საქართველოს მთიანი რეგიონების ძირითადი პრობლემები დღევანდელი გადასახედიდან

კობა არაბული, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრის დირექტორი

გეოგრაფიული მონაცემების თანახმად, საქართველოს მთელი ტერიტორიის 54.4% მთიანია (ზღვის დონიდან 1000 მ-ზე მაღლაა), მაგრამ მთიანი რეგიონების შესახებ ევროპის რიგ ქვეყნებში დღეისათვის მიღებული განმარტებების მიხედვით, მთიანი რეგიონები არის გეოგრაფიული, ეკონომიკური და სოციალური ერთეული, რომლის რელიეფი, კლიმატი, ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობა, სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა საჭიროებს განვითარების, მოწყობისა და დაცვის საგანგებო წესების შემუშავებასა და ამოქმედებას. ამდენად ტერიტორია, რომელიც ამ კატეგორიას შეიძლება მივაკუთვნოთ, კიდევ უფრო მეტი აღმოჩნდება.

ჩვენთვის კარგადაა ცნობილი, რომ საქართველოს მთიანეთის სამი ძირითადი ნაწილი – აღმოსავლეთი, დასავლეთი და სამხრეთ მთიანეთი, გარკვეული მსგავსების მიუხედავად, არსებითად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან როგორც ტრადიციებითა და რესურსული პოტენციალით, ასევე განვითარების შესაძლებლობებით.
უკვე დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, მთიან რეგიონებს განეკუთვნებოდა 13 ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე, რაც დღევანდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის მიხედვით წარმოადგენს ძირითადად 3 მხარეს (ამას ემატება ზემო სვანეთი და თუშეთი), მათში შემავალ 16 რაიონსა და 272 ადგილობრივ (სათემო-სასოფლო) ადმინისტრაციულ ერთეულს. მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ ასეთი დაყოფა ძალზე პირობითია.
ისტორიული ანალიზის შესაბამისად, მთიანი რეგიონები ჩვენი საუკუნის 30-იან წლებამდე (1926 წლის აღწერის თანახმად) ჯერ კიდევ მჭიდროდ დასახლებული იყო. ისინი, ისევე როგორც დღეს, ქვეყნის საზღვარს წარმოადგენდნენ, ამდენად ადგილობრივი მოსახლეობის ერთ-ერთი ძირითადი მისია სახელმწიფოს საზღვრების დაცვა იყო. მკაცრი კლიმატური პირობებით განპირობებული ნაწილობრივ ჩაკეტილი შინამეურნეობის პირობებში განვითარებული იყო სოფლის მეურნეობა, განსაკუთრებით მესაქონლეობა და ადგილობრივი მრეწველობა, რომელიც კუსტარულობის მიუხედავად, საკმაოდ მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა.
აღსანიშნავია, რომ არცერთი ისტორიულ-ეთნოგრაფიული რეგიონის ჩამოყალიბებაში განმსაზღვრელი როლი ეკონომიკურ ფაქტორებს არ უთამაშია. მეურნეობრიობის ესა თუ ის ფორმა ყალიბდებოდა და ვითარდებოდა თითოეულ მათგანში ავტონომიურად, ბუნებრივი გარემოპირობების თანდათანობით შესწავლა-ათვისების შესაბამისად.
ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, გარკვეული სამეურნეო კარჩაკეტილობა განსაზღვრავდა ადგილობრივი რესურსების ოპტიმალური გამოყენების, ამასთან ერთად მათი დაცვისა და გამრავლების საკითხებს; თითოეული რეგიონისათვის გარკვეული იყო იმ აუცილებელი მოთხოვნის ელემენტები, რომელთა შემოტანაც საჭირო იყო სხვა რეგიონებიდან. საკმაოდ განვითარებული სავაჭრო-გაცვლითი ურთიერთობების სხვადასხვა ფორმებს თვით ტრადიციული უგზოობაც ვერ უშლიდა ხელს.
აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თითოეული მაღალმთიანი რეგიონი, ისტორიული განვითარების ყოველ ეტაპზე წარმოადგენდა სამეურნეო-ეკონომიკური თვალთახედვითაც გარკვეულ ავტონომიურ ერთეულს, განსაზღვრული საგარეო კავშირებითა და აუცილებლობებით.
რადიკალურად შეიცვალა სიტუაცია (შესაბამისად მენტალიტეტიც) სოციალისტურ-კომუნისტური ყოფის პერიოდში. კერძო საკუთრების გაუქმებამ, ეკონომიკური ხასიათის “ექსპერიმენტებმა” შეცვალა თვით ადამიანების ფსიქოლოგია. ლოგიკურად მივიღეთ დღევანდელი შედეგი – ეკონომიკური და სოციალური ჩამორჩენა, კომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურის განუვითარებლობა, რეგიონების დაცარიელება, მეურნეობის ტრადიციული დარგების მოშლა, სპეციალისტების შემცირება და მათი არასათანადო კვალიფიკაცია და ა.შ.
ყოფილი საბჭოთა კავშირის ინტეგრირებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სივრცეში არსებობის 80-წლიანი ისტორია და კომუნისტური მმართველობის პერიოდში გატარებული, რიგ შემთხვევებში აშკარად მცდარი, სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, საქართველოს მთიან რეგიონებში არსებული რეალობა ასეთია:
ქვეყნის ტერიტორიის 60%-ში დარჩენილია მოსახლეობის საერთო რაოდენობის მხოლოდ 10-11%;
მიგრაცია, რომელიც გამოწვეულია ე.წ. “ეკონომიკური ექსპერიმენტების” ძალზე მძიმე მორალურ-ფსიქოლოგიური და სოციალურ-პოლიტიკური შედეგებით, კატასტროფის ზღვარზეა;
მოშლილია მეურნეობრივი მართვის მექანიზმი;
გაჩერებული და გამოუყენებელია ადგილობრივი ბუნებრივი, სამეურნეო და ინტელექტუალური პოტენციალი;
პრაქტიკულად მწყობრიდან არის გამოსული სატრანსპორტო-საკომუნიკაციო, კულტურულ-საყოფაცხოვრებო სისტემის მთელი ინფრასტრუქტურა;
ბუნებისადმი ბარბაროსული დამოკიდებულების შედეგად დარღვეულია ეკოლოგიური ბალანსი;
დღეისათვის საქართველოს მთიანი რეგიონებისადმი განსაკუთრებული მიდგომა განპირობებულია:
აღნიშნული რეგიონების ობიექტურად მზარდი სტრატეგიული, გეოპოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მნიშვნელობით;
საქართველოს უშუალო მეზობელ სახელმწიფოებთან და ხალხებთან მათი, როგორც სასაზღვრო რეგიონის, ეკონომიკური და სოციალურ-კულტურული ინტეგრაციის პერსპექტივებით;
უნიკალური ისტორიული, კულტურული ტრადიციებისა და განსაკუთრებული ეკოლოგიური მდგომარეობით.
მწყობრიდან თითქმის მთლიანად გამოყვანილი სამეურნეო-ეკონომიკური პოტენციალისა და განადგურებული ინფრასტრუქტურის უსწრაფესი აღდგენის აუცილებლობით, რაც, პირდაპირ კავშირშია როგორც ჩვენი მეზობელი ხალხებისა და ქვეყნების ინტერესებთან, ასევე ტრასეკა-ს პროექტებისა და “ევრო-აზიური კორიდორის” პროგრამის რეალიზაციის შესაძლო შედეგებთან;
კატასტროფის ზღვარზე მისული მიგრაციის შეჩერების აუცილებლობით, რაც დაკავშირებულია საერთოდ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ და სტრატეგიულ ინტერესებთან.
უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ქვეყნის ცხოვრებაში მომხდარი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ცვლილებები ყველაზე მწვავედ აისახა მთიან რეგიონებზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ ამ ცვლილებებმა კიდევ უფრო მკვეთრი გახადა ის დისპროპორცია, რაც ტრადიციულად იყო და რაც მიმდინარე პერიოდმა მოიტანა. შეიძლება აღინიშნოს, რომ ძირითადი პრობლემები, რომლებიც გამოიკვეთა (მათ შორის ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის დროსაც) ბევრად არ განსხვავდება მთიან რეგიონებთან მიმართებაში საერთაშორისო ფორუმებზე ჩამოყალიბებული ზოგადი პრობლემებისაგან. ისინი შემდეგი სახით შეგვიძლია წარმოვადგინოთ:
I. მთიანი რეგიონების საერთო პრობლემაა მზარდი მიგრაცია.
მიზეზების ანალიზიც საკმაოდ იდენტურ სურათს იძლევა:
ტრადიციული შრომის სიმძიმე და დაბალი შემოსავლიანობა;
სამუშაოს არარსებობა – უმუშევრობა;
ბარის რეგიონებში შრომის ანაზღაურების უკეთესი პირობები;
საყოფაცხოვრებო და კულტურული მომსახურების სფეროს განუვითარებლობა.
გასათვალისწინებელია ის მიზეზებიც, რომლებიც ზღუდავენ განვითარების შესაძლებლობებს:
ბუნების დეგრადაცია, დანაგვიანება;
მესაქონლეობისა და მიწათმოქმედების კრიზისი;
მიწის ზედმეტი ექსპლუატაცია.
მეტად საინტერესოა პრობლემათა წარმოშობის მოტივებიც:
რეგიონალური პრობლემებისადმი პოლიტიკური და ადმინისტრაციული ორგანოების ნაკლები ყურადღება;
მთიანი რეგიონების სასოფლო-სამეურნეო მუშაკებისადმი საზოგადოებრივი პოლიტიკის არაადაპტირებულობა;
ფინანსური შესაძლებლობების განაწილების უთანაბრობა;
შიდა კავშირების სისუსტე.
დღეისათვის საქართველოში მთიანი რეგიონების განსაკუთრებულ მდგომარეობაზე საუბრისას წინა პლანზეა სხვადასხვა ჯგუფის საკითხების გარკვეული კომპლექსი, რომელთაგან თითოეული მოითხოვს სათანადო შესწავლასა და შესაბამის დარეგულირებას:
1. გეოპოლიტიკური: მთიანი რეგიონების აბსოლუტური უმრავლესობა წარმოადგენს დამოუკიდებელი სახელმწიფოს საზღვრისპირა ზოლს, ამდენად გასაგებია მათი გაზრდილი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მნიშვნელობა;
2. სოციალური: რეგიონის მოსახლეობა ისტორიულად ჩამოყალიბებული ეთნიკური ჯგუფებია, რომლებიც მიუხედავად არსებითი ერთიანობისა, გარკვეულად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან;
3. ეკონომიკური: ათეული წლების განმავლობაში ბუნებრივი რესურსებით საკმაოდ მდიდარი რეგიონები განიხილებოდა მხოლოდ სანედლეულე ბაზად, ან რთული ბუნებრივი, გეოგრაფიულ-კლიმატური პირობების გამო – ნაკლებ პერსპექტიულ ზონებად და პრაქტიკულად არავითარი ყურადღება არ ექცეოდა შესაბამისი ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას.
ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ დღეისათვის მთიანი რეგიონების პერსპექტივების განსაზღვრას საფუძვლად უნდა დაედოს უკვე აღიარებული მდგრადი განვითარების კონცეფციის ძირითადი მოთხოვნები (გაერო – რიო-92, “გადაწყვეტილება-21”), როგორც ცივილიზებული სამყაროს მონაპოვარი და ჩვენს პლანეტაზე არსებული ეკოსისტემების დაცვის ძირითადი მექანიზმი უახლოესი ხუთი ათწლეულის განმავლობაში.
აღნიშნული რეგიონების ბუნებრივ კომპლექსთან, განსაკუთრებით მათ მთიანობასთან არის დაკავშირებული ამ მხარეებისათვის დამახასიათებელი რიგი ნიშნები, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს:
სასარგებლო სამიწათმოქმედო ფართობების სიმცირე;
დამუშავებული ფართობების მცირეკონტურიანობა, ტერიტორიული დაქსაქსულობა და დიდი დახრილობა;
მძიმე კლიმატურ-ნიადაგობრივი პირობების გამო კულტურათა მცირე მოსავლიანობა და სასაქონლო პროდუქციის სიმცირე;
სოფლის მეურნეობაში მექანიზაციის დანერგვის სიძნელე და შრომის მწარმოებლობის დაბალი დონე;
მრეწველობის განვითარებისათვის არახელსაყრელი პირობები;
საგზაო კომუნიკაციების შექმნის სირთულეები;
მატერიალური წარმოების სფეროს შეზღუდულობის გამო მოსახლეობის შრომითი რესურსების სუსტად გამოყენება და ამასთან დაკავშირებული ადგილობრივი მოსახლეობის ინტენსიური მიგრაცია.
მთიანი რეგიონების ბუნებრივი პირობების თავისებურება მკვეთრადაა გამოხატული მიწის ფონდის სტრუქტურაშიც:
სასოფლო-სამეურნეო ფართობის არაპროპორციული სტრუქტურა, რაც გამოიხატება სახნავი მიწების სიმცირით და ბუნებრივი საკვები სავარგულების მკვეთრად გამოსახული აბსოლუტური და შეფარდებითი სიდიდით;
თითქმის არ არის მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული ფართობები;
სასოფლო-სამეურნეო მიზნებისათვის გამოუსადეგარი მიწების დიდი მოცულობა.
მიწის სავარგულების სტრუქტურაში აღსანიშნავია აგრეთვე მეორე დისპროპორცია: ბუნებრივი საკვები ბაზა წარმოდგენილია მხოლოდ საზაფხულო საძოვრებითა და სათიბებით, ხოლო ზამთრის საძოვრები საერთოდ არ არის. ზამთრის საკვები რესურსების სიმცირე მეცხოველეობის განვითარების ერთ-ერთი არსებითი შემზღუდველი ფაქტორია.
იმ გეოგრაფიულ ფაქტორთა შორის, რომლებიც განსაკუთრებულ გავლენას ახდენენ მთიანი რეგიონების მეურნეობრივ განვითარებაზე, ერთ-ერთი უპირველესია მათი არახელსაყრელი სატრანსპორტო-გეოგრაფიული მდებარეობა, რაც გამოიხატება შემდეგში:
რეგიონებს უკავია საქართველოს განაპირა, პერიფერიული ნაწილები, დაშორებული არიან ძირითად სატრანსპორტო კომუნიკაციებსა და სამრეწველო ცენტრებს;
რეგიონები შემოზღუდულია ბუნებრივი ბარიერებით, რაც მრავალმხრივი სატრანსპორტო კავშირების განვითარების საშუალებას არ იძლევა. მათ, როგორც წესი, ერთი ან ორი სატრანსპორტო გამოსავალი აქვთ, რომლებიც მდინარეთა ხეობებს მისდევს;
რთული ბუნებრივი პროფილის გზები, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა, ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ცუდი საინჟინრო-ტექნიკური მდგომარეობისა და უხარისხო საფარის გამო სეზონურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი რიგი რეგიონები გარკვეული ვადით (ზოგან 6 თვემდე) მთლიანად წყდება საქართველოს დანარჩენ ტერიტორიას (ისეთი საზღვრისპირა ტერიტორია, როგორიც არის პირიქითა ხევსურეთის ნაწილი – არხოტო, საერთოდ არ უკავშირდება სამანქანო გზით ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიას).
მთიანი რეგიონების მრეწველობის ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელია ისიც, რომ იგი ძირითადად მხოლოდ საკუთარ სანედლეულე ბაზაზე ვითარდება. ასეთი მდგომარეობაც შექმნილია უკვე აღნიშნული სპეციფიკური სატრანსპორტო-გეოგრაფიული მდებარეობით.
მთიანი რეგიონების მაგალითზე ძალზე ზოგადი საერთო ანალიზის მიხედვით, ასეთ საერთო სურათს მივიღებთ:
სასოფლო-სამეურნეო მიწებს უკავია მთელი ტერიტორიის 23.7%;
სახნავ-სათესი მიწის ფონდს – 7.2%;
მრავალწლიან კულტურებს უკავია – 1.8%;
სათიბ-საძოვრებს უკავია – 14.7%;
ტყეებსა და ბუჩქნარებს უკავიათ – 59%;
უვარგისი მიწების ხვედრითი წილი შეადგენს 17.3%.
თუ გავაანალიზებთ ქვეყნის შიდა ბაზარზე შექმნილ მდგომარეობას და დავაკავშირებთ მას მთიან რეგიონებში სოფლის მეურნეობის ადაპტირების ამოცანებთან, ძირითადი ამოცანების ძალზე ზოგადი ჩამონათვალი ასეთი სახით შეიძლება წარმოვიდგინოთ:
მკვეთრად უნდა გაიზარდოს მთლიანი და სასაქონლო პროდუქციის საერთო მოცულობა;
რადიკალურად უნდა გაუმჯობესდეს პროდუქციის ხარისხი;
ასორტიმენტი და ფურნიტურა უნდა გახდეს კონკურენტუნარიანი როგორც შიდა, ასევე გარე ბაზარზე;
უნდა ამაღლდეს წარმოების ეფექტიანობის მაჩვენებლები; პირველ რიგში შრომის მწარმოებლობის გაზრდისა და თვითღირებულების შემცირების გზით;
ყოველივე ამისათვის უნდა აღდგეს არსებული და შეიქმნას ახალი საწარმოო ბაზები, რომელთა სიმძლავრეები, ენერგომოთხოვნილება, მუშაკთა კვალიფიკაციის დონე და სხვა ძირითადი პარამეტრები თანამედროვე მოთხოვნებისა და ადგილობრივ შესაძლებლობათა შესაბამისი იქნება.
აღნიშნული ამოცანების გადაწყვეტა ორგანულადაა დაკავშირებული როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი საკითხების მთელ კომპლექსთან, რომელთა შემუშავება და შესაბამისად განხორციელება შეუძლებელია თანამედროვე ცოდნის, მეცნიერულ-ტექნიკური მიღწევებისა და საკუთარი ისტორიულ-კულტურული ტრადიციების გათვალისწინების გარეშე.
პირველი რიგის განსახორციელებელ ამოცანათა შორის, ჩვენის აზრით, აუცილებელია:
კავკასიის, როგორც ერთიანი ეკონომიკური, ეკოლოგიური, გეოპოლიტიკური და ისტორიულ-კულტურული რეგიონის კვლევა და შესაბამისად განვითარების კომპლექსური პროგრამების რეალიზაციის სამართლებრივი ბაზის შექმნა;
აღნიშნულიდან გამომდინარე, უშუალოდ საქართველოს მთიანი რეგიონების რეაბილიტაციისა და თანამედროვე პირობებთან ადაპტაციისათვის შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნა;
უნიკალური კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა;
ხაზგასმოთ უნდა აღვნიშნოთ, რომ:
დღეისათვის მიღებული და მოქმედი საკანონმდებლო ბაზა რეგიონში საუკუნეების მანძილზე დამკვიდრებული ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების არაადექვატურია; ამასთან ერთად, აღნიშნული კანონები ნაკლებად ითვალისწინებს მკვიდრი მოსახლეობის ეკონომიკურ შესაძლებლობებსა და ინტერესებს;
საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის ჩამოყალიბების მექანიზმში არსებული ხარვეზები (არ არის შემუშავებული რეგიონების ეკონომიკური გამოთანაბრების სისტემა, ტრანსფერტების გადაცემისა და გადანაწილების ადექვატური პრინციპები, ადგილობრივი ბიუჯეტის რეალური ფორმირების, მათი დაცვის მექანიზმი და სხვა) არ იძლევა მთიანი რეგიონების ეკონომიკური და შესაბამისად სოციალურ-კულტურული გამოცოცხლების საშუალებას;
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მოთხოვნის მიუხედავად, საკანონმდელო და აღმასრულებელი ხელისუფლება ობიექტური, თუ სუბიექტური მიზეზების გამო, ვერ ქმნის ჭეშმარიტად მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს მთიანი რეგიონების საკმაოდ მდიდარი პოტენციალის მაქსიმალური გამოყენებისათვის;
იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს მთიანი და განსაკუთრებით მაღალმთიანი რეგიონების რეალური განვითარების პერსპექტივების განსაზღვრა და შემდგომ მისი მეთოდური რეალიზაცია, აუცილებლად მიგვაჩნია ისეთი საკითხების დროულად გადაწყვეტა, როგორებიცაა:
ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ინსტიტუტების დამკვიდრება და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობა;
მთიანი რეგიონების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის ძირითადი პრინციპებისა და მექანიზმის დამუშავება;
აღნიშნულიდან გამომდინარე, ადგილობრივი ტერიტორიული ერთეულის (სოფელი, თემი) ჩამოყალიბების პრინციპებისა და მექანიზმის (გეოგრაფიული, ისტორიული, ეკონომიკური, ურბანისტული, სოციალური და ა.შ.) კონკრეტული ვარიანტების დამუშავება; ფაქტია, რომ დღეისათვის რეალურად მოქმედებს სახელმწიფო მართვის სახელებშეცვლილი საბჭოთა სისტემა;
ადგილობრივი ტერიტორიული ერთეულის ფუნქციონირების საფინანსო და ეკონომიკური საფუძვლების იურიდიული და ინსტიტუციური მექანიზმის დახვეწა;
ადგილობრივი ტერიტორიული ერთეულის თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების უფლებებისა და პასუხისმგებლობების ფორმებისა და ურთიერთდამოკიდებულებების ზუსტი გამიჯვნა;
ზემოთ აღნიშნული სამართლებრივი და ინსტიტუციური საკითხების გადაწყვეტა თანამედროვე ცივილიზებულ ქვეყნებში უკვე აპრობირებული ფორმებისა და მეთოდების საფუძვლიანი ანალიზისა და საკუთარი კულტურის, გამოცდილებისა და მენტალიტეტის აუცილებელი გათვალისწინების საფუძველზე იმის პირობას შექმნის, რომ შესაძლებელი გახდეს:
რეგიონალური და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების პერსპექტივების მაქსიმალურად ზუსტი განსაზღვრა;
რეგიონში ახალი სამუშაო ადგილების შექმნის რეალური მექანიზმების დამუშავება;
ადგილობრივი რესურსების ოპტიმალური და მიზნობრივი გამოყენების ეკონომიკური და სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბება;
ეკონომიკის ცალკეულო დარგებისა და სფეროების შესაძლო განვითარებისა და სრულყოფის რეალური შესაძლებლობების კვლევა;
გარემოს დაცვის საკითხებზე ეკონომიკური და საკანონმდებლო ინტეგრაციისათვის ხელშეწყობა;
დასვენების, სპორტის, ტურიზმის, რეკრეაციული და ადგილობრივი მეურნეობის შესაბამისი ორგანიზაციულ-სტრუქტურული მექანიზმების აღდგენა-განვითარება და ინტეგრაცია;
რაც შეეხება მთიანი რეგიონების განვითარების შესაძლო პერსპექტივებს, ის შეიძლება მოკლედ ასე ჩამოყალიბდეს:
იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს ჩვენს მიერ აღნიშნული საკითხების განხორციელება, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ მას არა აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს აბსოლუტური სრულყოფილების პრეტენზია, უპირველესად აუცილებელია ზუსტი ინფორმაცია, რეალური ინფორმაციული ბაზების ანალიზზე დამყარებული კვლევის შედეგები. წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე გვექნება საკმაოდ ნაცნობი სურათი, როდესაც ზუსტად არ ვიცით რას ვფლობთ, რისი პატრონები ვართ, ვერანაირად, თუ არანაირად არ ვაყალიბებთ აღრიცხვის ყველასათვის გასაგებ და სანდო მექანიზმს და ამის ფონზე ვქმნით ილუზიას, თითქოს ლარისა და თეთრის სიზუსტით ვითვლით ყველაფერს – სახელმწიფო თუ ადგილობრივ ბიუჯეტს, შემოსავლებსა თუ ხარჯებს, ცენტრალური და ადგილობრივი გადასახადების, არასაგადასახადო შემოსავლებისა და მოსაკრებლების საბაზო თუ რეალურ მაჩვენებლებს და ა.შ.
ყველასათვის ცნობილი ჭეშმარიტებაა – თუ გვინდა ზუსტად განვსაზღვროთ ის, რაც გვინდა, უნდა ვისწავლოთ სწორად თვლა, საჭირო და აუცილებელი ინფორმაციის მოპოვება და მისი შეულამაზებელი, ობიექტური დამუშავება.