რედაქტორისაგან

ჯემალ ინაიშვილი

ჩვენო ერთგულო მკითხველო, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ. აპრილი დაძაბული თვე იყო საპარლამენტო ცხოვრებაშიც და პოლიტიკაშიც.
შიდა ეკონომიკური ტრანსფორმაცია და გარეშე ძალების წინააღმდეგ ომი ერთდროულად მოგვიხდა. მსოფლიოში საწვავსა და გაზზე ფასების ზრდის ფონზე, ფინანსურ-სოციალური სტაბილურობის შენარჩუნებაც დაგვჭირდა. ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის ეს მეტად მნიშვნელოვანი ეპოქაა. ამიტომაც, შევეცადეთ, აპრილის ნომერი ამ მრაველფეროვანი პროცესების სარკე ყოფილიყო.
ქვეყანაში საექსპორტო პოტენციალის მხარდასაჭერად და ახალი ბაზრის ასათვისებლად, სერიოზული მუშაობა დაიწყო. მსოფლიოს ყველაზე მზარდ და საინტერესო ქვეყანაში – ჩინეთში, პრეზიდენტის ვიზიტი ბიზნესმენთა დიდ ჯგუფთან ერთად, საექსპორტო ბაზრის გაფართოებას ემსახურებოდა. როცა სავაჭრო-სამრეწველო პალატა ჩინეთში საქმიანი და ოფიციალური ვიზიტისათვი ემზადებოდა, მთავარი ამ ბაზარზე სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა იყო. ჩინური გაკვეთილების გააზრება ეკონომიკურ რეფორმებში ჩვენთვის და კანონმდებელთათვის, ისეთი ადექვატური ნორმატიული ბაზის შემუშავებაა, რომელმაც ამ ქვეყანაში ეკონომიკის არნახული ზრდა და ინვესტიციების ბუმი უნდა უზრუნველყოს. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, ბევრი საინტერესო შეხვედრა ჰქონდა. ყველა მათგანის მიზანი, აზიურ ბიზნეს ოკეანეში ცურვის შესწავლა იყო. ამის შესახებ, სპეციალურად მომზდებულ მასალაში მოგითხრობთ. ასევე მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ძირითადი პარტნიორების – ამერიკელების გაცნობა. მითუმეტეს, დღევანდელი დაძაბული საერთაშორისო სიტუაციის ფონზე ირანთან მიმართებაში. ჩვენ შტატების ეკონომიკის მიმოხილვას გაწვდით. გაცნობთ, მომავალი საბიუჯეტო წლის პრიორიტეტებისა და ამ კონფლიქტის ანალიზს. ამ ფონზე, მეტად მნიშვნელოვანია, ენერგომატარებლების ფასების ზრდასთან დაკავშირებული და ქვეყანაში მომავალი სიტუაციების პროგნოზი. ამიტომ, შევეცადეთ სრულად მიმოგვეხილა ნავთობის ბაზარი და ტენდენციები. გვახსოვს ევროპული ინტეგრაციის საკითხებიც. ამ ფონზე, ეს თემებიც, ასევე მეტად აქტუალურია და არა მარტო ჩვენთვის, არამედ თვით ევროპისათვის, რომელიც ენერგო უსაფრთხოების ბალანსის ფარგლებში, ტრანსპორტირების უსაფრთხო გზას ეძებს.
აპრილის ბოლოს, ჩვენმა ჟურნალმა და სავაჭრო პალატამ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების ორგანიზაციასთან ერთად, ეკონომიკური რეფორმების ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხებზე – სერთიფიცირება, მეტეოროლოგია, აკრედიტაცია და სურსათის უსაფრთხოების პრობლემები საქართველოში, კონფერენციები გამართა. კონფერენციებში საერთაშორისო ორგანიზაციების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ბიზნესმენები და ექსპერტები მონაწილეობდნენ.
დღეს კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ჩვენი წარმოების, განსაკუთრებით საექსპორტო წარმოების განვითარების გასაღები, კიდევ მოსაძებნია. რაზე იმსჯელეს, და რა გადაწყვეტილებამდე მივიდნენ. გთავაზობთ ჩვენს მიმოხილვას.
მზადება მისაღები გამოცდებისთვის დასკვნით ფაზაში შედის. ეკონომიკისათვის ინტერესთა სფეროს, კადრები წარმოადგენენ. ამიტომ, მიმოვიხილეთ დღევანდელი პროფესიები, რომლებიც ჩვენს ახალგაზრდებს სერიოზულ წინადადებებს სთავაზობენ. მითუმეტეს, რომ კომპეტენტური კადრების გარეშე, რეფორმა ბოლომდე ვერ მივა. იმედია, მომავალ მენეჯერებს და ბიზნესმენებს დავეხმარებით პროფესიის რთულ არჩევანში.
მცირე ან საშუალო ბიზნესის დასახმარებლად ტრადიციულად გთავაზობთ საგადასახადო და საბუღალტრო მაცნეს.
აგრეთვე, მეცნიერების რუბრიკაში რამდენიმე საინტერესო დისკუსიას საქართველოს ეკონომიკის პრობლემებზე.
გმადლობთ, რომ ჩვენს ერთგულ მკითხველად რჩებით.