მდგრადი განვითარება და ეკონომიკისა და გარემოს ურთიერთზემოქმედების პრობლემები

თინა გელაშვილი

მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან ბუნებრივი გარემოს უსაფრთხოების პრობლემები განსაკუთრებით აქტუალური ხდება. ამ დროისათვის ეკოსისტემათა ცხოვრებაში ადამიანის მასშტაბურმა ჩარევამ ადამიანის სამეურნეო საქმიანობის შედეგებმა, ბირთვული და თერმობირთვული იარაღის მრავალმა გამოცდამ, ატომური ენერგეტიკის განვითარებამ, მიწების, ტყის ჰაერის და სხვა რესურსების უკონტროლო გამოყენებამ სერიოზული მომავალ თაობებს საფრთხე შეუქმნა.

ადამიანთა საზოგადოებისა და ბუნებრივი გარემოს ურთიერთობის პრობლემას ყურადღება უძველესი დროიდან ექცეოდა. ამ პრობლემამ XIX საუკუნის რიგ ფუნდამენტურ ნაშრომებში პოვა ასახვა. იუ. ოდუმი აღნიშნავს, რომ პრიმიტიულ საზოგადოებაში ყოველ ინდივიდს, იმისათვის, რომ ეცხოვრა, მისი გარემოს, ბუნების შესახებ გარკვეული ცოდნა უნდა ჰქონოდა, ამიტომ ეკოლოგიამ პრაქტიკული ინტერესი ჯერ კიდევ ადამიანთა განვითარების საწყისი პერიოდიდან შეიძინა.

მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან ზემოხსენებულმა ფაქტორებმა კაცობრიობის მოაზროვნე ნაწილს სერიოზული ეჭვი აღუძრა ბუნების მიმართ ადამიანის დამოკიდებულების სისწორეში, ბუნებრივი გარემოს მიმართ მტაცებლური მიდგომის გამო. ეკოლოგიურმა კომპონენტებმა ეროვნული უსაფრთხოების პრობლემებშიც მეტად სერიოზული ყურადღება მიიპყრო. ეროვნული უსაფრთხოების ეკონომიკური კომპონენტები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მათ ძალუძთ არამარტო სახელმწიფოს ფიზიკური საფუძველი მოარყიონ, არამედ თვით მისი არსებობაც კი, სათუო გახადონ.

საზოგადოების პროგრესი და ადამიანის ცხოვრების დონის ყოველმხრივი ამაღლება განუხრელად არის დაკავშირებული ეკონომიკური განვითარების ეკოლოგიურ დასაბუთებასთან. ბუნებათსარგებლობის პროცესის (1) საბოლოო მიზანს ადამიანის სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილება წარმოადგენს. აღნიშნული მოთხოვნილებების ჯეროვანი დაკმაყოფილება ადამიანის კეთილდღეობის და ცხოვრების მაღალი დონის მიღწევის საფუძველია. პიროვნებისა და საზოგადოების კეთილდღეობა არ იქნება სრული, თუ დაუკმაყოფილებელი რჩება რომელიმე სახის მოთხოვნილება და გარემოსდაცვითი ინტერესების უგულებელყოფა აყენებს ყოველ ინდივიდს და მთელს საზოგადოებას სასიკვდილო საფრთხის წინაშე. თანამედროვე პირობებში საზოგადოების განვითარების უმთავრეს ფაქტორებს შორის განსაკუთრებულ ყურადღებას ეკოლოგიური მოთხოვნილებები იმსახურებს. ასეთად ითვლება ყველა ის მოთხოვნილება, რომელიც ადამიანის, როგორც ცოცხალი არსების ბუნებასთან ურთიერთზემოქმედების პროცესში წარმოიშობა. ზოგადად ეს მოთხოვნილება გამოვლინდება როგორც ინდივიდის ინტერესი – ჰქონდეს ნორმალური სიცოცხლის უზრუნველმყოფი ბუნებრივი პირობები. დღევანდელ მსოფლიოში ეკონომიკის გიგანტური ზრდის შედეგად ბუნებრივ გარემოში არსებულმა ეკოლოგიურმა წონასწორობამ რღვევა დაიწყო, დეგრადაციას განიცდის, პრაქტიკულად, ყველა სიცოცხლის უზრუნველმყოფელი ბუნებრივი კომპონენტი. ამის გამო ადამიანი ღრმად განიცდის და შეიცნობს საკუთარ ეკოლოგიურ მოთხოვნილებებს და სულ მეტად რწმუნდება, რომ მათი სათანადო დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია მეცნიერულად გააზრებული სპეციალური ღონისძიებების სისტემის, გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება. ადამიანისათვის პრიორიტეტული უთუოდ გარემოს დაცვითი ინტერესებია, ვინაიდან სწორედ აქ წყდება მისი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი. ბიოსფეროს დაბინძურების შედეგად წარმოიშობა, როგორც უკვე ცნობილი, ასევე მედიცინისათვის ჯერაც უცნობი დაავადებები: გენეტიკური, ტოქსიკოლოგიური, ალერგიული და ენდოკრინოლოგიური. დღევანდელ პირობებში პათოლოგიათა 95% პირდაპირ თუ ირიბად დეგრადირებულ ბუნებრივ გარემოს უკავშირდება, რომელიც დაავადებათა უშუალო მიზეზად, ან მათი წარმოშობის ხელშემწყობ ფაქტორად გვევლინება. მსოფლიოს მასშტაბით, სიცოცხლის უზრუნველმყოფი გარემო პირობების რაოდენობრივ-ხარისხობრივმა დეგრადაციამ მოსახლეობის სიკვდილიანობის ზრდა და სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირება გამოიწვია.

თანამედროვე ბუნებათსარგებლობის პროცესის ანალიზი გვიჩვენებს, რომ მასში უკანა პლანზეა გადაწეული გარემოსდაცვითი ინტერესების გათვალისწინების აუცილებლობა, პრიორიტეტულად ითვლება ეკონომიკური ბლოკი. სწორედ ეკონომიკური ინტერესების უპირატესობა წარმოადგენს დღევანდელი ბუნებათსარგებლობის კონცეპტუალურ საფუძველს. ბუნებათსარგებლობის ეკონომიკურ და ეკოლოგიურ ბლოკებს შორის არსებობს ობიექტური წინააღმდეგობრივი ურთიერთზემოქმედება. ამის გამო გარემოსდაცვითი ინტერესების უკანა პლანზე გადაწევა ბუნებათსარგებლობის პროცესის რღვევას და საზოგადოების ეკოლოგიურ დეგრადაციას გამოიწვევს (2). საზოგადოების პროგრესი, როგორც გლობალური, ასევე რეგიონული მასშტაბით წარმოუდგენელია ჯანმრთელი და ცოცხალი ადამიანების გარეშე. ადამიანის სიცოცხლეს კი ბუნებათსარგებლობის დღევანდელი პრიორიტეტულ-ეკონომიკური პრინციპი ემუქრება. უახლოეს მომავალში აუცილებელია საფუძვლიანად დაიხვეწოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების კონცეპტუალური საფუძველი; პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ადამიანის სიცოცხლის უზრუნველმყოფ, ანუ ეკოლოგიურ მოთხოვნილებებს. სწორედ ასეთ საფუძველზე უნდა დგინდებოდეს და კმაყოფილდებოდეს საზოგადოებისათვის აუცილებელი სხვა ინტერესები. ამავე დროს, შესაძლებელია აღმოვჩნდეთ მეორე უკიდურესობის წინაშე, როდესაც, ფაქტობრივად, უგულებელყოფილი იქნება ეკონომიკური განვითარების ინტერესები. ასეთი გადახრა საზოგადოებისათვის ნაკლებად, მაგრამ მაინც საშიშია, რადგან მას შეუძლია მიგვიყვანოს მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ დეგრადაციამდე, რაც საბოლოო ჯამში, დღის წესრიგში კვლავ დააყენებს ადამიანის ყოფნა-არყოფნის საკითხს. ამიტომაც, უახლესი, ჰარმონიული ბუნებათსარგებლობა უნდა წარმოდგეს, როგორც მეცნიერულად ღრმად გააზრებული პროცესი, რომელიც ობიექტურ ეკოლოგიურ-ეკონომიკურ კანონზომიერებებს ემყარება და რომლის უმთავრეს ამოცანას ადამიანის სიცოცხლე და კეთილდღეობა წარმოადგენს (3). ბუნებათსარგებლობის პროცესში გარემოს დაცვითი ინტერესების პირველადობა ეჭვგარეშეა. ამავე დროს აუცილებელია ეკონომიკური განვითარებაც. ეკოლოგიური მოთხოვნილებები, გარდა ცალკეული ინდივიდისა გააჩნია მთელ საზოგადოებასაც, რაც გამოიხატება მოთხოვნილებებში ენერგიის წყაროზე, სათბობზე, წყალზე, ტზის რესურსებზე და სხვა. დღევანდელ პირობებში როგორც ინდივიდუალური, ასევე საზოგადოებრივი ეკოლოგიური მოთხოვნილებები შეიძლება დაკმაყოფილდეს მხოლოდ წარმოების პროცესში და მისივე მეშვეობით, ოღონდ იმ პირობით, თუ ეკონომიკა ვითარდება ეკოლოგიურად დასაბუთებული გზით (4).

ეკოლოგიური მოთხოვნილება – ეს არის ადამიანის სასიცოცხლოდ აუცილებელი, მუდმივად მოქმედი მოთხოვნილება, რომელიც მწვავდება და ღრმად შეიცნობა სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გარკვეულ ეტაპზე და რომლის სრული დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია წარმოების პროცესში და მისივე მეშვეობით შენარჩუნებულ და მუდმივად კვლავწარმოებულ იქნას ნორმალური სიცოცხლის უზრუნველმყოფი ეკოლოგიური პირობები. ბუნებათსარგებლობა – ეს არის საზოგადოების საქმიანობა, რომლის პროცესშიც ხდება ბუნებრივი რესურსების საწარმოო გამოყენება საზოგადოებრივი და ინდივიდუალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ასეთ საქმიანობას საზოგადოება ეწეოდა მისი არსებობის პირველივე დღიდან განვითარების ყველა ეტაპზე. განსხვავება დღევანდელ პირობებში იმაში მდგომარეობს, რომ ახლა წინა პლანზეა წამოწეულია აუცილებლობა, წარმოების პროცესში გათვალისწინებული იქნას არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პრიორიტეტულად გარემოს დაცვითი ფაქტორები. სხვა სიტყვებით, ბუნებათსარგებლობა იძენს გონივრულობისა და მიზანმიმართულების ხასიათს, დამყარებულს ობიექტურ ეკოლოგიურ-ეკონომიკურ კანონზომიერებებზე და ჰუმანურ მორალზე (5).

ბიოსფეროში არსებული წონასწორობის კატასტროფული დარღვევა, ძირითადად, ადამიანის სამეურნეო-საწარმოო საქმიანობის, ანუ ეკონომიკის ფუნქციონირების პროცესში ხდება. ამიტომაც, პრობლემის გადაჭრაც უმთავრესად ღრმად გააზრებული ეკონომიკური განვითარების შედეგად არის შესაძლებელი. ეკოლოგიური და ეკონომიკური საწყისების ჰარმონიზაციის პრობლემა ბოლო ათწლეულში მსოფლიო მეცნიერული აზრის ყურადღების ცენტრში იმყოფება. ინტენსიურად შეისწავლება გარემოსა და წარმოების ურთიერთზემოქმედების ფუნდამენტური საკითხები და ყალიბდება ბუნებათსარგებლობის თეორიულ-მეთოდოლოგიური საფუძვლები. ეკონომიკის ეკოლოგიზაციის პრობლემები სხვადასხვა დასახელების სამეცნიერო-პრაქტიკული დისციპლინის კვლევის ობიექტს წარმოადგენენ. მათგან აღსანიშნავია: სოციალური ეკოლოგია, გარემოს ეკონომიკა, გარემოს მართვა, ეკონომიკური ეკოლოგია, ეკოლოგიური ეკონომიკა, ბუნებათსარგებლობის ეკონომიკა, რაციონალური ბუნებათსარგებლობა და სხვა. მათ ბევრი რამ აქვთ საერთო და სამეცნიერო-პრაქტიკულ საქმიანობაში ხშირად სინონიმებად გამოიყენებიან. “რიოს” დოკუმენტები მდგრადი განვითარების თეორიის და მეთოდოლოგიის საფუძველია. სოციალური განვითარების ეკოლოგიზაციის გზების ხანგრძლივი ძიების შედეგად თანამედროვე მეცნიერებამ მდგრადი განვითარების კონცეფცია შეიმუშავა. ეს არის საზოგადოების განვითარების ისეთი სისტემა, რომელიც ეკონომიკური განვითარებისა და გარემოს დაცვის ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ადამიანის ცხოვრების დონის ხარისხის ზრდას და მომავალი თაობების უფლებას – ისარგებლონ შეუქცევადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებებისაგან მაქსიმალურად დაცული ბუნებრივი რესურსებითა და გარემოთი. მდგრად განვითარების კონცეფციის საფუძველს წარმოადგენს სპეციალური გამოკვლევა საერთაშორისო კომისიისა, რომელმაც კვლევის შედეგები მოხსენების სახით 1987 წელს წარუდგინა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას. ეს კონცეფცია “მდგრადი განვითარების პრინციპების” სახით ჩამოყალიბდა გაეროს 1992 წლის რიო-დე-ჟანეიროს სპეციალურ კონფერენციაზე. იგი საერთაშორისო აღიარებით მიღებულია, როგორც უმთავრესი გზა გლობალური და რეგიონული განვითარებისათვის. ჩვენი ქვეყნის ფართო საზოგადოებრიობა სათანადოდ არ იცნობს “რიოს” პერიპეტიებს (2), დოკუმენტებს და მნიშვნელობას, ამიტომ, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, გარკვეული ადგილი დავუთმოთ ასეთ საკითხებს. გაეროს კონფერენცია გარემოს და განვითარების შესახებ ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში 1992 წლის ივნისში შედგა. მასში მონაწილეობას ღებულობდნენ 179 ქვეყნის მეთაურები, გაეროს წარმომადგენლები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები. ასეთი წარმომადგენლობითი შეხვედრა ისტორიას არ ახსოვს. კონფერენცია მიეძღვნა ჩვენი პლანეტის უმწვავეს პრობლემებს და უპრეცედენტო მოვლენას წარმოადგენდა. “რიოს” პროცესს საფუძველი 1972 წელს ჩაეყარა, როდესაც 113 ქვეყნის წარმომადგენლები სტოკჰოლმში, პირველ მსოფლიო კონფერენციაზე გარემოს დაცვის შესახებ შეიკრიბნენ. 1983 წელს გაერომ გ. ჰ. ბრუნტლანდის მეთაურობით გარემოსა და განვითარების საკითხებთან დაკავშირებით სპეციალური მსოფლიო კომისია შექმნა. 1987 წელს კომისიამ წარმოადგინა ანგარიში ჩვენი საერთო მომავალი, რომელიც შემდგომ სქელტანიანი წიგნის (376 გვერდის მოცულობით) სახით მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გამოიცა, მათ შორის 1989 წელს რუსულ ენაზეც. ანგარიშში გაისმა გაფრთხილება, რომ კაცობრიობამ წარმოების და ცხოვრების წესში ბევრი რამ უნდა შეცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ემუქრება მძიმე განსაცდელი და გარემოს პირობების მკვეთრი გაუარესება. კომისიამ განაცხადა, რომ ეკონომიკა უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანთა საჭიროებებს და კანონიერ სურვილებს, მაგრამ მისი ზრდა უნდა იფარგლებოდეს პლანეტის ეკოლოგიური შესაძლებლობებით. კომისიამ მოუწოდა კაცობრიობას “გარემოსათვის უსაფრთხო ეკონომიკური განვითარების ახალ ერაზე” გადასასვლელად. მან განაცხადა: “კაცობრიობას შეუძლია განვითარება აქციოს მდგრადს პროცესად – უზრუნველყოს დღევანდელი თაობის საჭიროებათა დაკმაყოფილება ისე, რომ არ მოუსპოს ამისი შესაძლებლობა მომავალ თაობებს”. 1989 წელს გაერომ დაიწყო ინტენსიური მოსამზადებელი მუშაობა გარემოსა და განვითარების საკითხებზე მსოფლიოს უმაღლესი დონის კონფერენციის ჩატარებისათვის. კონფერენცია გაიმართა 1992 წლის ივნისში. მასზე მიღებული იქნა ხუთი დოკუმენტი: 1. რიო-დე-ჟანეიროს დეკლარაცია გარემოსა და განვითარების შესახებ; 2. დღის წესრიგი XXI საუკუნისათვის; 3. განცხადება ტყეებისადმი დამოკიდებულების პრინციპების შესახებ; 4. გაეროს კონვენცია კლიმატის ცვლილებების შესახებ; 5. კონვენცია ბიომრავალფეროვნების შესახებ (6). კონფერენციის მონაწილე სახელმწიფოთა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აღიარებენ დედამიწის, ჩვენი საერთო სახლის, სისტემურ, კომპლექსურ და ურთიერთგანპირობებულ ხასიათს, რის საფუძველზეც, მიიღება დეკლარაცია განვითარების პრინციპთა კრებულით. ეს პრინციპები განსაზღვრავენ ხალხთა უფლებებს განვითარებაზე და მათსავე მოვალეობებს ყველასათვის საერთო ბუნებრივი გარემოს შენარჩუნების საქმეში. დეკლარაციაში გარემოსა და განვითარების შესახებ თავმოყრილია 27 პრინციპი, რომლებიც ეყრდნობა გაეროს სტოკჰოლმის 1972 წლის გარემოს დაცვითი კონცეფციის იდეებს. პრინციპების უმთავრესი არსი მდგომარეობს მსოფლიოს საზოგადოების და ცალკეულ სახელმწიფოთა ეკოლოგიურად კორექტულ ქმედებათა აუცილებლობაში. ასეთ პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფოებრივი საშინაო და საგარეო პოლიტიკა ხელს შეუწყობს ეროვნული და საერთაშორისო ეკოლოგიური მართლწესრიგის უზრუნველყოფას. დეკლარაციაში განცხადებულია, რომ ხანგრძლივი ეკონომიკური პროგრესის უზრუნველყოფის ერთადერთ გზას გარემოს დაცვისა და ეკონომიკის განვითარების ჰარმონიული ურთიერთშეხამება წარმოადგენს. ამისი მიღწევა კი შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნები დაიწყებენ ახლებურ და თანასწორ თანამშრომლობას მათი მთავრობების, ხალხების და ძირითადი საზოგადოებრივი ჯგუფების აქტიური მონაწილეობით. ამ მიზნით, აუცილებელია სათანადო საერთაშორისო შეთანხმებების დადება, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელი გახდება გლობალური ბუნებრივი გარემოს და განვითარების სისტემის ერთიანობის დაცვა და სამომავლოდ შენარჩუნება. “რიოს” დეკლარაციაში არსებული პრინციპები უაღრესად მნიშვნელოვანია ახალი აზროვნების, სოციალურ-ეკონომიკურ-ეკოლოგიური თეორიის, მეთოდოლოგიისა და სამეურნეო განვითარების პრაქტიკისათვის. ამიტომ, აუცილებლად მიგვაჩნია ზოგიერთი მათგანის შინაარსის გადმოცემა.

პრინციპი 1. ადამიანებზე ზრუნვას ცენტრალური ადგილი უკავია მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის ღონისძიებების სისტემაში. ადამიანებს აქვთ უფლება ჰქონდეთ ჯანსაღი და ნაყოფიერი სიცოცხლე ბუნებასთან ჰარმონიულობის პირობებში.

პრინციპი 2. სახელმწიფოებს აქვთ სუვერენული უფლება გამოიყენონ საკუთარი რესურსები თავისი გარემოს დაცვითი და განვითარების პოლიტიკის მიხედვით. ისინი პასუხისმგებელნი არიან იმისათვის, რომ მათ კონტროლსდაქვემდებარებულმა საქმიანობამ ზიანი არ მიაყენოს გარემოს სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე.

პრინციპი 3. განვითარების უფლების რეალიზაცია უნდა მოხდეს ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნეს დღევანდელი და მომავალი თაობების მოთხოვნილებათა სამართლიანი დაკმაყოფილება განვითარებისა და გარემოს დაცვის სფეროში.

პრინციპი 4. მდგრადი განვითარების მიღწევისათვის აუცილებელია, რომ გარემოს დაცვა იქცეს განვითარების პროცესის განუყოფელ ნაწილად და არ განიხილებოდეს მისგან მოწყვეტით.

პრინციპი 5. მდგრადი განვითარების აუცილებელი პირობაა სიღარიბის აღმოფხვრა. ყველა სახელმწიფომ და ხალხებმა უნდა ითანამშრომლონ ამ მიზნით, რათა შემცირდეს მკვეთრი განსხვავება ცხოვრების დონებს შორის და დაკმაყოფილდეს მსოფლიოს მოსახლეობის უმრავლესობის მოთხოვნილებები.

პრინციპი 6. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ეკონომიკურ-ეკოლოგიურად ჩამორჩენილი ქვეყნების მდგომარეობას და მოთხოვნილებებს.

პრინციპი 7. სახელმწიფოები თანამშრომლობენ გლობალური პარტნიორობის სულისკვეთებით, რათა შენარჩუნებული, დაცული და აღდგენილ იქნეს დედამიწის ეკოსისტემის სიჯანსაღე და მთლიანობა. ყველა სახელმწიფო ინაწილებს საერთო პასუხისმგებლობას გლობალური გარემოს დეგრადაციაში თავისი “წვლილის” მიხედვით. მონაწილეობენ რა მდგრადი განვითარების მიღწევისათვის საერთაშორისო საქმიანობაში, განვითარებული ქვეყნები აცნობიერებენ სათანადო პასუხისმგებლობას იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ზემოქმედებენ ისინი გარემოზე და რა ტექნოლოგიური და ფინანსური შესაძლებლობები გააჩნიათ.

პრინციპი 8. მდგრადი განვითარების და ყველა ადამიანისათვის უფრო მაღალი ცხოვრების დონის უზრუნველსაყოფად სახელმწიფოებმა უნდა შეზღუდონ და გააუქმონ წარმოებისა და მოხმარების არასიცოცხლისუნარიანი მოდელები და გაატარონ შესაბამისი დემოგრაფიული პოლიტიკა.

პრინციპი 9. სახელმწიფოებმა უნდა ითანამშრომლონ ეროვნული კომპლექსური სამეცნიერო პოტენციალის განმტკიცებისათვის მდგრადი განვითარების მისაღწევად სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის სფეროში გამოცდილების გაზიარების გზით.

პრინციპი 11. სახელმწიფოები ღებულობენ სამართლებრივ აქტებს გარემოს დაცვით სფეროში საკუთარი სპეციფიკის საფუძველზე, ვინაიდან ერთი ქვეყნის სტანდარტები სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით სავსებით მიუღებელი შეიძლება აღმოჩნდეს სხვა ქვეყნებისათვის, განსაკუთრებით განვითარებადი სახელმწიფოებისათვის.

პრინციპი 12. ეკოლოგიური პრობლემის გადასაჭრელად სახელმწიფოებმა უნდა ითანამშრომლონ ხელსაყრელი და ღია საერთაშორისო ეკონომიკური სისტემის შექმნის მიზნით, რაც უზრუნველყოფს ეკონომიკურ ზრდას და მდგრად განვითარებას ყველა ქვეყანაში.

პრინციპი 16. სახელმწიფოებმა ხელი უნდა შეუწყონ ეკოლოგიური დანახარჯების ინტერნაციონალიზაციას და ისეთი ეკონომიკური ინსტრუმენტების გამოყენებას, რომელთა მიხედვითაც, დამბინძურებელი უხდის სათანადო საფასურს დაზარალებულ მხარეს. ამასთან, აუცილებელია, არ დაირღვეს საზოგადოებრივი ინტერესები და საერთაშორისო ვაჭრობის და ინვესტირების წესები.

პრინციპი 22. ეკოლოგიური პრობლემის გადაჭრაში უდიდესი როლი ენიჭება მკვიდრ მოსახლეობას, მის ცოდნას და ტრადიციულ პრაქტიკას. სახელმწიფოებმა მხარი უნდა დაუჭირონ მოსახლეობის თვითმყოფადობას, კულტურას, ინტერესებს და უზრუნველყონ მისი ეფექტიანი მონაწილეობა მდგრადი განვითარების მიღწევის საქმეში.

პრინციპი 25. მშვიდობა, განვითარება და გარემოს დაცვა ურთიერთდაკავშირებული და განუყოფელი ცნებებია (6, 7).

ახლა შევჩერდეთ “რიოს” მეორე დოკუმენტზე – დღის წესრიგი XXI საუკუნისათვის და განვიხილოთ მისი უმთავრესი სოციალურ-ეკონომიკური მომენტები. ეს დოკუმენტი წარმოადგენს უზარმაზარ, ყოვლისმომცველ პროგრამას მთელი კაცობრიობისათვის მომავალ საუკუნეში. მასში ასახულ გლობალურ თანამშრომლობას ორი მიზანი გააჩნია: 1) ბუნებრივი გარემოს მაღალი ხარისხი და 2) ჯანსაღი ეკონომიკა მსოფლიოს ყველა ხალხისათვის. ეს ისტორიული დოკუმენტი გადმოცემულია 700 გვერდზე და მოიცავს მდგრადი განვითარების ყველა ასპექტს. მას აქვს უდიდესი თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობა სოციალურ-ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროსათვის.

განვიხილოთ “დღის წესრიგის” ის დებულებები და რეკომენდაციები, რომელთა გააზრება და განხორციელება აუცილებელია კაცობრიობის გადარჩენა-განვითარებისათვის და რაც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ნაკლებად აღელვებს სათანადო წრეებს ჩვენში – მეცნიერებს, ხელისუფლებას, ბიზნესმენებს, განათლების მესვეურებს და სხვა. “დღის წესრიგის” პრეამბულაში ნათქვამია, რომ უსაფრთხო და აყვავებული მომავლის უზრუნველყოფისათვის ერთადერთი გზა არსებობს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ აუცილებელია ეკოლოგიური და ეკონომიკური პრობლემები გადაიჭრას კომპლექსურად და ურთიერთდაკავშირებულად. “დღის წესრიგი” ასახავს სახელმწიფოთა გლობალურ თანხმობას და პოლიტიკურ ვალდებულებებს განვითარებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროში. მასში დადასტურებულია, რომ მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა პირველ რიგში მთავრობების მოვალეობას წარმოადგენს და ამისათვის აუცილებელია ეროვნული პროგრამების, გეგმების და პოლიტიკის შემუშავება. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ეკონომიკის ტრანსფორმაციის პროცესში მყოფ სახელმწიფოებს.

დოკუმენტის შემდგომ ნაწილებში გადმოცემულია ფუნდამენტური დებულებები, რომელთაგან აღვნიშნავთ უმთავრესს:

იმისათვის, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანა დაადგეს მდგრადი განვითარების გზას, საჭიროა ჩამოყალიბდეს ეფექტიანი და სამართლიანი მსოფლიო ეკონომიკური წესრიგი, რისთვისაც აუცილებელია პარტნიორული ურთიერთობების განვითარება მსოფლიოს ყველა ქვეყანას შორის;

მდგრადი განვითარების მიღწევაში დიდი წვლილის შეტანა შეუძლია ვაჭრობის ისეთ სისტემას, რომელიც წაახალისებდა მსოფლიოში წარმოებული პროდუქციის ოპტიმალურ განაწილებას გონივრული ეკოლოგიური პოლიტიკის საფუძველზე;

სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ეკოლოგიური და სავაჭრო პოლიტიკა შეესატყვისებოდეს მდგრადი განვითარების მოთხოვნებს;

განვითარებადი ქვეყნებისათვის აუცილებელი იქნება კაპიტალდაბანდებების გამოყოფა ეკონომიკური ზრდისა და მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნილებების სტაბილური დაკმაყოფილების სტიმულირებისათვის;

სასაქონლო ფასები ყველა ქვეყანაში უნდა ასახავდეს მათი წარმოების ეკოლოგიურ და სოციალურ ღირებულებებს;

სიღატაკე პირდაპირ კავშირშია არაგონივრულ ეკონომიკურ განვითარებასთან, ამიტომ მისი დაძლევისათვის აუცილებელია ყველა ქვეყნის მიზანმიმართული თანამშრომლობა ამ სფეროში.

გლობალური ეკოლოგიური დეგრადაციის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია წარმოების და მოხმარების ისეთი სტრუქტურა, რომელიც ვერ უზრუნველყოფს მდგრად განვითარებას, განსაკუთრებით ეს ითქმის ინდუსტრიულად განვითარებულ ქვეყნებზე.

კაცობრიობის უდიდესი ნაწილის უზომო პრეტენზიები და ცხოვრების მფლანგველური წესი ბუნებრივ გარემოს უმძიმეს ტვირთად აწვება. ჩვენ უნდა განვიხილოთ საკითხი სიმდიდრის და აყვავების ისეთი ახალი კონცეფციების შესახებ, რომლებიც უზრუნველყოფდნენ ცხოვრების უფრო მაღალ დონეს ცხოვრების წესის შეცვლის გზით და ნაკლებად იქნებოდნენ დამოკიდებული დედამიწის შეზღუდულ რესურსებზე და უკეთესად უპასუხებდნენ მის სიცოცხლის უზრუნველმყოფ შესაძლებლობებს; აუცილებელია შევცვალოთ ეკონომიკური ზრდის დღევანდელი კონცეფციები და დავსახოთ ისეთი ეკონომიკური ამოცანები, რომლებიც გაითვალისწინებენ ბუნებრივი რესურსების სრულ ღირებულებას. ასეთი მიდგომა მოითხოვს ახალი ეკონომიკური მაჩვენებლების შემუშავებას, რომლებშიც ასახული იქნება მდგრადობა ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის შეფასებისას; მდგრადი განვითარების მიღწევა დამოკიდებულია მიხმარების სტრუქტურის ცვლილებებთან ეფექტიანი წარმოების შეხამებაზე, ეს კი მოითხოვს ინდუსტრიულად განვითარებულ ქვეყნებში დამკვიდრებულ წარმოება-მოხმარების სისტემის ორიენტაციის შეცვლას; განვითარებადი ქვეყნები უნდა ეცადონ ეკონომიკის გარდაქმნისას, შექმნან მოხმარების სწორი სტრუქტურები, რომლებიც უზრუნველყოფენ ღარიბთა საჭიროებების დაკმაყოფილებას და მდგრადობის პრინციპების მოთხოვნებს. ამისათვის აუცილებელი იქნება ტექნოლოგიური და სხვა სახის დახმარება განვითარებული ქვეყნების მხრიდან; მდგრადი განვითარების უზრუნველყოფისათვის ქვეყნებმა უნდა გამონახონ გზები, რომელთა მეშვეობით მოხერხდება ეკონომიკური ზრდის და აყვავების შეხამება ენერგიის, ნედლეულის და ნარჩენების წარმოების ერთდროულ შემცირებასთან; განსაზღვრონ მთელი მსოფლიოსათვის მოხმარების დაბალანსებული სტრუქტურები, რომელთაც გაუძლებს დედამიწა ხანგრძლივი დროის განმავლობაში; ქვეყნის მთავრობებმა უნდა წაახალისონ ეფექტური წარმოება და შეამცირონ მფლანგველური მოხმარება; შეიმუშავონ პოლიტიკა, რომელიც წაახალისებს წარმოების და მოხმარების მდგრად სტრუქტურებზე გადასვლას; წაახალისონ ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების გადაცემა განვითარებადი ქვეყნებისათვის; მთავრობებმა უნდა ითანამშრომლონ, რათა უზრუნველყონ ბუნებათსარგებლობის, წარმოების და მოხმარების ეკოლოგიურად უსაფრთხო და მდგრადი მეთოდების განვითარება; საზოგადოებამ უნდა დაძლიოს ნარჩენების ზრდის პრობლემა მათი მეორადი გადამუშავების, შესაფუთი მასალების შემცირების და ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქტების წარმოების გზით; მთავრობებმა მრეწველობასთან თანამშრომლობით უნდა განავითარონ პროდუქტების სავაჭრო ეტიკეტებზე ეკოლოგიური ინფორმაციის განთავსების პრაქტიკა. უნდა ამოქმედდეს საფასე სტიმულები და საბაზრო მექანიზმები, რომლებიც ყველას ნათლად დაანახებს ენერგიის, ნედლეულის, ბუნებრივი რესურსების მოხმარების და ნარჩენების დაგროვების ეკოლოგიურ ღირებულებას; ყველა სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს პროგრამები, რომლებშიც განსაზღვრული იქნება ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესების ეკოლოგიური ფაქტორები და მათი დაძლევის გზები; აუცილებელია ეროვნული პროგრამების შემუშავება, რომლებიც წაახალისებენ ენერგოდამზოგველი და ახალი ტექნოლოგიების (მზის, წყლის, ქარის, ბიომასის და სხვათა ენერგიის გამოყენებით) განვითარებას; მთავრობებმა უნდა შეიმუშავონ მდგრადი განვითარების სტრატეგიები, რათა გააერთიანონ მთლიან სისტემაში სოციალურ-ეკოლოგიური პოლიტიკა ყველა სამინისტროს და საქმიანობის დონეზე საგადასახადო და საბიუჯეტო სფეროს ჩათვლით (7); ასეთი სტრატეგიის მიზანი უნდა იყოს სოციალურად ორიენტირებული ეკონომიკური განვითარება ბუნებრივი გარემოს ფაქტორებთან ჰარმონიაში მომავალი თაობების საკეთილდღეოდ. სტრატეგიების შემუშავებაში მონაწილეობა უნდა მიიღონ საზოგადოების ფართო ფენებმა; ასეთი მიზნებისათვის კი აუცილებელია ცვლილებები ინფორმატიკის, დაგეგმვის და მართვის სფეროებში. ეროვნულ ანგარიშთა სისტემაში უნდა ხდებოდეს გარემოს შეფასება როგორც ბუნებრივი კაპიტალის წყაროსა და ნარჩენების შთანმთქმელია სისტემისა; მწარმოებელთა და მომხმარებელთა შეგნებაში მკაფიოდ უნდა აისახებოდეს ეკოლოგიური დანახარჯების აუცილებლობა, ხოლო ფასები უნდა ასახავდნენ რესურსების შეფარდებით უკმარისობასა და სრულ ღირებულებას; მთლიანად ფასებმა, ბაზრებმა, საგადასახადო და ეკონომიკურმა პოლიტიკამ უნდა განსაზღვროს და უზრუნველყოს საზოგადოების გონივრული დამოკიდებულება ეკოლოგიური სისტემის მიმართ. ამ მიზნით ძირეული ცვლილებებია საჭირო საზოგადოებრივი წარმოების პრაქტიკულად ყველა სფეროში (ენერგეტიკა, მრეწველობა, მშენებლობა, ტრანსპორტი, სოფლის და სატყეო მეურნეობა, კავშირგაბმულობა, წყალმომარაგება, ნარჩენების გადამუშავება, ჯანდაცვა, ტურიზმი და სხვა). მთავრობამ უნდა შეწყვიტოს ან შეამციროს ისეთი სუბსიდირება, რომლებიც არ პასუხობს მდგრადი განვითარების მიზნებს; ხელი შეუწყოს ეკოლოგიური შეფასების და გადაწყვეტილებათა მიღების სხვა სახეებს, რომლებიც სისტემურ საფუძველზე ენერგეტიკული, ეკოლოგიური და ეკონომიკური პოლიტიკის შეხამებას ითვალისწინებენ; გამოიყენონ ადმინისტრაციული და ეკონომიკური ზომები, რათა წაახალისონ მრეწველობაში ეკოლოგიურად გამართლებული ტექნოლოგიების დანერგვა; გამოიყენონ ეკოლოგიური ზემოქმედების შეფასება მდგრადი სამრეწველო განვითარების ხელშეწყობის მიზნით; გამოძებნონ გზები, რათა ეკონომიკური განვითარების საერთო ეროვნულ მაჩვენებლებში შეტანილი იქნას მიწების და ეკოსისტემების ღირებულება; შეიმუშავონ ეროვნულ მოქმედებათა პროგრამები სატყეო მეურნეობის მდგრადი განვითარების მიზნით; აკონტროლონ გამოყენებისათვის აკრძალული ან შეზღუდული ქიმიური ნივთიერებებით საერთაშორისო ვაჭრობა; მოსთხოვონ სამრეწველო საწარმოებს ყველა ღონისძიების გატარება გარემოს დაბინძურების მაქსიმალური შემცირების და ნარჩენების უტილიზაციისათვის; საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად უზრუნველყონ ძირძველი მოსახლეობის ტრადიციული ეკოლოგიური გამოცდილების გამოყენება და სათანადო ტექნოლოგიებით ამ პროცესის ეფექტურობის ამაღლება; მაქსიმალურად შეუწყონ ხელი მდგრადი განვითარების და გარემოს დაცვითი საქმიანობის პროცესებში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობას როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო მასშტაბით; მოაგვარონ ადგილობრივი მართვის და თვითმმართველობის დონეზე ყველა რაიონში სათანადო “XXI საუკუნის დღის წესრიგის” შემუშავება (8); გამოიყენონ ეკონომიკური სტიმულები, კანონები, ნორმები და ადმინისტრაციული ხელმძღვანელობა ეკოლოგიურად უსაფრთხო საწარმოების საქმიანობის წახალისებისათვის. საქმიან, სამრეწველო, სამეცნიერო, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამეგობრობის საფუძველზე ხელი შეუწყონ ასეთი საწარმოებისათვის ხელმძღვანელი კადრების მომზადებას; ხელი შეუწყონ ერთობლივი ფონდების შექმნას მდგრადი განვითარების პროექტების განხორციელების მიზნით; მხარი დაუჭირონ ეკოლოგიური ეთიკის საკითხების შეტანას განათლების და მეცნიერების პრიორიტეტების სისტემაში; უზრუნველყონ ინფორმაციის სრული და ღია გაცვლა ხელმძღვანელებსა და მეცნიერებს შორის; მაქსიმალურად წაახალისონ ფუნდამენტური და გამოყენებითი გამოკვლევები მდგრადი განვითარებისა და გარემოს დაცვითი მართვის სფეროში; მოაგვარონ ეკოლოგიური განათლების გავრცელება მთელს მოსახლეობაში. წაახალისონ საზოგადოების ყველა სექტორი (სამთავრობო, საწარმოო, არასამთავრობო ორგანიზაციები, უნივერსიტეტები და სხვა) ეკოლოგიური კადრების მომზადების სისტემის შექმნის მიზნით.