რეგიონთაშორისი და საგარეო-ეკონომიკური კავშირების განვითარება

თინათინ ჩუხრუკიძე

რეგიონების რეგიონთაშორისი და საგარეო-ეკონომიკური კავშირების განვითარება ინტეგრაციული პროცესების გაძლიერებასთან დაკავშირებულ ობიექტურ მოთხოვნილებას (კანონზომიერებას) წარმოადგენს. ინტეგრირება, ინტენსიურობის სხვადასხვა ხარისხით, სულ უფრო თვალსაჩინო გავლენას ახდენს როგორც რეგიონების, ასევე სახელმწიფოების, მათი ჯგუფებისა და მთლიანად მსოფლიოს ეკონომიკაზე.

ერთი შეხედვით, ინტეგრაციულ პროცესებს რეგიონალური პროცესების საწინააღმდეგო მიმართულება უნდა ახასიათებდეთ და ხელისშემშლელებად გვევლინებოდნენ რეგიონალური კომპლექსწარმოქმნის პროცესებში. მაგრამ სინამდვილეში ასე არაა. ისინი ურთიერთდაკავშირებული პროცესებია და, საბოლოო ჯამში, გამთლიანებული რეგიონული სოციალურ-ეკონომიკური კომპლექსების ფორმირებას განაპირობებენ.

შიდა ქართლის რეგიონის ეკონომიკას, განვითარების ისტორიული პირობებიდან, ეკონომიკურ-გეოგრაფიული მდგომარეობიდან და ფუნქციონირების თანამედროვე სპეციფიკიდან გამომდინარე, ერთ-ერთი არაუმნიშვნელო ცენტრალური როლი აკისრია საქართველოს ეკონომიკასა და მის საერთაშორისო კავშირებში. პრაქტიკულად, არ არსებობს რეგიონი საქართველოსა და ყოფილ სსრკ-ში, რომელთანაც შიდა ქართლს არ ჰქონდეს ეკონომიკური ხასიათის კონტაქტები.

სამხარეო ეკონომიკის ურთიერთდაკავშირებულობის დონე მთლიანად საქართველოს რეგიონთაშორის საქონელბრუნვაში მნიშვნელოვანწილად განპირობებულია დარგობრივი სტრუქტურის თავისებურებებით, რაც, თავის მხრივ, მატერიალური ნაკადების მიმართულებებსა და მოცულობებს განაპირობებენ. შიდა ქართლის ხილი (განსაკუთრებით ვაშლი) კონკურენტუნარიანია არამხოლოდ ქართულ და რუსულ ბაზრებზე, არამედ ევროპასა და ამერიკაშიც კი. ქვეყნის რეგიონთაშორის კავშირურთიერთობებში თვალსაჩინოა საშენ მასალათა (განსაკუთრებით ცემენტი და საკედლე ბლოკები) წარმოების, მსუბუქი (საფეიქრო სიმძლავრეები) და კვების (შაქარი და სხვადასხვა კონსერვები) მრეწველობის წვლილი. საქვეყნოდაა ცნობილი ქართლელი მოკრივეებისა და მოჭიდავეების სახელი, რაც განვითარებული საბაზრო ურთიერთობების პირობებში მნიშვნელოვანი შემოსავლების წყარო შეიძლება გახდეს მხარისათვის, როგორც არამატერიალური წარმოების პოპულარულ სპორტის სახეობათა ეფექტური სფეროები.

თავის მხრივ, შიდა ქართლში ჩაის ხარისხოვანი ფოთოლი და ციტრუსები უმეტესწილად გურიიდან და აჭარიდან შემოდის, ზღვის პროდუქტები – აჭარიდან და სამეგრელოდან, მარცვლოვანი და პარკოსანი კულტურები, ხორცისა და რძის მრეწველობის ნაწარმი – იმერეთიდან და სამეგრელოდან, ყურძენი -კახეთიდან, ფართო მოხმარებისა და საწარმოო დანიშნულების სამრეწველო პროდუქცია – საქართველოსა და რუსეთის სხვადასხვა რეგიონებიდან, თურქეთიდან, ირანიდან და სხვა.

რეგიონთაშორისი და საგარეო-ეკონომიკური კავშირების ჩრდილოეთ მეზობლებთან განვითარების უმნიშვნელოვანეს დამაბრკოლებელ ფაქტორს წარმოადგენს ჯერჯერობით გართულებული ურთიერთობანი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქთან. სახელმწიფო ბიუჯეტით (იხ. ცხრილი 1) შიდა ქართლის მხარეში გათვალისწინებულია სპეციალური ღონისძიებები ცხინვალის რეგიონში ოსი და ქართველი მოსახლეობის ნდობის აღდგენისათვის, შესაბამისად, თანამშრომლობის გააქტიურება მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა, სპორტისა და კულტურის მიმართულებებით. საგარეო-ეკონომიკური და დარგთაშორისი ურთიერთობების ინტენსიფიკაციის მსოფლიოში აპრობირებული თავისუფალი ზონალური მექანიზმები პერსპექტივაში საშუალებას მოგვცემს მაქსიმალურად ავამოქმედოთ შიდა ქართლის ეკონომიკური პოტენციალი, უკეთ გამოვიყენოთ მისი საერთო გეოპოლიტიკური ფაქტორი, მ.შ. საკვანძო-სატრანსპორტო მდებარეობა. თუმცა, თანამედროვე შიდა ქართლისა და მთლიანად საქართველოს მაგალითზე შეიძლება მხოლოდ დავასკვნათ, რომ თავისუფალი ეკონომიკური ზონების (თეზ) პროგრესულობისა და სულ უფრო მზარდი (შეიძლება ითქვას გლობალური) ხასიათის მიუხედავად, რეგიონში მათი საგადასახადო შეღავათების მექანიზმების გამოყენება ჯერჯერობით სერიოზულ პრობლემებთანაა დაკავშირებული. განვითარებული ქვეყნების სინამდვილეში ფართოდ სარგებლობენ ე.წ. “წერტილოვანი” თეზების სიკეთით, თუმცა დსთ-ს სივრცეში შესაბამისი კანონების მიღების მიუხედავადაც კი, ვერ მოხერხდა ზონების პოტენციალის სრულფასოვანი ამოქმედება.

ჩვენს კონკრეტიკაში თეზების ეფექტურობის მთავარი ხელისშემშლელი მიზეზებია:
1) ურთულესი სამხედრო-პოლიტიკური ვითარება კავკასიის რეგიონში, რაც ძალზე სარისკოს ხდის ნებისმიერ ინვესტიციას;
2) გარე დაძაბულობა და გარდამავალი პერიოდის სირთულეები, თავის მხრივ, ხელს უწყობს ჩრდილოვანი ეკონომიკის უზარმაზარი მასშტაბებით გაფართოებას, რაც ბუნებრივია, დამატებით დანაკარგებთან იქნება დაკავშირებული უცხოელი ინვესტიციებისათვის;
3) საზღვაო და საერთოდ საზღვრის მნიშვნელოვანი ნაწილის არაკონტროლირებადობა შეუძლებელს ხდის მივაღწიოთ საერთაშორისო ეკონომიკური ზონის გარანტირებული დაცულობის მინიმუმსაც კი;
4) ქვეყნის ცენტრალური და ადგილობრივი რესურსების სიმწირე, ასევე, ძალზე აფრთხობს კერძო ინვესტორს და არ იძლევა საჭირო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფისათვის სახელმწიფო მხარდაჭერის საშუალებას;
5) საქართველოს პარლამენტში, გასული ათწლეულის გამოცდილებით, ჭიანურდება ეკონომიკური რეფორმების გაღრმავების საკანონმდებლო აქტების მიღება, ხშირად შეჩერებულია მრავალი საინტერესო კანონპროექტი, ზოგიერთი მათგანი არაობიექტური განხილვის პროცესში აქტუალობასაც კი კარგავს სწრაფცვალებადი მოთხოვნების გამო;
6) ხშირია ზონალური საკითხის პოლიტიზირებისა და, შესაბამისად, პოლიტიკური მიზნებით მანიპულირებისათვის პერიოდული გააქტიურების შემთხვევები. სანაცვლოდ, არ არსებობს კომპეტენტური ეკონომიკური გათვლები, თუ რას მოუტანს თავისუფალი ზონების სიკეთე თანამედროვე საქართველოს კონკრეტიკას;
7) ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების გაჩენასთან ერთად, ევროაზიულ სივრცეში გაღრმავდა ცხოვრების დონეებს შორის პოლარული განსხვავებების დისპროპორცია, რაც დსთ-ს საჭირო სტაბილურობამდე და ევროკავშირის ჩვენი ტერიტორიების ჩათვლით გაფართოებამდე, მნიშვნელოვნად ზღუდავს საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის სტიმულებს.

საჭიროა, აღინიშნოს, რომ სამოქალაქო ომის წლებში საქართველოდან და მისი რეგიონებიდან უკონტროლოდ გაჰქონდათ ხე-ტყე, ენერგომატარებლები, ძვირფასი ქვები და ლითონი, ვერ ხერხდებოდა მათი სრულყოფილი აღრიცხვიანობა, რის გამოც უმრავლეს შემთხვევაში მათი ღირებულება ან ღირებულებათა სხვაობა “ილექებოდა” უცხო ქვეყნების ბანკებში. საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციების უშუალო პრაქტიკული (ხშირ შემთხვევაში ფინანსური) და მეთოდური, აგრეთვე ტექნიკური, დახმარების განხორციელების კვალობაზე, რომელმაც გააუმჯობესა ქვეყნის ეკონომიკურ-ფინანსური და სოციალურ-პოლიტიკური კლიმატი, დაიწყო საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების ლიბერალიზაცია, საგრძნობლად შემცირდა აკრძალული და ლიცენზირებული პროდუქციის რაოდენობა, გაუქმდა რიგი აკრძალვები ექსპორტის ხაზით, ასევე კონტრაქტების რეგისტრაცია, რითაც ჩამოყალიბდა სავაჭრო ეკონომიკური პოლიტიკის საფუძველი, რომელიც მისაღები არის ყველა საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციისათვის, მ.შ. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისათვის. თანდათანობით ჩამოყალიბდა ექსპორტის მასტიმულირებელი საგადასახადო სისტემა: საქართველოში არ არსებობს საექსპორტო-საბაჟო გადასახადი, რიგ შემთხვევაში არ მოქმედებს (დსთ-ს სივრცე) დღგ და აქციზი, საექსპორტო პროდუქციისათვის განკუთვნილი ნედლეულის საიმპორტო საბაჟო გადასახადი.

ეკონომიკური კრიზისისა და სამოქალაქო ომის გამო, ეკონომიკური კავშირების მასშტაბები მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა მათი სტრუქტურა შიდა ქართლში მნიშვნელოვანწილად იგივე დარჩა. ბუნებრივია, არსებითად შეიცვალა რეგიონთაშორის ეკონომიკურ ურთიერთობათა ხასიათიც. თუ ადრე ურთიერთობანი წესრიგდებოდა ძირითადად “გოსსნაბის” ცენტრალიზებული სისტემის საშუალებით, ამჯერად ყოველივე პირდაპირი ეკონომიკური კავშირების საშუალებით ხერხდება. ამასთან, რეგიონთაშორისი კავშირების პოლიტიკური, ანტინეგატიური და ანტიმონოპოლიური მეთვალყურის ფუნქციას საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივ-ეკონომიკური რეფორმის პირობებში ახლადშექმნილი სახელმწიფო რწმუნებულის სამხარეო აპარატი წარმოადგენს, რომლის დაფინანსებამ შიდა ქართლში 2003 წელს 50,5 ათასი ლარი შეადგინა.

რეგიონული და საგარეო კავშირების ერთგვარი ეკონომიკური მედიატორის როლს საბირჟო აუქციონები ასრულებენ. ასე მაგალითად, 2002 წლის დეკემბერში საქართველოს ქონების მართვის სამინისტრომ (ამჟამად ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს სისტემაში) საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნულ კომისიასთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად, პირველად გამოიტანა გასაყიდად სხვადასხვა რეგიონის რამოდენიმე სააქციო საზოგადოების სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული აქციები საქართველოს საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემის მეშვეობით. გამყიდველ საბროკერო კომპანიად შერჩეულ იქნა “Gაეტ ანდ თაგგარტ შეცურიტიეს LLჩ,” სააქციო საზოგადოებათა ნუსხაში აღინიშნა: “გორიგაზი”, “AEშ-თელასი”, ჩაის, ღვინისა და ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნები. აუქციონები მიმდინარეობდა 2002 წლის 10 დეკემბრიდან 2003 წლის 30 იანვრის ჩათვლით 13 სესიად, რომლებზეც საბოლოოდ დაიდო 5 გარიგება. წინასწარი ვარაუდით 17 ობიექტის მაგივრად მხოლოდ 6 ობიექტის აქციები იქნა გამოტანილი აუქციონზე იმის გამო, რომ სათანადო დოკუმენტები დროულად არ იქნა მოპოვებული და წარმოდგენილი ბირჟაზე ქონების მართვის სამინისტროს მიერ. გარიგება დაიდო 4 სააქციო საზოგადოების აქციებზე – გარიგების საერთო თანხით 52203 ლარი. აღსანიშნავია, რომ “გორიგაზის”, “სპეცმშენისა” და “ტოპო-გეოდეზიის”აქციები სრულად გაიყიდა აუქციონზე გამოტანილი იყო “AEშ-თელასის აქციებიც, მაგრამ გარიგებები მათზე არ დადებულა ბროკერთა შეფასებით მაღალი საწყისი ფასის გამო.

საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს მიერ სპეციალიზებულ საბირჟო აუქციონზე გასაყიდად გათვალისწინებული აქციების საწყისი ფასები ამ აქციების რეალურ საბაზრო ფასს მნიშვნელოვნად აღემატებოდა, რის თაობაზეც ბირჟამ დააფიქსირა თავისი განსაკუთრებული აზრი ხელმოწერილ ოქმში. “დეპრესიულ” საწარმოთა დიდი ნაწილის აქციები ნახევარი წლის განმავლობაში გამოტანილი იყო არასაბირჟო საპრივატიზაციო აუქციონებზე წარმოდგენილ ფასად, მაგრამ არც შიდა და არც უცხოელ ინვესტორებს მათ მიმართ არავითარი ინტერესები არ გამოუჩენიათ. რაც შეეხება “AEშ-თელასს” (ამჟამად “რაოთელასი”), მისი აქციები უკვე იყო გატანილი ქონების მართვის სამინისტროს მიერ საპრივატიზაციო აუქციონზე ერთი ლარის საწყისი ფასით, რასაც შედეგი არ მოჰყოლია და უფრო მაღალი ფასით მის ხელახლა გატანას მითუმეტეს არ შეიძლებოდა რაიმე შედეგი მოჰყოლოდა. ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად, თვით ფაქტი პირველი საბირჟო-საპრივატიზაციო აუქციონისა უდავოდ მისასალმებლად იქნა მიჩნეული. ექსპერტების აზრით, ასეთი ფორმით “იმედია, აუქციონები მომავალშიც გაგრძელდება, ხოლო მათზე გასატანი სააქციო საზოგადოებებისა და მათ აქციებზე საწყისი გასაყიდი ფასის განსაზღვრის პროცესი უფრო ოპტიმიზებული იქნება, რისთვისაც აუცილებელია ამ პროცესებში საბროკერო კომპანიებისა და ბირჟის სპეციალისტების აქტიური ჩართვა”.

ურთიერთხელსაყრელი რეგიონული ურთიერთობების რაციონალიზაციის ერთ-ერთ საჭირო ღონისძიებად მიგვაჩნია რეგიონთაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის ასოციაციის შექმნა საქართველოში, რომელიც, თავის მხრივ, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ქვესტრუქტურებად შეიძლება მოვიაზროთ. ასოციაცია, ჩვენი აზრით, საშუალებას მოგვცემს:
1) გარკვეულწილად კოორდინირებულ იქნას რეგიონების ძალისხმევა დაგროვილი რეგიონთაშორისი თანამშრომლობისა და საერთო სახელმწიფო პრობლემების გადასაწყვეტად;
2) განვავითაროთ ურთიერთხელსაყრელი სპეციალიზაციისა და კოოპერირების სფეროები;
3) მოვახდინოთ ყველა არსებული რესურსის შეძლებისდაგვარი კონცენტრაცია დროის მოთხოვნებითა და მოულოდნელობებით წამოჭრილი რეგიონული სირთულეების გადასაჭრელად;
4) შევქმნათ რეგიონულ-დარგობრივი ქვეკომპლექსები;

რეგიონული მიზნობრივი პროგრამების, სახელმწიფო შესყიდვების, მისაღები და კარგად გააზრებული საგადასახადო და საკრედიტო შეღავათების მექანიზმებით ვარეგულიროთ საქონლისა და მომსახურების ეფექტური მიმართულებები.

შიდა ქართლის მეწარმეები, 2003 წლის სავარაუდო მონაცემებით, საგარეო-ეკონომიკურ კავშირურთიერთობას აწარმოებენ მსოფლიოს 43 ქვეყანასთან, მათ შორის 28 ქვეყნიდან შემოდის იმპორტი და 21-ში გადის ექსპორტი. დსთ-ს ქვეყნებზე მოდის მთლიანი ბრუნვის დაახლოებით 72%. თანამედროვე პოსტსტაგნაციურ პირობებში, ექსპორტის გაფართოება უნდა განიხილებოდეს, როგორც მთავარი ფაქტორი რეგიონის სამრეწველო საწარმოებისა და მთლიანად ეკონომიკის სტაბილიზაციისა და მოდერნიზაციისათვის. ჯერჯერობით უცხოელთა სუსტი ინტერესი ჩვენთან თანამშრომლობაზე გამოწვეულია მხარის მოსახლეობის დაბალი გადახდისუნარიანობითა და პროდუქციის შეფარდებით მაღალი ფასებით. თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ დაწყებული მაღალტემპიანი ზრდა, მხარის მდიდარი ბუნებრივ-სანედლეულო პოტენციალით, არსებული სიმძლავრეები და მუშა-მოსამსახურეთა კვალიფიკაცია – სულ მალე სტაბილურ ეკონომიკურ ზრდასა და ცხოვრების დონის საშუალო ცივილურთან მიახლოებულ პარამეტრებზე გაგვიყვანს.

როგორც ცნობილია, საგარეო ეკონომიკური თანამშრომლობა ვითარდება სამი მიმართულებით:
საქონლით საგარეო ვაჭრობა;
მომსახურებისა და სამუშაო ძალის ექსპორტი (მეცნიერებატევად და ეკონომიკისათვის საჭირო იმპორტთან ერთად);
3) უცხოური და საკუთარი ინვესტიციები.
20-25 წლიან სტრატეგიაში, ძირითად ამოცანად ექსპორტის პრიორიტეტული ინდუსტრიალიზაცია და მომსახურების ხვედრიწონის არსებითი მატება შეიძლება დაისახოს თუმცა საშუალოვადიან (5-10 წელი) პერსპექტივაში ორიენტაცია ჯერ მხოლოდ დამუშავებულობის დაბალი ხარისხის სამრეწველო პროდუქციაზე უნდა ავიღოთ, უახლოეს ტაქტიკურ ამოცანად კი მაქსიმალური ინვესტიციური მიმზიდველობის სამართლებრივ-ეკონომიკური გარემოს ფორმირება უნდა მოვიაზროთ.

არსებული საექსპორტო პოტენციალის ბაზაზე რეგიონული საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სტრუქტურის სრულყოფის მიმართულებებად, ჩვენი აზრით, მიჩნეულ უნდა იქნას:
1. შიდა ქართლის საერთაშორისო სპეციალიზაციის პროფილის (უპირატესობათა) განსაზღვრა – თუ რა ადგილი უჭირავს რეგიონს მსოფლიო შრომის დანაწილებისა და ინტეგრაციის პროცესებში. აღნიშნულ უპირატესობათა რეალიზაცია დაკავშირებული უნდა იყოს წარმოების ძირითად ფაქტორთა (სამუშაო ძალის, ძირითადი წარმოებრივი ფონდები, სხვადასხვა მატერიალური რესურსები, “ტექნოლოგიური” ცოდნა) ფასის მინიმიზაციასთან;
2. რეგიონული კომპლექსის სრულფასოვანი ფორმირების, შემდგომი სტაბილიზაციის, საჭირო შემთხვევებში რეკონსტრუქციისა და საბოლოო ჯამში, განვითარების უზრუნველმყოფი დარგების სტიმულირება.
3. უცხოური კაპიტალის მონაწილეობით განვითარებული ქვეყნების ბაზრებზე ორიენტირებული ნახევარფაბრიკატების და მზა პროდუქციის (მ.შ. მეცნიერებატევადი) წარმოება;
4. არამასალატევადი და არაენერგოტევადი ტექნოლოგიების შექმნა, რაზეც განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა ინდუსტრიულად მზარდი განვითარებადი ქვეყნების ბაზრებზე;
5. მყარი კავშირების დამყარება და განვითარება ტრადიციულ და ახალ პარტნიორებთან უცხოეთში, როგორც რესურსების მოწოდების, ასევე პროდუქციის რეალიზაციის თვალთახედვით;
6. ცნობილი უცხოური ფირმების ფილიალი საამწყობო წარმოებების შექმნა, რასაც წინ უნდა უსწრებდეს ანტიმონოპოლიური ღონისძიებები ადგილობრივი ბაზრის კონკურენტულობის ხარისხის ასამაღლებლად;
7. ტექნიკური ინოვაციების ათვისების საწყისი საპროექტო-საკვლევი საფუძვლების შექმნა სახელმწიფო შეკვეთების ინსტიტუტის გამოყენებით.

საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების გეოგრაფიულმა სტრუქტურამ, საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლასთან ერთად, რეგიონის ბუნებისა და ტრადიციების შესაბამისი ელფერი უნდა მიიღოს, კერძოდ:
1) ახლო საზღვარგარეთის ბაზარს პრიორიტეტული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს, რასაც ხელს უწყობს სატრანსპორტო ხარჯების სიმცირე. ტექნოლოგიური განვითარების დონის მსგავსება, თანამედროვე ერთიანი ინფრასტრუქტურის საჭიროება. ამასთან, მაქსიმალურად ეფექტური, ურთიერთხელსაყრელი ურთიერთობები უნდა აეწყოს ინდუსტრიულად განვითარებულ (შესაძლო შორეულ) ქვეყნებთან;
2) სამომხმარებლო იმპორტის სტრუქტურის ოპტიმიზაცია, რაც უკავშირდება ევროაზიულ დერეფნის ფუნქციის გაძლიერებას მთლიანად საქართველოში და მ.შ. შიდა ქართლში;
3) ახალი კოოპერირებული კავშირების განმტკიცება აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებთან, შესაბამისად, დამუშავებულობის მაღალი ხარისხის (ე.ი. არასანედლეულო) ექსპორტის გაფართოება, მისი წამახალისებელი საკრედიტო-საგარანტიო პოლიტიკის გატარება, რაც არ უნდა გადაიზარდოს ექსპორტის დაუშვებელი სუბსიდიების პირდაპირ თუ ფარულ ფორმებში.

რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, საექსპორტო და იმპორტშემცვლელი წარმოებრივი პოტენციალის განვითარების პირველხარისხოვან ამოცანებად საჭიროა დავისახოთ:
1) ბანკების წინაშე სამხარეო და რაიონული ხელისუფლების მიერ საგარანტიო პოლიტიკის გატარება;
2) საექსპორტო კრედიტების დაზღვევა პოლიტიკური და კომერციული რისკებისაგან;
3) ექსპორტზე ორიენტირებული სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოთა გამოცდილების აღსადგენად და გასაფართოებლად სპეციალური რეგიონული ფონდის შექმნა;
4) იმ ნედლეულის, მასალების, მაკომპლექტებელი ნაწილებისა და მანქანა-მოწყობილობათა იმპორტის ხელშეწყობა, რომლებიც ექსპორტიმპორტშემცვლელ წარმოებაზე იქნება ორიენტირებული, ამასთან, პრიორიტეტულად დამზადების ხანგრძლივი ციკლით;
5) რისკების გადანაწილების მექანიზმის ამოქმედება მაღალრისკიანი ეფექტიანი პროექტების მიმზიდველობის ამაღლებისა და აკუმულირებული თავისუფალი თანხების მიზნობრივი გამოყენებისათვის;
6) ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტებისა და არასაბიუჯეტო ფონდების საშუალებათა მაქსიმალური კოორდინაცია საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის წახალისებისათვის;
7) საგადასახადო მექანიზმების ამოქმედება მიზანშეწონილი პრიორიტეტებითა და დასაშვებ ფარგლებში.

საგარეო-ეკონომოკური საქმიანობა მოითხოვს მართვის ფორმების მუდმივ სრულყოფას. რეგიონის დონეზე, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის რეგულირება შეიძლება მოვიაზროთ, როგორც ცენტრალური ხელისუფლების შესაბამის ფუნქციათა გაგრძელება და მათი ეფექტური შესრულება, კერძოდ:
1) გარდამავალი პერიოდის შერჩევითი პროტექციონიზმის მექანიზმების გამოყენება, რაც უპირველესად, იმპორტიორებს უნდა დაუპირისპირდეს დაბალხარისხიანი პროდუქციის შემოტანაში – დამატებითი მოსაკრებლების შემოღებით, უფრო მკაცრი ტექნიკური ნორმების დაწესებით, უსაფრთხოების ინტერესების გაფართოებით მთელ რიგ საქონელსა და მომსახურებაზე;
2) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის მარეგლამენტირებელი ადგილობრივი საკანონმდებლო აქტების შემუშავება, თუ შესაბამისი ნორმები არ მოქმედებს მთლიანად ქვეყნის სივრცეში, მ.შ. უმთავრესად ეკოლოგიურად მავნე წარმოებების აღკვეთის მიზნით (მოქმედი საგადასახადო კოდექსით, ხშირ შემთხვევაში ასეთი “მავნე” პროექტები უმნიშვნელოდ იბეგრებიან, რაც სტიმულს აძლევს უცხოელ და ადგილობრივ ინვესტორებს ფული დააბანდონ “ბინძურ” პროექტებში. ბუნებრივია, აუცილებელია, ასეთი “შავი ლაქების” მოშორება შესაბამისი საგადასახადო გამკაცრებით საწყის ეტაპზე ადგილობრივ პირობებში მაინც);
3) პროდუქციის ნომეკლატურაში სერთიფიცირების გაფართოება საგარეო ბაზრებზე დაწინაურების მიზნით;
4) საგარეო-ეკონომიკური კავშირების სისტემაში სალიზინგო ურთიერთობათა უპირატესობის გამოყენება თანამშრომლობის ინტეგრირების გაღრმავების მიზნით;
5) საერთაშორისო ავტორიტეტის აუდიტის სისტემატური ჩატარება იმ ფირმებისათვის, რომლებიც ექსპორტ-იმპორტის ოპერაციებით არიან დაკავებული;
6) ინფორმაციულ-საკონსულტაციო სამსახურების შექმნა, რომლებიც საშუამავლო და სამართლებრივი ხასიათის მომსახურებას გაწევენ, მ.შ. საკუთარი წარმომადგენლობების საშუალებით საზღვარგარეთ. ექსპორტიორი სასურველია ფლობდეს ინფორმაციას პროდუქციის მოთხოვნის, ბაზრის კონიუნქტურის, ექსპორტის ფინანსური მხარდაჭერის უცხოური ფორმების, საექსპორტო დოკუმენტების გაფორმების წესების, მიმღები ქვეყნის საიმპორტო რეგულირების თავისებურბების, მათ კანონმდებლობათა, გამოფენათა, ბაზრობათა და სხვა საერთაშორისო სავაჭრო ღონისძიებათა შესახებ, აგრეთვე გამოცდილების გაცვლისა და სპეციალისტების მომზადების შესაძლებლობის შესახებ;
7) უცხოელი ინვესტორებისა და მათთან დაკავშირებულ საექსპორტო წარმოებათა ადგილობრივი სატარიფო და არასატარიფო შეზღუდვებისაგან მაქსიმალურად შესაძლო გათავისუფლება, პარასატარიფო შემსუბუქების (დღგ-ზე, აქციზზე, სხვადასხვა მოსაკრებლებზე) პოლიტიკის გატარება.

ექსპორტისა და იმპორტის დაკრედიტებისათვის, სასურველია “ექსიმბანკის” შიდა ქართლის ფილიალის დაარსება, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობებში გამოცდილი მეწარმეების საფინანსო-სამრეწველო ჯგუფებად ვერტიკალურ ინტეგრირებას შეუწყობს ხელს ეკონომიკის შედარებით კონკურენტუნარიან სექტორებში.

ბუნებრივია, მხარის საექსპორტო ბაზის განვითარების საფუძველს, საბოლოო ჯამში, კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოების განვითარება წარმოადგენს, რაც, თავის მხრივ, წარმოების ფაქტორებზე, შიდა და გარე ბაზრებზე მოთხოვნის პირობებსა და მომსახურე დარგების კონკურენტუნარიანობაზეა დამოკიდებული. აღნიშნულ პრიზმაში, ცენტრალური მნიშვნელობა ძველი ტექნოლოგიების შეცვლასა და შესაბამისად წარმოების მიზანშეწონილ დივერსიფიცირებას ენიჭება. გამომდინარე აქედან, მრავალმა საწარმომ (იგულისხმება როგორც სახელმწიფო, ასევე შერეული და კერძო სექტორი), რეკომენდირებულია, თავიანთი მიზნები და მათი მიღწევის მეთოდები სწორედ მოცემულ პრიზმაში განიხილონ. საწარმოთა მოქმედების სტრატეგია კი მიზანშეწონილია შემდეგ ეტაპებს ითვალისწინებდეს:
1) საკუთარი საექსპორტო პოტენციალის შეფასება;
2) საერთაშორისო ვაჭრობის სპეციალისტებთან კონსულტირება;
3) ექსპორტისათვის საერთაშორისო ბაზრების შერჩევა;
4) საექსპორტო ოპერაციათა კონკრეტული ტაქტიკური ვარიანტების შერჩევა;
5) მარკეტინგული კვლევის ჩატარება რეალიზაციის ბაზრების სივრცეში შემავალი ქვეყნების ეკონომიკურ, სოციალურ და სხვა მნიშვნელოვან ცვლილებათა შესასწავლად.
ამგვარად, შიდა ქართლის მხარის საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის შემაჯამებელ ორიენტირებად უახლოეს პერსპექტივაში შეიძლება ჩაითვალოს:
1) საწარმოთა პროდუქციის ექსპორტის გადიდება და მისი სტრუქტურის სრულყოფა (სანედლეულო მონოსტრუქტურის დაძლევა), რისთვისაც აუცილებელია სარეკლამო საქმიანობის გააქტიურება – წარმომადგენლობების, საერთაშორისო ბაზრობების, გამოფენებისა და სხვადასხვა სემინარების საშუალებით;
2) მხარის საექსპორტო ბაზის განვითარება სოფლის მეურნეობაში, ხისდამუშავებასა და ინდუსტრიული ორიენტაციის (საწყის ეტაპზე მსუბუქი და კვების მრეწველობა) დარგებში, მათი პროექტების ფინანსირების სხვადასხვა წყაროთა მობილიზება;
3) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ინფრასტრუქტურის რეგიონული კომპლექსის შექმნა, შესაბამისი პროგრამულ-სამართლებრივი ბაზის (ინსტიტუტების) შემდგომი განვითარება;
4) საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალისტთა მომზადების სისტემის რეფორმირება.
შედეგად, შიდა ქართლის რეგიონის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიულ მიმართულებებად დარჩენილ გარდამავალ პერიოდში საჭიროა მოვიაზროთ:
1) ყოველმხრივ ბალანსირებული რეგიონული კომპლექსის ფორმირების ეტაპის დასრულება;
2) ბუნებრივი ევოლუციის პროცესში, რესურსული პოტენციალით განპირობებული სპეციალიზაციის დარგების გამოყოფა დუალისტური მიდგომის თვალდახედვით და მათი მაქსიმალურად შესაძლო სტიმულირება;
3) ძირითად წარმოებათა დამხმარე და მომსახურე სფეროთა განვითარება;
4) მოსახლეობის მომსახურებისა და აღწარმოების სფეროთა განვითარების ეკონომიკის ზომიერი სოციალიზაცია;
5) კომპლექსური ბუნებათსარგებლობა და გარემოსდაცვითი ღონისძიებების გააქტიურება (ეკონომიკის ეკოლოგიზაცია);
6) საჭირო ერთიანი რეგიონული ინფრასისტემის ფორმირება;
7) რეგიონული ბაზრის ფორმირება, შესაბამისად, რეგიონთაშორისი და საგარეო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება, ერთიანი საწარმოო ციკლის ჩარჩოებში საინოვაციო ცენტრისა საფინანსო-სამრეწველო ჯგუფების ორგანიზება, მცირე საწარმოთა დაცვა და ყოველმხრივი სტიმულირება, საბითუმო ბაზრების ქსელის გაფართოება ოთხივე რაიონში, ექსპორტორიენტირებული და იმპორტშემცვლელი მეწარმეობის მდგრადი განვითარება.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial