ნავთობის მძევლები?!

მოამზადა ამბროსი გრიშიკაშვილმა

ჩვენს ლამაზ, ლურჯ, როგორც ამას კოსმონავტები ამბობენ, პლანეტაზე მცხოვრები 6,302 მილიონი ადამიანიდან, 5,133 მილიონი შედარებით შეძლებულად ცხოვრობს. მხოლოდ 1,169 მილიონი ადამიანია ისეთი, რომლის დღიური შემოსავალი 1 დოლარს ვერ აღწევს. უნდა ითქვას, რომ ბოლო წლებში ამ მხრივ გარკვეული პროგრესია მიღწეული, რადგან 1990 წელს ეს ციფრი კიდევ უფრო მეტი იყო და დღეში “ერთდოლარიანთა” რიცხოვნობა 1,292 მილიონს შეადგენდა.

კიდევ ორიოდე ციფრი ამ პროგრესის თვალსაჩინოებისათვის: 1990 წელს სიღატაკეში ცხოვრობდა პლანეტის მოსახლეობის 24,5%, ახლა კი ეს ციფრი 18,5%-ა. ისე, შედარებისათვის, გვინდა ვთქვათ, რომ, მართალია, დღეში ერთი დოლარიც თანამედროვე პირობებში არც თუ ისე დიდი მაჩვენებელია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ XIX საუკუნის პირველ ნახევარში მსოფლიო მოსახლეობის იმ ნაწილის რაოდენობა, ვისი შემოსავალიც ერთ დოლარს შეადგენდა დღეში, მთელი მოსახლეობის თითქმის 90 პროცენტი იყო. ისე, რომ გარკვეული პროგრესი ამ მხრივ მართლაც სახეზეა.

მსოფლიო ბანკის ექსპერტების პროგნოზების მიხედვით, 2015 წლისათვის სიღატაკის მაჩვენებელი მსოფლიოში განახევრდება.

ვნახოთ, რამდენად გამართლდება ეს ვარაუდი, მანამდე კი გადავხედოთ ჩვენი სამყაროს იმ ერთ-ერთ რეგიონს, სადაც აღნიშნული ანუ სიღატაკის პრობლემა, თითქმის ყველაზე მწვავედ იგრძნობა. ეს არის არაბული სამყარო. ატარი, ქუვეიტი და კიდევ ერთიორი არაბული სახელმწიფო, ძირითადად, ნავთობის ექსპორტის ხარჯზე ცხოვრობენ და არც თუ ისე ცუდად. მაგალითად, კატარში მშპ მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით თითქმის 30000 აშშ დოლარს აღემატება. ამასთან, აქაური მოსახლეობა არ იხდის ელექტროენერგიის, გაზის, საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობის საფასურს. ამ ქვეყნებში ყოველი ახლადდაბადებული ბავშვის სახელზე ბანკში იხსნება ანგარიში და მასზე გარკვეული თანხა იდება. ამის და კიდევ სხვა მრავალი სოციალურ სიკეთეთა გამო, ცხადია, ეს ქვეყნები ადამიანის გონებაში მითიურ სამოთხესა თუ ელდორადოსთან ასოცირდებიან. თუმცა ყველამ როდი იცის, თუ როგორი რისკის ქვეშ იმყოფებიან აღნიშნული ქვეყნებიც კი და რა დიდი საშიშროება ემუქრება მათ კეთილდღეობას. მაგალითად, საკმარისია ამოიწუროს აქ არსებული ნავთობის მარაგი ან სამრეწველო, განვითარებულმა ქვეყნებმა ერთ მშვენიერ დღეს უარი თქვან ბენზინის მოხმარებაზე, რომ თითქმის ყველა ნავთობისმომპოვებელი ქვეყანა თავისი 300 მილიონი ადამიანით, ერაყიდან დაწყებული და მაროკოთი დამთავრებული, ძალზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდეს.

დღემდე მთელ ამხელა რეგიონში მსოფლიოში ცნობილი ერთი კონცერნიც არ შექმნილა. ამ ხალხის მონაწილეობით მიღებული მთელი პროდუქციის წილი მსოფლიოში წარმოებული პროდუქტის@2,5%-ს არ აღემატება. თითქმის ამდენივეა მათი მონაწილეობა მსოფლიო ვაჭრობაში, მიუხედავად იმისა, რომ ვაჭრობა ამ ხალხის ტრადიციულ საქმიანობას წარმოადგენს უძველესი დროიდანვე. ამ ქვეყნების ექსპორტი, თუკი მას ნავთობს გამოვაკლებთ, გაცილებით მცირეა, ვიდრე ფინეთის ექსპორტი. ექსპორტისთვის საჭიროა აწარმოო რაიმე ისეთი, რაც უცხოეთის ბაზრებზე გაიყიდება, მაშინ, როდესაც ადგილობრივი ნაწარმით ეს ქვეყნები საკუთარი ბაზრის მოთხოვნილებებსაც კი ვერ უზრუნველყოფენ. ნუთუ ტრადიციულ ხალიჩებს ამ ქვეყნებში სხვა ალტერნატივა არა აქვს?

არადა, ის ამბავი, რომ ერთ მშვენიერ დღეს ეს ქვეყნები შეიძლება ბანკროტობის წინაშე აღმოჩნდნენ, არც თუ ისე ძნელად დასაჯერებელია. ხომ ჰქონდათ უძილო ღამეები ამ ქვეყნების მეფეებს, შეიხებსა თუ სულთნებს 1999 წელს, როდესაც ოთხმოციანი წლების ეკონომიკური რეცესიის გამო ნავთობის ფასი დაბლა დაეცა და სპარსეთის ყურის მდიდარი არაბული ქვეყნები გაკოტრების საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ?!

მაშინ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ არა იმდენად საუდის არაბეთი ან ქუვეიტი, რომელთა ბიუჯეტის სამ მეოთხედსა და ექსპორტის 90 პროცენტზე მეტს სწორედ ექსპორტიდან შემოსავალი შეადგენს, არამედ ის არაბული ქვეყნები (იორდანია, ლიბანი, ეგვიპტე და იემენი), სადაც ნავთობის მარაგები დაახლოებით იმდენია, რომ მისგან მიღებული საექსპორტო შემოსავლები მედიკამენტების შესაძენად თუ ეყოფათ მხოლოდ. ამ ქვეყნებში ძირითადად იმით ცხოვრობენ, რომ აქაურები სამუშაოდ არიან გასულები ნავთობით მდიდარ რეგიონებში და იქედან სამშობლოში გაგზავნილი ფული წარმოადგენს ამ ქვეყნების მოსახლეობის ძირითად საარსებო წყაროს, ან შედარებით მდიდარი ექსპორტიორი ქვეყნები ეხმარებიან მათ. თუმცა, მათ სხვა დახმარებებიც აქვთ. მაგალითად, აშშ ყველაზე მეტ დახმარებას ისრაელის შემდეგ ეგვიპტეს უწევს. ამასთან, როგორც ამ ბოლო დროს ირკვევა, ზოგ ქვეყანას უკვე მოსწყინდა ღარიბი არაბული ქვეყნებისათვის დახმარების აღმოჩენა. მაგალითად, იემენს ამგვარი დახმარებების აღმოჩენა შეუწყვიტა საუდის არაბეთმა. ამ უკანასკნელს ამის საკმარისი მიზეზიც ჰქონდა. როგორც ცნობილია, ოპერაცია “უდაბნოს ქარიშხალის” დროს იემენმა დახმარება აღმოუჩინა ერაყს. ამის გამო საუდელებმა თავისი ქვეყნიდან გააძევეს მილიონზე მეტი იემენელი.

განვითარების უალტერნატივობა

არაბული ქვეყნების მმართველი წრეები თანდათან ხვდებიან იმას, რომ მათი ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას ალტერნატივა არა აქვს, რომ აუცილებელია რეფორმების გატარება და იმ დარგების მოდერნიზირება, რომლებიც ნავთობთან არ არის დაკავშირებული. ამაში განსაკუთრებით დარწმუნდა საუდის არაბეთი, რომელიც ნავთობის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია. კერძოდ, ნავთობის წყალობით იგი მთელ არაბულ სამყაროში წარმოებული მშპ-ს მეოთხედზე მეტს აწარმოებს. კერძოდ, ამ ქვეყნის ლიდერები უკვე ფიქრობენ იმის შესახებ, რომ თუ წარმოება რეალურად არ გამოცოცხლდება, მხოლოდ ნავთობიდან შემოსავლების საფუძველზე სამუშაო ადგილების გაზრდა და ამ გზით მოსახლეობაში სოციალური უკმაყოფილების ჩახშობა ნამდვილად უპერსპექტივო საქმეა. ეს პრობლემა დღეს თუ არა, ხვალ აუცილებლად უაღრესად მწვავედ დადგება ამ ქვეყნის ახლაგაზრდა საზოგადოების წინაშე. ჩვენ “ახალგაზრდა” შემთხვევით არ გვიხსენებია. საუდის არაბეთში მოსახლეობის ნახევარზე მეტს ხომ 15 წელი არ შესრულებია! ზოგიერთ სხვა არაბულ ქვეყანაში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია. ამიტომ ძნელი წარმოსადგენი არაა, თუ რა რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ამ ქვეყნების ხელისუფალნი, როდესაც მათი შრომის ბაზარს სულ მოკლე ხანში მილიონობით სამუშაოს მაძიებელი მიაწყდება. მაშინ ნამდვილად დასრულდება ის დრო, როდესაც ამ ქვეყნებში ყველას შეეძლო წყნარად სძინებოდა ნავთობიდან შემოსავლების წყალობით. სწორედ ნავთობის ხარჯზე 80-იანი წლების დასაწყისში საუდის არაბეთში იმდენივე მშპ იწარმოებოდა ერთ სულზე გაანგარიშებით, რამდენიც აშშ-ში, ანუ დაახლოებით 28 ათასი აშშ დოლარის ოდენობით. დღეს ეს მაჩვენებელი თითქმის სამჯერ შემცირდა და 10500 ათას დოლარზე მეტს აღარ შეადგენს, მაშინ, როდესაც ანალოგიურმა მაჩვენებელმა აშშ-ში უკვე გადააჭარბა ზემოთ აღნიშნულ დონეს. ცხადია, დღეს ამ ქვეყნების საზოგადოება უკვე კმაყოფილი აღარ უმზერს ხელისუფალთ, საზღვარგარეთის ბანკებში რომელთაც მილიარდობით ღირებულების ქონება აქვთ აკუმულირებული.
სიტყვამ მოიტანა და გვინდა აქვე მკითხველს გავაცნოთ ის ზოგიერთი მაკროეკონომიკური მაჩვენებელი, რომელიც არაბული სამყაროს ქვეყნებს ახასიათებს (იხ. ცხრილი).

როგორც ცხრილიდან ჩანს, არსებობს გარკვეული კორელაციური კავშირი მოსახლეობის განათლების დონეს, უმუშევრობისა და მშპ-ს წარმოებას შორის. და ეს ლოგიკურიცაა. იქ კი, სადაც ამგვარი ლოგიკური კავშირები არ იგრძნობა, ანუ ქვეყანა უწიგნურია, დაუსაქმებელია, მაგრამ საკმაოდ მაღალ დონეზე იწარმოება მშპ, როგორც ჩანს, საქმე ნავთობდოლარებთან გვაქვს. ასეა, მაგალითად, იორდანიისა და ქუვეიტის შემთხვევაში. როგორც ცხრილიდან ჩანს, იორდანიაში გაცილებით დაბალია უწიგნურთა დონე, ვიდრე ქუვეიტში, მაგრამ იმის გამო, რომ აქ დიდი რაოდენობით ნავთობდოლარებს იღებენ, ხოლო იორდანიაში – არა, მშპ-ს წარმოება ქუვეიტში გაცილებით მაღალია, ვიდრე იორდანიაში და არა მხოლოდ აქ……

დღის წესრიგშია განათლება

როდესაც საუკუნის მიწურულს არაბული სამყარო კრიზისის წყვდიადში აღმოჩნდა, ეკონომიკური ზრდა საუდის არაბეთში 0,5 პროცენტს შეადგენდა, ხოლო მის მეზობელ კატარში ამდენიც არ იყო. დღეს იგი გაცილებით მაღალია და შესაბამისად 3 და 4.6 პროცენტს შეადგენს. საუდელები ვერაფრით შეეგუვნენ იმ აზრს, რომ, როგორც ბიბლიაშია ნათქვამი, შვიდ მსუქან ძროხას შვიდი გამხდარი ძროხა შეცვლიდა და შესაბამისად, ხელიც არ გაუნძრევიათ სერიოზული რეფორმების გასატარებლად. სრულიად სხვაგვარად მოიქცნენ კატარში. აქ დაიწყეს რეფორმები ჯერ გაზის მოპოვების, გადამუშავებისა და ექსპორტის სფეროში, ხოლო შემდეგ მკვეთრად შეამცირეს ხელისუფლების ხელთ არსებული დოტაციებისა და სუბსიდიების ოდენობა. აქვე სერიოზული გარდაქმნები განახორციელეს პოლიტიკის სფეროშიც. კერძოდ, არჩვნებში მონაწილეობის უფლება დართეს ქალებს და ა. შ.

მრავალი არაბული ქვეყანა სხვადასხვა გზით ცდილობს თავი დააღწიოს კრიზისულ მდგომარეობასა და ეკონომიკურ სიდუხჭირეს. სირიაში მაღალი ტემპებით ახორციელებენ პრივატიზაციულ პროგრამებს, იორდანიამ აშშ-სთან მოაწერა ხელი ხელშეკრულებას თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე, პარალელურად ცდილობს მაქსიმალურად შეამციროს საგარეო ვაჭრობის უარყოფითი ბალანსი და ბიუჯეტის დეფიციტი. რაც შეეხება ეგვიპტეს, ტუნეზიას, მაროკოს და პალესტინის ავტონომიას, მათ საპარტნიორო ხელშეკრულებები გააფორმეს ევროკავშირთან.

ამ მხრივ მაინც გამორჩეულ პოზიციას იკავებს გახსნილი ეკონომიკის მქონე არაბთა გაერთიანებული ემირატები. მისი ქალაქი დუბაი ამ რეგიონისათვის სავაჭრო-საფინანსო ცენტრს წარმოადგენს. იგი აგრეთვე მთელი მსოფლიოდან დიდი რაოდენობით იზიდავს ტურისტებს. ამგვარი აქტიური ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია ის გარემოება, რომ ამ ქვეყანამ შეძლო ნავთობის მოპოვება-გადამუშავებიდან მიღებული შემოსავლები მშპ-ს 75%-დან 33%-მდე დაეყვანა. ცხადია, სხვა არაბულ ქვეყანასაც არაბთა გაერთიანებული ემირატებისათვის მიებაძა და მთელი თავისი შემოსავლები იარაღის შეძენასა და ურთიერთკინკლაობაში არ დაეხარჯა, მათი ეკონომიკური მდგომარეობა გაცილებით უკეთესი იქნებოდა.

დუბაი წარმოადგენს აგრეთვე იმის თვალსაჩინო მაგალითს, თუ როგორ შეუძლია გლობალიზაციას შეცვალოს მოსახლეობის ცხოვრების დონე. ამ ქალაქის ქუჩებში, ბაზრებში თუ სხვა ადგილებში, აშკარად იგრძნობა ცხოვრების გაუმჯობესება, უკეთესობისაკენ სვლა.

დუბაის ფონზე განსაკუთრებით ღატაკ, ჩამორჩენილ ქვეყნად გამოიყურება იემენი, რომელიც სურსათითაც კი ვერ იკმაყოფილებს საკუთარ მოთხოვნილებებს. ის კი არა და, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნის საზღვარს მრავალ კილომეტრზე ზღვის ზოლი მიუყვება, მარცვლეული კულტურებისათვის სარწყავი წყლით მომარაგების პრობლემაც კი ვერ მოუგვარებია.

როგორც ცნობილია, მრავალ არაბულ ქვეყანაში საკმაოდ ჰქონდა ფეხი მომაგრებული სოციალიზმს. ახლა, როდესაც ეს წყობა თითქმის მთელი მსოფლიომ უარყო, ზოგიერთი არაბული ქვეყნის ლიდერი მას საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ეფარება (როგორც, მაგალითად, კადაფი). პირდაპირ პარადოქსალურია: მრავალი არაბული ქვეყანა, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკურად უაღრესად ჩამორჩენილია, ისეთი ცხოვრების წესით ცდილობს იცხოვროს, როგორც მდიდარმა, – გაიღებენ დიდი რაოდენობით სუბსიდიებს მრავალი სახის პროდუქციის საწარმოებლად, ძალზე დაბალ დონეზე (ხშირ შემთხვევაში სიმბოლური მნიშვნელობა აქვს) არის დაყენებული გადასახადების მოკრების საქმე და ა. შ. ამ ქვეყნების ბიზნესმენები, ნაცვლად იმისა, რომ ბაზარზე, კლიენტზე იყვნენ ორიენტირებული, ცდილობენ, რაც შეიძლება კარგი ურთიერთობები იქონიონ მთავრობასთან, როგორც მათი წარმატებული ეკონომიკური საქმიანობის გარანტთან. რაც შეეხება მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას, თითქმის გამორიცხულია, რომ მათ ადგილობრივი “ფეოდალების” წინააღმდეგ ხმა ამოიღონ.

ამ ქვეყნების სტატისტიკური მონაცემებიდან აქაური საზოგადოების არნახული უთანაბრო განვითარება გამოსჭვივის. იმ ქვეყნებშიც კი, სადაც ეროვნული შემოსავალი თითქმის იმ დონეზეა, როგორც განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოში, უმუშევრობა ჯერ კიდევ ძალზე მაღალია. მაგალითად, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში თითქმის ყოველი მესამე ადამიანი უმუშევარია, 1,5 მილიონ ადამიანზე მეტი სოციალური დახმარებების იმედადაა, და ეს მაშინ, როდესაც მის მეზობელ ქუვეიტში უმუშევრობის მაჩვენებელი 7 პროცენტს არ აღემატება. სწორედ მოსახლეობის უწიგნურობაში, განუვითარებლობაშია საძიებელი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ამგვარი მდგომარეობის მიზეზები.

არაბულ სამყაროში ყველაზე წარმატებული ქვეყანა ვახსენეთ, ქუვეიტი. იგი, ალბათ, ერთადერთი ქვეყანაა მთელ არაბულ სამყაროში, რომელმაც შეძლო ნავთობის მარაგებიც ხალხის სამსახურში ჩაეყენებინა და მის პარალელურად ეკონომიკის განვითარებისათვის რეალური რეფორმებიც განეხორციელებინა. შედეგიც სახეზეა.

რაც შეეხება საუდის არაბეთს, ამ ქვეყანაში მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ ეროვნული შემოსავალი არათანაბრად, უფრო სწორი იქნებოდა თუ ვიტყოდით, არარაციონალურად არის გადანაწილებული. დამკვირვებელთა გაანგარიშებებით, ქვეყნის ქონების უდიდესი ნაწილი საუდების გვარის 500 ოჯახზე მოდის. ამ ადამიანთა უდიდეს ნაწილს უფრო საკუთარი კეთილდღეობა აღელვებს, ვიდრე ქვეყნის ბედი. ამის დამადასტურებელ საბუთს ისიც წარმოადგენს, რომ ქვეყნის კაპიტალის უდიდესი ნაწილი (ზოგიერთი გაანგარიშებით, 60 პროცენტზე მეტი) შეერთებულ შტატებშია გატანილი და დაბანდებული და არა ადგილზე, ეროვნულ მეურნეობაში. ეს კაპიტალი 420 მილიარდ დოლარს აღემატება. ამასთან, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან შეერთებულ შტატებში დაბანდებული კაპიტალის 35%-ზე მეტს შეადგენს.

შესავალ ნაწილში მსოფლიო ბანკის ექსპერტთა პროგნოზები ვახსენეთ, რაც მსოფლიოში სიღატაკის დაძლევას უკავშირდება. ამასთან ის ზოგიერთი რეკომენდაციაც გვინდა მკითხველს გავაცნოთ, რომელთა განხორციელების გარეშეც მსოფლიო ბანკის ექსპერტთა აზრით, ამ მაჩვენებლის მიღწევა შეუძლებელი იქნება. კერძოდ:

1. ღარიბ ქვეყნებთან ვაჭრობაში მდიდარმა ქვეყნებმა უნდა მოხსნან შეზღუდვები. უარი უნდა თქვან აგრეთვე იმ დოტაციებზე. რომლებსაც ამჟამად ინტენსიურად მიმართავენ აგრარული პროდუქციის წარმოების სფეროში და რომლის მოცულობაც წელიწადში 350 მლრდ დოლარს აღემატება;

2. აუცილებელია გაუმჯობესდეს ინვესტიციური კლიმატი განვითარებად ქვეყნებში. ეს ნიშნავს კორუფციასთან ბრძოლას, უკეთესი სამართლებრივი გარემოს შექმნას, პიროვნების დაცვის უკეთესი პირობების შექმნას და ა. შ.

3. აუცილებელია განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროს რადიკალური გარდაქმნა;

4. საჭიროა განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობისათვის სოციალური სისტემის გაჯანსაღება, რათა მას შეეძლოს გარკვეულ პერიოდში და ნაწილობრივ მაინც დაიცვას ამ ქვეყნების მოსახლეობა;

5. მდიდარმა ქვეყნებმა უნდა გაზარდონ განვითარებადი ქვეყნებისათვის დახმარებების მოცულობები. აღნიშნული მაჩვენებელი ბოლო ათწლეულებში (1947 წლის შემდეგ) მინიმალურ დონემდე დავიდა და იგი მდიდარი ქვეყნების მშპ-ს 0,22 პროცენტს არ აღემატება;

6. აუცილებლად უნდა შემსუბუქდეს ღარიბი ქვეყნების სავალო ვალდებულებები და სხვ;