დიმიტრი ქუმსიშვილმა თურქეთის მსუბუქი მრეწველობის სექტორის წარმომადგენლებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი გააცნო

თურქეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, 24 თებერვალს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მსუბუქი მრეწველობის 12 უმსხვილესი თურქული კომპანიის ხელმძღვანელებთან მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების კოლეგია (DEIK) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. მას ასევე დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, სამინისტროს ინდუსტრიული განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელი ნუგზარ კაჩუხაშვილი, სს „საპარტნიორო ფონდი”-ს აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე და თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი კოპლატაძე.

შეხვედრა გახსნა თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების კოლეგიის (DEIK) თურქეთ-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ იანგინმა. „საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის განვითარება თურქეთის ხელისუფლების პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენ, თურქი ბიზნესმენები აღნიშნულ პოლიტიკას მხარს ვუჭერთ. პირადად მე, საქართველოში ბიზნესს ვეწეოდი და ამას მომავალშიც ვაპირებ. თურქი ბიზნესმენებისთვის საქართველოში უსაფრთხო გარემოა შექმნილი და არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ორმხრივი ბიზნესი მესამე ქვეყნებშიც განვავითაროთ“, – განაცხადა ჯემალ იანგინმა. მან საქართველოს ვიცე-პრემიერის შეხვედრა თურქ ბიზნესმენებთან წარმატებით შეაფასა და დასძინა, რომ მსგავსი შინაარსიანი შეხვედრები ხშირად უნდა იმართებოდეს.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები და ის რეფორმები, რომელიც ხორციელდება საქართველოში ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით. მან ვრცლად ისაუბრა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების სარგებელზე, აგრეთვე წარმატებული მოლაპარაკებების პროცესზე ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასა (EFTA) და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოში არსებული ბიზნეს-გარემო მიმზიდველია თურქული კომპანიებისთვის, რომლებიც მსუბუქი მრეწველობის პროდუქციას აწარმოებენ. მისი განცხადებით, თურქ ინვესტორთა ნაწილი ამ მიმართულებით საქართველოში წარმატებით მუშაობს. „ვფიქრობთ, რომ მსგავსი კომპანიების ინტერესი საქართველოს მიმართ გაიზრდება. აღნიშნული სექტორი ბევრ ადამიანს ასაქმებს. გარდა ამისა, მას აქვს უდიდესი საექსპორტო პოტენციალი. ბოლო მონაცემებით, საქართველოდან 100 მილიონ დოლარზე მეტი მსუბუქი მრეწველობის პროდუქცია გავიდა,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
25 თებერვალს საქართველოს ვიცე-პრემიერი სასტუმროების ინდუსტრიაში მოქმედ 10-ამდე მსხვილ კომპანიასთან გამართავს ორმხრივ შეხვედრას.
ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან დაგეგმილი შეხვედრების მიზანია თურქული კომპანიებისათვის საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და კონკრეტული საინვესტიციო პროექტების წარდგენა.