კიევი ოცნებებს მიეცა

რედაქციისაგან

კიევში დარწმუნებული არიან, რომ თურქმენეთი უკრაინას გაზის ფასს ათას მ3-ზე 100 დოლარს შეუნარჩუნებს. უკრაინული კომპანიის გამოთვლებით, თურქმენული გაზის ფასი გაიზრდება მხოლოდ 10-15%-ით. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ კიევის პოზიცია პოპულისტურ ხასიათს ატარებს და თურქმენეთთან შეთანხმებისთვის ჯერ არ მიუღწევიათ.

უკრაინის ფინანსთა მინისტრმა ნიკოლაი აზაროვმა განაცხადა, რომ თურქმენეთი თანახმაა 2008 წელს ქვეყანას გაზის ფასი – ათას მ3-ზე 100 დოლარი შეუნარჩუნოს. ჩინოვნიკის აზრით, ამ ფაქტმა ქვეყანას მისცა შესაძლებლობა მომავალ წელს ენერგომატარებლებზე ფასი არ აწიოს.
“ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ უახლოეს დროში თურქმენეთთან მისაღები პირობებით შეთანხმებას მივაღწევთ, მომავალ წელს გაზის მოწოდებასთან დაკავშირებით. თურქმენეთი გაზს 100 დოლარად მოგვაწვდის და ეს ჩვენთვის მისაღები ფასია” – აცხადებს ნ. აზაროვი.
იგივე განცხადება გააკეთა უკრაინის ვიცე-პრემიერმა ანდრეი კლუევმა. მან განაცხადა, რომ მიღწეულია შეთანხმება თურქმენეთთან გაზის ფასსა და მოწოდებასთან დაკავშირებით, ქვეყანა თურქმენეთიდან 2008 წელს 34 მლრდ მ3 გაზს მიიღებს.
ჩინოვნიკები აცხადებენ, რომ შეთანხმება გამყარდება ხელშეკრულებით, რომელსაც “გაზპრომი”, RosUkrEnergo და თურქმენეთი მოაწერს ხელს.
ოფიციალური მონაცემებით, უკრაინა, როგორც ევროპაში გაზის უმსხვილესი იმპორტიორი, ყოველწლიურად 75 მლრდ მ3 გაზს მოიხმარს. აქედან 20 მლრდ-ს თვითონ მოიპოვებს, დანარჩენი კი რუსეთიდან და შუა აზიის ქვეყნებიდან მიეწოდება.
გასული წლიდან უკრაინის გაზით მომარაგებაზე RosUkrEnergo ზრუნავს. მთელ იმპორტირებულ გაზს უკრაინას თურქმენეთი აწვდის. რუსეთ-თურქმენეთის საზღვარზე ამ გაზს “გაზპრომი” ათას მ3-ს 100 დოლარად ყიდულობს, – შემდეგ კი RosUkrEnergo ყიდის ამ გაზს უკრაინელ მომხმარებლებზე.
100 დოლარი ათას მ3-ზე, ანუ 130 დოლარი უკვე ადგილზე შემოტანილ გაზზე მისაღები ფასია, – აცხადებენ უკრაინის ნავთობგაზის კომპანიაში. ჩვენ 10-15%-ით გაზრდილ ფასზეც თანახმა ვართ, მაგრამ ამაზე მეტი ფასი ჩვენთვის დაუშვებელია, ეს უარყოფითად იმოქმედებს ქვეყნის მრეწველობაზე.
კიევის ეს განცხადებები, გაზის ფასზე მოლაპარაკებების წინ, თავისთვის სასურველი შედეგების გახმოვანებად შეიძლება ჩაითვალოს. მაგრამ იმის თქმა, რომ გაზის ფასი უცვლელი დარჩება უკრაინისთვის, ჯერ ნაადრევია, რადგან ეს ჯერ მოლაპარაკებების პროცესზეა დამოკიდებული და თურქმენეთს ამ პროცესში უკრაინაზე მეტი კოზირი აქვს.
East European Gas Analysis-ის დირექტორი მიხეილ კორჩემნიკი არ გამორიცხავს, რომ მოლაპარაკებების შემდეგ გაზის ფასი ათას მ3-ზე 150 დოლარამდე გაიზრდება. თურქმენეთს არაერთხელ დაურღვევია შეთანხმებები – აცხადებს ის. მ. კორჩემნიკის აზრით, RosUkrEnergo, როგორც შუამავალი თურქმენეთი-“გაზპრომი”-RosUkrEnergo-უკრაინის ჯაჭვში ზედმეტია. ღოსUკრEნერგო -ის მეშვეობით ქვეყანაში წლიურად დაახლოებით 83 მლრდ მ3 გაზი შემოდის, აქედან 74 მლრდ-ს ქვეყანა მოიხმარს, ხოლო დანარჩენი ევროპაში ექსპორტზე მიდის.
“კომპანიამ 2006 წელს ევროპაში 9 მლრდ მ3 გაზის ექსპორტით 2,4 მლრდ დოლარი მიიღო – აცხადებს მ. კორჩემნიკი, – საკვირველია, რატომ უთმობს მონოპოლია შუამავალს მოგების ნახევარს, როცა შესაძლებელია ის თავსივე უცხოური შვილობილი კომპანიით შეცვალოს. მაშინ მთელი მოგება “გაზპრომს” დარჩებოდა”.
თუ RosUkrEnergo ჯაჭვიდან ამოვარდება, შესაძლებელი იქნება ახალი სქემის რეალიზება, რომლითაც “გაზპრომი” და უკრაინა მათთვის საინტერესო გაზსადენების კონტროლს შეძლებენ. ისინი სხვადასხვა დანიშნულების მილსადენების ურთიერთგაცვლას მოახდენენ. “გაზპრომი” უკრაინას თურქმენეთის საზღვრიდან უკრაინამდე არსებულ გაზსადენს გადასცემს და ამით უკრაინა თურქმენეთთან პირდაპირ მუშაობას შეძლებს. ამის ნაცვლად კი “გაზპრომი” უკრაინაში არსებულ ევროპაში გამავალ მილსადენებს მიიღებს.
მოგება კი, რომელსაც RosUkrEnergo იღებს გაზის ევროპაში გაყიდვით, მალე არ იარსებებს. შუამავალს რეექსპორტით მიღებული შემოსავალი მანამ ექნება, სანამ თურქმენეთი გაზის ფასს არ აწევს, ხოლო მას შემდეგ რაც მას თურქმენული გაზის ყიდვა მსოფლიო ფასად მოუწევს, მისი რეექსპორტით მოგებას ვერ მიიღებს.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial