ელექტრონულმა მაღაზიამ “შოპინგი” ჩაანაცვლა

ალექსანდრა ლალიაშვილი

მსოფლიოში ბოლო წლების განმავლობაში სულ უფრო აქტუალური ხდება ინტერნეტით ვაჭრობა. ამერიკის ვაჭრობის დეპარტამენტის ცნობით, ინტერნეტ გაყიდვები, ფინანსური კრიზისის მიუხედავად, გასული ოთხი წლის მანძილზე 28 მილიონი დოლარით გაიზარდა, 2000-2009 წლებში, გაყიდვები, საშუალოდ, წლიურად 20%-ით მატულობდა (ცხრილი #3). Mercent Corp.’s-ის მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, ონლაინ ვაჭრობის მოცულობა 17%-ით გაიზრდა. Mercent Corp.’s საკუთარ იდექსებს 120 კომპანიის მაგალითზე აქვეყნებს, მათ შორისაა Amazon.com, eBay.com, Google Product Search და სხვა კომპანიები. გაყიდვებით ლიდერობს Amazon.com-ი, რომელის გაყიდვებიც მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 35%-ით გაიზრდა.

განსაკუთრებით აქტუალურია Facebook-ის თემა და ამ სოციალური ქსლის რესურსების გამოყენება ონლაინ ვაჭრობაში. გასაყიდი პროდუქციის პოპულარიზაციის ამ მეთოდს განსაკუთრებით ხშირად ამერიკელი ბიზნესმენები მიმართავენ. როგორც აშშ-ში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, ონლაინ მაღაზიების მომხმარებელთა 70%, პროდუქციის შეძენამდე, მის თვისებებს Facebook-ის საშუალებით იკვლევს. კვლევითი ორგანიზაციები წინასწარმეტყველებენ, რომ 2014 წლისათვის Fაცებოოკ ონლაინ გაყიდვებს 53%-ით გაზრდის.
აღსანიშნავია, რომ 2010 წელს მობილური ტელეფონებით ვაჭრობა, ინტერნეტვაჭრობის მხოლოს 1%-ს შეადგენდა, ჯამში, 3 მილიარდი აშშ დოლარით. მაგრამ 2016 წლისათვის სტატისტიკოსები მისი წილის ზრდას 31 მილიარდიანი აშშ დოლარის მოცულობით, 7%-მდე ვარაუდობენ (ცხრილი #1).
რაც შეეხება ინტერნეტ ვაჭრობას რეგიონების მიხედვით, აზიაში ონლაინ ვაჭრობის მოცულობა ყოველწლიურად საშუალოდ 27%-ით იზრდება, მსოფლიოში ეს მაჩვენებელი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საშუალოდ 20%-ს შეადგენს. ზრდის ამ ტემპების გათვალისწინებით, 2012 წლისათვის აზია ონლაინ ვაჭრობის მოცულობით დაეწევა ევროპას, რომელიც, ჯერჯერობით, მსოფლიო ლიდერია ამ სეგმენტში (ცხრილი #5).
სამწუხაროდ, საქართველოში ინტერნეტით ვაჭრობის მასშტაბების შესახებ მონაცემები ფაქტობრივად არ მოიპოვება. თუმცა, შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ სულ უფრო მეტი მყიდველი მიმართავს ინტერნეტს. ინტერნეტის მომხმარებლები არა მხოლოდ უცხოური ვებგვერდებით ინტერესდებიან, არამედ საქართველოშიც ნელ-ნელა მომრავლდა ინტერნეტ კომპანიები, რომელიც მომხმარებელს ონლაინ ვაჭრობის სერვისს სთავაზობს.
ინტერნეტ მაღაზია პირველად მსოფლიოში 1992 წელს გამოჩნდა და მომხმარებელს წიგნებს სთავაზობდა. საინტერესო დამთხვევაა ის, რომ საქართველოშიც, ელექტრონული მაღაზიების განვითარების საწყის ეტაპზე, განსაკუთრებით წიგნის მაღაზიები აქტიურობენ.
ირაკლი სებისკვერაძე, “წიგნის სამყარო” დირექტორი: “საქართველოში როგორც ასეთი, თავიდან ბოლომდე ონლაინ ვაჭრობა, ანუ ბარათით ფულის გადახდა, თითქმის არ ხდება, ან ძალიან იშვიათად, შეიძლება ითქვას, ასეთი შეკვეთები, საერთო შეკვეთების დაახლოებით 5%-ია. კლიენტებს ჯერჯერობით მაინც ურჩევნიათ ფული ნაღდი ანგარიშსწორებით კურიერს გადაუხადონ. რაც შეეხება ინტერნეტით გამოწერას და კურიერულ მომსახურებას, ეს უკვე ძალიან ხშირი პრაქტიკაა. თუმცა, აღსანიშნავია, ის რომ 4 წელია ჩვენ მომხმარებელს ამ სერვისს ვთავაზობთ და მომხმარებელთა კლების ტენდენცია არის ბოლო ერთი წელია. ეს, ალბათ, ქვეყანაში ზოგადად ეკონომიკური ფონის გაუარესების შედეგია”.
მადონა ელიაშვილი, წიგნების მაღაზითა ქსელის “სანტა ესპერანსას” მენეჯერი: “ჩვენ შევისწავლეთ ბაზარი და მიგვაჩნია, ინტერნეტ ვაჭრობის მიმართულებით ძალიან დიდი პოტენციალია, ამიტომაც უკვე 1 თვეში ვგეგმავთ ავამუშაოთ ეს სერვისი. რაც შეეხება კონკურენციას, ის არსებობს დ ვერ ვიტყვით, რომ – მცირე. თუმცა, რამდენადაც ბაზრის შესწავლამ გვაჩვენა, არსებობს ბევრი ხარვეზიც, იგივე მომსახურების, გადარიცხვების და მიწოდების ნაწილში. შევეცდე-ბით ჩვენ ეს ხარვეზები გამოვასწოროთ და ადგილი დავიმკვიდროთ ბაზარზე. მოთხოვნა კი ნამდვილად არის, ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც მუშაობს და მათი მუშაობის საათები ძირითადად ემთხვევა ჩვენი მუშაობის საათებს, ვერ ახერხებს მაღაზიაში მოსვლას. მათთვის დიდი მნივნელობა აქვს ონლაინ ვაჭრობის სფეროს განვითარებას ნებისმიერ სექტორში”.
ინტერნეტ ტრანზაქციების საერთო ბრუნვა 64%-ით არის გაზრდილი, ხოლო ოპერაციების მოცულობა თითქმის 2.2 -ჯერ, 3.4 მილიონი ლარიდან, 7,4 მილიონ ლარამდე გაიზრდა. 2011 წლის აპრილის მონაცემებით, მიმოქცევაში არსებული საბანკო სადებეტო პლასტიკური ბარათების რაოდენობა 2 780 000 ერთეულს შეადგენდა. ბანკების მიერ ლიმიტირებული ბარათებიდან უპირობო ლიდერია VISA, რომელიც მიმოქცევაში მყოფი სადებეტო პალასტიკური ბარათების 92% შეადგენს. მას მოსდევენ “მასტერქარდის” და “ამერიქან ექსპრესის” ბარათები. ონლაინ ვაჭრობის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ქართველი მომხმარებლები პლასტიკურ ბარათებს სულ უფრო ხშირად იყენებენ (ცხრილი #6).
მიუხედავად ამ მონაცემებისა, ცხადია, რომ ქართველი მომხმარებელი ელექტრონული მაღაზიების სიმრავლით ჯერჯერობით არ არის განებივრებული. რაც არც არის გასაკვირი, ვინაიდან, ელექტ-რონულ მაღაზიათა ქსელი არის ლიცენზირებული ვებგვერდები შესაბამისი დაცვით და გარანტიებით, რაც მნიშვნელოვან დანახარჯებთან არის დაკავშირებული. ამიტომ ელექტრონულ მაღაზიათა ქსელი დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებშიც კი, ძირითადად, ცნობილ ბრენდებს აქვთ შექმნილი.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial