მსოფლიო მედიაკომპანიები ფინანსურ ზარალს განიცდიან

მოამზადა მარი წიკლაურმა

მსოფლიოს უმსხვილესი მედიაკომპანიები სერიოზული ფინანსური პრობლემების წინ აღმოჩნდნენ. მოვლენების ასეთი არასახარბიელო განვითარება მსოფლიო ეკონომიკური კონიუქტურის გაგრილებით აიხსნება, რამაც ფირმების სარეკლამო ხარჯების შემცირება გამოიწვია და შესაბამისად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების შემოსავლების შემცირებაც. აღსანიშნავია, რომ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფებიან არა მარტო ცალკეული კომპანიები, არამედ მთლიანად დარგები, რომელთა კეთილდღეობა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, რეკლამიდან შემოსულ შემოსავლებზეა დამოკიდებული.

სერიოზული ფინანსური პრობლემების წინ აღმოჩნდებიან მედიაკომპანიები, რომლებიც ერაყში მუშაობენ, ვინაიდან ინფორმაცია საბრძოლო მოქმედებების ადგილებიდან მათ ძალიან ძვირი უჯდებათ, რაც რეკლამის შემოსავლების ვარდნის გათვალისწინებით, კიდევ უფრო ართულებს ამ კომპანიების მდგომარეობას. მსოფლიო მასობრივი ინფორმაციის საშუალებები უკვე გაცდნენ საკუთარი ბიუჯეტების ფარგლებს. გარდა ამისა ანალიტიკოსები მედიაკომპანიების აქციების ვარდნასაც წინასწარმეტყველებენ.

სამხედრო მოქმედებების გაშუქებამ, შესაძლებელია, კიდევ უფრო გააუარესოს მედიაკომპანიების ბიუჯეტების მდგომარეობა, რომელიც რეკლამის ბაზრიც დაცემის გამო ისედაც, არც თუ ისე სახარბიელოა. მას-მედიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მაყურებელს დაწვრილებითი ინფორმაციის გაგება სურს ერაყიდან, მათი განცხადებით, აუდიტორიას ომის შესახებ ისეთივე საფუძვლიანი ინფორმაციის მიიღება სურს, როგორიც მას 11 სექტემბრის ტრაგედიის შესახებ ჰქონდა, მაგრამ ასეთი ინფორმაციის მოპოვება ხომ გაცილებით უფრო დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

თანაც, ერთი მხრივ, მკითხველთა და მაყურებელთა მოლოდინი ჟურნალისტების დიდი ჯგუფების ფორმირებას მოითხოვს, რომლებიც საომარ მოქმედებებს გააშუქებენ. მეორე მხრივ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ფინანსურ პრობლემებს განიცდიან და ცდილობენ ხარჯები შეამცირონ.

ყველაზე მეტ ფულს საინფორმაციო ტელეარხები ხარჯავენ, რომლებიც წელს ყველაზე მატად დაზარალდნენ რეკლამის შემოსავლების შემცირების გამო, ახლა კი, იძულებულნი არიან თავისი თანამშრომლები ერაყში გააგზავნონ, რაც საკმაოდ ძვირადღირებული და შრომატევადი ღონისძიებაა. მსხვილი საინფორმაციო ტელეკომპანიების მფლობელები უკვე აცხადებენ იმის შესახებ, რომ მათმა ხარჯებმა ბიუჯეტით გათვალისწინებულ თანხებს გადააჭაარბა. მათი თქმით, მომავალში ამ კომპანიების შემოსავლები, შესაძლებელია, კიდევ უფრო შემცირდეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროგნოზები კომპანიების აქციების ფასებზე ჯერჯერობით არ აისახება, არსებობს მოსაზრებები, რომ მომავალში მედიაკორპორაციების აქციების ფასი მაინც დაეცემა.

სამაუწყებლო კომპანიებთან ერთად ბეჭდვითი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიც ზარალდებიან. პირველ რიგში გაუთვალისწინებელ ხარჯებს ეროვნული გაზეთები აწყდებიან, რომელთა წლიური ბიუჯეტი, როგორც წესი რვარიცხვიანი ციფრებით გამოიხატება. დამატებითი ხარჯების ზრდა, სავარაუდოდ, 15-20 %-ის ფარგლებშია მოსალოდნელი. მსხვილი გაზეთები და ჟურნალები ცდილობენ ახალი ამბების ამსახველი პუბლიკაციები შეამცირონ, ამავე ხერხს მიმართავენ ელექტრონული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიც. უცხოური მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მფლობელები თავს იკავებენ პროგნოზებისაგან იმასთან დაკავშირებით, თუ კიდევ როდემდე მოუწევთ ძვირადღირებული სიუჟეტების შექმნაში ბიუჟეტით გაუთვალისწინებელი თანხების ჩადება, ვინაიდან ჯერჯერობით, არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება ომი.

წინა კვირას, მსოფლიოში საგანმანათლებლო ლიტერატურის უმსხვილესმა გამომცემელმა, კორპორაცია Pearson-მა განაცხადა 2002 წელს მისი მოგების 36 %-ით გაზრდის შესახებ, რამაც 630 მლნ ამერიკული დოლარი შადგინა. ამასთანავე, რეკლამიდან მიღებული შემოსავლების ვარდნის გამო, კომპანიის ფლაგმანი გაზეთი ისევე, როგორც ბეჭდვითი მედიის სხვა წარმომადგენლები, ზარალს განიცდის: გასულ წელს გაზეთის შემოსავლები 23 %-ით დაეცა.The Financial Times-ის შემოსავლების ვარდნა ჯერ კიდევ 2001 წელს დაიწყო, მაშინ მან 20 % შეადგინა. 2002 წლის მეორე ნახევარში The Financial Times-ის ზარალმა 3,2 მლნ ამერიკული დოლარიდან უკვე 4, 8 მლნ დოლარი შეადგინა, რომ არაფერი ვთქვათ საარენდო ოპერაციებთან დაკავშირებულ დანაკარგებზე (დაახლოებით 4,5 მლნ ამერიკული დოლარი). თუმცა Pearson-ის აღმასრულებელი დირექტორი, მარჯორი სარდინო ირწმუნება, რომ კომპანია მომავალშიც აპირებს განაგრძოს The Financial Times-ში ფულის ჩადება, მიუხედავად იმისა, რომ გაზეთის წილი Pეარსონ-ის საერთო შემოსავლების დაახლოებით 5%-ს შეადგენს. მიმდინარე წელს იგეგმება თჰე Fინანციალ თიმეს-ის ახალი აზიური ვერსიის ჩაშვება, გაზეთის ჩინურენოვანი ინტერნეტ-საიტის მხარდაჭერასთან ერთად. აშშ-ში გაზეთის ახალი დამატების გამოცემა იგეგმება, რომელიც შაბათობით გამოვა სახელწოდებით: The Financial Times Weekend Magazine. იგი შეცვლის 2002 წელს დახურულ ჟურნალს – The Business.

ამრიგად, დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო მედიაკომპანიები სერიოზული ფინანსური პრობლემების წინაშე რეკლამიდან მიღებული შემოსავლების შემცირებით და საომარი მოქმედებების მიმდინარეობის შესახებ ძვირადღირებული ინფორმაციის მოპოვების აუცილებლობით გამოწვეული გაუთვალისწინებელი ხარჯების გაზრდის გამო აღმოჩდნენ. იმის თქმა, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს კრიზისი, ჯერჯერობით საკმაოდ ძნელია, ვინაიდან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, იგი ბევრადაა დამოკიდებული ერაყში მიმდინარე მოვლენების განვითარებაზე.