აზიური მაგალითი საქართველოსთვის

ლევან ასათიანი

კვლევების მიხედვით, განვითარებული ქვეყნების წარმოების ზრდა 75-100%-ით უზრუნველყოფილია ინოვაციების გამოყენების ხარჯზე. წარმოების გამოცოცხლება და ფეხზე დადგომა იმ რეგიონებში, რომლებმაც გადაიტანეს ეკონომიკური კრიზისები, როგორც წესი, ხდება ინოვაციური პროცესების აქტივიზაციის შედეგად. დღეს განსაკუთრებით მომგებიანია ის სექტორებია, რომლებიც ორიენტირებულნი არიან ინფორმაციული ტექნოლოგიების, კომპიუტერების და ნახევარგამტარების, კავშირგაბმულობის საშუალებების და ტელეკომუნიკაციის სისტემების, სამკურნალო პრეპარატების და სამედიცინო აღჭურვილობის წარმოებაზე. მათი წარმატება უპირველესად დაფუძნებულია ადრე მიღებული მეცნიერული ცოდნის და ახალი ტექნიკური და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების საფუძველზე და არა საწარმოო შესაძლებლობების ზრდაზე. ახალმა ინდუსტრიულმა ქვეყნებმა, ძირითადად, აზიის კონტინენტიდან, ჩინეთის ჩათვლით, თითქმის 2-ჯერ გაზარდეს თავიანთი ინოვაციური პოტენციალი და უახლოვდებიან ევროპული ქვეყნების მაჩვენებლებს.

გასული საუკუნის 80-იან წლებში იმ ქვეყნებში, სადაც მრეწველობა იყო განვითარებული, ასევე ხდებოდა მცირე მეცნიერებატევადი ბიზნესის სწრაფი განვითარება, რასაც ხელს უწყობდა ამ ქვეყნების მთავრობების მხარდამჭერი მიზანმიმართული პოლიტიკა სუბსიდიებისა და კონტრაქტების შეთავაზებით, სამართლებრივი რეგულირების გაუმჯობესებით, ინოვაციური ფირმების მოზიდვით, მსხვილი მეცნიერულ-ტექნიკური პროექტების შესრულებისათვის ინოვაციური ფირმების ჩართვით და ა.შ. დიდი კვლევა-ძიება არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ ამ დროისათვის საქართველოში ამ მიმართულებით არცთუ სახარბიელო მდგომარეობაა.

მალაიზიური სასწაული
ჯერ კიდევ 1960-იანი წლებისთვის მალაიზია ეკონომიკურად უპერსპექტივო ქვეყნად მიიჩნეოდა. მშპ-ის მოცულობით ქვეყანა ჰონდურასისა და ჰაიტის დონეზე იყო. ექსპერტები სასწაულს არ ელოდნენ ამ ქვეყნისგან, მაგრამ უკვე 1996 წელს მალაიზია გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში მე-3 ადგილზე იყო, აშშ-სა და სინგაპურის შემდეგ. ხოლო 2004 წელს ინდოეთსა და ჩინეთთან ერთად ინვესტორებისათვის მიმზიდველი ქვეყნების პირველ სამეულში შევიდა. დღეისათვის მალაიზია ელექტრონული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის 30%-ზე მეტის იმპორტიორია მთელ მსოფლიოში. საქართველოსათვის საინტერესოა ამ ქვეყნის მაგალითის განხილვა და გათვალისწინება. რის ხარჯზე მიაღწია ამ აზიურმა ქვეყანამ ამხელა წარმატებას და რა პარალელების გავლება შეიძლ-ება ქართულ რეალობასთან?
50-იანი წლებისათვის მალაიზია უღარიბესი ქვეყანა იყო და საარსებო თანხებს, ძირითადად, კალას მოპოვებითა და კაუჩუკის წარმოებით შოულობდა. ქვეყნის მშპ-ის 30%-ს სოფლის მეურნეობა წარმოადგენდა. ამასთანავე, იმ ბუნებრივი რესურსებით, რომელიც მალაიზიას მოეპოვებოდა, ძირითადად, უცხოელი ბიზნესმენები და უცხოური კომპანიები ხეირობდნენ, რომელთაც ადგილობრივი რესურსები და მისგან ნაწარმოები პროდუქტი ექსპორტზე გაჰქონდათ. 1969 წლისათვის მალაიზიიდან ექსპორტიორი ფირმების მხოლოდ 1,5% შეადგენდა ადგილობრივ კომპანიებს, დანარჩენი უცხოურები იყვნენ.
60-იანი წლებიდან ქვეყნის ხელიუფლებამ აქცენტი ადგილობრივი წარმოებისა და ადგილობრივი კომპანიების განვითარებაზე გააკეთა. შესაბამისი პირობების შექმნით გლობალური კომპანიებისათვის მალაიზია მიმზიდველი გახდა. მართალია, ამ ქვეყანაში მუშახელი მეზობელ აზიურ ქვეყნებთან შედარებით იაფი იყო, მაგრამ ისინი კვალიფიციით ბევრად ჩამოუვარდებოდნენ იმავე სამხრეთ კორეის, სინგაპურის და ჰონკონგის მოსახლეობას. მიუხედავად ამისა, ისეთმა კომპანიებმა, როგორებიცაა Siemens, Hitachi, HewlettPackard, Palo Alto Networks წარმოებები აქ გადმოიტანეს და უფრო მეტიც, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრებიც კი გახსნეს ქვეყანაში. სწორედ ეს გახდა მალაიზიური სასწაულის წინაპირობა. ქვეყანაში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა და წარმოების პროცესში აქტიური გამოყენება წარმატების საწინდრად იქცა. მალაიზიის მთავრობამ დიდი სუბსიდიები განახორციელა განათლების სფეროშიც, რეფორმამ ქვეყანას ბევრი მაღალკვალიფიციური კადრი მოუტანა, განსაკუთ-რებით კი ინოვაციური ეკონომიკის დარგებში.
მალაიზიას “ველოსიპედის გამოგონება” არ დაუწყია და სხვა აზიური ქვეყნების მაგალითს მიბაძა. მისმა მთავრობამ არა მხოლოდ მაგალითი აიღო სხვა აზიური ქვეყნებისგან, არამედ მათთან მჭიდრო თანამშრომლობით და განვითარებული აზიური ქვეყნების ფინანსური რესურსების გამოყენებით ცდილობდა ეკონომიკის განვითარებას. როგორც თავის დროზე სამხრეთ კორეამ, მალაიზიის მთავრობამაც წაახალისა ბიზნესმენები იმისათვის, რომ აეღოთ სესხები იაპონური ბაკებისაგან და იმავე იაპონიაში ეყიდათ საჭირო ტექნიკური და სხვა სახის მასალები, რომლითაც შემდეგ მეტალურგიულ, ცემენტის, ქიმიურ და სხვა სახის ქარხნებს აშენებდნენ მალაიზიაში.
მალაიზია მალე გადაიქცა “ქვეყანა-ქარხნად”, რომელსაც შემოქონდა ნედლეული სხვა ქვეყნებიდან და შემდეგ ეწეოდა მზა პროდუქტის ექსპორტს. ქვეყანაში დაიწყო ინოვაციური ტქნოლოგიების, საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ავტომობილების და სახვადასხვა სახის ქიმიური საშუალებების წარმოება. თუმცა ის მსოფლიოს წამყვან ექსპორტიორად მიკროჩიპებისა და ნახევარგამტარების წარმოებამ აქცია. მალაიზიაში შეიქმნა სპეციალური თავისუფალი ზონა, პენანგის სახელწოდებით, ელექტრომწა-რმოებელი კომპანიებისათვის. იმისათვის, რომ მოეზიდა ინვესტორები და კვალიფიციური კადრები ამ სფეროში, მთავრობამ ზონაში მნიშვნელოვანი შეღავათები დააწესა. გადასახადებისაგან 5-წლიანი გათავისუფლება ეხებოდა იმ კომპანიებს, რომლებიც ქვეყანაში ჩადებდნენ არანაკლებ 1.8 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას ან დაასაქმებდნენ არანაკლებ 500 ადამიანს. ამჯერად პენანგის რეგიონი ქვეყნის მშპ-ის 10%-ს შეადგენს, მიუხედავად იმისა, რომ აქ ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 5% ცხოვრობს.
წარმოების სფეროში მალაიზიამ სასწაული უკვე მოახდინა. ახლა მის ხელისუფლებას ახალი მიზანი აქვს – 2020 წლისათვის ქვეყანა უნდა გახდეს ერთ-ერთი ლიდერი მომსახურების ექსპორტის სფეროშიც. მაგრამ ამ მიზნის მიღწევა ძალიან გაუჭირდება, რადგან კონკურენცია ინვესტორების “ხელში ჩასაგდებად” დღეს ძალიან მძაფრია. ელექტრონიკას აწარმოებენ ტაილანდში, ტანსაცმელს ვიეტნამში, კომპიუტერულ პროგრამებს ინდოეთში, მაღალი ტექნოლოგიების წარმოებაში ლიდერობენ სამხრეთ კორეა და სინგაპური. შედეგად, თუ 1980 წლისათვის მალაიზიის მშპ-ს 40%-ს უცხოური ინვესტიციები წარმოადგენდა, 2011 წლისათვის ეს რიცხვი 21%-მდე შემცირდა. მიუხედავად ამისა, მალაიზიის მთავრობა უკან დახევას არ აპირებს, ქვეყნის ხელისუფლების პოლიტიკის მთავარი ვექტორი ბოლო 50-60 წლის მანძილზე ინოვაციებისათვის ფეხის აწყობა და ხშირად ერთი ნაბიჯით წინ გასწრებაც იყო.
ინოვაციური ბიზნესის განვითარების ტენდენციები საქართველოში
ექსპერტთა შეფასებით, ინოვაციური საქმიანობის განვითარება საქართველოში გართულებულია ადექვატური საკანონმდებლო ბაზის, შეღავათიანი დაბეგვრის, მცირე და საშუალო ბიზნესისათვის იაფი კრედიტების მიუწვდომლობის გამო. ძალზე რთულია კრედიტების მოზიდვა მცირე თანხებით, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ ინვესტორებს უფრო მეტად აინტერესებთ ძვირადღირებული და ხანგრძლივვადიანი პროექტები. საქართველოს სტატისკის დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, 2011 წლის მესამე კვარტლისთვის ყველაზე დიდი ინვესტიციები განხორციელდა ენერგეტიკაში, დაახლოებით 266 მილიონი აშშ დოლარის მოცულობით. მას მოსდევს საფინანსო სექტორი 49 მილიონით, შემდეგ უძრავი ქონება (21 მილიონი) და ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (16 მილიონი).
მაგალითისათვის, 16 თებერვალს თბილისში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის ეკო-ნომიკის მინისტრების შეხვედრა გაიმართა. თურქეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციათა შემადგენლობაში ამ ქვეყნების ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, ეკონომიკისა და მრეწველობის სხვადასხვა სფეროდან. კერძოდ, დელეგაციაში შემავალი ბიზნესმენები წარმოადგენდნენ კომპანიებს სოფლის მეურნეობის, სამშენებლო, მსუბუქი მრეწველობის და საფინანსო სექტორებიდან. ისევე როგორც სხვა ბიზნესფორმუმების დროს, ინოვაციური დარგების საკითხი ამ შემთხვევაშიც არ იყო აქტუალური.
ნათელია, რომ სტაბილური ეკონომიკის მქონე განვითარებული ქვეყნებისაგან განსხვავებით, იმავე აზიურ ქვეყნებთან შედარებით საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური და სამეწარმეო რესურსები მოკრძალებულია. აღნიშნულ პირობებში, ცოდნაზე დაფუძნებული (ინოვაციური) ეკონომიკის ფორმი-რება, ისევ არსებული და უახლესი ეკონომიკური ცოდნის მოშველიებითაა შესაძლებელი. იგულისხმება ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებთან მჭიდრო კოოპერაცია და ამ საფუძველზე ქვეყანაში მოწინავე ტექნოლოგიების იმპორტზე ორიენტირებული განვითარება. ამ საქმეში ქართველებს ველოსიპედის გამოგონება ნამდვილად არ გვჭირდება. ამგვარი საერთაშორისო პრაქტიკა, გლობალიზაციის განვითარების უმთავრესი მახასიათებელია.
ინოვაციური პროექტების სტიმულირების მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ვენჩურული ფინანსირების ინსტიტუტი, თუ განვითარებული ქვეყნების უმეტესობაში ვენჩურული კაპიტალის დაახლოებით 50%-ს გააჩნია ეროვნული წარმომავლობა, საქართველოს “ვენჩურულ ინდუსტრიაში” ეროვნული კაპიტალი უბრალოდ არ არის.
ამასთანავე, სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო ქართული ინოვაციური კომპანიების მიერ განხორციელებული დაფინანსების მთავარ წყაროს წარმოადგენს დასავლეთის კვლევითი პროექტები. მაგრამ ექსპერტთა შეფასებით, ასეთი ხერხით შემუშავებული ტექნოლოგიების დანერგვა ჩვენს ქვეყანაში არასწორია, ვინაიდან მათზე ყველა უფლება გააჩნია მის შემკვეთს. შეიძლება ითქვას, რომ ძირითად მიზეზს, რომლის გამოც სახელმწიფო დღემდე არ იყენებს მსოფლიოში ზოგადად მიღებულ სქემას ინტელექტუალური საკუთრების ფლობისა და მართვის შესახებ, წარმოადგენს “ნასესხები” დასავლური ტექნოლოგიების მნიშვნელოვანი რაოდენობა, რომელიც გამოიყენება საქართველოს ეკონომიკაში.
როგორ შეიძლება უახლოეს მომავალში ამ მდგომარეობის შეცვლა? ინოვაციური ინფრასტრუქტურის დანერგვა-გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეა ტექნოპარკი, რომელიც მოიცავს განათლების, მეცნიერების, წარმოების, ბიზნესისა და სახელმწიფოს ინტეგრაციას, რომელსაც, როგორც წესი, თან ახლავს გადასახადებისა და დაბეგვრის შეღავათიანი სისტემა. ტექნოპარკები სულ უფრო და უფრო პოპულარი ხდება მსოფლიოს ყვლა კუთხეში. მათი შექმნით დაინტერესებულნი არიან არა მხოლოდ კერძო საწარმოები ან სასწავლებლები, არამედ, მთავრობებიც, ვინაიდან ტექნოლოგიური პარკი ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობას და სუსტი რეგიონების განვითარებას. ტექნოპარკის ძირითად მიზანს შეძლება წარმოადგენდეს გამომგონებლებისა და მკვლევარების ჯგუფებს შორის ან ტექნოლოგიური პროდუქციის სხვადასხვა მწარმოებლებს შორის კომუნიკაციიის დამყარების ხელის შეწყობა.
სამეცნიერო ტექნოლოგიური პარკები, წარმოადგენს თავისუფალი ეკონომიკური ზონის ისეთ ნაირსახეობას, რომელიც პირდაპირ არის ორიენტირებული ახალი ტექნოლოგიების მოზიდვასა და მეცნიერებატევადი წარმოების განვითარებაზე. ამჟამად საქართველოში არც ერთი ტექნოპარკი არ ფუნქციონირებს. თუმცა ბოლო პერიოდში, როგორც სამთავრობო, ისე სამეცნიერო წრეებში მიდის მსჯელობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე ტექნოპარკების შექმნაზე.
გლობალიზაცია ხელს უწყობს საქონლის ერთიანი საერთო მსოფლიო ბაზრის ფორმირებას, ამიტომ 21-ე საუკუნეში გეოპოლიტიკურ კონკურენციაში ნებისმიერი ქვეყნის მდგომარეობას განსაზღვრავს განვითარების დონე და ერის ჯანმრთელობა, ინფორმაციული გარემოს და უახლესი ტექნოლოგიური წყობის, საკვანძო ტექნოლოგიური სისტემები, ასევე სამეურნეო მექანიზმის უნარი მოახდინოს მაღალი ინოვაციური აქტივობის გენერირება. უნდა აღინიშნოს, რომ ინოვაციური პროცესები, როგორც წა-რმატების აუცილებელი პირობა, ითვალისწინებს მეწარმეობის ტექნოლოგიისა და ფინანსების ურთიერთკავშირს. მით უმეტეს, რომ, ისეთ პატარა ქვეყანას, როგორიც საქართველოა, ექსპერტთა შეფასებით, განვითარების სხვა პერსპექტივა, გარდა ინოვაციური ეკონომიკის ფორმირებისა, არც აქვს.