ეროვნულ ანგარიშთა სისტემის საფუძველზე აგებული ფინანსური ნაკადების მატრიცა, როგორც მაკროეკონომიკური მოდელირების მეთოდოლოგიური ბაზა

ეკატერინე მეყანწიშვილი თსუ ასისტენტ-პროფესორი

მართვის ყველა დონეზე ეკონომიკური უწყებებისა და საფინანსო ორგანოების მთავარი ამოცანაა ეკონომიკური სისტემისა და მისი შემადგენელი ელემენტების განვითარების მდგრადობის მიმდინარე და საპროგნოზო ანალიზი. ეკონომიკური სისტემის განვითარების აუცილებელი ტენდენციის მიღწევის მიზნით მის შემადგენელ ელემენტებზე რაციონალურ მართვად ზემოქმედებებში გასათვალისწინებელი წინადადებები უნდა ეფუძნებოდეს ანალიზისა და პროგნოზის შედეგებს.

კონომიკური სისტემის მაკროეკონომიკური მოდელირება, მოიცავს რა საქონლისა და მომსახურეობის წრებრუნვას მატერიალურ-ნივთობრივ და ფინანსურ-ღირებულებით ასპექტში, მოითხოვს ადეკვატური ანალიტიკური ინსტრუმენტარის არსებობას. მის წინაშე წაყენებული ძირითადი მოთხოვნაა კომპლექსურად გამოხატოს ურთიერთკავშირები წარმოებას, განაწილებას, მოხმარებასა და დაგროვებას შორის; შემოსავლებს, ხარჯებს და საბოლოო მოხმარებას შორის; დანაზოგებსა და ინვესტიციებს შორის და ა.შ. მაკროეკონომიკური მოდელის საბაზისო მოდელად შეიძლება განვიხილოთ ეროვნულ ანგარიშგებათა სისტემა (ე.ა.ს), რომელიც შეიძლება წარმოდგენილ იქნეს არა ტრადიციული ცხრილის სახით, არამედ კვადრატული მატრიცის სახით. ეს უკანასკნელი არის თავისებური ეკონომიკური მოდელი, რომელიც გამოიყენება ქვეყნისა და რეგიონის მასშტაბით ეკონომიკური საქმიანობის გამოსაკვლევად, იგი სხვადასხვა ეკონომიკური ოპერაციების განხორციელების პროცესში ურთიერთდაკავშირებული საბალანსო მაჩვენებლების საფუძველზე გამოსახავს ეკონომიკურ აგენტებს შორის პროდუქციისა და მათი ფინანსური ეკვივალენტების მოძრაობის არხებს.
ეროვნულ ანგარიშთა სისტემის არსი გულისხმობს, კვლავწარმოების სხვადასხვა სტადიაზე ეკონომიკის ფუნქციონირების მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ფორმირებას და მათ შორის ურთიერთკავშირების ასახვას. იგი წარმოადგენს შედარებით სრულყოფილ და გავრცელებულ საბალანსო მეთოდს, რომელიც კომპლექსურად შეისწავლის ურთიერთდაკავშირებულ ეკონომიკურ პროცესებსა და მათ შედეგებს. ასევე იგი ეფუძნება ეკონომიკის ყველა დონეზე ანგარიშების წარმოებასა და სტატისტიკას. თანაც მისი საშუალებით შესაძლებელია აღიწეროს გარკვეული სტრუქტურისა და კანონზომიერებების მქონე ფუნქციონირებადი ეკონომიკური სისტემის ფარგლებში მიმდინარე პროცესები, კერძოდ შემოსავლის შექმნა, განაწილება, გადანაწილება და გამოყენება. კვლავწარმოების ყველა სტადიაზე მიმდინარეობს პროდუქციისა და მომსახურეობის წარმოება, მასთან დაკავშირებული შემოსავლების წარმოქმნა, მათი პირველადი და მეორადი განაწილება და გამოყენება, რომლებიც აისახება ანგარიშებში და ანგარიშთა ჯგუფებში. ეს უკანასკნელი წარმოადგენს ფინსური ნაკადების ანგარიშს, რომლებშიც ასახულია საქონლისა და მომსახურეობის ღირებულების ორმხრივი მოძრაობა, კვლავწარმოების ციკლის ყველა სტადიის გავლით – დაწყებული წარმოებიდან საბოლოო მოხმარებამდე და დაგროვებამდე. სისტემის საბოლოო სახეს წარმოადგენს დაბალანსებული ცხრილი. მასში ასახულია წარმოების, პროდუქციისა და რესურსების მოხმარების დარგთაშორისი ბალანსის გამოყენების შედეგად საანგარიშგებო წლის ეროვნული სიმდიდრის საბოლოო ცვლილება.
ეროვნული სიმდიდრის აღწერისათვის ძირითად მეთოდოლოგიად გამოიყენება ბუღალტრული აღრიცხვის მეთოდი (ბუღალტრული ბალანსის ორმაგი ჩაწერის პრინციპით ანგარიშთა სისტემის პირდაპირი კორესპოდენცია). ეკონომიურ მაჩვენებელთა სისტემისათვის ორმაგი ჩაწერის პრინციპის გამოიყენებით ეროვნულ ანგარიშთა სისტემაში აისახება არა სტატისტიკური სიდიდეები, არამედ ეკონომიკური ბრუნვის ჩარჩოებში მიმდინარე პროცესები.
ეროვნულ ანგარიშთა სისტემის აგების თანმიმდევრობა განისაზღვრება კვლავწარმოების ციკლის სტადიებით. ბაზას წარმოადგენს წრებრუნვა, ურთიერთდაკავშირებული მაჩვენებლების საფუძველზე სისტემის ჩაკეტილობის უზრუნველყოფა, რომლებიც წინასწარ განსაზღვრავს ქვეყნის ან სექტორების მიხედვით შემოსავლებისა და ხარჯების ერთობლიობის საბალანსო წონასწორობას. ეროვნულ ანგარიშების მეთოდის ლოგიკა გულისხმობს, პირველ რიგში, საზოგადოებრივი კვლავწარმოების მთლიანი პროცესის წარმოდგენას ეკონომიკური აგენტების სამეურნეო ოპერაციების ერთობლიობის სახით. მეორე მხრივ, ყოველი ოპერაცია აისახება კონტრაგენტების ანგარიშზე, როგორც რესურსების შევსების და მათი გამოყენების პროცესები.
ანგარიშები იწყება წარმოების ანგარიშებით. წარმოების შედეგს წარმოადგენს საქონლისა და მომსახურეობის გამოშვება. გამოშვებასა და შუალედურ მოხმარებას შორის სხვაობას დამატებით ღირებულებას უწოდებენ, რომელიც წარმოდგენს წარმოების შედეგად ეკონომიკაში შექმნილი პირველადი შემოსავლების ჯამს.
შემოსავლების ანგარიში წარმოადგენილია ცენტრალურს ანგარიშთა სისტემაში, რომელშიც ასახულია წარმოების პროცესი, კაპიტალწარმოქმნითა და ფინანსური აქტივებისა და პასივების ცვლილებით. შემოსავლების ანგარიშში გამოიყოფა სამი ჯგუფი, რომლის მიზანია ერთმანეთისგან განასხვავოს შემოსავლების ბრუნვის სამი ძირითადი ეტაპი: წარმოება, განაწილება – გადანაწილება და მოხმარება და დაზოგვა. შემოსავლების ანგარიშების პირველი ჯგუფის ამოცანაა – წარმოებასთან დაკავშირებული შემოსავლების გამოყოფა (ფართო გაგებით). მთლიანი დამატებითი ღირებულება, რომელიც ვიცით, წარმოადგენს ისეთი შემოსავლების ჯამს, როგორიცაა: გადასახადები ქვეყნის წარმოების ფაქტორებისთვის, ამას ემატება წარმოებასა და პროდუქციაზე გადასახადები – სახელმწიფო შემოსავლები. შემოსავლების ანგარიში ფორმირების თვალსაზრისით იყოფა სამ ნაწილად: დაქირავებული სამუშაო ძალის ხელფასი – შრომითი შემოსავლები; გადასახადები წარმოებაზე და სხვა დანარჩენი ფაქტორული შემოსავლები, რომლებიც მოგების სახით არის წარმოდგენილი და შერეული შემოსავლები. შემოსავლების პირველი ჯგუფი მატრიცაში მოცემულია პირველადი შემოსავლების სახით, რომლის სალდოს ფორმირება წარმოებს ამ ანგარიშების დაბალანსებული მუხლების სახით. ინსტიტუციონალური სექტორების მიხედვით წარმოების ფაქტორების შესაბამისად წარმოდგენილია პირველი ჯგუფის ძირითადი შედეგი. პირველადი შემოსავლების სალდოში თავისი წვლილი შეაქვთ “სხვა ქვეყნებსაც.
მეორადი შემოსავლების ანგარიშში ასახულია, სხვადასხვა ტრანსფერების მიერ პირველადი შემოსავლების სიდიდის ცვლილება, რომლის დროსაც შემოსავლები გადანაწილდება სახელმწიფოს მიმდინარე სოციალ-ეკონომიკური პოლიტიკის შესაბამისად. საბოლოოდ მიიღება განკარგვადი შემოსავლები..
შემოსავლების ანგარიშთა ჯგუფები მთავრდება შემოსავლების გამოყენების ანგარიშით, რომელიც გვიჩვენებს შემოსავლების რა ნაწილი მოდის საოჯახო მეურნეობებზე, სახელმწიფოს მართვის ორგანოებსა და არაკომერციულ ორგანიზაციებზე, საოჯახო მეურნეობების მომსახურეობაზე, მოხმარებასა და დაზოგვაზე. დანარჩენი სექტორებისთვის განკარგვადი შემოსავლები გამოიყენება დაზოგვისთვის, რომელშიც კავშირი მოხმარებასა და დაგროვებას შორის წარმოადგენს ეკონომიკის მთავარ მახასიათებელს.
კაპიტალის ოპერაციების ანგარიშებში ნაჩვენებია, რომ ეკონომიკისათვის მთლიანი დაზოგვა უტოლდება კაპიტალდაბანდებებს, რომელშიც იგულისხმება ძირითადი კაპიტალის ერთობლივი დაგროვება და მატერიალური საბრუნავი საშუალებების ცვლილება.
საფინანსო ანგარიშში მოცემულია, თუ რა გავლენას ახდენს წმინდა კრედიტებზე ფინანსური აქტივების ლიკვიდაცია ან შეძენა. ამ ანგარიშებში არ არის საბოლოო დაბალანსებული მუხლები. (მიუხედავად ამისა დაბალანსება მიიღწევა სხვა ქვეყნებთან მიმდინარე ოპერაციების სალდოთი). ფინანსური აქტივების შეძენა ტოლი უნდა იყოს ფინანსური ვალდებულებებისა. ამით მთავრდება ოპერაციების მთელი ჯაჭვი, რომელიც დაიწყო წარმოების ანგარიშებში ასახული სამეურნეო საქმიანობით.
კრებსითი ცხრილი წარმოადგენს საქონლისა და მომსახურეობის ანგარიშს. ყველა ანგარიშის მსგავსად იგი ორი ნაწილისაგან შედგება, თუმცა მისი მუხლები აღებულია სხვა ანგარიშებიდან. იგი ახასიათებს რესურსების საერთო მიცულობას და შედგება პროდუქციისა და მომსახურეობის შექმნისა და იმპორტისაგან; შუალედური და საბოლოო მოხმარებისაგან; ძირითადი და საბრუნავი კაპიტალის დაგროვებასა და ექსპორტისაგან.
ამრიგად, ეროვნული ანგარიშთა სისტემის საფუძველზე აგებული მატრიცა განკუთვნილია კვლავწარმოების პროცესის სხვადასხვა სტადიაზე ფინანსური და მატერიალური რესურსების (ფულად გამოხატულებაში) წრებრუნვაში ეკონომიკური აგენტების ურთიერთზემოქმედების ინტეგრირებადი აღწერისა და სისტემური ანალიზისათვის. იგი შედგება სამი სტანდარტული, ძირითადი ეკონომიკური პროცესების ანგარიშისაგან: წარმოება, მოხმარება, დაგროვება და ასევე “სხვა ქვეყნების ანგარიშისაგან, რომელიც ასახავს გარე სავაჭრო და საფინანსო კავშირებს შიდა ეკონომიკასთან და ეროვნულ ანგარიშთა სისტემას აგების თვალსაზრისით ხდის ჩაკეტილს.
ეროვნული ანგარიშთა სისტემაში ოპერაციათა რეგისტრაციისადმი ბუღალტრული მიდგომა უზრუნველყოფს ურთიერთდაკავშირებული მაკროეკონომიკური ანგარიშების სისტემის განსხვავებული ფორმით აგებას. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ანგარიშთა სისტემა შეიძლება აგებული იყოს კვადრატული მატრიცის სახით. ფინანსური ნაკადების მატრიცაში Social Accounting Matrix (SAM) თითოეულ სტრიქონ-სვეტის წყვილში ასახულია ეკონომიკური ბრუნვის ობიექტის ან ცალკეული მონაწილის კონკრეტული ეკონომიკური პროცესის საბალანსო ანგარიში. შედეგად მატრიცის სტრიქონები გვიჩვენებს წარმოებას, საშუალებებისა – რესურსების, შემოსავლების, პასივების, საკრედიტო ოპერაციების; ხოლო სვეტები კი – გამოყენებას საშუალებებისა: რესურსების, მასალების, აქტივების, სადებეტო ოპერაციების. მათი გადაკვეთა ახასითებს მაჩვენებლებს შორის კავშირებს, რომლებსაც პირობითად შეიძლება “ბლოკები ვუწოდოთ. თითოეულ ბლოკს აქვს კონკრეტული ეკონომიკური შინაარსი, ხოლო სტატისტიკური ინფორმაციით უზრუნველყოფისას კი იძენს კონკრეტულ რაოდენობრივ გამოხატულებას.
ეროვნულ ანგარიშთა სისტემის მატრიცული ფორმით ჩაწერა, მისი წრფივი ფორმისაგან განსხვავდება შემდეგი ტექნიკური თავისებურებებით:
იგი წარმოადგენს ეროვნულ ანგარიშთა სისტემაში არსებული წყვილური კავშირების ასახვისა და შინაარსის ინტერპრეტაციის შედარებით თვალსაჩინო ფორმას;
იგი საშუალებას იძლევა თვალსაჩინოდ გამოისახოს მაჩვენებელეთა ერთგვაროვნება და ცალკეული ანგარიშების, ან მთლიანად ეროვნულ ანგარიშთა სისტემის ბალასირების კანონზომიერება;
მისი საშუალებით შესაძლებელია (ანგარიშების წრფივი ფორმასთან შედარებით), მაჩვენებელთა საერთო რაოდენობის შემცირება, რადგანაც მატრიცის ბლოკებში მაკორესპონდენტული ანგარიშების გადაკვეთაზე წარმოქმნილი მაჩვენებლები ასახავენ კავშირს აზრობრივად განსხვავებული მაჩვენებლებს შორის;
გამოთვლითი პროცედურისა და ანალიზისათვის მატრიცის საშუალებით შესაძლებელია მაკროეკონომიკური ანგარიშების მოდელირების შესაბამისი მათემატიკური აპარატის გამოყენება.
ეროვნულ ანგარიშების მატრიცის ზოგადი სახე წარმოდგება შემდეგნაირად:

ცხრილი #1. ფინანსური ნაკადების მატრიცა
ცხრ. #1-ში ეროვნულ ანგარიშთა სისტემა წარმოდგენილია მატრიცის სახით. იგი შედგება ზემოთ ჩამოთვლილი ეკონომიკური პროცესების სამი ძირითადი ანგარიშებისა და “სხვა ქვეყნების ანგარიშისაგან, რომლებიც ასახავენ ეკონომიკური მიმოქცევის სხვადასხვა ასპექტებს:
– წარმოება – საქონელის და მომსახურების ბალანსი;
– მოხმარება – მთლიანი შიდა პროდუქტის ბალანსი;
– დაგროვება – კაპიტალური დანახარჯების და მათი დაფინანსების ბალანსი;
– საგარეო კავშირები – საგადასახდელო ბალანსი.
SAM მატრიცის შესავსებად ინფორმაციის წყაროდ გამოიყენება ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნაბული კრებულის “წელიწლდლეულის მონაცემები. მათ საფუძველზე აიგება SAM მატრიცები გარკვეული დროის პერიოდზე. SAM მატრიცის მიღებული მნიშვნელობების შეპირისპირებული შეფასებისთვის გამოიყენება მონაცემების პირდაპირი დეფლატირების მეთოდი.
SAM მატრიცით შესაძლებელია კვლავწარმოების პროცესის სხვადასხვა სტადიებზე ეკონომიკის ფუნქციონირების მახასიათებლების გამოკვლევა, SAM მატრიცების აბსოლუტური და შეფარდებითი (პროცენტული) მნიშვნელობების შედარებითი ანალიზი. ამასთან, SAM-ის აგება მოიცავს ორი სახის მატრიცების წილობრივ (პროცენტულ) ფორმირებას:
– მატრიცის ყოველი სტრიქონის ყველა მაჩვენებლის ჯამური მნიშვნელობა
მიიღება 100% და გაანგარიშებულია ყოველი მაჩვენებლის წილი;
– მატრიცის ყოველი სვეტის ყველა მაჩვენებლის ჯამური მნიშვნელობა
მიიღება 100% და, აგრეთვე, გაანგარიშებულია ყოველი მაჩვენებლის წილი.
მიღებული მატრიცების აბსოლუტურ და შეფარდებით მნიშვნელობებთან შედარებით ხდება მაკროეკონომიკური მახასიათებლების დინამიკური ანალიზი.

ელ-ფოსტა: ekamek@yahoo.com

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial