მოსახლეობის ზრდა და ბუნებრივი რესურსები

ვაჟა მამულაძე, სამეცნიერო ხარისხის მაძიებელი

კაცობრიობის მიერ განვლილი გზა გვიჩვენებს, რომ უმეტესი ეკონომიკური რესურსი – წიაღისეული, საკვები თუ ენერგია დროთა განმავლობაში ნაკლებად იშვიათი და უფრო ხელმისაწვდომი ხდება. მაგრამ ეს ეწინააღმდეგება საღ აზრს: როგორ შეიძლება მოსახლეობის ზრდის პირობებში რესურსების სიმრავლე? იქნებ ინტენსიური მოხმარების ხარჯზე, ხომ არ ვთამაშობთ “პირამიდობანას” მომავალი თაობების ხარჯზე?

ზოგიერთი ავტორის, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატის პოლ სამუელსონის (1975 წ.) აზრით, მოსახლეობის ზრდის პოლიტიკა პირამიდობანას თამაშია. პირამიდის პრინციპს საფუძვლად უდევს თაღლითობა, რომლის არსი იმაში მდგომარეობს, რომ პირველ მონაწილეს ხვდება რაიმე სიკეთე სხვა მოთამაშეების მოზიდვის ხარჯზე, რომელთაგან თითოეული თავის მხრივ ხდება ახალი მყიდველების მოზიდვის პოტენციური წყარო და ა.შ. ვინც ახერხებს მისთვის გამოყოფილ მყიდველთა კვოტის მოზიდვას, არცთუ მცირე მოგებას ნახულობს. მაგრამ ბოლოს და ბოლოს ბაზარი გაჯერდება და ახალი მოთამაშეები გამოილევა. აფიორა აშკარავდება, ხოლო ისინი, ვინც ბოლოს იყიდა სამონაწილეო “ლიცენზია,” კარგავენ თავიანთ ფულს. აფიორა პირველად გამოიყენა აშშ-ში ჩარლზ პონცმა, რომელიც გასული საუკუნის 20-იან წლებში წარმატებით ატყუებდა მოთამაშეებს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე.
მაგრამ მოსახლეობის ზრდას არაფერი აქვს საერთო პირამიდობანას თამაშთან. უნდა ვივარაუდოდ, რომ რაც უფრო უხვია დღევანდელი ცხოვრება, მით მეტი რესურსი შეხვდება მომავალ თაობებს, რადგან დეფიციტური სიტუაცია მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების ახალი მეთოდების აღმოჩენის სტიმულირებას ახდენს. ასე, რომ თანამედროვე სამომხმარებლო ბაზრის ზეწოლა მომავალ რესურსებს უფრო იაფსა და ხელმისაწვდომს ხდის.
ამიტომ სრულიად უსაფუძვლოა იდეა, რომ დღევანდელი კეთილდღეობა მოპარულია მომავალი თაობებისაგან ან დღევანდელი მომხმარებლები “Wamen” იმას, რაც შეიძლებოდა მომავალში მომხმარებლებს გამოსდგომოდა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სხვაობაა პირამიდის აფიორასა და იმას შორის, თუ როგორ განიხილება რესურსებისა და დემოგრაფიული ზრდის პრობლემები. როდესაც პირამიდის ზრდა ნელდება, მასში მონაწილეობის ფასი ეცემა, ვინაიდან სულ უფრო ძნელია თამაშში ახალბედების ჩართვა. მოგვიანებით აფიორა ინგრევა, მაგრამ თუ დროის რაღაც პერიოდში რომელიმე რესურსის წარმოება არასაკმარისი აღმოჩნდება, მისი ფასი იზრდება, ხოლო მოხმარება ამის გამო იკლებს. თუ რესურსი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ამ დროს მცირდება მოსახლეობის ნამატიც. ამრიგად, გვაქვს თვითრეგულირებადი და არა თვითდამანგრეველი სისტემა.
ცხადია, ასეთი წარმოდგენა მოსახლეობის ზრდისა და რესურსებით უზრუნველყოფილობის ურთიერთკავშირის შესახებ ეწინააღმდეგება გავრცელებულ ცრუწარმოდგენებს, მაგრამ მეცნიერება გვაძლევს ცოდნას, რომელიც არ ემორჩილება ზედაპირულ მოსაზრებებს.
ნუთუ მოსახლეობის ზრდა სასოფლო-სამეურნეო მიწების შეზღუდული ფართობის პირობებში კაცობრიობას შიმშილის ზღვარზე დააყენებს.
არსებობს ასევე მოსაზრება, რომ მოსახლეობის ზრდის პირობებშიც კი სასოფლო-სამეურნეო მიწების ფართობს სულ უფრო ნაკლები მნიშვნელობა ექნება კაცობრიობის გადარჩენისათვის. მაგრამ ბევრი ამ აზრს არ ეთანხმება. “საღი აზრის” თანახმად, მოსახლეობის ზრდა იწვევს მათ გაღარიბებას მიწაზე გაზრდილი დატვირთვის გამო.
მარტივი არითმეტიკის მიხედვით, რაც მეტია მოსახლეობა, მით ნაკლებია მიწები ნატურალურ და ფერმერულ მეურნეობებში და მაშასადამე, საჭიროა მეტი შრომა თავის გამოსაკვებად. მოსახლეობის შემდგომი გამრავლების კვალობაზე ბოლოს მივალთ იმ მდგომარეობამდე, როდესაც მწირი საკვები ულუფისათვის ადამიანებს მოუწევთ მიწის მცირე ნადელის დამუშავება დღეში 18 საათის განმავლობაში.
როგორც, თავის დროზე, გავლენიანი გაზეთი “Christian Science Monitor” წერდა: “ჩვენ უნდა განვეწყოთ ჭარბმოსახლეობასთან საბრძოლველად, რათა თავიდან ავიცილოთ მიწის გადაქცევა უდაბნოდ”.
მაგრამ კაცობრიობის ხანგრძლივი ისტორიული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მოსახლეობის ზრდა სულაც არ ექვემდებარება ზემოთაღნიშნულ “ლოგიკურად აუცილებელ” მოსაზრებებს, უახლოესი წარსულის პესიმისტური პროგნოზების საწინააღმდეგოდ.
ნიშანდობლივია, რომ ზოგიერთი აფრიკელი ლიდერი აფასებდა ეკონომიკის ეფექტიანობას აზიისა და აფრიკის განვითარებად ქვეყნებში და მივიდა დასკვნამდე, რომ ზოგჯერ მიწის სიუხვე არის წყევლა და არა კურთხევა. უგანდის პრეზიდენტმა იოვერი მუსევენიმ 1997 წ. განაცხადა, რომ “აღმოსავლეთ აზიის ჭარბდასახლებული და მწირ რესურსიანი ქვეყნების მოსახლეობა უფრო დისციპლინირებულია, ვიდრე ადამიანები, რომელთა წინაშეც არ დამდგარა გადარჩენის პრობლემა. ზოგიერთ აფრიკულ ქვეყანაში იმდენი მიწაა, რომ არც იციან ხეირიანად როგორ მოუარონ მას.”2
აფრიკის ქვეყნების ეკონომიკურ სტაგნაციას უფრო განსხვავებული მიზეზები აქვს. ერთ სულ მოსახლეზე მიწის რაოდენობის შემცირება თავისთავად ხელს ვერ შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ამას ადასტურებს შედარებით ნაკლებ დასახლებული ავსტრალიის მაგალითი. მაგრამ განვითარებადი ქვეყნები ღარიბია არა მიწის უკმარისობის გამო, არამედ მოწინავე ტექნოლოგიების არარსებობის და მოსახლეობის განათლების დაბალი დონის გამო.
ამჟამად მსოფლიო იკვებება უკეთესად, ვიდრე წინა ასწლეულებში. ასეთი მდგომარეობაა უღარიბეს ქვეყნებშიც კი და ეს ხდება მოსახლეობის მზარდი რიცხოვნობის ფონზე.
მაშ როგორ გავიგოთ “საღი აზრის” ლოგიკა? ჩვენი აზრით, ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ წარსულში თითოეულ მოსახლეზე მოდიოდა მეტი ფართობის მიწა, ვიდრე დღეს. მაგრამ ადამიანები არ ამუშავებდნენ მთელ ვარგის მიწას, რადგან:
– ფიზიკურად ვერ ამუშავებდნენ მიწის დიდ ფართობებს. ცნობილია, რომ თანამედროვე ტექნიკის გამოყენების გარეშე გლეხური მეურნეობის შესაძლებლობები ფიზიკურ ძალასა და დროის მარაგში შეზღუდულია;
– წარსულში გლეხი ნაკლებად იყო დაინტერესებული დასამუშავებელი მიწის გაზრდით. ტრადიციული ეკონომიკური სისტემისა და ნატურალური მეურნეობის პირობებში სასაქონლო ბაზრების განუვითარებლობის დროს გლეხს მოჰყავდა იმდენი, რამდენიც ოჯახის გამოსაკვებად სჭირდებოდა.
მართლაც, რაში სჭირდება ღატაკ გლეხს იმაზე მეტი მოსავლის მოყვანა, რაც ოჯახს სჭირდება? განა ქალაქელი დიასახლისი ყოველკვირეულად ყიდულობს ზედმეტ ბოსტნეულს, რომ შემდეგ ის გაფუჭდეს? და ის, რომ წარმოება იზრდება მოსახლეობის ზრდის კვალობაზე, არაფრით არაა იმაზე უფრო სასწაული, რომ ჩვენ ბოსტნეული გყოფნის კვირის ბოლომდე, თუნდაც ვინმე დარჩეს ჩვენთან სტუმრად.
მაგრამ როგორ იცვლება მიწით უზრუნველყოფა ცხოვრების დონის ზრდის კვალობაზე, რასაც თან სდევს, ვთქვათ, ხორცზე მოთხოვნის ზრდა, რომლის წარმოებისთვისაც საჭიროა დიდი რაოდენობით მარცვლეული? ან რა შედეგებს უნდა ველოდოთ ერთდროულად მოსახლეობის ზრდისა და ცხოვრების დონის მატებისაგან?
შედეგი რომ მიწის გაძლიერებული “ექსპლუატაცია” იყოს, მოსალოდნელია, რომ უკვე დამუშავებულ მიწებს უფრო ინტენსიურად დაამუშავებდნენ, რასაც დამატებითი მუშახელის მოზიდვა დასჭირდებოდა. ეს კი ნიშნავს, რომ გაიზრდებოდა სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა წილი. მაგრამ მოწინავე ქვეყნებში, მათ შორის განვითარებადშიც, სრულიად საწინააღმდეგო ხდება: სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა პროცენტი მუდმივად კლებულობს.
თავისთავად სოფლის მეურნეობაში დასაქმებულების წილის შემცირება საკმარისი იქნებოდა პროგრესის შესანარჩუნებლად, მაგრამ განვითარებული ქვეყნების მონაცემებით საშუალოდ ერთ ფერმერზე მოსული მიწების აბსოლუტური ფართობი მუდმივად იზრდება, მოსახლეობის ზრდისა და ცხოვრების დონის მატების მიუხედავად. აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში და სხვა განვითარებულ ქვეყნებში ფერმერთა აბსოლუტური რიცხვი მცირდება. მაშასადამე, საშუალო ფერმერული მეურნეობის მიწის აბსოლუტური ფართობი მატულობს და ეს ხდება მოსახლეობის საერთო ზრდის ფონზე.
გთხოვთ გაამახვილოთ ყურადღება ბოლო წინადადებაზე. მისი აზრი არ დაიყვანება იმაზე, რომ მდიდარ ქვეყნებში სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოსახლეობის წილი მუდმივად მცირდება – მცირდება სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ პირთა აბსოლუტური რიცხვი, რის შედეგადაც იზრდება ამ სექტორში ერთ დასაქმებულზე დამუშავებული მიწების ფართობი. ამ ფაქტიდან ნათელია, რომ გავრცელებული წარმოდგენების საწინააღმდეგოდ და იმის საპირისპიროდ, რაც ხდება ღარიბ ქვეყნებში, რომლებმაც ჯერ ვერ აითვისეს აგრარული მეურნეობის მართვის თანამედროვე მეთოდები, შემოსავლებისა და მოსახლეობის ერთდროული ზრდა არ აძლიერებს დაწოლას მიწაზე.
ამ ტენდენციის ექსტრაპოლაცია მომავალზე ქმნის არაჩვეულებრივად ოპტიმისტურ პერსპექტივას. იმის კვალობაზე, რომ ღარიბი ქვეყნები განვითარდებიან, ხოლო მათი მოსახლეობის ზრდა შენელდება, ისინი მიაღწევენ წერტილს, რომლის შემდეგაც სასოფლო-სამეურნეო სექტორში დასაქმებულების რიცხვი, რომლებმაც აუცილებლად სურსათით მთელი მოსახლეობა უნდა უზრუნველყონ დაიწყებს შემცირებას და ეს მოხდება მოსახლეობის რიცხოვნობისა და შეძლებულობის ზრდის ფონზე.
კიდევ თუ განვავითარებთ ამ იდეას, დავინახავთ, როგორ შეიძლება ექსტრაპოლაციის მარტივმა მეთოდმა მიგვიყვანოს აბსურდულ დასკვნებამდე. მაგალითად, თუ აშშ-ს სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა რიცხვი მომავალშიც შემცირდება ასეთივე ტემპით, მივალთ ფანტასტიკურ სიტუაციამდე – ქვეყანაში დარჩება თითებზე ჩამოსათვლელი ფერმერი, რომლებიც დაამუშავებენ მთელ მიწას და გამოკვებავენ მთელ მოსახლეობას.
ბუნებრივად ჩნდება კითხვა: როდის შეჩერდება სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა რიცხვის შემცირება? აღნიშნულზე პასუხის გაცემა საკმაოდ რთულია, მაგრამ სანამ გრძელდება მისი განვითარება ამ ეკონომიკურად მომგებიანი მიმართულებით, შეგვიძლია არ ვიღელვოთ იმაზე, თუ სად მიგვიყვანს იგი. მითუმეტეს, როგორც ჩანს, არ არსებობს მისი შემაკავებელი ტექნოლოგიური თუ ეკონომიკური ფაქტორები.
სანამ ქვეყანა ღარიბია, ის ვერ იყენებს ინტენსიურ სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებს – მექანიზაციის, კულტივაციის და სხვა საშუალებებს, რათა ერთდროულად შესძლოს აგრარული წარმოების ზრდა და ამ სფეროში დასაქმებულების რიცხვის შემცირება. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში გაუმჯობესებული ტექნოლოგიების დანერგვის დროს, დასაქმებულთა ფარდობითი წილი შემცირდება. სწორედ ეს ხდება ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში. იგივე პროცესებია მოსალოდნელი ღარიბი ქვეყნების დაჩქარებული ეკონომიკური ზრდის პირობებში.
საქართველოში გასული საუკუნის 90-იან წლებში, ღრმა ეკონომიკური კრიზისის შედეგად სოფლის მეურნეობაში დასაქმებულების რიცხვი გაიზარდა. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა სოფელს მიაშურა. დღეს მიმდინარე ეკონომიკური ზრდის პირობებში, თანდათან გადავდივართ მსოფლიოში არსებულ ტენდენციაზე. ახალი ტექნიკისა და ტექნოლოგიების დანერგვის შედეგად აგრარულ მეურნეობაში დასაქმებულების რიცხვი სულ უფრო მცირდება. მაგრამ ამ დროს ხომ იკარგება სამუშაო ადგილები? სამუშაო ადგილების “გაქრობა” არის იმის შელამაზებული აღნიშვნა, რაც წარმოადგენს ეკონომიკური პროგრესის არსს – სიკეთეების წარმოება ნაკლები რაოდენობის ადამიანური რესურსით.
გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან მოყოლებული აშშ-ს სოფლის მეურნეობაში სამუშაო ადგილების რიცხვი 7 მილიონით შემცირდა (10 მილიონიდან 3 მილიონამდე) მაშინ, როდესაც ქვეყნის მოსახლეობა გაორმაგდა. რომ არა ეს ვითარება, ამჟამად შვიდი მილიონი ამერიკელი იცხოვრებდა ძნელი და ნაკლებად უზრუნველყოფილი ცხოვრებით, ხელით დათესდნენ და აიღებდნენ მოსავალს, მათი შვილები კი წლის მნიშვნელოვან ნაწილს ვერ ივლიდნენ სკოლაში, რადგან მოუწევდათ მშობლებისათვის დახმარების გაწევა. იმას, ვისაც უცხოვრია ამგვარი ცხოვრებით, არასოდეს აქვს მასში კვლავ დაბრუნების ნოსტალგიური სურვილი.
ევროპაში შუა საუკუნეებიდან მოყოლებული არსებობდა მჭიდრო კავშირი მოსახლეობის რაოდენობის ცვლილებებს, სურსათის ფასებსა და ახალი მიწების ათვისებას შორის. მოსახლეობის სწრაფი ზრდა დაიწყო დაახლოებით X საუკუნეში. მაშინვე დაიწყო ფასების ზრდა, რაც ასტიმულირებდა ახალი მიწების ათვისებას. მიწების ათვისების ტემპები მაქსიმალური იყო XI საუკუნის შუა წლებიდან XIV საუკუნის ბოლომდე, როდესაც შავი ჭირის ეპიდემიამ გამოიწვია ევროპის ნაწილის გაუდაბურება. აღმავლობის პერიოდში ჭაობების მელიორაციაც კი ტარდებოდა. ჰოლანდიაში პირველი დიდი დამბები აიგო დაახლოებით 1000 წლის წინ.
რამდენად დიდია მოსავლიანობის ზრდის პოტენციალი ირიგაციის, სასუქების, ახალი ჯიშებისა და მიწათმოქმედების ახალი მეთოდების გამოყენების ხარჯზე? ეს პოტენციალი ჯერ კიდევ უზარმაზარია და ბევრად აღემატება ჩვენს მოთხოვნილებებს მოსახლეობის ნებისმიერი წარმოსადგენი ზრდის დროს.
ჩვენ აღარ ვართ შებოჭილები კვების პროდუქტების წარმოების ტრადიციული მეთოდებით, მით უმეტეს არ უნდა ვიფიქროთ, რომ აქ ჩვენ ამოვწურეთ პროგრესის შესაძლებლობები. მომავალი ტექნოლოგიური აღმოჩენები ბევრად გაზრდის ჩვენს შესაძლებლობებს ამ სფეროში. მაგრამ განვითარების ნებისმიერი მიმართულების დროს სურსათის წარმოების ახალი ტექნოლოგიების შექმნისა და გამოყენების საკვანძო ელემენტს წარმოადგენს მზარდი მოთხოვნა კვების პროდუქტებზე, რომლის წყაროც შეიძლება იყოს მხოლოდ ერთობლივი შემოსავლის ზრდა. მოსახლეობის ზრდა და საბაზრო ინფრასტრუქტურის სრულყოფა საშუალებას მოგვცემს დავძლიოთ ზედმეტი სატრანსპორტო ხარჯები, რაც დღემდე აბრკოლებს სოფლის მეურნეობის განვითარებას უღარიბეს ქვეყნებში.
მიწის რესურსის პრობლემის სხვა ასპექტია დასვენებისა და პირველყოფილი ბუნების შენარჩუნების ადგილების საკმარისობის საკითხი. ბევრს აღელვებს, რომ მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდის, ქალაქების გაფართოების, საგზაო მშენებლობისა და სასოფლო-სამეურნეო მიწების გამრავლების შედეგად ბუნების წიაღში დასვენების შესაძლებლობები შემცირდება.
თითქოსდა უდავოა, რომ რაც მეტია ადამიანი, მით უფრო ძნელია დასასვენებლად ბუნების ხელუხლებელი კუთხის ხილვა. მაგრამ ეს მოსაზრება არასწორია, ისევე როგორც მრავალი სხვა, ერთი შეხედვით, ინტუიციური მტკიცებები ბუნებრივი რესურსების შესახებ.
ფაქტების მიხედვით და ისტორიული მონაცემებით, დასასვენებელი ადგილებისა და ველური ბუნების ხელუხლებელი კუთხეების რაოდენობა პირიქით, სწრაფად იზრდება.
სწორია თუ არა, რომ მოსახლეობის ზრდის შედეგად სოფლის მეურნეობისათვის და დასასვენებლად ვარგისი ბევრი მიწა გამოიყენება საავტომობილო და სხვა გზისათვის და როგორც შედეგი, მცირდება დასვენებისა და პროდუქტების წარმოების შესაძლებლობები? არასწორია: დასვენების ზონების ფართობი ძალიან სწრაფად მატულობს, ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ექსპლუატაციიდან გამოყვანის კვალობაზე ბრუნვაში შემოდის ახალი მიწები, ასე რომ ჩვენი სოფლის მეურნეობის მომავალს არაფერი ემუქრება.
მეტია ხალხი – მეტია წარმოების მოცულობა. მაშასადამე, სხვა თანაბარ პირობებში, მოკლევადიან პერსპექტივაში მეტია სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების რიცხვი. გრძელვადიან პერსპექტივაში მოსახლეობის ზრდა ნიშნავს საარსებო გარემოს არა დაბინძურებას, არამედ გაწმენდას. სწორედ ასეთი იყო მსოფლიო ისტორიის მთავარი ტენდენცია.
თუ ვიმსჯელებთ დაბინძურების უმნიშვნელოვანესი განმაზოგადებელი მაჩვენებლის – სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის მიხედვით, ადამიანებმა შექმნეს ნარჩენების შემცირების ახალი მეთოდები და მოიპოვეს დამატებითი რესურსები, რომლებიც იძლევა გარემოს დაბინძურებასთან ბრძოლის საშუალებას. სერიოზული საფუძველი არსებობს, რომ მომავალშიც კვლავ იქნება შენარჩუნებული იგივე ოპტიმისტური კანონზომიერება.
უნდა ვიყოთ თუ არა დარწმუნებული, რომ ტექნიკური პროგრესი მომავალშიც აგვაცილებს თავიდან რესურსების ნაკლებობას და მათ უფრო გაამრავალფეროვნებს? ხომ არ მოხდება მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის წყვეტა.
გონიერი ადამიანი ყოველთვის ცდილობს თავიდან აიცილოს რისკი. რისკი ყოველთვის დაკავშირებულია ბუნებრივი რესურსების ხელმისაწვდომობის პრობლემასთან. კერძოდ:
1. ნებისმიერი რესურსის მზარდი დეფიციტი და ფასების ზრდა არ იწვევს ცხოვრების დონის მნიშვნელოვან ცვლილებებს;
2. შედარებითი იშვიათობის პრინციპი გვიბიძგებს სუბსტიტუტის (შემცვლელის) ინტენსიური ძიებისაკენ. მაგალითად, სატრანსპორტო ბიზნესში ალუმინის ტარის ნაცვლად სულ უფრო მეტად გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიებით მიღებული პლასმასის ტარა. ბუნებრივია ეს ამცირებს დეფიციტის სიმწვავეს;
3. ნებისმიერი რესურსის დეფიციტი არ ჩნდება უეცრად. მასზე მოთხოვნილება მატულობს თანდათან. ამის შედეგად არსებობს უამრავი შესაძლებლობა, რომ სათანადოდ შევცვალოთ ჩვენი სოციალური და ეკონომიკური ყოფა;
4. მატერიალური კეთილდღეობა და უფრო მრავალრიცხოვანი მოსახლეობა, ერთი მხრივ, ზრდის მოთხოვნას ბუნებრივ რესურსებზე, მაგრამ იმავდროულად ზრდის ჩვენს უნარს, შევარბილოთ დეფიციტის შედეგები. ეს ხელს უწყობს ტექნოლოგიურ შესაძლებლობათა სიმრავლეს, რაც ასუსტებს ნებისმიერი კონკრეტული სახის რესურსთან დამოკიდებულებას;
5. კაცობრიობას უკვე გააჩნია ტექნოლოგია – ურანის ბირთვის გაყოფისა, რომელსაც შეუძლია დააკმაყოფილოს ყველა ჩვენი ენერგეტიკული მოთხოვნილება ენერგიის უცვლელი ან სულაც კლებადი ფასის შენარჩუნებით.
როგორ მოქმედებს დემოგრაფიული პოლიტიკა ენერგეტიკულ კრიზისზე?
ერთი შეხედვით, მოსახლეობის ზრდა აუარესებს მდგომარეობას ენერგეტიკაში. მსოფლიოში, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, მოსახლეობა სწრაფად იზრდება. ყოველი ახალშობილი ხელს უწყობს უკვე დეფიციტური ენერგეტიკული რესურსების უკმარისობას.
გავრცელებული მოსაზრების მიხედვით, შესაძლებელი რომ გახდეს განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური ზრდა, მათ უპირველ ყოვლისა, უნდა გადაწყვიტონ მოსახლეობის გამრავლების პრობლემა. ასევე მდიდარმა ქვეყნებმაც უნდა აკონტროლონ მოსახლეობის ზრდა, წინააღმდეგ შემთხვევაში დღის წესრიგში დადგება ენერგიის უკმარისობის პრობლემა.
ამგვარი მოსაზრებების სიმრავლე გვაიძულებს დეტალურად გამოვიკვლიოთ მოსახლეობის ზრდის გავლენა ენერგიის წარმოებაზე. გასარკვევია, თუ როგორ გავლენას მოახდენს დემოგრაფიული ზრდა (ან მისი შეჩერება) მომავალში ენერგიის ხელმისაწვდომობასა და ფასებზე.
როგორც ცნობილია, მოკლევადიან პერსპექტივაში, ვთქვათ უახლოეს ოცდაათ წელიწადში, მოსახლეობის ზრდის დღევანდელი ტემპი თითქმის ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ენერგიის მოხმარებაზე.
საშუალოვადიან პერსპექტივაში მოთხოვნა ენერგიაზე, სხვა თანაბარ პირობებში, სავარაუდოდ, მოსახლეობის რიცხოვნობის პროპორციული იქნება.
გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ არა გვაქვს თეორიული საფუძვლები იმისათვის, რომ ვიმსჯელოთ გამოიწვევს მოსახლეობის ზრდა ენერგიის დეფიციტს, თუ სიჭარბეს, ან საერთოდ ვერ იმოქმედებს სიტუაციაზე. შედეგი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ იმოქმედებს მოთხოვნის გაზრდა ენერგიის წარმოებაზე მომავალში, აგრეთვე აღმოჩენებისა და ტექნოლოგიური პროგრესის პროცესზე, ე.ი. საბოლოო ჯამში კაცობრიობის მომავალ ენერგეტიკულ პოტენციალზე. წარსულში ენერგიაზე მოთხოვნის ზრდას თან სდევდა მისი იშვიათობისა და ღირებულების შემცირება. ეჭვგარეშეა, რომ მომავალშიც იქნება შენარჩუნებული იგივე ტენდენცია. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, საფუძველი არა გვაქვს ვიფიქროთ, რომ ამჟამად გარდატეხა ხდება ენერგეტიკის ისტორიაში და მომავალშიც ასეთი გარდატეხები არ მოხდება, ხოლო ეს ნიშნავს, რომ შენარჩუნებული იქნება ენერგიის წარმოების ზრდისა და მისი თვითღირებულების შემცირების ტენდენცია.
მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ დემოგრაფიული პოლიტიკის კუთხით არა აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ არის მართალი ენერგომომარაგების მიმდინარე მდგომარეობის საკითხში. ცხადია, ათი ან ოცი წლის შემდეგ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება ნავთობის, გაზისა და ნახშირის წარმოების მოცულობები, აგრეთვე მათი ფასები.
ტექნოლოგიური პროგრესის შენელების ან მოთხოვნის მაქსიმალური გაზრდის შედეგად (მეპ-ისა და მოსახლეობის რიცხოვნობის სწრაფი ზრდის გამო) ენერგომატარებლების ფასები აიწევს ყველაზე მაღალ ნიშნულზე. კაცობრიობა შეძლებს ნახშირის, ბითუმის ფიქლების, მზის ენერგიის, ბუნებრივი აირის მოთხოვნის უზრუნველყოფას. ახალი ენერგიის წყარო შეიძლება გახდეს ნავთობი ბიომასიდან და ბირთვულ რეაქტორებში ენერგიის მიღების პრაქტიკულად ამოუწურავი შესაძლებლობები. თუ გავითვალისწინებთ ატომურ ენერგიასაც, ეს წყაროები ენერგიით კაცობრიობას უზრუნველგვყოფს მრავალ ასეულ და ათასეულ წელს. ასე, რომ არავითარი აზრი არა აქვს მარჩიელობას, მაინცდამაინც რამდენი ასეული წლით გვეყოფა, ვთქვათ, ნავთობი.
აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ როგორაც არ უნდა აისახოს მოსახლეობის ზრდა ენერგიის წარმოებაზე – უარყოფითად (მოთხოვნა გაიზრდება), თუ დადებითად (მოხდება ახალი აღმოჩენები), – გრძელვადიან პერსპექტივაში დემოგრაფიული ზრდის გავლენა ცხოვრების დონეზე (ენერგორესურსების იშვიათობაზე მისი გავლენის თვალსაზრისით) უმნიშვნელო იქნება.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial