“გამარჯვებულებს არ განსჯიან?”

მოამზადა მარი წიკლაურმა

ნახევარი წლის წინ ჯორჯ ბუში ამერიკის კონგრესში გამოვიდა მოხსენებით, რომელშიც მან ერაყში სამხედრო ოპერაციის დაწყების აუცილებლობა დაასაბუთა თითქოსდა სანდო მონაცემებით, რომლებიც სადამ ჰუსეინის მიერ აფრიკაში ურანის შესყიდვის მცდელობებს მოწმობდნენ. ამ ცოტა ხნის წინ თეთრ სახლში იძულებულნი გახდნენ ეღიარებინათ, რომ იმ გამოსვლაში ამერიკის პრეზიდენტი შეთითხნილ საბუთებს ეყრდნობოდა.

მაშინ ამ განცხადებას ვაშინგტონში ნაღმის აფეთქების ეფექტი ჰქონდა, ახლა კი, ამერიკის პრეზიდენტს ბრალს სდებენ იმაში, რომ მან ერი შეცდომაში განზრახ შეიყვანა, რათა ერაყის ომის დაწყება გაემართლებინა. შესაბამისად, ინფორმაცია ერაყის მიერ აფრიკაში ბირთვული იარაღის დასამზადებლად საჭირო ნადლეულის შეძენის მცდელობების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

ხლა ჩვენ უკვე ვიცით, რომ საბუთები ერაყსა და ნიგერიას შორის ამ სფეროში არსებული სავარაუდო კონტაქტების შესახებ შეთითხნილი იყო”, – განაცხადა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრეს-მდივანმა, მაიკლ ანტონმა. ანალოგიური განცხადებებით გამოვიდა თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენელი, არი ფლეიშერიც. მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტის განცხადება ეყრდნობოდა ამერიკული ადმინისტრაციის ხელთ არსებული ერაყის მიერ ურანის შეძენის შესახებ მოხსენებას. “ეს მოხსენება არაზუსტი აღმოჩნდა”, – აღიარა ბატონმა ფლეიშერმა.

მსგავსი გაუგებრობა პრეზიდენტისათვის, რომლის მოქმედებები ერაყის მოსახლეობაში დღითიდღე სულ უფრო მეტ კითხვას იწვევს, ნებისმიერ შემთხვევაში უსიამოვნო რამ არის. მაგრამ ის, თუ რამდენად იმოქმედებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შეცდომა მის პოლიტიკურ ბედზე, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი ინტერპრეტაცია მიეცემა მის ამ განცხადებას ვინაიდან, შეიძლება პრეზიდენტმა იცოდა, რომ საბუთი სადამის მიერ აფრიკაში ურანის ყიდვის შესახებ ყალბი იყო და გამიზნულად იტყუებოდა, ან მას ამის შესახებ მართლაც არასწორი ინფორმაცია ჰქონდა. პირველ შემთხვევაში, იგი შეთითხნილი კომპრომატის დამკვეთად გვევლინება, რომლის დანიშნულება ერის ერაყთან ომისათვის მორალური მომზადება იყო, მეორეში კი, ვიღაცის შეცდომის მსხვერპლად. ასეთ მოქმედებებს კი, ამერიკული პუბლიკა თავის ლიდერებს, როგორც ცნობილია, არ პატიობს.

ჯორჯ ბუშისათვის ყველაზე მისაღები იქნება, რომ ეს საკითხი შემდეგნაირად წარმოჩდეს – რომ წლის დასაწყისში მისი ადმინისტრაცია სრულ ინფორმაციას ჯერ კიდევ არ ფლობდა და ელემენტარულად შეცდა, მაგრამ, მოვლენები ისე ვითარდება, რომ ამის მტკიცება აშშ-ის პრეზიდენტისათვის არც ისე ადვილი იქნება, ვინაიდან აღმოჩნდა ფაქტები, რომლებიც საპირისპიროს მოწმობენ.

ჯერ კიდევ გასული წლის დასაწყისში, აფრიკაში, ცსს-ს საიდუმლო მისიით იმყოფებოდა ამერიკის ყოფილი ელჩი გაბონში, ჯოზეფ უილსონი, რომელმაც ამერიკის სპეცსამსახურებისათვის მოხსენება მოამზადა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ერაყთან ურანის მომპოვებელი აფრიკული ქვეყნების თანამშრომლობაზე საუბრისათვის არანაირი საბაბი არ არსებობს. ჯოზეფ უილსონმა ასეთი თანამშრომლობის ვერანაირი ნიშნები ვერ აღმოაჩინა. ცსს-ს წარმომადგენელმა ბი-ბი-სი-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მოხსენება ყოფილი დიპლომატის მიერ ჩატარებული გამოძიების შესახებ მისმა უწყებამ თეთრ სახლს ჯერ კიდევ 2002 წლის მარტში გადასცა.

პასუხად თეთრის სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ადმინისტრაცია სპეცსამსახურების ასობით მოხსენებას ღებულობს, მაგრამ ამ მოხსენებათა უმეტესი პრეზიდენტამდე არ მიდის. აქედან გამომდინარე, სავსებით შესაძლებელია, რომ მან უილსონის მოხსენების შესახებ არც იცოდა.

დემოკრატები ყველანაირად შეეცდებიან, ჯორჯ ბუშის რეპუტაციის გასაფუჭებლად “აფრიკულ ურანთან” დაკავშირებული ისტორია მაქსიმალურად გამოიყენონ, რათა მისი საკმაოდ მაღალი რეიტინგი რაც შეიძლება დაბლა დაწიონ, რომელმაც სხვათა შორის უკვე დაიწყო ვარდნა (Pew Research Center for the People and Press – ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ბუშის რეიტინგი 74%-დან 60%-მდე დაეცა). გამოკითხვები იმასაც მოწმობს, რომ შემცირდა ამერიკელების რიცხვი, რომლებიც კმაყოფილები არიან იმით, რაც ხდება ერაყში. გარდა ამისა, აშშ-ში იზრდება იმ მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც უკმაყოფილონი არიან ბუშის შიდასახელმწიფოებრივი პოლიტიკით. და მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტობის 9 დემოკრატი კანდიდატისგან ფართო საზოგადოების მხარდაჭერით ჯერჯერობით ვერც ერთი ვერ სარგებლობს, მათ მიაჩნიათ, რომ, იმ პირობებში, როდესაც ამერიკის ეკონომიკა სერიოზული პრობლემების წინაშე დგას, ერაყს კი დღითიდღე ახალი უსიამოვნებები მოაქვს, დრო მათთვის მუშაობს.

თუ ჯორჯ ბუშის რეიტინგი ჯერჯერობით საკმაოდ მაღალი რჩება, მისი უახლოესი მოკავშირე, ბრიტანეთის პრემიერი, ტონი ბლერი გაცილებით უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. დიდ ბრიტანეთში სააგენტო Pოპულუს- ის მიერ გამოქვეყნებული სოციოლოგიური გამოკვლევების შედეგები ბრიტანეთის პრემიერის და ლეიბორისტების მთავრობის პოპულარობის რეკორდულ ვარდნას მოწმობს.

შეგახსენებთ, რომ ბაღდადის აღების შემდეგ, ბლერის პოპულარობა საკმაოდ მაღალი იყო. მაგრამ დღეს, ბრიტანელების განწყობა საპირისპიროდ შეიცვალა. ისინი უკვე ომის, ბატონი ბლერის და მისი პარტიის წინააღმდეგ გამოდიან. ბრიტანელი პრემიერის რეპუტაცია მინისტრთა კაბინეტის და ტელერადიოკომპანია ბი-ბი-სი-ს შორის მიმდინარე ხანგრძლივი კონფლიქტის შემდეგ სერიოზულად შეირყა (ბი-ბი-სი ბრიტანეთის ხელისუფლებას ერაყის ომის გამართლების მიზნით ინფორმაციის განზრახ დამახინჯებაში სდებდა ბრალს და აცხადებდა, რომ მთავრობის პრეს-მდივანმა, ალისტერ კემპბელმა საკუთარი ხელით ჩადო “ერაყის დოსიეში” შეთითხნილი ინფორმაცია). მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ ალისტერი გაამართლა, დეპუტატების ყურადღება იმ ფაქტმა მიიპყრო, რომ ზედმეტად იყო აქცენტირებული ზოგიერთი დაუზუსტებელი ცნობა სადამ ჰუსეინის რეჟიმისაგან მოსალოდნელი საფრთხის და ასევე დოსიეში იმ შეთითხნილი მტკიცების არსებობის შესახებ, რომლისგანაც ბუშს ჰქონდა პრობლემები.

ყველაფერმა ამან ბრიტანელი ამომრჩევლების გულებში მთავრობის აბსოლუტურ პატიოსნებაში ეჭვები დაბადა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ანტიერაყულმა კოალიციამ დასახულ მიზანს მიაღწია და სადამ ჰუსეინის რეჟიმი (უდავოდ ტირანული და დესპოტური) დამხობილია, მთავარი კითხვა – ჰქონდა თუ არა სადამს ბირთვული იარაღი – დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის. აღსანიშნავია, რომ ამ კითხვას მარტო იმ ქვეყნებში არ სვამენ, რომლებიც ამერიკის და მისი მოკავშირეების განცხადებებს – რომ ერაყი აკრძალულ იარაღს ფლობს – თავიდანვე სკეპტიკურად უყურებდნენ. ჯორჯ ბუშისათვის და ტონი ბლერისათვის თვით ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში ამგვარი უხერხული კითხვა ძალიან მწვავედ დგას, რაც ამ ქვეყნების საზოგადოების სპეციფიკაზე მეტყველებს. ის, რომ ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში ეს კითხვები ისმევა ამ ქვეყნებში დემოკრატიული ინსტიტუტების და ზოგადად, დემოკრატიის განვითარების დონეზე მეტყველებს. საზოგადოებას ამ ქვეყნებში ასეთი დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგაც კი, უფლება აქვს თავის ლიდერებს ჰკითხოს: იყო კი ასე აუცილებელი ომი და ნუთუ არ შეიძლებოდა დიქტატორული რეჟიმის დამხობა უხეში ძალის გამოყენების, კოალიციის ქვეყნებსა და მათ ოპონენტებს შორის ურთიერთობებში სერიოზული კრიზისის პროვოცირების გარეშე. ძველი ანდაზა – “გამარჯვებულებს არ განსჯიან” – ამ შემთხვევაში აღარ ამართლებს. უფრო მეტიც, სწორედ იმის გასარკვევად, თუ რამდენად სამართლიან ხერხებს მიმართავდნენ გამარჯვებულები ამ გამარჯვების მოპოსავებლად, ევროპაში შეიქმნა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო. ხელშეკრულებას ამ სასამართლოს შექმნის შესახებ 1998 წელს რომში გამართულ კონფერენციაზე გაეროს 138 ქვეყნის წარმომადგენელმა მოაწერა ხელი. ეს ხელშეკრულება ძალაში გასული წლის ივლისში შევიდა და დღეისათვის 90 ქვეყნის მიერაა რატიფიცირებული. აშშ-მ სსს-ს შექმნის ხელშეკრულებას კლინტონის ადმინისტრაციის დროს მოაწერა ხელი, მაგრამ, ბუშის ადმინისტრაციამ აშშ-ს ხელმოწერა უკან გამოიწვია.

რუსეთი ამ ხელშეკრულების მხარდამჭერთა რიცხვს 2000 წლის 13 სექტემბერს შეუერთდა, მაგრამ მისი რატიფიცირება ჯერ არ მოუხდენია.

სსს-ს მთავარი მიზანი იმაში მდგომარეობდა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოსთვის აგრესიის ფაქტის დადგენაში წამყვანი როლი მიენიჭებინა, რის შემდეგაც პირები, რომლებმაც აგრესია განახორციელეს, მიუხედავად მათი რანგისა, სასამართლოს წინაშე უნდა წარმდგარიყვნენ. ამავე დროს, სსს სახელმწიფოების ეროვნულ კანონმდებლოში ჩარევას არ აპირებდა. გარდა ამისა, თუ უშიშროების საბჭო სსს-ს ამა თუ იმ დანაშაულის გამოძიებას დაავალებდა, ამისათვის იმ ქვეყნის თანხმობა საჭირო აღარ იქნებოდა, რომლის მოქალაქესაც მოცემულ დანაშაულში დაედებოდა ბრალი, მაშინაც კი, როცა ეს სახელმწიფო სსს-ს შექმნის კონვენციას არ მოაწერდა ხელს.

ერთი სიტყვით, სსს-ს შექმნით, ამერიკელი მოქალაქეებისათვის, უპირველეს ყოვლისა, სამხედროებისათვის, განსაკუთრებით კი, მათთვის, ვინც სამშვიდობო ოპერაციებში ღებულობდა მონაწილეობას ერთ მშვენიერ დღეს სასამართლოს წინაშე წარდგენის რისკი საგრძნობლად გაიზარდა. გასათვალისწინებელია ასევე საზღვარგარეთ აშშ-ს მრავალრიცხოვანი სამხედრო ბაზების არსებობა. ძალოვანი კონფლიქტი ადგილობრივ მოსახლეობასთან შესაძლებელია ამერიკელებისათვის ტრიბუნალით დასრულდეს. ამის დაშვება კი, მათ არ შეუძლიათ. ამერიკელებს, რომლებიც ყოველთვის სიამოვნებით განსჯიდნენ სხვებს, არ სიამოვნებთ როდესაც ვიღაც მათ განსჯის. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ დღეს ამერიკელები ყველანაირად ცდილობენ თავისი მოქალაქეები სსს-სგან დაიცვან. ვინაიდან სსს უკვე არსებობს და ამერიკა ამ ფაქტს ვერსად გაექცევა, იგი ცდილობს ცალკეულ ქვეყნებთან მიაღწიოს შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ მათი ამერიკელი მოქალაქეები, რომელსაც ამ ქვეყნების ტერიტორიაზე სისხლის სამართლის დანაშაული აქვთ ჩადენილი, სასამართლოს არ გადასცენ.

ამ ცოტა ხნის წინ ჯორჯ ბუშმა გამოსცა ბრძანება, რომლის საფუძველზე მსოფლიოს 35 ქვეყანა 2004 წლისთვის სამხედრო დახმარების გარეშე დარჩება. ამის მთავარი მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ მათ არ აქვთ ხელშეკრულებები ამერიკის მთავრობასთან ამერიკელი მოქალაქეების სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის არგადაცემის შესახებ. შავ სიაში რამდენიმე ისეთი ქვეყანა შევიდა, რომელიც ნატოში შესვლას ელოდებოდა. ვაშინგტონის განცხადებით, ამ ხელშეკრულების გარეშე მათთვის ნატოს კარები დაკეტილია.

იმ ქვეყნების სიიდან, რომლებიც ამერიკის სანქციების ქვეშ მოექცნენ, აპრიორი გამორიცხულია ნატოს წევრი 18 ქვეყანა (რომლებიც, სხვათა შორის, ამერიკელების დახმარებას დღესაც არ ღებულობენ) და აშშ-ის უახლოესი მოკავშირეები, ესენია: ისრაელი, ეგვიპტე, ავსტრალია, ახალი ზელანდია, სამხრეთ კორეა, იაპონია, იორდანია, არგენტინა, ბაჰრეინი და ტაივანი. სამაგიეროდ, ამერიკის შავ სიაში აღმოჩნდა აშშ-ის ბუნებრივი მოკავშირეების მთელი რიგი, რომლებიც ალიანსში შესვლის პრეტენდენტებად მოისაზრებოდნენ, ესენია: ლატვია, ლიტვა, ესტონეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ბულგარეთი.

მიუხედავად ამისა, ამ სიის გარეთ აღმოჩნდნენ ქვეყნები (მათი შერჩევის პრინციპი ცოტა არ იყოს გაკვირვებას იწვევს), რომლებსაც აშშ-სთან ამერიკელი მოქალაქეების ჰააგის საერთაშორისო სასამართლოსთვის არგადაცემის შესახებ ხელშეკრულებები ასევე არ გააჩნდათ, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია იმისათვის, რომ ისინი “რჩეულთა” შორის აღმოჩნენილიყვნენ. მათ შორისაა: ავღანეთი, ბოლივია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ჰონდურასი, მაკედონია, ნიგერია, პანამა, რუმინეთი, სიერა-ლეონე და ტაჯიკეთი.

რუსეთი ამერიკის შავ სიაში არ მოხვდა, თუმცა არა იმიტომ, რომ ვაშინგტონს მოსკოვთან სამხედრო თანამშრომლობის აქტივიზაციის სურვილი გაუჩნდა, არამედ იმიტომ, რომ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხელშეკრულება სსს-ს შექმნის შესახებ მას დღემდე არა აქვს რატიფიცირებული.

აშშ თავიდანვე გამოდიოდა სსს-ს შექმნის წინააღმდეგ, ვინაიდან მიიჩნევდა, რომ იგი იქმნება მხოლოდ იმისათვის, რომ სასამართლო გადაწყვეტილებები ამერიკელი მოქალაქეების წინააღმდეგ იყოს მიღებული და შესაბამისად, ანტიამერიკული მიმართულება ჰქონდეს. მას შემდეგ, რაც თეთრმა სახლმა ევროპას მსგავსი სასამართლოს შექმნის იდეაზე უარი ვერ ათქმევინა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ის 90 ქვეყანა, რომელმაც მისი შექმნის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, გააფრთხილა იმის შესახებ, რომ ისინი ამერიკული სამხედრო დახმარების გარეშე დარჩებოდნენ, რომლის საერთო თანხა წელიწადში 4 მლრდ-ს შეადგენს.

ამ დახმარების შენარჩუნების წინაპირობად 90-სავე ქვეყანას ამერიკელი მოქალაქეების სსს-ს იურისდიქციიდან ამა წლის 1 ივლისამდე გამოყვანა დაუსახელდა. როგორც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული სიებიდან გახდა ცნობილი, ასეთ ხელშეკრულებებს მხოლოდ 44 ქვეყანამ მოაწერა ხელი. კიდევ 5 თუ 7 ქვეყანა თავის გადაწყვეტილებას საიდუმლოდ ინახავს. სავარაუდოდ, ამ ქვეყნების რიცხვში უნდა შედიოდეს ისრაელი, ეგვიპტე, მონღოლეთი, ბაჰრეინი, იორდანია და ტაივანი.

თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, 35 ქვეყნისთვის სამხედრო დახმარებაზე უარის თქმა სხვა არაფერია, თუ არა “ამერიკული პრიორიტეტების გამჟღავნება”. “თუ ამ ქვეყნებისათვის ამერიკული სამხედრო დახმარების გაწევა ამერიკელი ჯარისკაცების სიცოცხლეს ემუქრება, აშშ-ის ძირითადი პრიორიტეტი მათი ჯანმრთელობის დაცვაა”, – განაცხადა მან.

თავის მხრივ, ევროგაერთიანების “ძველი” წევრები უარს ამბობენ თავის რიგებში “ახალი ევროპის” ქვეყნების მიღებაზე, თუ რომელიმე მათგანმა ამერიკასთან ორმხრივ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

შავ სიაში მოხვედრილი ქვეყნები, თეთრი სახლის ამ გადაწყვეტილებამ ცოტა არ იყოს დააბნია. ოფიციალური და არაოფიციალური პირების მიერ გამოთქმული ყველა მოსაზრება რომ შევაჯამოთ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ნატოში შესვლის კანდიდატი ქვეყნები ორ ცეცხლს შუა აღმოჩნდნენ – ერთი მხრივ, მათი ბუნებრივი სურვილი, გააუმჯობესონ ურთიერთობები აშშ-სთან, მეორე მხრივ კი, – ევროპული ინტეგრაციის ამოცანები, რომლებიც მათ ამ მისწრაფების – აშშ-სთან ორმხრივი ხელშეკრულებების სახით გაფორმების საშუალებას არ აძლევს.

ამ პირობებში იწყება ჩვეულებრივი ვაჭრობა, რომლის დროსაც თითოეული ქვეყანა თავისთვის წყვეტს, უღირს თუ არა ამერიკისთვის მისთვის ასე საჭირო ინდულგენციის გაყიდვა; და, თუ უღირს, რამდენად. მაგალითად, ფილიპინებს ამ საკითხზე დიდხანს არ უფიქრია და სასწრაფოდ დათანხმდა ამერიკელების პირობებზე. ბრაზილია კი, პირიქით, აცხადებს, რომ არაფრის დიდებით ამას არ გააკეთებს. არიან ისეთებიც, მაგალითად, ხორვატია, რომლებიც ცდილობენ “ორივე სკამზე” დარჩნენ. ისინი ამერიკელი მოქალაქეების სსს-ს იურისდიქციიდან გამოყვანის ხელშეკრულებას ხელს არ აწერენ, მაგრამ ამავე დროს, მზად არიან, დადონ სხვა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, სსს-სთვის გადაცემის ნაცვლად, მათ ტერიტორიაზე დაკავებული ამერიკელები უშუალოდ ამერიკაში იქნებიან ექსტრადირებულნი. რა თქმა უნდა, თუ ამერიკა ამისთვის კარგად გადაიხდის და ღირსეულად შეაფასებს ასეთ “მოქნილ და კონსტრუქციულ პოზიციას”. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამ ქვეყანას, როგორც სსს-ს ერთ-ერთ დამაარსებელს, “ორმაგი” კონტრაქტის ხელმოწერა არ შეუძლია.

ამავე დროს კომენტარების საერთო ტონი ისეთია, რომ ვაშინგტონის გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, ამ ქვეყნების აშშ-სთან თანამშრომლობის გრძელვადიან პერსპექტივებზე არ აისახება. ამის შესახებ განაცხადა ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მდივანმა, გადრიუს ჩაკოლისმა, რომელმაც აღნიშნა, რომ აშშ-მ ეს გადაწყვეტილება საერთო ურთიერთობების და ბოლო დროს მასსა და ევროგაერთიანებას შორის გაჩენილი უთანხმოების კონტექსტში მიიღო. ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში კი ნათქვამია, რომ შეზღუდვები, რომლებიც ამერიკის მთავრობას საზღვარგარეთ მყოფი ამერიკელი სამხედროების დასაცავად შექმნილი განკარგულებით შემოაქვს, მხოლოდ იქამდე იქნება ძალაში, სანამ ლატვია და სხვა ქვეყნები, რომლებზეც ეს შეზღუდვები ვრცელდება, ნატოს სრულუფლებიანი წევრები არ გახდებიან (ამისათვის მათ ნატოში შესვლის თაობაზე ხელშეკრულების ალიანსის წევრი 19 ქვენის პარლამენტების მიერ რატიფიცირებაა საჭირო). დაახლოებით იგივე სახის განცხადება გააკეთა ბულგარეთის მთავრობის წარმომადგენელმა, დიმიტრი ცონევმა.

ბულგარეთი, როგორც ჩანს, ვაშინგტონის გადაწყვეტილების გამო შავ სიაში მოხვედრილი ქვეყნებიდან ყველაზე მეტად დაზარალდა. მას ამერიკელებისაგან დაახლოებით 10, 5 მლნ დოლარის დახმარება უნდა მიეღო. შედარებისათვის, კოლუმბია აშშ-ს ამ გადაწყვეტილებით 5 მლნ დოლარს დაკარგავს, მაშინ, როდესაც 95 მლნ დოლარი უკვე მიღებული აქვს. სხვა ქვეყნების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ შეზღუდვები მხოლოდ სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებს შეეხება, ისინი კი, რომლებიც ახლა მოქმედებენ, სრული მოცულობით დაფინანსდება. აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ დიპლომატს მიაჩნია, რომ ჯერჯერობით არაფრის გაკეთება არ არის საჭირო. ნახევარ წელიწადში კი, როდესაც ისინი ნატოს წევრები გახდებიან, სიიდან ავტომატურად იქნებიან ამოღებულნი და ყველაფერი თავისით დალაგდება, მაგრამ, ყველაფერი არც ისე მარტივია, ვინაიდან იმ შემთხვევაში, თუ ისინი აშშ-სთან ორმხრივ ხელშეკრულებას ხელს არ მოაწერენ, მათი ნატოში ყოფნის საკითხი ეჭვქვეშ დადგება: აშშ-ს შეუძლია მათი ამ ალიანსში მიღების შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირება არ მოახდინოს.

ამგვარად, თუ სპარსეთის ყურეში განხორციელებული საომარი მოქმედებების და ბალკანეთის სამშვიდობო ოპერაციების შემდეგ, კიდევ არსებობდა ვინმე, ვისაც მსოფლიოში ამერიკელების ლიდერობაში ეჭვი ეპარებოდა, ერაყის ომმა ეს ეჭვები თითქოსდა საბოლოოდ გააქრო. სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობა, რომელიც გაეროს სანქციის გაცემის გარეშე მოხდა, აშშ-ს ყველა საბაბს აძლევდა გაეროსთან 90-იანი წლების მანძილზე მიმდინარე შეჯიბრში თავი გამარჯვებულად ჩაეთვალა. მას შემდეგ, რაც მოკავშირეებმა ერაყის ოკუპირება მოახდინეს, გაეროს არაფერი დარჩენოდა, გარდა იმისა, რომ ხანმოკლე პაუზა გაეკეთებინა, შემდეგ კი, ისე მოქცეულიყო, თითქოს განსაკუთრებული არც არაფერი მომხდარა და ქვეყნის მშვიდობიანი აღდგენის შესახებ რეზოლუცია მიეღო.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შექმნამ ეს გამარჯვება კიდევ ერთხელ დააყენა ეჭვქვეშ და მსოფლიო კიდევ ერთხელ დარწმუნდა იმაში, რომ შეჯიბრი პირველობისათვის ამერიკასა და ევროპას შორის ჯერ არ დასრულებულა.

ის, თუ ვის მხარეს დაიჭერს საქართველო – ამერიკის თუ ევროპის, მეტწილად თვითონ საქართველოსთვისაა მნიშვნელოვანი, ვინაიდან ამერიკა ჩვენი საუკეთესო მეგობარი და პარტნიორია და ამავე დროს ჩვენ ევროსტრუქტურებში ინტეგრაციისათვისაც ვიღწვით.

ამ ფონზე საინტერესოა ის ფაქტი, რომ ქართველ კოლეგებთან თანამშრომლობით ბოლო დროს, თურმე ერაყელი ბიზნესმენები სერიოზულად დაინტერესდნენ, კერძოდ კი, საუბარია კომპანია “ყაზბეგის” მიერ წარმოებულ ლუდზე, ცივ ჩაიზე და სიგარეტზე. უფრო დაწვრილებით ამ თანამშრომლობის შესახებ პარლამენტარი გოგი თოფაძე გვესაუბრება:

ამ ბოლო ხანებში ძალიან გააქტიურდა თურქეთისა და ერაყის რამდენიმე კომპანია, რომლებმაც სერიოზული შეკვეთები მოგვცეს. ერაყელებთან თურქულ კომპანია “ტეტას” მეშვეობით დავამყარეთ კავშირი. არიან სხვებიც, რომლებსაც მსხვილი კომპანია ესაჭიროებოდათ, რათა მათთვის სხვადასხვა სახის საქონელი მიეწვდინა. მათ სერიოზული ბიზნეს-პარტნიორი აინტერესებთ, რომელიც მათ წინაშე პასუხისმგებელი იქნება.

ექსპორტი რომ მომგებიანია, მოგეხსენებათ, ერაყთან თანამშრომლობა კი იმიტომაც გვაწყობს, რომ ისინი თანხას წინასწარ გვიხდიან. მათ დიდი ბაზარი აქვთ, დაახლოებით 30-მილიონიანი, ამიტომ ჩვენ არ გვინდა მომავლისთვის ურთიერთობა გავიფუჭოთ. ვასრულებთ მათ საკმაოდ მკაცრ მოთხოვნებს შეფუთვასთან, ჰიგიენის დაცვასთან დაკავშირებით. მაგალითად, ვინაიდან ერაყი მუსლიმური ქვეყანაა და თავისი ტრადიციები აქვს, ჩვენი კომპანია სპეციალურად ერაყელებისათვის დაბალალკოჰოლიან ლუდს დაამზადებს. ჯერჯერობით მხოლოდ ლუდის და ცივი ჩაის ექსპორტზეა საუბარი, მომავალში კი, სიგარეტის, ყავის და სხვა სახის პროდუქციაზე იგეგმება შეკვეთები. შევეცდებით, ყველაფერი ისე გავაკეთოთ, რომ საქართველოდან რაც შეიძლება მეტი პროდუქცია გავიდეს და ექსპორტის გეოგრაფია რაც შეიძლება გავაფართოვოთ.

მსოფლო ბაზარი დღეს ისეა გაჯერებული, რომ მნიშვნელოვანია ნებისმიერი პატარა სეგმენტის დაკავება, განსაკუთრებით ჩვენნაირი ქვეყნისათვის, რომელმაც მსოფლიო ბაზარზე საკუთარი ადგილი უნდა დაიმკვიდროს, რაც საკმაოდ პრობლემატურია.

დღეს საქართველო გეოპოლიტიკური სპექტრის გადაკვეთაზე მოხვდა და ყველა მხოლოდ იმაზე ფიქრობს, თუ როგორ გამოიყენოს ეს პატარა ქვეყანა. მდიდარი და ძლიერი საქართველოს დანახვა არავის სურს, მათ შორის ჩვენ “მეგობარ” ამერიკასაც, რომელიც, როგორც ცნობილია, იმიტომ არის მდიდარი და ძლიერი ქვეყანა, რომ ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან თანამშრომლობას თავისი ინტერესების პრიზმით უყურებს. ამიტომ, ჩვენც ანალოგიურად უნდა მოვიქცეთ და ჩვენთვის მისაღები ეკონომიკური, საშინაო და საგარეო პოლიტიკა გავატაროთ მასთანაც და სხვა ქვეყნებთანაც, მიუხედავად იმისა, თუ როგორი ურთიოერთობა აქვთ ამ ქვეყნებს ერთმანეთთან. ის განცხადებები, რომელიც ბოლო დროს ხშირად კეთდება, თითქოს ამერიკას ვკარგავთ და მოდის რუსეთი, რომელიც ჩექმით ჩაგვქოლავს, უსაფუძვლოა, ვინაიდან ევროპა ცოტა ხანში გადანაწილდება და ყველა ქვეყანას თავისი უფლებების და ინტერესების დაცვის საშუალება ექნება.