რედაქტორისაგან

ეკ. მეცნ. კანდიდატი ემზარ ჯგერენაია

“ჩემი” და “ჩვენი”, ანუ ვისია საქართველო
ყველა ბოროტება და უბედურება იწყება მაშინ, როცა ჩნდება “ჩემი” და “შენი”. არადა, ეს მაშინ მოხდა, როცა კაცობრიობა გაჩნდა და პირველ გამოქვაბულში ერთმა ველურმა მეორეს უთხრა – ეს ადგილი ჩემია და ის ნადირი ჩვენიო. იმის შემდეგ ადამიანის ინსტინქტში, რომელსაც ჩვენ ხშირად პავლოვის საწინააღმდეგოდ, ინტერესებს და არა ინსტინქტებს ვუწოდებთ, არაფერი შეცვლილა, გარდა მისი შეფუთვის ფორმებისა.

რაც უფრო ვითარდება კაცობრიობა, ეს ფორმები მით უფრო დახვეწილი და ვერაგი ხდება. დავის მუდმივი თემა – ჩემი თუ ჩვენი, ორი ბუმბერაზი მოაზროვნის პოლემიკის საგანია: პლატონის იდეალური საზოგადოება, მისი ატლანტიდა, რომელსაც მსოფლიო დღემდე უშედეგოდ ეძებს (რადგან, ჩემი აზრით, ის მხოლოდ პლატონის შემეცნებაში არსებობდა), პირველი პლატონისეული ხედვა საერთო საკუთრებაზე და ამაზე დაფუძნებულ ადამიანთა მოდგმის ჰუმანიზმზე, მეორე კი არისტოტელეს, ადამიანის ინსტინქტებზე დაფუძნებული რეალიზმი, “ჩემიათი” გამყარებული და კერძო მესაკუთრულისკენ მისწრაფება, რომელიც დღემდე გრძელდება.

ყველა ეპოქა ამ საკუთრების უფლების გამო დავობდა და ომობდა, მაგრამ საკითხი ვერ ამოწურა და დღეს ეს თემა ყველაზე მწვავედ დგას – საკუთრებითი უფლება, რომელიც ცდება მხოლოდ იმას – ფლობდე რაიმე ნივთს, ქონებას, მიწა იქნება თუ ქარხანა. ეს, ალბათ, მისი ყველაზე არასრული და მარტივი გაგებაა. ჩემი აზრით, პირველი არის – “გეყუდნოდეს თავი შენი”. თავის ანატომიით ურთულესი, ძალისხმევით და განხორციელებით უმძიმესი, მგონი, დიდი ილია თავის სიტყვებში უპირველესად ამას გულისხმობდა, ანუ სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას, სადაც საზოგადოება იქნებოდა თავისუფალ მესაკუთრე ადამიანთა კრებული. მესაკუთრეთა ტერიტორიულ-პოლიტიკურ წარმონაქმნს შექმნიდა, რომელსაც საერთო საკუთრებაში ექნებოდა დედამიწაზე ყველაზე დიდი საკუთრება – გადასახადის დადგენის საკუთრება, ეს არის ყველაფრის ამოსავალი, სუბსტანცია, ეს არის ყველაფრის ახსნა: გლობალურის, ლოკალურის, პოლიტიკურის თუ ეკონომიკურის. თუმცა, ისინი რამ გაყო ერთმანეთისგან? ყველა ტერიტორიული ომი ამ საკუთრების გამო ხდებოდა, ყველა კონფლიქტი დღეს ამას ეფუძნება, რადგან იგი გადაჯაჭვულია გადასახადის დაწესებზე მიღებული სიუხვის განკარგვასთან. პოლიტიკა არის ეკონომიკაში გადასახადის დაწესების, საკუთრების და მისი განკარგვის საკუთრებისათვის თამაშის წესების შექმნის და რეალური მესაკუთრის დადგენა. ანუ პოლიტიკაში გამარჯვება ლოკალურ და გლობალურ მასშტაბში ნიშნავს, მოიპოვო გადასახადის დაწესების საკუთრება და მისი განკარგვის უფლება. დანარჩენი ანტურაჟია და შეფუთვის ტექნოლოგია.

საკუთრების მესამე დონე, დედამიწაზე სიუხვის რესურსების ფლობაა, რადგან 21-ე საუკუნე გამძაფრებული რესურსების გადანაწილების გამო ომების ეპოქაა. ამას წინ ჩემმა ერთმა ბრძენმა მეგობარმა, ბატონმა ლადო თ.-მ ისიც მითხრა, რომ 2020 წელს სუფთა სასმელი წყალი უფრო დიდი ინტრიგის საგანი გახდება, ვიდრე დღეს ნავთობიაო. ძალიან შევშფოთდი, რადგან დინოზავრი ქვეყნების სრული ინტერესთა სფერო გავხდებით და მერე ნახეთ… დღეს მარტო გეოპოლიტიკაა ჩვენი საკუთრება და ამ სიუხვის გამო ლამისაა ხარჩოს ხახვივით აგვკუწონ და დაგკვუწონ, ამას წყლის მარაგიც თუ მიემატება!.. (რომლის რესურსითაც მსოფლიოში მესამე-მეორე ადგილზე ვყოფილვართ, მაგრამ არა დილიჟანის შემდგომ) მაგ დროისთვის ქართულად მოაზროვნე და მოსაუბრე ადამიანი ისეთი საძებნელი და დეფიციტური გახდება, როგორც ცირკის წინ ქალიშვილი. არა, იმათ რაღას ვერჩი, საკუთრების უფლება მოპოვებული აქვთ, მაგრამ მგონი გადასახადის დაკისრების უფლება იქაც გასხვისებულია.

ასე რომ, ეკონომიკის აღორძინების და ჭოჭინის დახმარებით ფეხზე დაყენების გასაღები საკუთრების უფლებების გარკვევაშია და დროა, აქედან დავიწყოთ. იქნებ დიდი ხანია დაწყებული გვაქვს და ისიც გადავწყვიტეთ, ვისი საკუთრება ვართ? ვხუმრობ, ვიცი, რომ გადაწყვიტეთ და ისიც ვიცი, ვისიც ვართ. ისე ვიკითხე. მაგრამ, მოდით, ბოლომდე გადავწყვიტოთ და თან, რაც შეიძლება სწრაფად, რადგან საქართველო დიდხანს ვერ აიტანს ორი ბატონის მსახურობას. მით უმეტეს, სამის. თუკი ბატონი არჩეულია, საჯაროდ განვაცხადოთ, ესეც სიყვარული ხომ არაა, რომ რუსთველს დავუჯეროთ და დავმალოთ. ვიცი, მაგრამ კიდევ ერთხელ მითხარით, ვისი ვართ? ვიცი, პასუხი გამახარებს და მინდა ამ მაისის წვიმით დამბალ და მორცხვი მზისგან ოხშივარადენილ ქვეყანას, მომავლის ალვის ხე ალალად დავურგო და ვუთხრა, პლატონისა და არისტოტელეს დავა – ჩემი და ჩვენი – აქ, საქართველოში გადაწყდა. ქართველები ყველაფერში პირველები და ორიგინალურები როგორ უნდა ვიყოთ? თუმცა, რატომაც არა? დავალაგოთ საკუთრების საკითხი და ქვეყანაც დალაგდება. თუმცა, მე მაგრად ვიჩაგრები, ჩემი თავი მე აღარ მეყუდვნის, შვილიშვილმა წამართვა და ის მაინც მითხარით, ვის ეკუთვნის და ვისია ჩემი ქვეყანა, გემუდარებით, მითხარით, გამიხარდება.