რად დაუჯდება რუსეთს WTO-ში გაწევრიანება

მოამზადა სოფიკო სიჭინავამ

როგორც იქნა ევროგაერთიანებასთან მოინახა კომპრომისი და ეს უკანასკნელი რუსეთის WTO-ში შესვლას აღარ გაუწევს წინააღმდეგობას. მაისის შუა რიცხვებში გამართულ სამიტზე მხარეებმა ხელი მოაწერეს პროტოკოლს, რომლის თანახმადაც, ყველა გაუგებრობას წერტილი დაესვა და გახსნილი ბაზრებისკენ და ვაჭრობის ლიბერალიზაციისკენ გადადგმულ გიგანტურ ნაბიჯად მოინათლა.

რასაკვირველია, რუსეთისთვის ეს მართლაც გამარჯვებაა, რადგან
WTO-ში ხმათა 50% სწორედ ევროგაერთიანების ქვეყნებს ეკუთვნით, გარდა ამისა, აშშ-ს, კანადისა და იაპონიის მხარდამხარ ევროგაერთიანება შედის რუსეთის ძირითადი ოპონენტების სიაში, რომლებზეც სხვა ქვეყნები, რომლებიც ფედერაციასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ, იღებენ ორიენტაციას. ამიტომაც, ევროგაერთიანებასთან მიღწეული შეთანხმება სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებების დასასრულს ნიშნავს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ აშშ წლის ბოლომდე ხელს მოაწერს მსგავს პროტოკოლს და რუსეთი ბოლოს და ბოლოს WTO-ში გაწევრიანდება.

სულ რამდენიმე თვის წინ ევროგაერთიანებასთან რუსეთს იმდენად დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, რომ მსგავს პროტოკოლზე ხელმოწერის იმედი ჩვენს მეზობელს უახლოეს წლებშიც კი არ უნდა ჰქონოდა. ქვეყნები ერთმანეთთან ულტიმატუმების ენაზე საუბრობდნენ, ახალ “ცივ ომსა” და “რკინის ფარდაზეც” კი დაიწყო ლაპარაკი. ახლა კი, უეცრად სრული ურთიერთგაგების, მოლაპარაკებების დასრულებისა და პუტინისა და პროდის მეგობრული, დასამშვიდობებელი გადახვევის მოწმენი გავხდით.

სამიტამდე ბრიტანულმა ჟურნალმა – “The Economisc” რუსეთის ეკონომიკის არც თუ სახარბიელო მიმოხილვა გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში სიტუაციის პროგნოზირება შეუძლებელია. სტატიის ავტორების მოსაზრების თანახმად, რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ ღამე დაიძინონ ერთ, მაგრამ გაიღვიძონ სრულიად სხვა ქვეყანაში. ჟურნალი მხოლოდ ბრიტანეთში რედაქტირდება, მაგრამ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში გამოდის და ვრცელდება. მისი არსებობის მანძილზე ჟურნალი საათის მსგავსად, საერთაშორისო მასშტაბით საქმიანი კაცის ერთგვარ აქსესუარად იქცა. ამიტომ, დასკვნებს, რომელიც აქ არის მოყვანილი დიდი მნიშვნელობა აქვთ მათთვის, ვინც რუსეთით დიდად არ არის დაინტერესებული, მაგრამ სურვილი აქვს საქმის კურსში იყოს. სამიტის წინ მსგავსი სტატიის გამოქვეყნება ისეთ ჟურნალში, როგორიც The Economisc-ია, რუსეთისთვის მართლაც წამგებიანი იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, მოლაპარაკების პროცესზე ამას დიდად არ უმოქმედია.

სტატიის ავტორები პუტინის რეფორმატორობას ეჭვქვეშ აყენებენ და ამბობენ, რომ რუსეთის ეკონომიკის ახლანდელი წარმატება რეფორმების დამსახურება სულაც არ არის. რუსეთის პრეზიდენტის მთავარი შენატანი ამ საქმეში არა გადასახადების გამარტივება და დაწევა, არამედ გარკვეული სტაბილურობის შეგრძნების შექმნაა, რომელიც ხალხს და ბიზნესს აიძულებს პერსპექტივაზე იფიქრონ. დღეს რუსეთის ეკონომიკა აღმავლობას მხოლოდ მსოფლიო ბაზარზე ძვირი ნავთობის წყალობით განიცდის და ჟურნალის პროგნოზით, ნავთობის ბაზარზე ეს “არეულობა” ძალიან მალე დასრულდება, რაც საბოლოო ჯამში, სულაც არ არის გამორიცხული, ქვეყნის დეფოლტზე აისახოს. ამის რეალობა რუსეთში, ალბათ, 2-3 წელიწადში დადგება. ძლიერი ვალუტა იმპორტის ზრდას შეუწყობს ხელს და რუსული ექსპორტის კონკურენტუნარიანობას დააქვეითებს.

რა სურათი იქნება რუსეთში WTO-ში გაწევრიანების შემდეგ? რუსეთის ფედერაციის საიმპორტო საშუალო შეწონილი ტარიფი სამრეწველო საქონელზე 10-დან 7,6%-მდე შემცირდება, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე 13%-ზე მეტი არ იქნება, როგორც ამბობენ, ეს რუსეთის ფედერაციის ეკონომიკურ სტრატეგიას სრულად ესადაგება. შემცირდება გადასახადი, რომელსაც უცხოური ავიაკომპანიებისაგან იღებდნენ ციმბირზე ფრენისას – 2013 წლამდე ტარიფის დარიცხვის სისტემა მთლიანად ტრანსპარანტული და არადისკრიმინაციული უნდა გახდეს. მხარეებმა, როგორც იქნა მოაგვარეს მთავარი პრობლემა: რუსეთის შიდა ბაზაზე ენერგომატარებლების ფასი. მოლაპარაკების მაგიდასთან მჯდომმა რუსეთის წარმომადგნელებმა შეძლეს დაეცვათ პოზიცია და შეთანხმდნენ, რომ რუსეთი თვითონ გაარკვევდა ამ ფასებს და ენერგეტიკის სექტორის რეფორმირების პროცესში საერთაშორისო აზრს მხედველობაში არ მიიღებდა. მიუხედავად ამისა, მაინც გადაწყვიტეს, რომ გაზზე ფასები მაინც მოიმატებს მხოლოდ თანდათანობით, ისე როგორც ამას რუსეთის ენერგეტიკული სტრატეგია ითვალისწინებს. 2006 წლისთვის კბ.მ. გაზზე ფასი გაზრდილი იქნება ამჟამინდელი 27-28 დოლარიდან 37-42 დოლარამდე, ხოლო 2010 წლამდე 49-57 დოლარამდე გაიზრდება. გარდა ამისა, ევროპელები დაეთანხმნენ იმას, რომ “გაზპრომი” გაზის ექსპორტში მონოპოლიას შეინარჩუნებს. მეორე რუსული მონოპოლისტი “როსტელეკომი” რეფორმირებას დაექვემდებარება, მაგრამ ისიც თანდათანობით.

საერთო ჯამში გამოდის, რომ ხელმოწერილი პროტოკოლი თითქმის მთლიანად რუსეთის სტრატეგიას და პოზიციას შეესაბამება. ევროკომისიის წევრი, პასკალ ლამი პროტოკოლზე საუბრისას ხაზს უსვამდა, მიღწეულ კომპრომისს – ევროგაერთიანება ბევრ დათმობაზე წავიდა – აცხადებს იგი. რუსეთში კი ამას ძალიან მარტივ პასუხს უძებნიან: ეს ევროგაერთიანება ილტვის რუსეთის ბაზრისკენ და არა პირიქით.

თუმცა, რუსეთში მიიჩნევენ, რომ მათ ნელ-ნელა და ძალიან ფრთხილად ყიდულობენ. სამიტზე ხომ მხოლოდWTO-ზე არ მიმდინარეობდა საუბარი, არამედ მთავარი თემა გახლდათ რუსეთსა და ევროგაერთიანებას შორის ოთხი “საერთოევროპული სივრცის” მშენებლობა: ეკონომიკური, სასამართლო და შინაგან საქმეთა, გარე უსაფრთხოება და მეცნიერება კულტურასთან ერთად. რუსეთში მიიჩნევენ, რომ რუსეთის ამ სივრცეში “ჩათრევით” ევროგაერთიანება მას ახლო აღმოსავლეთისგან ჭრის. საბაჟო კონტროლის გაძლიერებას მოითხოვენ, შემდეგ დსთ-ს წევრი ქვეყნებიდან მიგრაციის შეზღუდვას და თუ რუსეთი WTO-ში შევა, გაურკვეველია, რა ბედი ეწევა ერთიან ეკონომიკურ ზონას. თუმცა, რუსეთის ხელმძღვანელობა აღნიშნავს, რომ აქ პრობლემები არ არსებობს, მაგრამ რუსეთში მაინც ფიქრობენ, რომ ევროგაერთიანებაში არ სურთ, რუსეთმა თავისი იმპერია შექმნას და ამისთვის ყველაფერს აკეთებენ.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში დღემდე ბევრს საუბრობდნენ WTO-ში გაწევრიანების ავ-კარგიანობაზე, ამ საკითხზე დებატები დღესაც გრძელდება. რუსეთი ეიფორიის ქვეშ არის და რა თქმა უნდა, აქ გასაკვირი არაფერია: ევროგაერთიანების ყველა წევრ ქვეყანასთან საერთო ენა გამოძებნილია, მაგრამ ასევე, შეთანხმებულია ყველა საბაჟო მოსაკრებელი და ტარიფი იმ საქონელზე, რომელიც რუსეთიდან ევროგაერთიანების ქვეყნებში შედის და პირიქით. შეთანხმებულია შიდა ბაზარზე მომსახურებისა და საქონლის შესვლის წესები, ასევე, დაწესებულია ყველა გარდამავალი ვადები ამა თუ იმ ცვლილებისთვის და ამდენად, WTO-ში შესვლის შემდეგ, არც ერთი ტარიფი თუ მოსაკრებელი არ შეიცვლება. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ევროგაერთიანებიდან საქონელბრუნვა რუსეთის მთელი საგარეო ვაჭრობის მოცულობის ნახევარს შეადგენს.

ცოტა ხნის წინ ამერიკელებიც აცხადებდნენ, რომ ისინი მოლაპარაკებას წლის ბოლომდე დაასრულებდნენ, მათთან მთავარი პრობლემა ინტელექტუალური საკუთრების დაცვაა, რომლის გადაწყვეტასაც ისინი მოითხოვდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, რუსეთს ეს ჯერ არ შეუძლია. იაპონიასთან მოლაპარაკებაშიც შეიმჩნევა გარკვეული პროგრესი, მაგრამ აქაც არის ძირითადი პრობლემა ავტომობილების ტარიფების სახით.

“მძიმეწონიანთა” კატეგორიაში რჩება ჩინეთი, მაგრამ აქ გარკვეული სპეციფიკაა და ევროგაერთიანებას მოლაპარაკების გამოცდილება დიდად ვერ წაადგება. რუსეთის ბაზარზე ტრადიციული ტექსტილისა და ფეხსაცმლის (რომლითაც მსოფლიო წალეკეს) შეღწევის გამარტივების მოთხოვნის პარალელურად, ჩინეთმა ასევე შავი ხიზილალას შეტანაზე ტარიფის შემცირება მოითხოვა. როგორც ჩანს, ჩინელები ცდილობენ რამდენიმე წლის შემდეგ მისი წარმოების გაფართოებას და გასაღების ბაზარზე წინასწარ ფიქრობენ, თუმცა, ბოლოს და ბოლოს, ეს მოთხოვნა, როგორც იქნა, მოიხსნა, მაგრამ მთავარი – რუსეთის შრომის ბაზარზე მუშა-ხელის შეშვების მოთხოვნა ისევ ძალაშია.

ასე რომ, “ევროპული” შეთანხმებით, WTO-ში გაწევრიანებაზე სიძნელეები არ იხსნება. ახლა უკვე ევროგაერთიანებასაც მოუწევს მოლაპარაკებების გაგრძელება, მხოლოდ არა ორმხრივი, არამედ უკვე მრავალმხრივი. მომდევნო რაუნდი გათვალისწინებულია ივლისში, WTO-ს შტაბში (ჟენევა).

ექსპერტები ამტკიცებენ, რომ რუსეთს WTO-ში გაწევრიანებისთვის გადახდა მოუწევს, პირველ რიგში, გაზზე შიდა ბაზარზე ფასის მომატებით და რუსეთის მილსადენებთან უცხოელების მიშვებით. ხელმოწერილ შეთანხმებაში წერია, რომ ხელისუფლება შექმნის აუცილებელ პირობებს, იმისთვის, რომ გაზის მწარმოებლებმა შიდა ბაზარზე წაგება არ ნახონ. ასევე მინიშნებულია, რომ რუსეთი შეასრულებს პირობას ტრანზიტის თავისუფლებაზე. მაგრამ, თუ რას ნიშნავს ეს, კონკრეტულად რუსეთსა და ევროგაერთიანებას შორის სპეციალური შეთანხმების ჩარჩოში გაირკვევა.

შეთანხმების ზოგადი პოლიტიკა ასეთია: რუსეთს მოუწევს იმ ბაზრების ლიბერალიზაცია, რომელზედაც რუსული კომპანიები ან საერთოდ არ არიან, ან ძალიან კონკურენტუნარიანები არიან. რუსეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ენერგეტიკული სექტორი იყო, რუსებმა თავიანთი პოზიციის დაცვა მოახერხეს, ევროპელები “გაზპრომის” დაუყოვნებელ რეფორმირებას და გაზის ბაზრის ლიბერალიზაციას მოითხოვდნენ. რუსეთს მხოლოდ ერთი იურიდიული პასუხისმგებლობა აქვს: გაზპრომის შემოსავლიანობის მიღწევა, რაც ჩვენს ინტერესებშიცაა, ყველა სხვა დანარჩენი პასუხისმგებლობა პოლიტიკური ხასიათისაა, უფრო სწორად, მოსალოდნელი ღონისძიებების დეკლარირება, – ასე ამბობენ რუსი ექსპერტები.

რუსეთმა თავისი პოზიცია საფინანსო სფეროშიც დაიცვა. აქ უცხოური ფინანსური ორგანიზაციები პირდაპირი ფილიალებით ვერ იმუშავებენ. საქმე იმაშია, რომ ასეთ შემთხვევაში გასაცემი კრედიტების ზომა მიბმული იქნებოდა არა შვილობილის, არამედ, მისი “მშობლის” კაპიტალზე. მსოფლიოს წამყვანი ბანკების ეს მაჩვენებელი ბევრად აღემატება რუსეთის მთლიანი საბანკო სისტემის კაპიტალს, თან, მათთვის დასავლური იაფი ფული ხელმისაწვდომია.

დღეს უკვე ბევრ ექსპერტს ეჭვი აღარ ეპარება, რომ ოთხი ქვეყანა: რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი და ბრაზილია უახლოეს მომავალში სამრეწველო გიგანტებად გადაიქცევიან. რუსეთს WTO-ში შესვლა შანსს აძლევს, განახორციელოს ის, რაც, როგორც ამბობენ, წლების წინ არის ჩაფიქრებული – რუსული მრეწველობის დივერსიფიცირება. რუსეთს შეუძლია მოახერხოს ნედლეულის ექსპორტიორი ქვეყნიდან ძლიერ ეკონომიკურ ზესახელმწიფოდ გადაიქცეს, მაგრამ მისი ეკონომიკა იმ რისკებს გაურბის, რომელიც WTO-ში გაწევრიანებასთან არის დაკავშირებული. თუმცა, როგორც ჩანს, ყინული, როგორც იქნა გალღვა და რუსეთს WTO-ში გზა ხსნილი აქვს.