პრივატიზაციის როლი საბაზრო ეკონომიკური ურთიერთობების ფორმირების პროცესში

ნიკოლოზ ქარჩავა

წარმოებაზე სახელმწიფო საკუთრების აბსოლუტურმა გაბატონებამ, საბჭოთა კავშირის მაგალითზე, დაგვანახა რომ, დირექტიული და ამასთან მკაცრი ვერტიკალური ეკონომიკური ურთიერთობები [ბლაჟჩიკი, 2001, გვ. 16-22; გოგოხია, 1992, გვ. 17-19; სამადაშვილი, 1991], რომელიც არსებითად გამორიცხავდა მეწარმეების უშუალო კავშირებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, გამოიწვია შრომითი რესურსების არარაციონალური განაწილება, სპეციალიზაციის გაღრმავების დამუხრუჭება და რაც მთავარია, სახელმწიფოებს შორის დაპირისპირება, რომელიც ხშირ შემთხვევაში პოლიტიკურ კონფრონტაციაში პოულობდა ასახვას.

დღევანდელი დღის გადასახედიდან აშკარაა, რომ სახელმწიფოს მიერ ეკონომიკის სრული მონოპოლიზაცია ქვეყნის განვითარებას მკვეთრად ამუხრუჭებს და მწარმოებლის მთავარ ფუნქციებს (წარმოება, მართვა) ზღუდავს, ირღვევა ერთობლივი მოთხოვნის და მიწოდების რეალური წონასწორობა, შიდა ბაზარზე წარმოიქმნება არარაციონალური საქონლისა და მომსახურების მიწოდების გარემო, იზღუდება მეწარმის ინიციატივა წარმოების განვითარებასთან მიმართებაში.

ამდენად, პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე (საბჭოთა კავშირის მაგალითზე) შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკონომიკის კრიზისის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია სახელმწიფოს მიერ ეკონომიკის სრული მონოპოლიზაცია ყველა მისი სახითა და გამოვლინებით. მაშასადამე, აშკარაა, რომ ეკონომიკასა და სოციალურ სფეროში სახელმწიფო მონოპოლიზმისაგან თავის დაღწევა არის გადამწყვეტი ნაბიჯი და მთავარია პირობა სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა [სვანიძე, 1993, გვ. 55-61].

პრივატიზაცია სახელმწიფო ეკონომიკის მონოპოლიზაციის ანუ, განსახელმწიფოებრიობის ძირითადი ფორმაა. მას პოსტკომუნისტურ სივრცეში მყოფი ქვეყნებისათვის არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური დატვირთვაც აქვს, რომელიც მჟღავნდება საერთაშორისო ორგანიზაციების დამოკიდებულებაში იმ სახელმწიფოების მიმართ, რომლებიც პრივატიზაციას ახორციელებენ, რადგან პრივატიზაცია საბაზრო ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობაა, იგი სახელმწიფო საკუთრების გარდაქმნაა კერძო საკუთრებად. ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო ქონების (წარმოების საშუალებები, აქციები, მომსახურების სფეროები) მფლობელია არა სახელმწიფო ორგანიზაცია, არამედ კონკრეტული პიროვნება, ან მათი გაერთიანებები. ამ პროცესს თან ახლავს საბაზრო ეკონომიკისათვის დამახასიათებელი ძირითადი პრინციპების ჩამოყალიბება, კერძოდ:
1. შრომითი რესურსების ბაზრის წარმოქმნა;
2. ფასიანი ქაღალდების ბაზრების დაფუძნება;
3. დაქირავებული შრომის გამოყენება;
4. კონკურეციული გარემოს ჩამოყალიბება;
5. კაპიტალისა და შრომითი რესურსების თავისუფალი გადაადგილება;
6. ჭარბი წარმოებული საქონლისა და მომსახურების საზღვარგარეთ გატანა;
7. ქვეყნებს შორის ფულად-საკრედიტო ურთიერთობების გააქტიურება;
8. ერთობლივი საწარმოების შექმნა.
ზემოთ ჩამოთვლილი პრინციპები, რომელიც კერძო საკუთრების საფუძველზე ყალიბდება (პოსკომუნისტურ სივრცეში პრივატიზაციის საფუძველზე) წარმოადგენს მსოფლიოში მიმდინარე პროცესების იმ წინამძღვრებს, რომელიც ხელსაყრელ გარემოს ქმნის:
1. ეკონომიკური ინტეგრაციული პროცესების განვითარებისათვის;
2. მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესების სრულყოფისათვის;
3. შრომითი რესურსების რაციონალური განაწილებისათვის;
4. სპეციალიზაციის გაღრმავებისათვის;
5. საგარეო ვაჭრობის გაფართოებისათვის;
6. ინვესტიციების მოზიდვისათვის;
7. ჯანსაღი (კეთილსინდისიერი კონკურენციული პირობების) პოსტპრივატიზაციული გარემოს შენარჩუნებისათვის.

აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პრივატიზაციის მთავარი არსი საბაზრო ეკონოკისათვის დამახასიათებელი პრინციპების დამკვიდრებაა, რომელიც მსოფლიოში მიმდინარე რეგიონული და გლობალური ეკონომიკური პროცესების სტიმულიზატორია და ხელსაყრელ გარემოს (წანამძღვრებს) ქმნის ქვეყნის მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის და საგარეო ვაჭრობის განვითარებისათვის.

საბაზრო ეკონომიკის მთავარი არსი ის არის, რომ ამ სისტემაში არ არის დირექტიული ცენტრალური მართვის წესი, რომელიც გადაწყვეტილებას მიიღებდა ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრების სამ უმთავრეს პრობლემაზე: რა, როგორ და ვისთვის ვაწარმოოთ. ეკონომიკისათვის ამ სამი მთავარი პრობლემის გადაწყვეტას ახორციელებს წმინდა შიდა ეკონომიკური პროცესების დახმარებით, რაც მოცემული სისტემის (საბაზრო ეკონომიკის) პერსპექტიულობაზე მეტყველებს, რომელიც ხელსაყრელ გარემოს ქმნის:
1. შრომის რაციონალური დანაწილებისათვის;
2. შიდა და მსოფლიო ბაზრების გაფართოებისათვის;
3. საქონლის და მომსახურების მოთხოვნა-მიწოდების ოპტიმალური წონსაწორობის ჩამოყალიბებისათვის;
4. ფულის ძირითადი ფუნქციების სრული გამოვლენისათვის;
5. საბაზრო ფასების ჩამოყალიბებისათვის, რომელიც კონკურენციის მთავარი ინდიკატორია.

საბაზრო ეკონომიკის მართვის ცენტრალური სისტემა – ბაზარი, როგორც ეკონომიკის განუყოფელი სხეული, იყოფა შიდა (ეროვნულ), საერთაშორისო და მსოფლიო ბაზრებად, სადაც ნათლად აისახება საბაზრო ეკონომიკის ყველა პროცესი და განისაზღვრება პოსტპრივატიზაციის გარემოს პერსპექტივები. [ადეიშვილი, 1992, გვ. 62; კაკაბაძე, 2003, გვ. 4-9]. ამასთან, მსოფლიო ბაზარი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეკონომიკურად ჩამორჩენილი და განსაკუთრებით პოსტკომუნისტურ სივრცეში მყოფი ქვეყნების განვითარებაში, რამდენადაც მათ უმეტესობას შეზღუდული შიდა ბაზარი და განუვითარებელი პოსტპრივატიზაციული სისტემა გააჩნია (არასრულფასოვანი კერძო საკუთრების გარემო).

მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ადასტურებს (ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში პრივატიზაციის დაჩქარება და სხვა), რომ მოსალოდნელია შრომის საერთაშორისო დანაწილების კიდევ უფრო გაღრმავება და ამის საფუძველზე წინმსწრები ტემპებით საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო გაცვლის ზრდა, რომელიც თავის მხრივ გამოიწვევს მსოფლიო ბაზრის როლის გადიდებას, რაც საგრძნობლად გაზრდის არსებულ განსხავავებებს მსოფლიო ბაზარსა და ეროვნულ ბაზრებს შორის [?ოეია (?აა.), Eაიაააა, Eეოაეიაიეი ე ა?., 1999, ნ. 91]. სხვაგვარად, ბაზარი მწარმოებლებს და მომხმარებლებს შორის ეკონომიკური კავშირის ფორმაა. ხატოვნად, ბაზარი ერთგვარი სარკეა, სადაც აისახება საზოგადოების მოთხოვნა და რომლის დაკმაყოფილებისკენაც მეწარმეებმა უნდა მიმართონ თავიანთი ძალისხმევა. უფრო მარტივად კი, ბაზარი სხვა არაფერია, თუ არა საქონელგაცვლა ფულის მეშვეობით.

ყოველივე ზემოთ თქმულთან დაკავშირებით, აშკარაა, რომ საკუთრების მრავალფორმიანობაზე (არ გამოვრიცხავთ სახელმწიფო საკუთრების არსებობას) დამყარებულ ეკონომიკაში ჩამოთვლილ კითხვებზე პასუხს იძლევა მისი უდიდებულესობა – ბაზარი, წარმოების ყველა ფაქტორი ყიდვა-გაყიდვის საგნად გვევლინება, მბრძანებლურ ეკონომიკაში კი, “ცენტრის” მეოხებით ნაწილდება. აქ სახელმწიფო მუშაობს თავისთვის და არა მომხმარებლისათვის, მისი დაფინანსება ხდება არა მომხმარებლის, არამედ სახელმწიფოს მიერ აკუმულირებული გადასახადებით. რაც შეეხება საბაზრო ეკონომიკას, აქ დამოუკიდებელი საქონელმწარმოებლის კეთილდღეობა, ფინანსური მდგომარეობა პირდაპირ დამოკიდებულებაშია მომხმარებელზე – იმაზე, თუ როგორ ყიდულობს მომხმარებელი მის პროდუქციას, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი გაკოტრდება [იანგი, 2001, გვ. 2-6]. მბრძანებლურ ეკონომიკაში კი, სახელმწიფო საწარმოს აქვს საშუალება, მიაკითხოს ზემდგომს და მიიღოს მორიგი დახმარება. უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში საწარმოები დღემდე არ გაკოტრებულა, თუ არ ჩავთვლით ერთ-ორ საწარმოს, მაგრამ თვით სახელწიფო კარგა ხანია გაკოტრდა.

იმისათვის, რომ გავარკვიოთ, თუ საბაზრო მექანიზმის რომელ მოდელზე უნდა აიღოს საქართველომ ორიენტაცია, როგორი უნდა იყოს პრივატიზების მასშტაბები და სხვა, ცხადია, უნდა ვიცოდეთ არსებული მოდელები და მათი შუქჩრდილები.

თვისობრიობის მიხედვით, ეკონომიკურ თეორიაში განასხვავებენ ორ მოდელს: თავისუფალს და რეგულირებადს (სოციალურად ორიენტირებულს). პირველს სხვაგვარად სრულყოფილ საბაზრო მოდელსაც უწოდებენ. იგი გულისხმობს კერძო საკუთრების ბატონობას, მეურნე-სუბიექტების მაქსიმალურ თავისუფლებას. სოციალურ სფეროში (განათლება, ჯანდაცვა, კულტურა და სხვა.) თითოეული ადამიანი თავისი თავის პატრონია. სახელმწიფო კისრულობს მხოლოდ სოციალურად ყველაზე დაუცველი და გაღატაკებული მოსახლეობის დაცვას. ეს არის არსებითად წმინდა აბსტრაქტული მოდელი, რომელიც რეალობაში სრულად თითქმის მიუღწეველია.

საბაზრო ეკომონიკის მეორე მოდელი – რეგულირებადი ანუ, სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკა გულისხმობს საკუთრების მრავალფეროვნებას, სახელმწიფოს რაციონალურ ჩარევას ეკონომიკურ ფუნქციებში, კერძოდ:
– მოსახლეობის შემოსავლებისა და დასაქმების რეგულირებაში;
– სოციალურად ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნების (განათლება, ჯანდაცვა, კულტურა და სხვა.) დაკმაყოფილებაში;
– სახელმწიფოსა და მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში (თავდაცვა, ეკოლოგიური უზრუნველყოფა და სხვა.)
მეორე მოდელი (რეგულირდება – სოციალურად ორიენტირებული ეკონომიკა) მსოფლიო ეკონომიკაში სულ უფრო და უფრო იკიდებს ფეხს (გერმანია, საფრანგეთი, შვედეთი, იაპონია და ა.შ.)

საქართველოში არ არის მკვეთრად გამოხატული მიმართულება, თუ რომელ მოდელს ირჩევს პირველს თუ მეორეს – სოციალურად ორიენტირებულ საბაზრო ეკონომიკას. ჩვენი დაკვირვებით, იგი უფრო თავისუფალი ეკონომიკის მოდელისაკენ (თვითრეგულირებადი) იხრება, ეს მაშინ როცა, მოსახლეობის და განსაკუთრებით საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ მომსახურეთა ხელფასი, ვერ აკმაყოფილებს მოსახლეობის აუცილებელ მოთხოვნილებებს. დღევანდელი დღის გადასახედიდან აშკარად ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მთელი თავისი ძალების კონცენტრაცია მაკროეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაზე მოახდინა, არ გაითვალისწინა მიკროეკონომიკის ზემოქმედების ფაქტორები და არარაციონალური პრივატიზაცია განახორციელა, ასეთ პირობებში ძნელია ეკონომიკის განვითარების სწორი პრიორიტეტული მიმართულების შემუშავება.

ზემოთ მოყვანილი ანალიზი საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ პოსტკომუნისტურ სივრცეში მყოფი საქართველოსათვის, პრივატიზაცია წარმოადგენს საბაზრო ეკონომიკის განვითარების და დამკვიდრების მთავარ საფუძველს, სადაც საბაზრო ეკონომიკა ვითარდება იმ მიმართულებით, რომელსაც პირობითად შეიძლება დავარქვათ “შერეული ეკონომიკა”, სადაც თავისუფალი ეკონომიკის (პირველი მოდელი) დამახინჯებული პრინციპები მოქმედებს და სახელმწიფო პასიურ როლს ასრულებს:
– ეკონომიკის ირიბ მართვაში;
– მოსახლეობის კოლექტიური საქონლით და ფულის მოწოდების უზრუნველყოფაში;
– სოციალური და სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვაში.
მიუხედავად იმისა, რომ პოსტკომუნისტურ სივრცეში მყოფ ქვეყნებში მსგავსი სამართლებრივი კანონების სასტარტო პირობები იყო, პრივატიზაცია საქართველოში აშკარად განსხვავებული მიმართულებით განვითარდა, რაც განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
– უპირველეს ყოვლისა ზემოთ მოყვანილი გარემოებით – არ არის განსაზღვრული, თუ რა სახის ეკონომიკურ წყობას აშენებს და შემდეგ:
– საქართველოში პრივატიზაცია თავიდანვე გაგებული იყო, როგორც პოლიტიკური დამოუკიდებლობის განმტკიცების ერთ-ერთი ფორმა, ხოლო კომუნისტური მენტალიტეტის მქონე მოსახლეობაში, როგორც სოციალური ეკონომიკის განვითარების დამამუხრუჭებელი. პრივატიზაციის მოწინააღმდეგეები ყურადღებას ამახვილებენ მის ნაკლოვან მხარეებზე. მათი აზრით, პრივატიზაციის შედეგად, შემცირდება წარმოების რესურსებით მომაგრების შესაძლებლობები, გაუარესდება ეკოლოგიური მდგომარეობა, მოკლევადიანი ბიზნესის რეალიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს მოგების მაქსიმიზაციას, უარყოფით გავლენას მოახდენს წარმოების გრძელვადიან ინტერესებზე, წარმოიშობა იმის საფრთხე, რომ საზღვარგარეთელი ინვესტორების მიერ მოხდება ეროვნული საწარმოების შესყიდვა, გაიზრდება ფასების ზრდის შესაძლებლობა საქონელზე და მომსახურეობაზე, მოიმატებს უმუშევართა რიცხვი;
– ვერ თუ, არ მოხერხდა ურთიერთობის პრიციპების ჩამოყალიბება სახელმწიფოსა და კერძო კაპიტალს შორის, რომელიც იცვლება ამა თუ იმ პერიოდში ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური გარემოების და კერძო პირების ინტერესების შესაბამისად;
– არაა განსაზღვრული კონკრეტული მიზანი, სამომავლო მიზანი აბსტრაქტულია და ძირითადად სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის შევსებას ემსახურება. ამდენად, აუცილებელია პრივატიზაციის მიზანთა სისტემაში გამოიკვეთოს პრიორიტეტი და მისი შეუთავსებლობა სხვა მიზნებთან მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. ამასთან, აუცილებელია უახლოესი და შორეული მიზნების რანჟირება და იერარქიული დალაგება. საქართველოს პირობებში პრივატიზაციის მიზანთა სისტემა შეიძლება გაერთიანდეს საერთო ეკონომიკის ინტერსების ირგვლივ, როგორიცაა: სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება, საწარმოს საინვესტაციო პოტენციალის გაზრდა ადგილობრივი რესურსების მობილიზაციისა და უცხოური კაპიტალის მოზიდვის ხარჯზე, წარმოების საშუალებათა გადაიარაღება და მოდერნიზაცია, ახალი ტექნოლოგიების იმპორტი, საკუთრების უფრო სამართლიანი განაწილება და, რაც მთავარია, წარმოების ეფექტურობის ამაღლება. ცხადია, ყველა ამ მიზნის ერთობლივი რეალიზება შეუძლებელია, არ არის გამორიცხული, რომ ქვეყანაში მესაკუთრული ინსტიტუტის შექმნამ წინააღმდეგობა გაუწიოს უცხოური კაპიტალის მოზიდვას, ამის მაგალითი ზოგიერთ ქვეყანაში არის, მაგრამ ჩვენს პირობებში ასეთ სიტუაციას არ შეიძლება ჰქონდეს გამოკვეთილი სახე. საქართველოში არაა მოსალოდნელი წარმოების სწრაფად კერძო საკუთებაში გადასვლა, რადგან ჯერჯერობით მდიდართა ფენას ქვეყნის განვითარების პერსპექტივები საბოლოოდ გაცნობიერებული არა აქვს;

პრივატიზაცია მიჩნეულ იქნა კრიზისიდან ეკონომიკის გამოყვანის პანაციურ საშუალებად. არადა, დასამალი როდია, რომ კერძო სექტორს თავის უპირატესობასთან ერთად გააჩნია მთელი რიგი ნაკლოვანებანი. ამიტომაცაა, რომ დღემდე განვითარებულ ქვეყნებში ბრძოლა სახელმწიფო სექტორის შენარჩუნებისათვის გრძელდება. პრივატიზაციის, ანუ კერძო სექტორის დადებით მომენტებს შორის, უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია ის, რომ პრივატიზაცია ხელს უწყობს წარმოების ეფექტურობის ზრდას დანახარჯების შემცირების საფუძველზე, სწრაფად ახდენს მოთხოვნილებისადმი ადაპტაციას, ნერგავს წარმოებაში რაციონალურ მეთოდებს, ზრდის დაფინანსების შესაძლებლობას, უზრუნველყოფს უფრო ეფექტურ შინასაწარმოო კონტროლს, ქმნის კონკურენციულ გარემოს, ხელს უწყობს მოქნილი, მობილური საწარმოო სტრუქტურის წარმოშობას, ახალი ტექნოლოგიის დანერგვას, მიღებული საინვესტიციო გადაწყვეტილებებისადმი ეკონომიკური პასუხისმგებლობის ზრდას (მესხია, მურჯიკნელი, 1996, გვ.142-144).

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial