თბილისში OECD-ის მაღალი დონის ღონისძიება გაიმართება

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის ყოველწლიური პლენარული სესია თბილისში 2016 წლის 1-3 ნოემბერს გაიმართება.

შეხვედრის მაღალ დონეზე ჩატარების მიზნით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, შექმნილია სამთავრობო კომისია, რომელსაც საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ხელმძღვანელობს, საორგანიზაციო საკითხებზე პასუხისმგებელი უწყება კი, ფინანსთა სამინისტროა. აღნიშნული სამთავრობო კომისიის პირველი სხდომა, დღეს, 11 აგვისტოს ფინანსთა სამინისტროში გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ კომისიის წევრი სახელმწიფო უწყებების, აგრეთვე ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები. შეხვედრაზე ფორუმის მოსამზადებელ საორგანიზაციო საკითხებზე დეტალურად იმსჯელეს და უწყებებმა, კომპეტენციებიდან გამომდინარე, შესაბამისი დავალებები მიიღეს.

ფორუმის ორგანიზების საკითხებში აქტიურად არის ჩართული გლობალური ფორუმის სამდივნოც, რომლის ხელმძღვანელიც, მოსამზადებელი სამუშაოების ადგილზე გაცნობის მიზნით, თბილისს 2016 წლის აგვისტოს ბოლოს ეწვევა.

ნოემბერში, თბილისში, გლობალური ფორუმის პლენარულ სესიაში, რომელიც მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრაა, მონაწილეობას მიიღებს გლობალური ფორუმის წევრი სახელმწიფოს სამასამდე დელეგატი და ათი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის ყოველწლიურ პლენარულ სესიას გასულ წელს ბარბადოსმა უმასპინძლა, სხვადასხვა დროს კი, ფორუმი გაიმართა ისეთ ქალაქებში, როგორებიც არის იოჰანესბურგი, პარიზი, მეხიკო, ბერლინი, ჯაკარტა.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial