ეკონომიკური საოცრება ჩინეთში

მოამზადა ლინა ეპიშევამ

ჩინეთი… ძველი და საიდუმლოებით მოცული ქვეყანა… რომლის ცივილიზაცია ხუთი ათასი წლისაა, ხოლო რევოლუციის შემდეგ დაბადებული ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა – 40-ის.

დღესდღეობით ჩინეთი არის ქვეყანა, რომელმაც გადალახა “კულტურული რევოლუციის” მძიმე შედეგები – ტრაგედია, რომელსაც საერთო არაფერი ჰქონდა კულტურასთან ან რევოლუციურ ტრადიციებთან; მან შეითავსა ძველი და თანამედროვე დრო. ამ ყველაფერმა ცვლილებების ატმოსფერო შექმნა, რითაც დღესდღეობით ქვეყნის ცხოვრება ხასიათდება.

ჩინეთი რევოლუციამდე იყო ნახევრად ფეოდალური ქვეყანა არანაციონალიზირებული ეკონომიკური სისტემით და გაუნვითარებელი წარმოებით, მაგრამ 1949 წლის შემდეგ რესპუბლიკაში მოკლე ვადის მანძილზე ინდუსტრიალიზაცია განხორციელდა, რომლის შედეგად, ბევრად გაიზარდა წარმოება და გაფართოვდა მრეწველობის დარგობრივი სტრუქტურა.

წინარევოლუციურ პერიოდში ჩინეთის ეკონომიკაში მრეწველობა მეორეხარისხოვან ადგილს იკავებდა. 1949 წელს ქვეყანა უკვე იკავებდა მსოფლიოში მეცხრე ადგილს ნახშირის და ოცდამეხუთე ადგილს ელექტროენერგიის წარმოებაში. ჩინეთი ინდუსტრიულ განვითარებაში ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებს 100-150 წლით ჩამორჩა. ამის გარდა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გამოცხადების მომენტამდე გრძელვადიანი სამხედრო მოქმედებების გამო ქვეყანა ვარდნას და ნგრევას განიცდიდა.

ჩინეთის ეკონომიკის თავისებურება ბევრად განპირობებულია ამ ქვეყნის ზომით. ამ თვალსაზრისით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა მართლაც გვახსენებს აშშ-ს მისი საქმიანობის აქტიურობის მრავალრიცხოვანი ცენტრებით, როგორიცაა: ნიუ-იორკი, ბოსტონო, სან-ფრანცისკო და ჩიკაგო. შედარებისთვის, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ეკონომიკური ცენტრების რიცხვი, როგორც წესი, შეზღუდულია. ასე, მაგალითად, აზიის ბევრ ქვეყანაში არსებობს მხოლოდ ერთი ეკონომიკური ან პოლიტიკური ცენტრი. საკმარისია გავიხსენოთ შემდეგი სახელები: სეული, ტაიბეი, ჯაკარტა ან ბანგკოკი. მსოფლიოში ეკონომიკური სიძლიერით მეორე ქვეყანაში, იაპონიაში საქმიანი ცხოვრება, ძირითადად, ტოკიოშია თავმოყრილი.

ჩინეთში დღესდღეობით არსებობს 166 ქალაქი 1 მილიონზე მეტი მოსახლეობით და ამ ქალაქებს გააჩნიათ ყველა აუცილებელი პირობა ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად. ქალაქებში მუშაობს უცხოური კომპანიების ბევრი ფილიალი, მათ შორის სამხრეთკორეული და იაპონური.

ჩინური მეგაპოლისების ეკონომიკური პოტენციალი ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ფიქრობენ. ამასთან, დღეს ეკონომიკური ზრდა უკვე არ არის მხოლოდ პეკინის, შანხაის ან სანაპიროზე მდებარე მცირერიცხოვანი ქალაქების პრეროგატივა. აქ ქალაქების ეკონომიკური ზრდა კვლავ ვითარდება სოფლის მეურნეობის ადგილობრივი რაიონების გადაუწყვეტელი პრობლემების ფონზე, მაგრამ ლოკალურ დონეზე ადგილობრივი ხელისუფლება ბევრს აკეთებს იმისათვის, რომ უცხოური ინვესტიციები მოზიდოს და შესაბამისად, მის დაქვემდებარებაში მყოფ პროვინციებში ეკონომიკური ზრდა დააჩქაროს. ადგილობრივი ხელისუფლება დაინტერესებულია უცხოური კომპანიების მოსვლით, რაც ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და მაშასადამე, ეკონომიკურ ზრდას.

ეკონომიკური რეფორმების დაწყებიდან 1978 წლიდან 1997 წლამდე ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი საშუალოდ წელიწადში 5,7-ჯერ, ანუ 9,6%-ით გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ მშპ 7,5 წელიწადში რეკორდული სისწრაფით ვითარდებოდა. ბოლო 19 წლის მანძილზე ჩინეთში მშპ-ის წარმოება ერთ სულ მოსახლეობაზე 4,4-ჯერ გაიზარდა, ხოლო შრომის წარმოება (მშპ ერთ დასაქმებულზე) – 3,6-ჯერ.

ეკონომიკური რეფორმების სახეები
ეკონომიკური პოლიტიკის ყოველი ძირითადი მიმართულება (დასაქმების, სოციალური, საგარეო ეკონომიკური, ფულად-საკრედიტო და საბიუჯეტო პოლიტიკა) ასახავს ეკონომიკურ ცხოვრებაში სახელმწიფოს მონაწილეობის უმთავრეს მაჩვენებლებს. მათი სხვადასხვაგვარი მოცულობა, აგრეთვე ცვლილებების სიჩქარე და მიმართულებები მოწმობს ამა თუ იმ ეკონომიკური მოდელის განხორციელებას

ეკონომიკური რეფორმების დროს პირველი ორი წლის განმავლობაში სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა ხვედრითი წილი 94,9%-დან 26,6%-მდე შემცირდა, 1995 წლისთვის კი – 18,9%-მდე.

სოციალური პოლიტიკა
ჩინეთში საკმაოდ დაბალია იმ ადამიანთა წილი, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდიებს, დოტაციებს და დახმარებებს ღებულობენ. მოგვიანებით რეფორმების დასაწყისში ეს წილი ორჯერ შემცირდა. მას შემდეგ, რაც დაეცა დახმარებების მოცულობა და იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ბიუჯეტიდან დახმარებას ღებულობდნენ, ჩინეთში სოციალურ უზრუნველყოფაზე და სამომხმარებლო სუბსიდიებზე დანახარჯების საერთო თანხა მშპ-ის 4,0%-დან 0,9%-მდე შემცირდა.

უმუშევრობის დახმარებებზე დანახარჯების შემცირების შედეგად, მნიშვნელოვნად დაეცა სტიმული შრომისუნარიანი მოქალაქეების უმუშევრებად რეგისტრაციისათვის. უმუშევრობის დონე თითქმის ორჯერ შემცირდა – 5,3-დან 2,9%-მდე, ხოლო მოსახლეობის დასაქმებულთა წილი 1978 წელს 42,3%-დან 1997 წელს 53%-მდე გაიზარდა, რაც ეკონომიკური განვითარების აჩქარებას უწყობდა ხელს.

საგარეო ეკონომიკური პოლიტიკა
ჩინეთში საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ლიბერალიზაციამ ამოსაღები იმპორტის საბაჟო გადასახდელების იმპორტის მოცულობიდან (1978 წელს) 17,7%-დან (1996 წელს) 2,5%-მდე შემცირება გამოიწვია. იგი, პრაქტიკულად, არ იყენებდა პროტექციონისტური პოლიტიკის ასეთ ინსტრუმნეტს, როგორიცაა: ეროვნული ვალუტის დევალვაცია. სავალუტო კურსის საშუალოწლიური ვარდნის ტემპები 1979-1997 წწ. (8,3%) საკმაოდ ზომიერი იყო. ლიბერალური საგარეო ეკონომიკური პოლიტიკის გატარების შედეგი იყო საგარეო ვაჭრობის მატების წლიური ტემპების ზრდა (1978 წელს) 2-3%-დან 17-20%-მდე (1996 წელს), აგრეთვე ექსპორტის და იმპორტის ხვედრითი წილის ზრდა რეფორმებამდე 5-6%-დან 15-17%-მდე. 18 წლის განმავლობაში ჩინური ექსპორტის მოცულობა 15,2-ჯერ გაიზარდა, ხოლო იმპორტისა – 12,5-ჯერ. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შედინება ჩინურ ეკონომიკაში მშპ-ის 0,11%-იდან 1978 წლიდან 1997 წელს 5,08%-მდე გაიზარდა. ამ ქვეყნის აქტიური მონაწილეობა შრომის საერთაშორისო განაწილებაში მისი ეკონომიკური ტემპების ზრდას უწყობდა ხელს.

ფულად-საკრედიტო პოლიტიკა
ჩინეთის ხელისუფლება რეფორმების მთელი პერიოდის განმავლობაში ზომიერ ფულად პოლიტიკას ატარებდა. 1992-1997 წწ. ეროვნული ბანკის კრედიტების მატების საშუალოწლიური ტემპები 15%-ს არ აღემატებოდა, ხოლო ფულადი მასის მატების ტემპები რეალური მშპ-ის მატების ტემპების გამოკლებით 17,3%-ს შეადგენდა. ამის გამო ჩინეთში საშუალოწლიური ინფლაციის ტემპები 10%-ზე ოდნავ მეტი იყო, ხოლო მისი უარყოფითი ზეგავლენა ეკონომიკურ განვითარებაზე – უმნიშვნელო.

საბიუჯეტო პოლიტიკა
ჩინეთში ინფლაციის შედარებით დაბალი ტემპების უზრუნველყოფა შესაძლებელი გახდა ფულადი მასის მატების ზომიერი ტემპის გამო, რომელიც, თავის მხრივ, განპირობებული იყო ეროვნული ბანკის ზომიერი დაკრედიტებით. დაკრედიტების ზომიერი მასშტაბების შენარჩუნება შესაძლებელი გახდა საბიუჯეტო დეფიციტის უმნიშვნელო დეფიციტის გამო. მისი მოცულობა მშპ-ის 5,1%-დან 1979 წლიდან 1981 წელს 1,2%-მდე შემცირდა და რეფორმების პერიოდის განმავლობაში მშპ-ის 1,4-2,2% ფარგლებში იმყოფებოდა.

ჩინეთის ხელისუფლებამ მოახდინა მსოფლიო ეკონომიკურ პრაქტიკაში გადასახადების უმაგალითო შემცირება – მშპ-ის 30,4%-დან (1979 წლიდან) 10,3%-მდე (1996 წელს). გადასახადების შემცირებამ სახელმწიფო შემოსავლების ვარდნა გამოიწვია – მშპ-ის 31,3%-დან (1979 წელს) 11,5%-მდე (1996 წელს).

სახელმწიფო შემოსავლების კოლოსალურ შემცირებას დესტაბილიზირებული მაკროეკონომიკური შედეგები არ გამოუწვევია, იმიტომ, რომ ამასთან ერთად ხორციელდებოდა სახელმწიფო დანახარჯების რადიკალური შემცირება – მშპ-ის 36,4%-დან (1979 წელს) 13,1%-მდე (1996 წელს). შემცირებულ იქნა დანახარჯების, პრაქტიკულად, ყველა შემადგენელი ნაწილი, განსაკუთრებით დანახარჯები ინვესტიციებზე, სუბსიდიებზე, დოტაციებზე, თავდაცვაზე, სახალხო მეურნეობაზე და სოციალურ უზრუნველყოფაზე. სახელმწიფო მოხმარება 15,2%-დან 10,6%-მდე შემცირდა. საერთო სახელმწიფო დანახარჯების სტრუქტურაში – ცენტრალური ხელისუფლების დანახარჯები მშპ-ის 20,7%-დან 3,8%-მდე. დანახარჯების კლება პროვინციულ დონეებზე განხორციელდა ნაკლებ, მაგრამ შტამბეჭდავ ფარგლებში – მშპ-ის 15,7%-დან 8,3%-მდე.

ეკონომისტთა აზრით, 2004 წელს ჩინეთში შენარჩუნდება განვითარების იგივე ტენდენცია, რაც 2003 წელს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ წელს მოსალოდნელია ეკონომიკის 8,5%-იანი ზრდა. ჩინელ ეკონომისტთა აზრით, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია ეკონომიკური ზრდის ტემპების შემცირება, 2004 წელს სწრაფი განვითარების ტენდენცია მაინც შენარჩუნდება. 2003 წელს ჩინეთის ეკონომიკის ზრდამ 2004 წელს კაპიტალდაბანდებების გარზდისათვის კარგი საფუძველი შექმნა. წელს მოსალოდნელია დაბანდებების დაახლოებით 10%-იანი ზრდა. 2003 წლის პირველი სამი კვარტლის განმავლობაში ჩინეთის საწარმოების მიერ მიღებულმა მოგებამ 572 მილიარდი და 770 მილიონი იუანი შეადგინა, რაც 49%-ით მეტია 2002 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე. მოგების სწრაფი ზრდა ხელს უწყობს კაპიტალდაბანდებების მთლიანი თანხის ზრდას. ამასთან, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა პირობები კოლექტიური და კერძო სექტორის განვითარებისათვის.

ზოგი ქვეყნების მიერ სავაჭრო ბარიერების შემოღების, ექსპორტირებულ პროდუქციაზე გადასახადის დაბრუნების პოლიტიკაში ცვლილებების და აგრეთვე სხვა ფაქტორების გამო 2004 წელს ჩინეთის ექსპორტში მოსალოდნელია ზრდის ტემპების შემცირება. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ამ წელს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის, მაგრამ ჩინეთის ეკონომიკის სწრაფი ზრდის ტენდენცია არ შეიცვლება, რადგან სამწლიანი რეგულირების შედეგად მსოფლიო ეკონომიკის მომდევნო განვითარება ამ წელს გაგრძელდება. ეს ხელს შეუწყობს ჩინეთის საგარეო ვაჭრობის გაფართოებას. ამის გარდა, კარგი საინვესტიციო კლიმატი და იაფი, ხარისხიანი სამუშაო ძალა არის უცხოური ინვესტიციების მოზიდვის შემდგომი გარანტია.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების შემდეგ ჩინეთის საექსპორტო პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ეკონომისტთა აზრით, მომავალში საექსპორტო პროდუქციის ნუსხის განახლება სავაჭრო სტრუქტურის ოპტიმიზაციას შეუწყობს ხელს. ელექტრო-მანქანადსამშენებლო საქონელი ჩინეთის საექსპორტო პროდუქციის მთავარ სახედ კვლავ დარჩება. მიუხედავად იმისა, რომ 2004 წელს ჩინეთის ექსპორტის ზრდის ტემპები საგრძობლად დაეცემა, ჩინეთის ექსპორტის მთლიანი მოცულობა გაიზრდება.

სტატისტიკის მონაცემების თანახმად, მოხმარების ზრდა დამოკიდებულია არა მარტო მოსახლეობის შემოსავლების დონეზე, არამედ მისი მომავლის რწმენაზე, ხოლო მოსახლეობის რწმენის გამყარება დამოკიდებულია ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობით და მთავრობის მიმართ ხალხის ნდობის ხარისხზე. ბოლო წლებში ჩინეთის ზოგიერთ რაიონში დაიწყეს სამომხმარებლო ხარჯების ზრდის პოლიტიკის გატარება. ჩინელების რწმენა სამომხმარებლო სფეროში თანდათან ძლიერდება. იზრდება მოთხოვნაც. ექსპერტთა პროგნოზით, 2004 წელს მოხდება სამომხმარებლო სტრუქტურის მომდევნო განახლება. გაიზრდება გლეხთა შემოსავალიც. ამასთან ერთად, ეკონომისტები აფრთხილებენ, რომ 2004 წელს შენარჩუნდება სიძნელეები, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე ქვეყნის ნორმალურ განვითარებას უშლიდა ხელს. ეს არის გლეხთა შემოსავლების ზრდის პრობლემა, დასაქმება, საბანკო კრედიტების ზედმეტი გაზრდა, განმეორებითი მშენებლობა დაბალ დონეზე, სტრუქტურული წინააღმდეგობები ეკონომიკაში. მთავრობამ არ უნდა გაუშვას შანსი ხელიდან და უნდა გადაწყვიტოს ეს პრობლემები, რათა აირიდოს ეკონომიკის მერყეობა და უზრუნველყოს მისი სწრაფი და ჯანმრთელი ზრდა.

მაშასადამე, ჩინეთის სწრაფი განვითარების მთავარი მიზეზი იყო გატარებული ეკონომიკური პოლიტიკის ხასიათი. ფართოდ გავრცელებული მცდარი წარმოდგენებების საწინააღმდეგოდ, ჩინეთში ჩატარდა არა თანდათანობითი (გრადუალური), არამედ ლიბერალური ეკონომიკური რეფორმები. ამასთან, გატარებული რეფორმების ლიბერალურობის და რადიკალურობის ხარისხს არ გააჩნია ანალოგი მსოფლიო ისტორიაში. ამ მოდელის პრაქტიკაში განხორციელების შედეგი იყო სახელმწიფო დატვირთვის მასშტაბების ყველა მიმართულებით უმაგალითო შემცირება, რამაც ჩინეთის ეკონომიკის რეკორდული ზრდის ტემპები უზრუნველყო. ლიბერალურმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ გამოიწვია არა მარტო ფენომენლური ეკონომიკური შედეგები, არამედ ხელი შეუწყო ადამიანთა განვითარების მაჩვენებლების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.

20 წლის უკან ჩინეთი “მშიერი” ქვეყანა იყო, ახლა კი, ის არა მხოლოდ თავის თავს “ინახავს”. მთელი მსოფლიო “გატენილია” ჩინური საქონლით, რომლის ხარისხი ზოგჯერ საკმაოდ მაღალია. ეს არის: რადიოელექტრონიკა, დანადგარები და ტექნოლოგიური მოწყობილობა, ლითონი, ქსოვილები, ხალიჩა, ათასობით თანამედროვე სათამაშო, სოფლის მეურნეობის პროდუქცია და მსუბუქი მრეწველობის ნაკეთობები. განვითარებულია შეიარაღების ექსპორტი, რომელიც, ძირითადად, რუსული ლიცენზიით იწარმოება.

მოკლე პერიოდის მანძილზე ჩინეთი ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნად იქცა და მსოფლიო ეკონომიკაში ღირსეული ადგილი დაიკავა.