არის თუ არა სინათლე გვირაბის ბოლოს?

ლინა ეპიშევა

ნებისმიერი ომი ოდესღაც მთავრდება. ერაყში ომი, ანუ უფრო სწორედ, მისი აქტიური ფაზა დამთავრდა უფრო ადრე, ვიდრე ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ. პირველი საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, როცა ამერიკული ჯარები ერაყელების ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდნენ და დიდი დანაკარგი განიცადეს, სწრაფად გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შუამდინარეთში პირველი ექსპედიციური კორპუსი მოქმედებდა, რომელიც ქალაქ ალ-კუტამდე მივიდა და ბაღდადს სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უახლოვდებოდა.

შემდეგ კი, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ერაყის დედაქალაქი დაეცა. კოალიციის ჯარებმა დაიპყრეს ქალაქები: კირკუკი, მოსული და ტიქრიტი. სად იყო ერაყის ჯარი? ეს კითხვა, ალბათ, აინტერესებს ყველას, ვინც ცდილობს გაარკვიოს რეალური მდგომარეობა. ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი ვარაუდი არსებობს. ერთი-ერთი ვერსიის თანახმად, ერაყს ჰქონდა მოძველებული სამხედრო ტექნიკა, მაგრამ მრავალრიცხოვანი და კარგად მომზადებული ჯარი. მეორე ვერსიის თანახმად, ომის დაწყებისთანავე ამერიკელებმა მოახერხეს ჰუსეინის განადგურება, რის შედეგადაც ერაყის ხელმძღვანელებს შორის გაჩნდა უთანხმოება, რამაც დესტაბილიზაცია გამოიწვია. არსებობს კიდევ ერთი ვერსია – ერაყის ხელმძღვანელობის მოსყიდვა.

ბევრი ანალიტიკოსი და სპეციალისტი ცდილობს ამ კითხვებზე პასუხი მოძებნოს. დღეს საუბრობენ ამერიკის სამხედრო გენიოსობაზე და ძლიერ ჯარზე. ამავე დროს დაუჯერებლია ის ფაქტიც, რომ ხალხმა უარი თქვა ჰუსეინის მხარდაჭერაზე, რადგან ერაყელები ფანატიკური და პატრიოტი ერია.

წინააღმდეგობა ერაყში ჯერ კიდევ გრძელდება. მით უმეტეს, ახლა იწყება ყველაზე ძნელი ეტაპი – ბრძოლა დაქსაქსულ სამხედრო დაჯგუფებებთან და ქვეყნის გაკონტროლება. ამის გარდა, ჩნდება კითხვა: ვინ უნდა მოვიდეს ერაყის სათავეში, ვისგან შეიქმნება მთავრობა, რა ბედი ელის ჯარს, ქურთებს, შიიტებს?

ამერიკელები, რა თქმა უნდა, მოელოედნენ მოვლენების ასეთ განვითარებას. როგორც ცნობილია, ამერიკის საგარეო პოლიტიკა დაფუძნებულია გრძელვადიან და მოკლევადიან ინტერესებზე. შესაძლებელია, ვაშინგტონმა ამ ომით რიგი შორეულ მომავალზე გამიზნული ამოცანა გადაწყვიტა. მაგალითად, შექმნა გაეროსთან ურთიერთობების ახალი სისტემა. საუბარია არა იმაზე, რომ აშშ ცდილობდა დაექვეითებინა ამ საერთაშორისო ორგანიზაციის როლი, არა, მისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო ეს ორგანიზაცია თავისი გავლენის ქვეშ შეენარჩუნებინა.

მეორე მხრივ, აშშ-მ ჩამოაგდო განხეთქილება ევროპაში და მსოფლიოს დაანახა, რომ ევროკავშირს ჯერ არ შეუძლია გადაწყვიტოს რომელიმე მნიშვნელოვანი საკითხი მსოფლიო მასშტაბით.

თეთრი სახლი, რომელიც მოქმედებს პრინციპით გამარჯვებულებს არ განიკითხავენ – დარწმუნებული იყო გამარჯვებაში. აშშ-ის ხელმძღვანელობა ფიქრობდა, რომ ჰუსეინის ხელისუფლების ჩამოგდების შემდეგ ბევრი ქვეყანა მას დაუჭერდა მხარს, ეს ქვეყნები მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებდნენ მონაწილეობას ერაყის ომისშემდგომ მოწყობაში, რაც დიდ მოგებას მოუტანდა მათ. აგრეთვე, არ შეიძლება გამოვრიცხოთ ის ფაქტიც, რომ ინფორმაცია ერაყის კონტრაქტების ამერიკული კომპანიებისათვის გადაცემის შესახებ, არის მხოლოდ და მხოლოდ ხრიკი, აიძულოს სხვა ქვეყნები აღიარონ აშშ-ის პოლიტიკა, როგორც სამართლიანი.

ასე რომ, გამოდის, აშშ-მ მაინც მოახერხა მსოფლიო საზოგადოებისთვის საკუთარი ნება თავს მოეხვია. პროტესტები ამერიკული პოლიტიკის წინააღმდეგ მას უკვე არც აწუხებს. უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ საზოგადოების დაინტერესება ერაყით უკვე შესუსტდა კიდევაც. რამდენიმე ხნის შემდეგ მასებს დაავიწყდებათ ის, რაც ცოტა ხნის წინ რეალობა იყო. დაიწყება საუბარი აშშ-ის ბრწყინვალე გამარჯვებაზე მთელ მსოფლიოში დემოკრატიის დამყარების საქმეში.

ერაყში ომი დასრულდა: ბაღდადის ცენტრში კვარცხლბეკიდან ჰუსეინის ბრინჯაოს ქანდაკება ჩამოაგდეს, თვით დიქტატორი გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდა, მაგრამ ერაყის ოპერაციის წარმატებამ მაინც ვერ გაფანტა ამერიკული ეკონომიკის პერსპექტივების და ფინანსური აქტივების საიმედოობის ეჭვები.

სანამ სამხედრო პრობლემები მეორე პლანზე გადაინაცვლებენ, ინვესტორებს უფრო აწუხებთ აშშ-დან “კაპიტალის გაქცევის” შესაძლებლობა. HSBC-ის სავალუტო ბაზრის ანალიტიკოსის, მარკ ჩენდლერის აზრით, ეს პრობლემა ზედმეტად გაბერილია, მაგრამ “ეს არის სწორედ ის, რაზეც ხალხი ფიქრობს”. საუბარი ამ თემაზე, თუნდაც უსაფუძვლო, შეიძლება საშიში იყოს, რადგან ის თავისთავად ზრდის უცხოური ინვესტორების შეშფოთებას და გაურკვევლობას. იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ის მიმდინარე საგადასახადო ბალანსის დეფიციტმა ამ წელს 6%-ს მიაღწია, ექსპერტები არ გამორიცხავენ “დომინოს პრინციპის” შესაძლებლობას, როცა უცხოური ინვესტორების მიერ ამერიკული აქტივების გაყიდვა იწვევს ფასიანი ქაღალდების გაუფასურებას და ბაზრების ვარდნას.

დღესდღეობით არსებობს იმის საშიშროება, რომ არაბეთის ქვეყნების ინვესტორები ზეწოლას მოახდენენ ბაზრებზე და გადაიყვანენ სახსრებს ამერიკული ფასიანი ქაღალდებიდან სხვა რეგიონის ქაღალდებში, არა მხოლოდ ერაყთან ომის საპასუხოდ, არამედ სირიასთან მიმართებაში თეთრი სახლის მკაცრი პოლიტიკის გამო. მსოფლიო ბაზრებზე სერიოზული ეჭვები კვლავ ამერიკული ეკონომიკის გაურკვეველი პერსპექტივებითაა გამოწვეული.

მიუხედავად ამერიკის “ბრწყინვალე” გამარჯვებისა, მდგომარეობა ამერიკაში არასახარბიელო რჩება. ექსპერტების მსჯელობა მარტივია: ნახევარი წლის შემდეგ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები იქნება, რომელზეც ამერიკის პრეზიდენტი აპირებს მეორეჯერ სცადოს ბედი, მაგრამ მისი რეიტინგის ზრდა არაფერს ნიშნავს: უფროსი ბუშის პოპულარობა “უდაბნოს ქარიშხალის” შემდეგ უფრო დიდი იყო და არჩევნებიც უფრო მალე შედგა. შვილი, რა თქმა უნდა, მამის შეცდომებს გაითვალისწინებს, მაგრამ ეს არც ისე ადვილია, რადგან ახლა კრიზისი ბევრად უფრო დიდია და არჩევნებამდე ჯერ კიდევ ბევრი დროა, ამიტომ ანალიტიკოსების უმრავლესობა ახალი “შოკების” მოლოდინშია, რომლის კანდიდატი დღეს ბევრია: სირია, ირანი, კორეის სახალხო რესპუბლიკა და ა.შ. თავის მხრივ კი, ეს იმას ნიშნავს, რომ ცნობილი “გეოპოლიტიკური რისკი” უფრო გაიზრდება. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ “დამარცხებულ” ქვეყნებში (ერაყში და ავღანეთში) ახლა ტოტალური ქაოსი სუფევს, უარესი მომავლის საშიშროება ცხადი ხდება.

აშშ-ის საფონდო ბაზრის და საერთაშორისო სავალუტო ბაზრის დინამიკის თანახმად, ინვესტორები ხელმძღვანელობენ არა იმედებით, არამედ ღრმა ეჭვებით – ფიქრობენ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ეკონომიკის დასუსტება ერაყის ფაქტორის უშუალო შედეგს არ წარმოადგენს და რომ ერაყის ომის შემდეგ, ეკონომიკა კვლავ აღმავლობის გზაზე არ დადგება. ინვესტორები შიშობენ, რომ ამერიკულ ეკონომიკაში უფრო ღრმა ნეგატიური ფაქტორი არსებობს, რომელიც წინა წლების შედეგს წარმოადგენს, კერძოდ კი, ტექნოლოგიებში ჭარბი ინვესტიციების და აშშ-ის აქციათა ბაზარზე ამ ბუმთან დაკავშირებული “ბუშტის” შედეგს.

დღესდღეობით ეკონომიკა ნელ-ნელა სერიოზულ კრიზისში ვარდება. უკანასკნელი დროის ერთადერთი “შენიღბული” ფაქტორი კორპორაციების სახარბიელო ანგარიშებია, რომლებმაც ბევრი ინვესტორი დაარწმუნა, რომ მოსალოდნელია მძაფრი ზრდა და მაშასადამე, დადგა ყიდვის დრო, პროფესიონალები კი, თავს იკავებდნენ აქციების ყიდვისაგან, რის გამოც ვაჭრობის მოცულობა არც თუ ისე დიდია. ამის შედეგად, ნასდაკი 0,61%-ით შემცირდა და 1457 პუნქტს მიაღწია, S&P 0,83%-ით შემცირდა და 911,43 პუნქტს მიაღწია, ხოლო დოუ-ჯონსი – 0,89%-ით შემცირდა.

ჩნდება რეზონული კითხვა: ზემოთაღნიშნული ფაქტორებიდან გამომდინარე, შეძლებს თუ არა მსოფლიოში უდიდესი საფონდო ბაზარი მრავალწლიანი გლობალური ტრენდის ჩამოყალიბებას? რა თქმა უნდა, არა. და მართლაც, მაკროეკონომიკაში ყველაფერი “ნორმალურადაა”, მაგრამ დასაწყისისთვის ყურადღება ამ კორპორაციულ ანგარიშებზე უნდა გავამახვილოთ, რომლებსაც ბაზრის ზოგიერთი მონაწილენი ჯერ კიდევ ენდობიან. პროცესის არსი მარტივია: არსებობს EPშ-ის პროგნოზი (მოგება, რომელიც აქციაზე მოდის) და ხალხი უბრალოდ, ფაქტს ამ პროგნოზს ადარებს.

უბედურება იმაშია, რომ სუფთა მოგებით მანიპულირება უფრო ადვილია, ამიტომ ანალიტიკოსები ამჯობინებენ ანგარიში და კომპანიის რეალური მდგომარეობა უფრო ღრმად შეაფასონ. ფინანსურმა კონგლომერატმა – “Citygroup”-მა ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა, მაგრამ რეალურად მისი სუფთა მოგება 2002 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 15%-ით დაეცა (4.8 მილიარდიდან 4.1 მილიარდ დოლარამდე). “ინტელმა” ბაზარი “გაახარა”, მაგრამ რეალურად მისი მოგება გასულ კვარტალთან შედარებით 2,2%-ით დაეცა. ყველაზე ბრწინვალე მაგალითი “ფორდია”, რომელმაც ანალიტიკოსების მოლოდინს ორჯერ გადააჭარბა. თუმცა უფრო ღრმა შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ კომპანიის შემოსავლის მატება პერსონალის მასიური განთავისუფლების ხარჯზე მოხდა მაშინ, როცა გაყიდვის მოცულობა დაეცა.

დაბოლოს, მოგების უფრო ღრმა მაჩვენებლების მინიმალურმა ანალიზმა გვიჩვენა, რომ ისეთ კომპანიებში, როგორიცაა: “ალტრია” (ყოფილი “ფილიპ მორისი”), “კოკა-კოლა”, “efl კომპიუტერი” და “AMD” უარესი შედეგი აღინიშნებოდა. 2002 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, ბაზარზე მთლიანობაში მოსალოდნელია EPშ-ის 8-10%-იანი ზრდა, მაგრამ თუ მხედველობაში არ მივიღებთ ნავთობის და თავდაცვის კომპანიებს, არავითარი ზრდა არ მოხდება. ესე იგი, ანგარიშის თანახმად, ბაზრის ზრდა უბრალოდ გაუგებრობაა.

მაკროეკონომიკური მდგომარეობაც ძალიან ცუდია. სამრეწველო წარმოება 0,5%-ით დაეცა. სამრეწველო ფასების ინდექსი კი, 0,3%-ით. ბევრი ვარაუდობდა, რომ ერაყში ომის დამთავრების შემდეგ სამრეწველო სექტორში დეპრესია შესუსტდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. სამრეწველო სფეროში საქმიანი აქტიურობის ინდექსები ერთი მეორეზე უარესია. Empire State-ის აპრილის რეგიონალურმა მიმოხილვამ ძირითადი ინდექსის მკვეთრი დაცემა გამოამჟღავნა.

სულ უფრო უარესდება მდგომარეობა შრომის ბაზარზე. უმუშევრობის დახმარების რიცხვი კვლავ გაიზარდა და 442,000-ს მიაღწია. უკვე თებერვალში და მარტში ამერიკულმა ეკონომიკამ ნახევარი მილიონი სამუშაო ადგილი დაკარგა, ეს პროცესი ჯერაც არ ჩერდება. ამის მანიშნებელია აშშ-ში სამომხმარებლო ფასების დინამიკის ნულოვანი მაჩვენებელი (ენერგომატარებლების და სურსათის გარდა). ყოველივე ამით მტკიცდება ანალიტიკოსების პროგნოზები იმაზე, რომ თუ საფონდო ბაზრებზე ზრდა აშშ-ის ეკონომიკის ზრდის ფუნდამენტალური რეალიებით არ იქნება გამაგრებული, შესაძლებელი გახდება ძირითადი ინდექსების უფრო დიდი ვარდნა. ამან შეიძლება ევროსთან მიმართებაში დოლარის კურსის დაცემაზე ზეგავლენა იქონიოს.

სტერლინგის კურსი აგრძელებს აღმავლობას წინააღმდეგობის დონემდე და აშშ-ის დოლართან მიმართებაში 1.600-ს შეადგენს. დიდი ბრიტანეთის ხაზინის მდივნის და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის შეხვედრის შემდეგ, ბრიტანეთის ერთიან ევროპულ ზონაში შესვლის საკითხი შეიძლება დროებით გადაიდოს. ეს დადებითად იმოქმედებს სტერლინგის კურსზე და მისი ზრდა დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაგრძელდება. ამის გარდა, ეკონომისტები არ გამორიცხავენ იმ ფაქტს, რომ ახალი მონაცემები აშშ-ის ეკონომიკის შესახებ უფრო უარესი იქნება, ვიდრე მოსალოდნელია, რამაც შეიძლება საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან ამერიკულ აქტივებზე მოთხოვნის ვარდნა გამოიწვიოს.

დოლარის კურსი იენთან მიმართებაში 119.80 დოლარამდე გაიზარდა, მაგრამ ექსპერტების ვარაუდით, ატიპიური პნევმონიის გავრცელებამ შეიძლება იაპონიის ეკონომიკაში ნეგატიური შედეგები გამოიწვიოს. მოსალოდნელია, რომ მონაცემები იაპონიის ეკონომიკას შესახებ მიმდინარე ეკონომიკურ მაჩვენებლებზე უფრო უარესი აღმოჩნდეს. მიუხედავად ამისა, სუსტი შიდა საფონდო ბაზარი და სამთავრო ობლიგაციების მცირე მომგებიანობა აიძულებს იაპონელ ინვესტორებს დააბანდონ კაპიტალი იაპონიის გარეთ. ასე რომ, მონაცემები აშშ-ის ეკონომიკის და ამერიკულ საფონდო ბაზრებზე მოვლენების განვითარების შესახებ დიდ ზეგავლენას მოახდენს USD/JPY-ის კურსის დინამიკაზე. ამავე დროს, ეკონომისტები არ გამორიცხავენ იენის ზრდას დოლართან მიმართებაში იმ შემთხვევაში, თუ ზრდა აშშ-ის საფონდო ბაზრებზე ამ ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ტემპებით არ იქნება გამაგრებული.

მომავალ კვირას გამოვა მორიგი ანგარიშები. მაკროეკონომიკაში კი, აშკარად გამოირჩევა შეერთებული შტატების მშპ-ის შეფასება ამა წლის პირველ კვარტალში. ანალიტიკოსების შეფასებით, მშპ-ის ზრდამ წლიური გამოანგარიშებით 2,3% შეადგინა (რეალურად ეს 0,6%-ზე ნაკლებია).

კომპანია Independent Investment LLC-ის კვლევის დირექტორის, პოლ მაქმანუსის თქმით, ომის დასასრული არ გამოიწვევს ეკონომიკურ აღმავლობას და ბიზნეს-ინვესტიციების ზრდას. ამის მაგივრად, ქვეყანაში მოსალოდნელია საქმიანი და ეკონომიკური აქტიურობის ზომიერი ზრდა, რომელიც შემდეგ წელს მოამზადებს ნიადაგს უფრო ძლიერი ზრდისთვის.

აშშ-ის გარეთ არავითარი მნიშვნელოვანი მოვლენა არ მომხდარა. Credit Suisse-ის, მსოფლიოში უდიდესი ბანკის ოპტიმისტურმა პროგნოზმა და EAD-ის ჩინეთთან გარიგებამ ევროპული საფონდო ინდექსების უმნიშვნელო ზრდას შეუწყო ხელი, მაგრამ მალე დადებითი დინამიკა ვარდნით შეიცვალა. ZEW-ის ინსტიტუტის შეფასებით, გერმანული ბიზნესის განწყობის ინდექსმა გააგრძელა აღმავალი ტენდენცია, თუმცა მისი ტემპი ოდნავ შენელდა. ყველა ევროპულ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის პროგნოზები მომავალი წლისათვის ვარდნისაკენ შეიცვალა. ამასთან, შემცირების მასშტაბი ორმაგი იყო. Credit Suisse Group-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 2003 წელს მოგების მიღების იმედი აქვთ, რის გამოც ბანკის ფასიანი ქაღალდები 5,86%-ით გაძვირდა. ფრანგული ინდექსი CAC-40 0,19%-ით შემცირდა და 2897,45 პუნქტს მიაღწია. ჩინეთთან ოცდაათი Airbus-ის თვითფრინავის მიწოდების შესახებ ხელშეკრულების დადების შემდეგ, EAD-ის ევროპული აეროკოსმოსური გიგანტის აქციების კურსი 4,53%-ით გაიზარდა. LVMH-ის ქაღალდების კურსი 4%-ით შემცირდა იმ შიშით, რომ ატიპიური პნევმონიის – SAR-ის ეპიდემიამ აზიაში კომპანიის ფასიანი ქაღალდების გაყიდვის მოცულობა შეიძლება შეამციროს. დიდი ბრიტანეთის ინდექსი, FTSE 100 0,37%-ით შემცირდა და 3884,70 პუნქტს მიაღწია. სარეკლამო ჯგუფის, WPP Group-ის აქციების კურსი 1,8%-ით გაიზადა მას შემდეგ, რაც კომპანიამ გამოთქვა ფრთხილი ოპტიმიზმი ამ დარგში მდგომარეობის ცოტაოდენი გამოსწორების შესახებ. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2003 წლის პირველ კვარტალში კომპანიის მოგება დაახლოებით 4%-ით შემცირდა.

გერმანიის ინდექსი, DAX 0,86%-ით შემცირდა და 2866,71 პუნქტს მიაღწია. 2002 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გერმანული ფარმაცევტული კომპანიის – Bayer AG-ის გაყიდვების მოცულობა 2003 წლის პირველ კვარტალში 15%-ით გაიზარდა და 7,3 მილიარდი ევრო შეადგინა. ამის შედეგად, კომპანიის აქციების კურსმა 1,33%-ით მოიმატა. Bayer AG-ის პროგნოზის თანახმად, 2003 წელს საოპერაციო მოგება მინიმუმ 10%-ით გაიზრდება. მისმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კომპანიამ 740 კლიენტს გადაუხადა კომპენსაცია (219 მილიონ დოლარი), რომლებიც ანტიქოლესტერინულ პრეპარატს, Baycol-ს ღებულობდნენ. Baycol AG-ის წარმომადგენლების თქმით, აშშ-ში ამ კომპანიაზე 8600 სარჩელია შეტანილი.

საგრძნობლად შემცირდა, აგრეთვე, ჰონ-კონგის მშპ-ის ზრდის პროგნოზები (0,5-1,5%-ით). ამის მიზეზი ცნობილი ატიპიური პნევმონიაა, რომლის გამო ჩინეთში ჩამომსვლელთა რიცხვი მკვეთრად შემცირდა. ეს ავადმყოფობა შეიძლება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაშიც გავრცელდეს, რაზეც აღშფოთებით განაცხადა იაპონიის ფინანსთა მინისტრმა, შიოკავამ, – იაპონიას ისედაც ბევრი თავსატეხი აქვს.

იაპონურ პესიმიზმს დაემატა BOI-ის ახლად-დანიშნული მეთაურის, ფუქუის მოხსენება, სადაც ნათქვამია, რომ ეროვნული ეკონომკის ლოკალური ზრდა დასასრულს უახლოვდება და მთელ მსოფლიოში დეფლაციური წნევა იზრდება.

მსოფლიო ფასიანი ქაღალდების ბაზრებზე ვაჭრობის მოცულობის ვარდნა სავაჭრო ოპერაციების მოცულობის შემცირების ფონზე ხდება. აპრილის ბოლოს ნავთობის საბაზო კოტირებამ ლონდონში ერთ ბარელზე 25,02 დოლარს, ხოლო ნიუ-იორკში 29,18 დოლარი შეადგინა: სადღეღამისო ვარდნა 11 ცენტია. ნავთობზე მოთხოვნის ვარდნას, პირველ რიგში, ხელს უწყობდა მონაცემები აშშ-ში ნავთობის სასაწყობო მარაგის სწრაფი ზრდის შესახებ. ფასების დასუსტებას ხელს უშლის ოპეკის მოსალოდნელი გადაწყვეტილება ნავთობკვოტებთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, ოპეკმა განაცხადა, რომ აპირებს ნავთობმოპოვების დონის შემცირებას. ამ განცხადის შემდეგ, ლონდონში,NYMEX-ის ბირჟაზე ივნისის ფიუჩერსებმა 3,9%-ით დაიწია. IPE-ის საერთაშორისო ნავთობის ბირჟაზე ივნისის ფიუჩერსები Brent მარკის ნავთობზე 3%-ით დაეცა.

საინტერესო მოვლენები მოხდა ე.წ. “სავაჭრო” ეკონომიკაში, უპირველეს ყოვლისა, კანადასა და ავსტრალიაში. ამ ქვეყნებში არ არის დეფლაციის არავითარი მინიშნება, პირიქით, აღინიშნება ინფლაცია. ამის გამო, კანადის ბანკი იძულებული გახდა გაეზარდა საბაზო განაკვეთი, რომელიც ახლა 3,25%-ს უტოლდება. სხვა განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, ავსტრალიაში ეს განაკვეთი ისედაც უმაღლეს დონეზეა (4,75%). მომავალი წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზების თანახმად, ავსტრალიასა და კანადაში მშპ-მ 3%-ით იმატა. ამიტომ არაა გასაკვირი ის, რომ ამ ქვეყნების ვალუტის კურსი გაიზარდა: კანადის დოლარის კურსში აღინიშნება მორიგი სამწლიანი მაქსიმუმი, ხოლო ავსტრალიურმა დოლარმა წინანდელ დონეს მიაღწია.

ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის შეფასების თანახმად, ჯერ არ არსებობს არავითარი ნიშანი იმისა, რომ გლობალური ეკონომიკა აღდგება. არის ეს თუ არა სინათლე გვირაბის ბოლოში? ორგანიზაციის შეფასებით, ზრდა მხოლოდ მცირე იქნება. ეკონომიკური თანამშორმლობის და განვითარების ორგანიზაციის პროგნოზი უფრო ოპტიმისტურია, ვიდრე გასული თვის საერთაშორისო სავალუტო ფონდისა.

ამ წელს რამდენიმე ფაქტორმა შეაჩერა ეკონომიკური ზრდა და შეცვალა ბევრი ეკონომისტის პროგნოზი. რიგ უმდიდრეს ქვეყნებში გეოპოლიტიკურმა გაურკვევლობამ შეაჩერა ინვესტიციების ზრდა და შეარყია მომხმარებლის რწმენა. ეკონომიკური თანამშორმლობის და განვითარების ორგანიზაციის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ერაყში ომი დამთავრდა, საერთაშორისო პოლიტიკური მდგომარეობის გაუმჯობესება დიდად არ იმოქმედებს ეკონომიკური აღდგენის პროცესზე. ამისათვის საჭიროა ეკონომიკური ბიძგი, იმპულსი.