არსებული დილემიდან გამოსავალი დასავლეთისათვის ნაკლები ენერგიის მოხმარება და ენერგოუსაფრთხოების მიღწევაა!!!

მაკა ღანიაშვილი

ეკოლოგიურ უსაფრთხოებასთან ერთად, ალტერნატიული ენერგოწყაროებისა და ენერგიის ნაკლებდანახარჯიანი პროექტების ძიებამ დღეს გეოპოლიტიკური უსაფრთხოების მნიშვნელობაც შეიძინა.

რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დასავლეთისათვის განსაკუთრებით აქტუალური გახდა ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხი. რუსეთის იმპერიულმა ზრახვებმა და მისწრაფებებმა ენერგეტიკული დომინანტის პოზიციის დასაკავებლად, რაც აგვისტოს მოვლენების შემდეგ უფრო თვალშისაცემი გახდა, ევროპა აიძულა ალტერნატიულ ენერგოწყაროებზე ეფიქრა. პრობლემას ართულებს ელექტროენერგიის მოხმარების გაზრდილი მაჩვენებელი და შესაბამისად ენერგოდეფიციტის ზრდა ევროპაში. მიმდინარე წლის 13 დეკემბერს გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომელზე დაყრდნობითაც ევროკავშირმა საკუთარი ენერგეტიკული უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს. ახალი პროექტის განხორციელების შემთხვევაში ევროკავშირს საშუალება მიეცემა რუსეთის გვერდის ავლით ყაზახეთისა და თურქმენეთის გაზი ევროპაში გაიტანოს. ეს გეგმა ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცების პროგრამის ფარგლებში უნდა განხორციელდეს, რომლის მიზანიც რუსულ გაზზე ევროკავშირის ქვეყნების დამოკიდებულების შემცირებაა. ევროკავშირის ახალი პროექტი მილსადენების ქსელს მოიცავს, რომელიც ევროპის გარშემო არსებული ყველა ქსელის გაერთიანებას გულისხმობს. მათ შორისაა ჯერ მხოლოდ იდეის დონეზე არსებული “ნაბუქოს” პროექტი. გარდა ამისა, ევროკავშირმა უკვე მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც ეკოლოგიური უსაფრთხოებიდან გამომდინარე, 2020 წლისათვის გაზის გამოყენება ევროკავშირის ქვეყნებში 20%-ით უნდა შემცირდეს. იქნებ ეს არის გამოსავალი ევროპისათვის და მათ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულების ნაცვლად, რაც თანამედროვე მდგომარეობით რუსეთზე დამოკიდებულებასაც ნიშნავს, მისი მოხმარების შემცირებასა და ენერგიის ალატერნატიულ წყაროებზე უნდა იფიქრონ?
იმავე პრობლემის წინაშეა ამერიკის შეერთებული შტატებიც. ეს თემა რომ იქაც აქტუალურია, მოწმობს თუნდაც ნოემბერში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები. როგორც ექსპერტები მიიჩნევენ, ეს არჩევნების შემდეგ ჩატარებულმა სოციოლოგიურმა გამოკითხვებმაც აჩვენა, აშშ-ს ახალმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კონკურეტს თავისი ეკონომიკური პროგრამით აჯობა. აშშ-ს ახალი პრეზიდენტის ეკონომიკური პროგრამის ერთ-ერთი მთავარი საკითხი უცხოურ ნავთობზე აშშ-ს დამოკიდებულების შემცირებაა, რომელიც ამ ქვეყნის ეკონომიკას დამატებით პრობლემებს უქმნის. ობამა აცხადებს, რომ უარს არ იტყვის ბირთვული საწვავის გამოყენებაზე და ამასთან დიდ იმედებს ამყარებს ალტერნატიულ ენერგეტიკულ წყაროებზეც.
მაინც რას ნიშნავს ალტერნატიული ენერგეტიკული წყაროები და როგორ შეიძლება დასავლეთისათვის ის დილემიდან გამოსვლის ერთ-ერთი გზა გახდეს? ვიცით, რომ ენერგიის მიღების ორი წყარო არსებობს – არაგანახლებადი (ქვანახშირი, ნავთობი, ბუნებრივი აირი და ატომური ენერგია) და განახლებადი (მზის, ქარის, წყლის, გეოთერმული და მცენარეული) ენერგოწყაროები. დღეს მსოფლიოში მთავარი დავის საგანი სწორედ არაგანახლებადი ენერგორესურსებია, ამიტომ ენიჭება დიდი მნიშვნელობა ამოწურვადი ენერგიის დაზოგვასა და მისი ალტერნატივის – განახლებადი ენერგიის სულ უფრო ფართოდ გამოყენებას. ჯერ კიდევ 2006 წელს მსოფლიოში დახარჯული ენერგიის 18% განახლებადი ენერგოწყაროებიდან მიიღებოდა. განვითარებული ქვეყნების მთავრობებისა და ექსპერტების ყურადღება ამ ციფრის კიდევ უფრო გაზრდისაკენაა მიმართული. ევროკავშირის ლიდერებმა 2007 წლის მარტში მოაწერეს ხელი შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც 2020 წლისათვის ევროკავშირში გამოყენებული ენერგიის 20%-ს განახლებადი ენერგორესურსები უნდა შეადგენდეს.
განვითარებულ ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის არსებობს ზოგადი შეთანხმება, რომ ყველა ქვეყანისათვის აუცილებელია ენერგეტიკული მარაგის არსებობა, რომელიც უნდა იყოს გრძელვადიანი, უზრუნველყოფილი, ხელმისაწვდომი და გარემოსთვის უსაფრთხო. ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა დიდი რვიანის ქვეყნებმა ჯერ კიდევ 2006 წელს დაიწყეს. ამისათვის ისინი თანამშრომლობენ ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოთან (INTERNATIONAL ENERGY AGENCY-IEA), რომელიც შეიქმნა OCED-ის (the Organisation for Economic Co-operation and Development) ფარგლებში 1974 წელს და დამოუკიდებელი ორგანოა. მისი მთავარი მიზანია საერთაშორისო ენერგეტიკულ სფეროსთან დაკავშირებული სხვადასხვა პროექტების და რეკომენდაციების შემუშავება-განხორციელება. ევროკავშირი-IEA-ს თანამშრომლობის ფარგლებში 2006 წლიდან ეწყობა სამიტები. IEA შეიმუშავებს რეკომენდაციებს ენერგოუსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც, შეთანხმების პირობებიდან გამომდინარე, აუცილებელია დიდი რვიანის ქვეყნებისათვის შესასრულებლად. რეკომენდაციები მოიცავს 7 ძირითად სფეროს, რომელთა სრულად განხორციელების შემთხვევაში მიიღწევა ენერგოუსაფრთხოების მიზნები, რაც როგორც ერთხელ უკვე აღვნიშნეთ, არა მარტო ეკოლოგიური, არამედ უკვე გეოპოლიტიკური მნიშვნელობის საკითხია. IEA-ის მუშაობის სფეროებია:
1. ზოგადი რეკომენდაციები და კვლევები, რომელსაც IEA შეიმუშავებს G8-იანის ქვეყნებისათვის ინვესტიციების სფეროში, ნაციონალური ენერგოუსაფრთხოების პროგრამირებაში. ასევე ატარებს იმის მონიტორინგს, თუ როგორ ხორციელდება ამა თუ იმ ქყეყანაში ენერგოუსაფრთხოების პროგრამების დანერგვა და IEA-ის რეკომენდაციების განხორციელება;
2. ქვეყნების უმრავლესობაში შენობა-ნაგებობებში მოხმარებული ენერგიის 40% იხარჯება. ამიტომ ამ მიმართულებით განსაკუთრებულ მუშაობას ეწევიან, რათა შენობებში შემცირდეს ენერგიის მოხმარება. არსებობს რეკომენდაციები სპეციალური სამშენებლო კანონმდებლობის მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც შენობების ისეთი წესით აგებას და იმ მოწყობილობებით აღჭურვას ითვალისწინებს, რომელიც ნაკლებ ენერგიას მოიხმარს;
3. IEA-ს რეკომენდაციები კიდევ ერთ სფეროს მოიცავს – ეს არის ნაკლებ დანახარჯიანი ელექტრომოწყობილობებისა და ხელსაწყოების წარმოება;
4. იგივე ითქმის ენერგოეფექტური გასანათებელი მოწყობილობების დანერგვასთან დაკავშირებითაც;
5. მსოფლიო ნავთობის 60% ტრანპორტზე იხარჯება. ამიტომ ეს კიდევ ერთი მთავარი მიმართულებაა, რომელზეცIEA და დიდი რვიანის ქვეყნები ერთობლივი ძალებით მუშაობენ, უფრო მეტი ენერგიის დაზოგვის მიზნით;
6. როცა საქმე ენერგიის ეფექტურ გამოყენებას ეხება, რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლით წარმოების სფეროს, ამიტომ მეწარმეებისა და საწარმოებისათვის არსებობს ცალკე რეკომენდაციები;
7. და ბოლოს, უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა ამოწურვადი ენერგიის ალტერნატიული, განახლებადი ენერგიის წარმოების ხელშეწყობა და განვითარება.
მექანიზმის გამართული მუშაობისათვის ეწყობა ყოველწლიური შეხვედრები, სადაც დიდი რვიანის ქვეყნების ლიდერები IEA-სთან ერთად განიხილავენ უკვე მიღწეულ პროგრესს და შეიმუშავებენ მომავალი ერთი წლისათვის განსახორციელებელ რეკომენდაციებსა და გეგმებს. დიდი რვიანისა და IEA-ს თანამშრომლობის შედეგი უკვე პირველსავე წელს იყო თვალშისაცემი. თუ 2005 წლისათვის ევროპის მასშტაბით ამ სფეროში ჩადებული იყო 80 მილიონი დოლარის ინვესტიცია, 2006 წლისათვის ეს მაჩვენებელი 100 მილიონამდე გაიზარდა და არა მარტო ევროპაში, განახლებადი ენერგიის გამოყენება სულ უფრო იზრდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ევროპასა და აშშ-ში ფართოდ გამოიყენება ქარისაგან მიღებული ენერგია, მზის ენერგოსადგურები არსებობს აშშ-სა და ესპანეთში, რაც შეეხება გეოთერმულ ენერგიას – ის ყველაზე დიდი რაოდენობით კალიფორნიაში იწარმოება, ბრაზილიას მსოფლიოში განახლებადი ენერგორესურსების მიღების ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროგრამა აქვს, ძირითადად ეთანოლის მიღების ხარჯზე, რომელიც ქვეყნაში ტრანსპორტზე დახარჯული საწვავის 18%-ს შეადგენს. ეთანოლის საწვავი გამოიყენება აშშ-იც.
გარდა ამისა, ფართო მოხმარება აქვს ისეთ მარტივ მოწყობილობებს, რომლებიც განახლებად ენერგიას მზისგან მიიღებს, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნების პერიფერიებსა და სოფლებში, სადაც ელექტროენერგიისა და სხვა ენერგო პროდუქტების დიდი დეფიციტია. მაგალითად, კენიაში ყოველწლიურად 30000 ისეთი მოწყობილობა იყიდება, რომელიც ენერგიას მზისაგან, სახლის პირობებში გამოიმუშავებს.
როგორც ვხედავთ, მთელი სისტემა არსებობს, რომელიც მიმართულია ნაკლები ენერგიის გამოყენების, ჟანგბადის დაზოგვისა და ენერგიის ალტერნატიული წყაროების ძიებისაკენ.

რა კეთდება საქართველოში?
ამ მიმართულებით რა კეთდება საქართველოში? როგორ შეიძლება ქართულმა კომპანიებმა გაზარდონ ეფექტურობა და სახლებში გაიუმჯობესონ კომფორტი ენერგომატარებლებზე ფასების მუდმივი ცვალებადობის პირობებში?
კვლევები გვიჩვენებს, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ნაწილი, რომელსაც საქართველო მოიხმარს ენერგიის სახით სამჯერ აღემატება ევროპის საშუალო ქვეყნის იმავე მაჩვენებელს. გარდა ამისა, ენერგორესურსებზე ფასების ზრდა უშუალო ზემოქმედებას ახდენს ქართული ბიზნესის საწარმოო ხარჯებზე და არახელსაყრელ პირობებში აყენებს მათ კონკურენტულ გლობალურ ეკონომიკაში. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ქვეყანაში ენერგოეფექტურობის და განახლებადი ენერგიის პროექტების დაფინანსების მიზნით, დაიწყო ენერგოეფექტურობის პროგრამის განხორციელება.
EBRD-ის მიერ საქართველოში ენერგოეფექტურობის მხარდაჭერის მიზნით გამოიყო 35 მილიონი აშშ დოლარის საკრედიტო ხაზი კერძო სექტორის იმ კომპანიებისათვის, რომლებიც მზად არიან ჩადონ ინვესტიციები ენერგოეფექტურობის ან განახლებადი ენერგიის პროექტებში. ორი ქართული ბანკი – “თიბისი” და “ქართუ” უკვე მონაწილეობენ პროგრამაში და გასცემენ სესხებს ენერგოეფექტურობაში ინვესტიციების ჩასადებად. ახალი წლიდან მოსალოდნელია 2 ახალი ქართული ბანკის ჩართვაც პროექტში. საკრედიტო ხაზი გამოყოფილია საშუალო სესხების გასაცემად (2.500.000), რათა გაუმჯობესდეს ბიზნესის და შინამეურნეობების ენერგოეფექტურობა, ან გაიზარდოს განახლებადი ენერგიის გამოყენება.
პროექტის მუშაობის სქემა მარტივია – საკრედიტო ხაზის ფარგლებში ადგილობრივი ბანკები იღებენ სესხს EBRD-დან, რათა შემდგომ თავიანთ კლიენტებზე გაასესხონ. კლიენტი წარუდგენს ბანკს პროექტს, რომელიც წყვიტავს მისი კრედიტუნარიანობის საკითხს. ჯამში უკვე გაცემულია 3.5 მლნ. აშშ დოლარის ოთხი (ზაჰესი, ჩხორჰესი, კინკიშაჰესი, სულორჰესი) სხვადასხვა ჰესის რეაბილიტაციაზე; განხორციელების სტადიაშია კიდევ ოთხი პროექტი.
გარდა საკრედიტო სისტემისა, EBRD-ის პროგრამა უზრუნველყოფს ტექნიკურ დახმარებას. უკვე ჩამოყალიბდა საქართველოს ენერგო ეფექტურობის პროგრამა (GEEP) ქართული ბანკებისა და დაინტერესებული კომპანიებისათვის ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად. იმისათვის, რომ პოტენციურმა ბენეფიციარებმა და ადგილობრივმა ბანკებმა რაც შეიძლება მომგებიანი საინვესტიციო პროექტები შეიმუშაონ, GEEP-ი წარმოადგენს კონსულტანტების გუნდს, რომელიც ეხმარება ბანკებს პროექტების შეფასებაში.

რატომ არის მნიშვნელოვანი ენერგოეფექტურობის მიღწევა?
ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ნებისმიერი საწარმოსათვის, განსაკუთრებით ენერგოინტენსიური მრეწველობის სექტორებისათვის (კვების და ქიმიური მრეწველობა, მინის, თიხისა და ქაღალდის წარმოება, რკინა-ფოლადის, ცემენტის, ხის დამუშავება) ენერგოეფექტურობის პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის ნიშნავს:
ენერგიის მოხმარების შემცირებას ნაწარმის, წარმოების ან ხარისხის შემცირების გარეშე;
მისი საშუალებით შესაძლებელია გაუმჯობესდეს წარმოება, ნაწარმი და ხარისხი;
ნაკლები ენერგიის გამოყენება გულისხმობს ნაკლებ იმპორტს, ნაკლები იმპორტი კი ნაკლები რისკი და თანხებია;
ნაკლები მყარი საწვავის გამოყენება ნიშნავს CO2 -ის ნაკლებ გამოყოფას;
მეტი განახლებადი ენერგია ნიშნავს ნაკლებ მყარ საწვავს;
საქართველოს შეუძლია უფრო მეტი ფულის მიღება ენერგიის უფრო ეფექტურად გამოყენებისა და განახლებადი ენერგიების საშუალებით.
აღსანიშნავია, რომ ქართული საწარმოები და სხვადასხვა სახის ორგანიზაციები ნაკლებად იცნობენ და იყენებენ ენერგოეფექტურობის პროგრამას. ამის მიზეზი კი შეიძლება ბევრი რამ იყოს, მაგალითად ის, რომ დღეს საქართველოში არ მოიპოვება ვრცელი ინფორმაცია ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებით ქართულ ენაზე; არ ხდება სათანადო მოწყობილობების იმპორტი; ფირმებმა არ იციან რა და რატომ სჭირდებათ, ისინი ცდილობენ თანხის დაზოგვას უფრო იაფიანი ტექნიკის შესაძენად, რომელიც გაცილებით მეტ ენერგიას ხარჯავს ენერგოეფექტურ დანადგარებთან შედარებით და ბოლოს შეიძლება ითქვას, რომ ქართულ საწარმოებში არ ესმით სესხის მუშაობის პრინციპი.
სწორედ ამისთვის არსებობს საქართველოს ენერგოეფექტურობის პროგრამა (GEEP), რომლის კონსულტანტებიც ეხმარებიან საწარმოებს ენერგოდანაზოგების დაანგარიშებაში; აწვდიან ბანკს ინფორმაციას კლიენტის მიერ სესხის დაბრუნებადობის საკითხზე, ხოლო კლიენტებს აძლევენ რეკომენდაციებს ენერგიის დაზოგვის მნიშვნელობასთან და მისი მიღწევის გზებთან დაკავშირებით.
ენერგოეფექტურობა დაეხმარება კომპანიებს გამოყენებული ენერგიის დანახარჯებისა და წარმოების ხარჯების შემცირებაში; ელექტროენერგიის მზარდი ფასების და ენერგიის უკმარისობის დაძლევაში; წარმოებისა და პროდუქტების ხარისხის გაუმჯობესებაში; კანონმდებლობასთან და საქმიანობის ISO 14001 საერთაშორისო სერთიფიკაციის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ნაწარმის ევროპულ ბაზარზე მოხვედრისათვის; გარემოსადცვითი ღონისძიებების გაუმჯობესებასა და სათბურის გაზის გამოყოფის შემცირებაში.
EBRD-ის პროექტის გარდა არსებობს კიდევ ერთი პროგრამა, რომელიც მიმართულია საქართველოში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისაკენ. ეს არის USAID-ის პროექტი (5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების), რომლის ფარგლებშიც ამერიკელმა და ქართველმა ექსპერტებმა უკვე დაიწყეს საქართველოს ენერგოსისტემის კვლევა. პირველ ეტაპზე მათ კონსულტაციები გამართეს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, რომელთათვისაც უკვე გამოიყო 1 მილიონი დოლარი და ისინი შეიმუშავებენ რეკომენდაციებს საქართველოს ენერგოსისტემის განვითარებასთან დაკავშირებით. პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია 75 სპეციალისტის გაგზავნა აშშ-ში კვალიფიკაციის ასამაღლებლად.
არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მთავრობებთან ერთად განახლებადი ენერგიით დაინტერესდნენ კომერციული ორგანიზაციებიც. ამ სფეროში უკვე დებენ ინვესტიციებს ისეთი დიდი კომპანიები, როგორიცაა Royal Dutch Shell, General Electric, Sharp და BP. “ბრითიშ პეტროლიუმი (BP)” “ენერგოეფექტურობის ცენტრ საქართველოსა” და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) ერთად საქართველოშიც ახორციელებს პროექტს – “ენერგეტიკული განათლების პროგრამა საქართველოს თემებისათვის – ენერგოავტობუსი”. პროექტის ძირითადი მიზანია ენერგიის ალტერნატიული წყაროების, ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიების და ენერგიის ეფექტური მოხმარების პოპულარიზაცია. ამ მიზნით ენერგოავტობუსი, რომელიც ახლა მზადების პროცესშია, ეწვევა საქართველოს ყველა რაიონის მაქსიმალურად ბევრ დასახლებულ პუნქტს, რომლის დროსაც ექსპერტები ჩაატარებენ საინფორმაციო სემინარებს, მოსახლეობას გააცნობენ ენერგოდამზოგავ ტექნოლოგიებს და გაუწევენ კონსულტაციას დაინტერესებულ პირებს.
“ენერგოუსაფრთხოება და კლიმატური ცვლილებები – ორი ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომლის წინაშეც ჩვენ ახლა ვდგავართ – ვკითხულობთ იმავე “ბრითიშ პეტროლიუმის” ოფიციალურ საიტზე – ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამ საკითხებზე მიდის გამუდმებული დისკუსიები. მაგრამ ახლა რეალური ქმედებების დრო დადგა!” მსოფლიო რომ მართლაც რეალურ ქმედებებზე გადადის, მოწმობს თუნდაც იმ პროგრამათა მცირე ჩამონათვალი, მათ შორის ისეთების, რომლებიც საქართველოში ხორციელდება, რომელთა შესახებაც ზემოთ გვქონდა საუბარი.