სოციალურ-სტატისტიკური ინფორმაციის უტყუარობის შესახებ

რ. ქინქლაძე
სოციალურ-ეკონომიკური პროცესების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია სხვადასხვა სტატისტიკურ მაჩვენებლებში აისახება. ინფორმაციის ხარისხის გაუმჯობესება ნიშნავს, მივაღწიოთ ისეთი სტატისტიკური მაჩვენებლების გაანგარიშებას, რომლებიც შეცდომებიდან მაქსიმალური ხარისხით იქნება თავისუფალი. მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, რიგი მიზეზის გამო, მაჩვენებლები ყოველთვის ზუსტად ვერ ასახავენ რეალურ სინამდვილეს, რაც, თავის მხრივ, უარყოფითად მოქმედებს გადაწყვეტილებათა მიღების ხარისხზე. ამიტომ, სოციალურ-სტატისტიკური ინფორმაციის სიზუსტის მაღალი ხარისხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია სტატისტიკის წინაშე მდგარ პრობლემათა შორის.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მეცნიერული და პრაქტიკული დასკვნების მართებულობის დასაბუთება მთლიანადაა დამოკიდებული გამოყენებული ინფორმაციის უტყუარობაზე. იგი ამოსავალია სტატისტიკურ მაჩვენებელთა დადგენის, პროგნოზული გაანგარიშების, ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებისა და სოციალურ-პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად.
სტატისტიკურ ლიტერატურაში, სტატისტიკურ მონაცემთა უტყუარობის საკითხთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია კ. ფ. გერმანის, დ. პ. ჟურავსკის, ა. ა. კაუფმანის, ო. მორგენშტერნის, ი. პ. სუსლოვის, უ. ვ. ედელგაუზის, ი. ე. იანსონის, სოციოლოგიაში – გ. ვ. ოსიპოვის, გ. ი. საგანენკოს და სხვათა მოსაზრებები1.
ახლა კი დაწვრილებით შევჩერდეთ სოციალურ-სტატისტიკურ მონაცემთა უტყუარობის პრობლემაზე მათი მოპოვების პირველ სტადიაზე.
სოციალურ-სტატისტიკურ მონაცემთა არასაიმედოობის მიზეზთა შორის არანაკლებ მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ ისეთები, რომლებიც წარმოიშობიან მონაცემთა მოპოვების პროცედურის განხორციელებისას. კერძოდ, შემთხვევითი შეცდომები, რომელთა საფუძველზეც დაკვირვების ზოგიერთი ობიექტის, ერთეულის შესახებ ჩაიწერება დამახინჯებული მონაცემები. თუმცა ისინი შერჩევით დაკვირვებაში ნაკლებად გვხვდებიან, რადგან თითოეული ერთეული დაკვირვებით, დიდი ყურადღებით გამოიკვლევა და, ამასთან, თანდათანობით უფრო ზუსტად ხდება ცალკეულ ინდივიდთა დახასიათება.
შემთხვევითი შეცდომები წარმოიქმნებიან როგორც რეგისტრატორის, ისე რესპონდენტის მიერ. ასეთი სახის შეცდომები დაკვირვების შედეგებს ერთი მიმართულებით წარმოაჩენენ (მაგალითად, არსებული მდგომარეობის კარგად წარმოჩენა) და საბოლოო შედეგების დამახინჯებას იწვევენ.
ამ მხრივ შესაძლებელია გამოვყოთ სამი ჯგუფი შეცდომებისა:
1. დაკვირვების ჩატარების გარემო პირობებთან დაკავშირებული შეცდომები;
2. დამკვირვებლის, ინტერვიუერის ან კორესპონდენტის პიროვნულ თვისებებთან დაკავშირებული შეცდომები;
3. რესპონდენტის პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე შეცდომები.
პირველ ჯგუფს მიეკუთვნება ინტერვიუერსა და რესპონდენტს შორის კონტაქტისათვის შერჩეული არასასურველი დრო. რესპონდენტის გამოკითხვა არ უნდა მოხდეს სამუშაოს დამთავრებისთანავე ან საოჯახო დღესასწაულის დროს, რადგან მას არ აქვს სათანადო განწყობა, უპასუხოს დასმულ კითხვებს. იგივე შეიძლება ითქვას დილაადრიან ან გვიან საღამოს ჩატარებულ გამოკითხვებზე. აქვე შეიძლება დავასახელოთ დაკვირვების ადგილთან დაკავშირებული შეცდომები. დაკვირვების ჩატარება უფრო მიზანშეწონილია სამუშაო ან საცხოვრებელ ადგილას. ამასთან, არასასურველია “მესამე პირის” დასწრება, რადგან მას შეუძლია პასუხთა შინაარსზე დიდი ზეგავლენა იქონიოს და, შესაბამისად, გამოიწვიოს ფაქტების დამახინჯება.
ამავე ჯგუფს მიეკუთვნება საზომი ხელსაწყოების არასათანადო სიზუსტის შემთხვევაში დაშვებული შეცდომები. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ხელსაწყოებით გაზომვის დროს ყოველთვის აქვს ადგილი ერთგვრ უზუსტობას, რომელიც მინიმალურ საზღვრებში უნდა იმყოფებოდეს. გარდა ამისა, არსებობს კონტროლის არარსებობის შემთხვევაში დაშვებული შეცდომები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოებრივი მოვლენების შესწავლისას საზომი ხელსაწყოების გამო დაშვებული შეცდომები შედარებით ნაკლებად გვხვდება, რადგან აქ მათი გამოყენება იშვიათად გვიხდება.
შეცდომათა მეორე ჯგუფი მოიცავს დაკვირვების პროცესში დამკვირვებლის პიროვნებასთან დაკავშირებულ შეცდომებს. საზოგადოებრივი მოვლენების შესახებ არსებული ინფორმაციის მნიშვნელოვანი ნაწილი მიიღება ინტერვიუერის მეშვეობით. ასეთი დაკვირვება შეიძლება განვიხილოთ, როგორც თავისებური “საზომი ხელსაწყო” – ცნობილი ხელსაწყოებიდან ყველაზე უფრო რთული, რადგან იგი მოიცავს პიროვნულ თვისებებს (თავისუფლება, სურვილი, ემოცია და სხვ). ბუნებრივია, რომ ამ “ხელსაწყოს” ფუნქციონირება განაპირობებს სხვადასხვა სახის შეცდომებს, რომლებიც ძირითადად დაკავშირებულია ყოველი კონკრეტული დამკვირვებლის პიროვნულ თვისებებთან.
ინტერვიუერის (ანკეტორის) ზეგავლენა რესპონდენტთა პასუხების ხარისხზე, რომელიც სოციოლოგიაში ცნობილია “ინტერვიუერის” ეფექტის სახელწოდებით, მეტად მრავალგვარია. დამკვირვებელი რესპონდენტზე, უპირველეს ყოვლისა, გავლენას ახდენს საქმის ცოდნით, მისადმი დაინტერესებით, ენთუზიაზმით, პროფესიონალიზმითა და პოლიტიკური შეხედულებებით. თუკი დამკვირვებელი თავისი საქმისადმი გულგრილი და არაპროფესიონალია, მისგან სასიკეთოს ვერაფერს მივიღებთ.
არანაკლები მნიშვნელობისაა დამკვირვებლის სქესი. როგორც წესი, ქალი-ინტერვიუერები უფრო გულწრფელი პასუხების მიღებას ახერხებენ, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება ზოგიერთ დემოგრაფიულ საკითხს. სხვადასხვა სქესის ინტერვიუერისა და რესპონდენტის შემთხვევაში რესპონდენტი ტენდენციურია და ფაქტების შელამაზებას ცდილობს. ზოგიერთი ამერიკელი სოციოლოგის მოსაზრებით, საუბარი უფრო ეფექტურია, როცა დამკვირვებელი და რესპონდენტი ახალგაზრდები და ერთი და იგივე სქესისანი არიან, ნაკლებად ეფექტურია – თუკი ორივე ერთნაირი ასაკისა და სხვადასხვა სქესისაა.
დამკვირვებელი რესპოდენტზე არსებითად ზემოქმედებს, თუკი იგი დაინტერესებულია ამა თუ იმ პასუხით. ამ შემთხვევაში დამკვირვებელი შეუგნებლად ან შეგნებულად ისე სვამს კითხვას, რომ რესპონდენტიდან სწორედ მისთვის მოსაწონი პასუხი მიიღოს, რაც განაპირობებს შეცდომების არსებობას. მეტად მნიშვნელოვანია დამკვირვებლის მანერები. როცა ის პატივისცემით ეპყრობა რესპონდენტს, მისგანაც დადებით ურთიერთობას იღებს და პასუხებიც ადეკვატურია. პირიქით ხდება დამკვირვებლის უხეში დამოკიდებულების დროს – პასუხები, უტყუარობის თვალსაზრისით, დაბალი ხარისხისაა. ამასთან, გასათვალისწინებელია დამკვირვებლის გარეგანობაც და ჩაცმის მანერაც.
შეცდომები შესაძლებელია დაშვებულ იქნას დამკვირვებლის საქმისადმი დამოკიდებულებით, როცა იგი ჩქარობს ან ნერვიულობს. ეს კი, თავის მხრივ, აისახება რესპონდენტის პასუხების ხარისხზე და მათი ჩაწერის პროცესზე. სტატისტიკური პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ, გადაღლილობისა და გულგრილი დამოკიდებულების შედეგად, გვხვდება ისეთი შეცდომები, როგორიცაა: რიცხვების გაურკვევლად ჩაწერა, ციფრთა გადანაცვლება, გამოტოვება, არასწორი შეჯამება და სხვა. რესპონდენტთა პასუხები შეიძლება განიცდიდეს დეფორმაციას დამკვირვებლის მიერ მათი აღქმის მიხედვით, როცა მას, თავისი გამოცდილების გამო, მოცემული საკითხისადმი სტერეოტიპული დამოკიდებულება გააჩნია. ამ დროს იგი პასუხს იწერს არა ისე, როგორც ამას რესპონდენტი აყალიბებს, არამედ ისე, როგორსაც იგი ელოდება (შესაძლებელია, რესპონდენტს მიაწეროს კიდეც თავისი აზრები და გრძნობები). დამკვირვებლის აღნიშნული თვისება დაკავშირებულია მის პრაქტიკულ გამოცდილებასთან და პასუხის მისეულ ფორმირებასთან. ამ მხრივ, ასევე მნიშვნელოვანია დამკვირვებლის პირადი დაინტერესება, როცა იგი ნებსით თუ უნებლიეთ რესპონდენტთა პასუხებს უკეთებს მისეულ ინტერპრეტაციას.
როგორც ვხედავთ, მონაცემთა მოპოვების პროცედურის დროს დამკვირვებლის პიროვნებასთან დაკავშირებული შეცდომები უმეტეს შემთხვევაში შინაარსის მიხედვით ობიექტური ხასიათისაა, რადგან დამოკიდებულია სქესზე, ასაკზე, პროფესიონალიზმზე, კომპეტენტურობაზე და სხვა რეალურ ნიშნებზე. მაგრამ რადგან ისინი გამომდინარეობენ სუბიექტ-დამკვირვებლის პიროვნებიდან, ფორმის მიხედვით იგი სუბიექტური ხასიათისაა. საერთო შეცდომების სუბიექტურ კომპონენტებში შეიტანება შეცდომათა ის ნაწილი, რომელიც განპირობებულია დაკვირვების პროგრამულ-მეთოდოლოგიური და ორგანიზაციული საკითხებისადმი სუბიექტური დამოკიდებულებით და ასევე, ისინიც, რომლებიც დამკვირვებლის შეგნებული, არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების შედეგია.
შეცდომათა მესამე ჯგუფს მიეკუთვნება რესპონდენტის პიროვნული თვისებებით განპიროვნებული შეცდომები. ასეთია: 1) რესპონდენტის მოცემული გამოკვლევისადმი ინტერესი და დამოკიდებულების ხარისხის; 2) რესპონდენტის სქესის, ასაკის, განათლებისა და კულტურის, მისი პოლიტიკური შეხედულებების, ცხოვრებისეული გამოცდილებისა და ინფორმაციულობის ხარისხის; 3) საკითხისადმი სტერეოტიპული დამოკიდებულების, საკუთარი თავის გამოჩენის, ადრე მომხდარი ფაქტების აღდგენის (მახსოვრობის გაუარესება, უსიამოვნო ფაქტები, წვრილმანი შენაძენები, ცალკეული თარიღები და სხვ.) მიხედვით.
უნდა აღინიშნოს, რომ მახსოვრობასთან დაკავშირებული შეცდომები ზოგიერთ გამოკვლევაში 40%-ს აღწევს. სოციოლოგები აღნიშნავენ რესპონდენტის პიროვნულ თვისებებთან დაკავშირებულ შემდეგ ფენომენს, – როცა რესპონდენტი დახურული კითხვების სავარაუდო პასუხებიდან (“დიახ” და “არა”) პირველ რიგში ირჩევს დადებით პასუხს, რაც იმით აიხსნება, რომ პასუხი “დიახ” უფრო ნაკლებ ახსნას მოითხოვს, ვიდრე უარყოფითი ხასიათის პასუხი “არა”. სპეციალისტთა აზრით, დადებითი პასუხების უპირატესობა, უარყოფითთან შედარებით, შეადგენს 8-12%-ს. გამოკითხვის დროს რესპონდენტები სხვადასხვა როლს ასრულებენ – უმეტესობა იძლევა ინფორმაციას თავის თავზე, გამოდიან საკუთარი თავის შეფასების ექსპერტად – მაგალითად, “როგორია თქვენი აზრი ფილმის შესახებ?”, ვიდრე სხვის შესახებ. ამიტომ კითხვები, სხვისი შეფასების შესახებ, ნაკლებად ზუსტია, ვიდრე პასუხები, საკუთარი თავის შეფასების შესახებ, რაც უდავოდ უნდა იქნას გათვალისწინებული მოპოვებული ინფორმაციის სიზუსტის ხარისხის შეფასების დროს.
ამრიგად, რესპონდენტის პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, შეცდომები სუბიექტური ხასიათისაა, მაგრამ, ამავე დროს, ობიექტურიცაა, რადგან განპიროვნებულია რესპონდენტის რეალურად არსებული თვისებებით – განათლებით, ცხოვრებისეული გამოცდილებით, მახსოვრობის ხარისხით და ა.შ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი შეცდომა აშკარად ატარებს შეგნებულ ხასიათს, მაგრამ არა საზიანოს.
სოციალურ სტატისტიკაში რეგისტრაციის შეცდომები ასევე გვხვდება ოფიციალური სტატისტიკური ანგარიშგების დროსაც, რომლის ძირითადი წყარო პირველადი აღრიცხვის ცუდი ორგანიზებაა. თუმცა გვხვდება ისეთი შეცდომებიც, როგორიცაა მონაცემთა არასწორი დაჯამება, ანგარიშგების ფორმებში ფაქტების არასწორად შეტანა და სხვა.
გარდა ამისა, რეგისტრაციის შეცდომები შეიძლება იყოს წინასწარგანზრახვითი და არაწინასწარგანზრახვითი. ჩვენ მიერ განხილული რეგისტრაციის წინასწარგანზრახვითი შეცდომები, რომლებიც დაკავშირებულია დამკვირვებლისა და რესპონდენტის პიროვნულ თვისებებთან, კერძოდ, რესპონდენტის სურვილი სხვაზე უფრო კარგი იყოს, ვიდრე სინამდვილეშია ან დამკვირვებლის სურვილი, რომ დაამტკიცოს თავისი სუბიექტური შეხედულება, როგორც წესი, არ არის საზოგადოებისათვის მატერიალური ზიანის მომტანი. ამიტომ იგი შეიძლება ჩაითვალოს ნომინალურ წინასწარგანზრახვით შეცდომად. უფრო საშიშია ისეთი შეცდომები, რომლებიც მიზნად ისახავენ ფაქტების დამახინჯებას ინფორმაციის დამალვის ან რეალური სიტუაციის შელამაზების გზით.
რაც შეეხება რეპრეზენტატულობის შეცდომას, რომელიც მხოლოდ შერჩევითი დაკვირვებისთვისაა დამახასიათებელი, თავის მხრივ, ორი სახისაა: შემთხვევითი და სისტემატიური. პირველი წარმოიშობა სრულიად შემთხვევით და გადიდების ან შემცირების ერთნაირი ალბათობა აქვს, თანაც, დაკვირვების დიდი რიცხვის შემთხვევაში, “ქრება”, ურთიერთგაბათილდება. სისტემატიურ შეცდომებს ადგილი აქვს მაშინ, როცა მონაცემთა შერჩევისათვის შემთხვევითობის პრინციპის დარღვევასთან გვაქვს საქმე.
რეპრეზენტატულობის შეცდომის (სხვაობაა შერჩევითი და გენერალური ერთობლიობის მაჩვენებლებს შორის) სიდიდე დამოკიდებულია შესასწავლი ნიშნის ცვალებადობაზე. თუკი ერთობლიობის ყველა ერთეული ერთნაირია, მაშინ შესაძლებელია, ერთი ერთეულის გაზომვის შედეგები დანარჩენზე იქნას გავრცელებული. სინამდვილეში საქმე ასე არ არის. საზოგადოებრივი ცხოვრებისა, თუ საქმიანობის სხვადასხვა სფეროში მიმდინარე მოვლენებში ყოველთვის არსებობს ნიშანთა ცვალებადობა და რაც უფრო მეტად იცვლება შესასწავლი ნიშანი, მით უფრო დიდია სტატისტიკურ შეცდომათა სიდიდე.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, შერჩევითი მეთოდის ძირითადი მიზანია შერჩევითი ერთობლიობის გამოკვლევის შესწავლის შედეგად მიღებულ სტატისტიკურ მახასიათებელთა გენერალურ ერთობლიობაზე გავრცელება. თუკი შერჩევა საკმარისად კარგად ასახავს გენერალური ერთობლიობის თვისებებს, მაშინ იგი ითვლება რეპრეზენტატულად.
რეპრეზენტატულობა მიიღწევა გარკვეულ წინაპირობათა შესრულებით, რომელიც წინ უნდა უსწრებდეს ერთობლიობის ერთეულთა შერჩევას. ჯერ ერთი, გენერალური ერთობლიობის თითოეულ წევრს უნდა გააჩნდეს შემთხვევით ერთობლიობაში მოხვედრის თანაბარი ალბათობა; მეორე, გენერალური ერთობლიობიდან ერთეულთა ერთი მიმართულებით შერჩევის თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია შერჩევა შესასწავლი ნიშნის შესაბამისად მოხდეს; მესამე, შერჩევა უნდა ჩატარდეს ერთგვაროვანი ერთობლიობიდან; მეოთხე, გენერალური ერთობლიობიდან შერჩეულ ერთეულთა რიცხვი საკმარისად დიდი უნდა იყოს.
შერჩევითი ერთობლიობის საფუძველზე მიღებული შედეგების გამოყენება იმ შემთხვევაში შეიძლება, როცა შერჩევით საშუალო არითმეტიკულსა და გენერალურ საშუალო არითმეტიკულს შორის განსხვავება მიისწრაფვის ნულისაკენ. მიჩნეულია, რომ ეს მოთხოვნა დაკმაყოფილებული იქნება ზემოთ აღნიშნულ პირობათა შესრულებით. ამასთან, მხოლოდ შერჩევითი საშუალო არითმეტიკულის ცოდნით ვერ შევძლებთ ამ განსხვავების ზუსტ შეფასებას, რადგან არ ვიცით გენერალური ერთობლიობის საშუალო. გარდა ამისა, შერჩევითი საშუალოს მნიშვნელობა, თავის მხრივ, შეიძლება იცვლებოდეს იმის მიხედვით, გენერალური ერთობლიობიდან შერჩევაში რომელი წევრი მოხვდება. ამასთან დაკავშირებით, გამოკვლევის წინაშე დგება ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა, შერჩევის შეცდომათა განსაზღვრის თვალსაზრისით. მაგრამ, მხოლოდ სტატისტიკური მახასიათებლის შეცდომის სიდიდის პოვნა ვერ აგვაცილებს თავიდან გენერალური ერთობლიობის მასასიათებელთა ზოგიერთ განუსაზღვრელობას. იმისათვის, რომ, შერჩევითი ერთობლიობის მიხედვით, უფრო გარკვეულად ვიმსჯელოთ გენერალური ერთობლიობის შესახებ, საჭიროა ალბათური შეფასების პოვნა, რომელიც შეიძლება განისაზღვროს, თუკი ცნობილია შერჩევის სტატისტიკური მახასიათებლები და მათი შეცდომა. შედეგთა უტყუარობის ხარისხის ალბათური შეფასება, რომელიც მიიღება შერჩევითი ერთობლიობის შესწავლით, მონაცემთა დამუშავებისას არანაკლებ მნიშვნელოვანია.
რეპრეზენტატულობის სისტემატიური შეცდომები წარმოიშობა ამ მიმართულებითი ხასიათის (კარგის ან ცუდის) შერჩევისას. თუკი შერჩევას უძღვებიან მხოლოდ ერთი მნიშვნელობის მქონე პირები (მაგალითად, მხოლოდ განათლებულები), მაშინ ის გამოიწვევს მცდარ შეფასებას.
შემთხვევითსა და რეპრეზენტატულობის შეცდომებს საერთო თვისებები გააჩნიათ. მცირე შეცდომები უფრო ხშირად გვხვდება. უარყოფითი შეცდომების რიცხვი თითქმის დადებითის ტოლია. ამასთან, რაც უფრო მეტად ვაწარმოებთ დაკვირვებას, მით უფრო უახლოვდება იგი ნულს. შემთხვევითი შეცდომები, სიდიდისა და მიმართულების მიხედვით, ექვემდებარება გაუსის ნორმალური განაწილების კანონს – დაკვირვების დიდი რიცხვის დროს საგულისხმო შეცდომები ნაკლებად გვხვდება.