უკვდავი ცისფერები

საფიკო სიჭინავა

საოცარია, რომ ჯინსი სრულყოფილებისკენ სვლაში არ იღლება, იგი ახალ-ახალ ფასონს ირგებს. იგონებენ დენიმის (ჯინსის ქსოვილი) შეღებვის ნოვატორულ საშუალებებს. 2001 წლიდან ფირმა Lee, სერია Aqua-ს ჯინსებს კერავს. ასეთი ჯინსის პლიუსი ის გახლავთ, რომ არ სველდება. ბევრი ფირმა ნელ-ნელა, მაგრამ მაინც ითვისებს ისეთი ჯინსების წარმოებას, რომელსაც სპილენძის გვირისტი აქვს. ბევრ სხვა თვისებასთან ერთად, ასეთ შარვალს სამკურნალო თვისებებიც ჰქონია.

ყველა თანამედროვე ადამიანის გარდერობში ჯინსის ქსოვილისგან დამზადებული ერთი ნივთი მაინც მოიძებნება: ხელჩანთა, ფეხსაცმელი, აქსესუარი. დიზაინერებმა ყველაფერში გამოიყენეს ეს ქსოვილი, თქვენ წარმოიდგინეთ, მაგიდის გადასაფარებელსა თუ ქვედა საცვლების შექმნაშიც. მოდის ისტორიკოსებმა თხელი, ნაზი დენიმის ნაჭრის საქორწილო კაბაც კი დააფიქსირეს. ბევრი სავაჭრო ნიშანი (მათ შორის “7 ჯეანს”) და მოდელიორი ფეხმძიმე ქალებისთვის განკუთვნილი სპეციალურ ჯინსს ქმნის, რომელიც შეიძლება ღირდეს, როგორც 10 დოლარი, ისე 46 ათასი იგივე ფულადი ერთეული – ასეა შეფასებული ცოტა ხნის წინ რომელიღაც მშენებლის მიერ ამოთხრილი მსოფლიოში ყველაზე ძველი, ფირმა “Levis”-ის ჯინსი.

ბევრი მოდელიორი და დიზაინერთა სახლი, რომლებსაც არ აქვთ თავიანთი ჯინსის ხაზი წარმოებაში, თითზე ჩამოსათვლელია. თითქმის ყველამ თავიდანვე იზრუნა ამ საკითხზე – Versace Jeans Couture, Poul Smith Jeans, D&G და ბევრი სხვა. მოდელების სახლში ჯინსების განყოფილება ძალიან მომგებიანი გამოდგა. ეს ნივთები გაცილებით იაფი ღირს, ვიდრე ძირითადი კოლექცია, თანაც ასეთი საქონლის ხარისხზე დაფიქრებაც არ ღირს და მას ყველა სიამოვნებით ყიდულობს. როგორც ამბობენ, ყველა მოდელების სახლის მოგებაში ლომის წილი სწორედ ჯინსის ხაზს შეაქვს და არა პოდიუმიდან ექსკლუზიურ მოდელებს. ცნობილია სხვა ისტორიებიც: ზოგიერთი სავაჭრო ნიშანი, რომელთაც მოღვაწეობა მხოლოდ ჯინსის წარმოებით დაიწყეს, ახლა ტანსაცმლის და აქსესუარების სრულყოფილი კოლექცია აქვთ. ასეთია ვთქვათ, Montana, ან ახალგაზრდული GAP და Guess. ჯინსების ასეთი მძაფრი, პერმანენტული პოპულარობის ახსნა, მხოლოდ მისი პრაქტიკულობით, შეუძლებელია. ამ შემთხვევაში ყველაფერი ძალიან უბრალო და უინტერესო იქნებოდა. ველვეტი, ან რომელიმე ახალმოდური სინთეტიკა კარგი ქსოვილია, მაგრამ არც ერთი მათგანი არ არის ისეთი ხანგრძლივი ისტორიის მქონე და საერთო სახალხო სიყვარულით და მით უფრო, ასეთი ლეგენდარულობით ვერ დაიკვეხნის.

იგი ყოველ სეზონზე მოდაშია. ადამიანი ყოველთვის ფიქრობს, რომ იგი დიზაინერების ახალი აღმოჩენაა და უფრო მოსახერხებელი თანამედროვე ჩასაცმელის მოგონება, ვიდრე ჯინსია, შეუძლებელია. 2003 წლის მაისში, ჯინსს 150 წელი შეუსრულდა. დღეს საკმაოდ რთულია ისეთი ადამიანის წარმოდგენა, რომელსაც იგი ცხოვრებაში არ ჩაუცვამს. სხვათა შორის, ისეთი საზოგადოებრივი ადგილები, სადაც არ შეგიშვებენ მარტო იმიტომ, რომ ჯინსი გაცვიათ, თითქმის აღარ არის. იყო დრო, როცა ოფისებში ჯინსის ტარება აკრძალული იყო, მაგრამ ეს “უკანასკნელი ბასტიონი” რევოლუციონერმა ენდი უორხოლმა “აიღო” და დღეს, ოფისებში ჯინსი ისეთივე უნიფორმაა, როგორც ფორთოხლისფერი კომბინიზონი საგზაო მუშებისთვის. თუკი როკ-ვარსკვლავები, კონომსახიობები, მოდელები ჯინსს რეკლამას არ უკეთებენ, ესე იგი, მას საკუთარი საფირმო ნიშნით უშვებენ. იგივე შეიძლება ითქვას სპორტული არენის ვარსკვლავებზეც. მაგალითისთვის, დევიდ ბეკჰემი უშვებს ჯინსს – DB 07.

არსებობს მოსაზრება, რომ კაცობრიობა ჯინსს განიხილავს, როგორც უნივერსალურ ტანსაცმელს – ჩასაცმელი-ეტალონი. ევოლუცია ადამიანს უნებლიედ უბიძგებს უნიფიცირებისკენ. გაიხსენეთ ფანტასტიკური ჟანრის წიგნები თუ ფილმები: მომავლის და სხვა, უფრო სრულყოფილი ცივილიზაციიდან მოსული ადამიანები ყოველთვის რაღაც, ერთმანეთის მსგავს ტანსაცმელში არიან გამოწყობილნი. იქნებ, ქვეცნობიერად ჯინსი მომავლის ტანსაცმელად აღვიქვით? ჯინსების პოპულარობის მორიგი ეტაპი მაიკლ ჯექსონის პოპულარობის პიკს დაემთხვა. ძნელი სათქმელია, წინასწარ იყო განსაზღვრული ეს თუ არა, მაგრამ პოპ-მუსიკის მეფე ილტვოდა იმისკენ, რომ გამხდარიყო ადამიანი მომავლიდან: მას არ ჰქონდა მკვეთრად გამოხატული გენდერული ნიშან-თვისებები, არც რასობრივი, იგი არ ჰგავს არც ქალს, არც მამაკაცს, არც მუქკანიანია და არც თეთრკანიანი. ადამიანები ცხოვრების გაიოლებისკენ მიილტვიან – ერთი აბი – შემწვარი ქათმის ნაცვლად, შარვალი – ცხოვრების ნებისმიერი სიტუაციისთვის და არა ტუალეტი მთელი შემადგენლობით და მით უფრო, არავითარი კაბა კოქტეილისთვის. თუმცა, ჯერჯერობით, მართალია, მთლად ასე არ გამოდის…

ჯინსის ისტორიის ორი მესამედი – Levi?s-ის ისტორიაა. იმ ისტორიის მოყოლას, თუ ბავარიელმა ემიგრანტმა, ლევი სტრაუსმა (სამშობლოში მას შტრაუსს უწოდებდნენ) როგორ მოიფიქრა მყარი ჯვალოსაგან შარვლის შეკერვა, ვფიქრობთ, აზრი არ აქვს. ეს ამბავი თითქმის ყველამ იცის. იგი, ალბათ, სახელგანთქმული ამერიკული ოცნების ხორცშესხმის ყველაზე თვალნათელი მაგალითია.

სამწუხაროა მხოლოდ ის, რომ ლევი სტრაუსის ფიგურამ იაკობ დევისის ფიგურა დაჩრდილა. სწორედ ეს უკანასკნელი გახლდათ მოდასა და ბიზნესში ნამდვილი რევოლუციონერი, რადგან დენიმი და შარვალი სტრაუსამდე არსებობდა, ხოლო მოდური მეტალის სამაგრები იაკობმა მოიგონა. სხვათა შორის, მაშინ თავისი გამოგონების დასაპატენტებლად მას 70 დოლარი არ აღმოაჩნდა. კიდევ კარგი, ეს თანხა დევის აღმოაჩნდა და ასე, 150 წლის წინ, მაისში მათ ფირმა Original Rivited Levi’s Jeans დაარეგისტრირეს. მას შემდეგ მათი საქმე სულ აღმა მიდიოდა. კაცობრიობა არასოდეს გამომშვიდობებია ჯინსს. თუ ფალსიფიკაციას არ ჩავთვლით, მსოფლიოში ამ ფირმის 3,5 მილიარდი შარვალია უკვე გაყიდული.

20-იან წლებში ლევისის ჯინსი საუკეთესო სამუშაო ტანსაცმელი გახლდათ. მაშინ მისი მთავარი ღირსება საიმედოობა და მედეგობა იყო. იმ პერიოდის სარეკლამო პლაკატებზე გამოსახული იყო ადამიანი, რომელიც ღობეზე ხტება, ხოლო შარვლის ტოტზე კბილებით ძაღლია ჩაფრენილი. დღემდე Levi’s-ის სავაჭრო ნიშანზე გამოსახულია ორი ცხენი, რომლებიც ერთმანეთზე ჯინსის შარვლით არიან გადაბმულნი, ცხენები გარბიან, ჯინსი კი, ვითომც აქ არაფერიო, თავისთვის არის.

მუშები ჯინსში არა მარტო გამძლეობას აფასებდნენ, არამედ მოხერხებულობასაც – მას უამრავი ჯიბე ჰქონდა, სადაც სამუშაო იარაღებს ინახავდნენ.

30-იან წლებში ყოველივე ეს ცოტათი შეიცვალა. მუშებს არ შეუწყვეტიათ ჯინსის ტარება, უბრალოდ, ეს ჩასაცმელი კოვბოებმაც მოირგეს ცნობილ ვესტერნებში და მაშინ ახალგაზრდებს ისევე სწყურდათ მიებაძათ გარი კუპერისთვის და ჩაეცვათ ჯინსი, როგორც ახლა კიანუ რივზის გამო Nokia-ს ფირმის მობილური ტელეფონის ტარება სურთ.

40-იან წლებში Levi’s-ს პირველი კონკურენტები გამოუჩნდნენ. სერიოზული ბრუნვა ჰქონდა ჯერ კიდევ, 1908 წელს შექმნილ ფირმას Lee Cooper. აქამდე ეს ფირმა სამხედროებისთვის სამუშაო ფორმებს კერავდა. 40-იან წლებში, როგორც შემდეგ გაირკვა, მან სწორი არჩევანი გააკეთა და ჯინსის გამოშვება დაიწყო.

ყველაზე თვალსაჩინო აღმოჩენა ჯინსის ბიზნესში 50-იან წლებში ქალებისთვის შეკერილი ჯინსის შარვალი გახდა. ყველაზე თამამი ქალებისთვის კი, შარვალი ელვა შესაკრავით გამოვიდა. იმ პერიოდისთვის ეს ძალზე თამამ ნაბიჯად ითვლებოდა.

60-იან წლებში ფერადი ტელევიზორების ეპოქის დასაწყისისთანავე გამოვიდა ფერადი ჯინსიც. 70-იანი წლები უკვე ტრაპეციად აჭრილმა ჯინსის შარვალმა დაიპყრო, ე.წ. კლოში, რომელიც პლატფორმიან ფეხსაცმელზე ეცვათ.

ათწლეულის დასასრულს, მოვიდა ცნობილი ტექნოლოგიის სტონეწასჰედ-ის დრო. ამ ტექნოლოგიის ავტორობა ისევ საიდუმლოდ რჩება, მას მიაწერენ როგორც Levi’s-ს, ისე Gap-ს. იმ პერიოდისთვის ჯინსს მართლაც წვრილ ქვებთან ერთად რეცხდნენ და ბრძოლა საუკეთესო შედეგისთვის მიდიოდა. ფირმები ექსპერიმენტებს არა მარტო ქვის ზომით, არამედ მისი წარმოშობის მიხედვითაც ატარებდნენ. ამჟამად, რასაკვირველია, ეს ეფექტი სხვა ტექნოლოგიებით მიიღწევა. ახლა სარეცხ მანქანაში ქვებს აღარავინ ალაგებს, მაგრამ თვითონ დასახელება – გახეხილი ჯინსი, დღემდე ცოცხალია.

სინამდვილეში ჯინსი ორჯერ დაიბადა: ერთხელ, 150 წლის წინ, მეორედ დაბადება კი, 80-იანი წლებს შეიძლება მივაკუთვნოთ. სწორედ ამ დროს მოხდა ჯინსის ბიზნესში იდეოლოგიური გადატრიალება. ეს, იმიტომ, რომ გამოჩნდა დიზაინერული ჯინსი. ახლა ვერავის გააკვირვებ იმით, რომ Armani-ს ჯინსის შარვალი იმდენი ღირს, რამდენიც Levi?s-ის ორი ან სამი ერთად, მაგრამ 80-იან წლებში ამას მიჩვევა სჭირდებოდა. დიზაინერული ჯინსის გამოჩენას კელვინ კლაინს მიაწერენ. ამბობენ, რომ ჯინსის ბიზნესისთვის მან იმდენივე გააკეთა, რაც ჰენრი ფორდმა ავტომშენებლობისთვის, მაგრამ თუ ბოლომდე გულახდილები ვიქნებით, კელვინ კლაინი პირველი და უკანასკნელი არ იყო ვინც დიზაინერული ჯინსის გამოშვება დაიწყო. ეს იდეა ერთდროულად Jordash-ის მარკის დიზაინერებსაც მოუვიდათ და მოდელიორ გლორია ვანდერბილტსაც, მაგრამ კელვინ კლაინს თავში აზრად სხვა რამაც მოუვიდა – სარეკლამო კამპანია ბრუკ შილდსთან ერთად. “გინდა იცოდე რა არის ჩემსა და ჩემს ჯინს შორის? – არაფერი” – იტყობინებოდა სარეკლამო პლაკატი. აქედან გახდა კელვინ კლაინი სკანდალურად ცნობილი. ერთ-ერთი მისი სარეკლამო კომპანია აკრძალეს კიდეც საბავშვო პორნოგრაფიის ბრალდებით, მიუხედავად ამისა მისმა შარვლებმა პოპულარობა მოიპოვა.

80-იან წლებში ასევე შეიქმნა ჯინსი-სტრეიჯი და ძალიან ვიწრო ჯინსი, ჯიბეების გარეშე. თეძოების არეში განლაგებული დიდჯიბეებიანი შარვალიც – “მილიტარი” ამ ეპოქის შვილია. 80-იანი წლების პირმშოა 20 წლის ასაკს გადაცილებული საზოგადოებისათვის ძნელად შესაგუებელი დახეული ჯინსი: მადონა, ბონ ჯოვი, სიდ ვიშეზი ასეთ ჯინსს ძალიან მოდურად მიიჩნევდნენ და ასევე ფიქრობდა ახალგაზრდობის უდიდესი ნაწილი.

ყოველივე ამის შემდეგ ჯინსის მოდაში ახალი და რევოლუციური არაფერი მოგონილა. ყველა მიმართულება და ტენდენცია უკვე არსებული იდეის ექსპლოატაციაა.

საქართველოში ჯინსის ბუმი არასოდეს განელებულა. იყო დრო, როდესაც სოციალისტური სამშობლოს შვილებს წარმოუდგენელად ეჩვენებოდათ მაღაზიაში შესვლა და ჯინსის ყიდვა. ეს საქონელი მხოლოდ გადამყიდველებთან იშოვებოდა, მაგრამ მაინც ყველა ახერხებდა ფულის მოგროვებას და სანუკვარი, მოდური ჩასაცმელის ყიდვას. დღეს საქართველოში სახელგანთქმულ ფირმებს ოფიციალური დისტრიბიუტორები ჰყავთ. Lევი?ს-ი აქ 1994 წლიდან მუშაობს. იგი გახლავთ ჯინსის ერთადერთი მწარმოებელი, რომელსაც მსოფლიო ბაზარი ყველაზე მასშტაბურად აქვს ათვსებული, ხოლო მისი სავაჭრო ნიშანი 160-მდე ქვეყანაშია რეგისტრირებული. Levi‘s-ის წარმოამდგენლის განცხადებით, მათ ევროპის სათაო ოფისის (რომელიც ბელგიაში მდებარეობს) რეკომენდაციები მნიშვნელოვნად ეხმარება. მასვე ექვემდებარება სტამბოლისა და ბუდაპეშტის ოფისები. სტამბოლის ოფისის ფუნქციებში შედის შუა აზიის, ამიერკავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მომარაგება, სადაც თავმოყრილია სხვადასხვა ქვეყანაში დამზადებული საქონელი და დისტრიბიუტორებზე ნაწილდება. მარტო ევროპაში დაახლოებით 16-მდე ქარხანაა, რომლებიც სხვადასხვა მოდელებზე არიან ორიენტირებულნი. ქართულ დისტრიბიუტორებთან ხშირად ჩამოდიანLevi’s-ის წარმომადგენლები, იღებენ რეკომენდაციებს, ისინი ინტერესდებიან საქართველოში ფირმის მუშაობით, ასევე მაღაზიების დიზაინით, რომლებიც მათი წარმოდგენილი პროექტების მიხედვით არის გაკეთებული.

Levi’s-ს თავისი მომხმარებელი და კლიენტურა ჰყავს და იგი პირველია მსოფლიოში, როგორც ჯინსის მწარმოებელი ფირმა. Levi?s-ში მიაჩნიათ, რომ კონკურენტი არ ჰყავთ. მსოფლიოში ჯინსი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ საქართველოში Levi’s-ის მაღაზიებში პროდუქცია იაფად – 78 ლარიდან, 178 ლარამდე შეგიძლიათ შეიძინოთ. Levi’s-ის წარმომადგენლის განცხადებით, ეს იმით არ არის გამოწვეული, რომ Levi’s-ის ჯინსი, რომელიც საქართველოში იყიდება, ხარისხით ნაკლებია. ჯინსის მწარმოებელი ქარხანა, რომელსაც ნაყიდი აქვს პროდუქციის გამოშვების უფლება, ხელშეკრულების მიხედვით, პროდუქციის გაფუჭება ეკრძალება, და აქედან გამომდინარე, სწორედ ისეთი ჯინსი, რომელიც საქართველოში იყიდება, მსოფლიოს 160 ქვეყანაში გადის. იმის გამო, რომ საქართველოში ჯინსი მნიშვნელოვნად იაფია, უცხოელებიც მას ჩვენთან ყიდულობენ. საქართველოში მსყიდველუნარიაობის დაბალი დონის გამო, ფასების შეთანხმება სათაო ოფისთან ხდება. დაბალი ფასების შენარჩუნებას ხელს უწყობს ისიც, რომ საქონელს უმეტეს შემთხვევაში, ფასდაკლების დროს ყიდულობენ.

ჩვენთან ნებისმიერ სავაჭრო ფირმას მუშაობაში ყბადაღებული ბაზრობების თემა უშლის ხელს. ზემოთ აღნიშნული მიზეზის გამო მომხმარებელს ყოველთვის ურჩევნია იაფად იყიდოს ესა თუ ის პროდუქცია. Levi’s-თან მიმართებაში ეს პრობლემა შემდეგნაირად დგას – ბაზრობაზე შესაძლებელია იგივე საქონლის ყიდვა, რაც Levis-ის მაღაზიებშია, მაგრამ თითქმის იგივე ფასად. ხშირ შემთხვევაში, პროდუქცია უფრო მეტი ღირს, რადგან კერძო პირს საქონლის შემოტანა შედარებით ძვირი უჯდება. თუმცა, საქონლის ყიდვას ისიც ფასდაკლებისას ცდილობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ჯინსის შეძენა უცხოეთში მაღაზიაში მოუწევს, რაც საბოლოო ჯამში, იმას ნიშნავს, რომ ქართულ ბაზარზე ეს პროდუქცია ძვირი იქნება.

ჩვენც გვქონია შემთხვევა, როცა ბაზრობაზე Levi’s-ის საფირმო ნიშნის ორიგინალი საქონელი შეგვხვედრია, მაგრამ გაცილებით ძვირად, ვიდრე Levi’s-ში. თანაც, არა ყველა ზომა, დაინტერესების შემთხვევაში, ბაზრობაზე გამყიდველი შეკვეთის გაკეთებას გვთავაზობდა. ამ მხრივაც, ბაზრობა Levi’s-ს კონკურენციას ძნელად გაუწევს. თუკი მაღაზიას მხოლოდ ორი სერია რჩება, ის უკვე შეკვეთას აკეთებს. ამიტომ, ტანსაცმლის ბიზნესისთვის დამღუპველი ბაზრობა Levi’s-ისთვის კონკურენტს არ წარმოადგენს. იმისთვის, რომ მომხმარებელს გაუქრეს საფირმო მაღაზიის შიში, რომ იქ ყველაფერი ძალიან ძვირია, მათი საქმის კურსში ჩაყენებაა საჭირო, რადგან საქართველოში არ ცხოვრობენ ისეთი მდიდარი ადამიანები, რომ ჯინსი სეზონზე რამდენჯერმე შეიძინონ, არადა, იაფი საქონლის შეძენისას ამის აუცილებლობა უდავოდ არის. Levi’s-ის მოდელები იცვლება, მაგრამ სერია 501 მუდმივად რჩება და მას ყოველთვის ეყოლება თაყვანისმცემელი და მომხმარებელი.

რაც შეეხება Lee-სა და WRANGLER-ის პროდუქციას, საქართველოს ბაზარზე ისიც 8 წელია, რაც ოფიციალურად შემოდის. მათი წარმომადგენელი Levi’s-ის უპირატესობას აღიარებს და აცხადებს, რომ ამ უკანასკნელს თავისი განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. Lee-სა და WRANGLER-ის მაღაზიაში ჯინსი შეგიძლიათ 80-150 ლარის ფარგლებში შეიძინოთ, ასევე ამავე სავაჭრო ნიშნის სხვადასხვა საქონელი, როგორიცაა: ქამარი, პერანგი, ქურთუკი, მაისური, კეპი, ბენდენა და ა.შ.

ჩვენი ჟურნალის მხატვარ-დიზაინერი, სოფიკო ლიჩელი მკითხველს ჯინსის ახალ მოდელებს სთავაზობს, სადაც ეს ქსოვილი ახლებურად არის დანახული:

ჯინსის ქსოვილი კიდევ ბევრ საუკუნეს მოერგება. ის ჩვენში შემოვიდა, როგორც თინეიჯერების სამოსი, მაგარმ მის უპირატესობას უფრო კარგად წარმოგვიდგენენ ჯინსის განუყრელი მეგობრები: ინგლისელი ჰიპები. მათმა სტილმა ელვის სისწრაფით მიიზიდა მთელი მსოფლიო. ჯინსი თავისუფალი, მოხერხებული ჩასაცმელია და ასევე თავისუფლებასთან ასოცირდება. მისგან დამზადებული ტანსაცმელი პრაქტიკულია, ჭუჭყის ამტანი, გამძლე და კომფორტული. ვფიქრობ, ქსოვილი ერთ დროს (თუ უკვე არა) კლასიკური გახდება. ჩემს მიერ შექმნილ მოდელებში ნათლად არის ნაჩვენები, თუ როგორ შეერწყა ლურჯი ფერი კლასიკურ ფერებს: წითელს, შავს და თეთრს. ამის საშუალებით სურათმა გადმოგვცა სრული ჰარმონია. ჩემს მოდელებში გასაფორმებლად გამოყენებული მაქვს მაქმანები, კანტები, აქსესუარად შეგვიძლია გამოვიყენოთ თხელი ლითონისგან დამზადებული დეტალები. მოგეხსენებათ, მაქმანი კლასიკურ სტილს ახასიათებს. სპორტული ჯინსი კლასიკურ მაქმანებს შევუთავსე და ვფიქრობ, ისინი ძალიან ლამაზად შეერწყნენ ერთმანეთს. რაც შეეხება ტანსაცმლის სილუეტს, იგი მრავალფეროვანია, სხვადასხვა ფორმებისგან შედგება, მაგრამ თვითონ ქსოვილი განსაკუთრებით სპორტულ ფორმას იხდენს – ესე იგი, სწორს ან ტრაპეციას. მოდელები იყოფა ორ ნაწილად: რომანტიული და ყოველდღიურ-პრაქტიკული. მათ ამთლიანებს: ქუდები, კეპები, შლიაპები და ბენდენები. რაც შეეხება ფეხსაცმელს, ისიც მრავალფეროვანია: როგორც სპორტული სტილის (წვეტიანი) დაბალ ძირზე შეკერილი, აგრეთვე უწვეტო კეტი.

ასე რომ, შეიძინეთ ჯინსი და იგრძენით თავი კომფორტულად!

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial