პრეზერვატივების დიდი ბიზნესი თუ დიდი უსაფრთხოება შიდსი პრეზერვატივების ფირმებმა შექმნეს?

მოამზადა მარი წიკლაურმა

მე-19 საუკუნის შუა წლებამდე “სიყვარულის არასასურველი შედეგებისაგან დასაცავად” ძალზე მოუხერხებელი საშუალებები არსებობოდა. იმ დროს პრეზერვატივებს ცხოველების სასქესო ორგანოების კანისაგან ამზადებდნენ, მე-17 საუკუნეში კი, ამ მიზნებისათვის ანტისეპტიკური მცენარისეული ხსნარით გაჟღენთილ ნაჭერს იყენებდნენ.

ექსუალური რევოლუციის” შემდეგ პრეზერვატივი ადამიანის საკუთარ ბიოლოგიურ არსზე გამარჯვების ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა. მისი მასიური წარმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც ამერიკელმა ჩარლზ გუდირმა რეზინის ვულკანიზაციის ტექნოლოგია გამოიგონა, თუმცა ეს წარმოება სრულყოფილი მხოლოდ ლატექსის – გევეის წვენის, გამოყენების შემდეგ გახდა. პრეზერვატივებით ვაჭრობის ბრუნვა, რომელიც მსოფლიოში დღეისათვის თითქმის 2 მლრდ დოლარს აღწევს, შეიძლება ბევრი ადამიანის შიდსით დაავადების შიშით აიხსნას: რომ არა ეს საშინელი დაავადება, ათობით და ასობით კომპანიას პროფილის შეცვლა მოუწევდა.

80-იან წლებამდე მთელ რუსეთს პრეზერვატივებით მონოპოლიურად პოდმოსკოვიეში არსებული ბაკოვის რეზინის ნაწარმის ქარხანა ამარაგებდა, რომელიც ამ სახის ნაწარმის წარმოებას სამამულო ომის დასრულებისთანავე შეუდგა. აღსანიშნავია, რომ ყოფილ საბჭოთა კავშირში პრეზერვატივების წარმოების მოცულობა გაზსაწინააღმდეგო ნიღბის შემდეგ მეორე ადგილზე იყო. პრეზერვატივების დასამზადებლად მაშინ ჩვეულებრივი რეზინა გამოიყენებოდა, რომელიც მაღალი ხარისხის ნაწარმის წარმოების საშუალებას არ იძლეოდა. ლატექსისაგან – სამხრეთაზიური მცენარე გევეის წვენისაგან დამზადებული პრეზერვატივების წარმოება ქარხანამ მხოლოდ 80-იანი წლებიდან დაიწყო. გასული საუკუნის 90-იან წლებამდე ქვეყანაში წელიწადში 200 მლნ პრეზერვატივი იწარმოებოდა. ეს რაოდენობა სავსებით საკმარისი იყო და იგი 4 კაპიკი ღირდა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პრეზერვატივების ბაზარზე, ისევე, როგორც სხვა დარგებში, მოხდა ჩავარდნა: ბაკოვის ქარხანა გაჩერდა, ყოფილმა დირექტორმა საწარმოო ხაზები ვიეტნამში გადაიტანა, რათა უფრო ახლოს ყოფილიყო წარმოებისათვის საჭირო ნედლეულთან – ლატექსთან და იქ ერთობლივი საწარმო შექმნა (სამწუხაროდ, ამ ხაზების მომდევნო ბედი უცნობია).

90-იანი წლების შემდეგ ბაზარი ინდური და ჩინური წარმოების იაფფასიანი და ამიტომ ხშირად ძალზე დაბალხარისხიანი ნაწარმით გაივსო, რომელიც ქვეყანაში ეგრეთ წოდებულ “ჩელნოკებს” შემოჰქონდათ. რამდენი ბავშვი გაჩნდა იმ წლებში რუსეთში არასერტიფიცირებული გახვრეტილი პრეზერვატივების წყალობით, დღემდე უცნობია!

აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირი რომ არ დაშლილიყო, პრეზერვატივების ბაზრის მდგომარეობა რუსეთში დღეს სულ სხვანაირი იქნებოდა, ხოლო, ორი ახალი ხაზი რომ ამუშავებულიყო, რომელთა დამონტაჟება სერპუხოვის რეზინის ნაწარმის ქარხანაში იგეგმებოდა, ამ ბაზრის მონაწილეთა უმრავლესობა საერთოდ არ იარსებებდა. ამ ხაზების ამუშავების იდეა კი მას შემდეგ გაჩნდა, რაც მ. გორბაჩოვი ინდოეთს ეწვია და ნახა ქარხნები, რომლებიც ამ ქვეყნის მაშინ უკვე მილიარდიანი მოსახლეობისათვის დიდი რაოდენობით პრეზერვატივებს აწარმოებდა. სამთავრობო დონეზე სწორედ მაშინ იყო მიღებული გადაწყვეტილება, ქვეყანა ადგილობრივი წარმოების პრეზერვატივებით მოემარაგებინათ (იმ დროისათვის მწყობრში მარტო არმავირის ქარხანა იყო). ამ მიზნების განსახორციელებლად 15 მლრდ დოლარად ორი იაპონური ხაზი იყო შეძენილი, თუმცა, როდესაც 1991 წელს საბჭოთა კავშირი უეცრად დაიშალა, ახალმა მთავრობამ ძველი საბჭოური ვალების გადახდაზე უარი განაცხადა (არსებობს მონაცემები, რომელთა მიხედვით, იაპონელებისთვის სულ რაღაც 300-500 ათასი დოლარი რჩებოდათ გადასახდელი), რის გამოც წარმოება საბოლოოდ დასამონტაჟებელი დარჩა, ამაზე კი, პირველ რიგში ლატექსის ნაწარმის ხარისხი იყო დამოკიდებული.

90-იანი წლების დასაწყისში რუსეთის ბაზარზე ერთდროულად გამოვიდა რამდენიმე ფირმა, რომლებმაც იქედან “ჩელნოკები” გამოდევნეს და რუსული ბაზარი გაინაწილეს, ესენია: “ბოლეარი” – მის ძირითად ბრენდს SICOწარმოადგენს, Medkom-M (Contex, Life styles), “ჰაიჯინ ფროდაქთსი” (Durex) და “ვარიანტი” (Masculan). აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილი ბრენდების გარდა, ყველა ამ კომპანიას რამდენიმე ათეული უფრო იაფფასიანი და თითქმის უცნობი მარკა აქვს, როგორიცაა: Erotica, Sex Love, Hello, Black love, რომლებსაც დაბალი ფასები და პროვინციალებზე გათვლილი მყვირალა სახელწოდებები აერთიანებს.

ბოლო დრომდე ძველი მწარმოებლებიდან რუსეთში მხოლოდ არმავირის რეზინის ქარხანა მუშაობდა, თუმცა, პრეზერვატივები ამ ქარხნის წარმოების მხოლოდ უმნიშვნელო პროცენტს წარმოადგენდა. ადგილობრივი წარმოების ნაწარმზე მოთხოვნა რუსეთის პროვინციებშიც კი არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ მისი ფასი სულ 84 კაპიკი იყო.

სულ რაღაც ერთი წლის წინ ჯერ კიდევ ძნელი იყო იმის წარმოდგენა, რომ ეს სიტუაცია შეიცვლებოდა, მაგრამ 2002 წლის გაზაფხულზე, ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის და სახელწოდების “ელასტომერით” შეცვლის შემდეგ ზემოხსენებულ ორ იაპონურ ხაზზე, რომელთა ამუშავება ჯერ კიდევ გორბაჩოვის დროს იყო დაგეგმილი, ყოფილმა სერპუხოვის ქარხანამ პრეზერვატივების წარმოება განაახლა. ამ ხაზების საერთო სიმძლავრე წელიწადში 238 მლნ ცალს შეადგენს. ქარხნის მფლობელთა ვარაუდით, იმ შემთხვევაში, თუ ქარხანა მთელი სიმძლავრით ამუშავდება, იგი, ფაქტობრივად, რუსეთის ბაზრის მოთხოვნილებას მთლიანად დააკმაყოფილებს. ამან სერიოზულად შეაშფოთა ბაზრის ოპერატორები. მით უმეტეს, რომ, როგორც აღმოჩნდა, რუსული წარმოების პრეზერვატივები არაფრით ჩამორჩება ინდურებს, თუმცა რუს მწარმოებლებს უამრავი პრობლემის გადალახვა უხდებათ. პრეზერვატივების დასამზადებლად საჭირო მასალა ძალზე ძვირი ჯდება (1 ტონა დაახლოებით 400-1200 დოლარი), ძნელია მისი ტრანსპორტირებაც, როდესაც ტემპერატურის განსაკუთრებული რეჟიმის შენარჩუნებასთან დაკავშირებული სიძნელეების გამო ზოგჯერ ნედლეულის მესამედი იკარგება. გარდა ამისა, რუსეთში მუშახელიც გაძვირდა. მოკლედ, “ელასტომერის” მიერ დაწყებულ ბიზნესს ამ ბაზრის მონაწილეები საკმაოდ პესიმისტურად უყურებენ. მიუხედავად ამისა, “ქიმენერგოს” აღმასრულებელი დირექტორის, სტანისლავ ალეშჩენკოს განცხადებით, ამ ქარხანამ 2002 წელს Reflex – ის მარკის პრეზერვატივების 8-10 სახეობა გამოუშვა, წელს კი, წარმოების მოცულობის 20 მილიონამდე, ხოლო 2003 წლისთვის სარეკლამო ბიუჯეტის 1 მლნ დოლარამდე გაზრდას გეგმავს.

დღეისათვის არსებული მონაცემებით, 2002 წელს რუსეთში უცხოეთიდან 480 მლნ პრეზერვატივი იყო ექსპორტირებული. თუმცა, ამ მოცულობის დაახლოებით მესამედი რეექსპორტისათვის დსთ-ის ქვეყნებისთვის (უკრაინაში, ბელორუსიაში, მოლდოვეთში და მათ შორის საქართველოშიც) იყო განკუთვილი. რუსეთში პრეზერვატივების ბაზრის მოცულობა დაახლოებით 50 მლნ დოლარს შეადგენს და ყოველწლიურად 10 %-ით იზრდება.

რაც შეეხება საქართველოს, აქ პრეზერვატივების ბიზნესი ისეთივე პრობლემების წინაშე დგას, როგორც სხვა ბიზნესები. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პრეზერვატივები საქართველოში მეტწილად კონტრაბანდის სახით შემოდიოდა. ამჟამად არსებობენ ფირმები, რომლებიც ლეგალურ საქმიანობას ეწევიან, თუმცა არსებული კონტრაბანდის გიგანტური მასშტაბები მათ საქმიანობას ხელს უშლის. 25%-იანი დღგ, რომლითაც ამ სახის პროდუქცია იბეგრება, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა იმპორტირებული არაპირველადი მოხმარების საგანი, მოსახლეობის დაბალი მსყიდველუნარიანობის გამო ამ ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის, მიაჩნია შპს@@”პიკის” მენეჯერს, მურთაზ მიხელაშვილს.

ჩვენი ფირმა უკვე ორი წელია აწარმოებს Siko-სა და Durex-ის ფირმის პრეზერვატივების ექსპორტს გერმანიიდან. Siko გერმანული ფირმაა, Durex-ი კი – ესპანური. ორივე საკმაოდ ცნობილი მარკა და მაღალხარისხიანი პროდუქციაა. მას საქართველოში თავისი მომხმარებელიც ჰყავს. ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ქვეყანაში საკმაოდ დიდი მოთხოვნაა იაფფასიან, მაგრამ დაბალხარისხიან ჩინურ პრეზერვატივებზე. საქართველოში პრეზერვატივების ბიზნესით რამდენიმე ფირმაა დაკავებული. ჩვენთან ერთად სხვადასხვა მარკების პრეზერვატივები შემოაქვთ “ბეტა 2”-ს, “პსპ”-ს და სხვა ფირმებს. ასე რომ, კონკურენციაც არსებობს, თუმცა, დაბალფასიანი ჩინური პრეზერვატივების ჩათვლით, რომლებიც ბაზრობაზე და აფთიაქებში სხვადასხვა სახელწოდებებით იყიდება, ყველას თავისი კლიენტი ჰყავს.

საქართველოში კარგად ესმით შიდსის და სხვა დაავადებების პრობლემის არსებობა, ამიტომ პრეზერვატივებს ჩვენთანაც ყიდულობენ, უფრო მეტად, რა თქმა უნდა, კონტრაბანდულს. ვინაიდან ძვირადღირებულების ყიდვა ყველას არ შეუძლია, ამიტომაც ფასს ხშირად ხარისხი და ადამიანების ჯანმრთელობაც ეწირება. თუმცა იმის გარკვევა, თუ რა თანაფარდობა არსებობს საქართველოში ლეგალურ და კონტრაბანდულ პრეზერვატივებს შორის და საერთოდ, რა რაოდენობით პრეზერვატივი შემოდის და იყიდება ყოველწლიურად ქვეყანაში, როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ ძნელია.

როგორც ამბობენ, პრეზერვატივების ბაზარზე არსებობს პირდაპირი დამოკიდებულება – რაც უფრო კარგად ცხოვრობს ქვეყანა, მით უფრო მეტი პრეზერვატივი იყიდება. თუ ამ მოსაზრებას გავითვალისწინებთ, რუსეთი გასულ წლებთან შედარებით, ორჯერ უფრო კარგად ცხოვრობს, ხოლო ქართველები კი, მხოლოდ მაშინ გავიგებთ, რამდენად შეიცვალა ჩვენი ცხოვრება, როცა გაყიდული პრეზერვატივების დათვლას მოვახერხებთ.