სასტუმროების ბიზნესი საქართველოში

ფატი მამიაშვილი

ადგილი, სადაც ყოველთვის გველიან, არის სასტუმრო. სწორედ ეს არის სასტუმროების ხიბლი! – ადამიანებს უყვართ კომფორტი, მყუდრო გარემო, მოსწონთ, როცა მათზე სხვები ზრუნავენ და ემსახურებიან. . . დღევანდელი სასტუმროები ნებისმიერი კლიენტის გემოვნებას აკმაყოფილებს – ყველაფერი ეს დამოკიდებულია ფინანსებზე: რაც მეტია კლიენტის მატერიალური შესაძლებლობები, მით უფრო ძვირადღირებულ და მრავალფეროვან სერვისს სთავაზობს მას სასტუმრო. უფრო მეტიც, თანამედროვე სასტუმროები დღეს ექსტერიერისა და ინტერიერის დიზაინის მოდასაც ამკვიდრებენ, იქმნება მცურავი, მოძრავი, შუშის, ყინულის სასტუმროები. . .

სასტუმროების ბიზნესი განსაკუთრებით მომგებიანია დიდ

ქალაქებსა და საკურორტო ზონებში. მათი წარმატების მთავარი გარანტი არის მშვიდობა და ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობა. ამიტომაც, თბილისის უცხოელი სტუმრები სასტუმროებს შემდეგი პრინციპით ირჩევენ: არის თუ არა დაცვის სისტემა, შუქი, წყალი, სითბო. ისინი, ბუნებრივია, უფრო ენდობიან საერთაშორისო ქსელის სასტუმროებს: “მარიოტს”, “შერატონს” და ა.შ.

2
საქართველოში სასტუმროების ბიზნესი მომგებიანია თბილისში, მთისა და ზღვის საკურორტო რაიონებში. ამას ადასტურებს სტატისტიკური მონაცემებიც:

2002 წელს საქართველოში 236 სასტუმრო ფუნქციონირებდა, 2003 წელს კი – მხოლოდ 226. აქედან, სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა; 2002 წლისთვის – 42 სასტუმრო, 2003 წლისთვის – 42 სასტუმრო. სასტუმროების რაოდენობა ტერიტორიული ერთეულების მიხედვით ასეთ სურათს იძლევა (იხ. ცხრილი).

სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, 2003 წელს საქართველოს სასტუმროებში დასვენების მიზნით, 15517 ადამიანი იმყოფებოდა, საქმიანი ვიზიტით – 47517, სამკურნალოდ – 692, სხვადასხვა მიზნით – 18826. აქედან, 15 ათასამდე სტუმარი ევროპიდან ჩამოვიდა, 3847 – აზიის ქვეყნებიდან. 132 – აფრიკიდან, 7641 – ამერიკის კონტინენტიდან, 1353 – ავსრტალიიდან, 11015 – დსთ-ს ქვეყნებიდან. დღეს თბილისში დაახლოებით, 150 სასტუმროა. ამ ბიზნესში ჩახედული ადამიანები ამბობენ, რომ სასტუმროების რაოდენობა მალე 300 მიაღწევს და ეს ბაზარს უფრო კონკურენტულს გახდის. ადგილობრივი სასტუმროებითვის, ალბათ, ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ კონკურენციაა, არა ერთმანეთში, არამედ საერთაშორისო ქსელის სასტუმროებთან (“შერატონი”, “მერიოტი”), სადაც, როგორც წესი, უკეთესი მომსახურებაა და შესაბამისად, გაცილებით მეტი უცხოელი სტუმარი ჩერდება. თბილისში რამდენიმე სახელმწიფოს დაქვემდებარებული სასტუმრო ფუნქციონირებს. დანარჩენი – დაიხურა, დაინგრა ან სამაჩაბლოდან და აფხაზეთიდან ლტოლვილი მოსახლეობის დროებით საცხოვრებლადაა ქცეული. რაც შეეხება კერძო სექტორს, მათი შემოსავლები ბევრად მეტია ორი მიზეზით: ფასების რეგულირება უფრო თავისუფლად ხდება და მათი ფინანსური კონტროლი სახელმწიფოს მხრიდან გაცილებით რთულია. შერჩევის წესით, განვიხილავთ ორ სასტუმროს: “თორი”, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფოა და “ძველი თბილისი”, რომლის 100-იანი წილი კერძო მეწარმესა და მის ოჯახს ეკუთვნის.

სასტუმრო “თორი” აშენდა 2000 წელს, თურქეთის მთავრობის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის განკუთვნილი გრანტის გარგლებში. მაშინდელი ფასებით, სასტუმროს მშენებლობისა და აღჭურვისთვის 3,5 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა. სამ ვარსკვლავიანი სასტუმრო “თორი” მოიცავს 39 ოთახს, რესტორანს, ბარს, საკონფენრვნციო დარბაზს, გამაჯანსაღებელ (ტრენაჟორები) და გასართობ (საბილიარდო) ცენტრებს, უზრუნველყოფილია თანამედროვე საკომუნიკაციო და კომპიუტერული სისტემით. მისი “სავიზიტო ბარათი” თურქული აბანოა. ძირითადი კლიენტურა – ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის მოქალაქეები. აქ ფასები კერძო სასტუმროების იდენტურია: ერთ ადგილიან ოთახებზე – 80 აშშ დოლარი, ორადგილიანზე – 100 აშშ დოლარი. განსხვავება ის არის, რომ სახელმწიფოს მიერ დაწესებული ფასების შეცვლის უფლება “თორის” ადმინისტრაციას არ აქვს. ის გასული წლიდან ქონების მართვის სააგენტოს ბალანსზეა. ამდენად, მის თანხებსაც სააგენტო განკარგავს.

2004 წლის 1 ოქტომბრის მონაცემებით, სასტუმროს შემოსავალი (დღგ-ს გარეშე) 603961 ლარი იყო, ხარჯებმა შეადგინა 575379 ლარი, საბალანსო მოგებამ – 28582 ლარი, ხოლო წმინდა მოგებამ – 22711 ლარი. 2004 წლის ბოლოს, შეიცვალა სასტუმროს მენეჯმენტი. 2005 წლის იანვრის მდგომარეობით, აქაური პერსონალის (70-მდე თანამშრომელი) საშუალო ხელფასი 160 ლარია. “თორის” დირექტორის მოადგილე ფინანსურ საკითხებში, კახა ლორთქიფანიძე იზიარებს ყოფილი ეკონომიკის მინისტრის, კახა ბენდუქიძის მოსაზრებას, რომ საქართველოში ყველაფერი უნდა გაიყიდის (სინდისის გარდა!), მათ შორის, სახელმწიფოს დაქვემდებარებული სასტუმროებიც.

კახა ლორთქიფანიძე: – სასტუმროების ბიზნესში კერძო სექტორი უფრო კარგად მუშაობს, ვიდრე – სახელმწიფო. მე რომ კერძო სასტუმროს მფლობელი ვიყო, მას აუცილებლად გავაერთიანებდი საერთაშორისო ქსელში. შეიძლება, “თორის” ტიპის სასტუმრო არ მიიღოს “მარკო პოლომ”, მაგრამ არსებობს სხვადასხვა ქსელი, ვინც ნამდვილად დაინტერესდება. ამ შემთხვევაში, ფასების დარეგულირება გაცილებით უკეთესად მოხდება. კერძო სასტუმროს შეუძლია, როცა ამას საჭიროება მოითხოვს, ფასდაკლებით იმუშაოს, ჩვენს შემთხვევაში კი, ამის უფლება არ გვაქვს.”

სასტუმრო “თორი” რომ გაიყიდოს, საჭიროა დიდი ინვვესტიცია. შენობა კოსმეტიკურ რემონტს, ინტერიერის განახლებას და თანამედროვე სტანდარტების შესაბამის რეკონსტრუქციას მოითხოვს. ამ ეტაპზე, არ არსებობს არც რეალური ინვესტორი და არც გაყიდვის პერსპექტივა.

გასული თვე “თორისთვის” “მკვდარი სეზონი” აღმოჩნდა. 31 იანვრის მონაცემებით, 39 ადგილიან სასტუმროში მხოლოდ 10 ოთახი იყო დაკავებული. იმ მიზეზით, რომ სახელმწიფო სასტუმროში ფასდაკლების უფლება არ აქვთ, კლიენტი კერძო სასტუმროს ამჯობინებს. როდესაც სასტუმრო აშენდა, ბაზარი ნაკლებად კონკურენტული იყო. 2003 წელს “თორის” წლიური ბრუნვა შეადგენდა 900 ათას ლარს, 2004 წელს კი – 800 ათას ლარს. ეს ციფრები ადასტურებს, რომ, ამ ეტაპზე, საქართველოში სახელმწიფო სასტუმროები მომგებიანი არ არის.

კახა ლორთქიფანიძე: “ჩვენი ხარჯვითი ნაწილი დამოკიდებულია ქონების მართვის სააგენტოზე. ჩვენთვის აუცილებელია სატელევიზიო რეკლამა. ამისათვის 10 ათასი ლარი მაინცაა საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრო წაგებაზე არ მუშაობს, ეს ჩვენთვის დიდი თანხაა. სააგენტოსთვის, მართალია, არ მიგვიმართავს სარეკლამო თანხის გამოყოფის შესახებ, მაგრამ ვიცით, რომ თანხმობას ვერ მივიღებთ. ბიუჯეტში უზარმაზარი გადასახადები შეგვაქვს. 2004 წელს წმინდა მოგება 18 ათასი ლარი იყო. დასამალი არაფერი გვაქვს, რასაც ვერ ვიტყვით კერძო სასტუმროებზე. ნუ გექნებათ იმის ილუზია, რომ იქ შემოსავლებსა და ხარჯებს ისევე გაჩვენებენ, როგორც ჩვენ. ახალი საგადასახადო კოდექსი არ არის მისაღები მეწარმეენისთვის, ამიტომ ისინი იძულებულნი არიან, დამალონ შემოსავლები.”

სასტუმრო “ძველი თბილისი” 2001 წელს აშენდა. მშენებლობა 600 ათასი აშშ დოლარი დაჯდა. 51%-ის მფლობელი მეწარმე დევი გაბუნიაა (გენერალური დირექტორი), 36% – მის ძმიშვილს ეკუთვნის, დანარჩენი – ოჯახის წევრებსა და ნათესავებს. სასტუმროში 24 კეთილმოწყობილი ოთახია, ფუნქციონირებს რესტორანი და ბარი. შესაძლებელია ყველა სახის საყოფაცხოვრებო და მანქანით მომსახურება. მალე აშენდება საკონფერენციო დარბაზიც, გამაჯანსაღებელი ცენტრი.

გენერალური დირექტორი არ საუბრობს თავისი სასტუმროს შესახებ. მოტივი – ის უნდობლობას უცხადებს ქართულ პრესას. სამაგიეროდ, სჯერა, რომ მთავრობა “ჭკვიან მეწარმეს ვერ გამოიჭერს” და დარწმუნებულია, რომ “ძველი თბილისი” მსოფლიოში ყველაზე სუფთა სასტუმროა. მთავარი, რა პრინციპითაც ბატონი დევი პერსონალს არჩევს, არის კლიენტებისადმი პატივისცემა და კეთილსინდისიერი მომსახურება. ხელფასები აქ სასტუმროს შესაფერისადაა: ოფიციალური ანაზღაურება საშუალოა, მაგრამ გამომუშავება (ფეხის ქირა) – ბევრად მეტი. სასტუმრო “ძველი თბილისი” თურქულ ყაიდაზეა აგებული. მისი მეპატრონისთვის სწორედ თურქები არიან ამ ბიზნესში საუკეთესონი, მომსახურების თვალსაზრისით. თურქებისადმი სიმპათიებს აქ ხშირად ფასდაკლებითაც გამოხატავენ. სხვათა შორის, თურქეთში სასტუმროების განვითარებას მთავრობა უწყობს ხელს. დევი გაბუნიას ინფორმაციით, იქ სასტუმროს მეპატრონე გადასახადებს 5 წლის განმავლობაში არ იხდის. წლიურად ბიუჯეტში კი დაახლოებით 800 აშშ დოლარი შეაქვს. არსებობს კიდევ ერთი წესი, რომელსაც თურქები ჭკვიანურად იყენებენ: სასტუმროს გაქირავების შემთხვევაში, მქირავებელი 2 წლის განმავლობაში თავისუფლდება გადასახადებისგან. მეპატრონეები თავიანთ სასტუმროებს ფორმალურად ნათესავებზე აქირავენებ და შესაბამისად, ფულსაც ზოგავენ. დევი გაბუნია ამბობს, რომ გადასახადებს იხდის, მაგრამ ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალური უნდა იყოს. მისი აზრით, სახელმწიფომ ისეთი გადასახადები უნდა დააწესოს, რომ მეწარმემ გადახდა შესძლოს. მთავარი მისთვის მოგების გადასახადის შემცირებაა.

უცნაურია, მაგრამ “ძველი თბილისის” სტატუსზე “ვარსკვლავებით” ვერ იმსჯელებ. სასტუმროს მეპატრონეებმა უარი თურმე მაშინ განაცხადეს, როცა ხუთი “ვარსკვლავის” მინიჭებისთვის ჩინოვნიკებმა 200 დოლარი მოითხოვეს. ქრთამთან დაკავშირებული პრობლემების გამო, სასტუმრო არც დაზღვეული არ არის.

მაშ ასე, რეალურ სურათს სასტუმროების შესახებ ვერც ერთი სასტუმრო ქმნის; საერთაშორისო ქსელის ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები ქართულ სინამდვილეს ისედაც არ გამოხატავს, სახელმწიფო დაფინანსებაზე მყოფ ადგილობრივ სასტუმროებს მცირე მოგება აქვთ და ინვესტორებს ელოდებიან, კერძო სასტუმროს მფლობელები რეალურ შემოსავლებს არ აღრიცხავენ და არც საჯაროდ აქვეყნებენ. გარდა იმისა, რომ ისევ დიდი ლაფსუსებია საგადასადო კოდექსსა და საერთოდ, ეკონომიკურ პოლიტიკაში, ქართული სასტუმროების შესახებ ინფორმაციები თითქმის არ ვრცელდება საქართველოს ფარგლებს გარეთ. ძნელად თუ იპოვით ქართულ ინტერნეტ-საიტს, სადაც მსგავს ინფორმაციას ამოიკითხავთ. ბუნებრივია, ადგილობრივი სასტუმროების შესახებ ინფორმაციები არ მოიძებნება არც უცხოერ საიტებზე. რუსულ საიტებზე კავკასიის რესპუბლიკებიდან მხოლოდ სომხური ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო “არაქსი” აღმოვაჩინეთ.

როცა მსოფლიოში ძალიან სწრაფად ვითარდება სასტუმროების ბიზნესი და უკვე სრულიად ახალი ტიპის – ექვსვარსკვლავიან სასტუმროებზე დიდი მოთხოვნაა, ხოლო საქართველოში “ვარსკვლავებს” 200 დოლარად არიგებენ, ჩნდება ერთი მარტივი კითხვა – ადგილობრივი სასტუმროების შემთხვევაში, შეიძლება თუ არა გამოვიყენოთY სიტყვაა “ბიზნესი?” დარწმუნებით შეიძლება ითქვას მხოლოდ ერთი რამ, მოსალოდნელია ახალი კერძო სასტუმროების გახსნა. მშენებლობებისათვის შერჩეული ადგილების შეძენა კი მათ მეპატრონეებს გაცილებით ძვირი დაუჯდებათ.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial