როგორი იქნება საგადასახადო წნეხი 2005 წლიდან, ანუ როგორ დავიბეგრებით

ლაშა ბერიძე

მრავალი დაპირების, მრავალთვიანი სჯა-ბაასის, მრავალმხრივი აზრთა გამოცვლისა და ბევრი შრომის შედეგად, საქართველოს, როგორც იქნა, ახალი საგადასახადო კოდექსი აქვს, რომელიც 1 იანვრიდან შევა ძალაში. ამ დოკუმენტის მიმართ ექსპერტებს თუ საქმიან ადამიანებს არაერთი შენიშვნა აქვთ, მაგრამ ერთ რამეში ყველა თანხმდება, რომ ეს არის არა იდეალური, მაგრამ ოპტიმალური საგადასახადო კოდექსი, რომელიც ბევრად სჯობს თავის წინამორბედს.

საგადასახადო განაკვეთებთან დაკავშირებით ყველაზე ნაკლები კრიტიკა გამოითქმის, შენიშვნები, ძირითადად, მძიმე ადამინისტრირებას ეხება. გარდა ამისა, ოპონენტები მიიჩნევენ, რომ მოხდა შემცირებული განაკვეთების სხვა გადასახადებში გადანაწილება. ნავთობპროდუქტებსა და თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადი გაიზარდა, რაც ამ პროდუქციაზე ფასების მატებას გამოიწვევს.

დოკუმენტის ავტორების აზრით, კოდექსის ერთ-ერთი მთავარი ღირსება არის, რომ იგი ქართულად, გასაგები ენით არის დაწერილი. გარდა ამისა, ისინი მიიჩნევენ, რომ ახალ კოდექსში მეწარმეთა დაცვის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი მექანიზმებია ჩადებული.

ფინანსთა მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის შეფასებით, პარლამენტმა მომავალი წლების ეკონომიკური პოლიტიკის განმსაზღვრელი მთავარი დოკუმენტი მიიღო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, ჯერ წინ არის კოდექსის რეალურ ცხოვრებაში დამკვიდრების და გამოცდის პერიოდი. საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით, თავიანთ მოსაზრებებს გამოთქვამენ ეკონომიკური ექსპერტები:

დემურ გიორხელიძე – აქცენტირებული უნდა იქნეს ორი მომენტი, პირველი საგადასახადო განაკვეთები და მეორე, ადამინისტრირება. რასაკვირველია, დაბალი განაკვეთები უკეთესია, მაგრამ ეს არ ნიშნავს ავტომატურად, რომ ეს ინფორმაცია საკმარისია საქმიანი წრეებისათვის, რათა მათ თავიანთი ბიზნესები გაათეთრონ და ჩრდილიდან გამოვიდნენ. ყველაზე მძიმე და რთული ამ კოდექსში, ადმინისტრაციული ნაწილია, როდესაც საგადასახადო სამსახურებს აქვთ შეუზღუდავი უფლებები, რაც გამოიხატება კონფისკაციის, საქმიანობის შეჩერების, ქონების დაყადაღებისა და სხვა ქმედებებში. ეს მხარე სიტუაციასთან თუ არ არის ჰარმონიზირებული და სხვა ნორმატიული აქტებით გაწონასწორებული, ყოველთვის საფრთხის შემცველია, რადგან იგი თავის შინაარსით კორუფციულია და როგორც წესი, უშედეგოა. ამიტომ, არ შეიძლება, ასეთი უფლებებით ერთი მხარე – სახელმწიფო იყოს აღჭურვილი და მტკიცებულებების მთელი ტვირთი მეწარმეზე გადადიოდეს. არ შეიძლება საგადასახადო ინსპექტორი კონტრაქტის რაობას განსაზღვრავდეს, შეუძლებელია მას ყოვლისმომცველი განათლება ჰქონდეს, რადგან ჩვენ ინსპექტორის შემთხვევაში, საქმე, ალბათ, გვექნება საკმაოდ საშუალო დონის ადამიანთან, როგორც პროფესიული, ისე მორალურ-ზნეობრივი თვალსაზრისითაც. ამიტომ შეიქმნება უზარმაზარი პრობლემები და კონფლიქტები მეწარმესთან. შიშის ფაქტორი გამოიწვევს იმას, რომ მეწარმე ასეთ გაურკვეველ სიტუაციაში წინააღმდეგობას არ გაწევს, შედეგად, ის შეამცირებს თავის აქტიურობას და თუ ჩრდილში არ წავა, შეეცდება იმდენი იმუშავოს, რაც მთლიანად არ დაახურინებს ბიზნესს. ვფიქრობ, წელიწადი, ან წელიწადნახევარი სჭირდება ამ კოდექსს, თუკი მთავრობის პოლიტიკა სტაბილური იქნება, რომ იგი დაიხვეწოს და კონდიციამდე მივიდეს. თუმცა, თუ პარალელურად სასწრაფოდ არ იქნა გადადგმული ნაბიჯები, რასაკვირველია, მხოლოდ საგადასახადო კოდექსის შეცვლა საერთო ფისკალური რეფორმის გარეშე, ბიუჯეტის, ბიუჯეტშორისი ურთიერთობების, ასევე სტრუქტურული რეფორმებს და ბევრი რამის ხელშეუხებლად, რაც საქართველოში საქმიანობის გარემოს და მეურნეობრიობის პრინციპებს შეცვლის, ახალი კოდექსის მიღება, რასაკვირველია, უშედეგო იქნება.

სანდრო თვალჭრელიძე – ახალი საგადასახადო კოდექსის მოლოდინი იმდენად დიდი იყო, რომ ამერიკის საგადასახადო კოდექსი რომ მოგვეტანა, ის არ გაამართლებდა, მაგრამ ერთი რამ შემიძლია გითხრათ, წინა საგადასახადო კოდექსი თუ შეფასებას, ორიანს იმსახურებდა, ახალი სამიანზეა შესრულებული. ოთხამდე ჯერ შორს არის რამდენიმე მიზეზის და პირველ რიგში, აღმასრულებელი ნაწილის გამო. გარდა ამისა, კოდექსში არის ფარული გადასახადები. მაგალითად, ჩვენ ხმამაღლა ვთქვით, რომ დივიდენდებზე გადასახადები მოვხსენით, მაგრამ 192-ე მუხლში დივიდენდები 10%-ით წარმოშობის წყაროზე იბეგრება და ა.შ. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ დღგ-ს ყვითელი ანგარიშფაქტურები არ მოისპო, რომელიც კლავს მცირე და საშუალო ბიზნესს.

მოკლედ ასე გეტყოდით, საგადასახადო კოდექსის მიხედვით იქმნება შთაბეჭდილება, რომ მოსახლეობა არსებობს იმისთვის, რომ გადაიხადოს გადასახადები, და არა ფინანსთა სამინისტრო არსებობს იმისთვის, რომ მოემსახუროს მოსახლეობას.

მიხეილ ჯიბუტი – იმ ვარიანტთან შედარებით, რომელიც პროექტის სახით იყო წარმოდგენილი, შედარება ისეთივეა, როგორც ცასა და დედამიწას შორის. სიმართლე გითხრათ, იმედი იმისა, რომ საბოლოოდ იმ პროექტიდან ასეთი საგადასახადო კოდექსი დარჩებოდა, არ მქონდა. მიუხედავად ამისა, მიღებულ კოდექსსაც თავის ხარვეზები აქვს, თუმცა, ვფიქრობ, ამ პოლიტიკური ნებისა და კანონპროექტის მწარე მასალის ფონზე საუკეთესო ვარიანტია. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ის შემხვედრი ნაბიჯები, რომელიც გადაიდგა ხელისუფლების ყველა შტოში და განსაკუთრებით, ისეთ ჯიუტ სამინისტროში, როგორიც არის ფინანსთა სამინისტრო. თუმცა არის ისეთი საკითხები, რომელიც გვაიძულებს შემდგომში კოდექსს ისევ დავუბრუნდეთ. საქმე იმაშია, რომ ერთი საქმეა თეორიული კონსტრუქცია და მეორეა მისი პრაქტიკაში განხორციელება. საგადასახადო კოდექსში წერია, რომ მასში ცვლილებები არ უნდა შევიდეს ერთი წლის განმავლობაში, ვფიქრობ, რომ 2005 წელზე ეს არ უნდა გავრცელდეს, რადგან დანერგვის პერიოდი აუცილებელია. კოდექსში რა გამოჩნდება, არავინ იცის და ზოგჯერ, შესაძლოა, რედაქციული ჩასწორების შედეგად, გამორჩენილმა მძიმემ შექმნას პრობლემები, რომლის გამოსწორება ოპერატიულად უნდა მოხდეს. დანარჩენზე არ მსურს საუბარი იმიტომ, რომ კოდექსი ჯერ ახალი მიღებულია, ჯერ საგადასახადოს თანამშრომლებმა და გადასახადის გადამხდელებმა უნდა გაიგონ და ისწავლონ, მოკლედ, ყველაფერი წინ არის. რადგანაც

წარმოდგენილი კოდექსის სრულყოფაზე ვმუშაობდით, კონცეპტუალურად ბევრი შენიშვნა არ მაქვს, რასაც არ ვეთანხმებოდი ძველ კოდექსში, არ ვეთანხმები არც ახალში და ვფიქრობ, მესამე კოდექსთან დაკავშირებით როდესაც იქნება საუბარი, შემდეგ განვახორციელებთ. საუბარი მაქვს გადასახადების დიფერენცირებაზე. არ შეიძლება ყველა სახის მეწარმე დღგ-ს ერთი და იგივე ზომით იხდიდეს. საშემოსავლო გადასახადი, მართალია, გამარტივდა და 12%-მდე დავიდა, რაც ამარტივებს ანგარიშგებას და კარგია, მაგრამ ესეც არ არის მართალი, რადგან საზოგადოების მდიდარი და ღარიბი ფენა იხდის ერთი და იგივე გადასახადს, არადა, როგორც წესი, მდიდრები უნდა იხდიდნენ ღარიბების სასარგებლოდ.