კარმა გაწმინდეთ! კარმა ახალ წელს

ემზარ ჯგერენაია

საოცარია, როგორ მოგვეპარა ეს გოჭის ახალი წელი და რას მოიტანს ეს აგრესიული ცეცხლოვანი ტახი?
ეს კითხვა, ყველა ჩვენთაგანს აწუხებს. აქ ჩართულია ეკონომიკაც, ენერგეტიკაც, პოლიტიკაც და სიყვარულიც.
ამას წინათ მედიაში ვუსმენდი ვარსკვლავმრიცხველს, იცით თქვენ ვისაც ვგულისხმობ, ჩუმად ყველა უსმენთ. თვითონ ძალიან პატივს ვცემ ამ უძველეს და უწმინდეს მეცნიერებას, მაგრამ ამ კაცს რომ ვუსმენდი, ასე მეგონა დედაჩემს ველაპარაკებოდი – არ ენდოთ ყველას, სასარგებლო წელი იქნება ორმხრივი შეხვედრებისათვისო, გაუაზრებელ ნაბიჯს ნუ გადადგამთო, მტერს ნუ გაიჩენთო (ასე გვარიგებს დედა სულ ჭკუას და ბურღავს ტვინს) და როცა მშვილდოსანი შევა იუპიტერის არეალშიო, ერიდეთ ღამ-ღამობით სიბნელეში ქუჩაში სიარულსო, განსაკუთრებით ერიდეთ უცნობ ბიძებს და შორს მოგზაურობასო.
კარგი პერიოდიაო (ესე იგი 2007 წელი) ოპერაციების გასაკეთებლად სახსრების ნაწილში და უცებ ვიფიქრე, ხომ არ გაგვეკეთებინა ერთი ორი სახელდახელო ოპერაცია, რახან კაი პერიოდია. და ბოლოს, დაამატა – კარმა გაწმინდეთ, კარმაო. აი ისევ კარმა, ისევ გაზი და კვამლი…
ამასაც თუ ცაში ვარსკვლავები წყვეტდნენ არ მეგონა. ამ დროს ქუჩიდან ხმა მიკროფონით – ვწმინდავ კარმასო. იხარე, ვიფიქრე გულში – მოდი კაცო, სადაცაა მოვიდა ახალი წელი და კარმა ყოფილა გასაწმენდი-მეთქი. მოვიდა ბიძა – სადაა კარმაო, მე რა ვიცი მეთქი, ამ ზოდიაქოს იმპერატორს კითხე მეთქი და ტელევიზორზე მიუთითე. ულვაშიანმა ხელოსანმა ეჭვის თვალით შემომხედა და ზევით აიხედა, ოღონდ არ ვიცი იმან მაინც რატომ აიხედა? ცოტა დაუსტვინა და მეტეორივით გავარდა გარეთ. აი მეც კოსმიური ტერმინებით ავლაპარაკდი. არადა, რამდენი რამე გვაქვს გასაკეთებელი და არ ვიცით, რომელი კარმა უნდა გავწმინდოთ და როგორ?!
გარეთ შეწუხებულმა, გაოგნებულმა და მობუზულმა გავათრიე სხეული. მივაბიჯებდი სუსხიანი თბილისის ქუჩებში (ყველაფერთან ერთად სუსხიც შეგვეჩვია, მთელს მსოფლიოს აწუხებს ნამეტანი დათბობა, აგერ ჩვენს მეზობელ რუსეთს დოლარები დაეთოვა ნავთობისაგან თავზე, თოვლმა კი უღალატა, ისე პირიქით ჯობდა, ანტრაქტიკაში აბობოქრდნენ ყინულები და დაიძრნენ, მაგრამ ჯერ არავინ არ იცის, საითკენ აპირებენ წასვლას ან ვიზა თუ აქვთ, იმედია, ჩვენთან არ მოვლენ. დნობა დაიწყესო, აგერ მზე აბობოქრდა ფანტომასივითო და აგზავნის რაღაც საშინელ ბოღმას დედამიწაზეო, ყველას ნამეტან სხივებს უგზავნის, ჩვენთვის კი ენანება (იმას მაინც რა დაუშავეთ ნეტავი) და ვფიქრობდი რომელი კარმა გამეწმინდა და სად. არადა, აგერ მოვიდა ეს გოჭუნას წელიწადი და იუპიტერიც განრისხებას აპირებს. ერთი ბუნჩულა ასაკიანი მეზობელი შემხვდა და სამყაროს დარდით შეწუხებული, ისიც, ჩემი არ იყოს, კაი დაფიქრიანებული იყო. ძია ვახო კარმა უნდა გავწმინდოთ-მეთქი – მოუყევი ასტროლოგის ნაამბობი და ჩემი ვარამი. ბევრი იფიქრა და მითხრა, თუ არ გაქვს კარმა, იყიდეო და გააწმენდიეო.
ვკითხე – რა ღირს თქო? – ორი გოჭის ფასიო – მიპასუხა, გაწმენდა მეთქი? – სამი კილო ნიგვზის ფასიო. ეს რა ძვირი Yყოფილა ასტროლოგის რჩევები-მეთქი. ამ ქვეყანაზე ყველაფერი გაძვირდა შვილო და რაღა ამ საწყალი ასტროლოგის რჩევები გეძვირა მაინცდამაინცო – იწყინა ვახო ძიამ და მაინც მითხრა, სად იყიდებოდა კარმა. მივაშურე! რად გინდა, არ მომყიდეს! ეს კარმა არ გინდაო, შენ გაქვსო ის კარმა. რომელი მეთქი, აი ის ასტროლოგმა რომ თქვაო. არა მეთქი დავიფიცე ტუტანხამონის მუმიასავით სექტემბერში წინასწარ საახალწლოდ ნაყიდი გოჭი (გაძვირების შიშით თანამედროვე მეთოდით გავიანგარიშე გოჭის ფიუჩერსული ფასი და შევარჩიე არსებული ტრენდის პირობებში როგორ იაფად მეყიდა სექტემბერში და აგერ მყავს საყინულეში, ველოლიავები და მისი შენახვა უფრო ძვირი მიჯდება, ვიდრე ეგვიპტეს დაუჯდა ბიძია ტუტანხამონი).
ერთსაათიანი ფორუმის გამართვის შემდეგ დამაჯერეს, რომ სადღაც ნაღველსა და თირკმელს შორის, ან სულაც ტვინსა და ხორხს შორის კარმა გვქონია (კიდევ კარგი ისიც გაზზე არ მუშაობს, ხომ დავიღუპებოდით), ჰოდა ის უნდა გაიწმინდოო. გადავირიე, ამ საახალწლო ხარჯებს კიდევ ერთი მუდმივი კომპონენტი შეემატა – კარმის გაწმენდა! კი მარა ეს ბაბუაჩემი 100 წელი ისე ცხოვრობდა, არ გაუწმენდია-მეთქი. მაშინ არც გაზი იყო არც კარმაო და არც ასე ძვირადღირებული ახალი წელიო და არც გოჭის წელიწადიო. მაინც რომელი კარმა უნდა გავწმინდოთ – ჩვენი თუ ჩეხების? ეს რა ახალი წელი გაგვითენდა, ხალხი ცოლშვილზე და ათას რამეზე ამბობს უარს და ჩვენ გოჭზე ვერ ვიტყვით?
ვიტყვით, ალბათ, მოგვიწევს! ორი კარმა, ორი სათაური, ორი აგური და…
გილოცავთ. ორივე კარმა გაიწმინდეთ, რა იცით რა ხდება!

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial