საქართველო იძულებულია იტერასა და გაზპრომს შორის გააკეთოს არჩევანი აგან

მოამზადა მარი წიკლაურმა

თბილისი მორიგი ენეგროკრიზისის მოლოდინშია. კამათის გამო, რომელიც “იტერას” და “გაზპრომს” შორის წარმოიშვა საქართველო შესაძლებელია ბუნებრივი აირის გარეშე დარჩეს.

მდგომარეობის გასარკვევად საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, მამუკა ნიკოლაიშვილი იძულებული იყო მოსკოვში ჩასულიყო. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მან განაცხადა, რომ “გაზპრომისა” და “იტერას” ხელმძღვანელები მას გაზის მიწოდების სრული მოცულობით უახლოეს დღეებში აღდგენას შეჰპირდნენ. ნიკოლაიშვილის განცხადებით, თუ ვისთან ექნება საქმე საქართველოს მომავალში, მხოლოდ მაშინ გაირკვევა, როდესაც “გაზპრომსა” და “იტერას” შორის მოლაპარაკებები გაიმართება. მოსკოვში ამ მოლაპარაკებებს ქართული გაზის საერთაშორისო კომპანიის პრეზიდენტი, ალექსი გოცირიძე დაესწრება. “იტერას” თბილისის წარმომადგენლობაში ჯერჯერობით იმის იმედი აქვთ, რომ მოსკოვის გაზის კომპანიის ხელმძღვანელობა რუსეთის დედაქალაქში მიმდინარე მოლაპარაკებებზე “გაზპრომთან” კომპრომისის მიღწევას მაინც მოახერხებს. “იტერას” საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის უფროსის, თემურ გაჯიევის განცხადებით, ეს კომპანია გაზს ქართველ მომხმარებლებს დღემდე ჩვეული რეჟიმით აწოდებდა. Aმასთანავე, მან განაცხადა, რომ მაგისტრალური მილსადენი, რომლითაც გაზი საქართველოს და ტრანზიტით სომხეთს მიეწოდება, “გაზპრომს” ეკუთვნის, რაც იმას ნიშნავს, რომ აირის მიწოდების რეგულარობა სწორედ ამ უკანასკნელზეა დამოკიდებული.

თბილისში, ჯერჯერობით, რომელიმე მომწოდებლის სასარგებლოდ საბოლოო გადაწყვეტილებების მიღებას არ ჩქარობენ, თუმცა შექმნილი სიტუაციის გამო შეწუხებულნი არიან.

“გაზპრომი” საქართველოში “იტერაზე” გვიან შემოვიდა და დღეს ძირითადი მოთამაშის როლზე აცხადებს პრეტენზიას. როგორც “გაზპრომის” ხელმძღვანელის პრეს-მდივანი აცხადებს, მოლაპარაკებები “იტერასთან” გაზის საერთაშორისო კომპანიაში ნედლეულის დეფიციტის კომპენსაციის სქემებით გრძელდება, “- თუ ეს მოლაპარაკებები საჭირო შედეგს არ გამოიღებს, – აღნიშნა სერგეი კუპრიანოვმა, – “გაზპრომი” საკუთარი რესურსების მოძიებას გაზის მიწოდების დეფიციტის დასაფარად საქართველოში დაიწყებს.”

როგორც საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, “არავითარი შეზღუდვები არ იქნებოდა, თბილისში გაზის ყველა მომხმარებელს “თბილგაზის” მაგალითისთვის რომ მიემართა, “იტერასთან” ხელშეკრულება დროულად გაეწყვიტა და “გაზპრომთან” ემუშავა.

საქართველოში გაზმომარაგებასთან დაკავშირებული სიტუაცია კარდინალურად მხოლოდ ორი წლის შემდეგ შეიცვლება, როდესაც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გაზსადენის მშენებლობა დასრულდება. მაშინ საქართველო მხოლოდ აზერბაიჯანიდან თურქეთში 300 მლნ კუბმატრი გაზის უფასო ტრანზიტს მიიღებს და საშუალება ექნება 500 მლნ კუბმეტრი შეღავათიანი ტარიფებით შეიძინოს. თუმცა, საქართველოს მოთხოვნილება საწვავის ამ სახეობაში მთლიანად მაინც არ დაიფარება – ეკონომიკის ნორმალური ფუნქციონირებისათვის და მოსახლეობის გაზით უზრუნველსაყოფად 2,5 მლრდ კუბმეტრია საჭირო. ასე რომ, საქართველო სამომავლოდაც, ნებისმიერი ორიენტაციის პირობებში რუსული მიწოდებების გარეშე ვერაფერს გახდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომწოდებლის არჩევა უკვე დღეს არის საჭირო.

საქართველოს მოსახლეობა უკვე დიდი ხანია შეეჩვია რუსეთ-საქართველოს სახელმწიფოებრივ უთანხმოებებს, რომლებიც, ბუნებრივია, ქვეყნის ენერგომომარაგებაზეც აისახება, თუმცა, ამჯერად მოსალოდნელი ენერგოკრიზისის მიზეზი საწვავის ორი უმსხვილესი მომწოდებლი კომპანიების საერთაშორისო ჯგუფების – “იტერასა” და რუსულ “გაზპრომს” შორის ურთიერთობების დაძაბვა გახდა.

“იტერა” უკვე რამდენიმე წელია გაზით ამარაგებს საქართველოს უმსხვილეს საწარმოებს: “აზოტს” და რუსთავის მეტალურგიულ კომბინატს, ზესტაფონის ფერადშენადნობების ქარხანას და ასევე აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობას. წლის დასაწყისიდან გაზის მოწოდება აშკარად შეფერხებებით ხორციელდება. იანვარში “იტერამ” საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს (საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გავლით) წლიური კონტრაქტებით და იანვრის გრაფიკით გათვალისწინებული ასობით მილიონი კუბმეტრი გაზიდან არაფერი მიაწოდა. კონცერნ “გაზპრომის” წყალობით “იტერამ” გაზსატრანსპორტო სისტემის გამოყენების საშუალება დაკარგა. როგორც აღმოჩნდა, ამ სქემიდან “იტერა” მისმა ტრადიციულმა კონკურენტმა “გაზპრომმა” ამოაგდო.

გასული წლის ივლისში საქართველოს სათბობენერგეტიკის სამინისტროს და “გაზპრომს” შორის დაიდო 25-წლიანი კონტრაქტი, რომლის თანახმადაც, საქართველოს გაზს “იტერას” ნაცვლად “გაზპრომი” მიაწვდიდა. არ არის გამორიცხული, რომ მალე რუსმა მონოპოლისტმა თავისი გაზის მიწოდების შეწყვეტა მოითხოვოს იმ მომხმარებლებისათვის, რომლებსაც მასთან კონტრაქტი არა აქვთ. “გაზპრომის” ხელმძღვანელის პრეს-მდივანმა, სერგეი კუპრიანოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კონფლიქტის მიზეზი მხოლოდ ეკონომიკურ ხასიათს ატარებს. ” მზად ვართ, გაზი საქართველოს “იტერასთან” ერთად მივაწოდოთ, – განაცხადა მან, – თუმცა ჩვენი მოწინააღმდეგეს ამ მომენტისათვის ამ მოწოდებების უზრუნველსაყოფად გაზის საკმარის რაოდენობა არ გააჩნია. თურქმენული გაზის მიწოდება ხორციელდება უპირველეს ყოვლისა მთავრობათაშორის ან სახელმწიფოთაშორის არსებული შეთანხმებების საფუძველზე. სუფთა კომერციული კონტრაქტები, როგორც, მაგალითად, “იტერას” თურქმენეთთან აქვს, ხორციელდება ე. წ. ნარჩენობის პრინციპით”. სერგეი კუპრიანოვმა დაადასტურა, რომ “გაზპრომის” ხელმძღვანელობამ ქართულ კომპანიას, რომელიც გაზის ტრანსპორტირებას ახორციელებს, მას იმ მომხმარებლების გათიშვა მოსთხოვა, რომლებთაც კონტრაქტები “იტერასთან” აქვთ. “აქ ყველაფერი ლოგიკურია, – განაცხადა მან, – დღეს საქართველოში მხოლოდ ჩვენი გაზის მიწოდება ხორციელდება”.

საკითხავი მხოლოდ ის არის, ვინ გადაიხდის მის საფასურს, როდის და როგორ. ჩვენ არავისთვის ვაპირებთ გაზის უფასოდ მიწოდებას”. შედეგად, გაზს მხოლოდ “თბილგაზი” მიიღებს, რომელმაც გასულ ზაფხულს “იტერასთან” თანამშრომლობაზე უარი განაცხადა და კონტრაქტი “გაზპრომთან” გააფორმა, ასევე “რაო აეესი” და რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი საწარმოები, რომლებიც “გაზპრომის” მოწოდებებზე მუშაობენ.

ამგვარად, “გაზპრომი” საქართველოში მონოპოლისტი ხდება, მაგრამ რეალურად არაფერი იცვლება. “იტერა” საერთაშორისო კომპანიაა, მაგრამ ამავე დროს “გაზპრომის” შვილობილი კომპანიაც. ბოლო დროს ბიზნესში გავრცელებული ტენდენციის შესაბამისად, შვილობილი კომპანიები ერთიანი ჯაჭვიდან ვარდებიან. “იტერა” გაზს “გაზპრომისაგან” ყიდულობდა და მის ტრანსპორტირებას საერთაშორისო კომპანიის მეშვეობით ახორციელებდა. ფაქტიურად, საქართველო დამოკიდებული იყო რუსეთის გაზზე. მომავალში ჩვენ გაზს მხოლოდ “გაზპრომი” მოგვაწვდის და სავარაუდოდ, სატარიფო პოლიტიკაც შეიცვლება.

ანალოგიური სიტუაცია შეიქმნა “AES თელასსა” და “რაო აეესს” შორისაც, თუმცა უმნიშვნელო განსხვავებები აქ მაინც არის. თუ იტერა ფორმალურად საერთაშორისო კომპანია იყო, ამ შემთხვევაში “AES” ამერიკული კომპანიაა, თუმცა ენერგიას იგი რუსული კომპანიისგან (“რაო ეესი”) ყიდულობდა, ანუ “AES” ჰოლანდიაში თავისი აქტივებით შვილობილი კომპანია – “AES Silke Road ” დააარსა, რომელიც “რაო აესის” შვილობილმა კომპანიამ “Nordic Own”-მა შეიძინა.

რუსეთი ქართულ ენერგოსექტორში მონოპოლისტი ხდება. ქართული ენერგეტიკა კი, ის დარგია, სადაც პუტინისა და ბუშის გზები იკვეთება, ანუ პუტინის ხელისუფლებას ამ შემთხვევაში კოზირი აქვს ჯორჯ ბუშის წინააღმდეგ. Gგასათვალისწინებელია ისიც, რომ რუსეთი მსოფლიო ეკონომიკურ პოლიტიკაში არც ისეთი აუტსაიდერია. ბუშის ადმინისტრაციას სერიოზული პრობლემები აქვს, ვინაიდან არაბული გაზის და ნავთობის შეცვლა მას მხოლოდ რუსულით შეუძლია. ამიტომ “რაო აეესის” და “გაზპრომის” მონოპოლიზმი გაზის და ენერგეტიკის სფეროში ბუნებრივიცაა და ლოგიკურიც. მით უმეტეს, რომ ამერიკულმა “AES” “თელასს” თავისი წილი – აქციების 25%, მე-9 და მე-10 ბლოკები, “AES მტკვარი”, “ხრამ 1” და “ხრამ 2” “რაო ეეს”-ს საკუთარი სურვილით დაუთმო.

რაც შეეხება “იტერას” პოზიციას, მისი სურვილი, ეკონომიკის და მარკეტინგის თვალსაზრისით, სავსებით ბუნებრივია. ფაქტია, რომ დედობილმა კომპანიამ – “გაზპრომმა” თავისი შვილობილი კომპანია “გადაყლაპა”. გასულ წელს ეს ტენდენცია მსოფლიო ეკონომიკაში ძალიან გაძლიერდა. იგი დასაბამს ბიზნესში იღებს. უკრაინელი მეცნიერი, ხარკოვის და მოსკოვის უნივერსიტეტების პროფესორი, დოქტორი ანატოლი სოლოპი თავის წიგნში “ბიზნესის საიდუმლოებანი” ამ ტენდენციას მარტივად აღიქვამს. “ბიზნესში არ არსებობს აკრძალული მეთოდები, ყველა მეთოდი გამართლებულია… იმარჯვებს ის, ვინც უფრო ძლიერია….ბიზნესმენი ყოველთვის უნდა ფლობდეს სერიოზულ კომპრომატებს მისი კონკურენტის წინააღმდეგ და აუცილებლობის შემთხვევაში მათი გამოყენება უნდა შეძლოს. ერთ სფეროში მომუშავე ბიზნესმენები ცდილობენ გაერთიანებას, ძლიერი კომპანიები ყოველთვის ცდილობენ გადაყლაპონ (შემოიერთონ) სუსტი, იმისთვის, რომ მომხმარებელი არ დაზარალდეს… მომხმარებლის ინტერესები ბიზნესის ერთ-ერთი პირობაა”, – წერს ანატოლი სოლოპი.

აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ “გაზპრომმა” “იტერა” გადაყლაპა, “რაო ეესმა” კი “AES”. თუმცა ჩნდება ლოგიკური კითხვა, ანატოლი სოლოპი არ აკონკრეტებს ბიზნესის სფეროებს და დარგებს. საინტერესოა, რამდენად ეთიკურია ბიზნესი და ტენდენცია მოსახლეობისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის დარგში, რომელიც პირველადი მოხმარების საგანს წარმოადგენს ადამიანებისათვის პურთან და წყალთან ერთად. სოლოპის რეცეპტი იმ შემთხვევაში გაამართლებს, თუ ჩუბაისი ელექტროენერგიის ტარიფს შეამცირებს, “გაზპრომის” ხელმძღვანელი, ალექსეი მილერი კი – გაზისას. …

ამგვარად, ოფიციალურად საქმე თურქმენეთის ტერიტორიით გამავალი მილსადენების არასაკმარის სიმძლავრეებამდე იყო დაყვანილი. ცნობილია, რომ “გაზპრომი” გაზსადენების უზბეკური სისტემის ოპერატორია.

2004 წელს უზბეკეთში კომპანია “იტერას” თურქმენული გაზის ტრანზიტი უნდა განეხორციელებინა. მან “გაზპრომს” საქმიანი წინადადება შესთავაზა – იმ შემთხვევაში, თუ იგი დსთ-ის ტერიტორიაზე “გაზპრომის” კონტრაქტით ტრანზიტით გაზის გაატარებას დათანხმდებოდა, “იტერა” მას სვერდლოვსკის ოლქში თავის გაზსადენებს დაუტოვებდა და თურქმენულ გაზს დაუთმობდა. კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც, ეს კომპანია ვალდებული იყო ქვეყანისათვის გაზი მიეწოდებინა, 2003 წლის ბოლოს ამოიწურა. ამ დროისთვის უკვე არსებობდა ეჭვები, რომ “იტერას” კონტრაქტს გაუგრძელებდნენ. ამ ეჭვს ისიც ადასტურებდა, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ედუარდ შევარდნაძეს, ისლამ კიარიმოვმა წერილი მაშინ გამოუგზავნა, როდესაც ქვეყანაში უკვე იყო საუბარი “იტერას” “გაზპრომით” შეცვლის შესახებ. “- არ არის გამორიცხული, რომ 2004 წლიდან “იტერა” საქართველოში თურქმენული გაზის ჩვენი მილსადენებით შემოტანას ვერ შესძლებს,” – ნათქვამია კიარიმოვის წერილში.

2004 წლის დასაწყისიდან მაგისტრალური მილსადენი საქართველოში მხოლოდ “გაზპრომის” მოწოდებებზე მუშაობს, რომელიც რუს მონოპოლისტს ეკუთვნის.

“გაზპრომის” პოზიცია სავსებით ლოგიკურად გამოიყურება: უზბეკეთის გაზსატრანსპორტო სისტემა მისი დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, 41 მლრდ კუბმეტრ გაზზე მეტს ვერ გაატარებს, ეს მოცულობები კი უკვე დაკავებულია.

“გაზპრომში” ამბობენ, რომ რეკონსტრუქციისა და დამატებითი სიმძლავრეების შემოღების გარეშე სიტუაცია ვერ გამოსწორდება, თუმცა ამ შემთხვევაშიც კი, 2004 წლის მეორე ნახევრამდე უცვლელი დარჩება.