შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად; სპეციალური სასწავლო პროგრამების, სასწავლო-მეთოდიკური მასალებისა და დოკუმენტაციის სტანდარტული ფორმების მომზადება, სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება ხელისუფლების ცენტრალური და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის, მასმედიის წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის; შესყიდვების ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა, სრულყოფა და მასზე ზედამხედველობა; შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის საკონსულტაციო-სარეკომენდაციო მომსახურების გაწევა; თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საშუალებათა შესყიდვების სისტემაში დანერგვისათვის ხელის შეწყობა; შესყიდვების საჯაროობისათვის შესაბამისი ნორმატიული აქტებისა და სპეციალური სახელმძღვანელო ბიულეტენის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; შესყიდვების დროს წარმოქმნილი დავის განხილვა; შესყიდვების პროცედურების კანონიერებაზე ზედამხედველობა და შესყიდვების პროცესის რეგულირების პოლიტიკის განსაზღვრა; მიმწოდებელთა შავი და თეთრი სიის წარმოება; განსაკუთრებულ შემთხვევებში, შემსყიდველის წერილობითი მომართვის საფუძველზე ან საკუთარი გადაწყვეტილებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მოახდინოს შესყიდვის ობიექტის იდენტიფიცირება ან/და კლასიფიკატორში ინტეგრირება; სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება.

მოქმედი კანონმდებლობით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო კონკურენციისა და შესყიდვების სააგენტოთი ჩანაცვლდა, რითაც ეს უკანასკნელი პასუხისმგებელია როგორც კონკურენციის კანონმდებლობის, ისე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის აღსრულებაზე. არადა, კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულებაზე ზედამხედველობა, სახელმწიფო შესყიდვების პროცესის ორგანიზება-მონიტორინგი, გარდა ბუნებრივი მონოპოლიების რეგულირების შემთხვევებისა, შინაარსობრივად განსხვავებულია და ერთი სააგენტოსთვის მისი დაკისრება ხელს უშლის სათანადო პოლიტიკების ეფექტიანად აღსრულებას. აქვე გასათვალისწინებელია, რომ ევროკავშირის ის ქვეყნები, სადაც მოქმედებს ამგვარი პრაქტიკა (ჩეხეთი, შვედეთი, დანია და სხვ.), მკვეთრად განსხვავდება ქართული რეალობისაგან. საქართველო მიეკუთვნება მცირე ეკონომიკების ქვეყანას. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების შესაბამისად, საქართველოს ფართობი შეადგენს 69,7 ათას კვადრატულ კილომეტრს და მოსახლეობა 4497,6 ათას კაცს, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 2011 წელს შეადგენდა 3230,7 აშშ დოლარს. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა კი 7,2%-ს. ჯერ კიდევ განუვითარებელია ქვეყნის ინფრასტრუქტურა, იმპორტი ექსპორტს რამდენჯერმე სჭარბობს, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრობა ქვეყანას ბაზრის ღიაობას აკისრებს, რაც ცალკეული კორპორაციის მხრიდან საბაზრო ძალუფლების მოპოვების შემთხვევაში, ბაზრის სტრუქტურის არაეფექტიანობას განაპირობებს; მცირეა ქვეყნის საწარმოო სიმძლავრეები და შეინიშნება ტექნოლოგიური ჩამორჩენა; რესურსებზე ხელმისაწვდომობა საკმაოდ შეზღუდულია, ხოლო სიღარიბის ფონი და შემოსავლების უთანასწორობა მნიშვნელოვნად ამცირებს მოსახლეობის მსყიდველუნარიანობას. ზემოთ დასახელებული ქვეყნებისაგან განსხვავებით, როგორც ანტიმონოპოლიური რეგულირება, ასევე სახელმწიფო შესყიდვების ადმინისტრირება საქართველოს რანგის ქვეყნისთვის გამოირჩევა როგორც წესების, ასევე გამოყენებული ინსტრუმენტების სპეციფიკურობით. როგორც ევროკომისიის რეკომენდაციების საფუძველზე საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ კონკურენციის პოლიტიკის ყოვლისმომ¬ცველი სტრატეგიის დოკუმენტშია აღნიშნული, ამჟამად, საქართველოში კონკურენციის სფეროს ინსტიტუციური ჩარჩო შედგება შემდეგი ინსტიტუტებისაგან:
• სსიპ – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
• სექტორული მარეგულირებლები არალიბერალურ სექტორებში:
➢ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომელიც წარმო¬ად¬გენს სექტორულ მარეგულირებელს ელექტრონული კომუნიკაციებისა და საფოსტო მომსახურების სფეროში, შეიქმნა 2000 წელს.
➢ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, რომელიც წარმოადგენს სექტორულ მარეგუ¬ლი¬რებელს ენერგეტიკის, ბუნებრივი აირისა და წყლის მიწოდების სექ¬ტორებში, შეიქმნა 1997 წელს.

კონკურენციის პოლიტიკა არალიბერალურ სექტორებში (მაგ. ელექ¬ტრონული კომუნიკაციები, ელექტროენერგია, აირი და წყალმომარაგება) რეგულირდება სექტორული კანონებით, რომლებსაც აღასრულებენ შესა¬ბამისი სექტორული მარეგულირებლები. ლიბერალიზაციის არარსებობის პირობებში აღნიშნულ სექტორებში ტარიფები და სხვა საბაზრო პირობები განისაზღვრება სექტორული მარეგულირებლის მიერ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ეკონომიკურ, ტექნიკურ რეგული¬რებასა და კონკურენციის დაცვაზე არალიბერალურ სექტორებში, მათ შორის, შეთანხმებული ქმედებებისა და დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების რეგულირებაზე.

ამდენად, მიმდინარეობს სასამართლო ხელისუფლებასა და სპეციალურ მარეგულირებელ დაწესებულებებს შორის კონკურენციის კანონმდებლობაზე ზედამხედველობის ფუნქციის გადაკისრება, ხოლო სახელმწიფო შესყიდვების ადმინისტრირება და ანტიმონოპოლიური რეგულირება აღმასრულებელი ხელისუფლების (მთავრობის) პრეროგატივად რჩება.

გამოყენებული ლიტერატურა
1. Farnham.P. (2010) Economics for managers.Boston
2. Todaro. M. (2011) Economic development. Boston
3. Nicola Dimitri, Gustavo Piga, Giancarlo Spagnolo (2006) Handbook of Procurement. Cambridge university press.
4. Journal of internet Purchasing
http://www.arraydev.com
5. საქართველოს კანონი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ
http://procurement.gov.ge ; http://matsne.gov.ge

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial