ბანკების ოქროს შემოდგომა

რედაქციისგან 

კრედიტ-ინფოში ურჩი გადამხდელების საერთო რაოდენობა, პირველი ივნისის მონაცემებით, 316 594-ს შეადგენდა, მათ შორის უკვე დაფარული იყო 126 972 (40,10%). რაც შეეხება პოზიტიური სესხების საერთო ოდენობას, ის 1 180 690-ს შეადგენდა, საიდანაც უკვე დაფარული იყო 683 290. უცნობია, თუ რამდენი ერთეულით გაიზარდა ან შემცირდა “შავ სიაში” მოხვედრილთა რაოდენობა ამის შემდეგ, რადგან “კრედიტ-ინფოს” ოფიციალურ ვებ-გვერდზე ამ ინფორმაციის ნახვა უკვე შეუძლებელია. ორგანიზაციაში აცხადებდნენ, რომ ვებ-გვერდი რეორგანიზაციის პროცესშია და მას შემდეგ, რაც ეს პროცესი დასრულდება, კრედიტ-ინფოს საიტზე “შავი სიის” მაჩვენებელი გრაფა გაქრება. ნეგატიური და პოზიტიური სესხების დეფინიცია აღარ იარსებებს და მხოლოდ საერთო მონაცემები გამოქვეყნდება. 

      26 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ და საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ გვასალიამ, კრედიტინფო საქართველოს” და კომერციული ბანკების ხელმძღვანელებთან ერთად, საკრედიტო ინფორმაციის ერთიანი მონაცემთა ბაზის წარმოების შესახებ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. 
      რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლის მიმართ მიდგომა თვისობრივად იცვლება. აქამდე “შავ სიაში” მითითებული იყო იმ პირების მხოლოდ სახელები და გვარები, რომლებმაც ვალი ვერ დაფარეს. ამჯერად, საკრედიტო ისტორია მსესხებლის შესახებ მოიცავს ყველა დეტალს – რა ვადით და რაოდენობით ჰქონდა მას სესხი აღებული, სარგებლობდა თუ არა პარალელური ან განმეორებითი სესხებით, რა პერიოდებით ჰქონდა ვადაგადაცილება ან რა მიზეზით ვერ გაისტუმრა საკრედიტო დავალიანება და ა.შ. ანუ საკრედიტო ისტორია მოიცავს ნებისმიერ პოზიტიურ და ნეგატიურ ინფორმაციას. აქედან გამომდინარე, ბანკს მსესხებლის შესახებ დეტალური ინფორმაცია ექნება და შესაბამისად, სესხის გაცემის გადაწყვეტილებასაც აქედან მიიღებს. 
      მემორანდუმზე ხელმომწერი კომერციული ბანკები თანხმდებიან, რომ მხოლოდ “კრედიტინფო საქართველოს” მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია არ იქნება მსესხებლისთვის სესხის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი. ამიერიდან, მსეხსებელის შესახებ იარსებებს ერთი საკრედიტო ისტორია, რომელშიც ერთიანად აისახება მსესხებლის მიერ შესრულებული ან შეუსრულებული ვალდებულებები. მსესხებლის საკრედიტო ისტორია შეინახება 7 წლის განმავლობაში, რაც შეეხება შეუსრულებელ ვალდებულებებს, მისი შენახვის ვადა 7-დან 5 წლამდე შემცირდა. 
      “მოხარული ვარ, რომ რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ, ეროვნული ბანკი, საბანკო სექტორი და კრედიტინფო მივედით საერთო გადაწყვეტილებამდე. პრინციპულად იცვლება მიდგომა კლიენტის შესახებ არსებული ინფორმაციისადმი. აღარ იარსებებს ცალკე ე.წ. შავი სიები… მომხმარებელთა უფლებების დაცვა ჩვენი უახლოესი პერიოდის მთავარი პრიორიტეტია. ამ ამოცანის შესასრულებლად, ეროვნული ბანკი კომპლექსურ ღონისძიებების განხორციელებას იწყებს. დღევანდელი მემორანდუმი პირველი დიდი ნაბიჯია ამ მიმართულებით”, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ მემორანდუმის გაფორმების შემდეგ. 
      რაც შეეხება ბანკებში არსებულ მდგომარეობას, საქართველოს საბანკო სექტორი სექტემბერში კრიზისის შემდეგ ყველაზე მსხვილ მოგებაზე გავიდა.  19 კომერციული ბანკის მოგებამ 95 მილიონ ლარს გადააჭარბა. რაც გასული თვის მაჩვენებელზე თითქმის 24 მილიონით მეტია. მოგების პარალელურად 24 მილიონი ლარით შემცირდა ვადაგადაცილებული სესხების რაოდენობაც და სექტემბერში 202 მილიონ 500 ათასამდე ლარი შეადგინა. აგვისტოში ეს მაჩვენებელი 226 მილიონ 863 ათასი ლარს შეადგენდა, რაც ივლისთან შედარებით 25 მილიონით მეტია. რაც შეეხება მოგებას, აგვისტოში ბანკების საერთო მოგებამ 71 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ივლისის მაჩვენებელს 12 მილიონით აღემატება. 
      საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ცუცქირიძე: – “ნიშანდობლივია, რომ საბანკო სისტემამ კრიზისის შემდგომ პერიოდში შეუქცევად მოგებაზე გასვლა მიმდინარე წლის პირველი კვარტლის ბოლოდან დაიწყო.  სექტემბრის თვის მოგების მაჩვენებელი იმითაც არის აღსანიშნავი, რომ ამხელა მოგება სისტემას 2008 წლის კრიზისის წინა პერიოდშიც არ ჰქონია. იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, 11 კომერციული ბანკის წმინდა მოგების საერთო მაჩვენებლი 95 მლნ ლარია, რაც 2008 წლის აგვისტოს ომამდე არსებულ მაჩვენებელს 7 მილიონით აღემატება. მაშინ, როდესაც თუნდაც გასული წლის ბოლოს საბანკო სისტემის ზარალმა 65 მლნ ლარი შეადგინა. 
      საბანკო სექტორის მოგებაზე გასვლა მნიშვნელოვნად ნეგატიური სესხების ხვედრითი წილის შემცირებამაც განაპირობა. საბანკო სექტორის საკრედიტო პორტფელის ზრდის პარარელურად, კრედიტინფო საქართველოს” მონაცემთა ბაზაში განთავსებულ ჩანაწერთა რაოდენობამ, როგორც პოზიტიურ, ასევე ნეგატიურ ბაზაში, ანუ ინფორმაციამ მიმდინარე და დაფარული სესხების შესახებ და ასევე გადაგადაცილებული და გადაუხდელი სესხების შესახებ 2 000 000-ს გადააჭარბა. აქ უპირველესად აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ჩანაწერთა რაოდენობის ზრდა სულაც არ ნიშნავს ნეგატიური ჩანაწერების ზრდას, რასაც არც თუ იშვიათად ესმება ხოლმე ხაზი  და მეორე, ნეგატიურ სესხებში დაფარული სესხების ხვედრითი წილი აგვისტოსთან შედარებით გაიზარდა 2%-ით 43,28%-მდე, რაც ერთი მხრივ, ასახულია ბოლო ერთ თვეში ვადაგადაცილებული სესხების შემცირებაში 24 მლნ ლარით და მეორე მხრივ, უმოქმედო სესხების (რამდენიმე გადაუხდელი დაფარვის სესხები, რომლებიც მუდმივ დავალიანების მქონედ ითვლება და შესაბამისად, მათი სწრაფად მომახურების სტატუსში დაბრუნებაც გაძნელებულია დროში გაწელილი თანხების ამოღების თვალსაზრისით) შემცირებაში, რომელიც მაისის თვესთან შედარებით მთელი 100 მლნ ლარით არის შემცირებული. 
      აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა წმინდა სესხების მოცულობა 4,5-დან 5,2 მილიარდ ლარამდე, ანუ საშუალოდ თვეში 1,73%-ით, რაც პოსტკრიზისული პერიოდისათვის კარგი მაჩვენებელია. მოგების მიმდინარე მაჩვენებლის ზრდის შესაბამისად იზრდება მოგების მაჩვენებლი კაპიტალთან მიმართებაში. თუ წლის დასაწყისში იგი უარყოფითი ნიშნით ხასიათდებოდა, ბოლო თვეებში მოგებაზე გასვლისა და საბანკო კაპიტალის ზრდის შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა აქტივებზე და კაპიტალზე მოგების უკუგების მაჩვენებლები. კაპიტალზე უკუგების კოეფიციეტიROE  წლის დასაწყისში თუ უარყოფითი იყო, სექტემბრის დასწყისისათვის მისი მაჩვენებლი უკვე 8%-ია, ხოლო ROA 1,4%, მაშინ, როდესაც იანვარში ანალოგიური მაჩვენებლები -2,2% და -0,4%-იყო” – აღნიშნავს გიორგი ცუცქირიძე. 
      არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი კრედიტინფოს “შავი სიის” გაუქმებასთან დაკავშირებით. საკითხავია, სრული ინფორმაციის არარსებობის გამო, რამდენად მოხერხდება სრულყოფილი წარმოდგენის შექმნა ქვეყანაში სესხების გასტუმრებასთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციაზე? როგორც ექსპერტები აცხადებენ, დღეს სიტუაცია ქართულ ბაზარზე მძიმეა და კრედიტების დაფარვა მოსახლეობას სულ უფრო გაუჭირდება. მაგრამ ამის შესახებ სტატისტიკური მონაცემები ფართო მასებისათვის ხელმოსწავდომი უკვე აღარ იქნება. 
   

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial