დეპოზიტების დაზღვევის სისტემის როლი და მნიშვნელობა

გოგი კონტრიძე

დღეისათვის საბანკო ანაბრების დაზღვევის სისტემა ამა თუ იმ ფორმით ფუნქციონირებს როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში, წარმოადგენს რა თავის მხრივ საბანკო სისტემის განუყოფელ ნაწილს. ანაბრების დაზღვევის სისტემა – ეს არის ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც მიმართულია ანაბრების დაცვისაკენ და უზრუნველყოფს მათ გარანტირებულ დაბრუნებას მთლიანი ან ნაწილობრივი მოცულობით ფინანსური დაწესებულების გაკოტრების შემთხვევაში.

ასრულებს რა მსესხებლებსა და ინვესტორებს შორის ფინანსური შუამავლის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას, საბანკო სისტემა ასევე უზრუნველყოფს ყოველი ცალკეული პროექტისათვის მომგებიანობის აუცილებელ შეფასებას სხვა ალტერნატიული პროექტებისგან განსხვავებით. ამგვარად, შექმნილი “ბუნებრივი შერჩევის” სისტემა საშუალებას იძლევა ფინანსური რესურსები მიმართული იყოს უფრო ეფექტური და ნაკლებრისკიანი პროექტების რეალიზაციისკენ და წარმოადგენს საბაზრო ეკონომიკის საფუძველს.

აღნიშნულის გარდა საბანკო სისტემის გავლით ხდება მონეტარული პოლიტიკის პრაქტიკული გატარება, ხორციელდება გადახდები და ანგარიშსწორებები. ყოველივე ეს ერთად აღებული თანამედროვე ეკონომიკაში საბანკო სისტემის განსაკუთრებულ მნიშვნელობას განაპირობებს.

ამასთან საბანკო სისტემა წარმოადგენს განსაკუთრებით მაღალი რისკის მატარებელ ბიზნესს. როგორც წერდა თ. ჯეფერსონი, “ბანკები უფრო საშიშია, ვიდრე საომრად გამზადებული არმია” [1]. კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელების სტრუქტურა ხდის მათ მეტად მგრძნობიარეს ლიკვიდობისა და გადახდისუნარიანობის საკითხებისადმი, კონიუნქტურის რყევებისადმი, როგორც ეკონომიკაში მთლიანად, ისე ცალკეულ დარგებში. გარდა ამისა, საბანკო სისტემაში ხშირად ადგილი აქვს ე.წ. “დომინოს ეფექტს”, როცა ერთი ბანკის გაკოტრება ქმნის სხვა ბანკების გაკოტრების რეალურ საშიშროებას, ამან კი, თავის მხრივ, შეიძლება პანიკა და ფართომასშტაბიანი ფინანსური კრიზისი გამოიწვიოს.

არ არის სიახლე იმის მტკიცება, რომ ერთი ან რამოდენიმე მსხვილი ბანკის პრობლემებმა და ოპერაციების შეჩერებამ შეიძლება გამოიწვიოს ქვეყანაში სისტემური საბანკო კრიზისი. ამ დროს მაპროვოცირებელი შეიძლება აღმოჩნდეს ამა თუ იმ ბანკის შესაძლო გადახდისუუნარობის შესახებ გავრცელებული ჭორიც კი. სწორედ შესაძლო სოციალური რეაქციის თავიდან აცილება წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ მიზეზს მეანაბრეთა გარანტირების სისტემის შექმნისა.

ფინანსური გლობალიზაციის პროცესის გაღრმავებასთან ერთად გაძლიერებული ეკონომიკური არასტაბილურობის პირობებში უკანასკნელ პერიოდში სულ უფრო აქტუალური ხდება ფინანსური უსაფრთხოების ეფექტური სისტემების შექმნის საკითხი. 2001 წლის ოქტომბერს ქ. ბაზელში ფინანსური სტაბილურობის თემაზე ჩატარებულმა ფორუმმა განსაზღვრა ასეთი სისტემის შემდეგი საბაზისო ელემენტები: ეფექტური ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, მოქნილი ზედამხედველობა და დეპოზიტების დაზღვევის მექანიზმების არსებობა.

ფინანსური კრიზისების დიდი ნაწილი, რომელთაც ადგილი ჰქონდა მსოფლიო ეკონომიკაში გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან და სხვადასხვა მასშტაბით შეეხო 70-ზე მეტ ქვეყანას (აშშ – 1984-1991 წწ. იაპონია – 1995წ. საფრანგეთი – 1994-1995 წწ. ესპანეთი – 1977-1985 წწ. ავსტრია – 1989-1990 წწ. ნორვეგია – 1987-1989 წწ. შვეცია – 1991 წ. ფინეთი – 1991-1993 წწ. ახალი ზელანდია – 1997-1990 წწ. სამხრეთ კორეა – 1997 წ. კრიზისები ლათინური ამერიკის ქვეყნებში 80-იან წლებში, აზიური და მექსიკის ფინანსური კრიზისები 90-იან წლებში, გასული ათწლეულის ლათინოამერიკული კრიზისი და ა.შ.), გახდა საბანკო სისტემის მდგრადობის უზრუნველმყოფი დამატებითი მექანიზმების შექმნის სტიმული, რომელიც მოგვცემდა ფინანსური კრიზისების თავიდან აცილების ან მისი შესაძლო ამპლიტუდის შემცირების საშუალებას [2].

სხვა ეკონომიკურ პირობებთან ერთად საბანკო სისტემის მდგრადობის ერთ-ერთ მთავარ შემადგენელს წარმოადგენს კარგად გააზრებული და მოქნილი ანაბრების დაზღვევის სისტემა, რომელიც შეხამებულია ეფექტურ საბანკო ზედამხედველობას, გამჭვირვალე ანგარიშგების სისტემასა და გამართულ საკანონმდებლო და ნორმატიულ ბაზასთან.

უფრო მეტიც, მეანაბრეების ინტერესების დაცვის პრობლემას განსაკუთრებული სოციალური კონტექსტი აქვს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ანაბრების დაზღვევის სისტემის მიერ მოცულ მთავარ კატეგორიას როგორც წესი წვრილი მეანაბრეები წარმოადგენენ, რომლებიც, ბანკებში ანაბრების მთლიან სტრუქტურაში ძირითად ნაწილს აფორმირებენ.

ამა თუ იმ ფორმით ანაბრების დაზღვევის სისტემის გამოყენების სამი ძირითადი მიზეზი შეიძლება დასახელდეს:
– წვრილი მეანაბრეების დაცვა;
– ნათლად ჩამოყალიბებული წესების განსაზღვრა, რომელთა შესაბამისად ფუნქციონირებენ ფინანსური დაწესებულებები;
– ნორმალური საბანკო პრაქტიკის მასტიმულირებელი მექანიზმის დაწესებით ფინანსური სისტემის სტაბილიზაციის მხარდაჭერა [3].
წვრილი ანაბრების პრიორიტეტი და იმ მსხვილი ანგარიშების გამორიცხვა, რომელიც კორპორაციებს გააჩნიათ ბანკებში, განისაზღვრება რიგი ურთიერთდაკავშირებული ფაქტორებითა და მიზნებით:

1. ვინაიდან ეროვნული დანაზოგების უმნიშვნელოვანესი ნაწილი (განვითარებულ ქვეყნებში) მოდის წვრილ მეანაბრეებზე, მათი ანაბრების დაცვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რათა შენარჩუნდეს დაგროვებისა და სოციალური სტაბილურობის უზრუნველმყოფი საერთო ეროვნული ნორმების მაღალი თუ არა მისაღები დონე მაინც;

თუკი 2002 წლის განმავლობაში საქართველოში მეანაბრეები, რომლებიც ფლობდნენ 25,000 ლარამდე დეპოზიტებს (როგორც ლარში, ისე უცხოურ ვალუტაში ექვივალენტით), მეანაბრეთა მთლიანი რაოდენობის 82%-ს შეადგენდნენ და მათზე მოდიოდა მთლიანი ანაბრების 20%. 2003 წლის ბოლოსათვის ისინი შეადგენდნენ 90%-ს და მათზე მოდიოდა მთლიანი ანაბრების 28% (მათ შორის 1,000 ლარამდე ანაბრის მქონე მეანაბრეების მაჩვენებელი: 2002 წელს შესაბამისად 18% და 0.3% იყო, 2003 წელს – 39% და 0.6%; ხოლო 5,000 ლარამდე ანაბრის მქონე მეანაბრეების მაჩვენებელი: 2002 წელს – 46% და 3.2%, 2003 წელს – 66% და 5.9%). მით უმეტეს, რომ დეპოზიტების საერთო მოცულობა 610 მლნ ლარიდან 734 მლნ ლარამდე, ანუ 20%-ით გაიზარდა (მ.შ. ფიზიკური პირების დეპოზიტებისა – 266 მლნ ლარიდან 387 მლნ ლარამდე, ანუ 46%-ით). გახსნილი ანაბრების საერთო რაოდენობა კი 18,207-დან 52,828-მდე გაიზარდა. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგია ის, რომ 2003 წლის განმავლობაში 2002 წელთან შედარებით, ერთ მეანაბრეზე ანაბრის საშუალო მაჩვენებელი 27,776 ლარიდან (როგორც ლარში, ისე უცხოურ ვალუტაში ექვივალენტით) 14,610 ლარამდე, ანუ თითქმის 2-ჯერ შემცირდა [4].

2. სწორედ წვრილი მეანაბრეების დიდი რაოდენობა ქმნის საბანკო კრიზისებისა და პანიკის განსაკუთრებულ კრიტიკულ მდგომარეობას ანაბრების მასიური დაკარგვის დროს და ამძაფრებს უკმაყოფილებას;

3. ბაზრის დეფექტი (ინფორმაციის ასიმეტრიულობა) განსაკუთრებით რთულად აისახება წვრილი მეანაბრეების ქცევაზე, ვინაიდან ისინი შეიძლება ვერ ფლობდნენ სრულ ინფორმაციას და არ მოქმედებდნენ რაციონალურობის საკმარისი ხარისხით;

4. მეანაბრეების დაცვა, როგორც წესი, მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს მოითხოვს, ხშირად საბიუჯეტო სახსრების დანახარჯებსაც, რაც აიძულებს სახელმწიფოს შეზღუდოს გარანტირებული ანაბრების მაქსიმალური ოდენობა, ხოლო ანაბრების უფრო ფართო არეალის მოცვა მოითხოვდა საგარანტიო ფონდში ასევე ბანკების შენატანების გაზრდასაც.

პრაქტიკულად, ყველა, მათ შორის გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში, საკანონმდებლო დონეზე მეანაბრეების დაცვის შემოფარგვლა მხოლოდ წვრილი მეანაბრეებით ანაბრის გარანტირებული (დაზღვეული) მაქსიმალური ოდენობის დაწესებით ხდება. დაცვის დისკრეციონული მეთოდისას (რომელიც მთავრობის შეხედულებისამებრ ხორციელდება), გარანტირებული ანაბრების წრე შეიძლება გაფართოვდეს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც პრიორიტეტი წვრილ მეანაბრეებს ენიჭება. რა თქმა უნდა, ცნება “წვრილი” მეტად განსხვავებულია განვითარების სხვადასხვა დონის ქვეყნებისათვის (მაგალითად, ტანზანიისათვის იგი 376 აშშ დოლარია, რუსეთისთვის – 100,000 რუბლი, კორეისათვის – 14,600 აშშ დოლარი, ევროკავშირის ქვეყნებისათვის – 20,000 ევრო, იაპონიისათვის – 71,000 აშშ დოლარი, აშშ-სთვის – 100,000 აშშ დოლარი).

გარდამავალ პერიოდში ბანკის მეანაბრეები განსაკუთრებით ექვემდებარებიან სამი ტიპის რისკებს, რომლებიც შეიძლება დავახასიათოთ, როგორც ინფლაციური, საკრედიტო და პოლიტიკური:

ინფლაციური რისკები დაკავშირებულია შეტანილი თანხების ინფლაციურ გაუფასურებასთან, რომელსაც ვერ ფარავს დარიცხული პროცენტი. საპროცენტო განაკვეთების დაწესების სრული საბაზრო თავისუფლების დროსაც კი წვრილი მეანაბრეები, როგორც წესი, ვერ იღებენ იმ პროცენტს, რომელიც გადაფარავდა ფასების ზრდის ფაქტიურ ზრდას.

საკრედიტო რისკები დამახასიათებელია დეპოზიტური ოპერაციისათვის, როგორც ნებისმიერი არაუზრუნველყოფილი სესხისათვის. ესაა ბანკის გაკოტრებისა და ანაბრების დაუბრუნებლობის ან დაბრუნების შეფერხების სხვადასხვა ვარიანტების რისკი.

პოლიტიკური რისკები დაკავშირებულია მეანაბრეების მიმართ სახელმწიფოს მიერ კონფისკაციული ან შემზღუდავი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობასთან. ეს განსაკუთრებით იყო დამახასიათებელი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ფულადი რეფორმებისათვის, როცა მოსახლეობის ფულადი დანაზოგების უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ფაქტიურად, ამოღებულ იქნა სახელმწიფოს მიერ. ამიტომ, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მეანაბრეების დაცვის საკითხების გადაწყვეტა ამ პირობებში (გარდამავალ პერიოდში) განიხილება, როგორც მთლიანი მაკროეკონომიკური გარდაქმნების შემადგენელი ნაწილი.

ანაბრების დაზღვევის სისტემის შექმნა კომერციული ბანკების პასივების მნიშვნელოვნად გაზრდისა და მოზიდულ რესურსებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირების (ინვესტიციის რისკის ხარისხის შემცირების პრინციპიდან გამომდინარე) შესაძლებლობას იძლევა. მოსახლეობისათვის უპირატესობას წარმოადგენს ყოველგვარი შიშის გარეშე ბანკებში თავიანთი სახსრების ინვესტირებისა და მათგან შესაბამისი შემოსავლების მიღების შესაძლებლობა. მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისათვის უპირატესობაა საბანკო კრედიტებისა და ინვესტიციების მოცულობების გაზრდა.

სტატისტიკა ცხადყოფს, რომ იმ ქვეყნებში, სადაც მოქმედებს ანაბრების დაზღვევის სისტემა, მნიშვნელოვნად იკლო ბანკების გაკოტრებამ გამართულად ფუნქციონირებადი მექანიზმის ხარჯზე, რომელიც ითვალისწინებს არა მარტო მეანაბრეებისათვის პირდაპირი ანაზღაურებას სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, არამედ პროფილაქტიკურ ღონისძიებებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული განსაკუთრებულად სარისკო ოპერაციები, რომლებმაც შეიძლება მიგვიყვანოს ფინანსური დაწესებულების გაკოტრებამდე.

გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ანაბრების დაზღვევის სისტემების შექმნა და დანერგვა ხორციელდებოდა მაკროეკონომიკურ რეფორმებთან ერთად. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა ამ კუთხით დიდ წარმატებებს მიაღწიეს საბანკო სექტორში განხორციელებული დამატებითი ღონისძიებებითა და ფულადი მიმოქცევის სტაბილიზაციით. დსთ-ს ქვეყნებში მსგავსი სისტემების შემუშავება და ადაპტირება გართულებულია ინსტიტუციონალური საკითხების, კომერციული ბანკების სავალდებულო მონაწილეობის, რეგულარული შენატანების ოდენობის, ანაზღაურების მექანიზმებისა და სხვა საკითხების ირგვლივ კამათის გამო. ამიტომაც, აღნიშნული საკითხის სოციალური ინტერპრეტაციის გათვალისწინებით დსთ-ს ქვეყნებში ამ ეტაპზე გადამწყვეტ როლს სახელმწიფო თამაშობს.

ანაბრების დაზღვევის სისტემის პირდაპირი ფუნქცია და დანიშნულება, რა თქმა უნდა, მეანაბრეთა დაცვაა. წარმოადგენენ რა საბანკო სფეროს მომსახურების მომხმარებლებს, მეანაბრეები ასევე სარგებლობენ სამომხმარებლო ბაზრის სხვა საქონლითა და მომსახურებით. ამ შემთხვევებში არსებობს მათი დანაკარგებისაგან დაცვის აუცილებლობის იდენტური სოციალური და პოლიტიკური მიზეზები. უფრო მეტიც, პოტენციური მეანაბრისათვის ბევრად ძნელია შეაფასოს კონკრეტული ბანკის საიმედოობა, ვიდრე სხვა, მაგალითად სამომხმარებლო საქონლის მყიდველისათვის, როცა იგი აფასებს ხარისხს, ვიდრე მიიღებს მისი შეძენის გადაწყვეტილებას. როგორც წესი, მოცემული მომენტისათვის ბანკის შესაფასებლად რიგითი მენაბრეებისათვის აუცილებელი ინფორმაციის მხოლოდ მცირე ნაწილია ხელმისაწვდომი და რომც გააჩნდეთ დამატებითი ინფორმაცია, ძნელი იქნება მათთვის ამ ინფორმაციის “გადამუშავება”, ინტერპრეტაცია და სწორი არჩევანის გაკეთება. სწორედ ბაზრის მსგავსი ნაკლოვანების კომპენსირება ხდება საბანკო ზედამხედველობისა და ანაბრების დაზღვევის ღონისძიებებით.

ანაბრების დაზღვევის უპირატესობაა ისიც, რომ იგი ამცირებს სისტემური საბანკო კრიზისის რისკს, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ანაბრების პანიკურ მასიურ გატანებთან საიმედო ბანკებიდან და ამით საგადამხდელო სისტემის დანგრევასთან. არგუმენტი იმაში მდგომარეობს, რომ, თუ მენაბრეებს ეცოდინებათ, რომ მათ სახსრებს ანაბრების დაზღვევის სისტემის წყალობით არაფერი ემუქრება, მათ ბანკებიდან ფულის გატანის ნაკლები მოტივაცია ექნებათ. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ანაბრების დაზღვევის კონცეფცია საკმაოდ ნათელი და მარტივია, პრაქტიკაში მისი რეალიზება ძალზე რთულია. ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც აპირებს ამ პროექტის რეალიზებას, უწევს მის ბუნებასთან დაკავშირებული უამრავი გადაწყვეტილების მიღება.

ჩატარებული ანალიზი ცხადყოფს, რომ ანაბრების დაცვის უნივერსალური მექანიზმი არ არსებობს, თუმცა, ამა თუ იმ ფორმით იგი ნებისმიერი ცივილიზებული ქვეყნის ფინანსური სისტემის უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს. ყოველი შესწავლილი ქვეყნისათვის ყველაზე მისაღებია ანაბრების დაზღვევის ინდივიდუალური სისტემა, რომელიც იქმნება კონკრეტული ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თავისებურებების გათვალისწინებით. საზღვარგარეთის ქვეყნების ისტორიული განვითარების სპეციფიკამ, ეკონომიკურმა და სოციალურმა პირობებმა განაპირობა ანაბრების გარანტირების საკუთარი მექანიზმის შექმნა.

2000 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და მსოფლიო ბანკმა ერთობლივად განახორციელა ანაბრების დაზღვევის ეროვნული სისტემებისა და საბანკო სისტემის მდგომარეობაზე მათი გავლენის ანალიზი [5]. გამოკვლევამ მოიცვა 61 ქვეყანა, რომელთა მიხედვითაც, მთლიანობაში ჩატარდა 900-მდე გამოკვლევა. საბოლოო შედეგებმა დაადგინა დღეისათვის გამოყენებული მეანაბრეების ინტერესების დამცავი მექანიზმების დიდი მრავალფეროვნება: სახელმწიფოსა და კომერციული ბანკების მონაწილეობის ფორმის; ფინანსირებისა და სადაზღვევო ანაზღაურების წყაროების საკითხების; დაზღვევის ობიექტების, დაზღვევის ვალუტის მიხედვით. მაგალითად, დაზღვევის ვალუტის მიხედვით, სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებული შეზღუდვები არსებობს: 1) მხოლოდ ეროვნული ვალუტა, 2) სხვა ვალუტებიც, ოღონდ შეზღუდული სქემებით, 3) ნებისმიერი ვალუტა თანაბარი პირობებით. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 30 დეკემბრის 308 ბრძანებით დამტკიცებული “დეპოზიტების დაზღვევის სისტემის მოწყობისა და ფუნქციონირების ძირითადი პრინციპების განსაზღვრის მეთოდიკური სახელმძღვანელოს” მიხედვით, საქართველოში საწყის ეტაპზე უნდა დაიზღვეს მხოლოდ ლარებში არსებული დეპოზიტები, გამომდინარე იქედან, რომ “საწყის ეტაპზე ზემოაღნიშნული ფონდის ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით, ეს ეროვნული ვალუტის პოზიციების გამყარების დამატებითი საშუალებაა” [6]. აღნიშნული მომენტი უფრო აქტუალურია, თუ გავითვალისწინებით, რომ 2004 წლის 31 მარტის მდგომარეობით საქართველოს კომერციულ ბანკებში ფიზიკური პირების მიერ განთავსებული დეპოზიტების 94% უცხოურ ვალუტაშია ფორმირებული [7].

აშშ-ს სახელისუფლო ორგანოების მონაწილეობით დაზღვევის ფორმალური სისტემების შექმნის პირველი მცდელობებიდან (1829 წ) 104 წელი დასჭირდა, რათა 1933 წელს ანაბრების დაზღვევის ფედერალური სისტემა შეექმნა, თუმცა ამ საკითხის შესახებ დისკუსიები ჯერ არ შეწყვეტილა და კონგრესში განხილულ იქნა მეანაბრეთა დაცვისთვის გამიზნული სხვადასხვა ტიპის დაახლოებით 150 კანონპროექტი [8].

მიუხედავად ყოველივე ამისა, არსებობს დეპოზიტების დაზღვევის სისტემის “სუსტი წერტილები”. ანაბრების დაზღვევის პროექტები, ისევე როგორც სხვა სახის დაზღვევები, პირდაპირ უკავშირდება “მორალურ რისკს”, რომელიც ათავისუფლებს ეკონომიკური აგენტების პასუხისმგებლობას მათი ქმედებების მოსალოდნელი შედეგებისდან. ამიტომ ბანკის მეანაბრეებმა შეიძლება “ხელი შეუწყონ” მორალური რისკის წარმოქმნას, ვინაიდან ისინი აღარ თვლიან თავიანთ ვალდებულებად შეაფასონ რისკი, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტულ ბანკში ანაბრის შეტანასთან. ასეთ შემთხვევაში მეანაბრეები აირჩევენ ბანკს მათი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინების გარეშე. ეს იმასაც ნიშნავს, რომ ისინი ბანკს აირჩევენ მხოლოდ მათ მიერ შემოთავაზებული საპროცენტო განაკვეთების მიხედვით. შესაბამისად, საბაზრო ძალების ნორმალური ზემოქმედება, რომელიც უზრუნველყოფს გონივრულ ეკონომიკურ მოქმედებას, მცირდება და ნაკლებად საიმედო ბანკებმა შეიძლება მოიზიდონ დამატებით დეპოზიტები. მეანაბრეთა ასეთი ქცევა გამოიწვევს კომპენსაციის აუცილებელი მოცულობის გაზრდას. ასეთ შემთხვევაში მყარი ფინანსური მდგომარეობის ბანკები ვეღარ შეძლებენ მოიზიდონ მათთვის აუცილებელი ანაბრების მოცულობა ან იძულებულნი გახდებიან ჩაერთონ “სატარიფო განაკვეთების ომში”. ამასთან სისტემური კრიზისის დროს სავსებით რეალურია, რომ ანაბრების დაზღვევის სისტემამ ვერ უზრუნველყოს თავის თავზე აღებული ვალდებულებების სრულად შესრულება. მსგავსი შედეგების თავიდან აცილების სურვილი განაპირობებს სწორედ იმას, თუ რატომ არ უზრუნველყოფს სხვადასხვა ქვეყნების ანაბრების დაზღვევის სისტემები ნებისმიერი მეანაბრისთვის ასპროცენტიან კომპენსაციას და “აიძულებს” ყველაზე წვრილ მეანაბრესაც კი გასწიოს რისკის ნაწილი (უფრო მეტად “დახვეწილია” დიდ ბრიტანეთში მოქმედი კანონი, რომლის მიხედვით, დაზღვევას ექვემდებარება ანაბრის მხოლოდ 75% და მისი მაქსიმალური ოდენობა შეიძლება იყოს 20,000 ფუნტი).

ბანკების უმაღლეს მენეჯმენტს, დირექტორებსა და მსხვილ აქციონერებს ასევე შეუძლიათ ხელი შეუწყონ ანაბრების დაზღვევასთან დაკავშირებული მორალური რისკის ზრდას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ანაბრებს ერიცხება დიდი პროცენტი. ის ფაქტი, რომ მეანაბრეები არ დაზარალდებიან ბანკის გაკოტრების შემთხვევაში, იმ ადამიანებს, ვინც აკონტროლებს ბანკის საქმიანობას, საშუალებას აძლევს განახორციელონ უფრო რისკიანი საბანკო საქმიანობა. თუმცა, მოცემული რისკის ხარისხი ალბათ ბევრად ნაკლები იქნება, თუკი ბანკის ხელმძღვანელობას ეცოდინება, რომ ისინი უმუშევრები დარჩებიან ბანკის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში. მეტიც, ასეთი ქცევის საშიშროება შეიძლება დარეგულირდეს საბანკო ზედამხედველობის მოთხოვნებით, რომელიც მუდმივად ადევნებს თვალყურს ბანკის სტრატეგიას და ჩაერევა მის საქმიანობაში, როგორც კი შეამჩნევს “ზედმეტი” რისკის წარმოშობას. უმაღლესი მენეჯმენტის, დირექტორების, ძირითადი აქციონერების და ასევე მათი ოჯახის წევრებისათვის ანაბრების დაზღვევის მექანიზმის გაუვრცელებლობა აღნიშნული რისკის შესამცირებლად პოზიტიურ როლს თამაშობს.

მსოფლიო ექსპერტების შეფასებით, საბოლოო ჯამში, ანაბრების დაზღვევის სისტემის შექმნის ძირითად ნაკლოვანებებს წარმოადგენს ის, რომ:
1. მცირდება კლიენტთა მოტივაცია ყველაზე მდგრადი ბანკის არჩევისას (მორალური რისკი);
2. იზრდება ყველა ბანკის დანახარჯები, რომელთაც ისინი, როგორც წესი “ჩადებენ” თავიანთი მომსახურების ფასებში;
3. თავს იჩენს უპასუხისმგებლობის ნიშნები და ბანკის ხელმძღვანელობის ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა [9].
თუმცა, აღნიშნული ნაკლოვანებების გავლენა საბანკო სისტემის ფუნქციონირებაზე შეიძლება მნიშვნელოვნად შესუსტდეს სამართლებრივი ნორმებით, რომლებიც ჩაიდება ანაბრების დაზღვევის სისტემაში.
დასასრულს კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა ქვეყნებში ანაბრების გარანტირების მექანიზმების შექმნამ ხელი შეუწყო ერთდროულად რამოდენიმე საკითხის გადაწყვეტას, რომელთა შორის აღსანიშნავია ის, რომ:
– მეანაბრეების მხრიდან მყარდება საბანკო სისტემისადმი ნდობა;
– თავიდანა აცილებულია ბანკების გაკოტრებასთან დაკავშირებული მღელვარება;
– უზრუნველყოფილია მეანაბრეების ინტერესების დაცვა;
– მაღლდება მოსახლეობის სოციალური დაცვის ხარისხი;
– სტიმულირდება სახსრების მოზიდვა სადეპოზიტო ანგარიშებზე;
– იზრდება საინვესტიციო რესურსები;
– მყარდება საბანო სისტემა, როგორც ეკონომიკის ნორმალური ფუნქციონირების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი;

ამასთან აღსანიშნავია, რომ ანაბრების დაზღვევის სისტემა თავისთავად ვერ უზრუნველყოფს ფინანსურ სტაბილურობას. როგორც გვიჩვენებს უცხოეთის გამოცდილება, საბანკო ზედამხდველობის კუთხით განხორციელებული ღონისძიებების გარეშე, რომელიც ითვალისწინებს საბანკო კაპიტალის შესახებ მკაფიო სტანდარტებს და საბაზრო დისციპლინის ამაღლების სხვა მექანიზმებს ფულადი მიმოქცევის განმტკიცების (ფულადი მასის ზრდის ტემპების შემცირება, ინფლაციის სტაბილიზაცია) მაკროეკონომკურ ღონისძიებებთან ერთად, გარანტირების სისტემა იქნება არაეფექტური თავისი მიზნების მიღწევისას. პირიქით, იგი დამატებით ტვირთად დააწვება როგორც სახელმწიფოს, ისე საბანკო სექტორის ხარჯებსა და ბიუჯეტს.

“ამ ინსტიტუტის შემოღება სისტემური საბანკო კრიზისების თავიდან აცილების უმნიშვნელოვანესი პირობაა. ამასთან, მისი ეფექტურობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ქვეყნის ფინანსური უსაფრთხოების ორი სხვა შემადგენელის – გონივრული ფულად-საკრედიტო პოლიტიკისა და საერთაშორისო პრაქტიკაში აღიარებული საბანკო ზედამხედველობის ხარისხზე” [10]. ამიტომაც, ანაბრების დაზღვევის სისტემის დანერგვისადმი მიდგომას უნდა ჰქონდეს თანამიმდევრული ხასიათი: უნდა გამყარდეს ფინანსირების შესაბამისი წყაროებით, მორალური რისკის პრობლემის თავიდან აცილების მიზანმიმართული ქმედებებით, ფინანსური დისციპლინის განმტკიცების მაკროეკონომიკურ ღონისძიებებითა და ეკონომიკაში საბაზრო ურთიერთობების განვითარებით.