ხარისხიანი ქართული კომპანიები

ნინო არველაძე
8 მაისს სასტუმრო “თბილისი მერიოტში” საქართველოს წამყვანი კომპანიების ხარისხის ნიშნით დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ფონდი “ქართული ხარსხი” რამდენიმე თვის მანძილზე სწავლობდა აღნიშნული კომპანიების პროდუქციასა და მომსახურებას, ასევე მათი ხარისხის მენეჯმენტს.
საბაზრო ეკონომიკაში არსებული კონკურენციის პირობებში მწარმოებელთათვის კონკურენცია უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. მათ მუდმივად უხდებათ მომხმარებლის მოზიდვა და მათი პროდუქციისა თუ მომსახურების მაღალ ხარისხში მათი დარწმუნება, ამ მხრივ დიდი მნიშვნელობა აქვს დამოუკიდებელი ექსპერტების, საინსპექციო ან საგამოცდო ორგანიზაციების მიერ გაცემულ პროდუქციის საუკეთესო ხარისხის დამადასტურებელ მოწმობებს.
2003 წელს საქართველოში დაარსდა არასამთავრობო, არაკომერციული ორგანიზაცია ფონდი “ქართული ხარისხი”. 2005 წლის დეკემბრიდან ის ევროპის ხარისხის ორგანიზაციის წევრია (European Organization for Quality). მისი ძირითადი ამოცანაა საწარმოებსა და მომსახურების სფეროში ხარისხის მენეჯმენტის თანამედროვე სისტემების დანერგვა, წარმატებული ბიზნეს-საქმიანობის წარმოჩენა, წახალისების სხვადასხვა ფორმების დანერგვა, ასევე მომხმარებელთა უფლებების დაცვა და მათი გათვიცნობიერება პროდუქციისა და მომსახურების შესახებ. ფონდმა “ქართული ხარისხი” მოამზადა შესაბამისი მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა და 2003 წლიდან ახორციელებს პროექტს – “ხარისხის ნიშანი – ქართული ხარისხი”, რომლის სერთიფიკატი და ნიშანი საქართველოს ტერიტორიაზე მაღალი ხარისხის დამადასტურებელ საერთო ნაციონალურ მოწმობად გამოიყენება. 2003 წლიდან ხარისხის ნიშანი 50-მდე კომპანიას მიენიჭა. ფონდი ახორციელებს პერსონალის სწავლებისა და სერტიფიცირების პროგრამას შემდეგი კვალიფიკაციების მიხედვით:
ხარისხის მართვის სისტემების შიდა აუდიტორი;
ხარისხის მართვის სისტემის სპეციალისტი;
ხარისხის მენეჯერი.
პროექტი ხორციელდება ევროპის ხარისხის ორგანიზაციის (EOQ) პროგრამის ფარგლებში. პერსონალის მომზადების პროგრამა შემუშავებულია საინფორმაციო-თეორიული და პრაქტიკული დახმარების გასაწევად იმ სპეციალისტებისათვის, რომლებიც შეიმუშავებენ, დანერგავენ და უზრუნველყოფენ ორგანიზაციებსა და საწარმოებში ხარისხის მართვის სისტემათა ფუნქციონირებას ISO-ს სტანდარტების შესაბამისად.
ქართული ხარისხის ნიშნით დაჯილდოვდნენ: კომპანია “ვისოლ პეტროლიუმი” – ნავთობპროდუქტების იმპორტისა და რეალიზაციის ლიდერი; “ლომისი” – საუკეთესო ხარისხის ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების “ნატახტარი”-ს მწარმოებელი კომპანია; “ავთანდილი”- წარმატებული ქართველი დიზაინერის ავთანდილ ცქვიტინიძის მოდის სახლი; “ბეგი კომპანი” – თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფქვილის წარმოება; “ბედია” – ქართული მაიონეზების დამამზადებელი კომპანია. მათი ხარისხის მენეჯმენტი შეფასდა, როგორც საუკეთესო და გადაეცათ “ხარისხის ნიშნის” დამადასტურებელი სერთიფიკატი.
ამის შესახებ გვესაუბრება ფონდ “ქართული ხარისხის” პრეზიდენტი გიგლა კუნჭულია:
– ჩვენი ფონდი 2003 წლიდან ახორციელებს პროექტს – “ხარისხის ნიშანი”, “ხარისხის ნიშნის” გამოყენების უფლებით უკვე 50 კომპანია დაჯილდოვდა.
– რა მნიშვნელობა აქვს თქვენ ჯილდოს გამარჯვებული კომპანიებისათვის?
– ჩვენი ღონისძიება წარმატებული კომპანიების წარმოჩენისა და მათი წახალისების ერთ-ერთი ფორმაა. ხდება კომპანიების ხარისხის მენეჯმენტის სერიოზული შეფასება და ეს მათთვის გარკვეულწილად აღიარებაცაა. ასევე ეს ღონისძიება გათვლილია მომხმარებელზეც, ამ ნიშნით მათ შეუძლიათ ამოიცნონ ხარისხიანი პროდუქტი და მომსახურება.
– ხელს შეუწყობს თუ არა თქვენი ჯილდო ქართული ბრენდების საზღვარგარეთ რეკლამას, თუ ის მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზეა გათვლილი?
– ეს ჯილდო შანსს იძლევა, რადგან ჩვენ ხარისხის ევროპის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრები ვართ, მათი რეკომენდაციით განვიცადეთ რებრენდინგი და დღეს ხარისხის ნიშანი არის “Q”” (Quality-ხარისხი).
– ვინ აფასებს კომპანიებს?
– კომპანია “ვისოლ პეტროლიუმის” საქმიანობის შეფასებაში მონაწილეობდა საწვავის ექსპერტი შესაბამისი უწყებიდან, ხოლო ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა დამოუკიდებელ ლაბორატორიაში. დამოუკიდებელი ექსპერტი იყო სანიტარულ-ჰიგიენურ დარგშიც, რადგან მოწმდებოდა სისუფთავის დონეც, ამასთან დაემატა ხარისხის მენეჯმენტის შემფასებელი ორი კოორდინატორი. ხარისხის ნიშნის პროგრამას შვიდი დებულება არეგულირებს.
– თქვენ რაზე ხართ ორიენტებული?
– ჩვენი ორიენტირია მომხმარებელთა უფლებების დაცვა, ამიტომ მნიშვნელოვნად დავეხმარეთ “მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერაციის” ჩამოყალიბებას, ასევე გეზი ხარისხის მენეჯმენტისკენ ავიღეთ, ანუ ხელს ვუწყობთ თანამედროვე სისტემების დანერგვას.
– მხოლოდ ხარისხის მენეჯმენტს აფასებთ?
– ჩვენ უნდა გვქონდეს ნაციონალური ჯილდო ხარისხის სფეროში, აქ გამარჯვებული კომპანია ავტომატურად ხვდება ფინალისტებს შორის ევროპის ჯილდოზე.