რუსეთი თავის ტერიტორიებს თმობს და სხვისას კბილებით ებღაუჭება

ლუკა მურზაყანი

აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებმა ქართული საზოგადოება ორად გაყო: ერთნი მოწონებით უყურებენ ბაღაფშის პრინციპულობას და ახარებთ ე.წ. რუსული დიპლომატიის თუ ფე-ეს-ბე-ს მარცხი. მეორენი კი, იხსენებენ რა 1989 წლის წინა და შემდგომი წლების მოვლენებს, როცა ბაღაფში ოზგანთან ერთად აფხაზურ სეპარატიზმს და ქართველთა გენოციდს ედგა სათავეში, ამტკიცებენ, რომ არაფერი შეიცვლება. ჯობდა ხაჯიმბა რუსეთის სრული ვასალი და ლაქია ყოფილიყო, რადგან, თუ რუსებთან მოვილაპარაკებდით, ის პატრონს უპირობოდ დაემორჩილებოდა.

ორივე აზრს აქვს არსებობის უფლება, მაგრამ მთავარი ის არის, რომ აფხაზეთში, ძირითადად, ჯერაც თემური საზოგადოებაა. ამას მიმდინარე მოვლენებიც უსვამს ხაზს – როცა მორჩნენ “სასამართლობიანობის” და “პარლამენტარობიას” თამაშს და საქმის გადასაწყვეტად უხუცესები შეკრიბეს. კონფლიქტის ძვალი მარტო იმაში კი არ დევს, რომ რუსები ურჩობენ და ტერიტორიას გვეცილებიან, არამედ იმაში, რომ აფხაზეთში სამოქალაქო საზოგადოების ჩანასახიც კი არ არსებობს. იქ რძალი დღესაც ვერ მიმართავს სახელით მამამთილს და საერთოდ არც ელაპარაკებიან, იქ დღესაც უხუცესთა სიტყვა კანონია, როგორი დიქტატორული და ანტიჰუმანურიც არ უნდა იყოს, იქ არ აინტერესებთ, რას ფიქრობს ხალხი, ხალხი ერთი მუჭა ახსაკალია. ახსაკალები კი, ამ დუნიაზე აფხაზების ტოლად და სწორად არ თვლიდნენ და არ თვლიან, მათ შორის, რუსებსაც, რომლებთაც ხშირად, თავის წრეებში მდაბიო ერად მოიხსენიებენ. არც შრომის მოყვარეები არიან და მიიჩნევენ, რომ ამ ქვეყნად ღმერთმა შრომისთვის სხვები გააჩინა. ისინი სიარულითაც სარგადაყლაპულებივით დადიან,Gგეგონება საგანგებო და მნიშვნელოვანი მიისიით არიან მოვლენილი ღვთისგან. მთავარია, რას იტყვის, რას ფიქრობს თემის უხუცესი, დანარჩენები ცხვრის ფარასავით მიყვებიან უკან, თუნდაც კლდეზე გადავარდნენ და შიმშილით ამოიხოცონ. ამას ის უბედურებაც ემატება, რომ ეს თემა რამდენიმეა, იმიტომ, რომ მოქველი ვერ იტანს ლიხნელს, ის კი სოხუმელს, ან გაგრელს. ყველას ერთად ქართველი სძულს, რუსიც, უკრაინელიც და ოცნებობენ დამოუკიდებელ, მეფე ლეონ 2-ის დროინდელ აფხაზეთზე, რომელიც, ალბათ, არასოდეს არსებობდა იმ სახით, მათ რომ წარმოუდგენიათ, რადგან ეს, ალბათ, დასავლეთ საქართველოს მეფე ლევანი უფრო იყო, ვიდრე ლეონი. ასეთი სახელი აფხაზებში არ არსებობს და არც ყოფილა, საერთოდაც, მისი არსებობა ქართველი ისტორიკოსებისაგან გაიგეს მე-20 საუკუნის შუა პერიოდში. ამიტომ არც ბაღაფში შეცვლის რამეს და არც ხაჯიმბაა რამის მაქნისი, იქ თემია მთავარი! ეკონომიკური მოწყობაც თემს თავისებურად წარმოუდგენია, ჰგონიათ კურორტებით, ტრანზიტით და თხილ-მანდარინით იარსებებენ, მაგრამ მომსახურების სფეროში და თოხით ხელში აფხაზს იშვიათად ნახავთ. განათლება რუსეთში მოღვაწე მათმა კრიმინალურმა წრეებმა და ვითომ ბიზნესმენებმა შეიტანეს, თუმცა სახელმწიფოებრივი მშენებლობა მაინც ვერ ისწავლეს.

ამით იმიტომ გღლი, ჩემო მკითხველო, რომ გითხრა, მათ ქმედებაში ლოგიკა ყოველთვის ნაკლები იყო, მთავარი იყო თემის უხუცესთა ფეოდალური აზროვნება და ადათ-წესები. აქედან გამომდინარე, პოლიტიკას იქ თემი განსაზღვრავს და ამას უნდა შეერყას ძირი.

პირველ რიგში, უმთავრესია სამოქალაქო საზოგადოების ელემენტების შეტანა და ახალგაზრდობის განათლება, როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად, მაგრამ უმთავრესია სოციალური შუქის შეტანა. რასაც არ უნდა ფიქრობდეს რიგითი აფხაზი და ბევრი მათგანი მშვიდობის და ნორმალური ცხოვრების მომხრეა, ვერ გაბედავს და ამას ხმამაღლა ვერ იტყვის. ახალგაზრდებს ზრდიდნენ და ზრდიან ქართველების მიმართ განსაკუთრებული სიძულვილით, რომ ქართველები მათ ამოჟლიტავენ, გაანადგურებენ, წაართმევენ ეთნოსს, ენას და დამწერლობას. არადა, ნახევარზე მეტმა აფხაზმა თვითონ არ იცის თავისი ენა, რადგან ისინი, ძირითადად, რუსულ სკოლებში სწავლობდნენ და სწავლობენ, 10 სიტყვაში 8-ს რუსულად ამბობენ, ასე იყო მუდამ. კრემლის, რუსეთის ამ საუკუნოვან იდეოლოგიას ჩვენ ჯერ ვერაფერი დაუპირისპირეთ. სამოქალაქო საზოგადოებას იქ არავინ აგვაშენებინებს, ისე, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას ბოლომდე აქაც ვერ მოვაბით თავი. ეს ჩვენმა დასავლელმა მეგობრებმა უნდა გააკეთონ, რომელთაც აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლის და ქმედების საშუალება აქვთ. მთავარია, ამას მეტი სახსრები და ძალისხმევა მოახმარონ, მათ ის თემური ფეოდალური წყობის საფუძვლები უნდა მოარყიონ, რომელიც აფხაზეთში მეფობს და კრიმინალებთან ერთად, რუსეთის დასაყრდენია.

მეორე, უმთავრესია, საქართველოს მხარემ აჩვენოს, რომ ის მზად არის ფედერალური ქვეყნის მოწყობისათვის რეგიონებისთვის, მათ შორის, ავტონომიებისთვის ხელისუფლების გადასანაწილებლად. ასევე მზად არის ახალი საბიუჯეტო, ახალი ეკონომიკური მოწყობისათვის, როცა საქართველოს ბიზნესის 70 პროცენტი თბილისში თავმოყრილი აღარ იქნება, როცა თბილისი არ ჩაერევა თუ ვინ იქნება ადგილებზე საკრებულოს თავმჯდომარე და საგადასახადოს უფროსი. ჩვენ უნდა დავანახოთ მათ, თუ რისთვის ვართ მზად და ნაბიჯები გადავდგათ, თუნდაც დეკლარირების და კანონების დონეზე.

ქმედების მესამე მნიშვნელოვანი ნაწილი კულტურულ-ფსიქოლოგიური ფაქტორია, რომელიც მათი კულტურისა და ეთნოსის მიმართ, მოთმინებით მიდგომას გულისხმობს, თუნდაც ის, რომ ტელეგადაცემა იქნებაAაფხაზურად, ერთ-ერთ ენების ინსტიტუტს სახელმწიფომ აფხაზური ენის შესწავლის ჯგუფი შეუკვეთოს, რაც მეტად საშური საქმეა, მათ იციან ჩვენი ენა ჩვენ – არა, არადა, მრავალ მიზეზთა გამო სანამ საქართველოს სახელმწიფო იარსებებს, ეს მუდამ დასჭირდებათ ჩვენს სახელმწიფო ორგანოებს. ნათქვამია . . . თუმცა, არ ვიტყვი, რადგან ვიცით, ვისი ენა უნდა ვიცოდეთ. მოვაწყოთ გამოფენები, დისპუტები, ვაღიაროთ რაღაც შეცდომები და ვაჩვენოთ, რომ ჩვენ მტრობა არ გვინდა, საქართველოში სხვა დრო დადგა და სხვა მთავრობა მოვიდა.Yყველაზე მძიმე ეს მესამე ნაწილია, მაგრამ ყველაფრის საფუძველია. ჯერ ჩვენ თავს ვუთხრათ, როგორ ვიცხოვროთ ერთად, რისთვის ვართ მზად. არ მოვყვები იმაზე საუბარს, რაც ისედაც დეკლარირებულია, რომ ჩვენი ეკონომიკა და ცხოვრების დონე ისეთი მიმზიდველი უნდა გახდეს, რომ მათ ნერწყვები ყლაპონ, ჩვენი თავდაცვა კი ისეთი თანამედროვე, რომ ვერავინ გაბედოს იმაზე ფიქრი, რომ საქართველო სუსტია და ვის რა მოუნდება, იმას წაგვართმევს, მათ შორის ტერიტორიებს.

აფხაზეთში თემურ პირამიდას ეს გარე დახმარება და შიდა ქმედება დაშლის, დაშლის იმ ბოძს, რომელსაც რუსეთის ზრახვები ეყრდნობა ტერიტორიის მითვისებასთან დაკავშირებით.

ტერიტორიებმა, მსოფლიოს ერთ-ერთი აქტუალური საკითხი გამახსენა – რუსეთი, მიუხედავად პუტინის სანოემბრო მუქარისა, რომ ახალი იარაღი გამოიგონა, კარგა ხანია ძველი რუსეთი აღარ არის და უფრო მეტიც: მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის სავალუტო რეზერვებმა 100 მილიარდ დოლარს გადააჭარბა და 34 მილიარდს მიაღწია, მარტო წელს უცხოურმა ინვესტიციებმა, ჯდპ-ის ზრდამ კი, 7.8 %-ს, მის ეკონომიკას სერიოზული საფრთხე ემუქრება და წარმოების დონით ერთ-ერთი განვითარებადი, თანაც, ექპერტების აზრით, ცუდად განვითარებადი, ჯერ კიდევ დერჟავულ-დიქტატორული ქვეყანაა.

ამიტომ ცდილობს რუსეთი ჩინეთს ტერიტორიები დაუთმოს და გადასცა კიდეც ვლადივასტოკთან, ამურისპირეთში. სანაცვლოდ ჩინეთის ერთ-ერთ პერსპექტიულ ბაზარზე შეღწევას ცდილობს. ეს სასინჯი ქვა იყო საზოგადოების რეაქციისათვის, რადგან შემოდგომაზე, ნოემბერში რუსეთმა მზადყოფნა გამოთქვა იაპონიას დიდი ხნის ოცნება აუსრულოს და ის კუნძულები დაუბრუნოს, რომელიც მეფის რუსეთს წაართვა იაპონიამ და სტალინმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიბრუნა სამხრეთ სახალინი და კურილიის კუნძულები (რომლებიც გარდა ეკონომიკურისა, სტრატეგიული პლაცდარმებიც არიან), ეს იყო პირობა, რომლის გამოც სტალინი მსოფლიო ომის აზიურ ტურნეში ჩაება. ლაპარაკია კურილიის კუნძულების ჯერჯერობით ორ კუნძულზე: შიკოტანზე და ხაბომანზე, თუმცა იაპონია კიდევ ორს ითხოვს- იტურუპს დაDდაკუნგშირს, რომლებიც იაპონიამ 1956 წლის მოკავშირეებთან დადებული ხელშეკრულებით აღიარა რუსეთის შემადგენლობაში.

რატომ აძლევს იაპონიას ამ მიწებს რუსეთი, რომელიც გამალებით, ისტერიულად ცდილობს მიითვისოს აფხაზეთი? იმიტომ, რომ მათი შენახვის თავი არ აქვს, მეორე იმიტომ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო სტრატეგია კი არა, ეკონომიკური საკითხები ხდება. მას იაპონიასთან ე. წ. სამშვიდობო ხელშეკრულების, ანუ ვაჭრობაზე და ინვესტიციებზე შეზღუდვის მომხსნელი ხელშეკრულების გაფორმება სურს, რადგან იცის, თუ ეკონომიკაში გადარჩენის გზა ვერ გამონახა, მისი სამხედრო ძლიერების მითი (თუმცა, ის ამჟამად ერთ-ერთ უდიდეს სამხედრო ქვეყანად რჩება) დომინოს კოშკივით დაიმსხვრევა.

აქედან გამომდინარე, თუ გვინდა რუსეთს აფხაზეთის ტერიტორიის ამბიცია მოვუსპოთ, ალბათ, მნიშვნელოვან ეკონომიკურ პროექტებში თანამშრომლობაზე უნდა წავიდეთ, მათ შორის, ისეთი მნიშვნელოვანის, როგორიც გაზსადენი და ტრანსევრაზიული რკინიგზის მშენებლობაა. სანამ რუსეთს არ შეეცვლება, ან არ შევუცვლით სამხედრო, ტერიტორიულ ინტერესებს ეკონომიკურით, მანამ ის გაასხვისებს თავის ტერიტორიებს აღმოსავლეთში და არ მოერიდება ე.წ. მეორე რუსეთის და კბილებით, დორბლმორეული დასავლეთში საქართველოს ძირძველ მიწებს ჩაებღაუჭება. ჩემი ოპონენტები იტყვიან, რომ დაგვაკაბალოს და თავისუფლება წაგვართვასო, ისევ ნავთზე რომ გავხდეთ მიბმულიო, მას ჩემი მტერი ენდოს, მაინც დერჟავული სული არისო. არა ჩემო ძვირფასებო, არც ჩვენ ვართ მარტო და ერეკლე რომ გააცოცხლო, ხელშეკრულებას მაინც ვერ მოაწერს ხელს, ეკონომიკური პროექტი ვასლობას არ ნიშნავს და პირიქით, მისი მდიდარი წიაღისეულით ჩვენ ვიშოვით სიუხვეს. ჩვენ ქვეყანა და სახელმწიფო უნდა ვიყოთ და ღვთის წყალობით არც მძლე პატრონები გვაკლია ეს არ არის 18-ე, 20-ე საუკუნის მსოფლიო. სხვა ალგორითმი ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და ეკონომიკურ აღორძინებას არ გააჩნია და რაც შეეხება დამოკიდებულებას, ჩვენი ექსპორტ-იმპორტის 60% ისევ რუსეთზე მოდის, მაგრამ ვერ ვხედავ, რომ ჩვენი პოლიტიკოსები რაიმე საკითხში რუსეთის მიმართ ლოიალურები იყვნენ, პირიქით, ბოლო დროს საკმაოდ სერიოზული პრინციპული ტონი შეინიშნება და რუსეთი თავის ძველმოდური ამბიციების გამო ხშირად უხერხულ მდგომარეობაში ვარდება.