იოსებ სტიგლიცი: როგორ დავიცვათ თავი “სიმდიდრის წყევლისაგან”

მოამზადა ამბროსი გრიშიკაშვილმა

კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორს, 2001 წლის ნობელის პრემიის ლაურეატს იოსებ სტიგლიცს ჩვენი საზოგადოებრიობა იცნობს როგორც ერთ-ერთ პრინციპულსა და მიუმხრობელ ეკონომისტს. მაგალითად,სტიგლიცის აზრით, ელცინის დროს რუსეთში (და არა მხოლოდ აქ, – გვსურს დავუმატოთ ჩვენი მხრიდან) უფრო ქონების მიტაცების ხერხები და მეთოდები შეიქმნა და დაიხვეწა, ვიდრე მისი გამრავლებისა.

“ამიტომ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს 90-იანი წლების უკანონო პრივატიზაციის პრობლემების გადაჭრა”, – წერს იგი და აგრძელებს -“თუკი უკანონოდ მითვისებულ ქონებაზე საზოგადოება თვალს დახუჭავს, მაშინ კერძო საკუთრება ამ ქვეყანაში ვერასოდეს ვერ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ, ხოლო ეკონომიკურ ოლიგარქიას პოლიტიკური ოლიგარქია შეცვლის”.

როგორც საქართველო, ისე სხვა გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნები სესხებს ძირითადად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან იღებენ, ამიტომ ამ ქვეყნების უმთავრესი ეკონომიკური პოლიტიკა სტიგლიცის აზრით, უნდა გახდეს არა მათდამი უკრიტიკო დამოკიდებულება, არამედ მოქმედება საკუთარი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით. აი, როგორ გვაფრთხილებს იგი ამის შესახებ და რა განაცხადა მან ეკონომისტთა IV საერთაშორისო ფორუმზე: “ეკონომიკური პოლიტიკა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელში არ უნდა ჩავაგდოთ, რადგან ამის გამო მსოფლიოს ღარიბი მოსახლეობა იტანჯება”.
თუმცა, სტიგლიცი კვლავაც რჩება თავისუფალი ვაჭრობისა და ლიბერალური ბაზრის მეხოტბედ, მაგრამ მას არ მოსწონს ის ხერხები და მეთოდები, რომლებითაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, ისეთები, როგორებიცაა სსფ და მსოფლიო ბანკი, აიძულებენ ღარიბ ქვეყნებს გაატარონ რეფორმები. ამას, სტიგლიცის აზრით, ამ ქვეყნებისათვის ძალზე დამღუპველი შედეგები მოაქვს.

“სოციალურ უსაფრთხოებას მრავალი ასპექტი აქვს. არსებობს მაგალითად, მჭიდრო კავშირი უმუშევრობასა და დანაშაულებების ზრდას შორის” – აცხადებს სტიგლიცი, – “ამიტომ, ლიბერალიზაციის პარალელურად საჭიროა ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. მისი აზრით, სსფ-ს მრავალი ცოდვა აქვს, თუმცა ხშირად ღარიბი ქვეყნებიც სცოდავენ. სწორი როდია, როდესაც ეს უკანასკნელნი ხშირად თავიანთ პოლიტიკას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების კარნახით ატარებენ, მაშინ, როდესაც ისინი, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ეროვნული ინტერესებით უნდა ხელმძღვანელობდნენ”.

სტიგლიცი მსოფლიოში განსაკუთრებით იმით არის ცნობილი, რომ გაბედულად და თანმიმდევრულად აკრიტიკებს სსფ-სა და მსოფლიო ბანკის პოლიტიკას. რა თქმა უნდა, აღნიშნული ორგანიზაციების კრიტიკა არ არის ახალი და თანამედროვე მსოფლიოში ამით არაერთი დამოუკიდებელი ექსპერტია დაკავებული. როგორც, ამ ბოლო დროს, ცნობილმა ქართველმა მეცნიერმა ეკონომისტმა ვლ. პაპავამ განაცხადა შეერთებული შტატებიდან დაბრუნების შემდეგ, მას ამ ქვეყნის საფინანსო წრეებში კაცი არ შეხვედრია, რომელსაც სსფ არ გაეკრიტიკებინოს. მაგრამ, როდესაც ამას აკეთებს ნობელის პრემიის ლაურეატი და ამავე დროს, ამ ორგანიზაციაში ერთ-ერთ უმაღლეს თანამდებობაზე მომუშავე ადამიანი, ამას სრულიად სხვა წონა აქვს. იგი ხომ ბოლო დრომდე მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი იყო.

ქვემოთ წარმოდგენილი წერილი Oსტიგლიცის შეხედულებებს გამოხატავს ე.წ. “სიმდიდრის წყევლისაგან” თავის დასაცავად. აი, ეს წერილიც:

არსებობს ერთი უცნაური მოვლენა, რომელსაც ეკონომისტები “სიმდიდრისაგან წყევლას” ვუწოდებთ. ეს ტერმინი იქიდან წარმოდგება, რომ ქვეყანა, რომელიც უხვადაა დაჯილდოებული ბუნებრივი სიმდიდრეებით, ძირითადად ვითარდება გაცილებით უარესად, ვიდრე იგი, რომელიც ასეთ წყალობას მოკლებულია. თუმცა, ეს ყველა მათგანს როდი ეხება; არსებობენ ისეთებიც, რომლებიც ყელამდე არიან ამ სახის სიმდიდრეში ჩაფლული, მაგრამ ვითარდებიან კარგად ან ყოველ შემთხვევაში, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით სულაც არ ჩამოუვარდებიან სხვა მდიდარ ქვეყნებს. რატომ ხდება ასე?

30 წლის წინათ ინდონეზია და ნიგერია – ანუ ქვეყნები, რომლებსაც დიდი რაოდენობის ნავთობი გააჩნიათ, თითქმის თანაბარი ზომის მშპ-ს აწარმოებდნენ ერთ მცხოვრებზე გაანგარიშებით. დღეს ანალოგიური შემოსავალი ერთ მცხოვრებზე ინდონეზიაში არის ოთხჯერ უფრო მეტი, ვიდრე ნიგერიაში. უფრო მეტიც, აღნიშნული მაჩვენებელი ნიგერიაში 1995 წლის შემდეგ შემცირდა კიდეც. მსგავსი დასკვნის გაკეთება შეიძლება სიერა ლეონესა და ბოსტვანას შესახებაც. ორივე ეს ქვეყანა მდიდარია ალმასით, მაგრამ ბოსტვანაში ეკონომიკა ბოლო სამი ათეული წლის განმავლობაში ვითარდებოდა საშუალოწლიური 8 პროცენტით, მაშინ, როდესაც სიერა ლეონე პოლიტიკურ ინტრიგებში ჩაეფლო და ეკონომიკურ კრიზისში აღმოჩნდა. მსგავსი მაგალითების მოყვანა განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან მრავლად შეიძლება.

ამგვარი მდგომარეობის შესწავლის საფუძველზე ეკონომისტები შემდეგ რამდენიმე დასკვნას აკეთებენ:

1. სიმდიდრის პერსპექტივების გათვალისწინებით ხელისუფლება მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რომ ტორტიდან ყველაზე დიდი ნაჭერი თავად მოიჭრას და არა იმაზე, თუ როგორ გაზარდოს თავად ეს ტორტი. მათი ამგვარი განწყობილება და დამოკიდებულება კი ხშირად ომების მიზეზიც კი გამხდარა. უკეთეს შემთხვევაში სახელმწიფო მოხელეები კმაყოფილდებიან იმით, რომ უცხოელთა წაქეზებით ისინი თავიანთი ყურადღების კონცენტრაციას აკეთებენ მხოლოდ სწრაფი და მაღალი მოგების მიღებაზე. ამ ქვეყნების ფირმებისათვის ადვილი და იაფია ხელისუფლების მოსყიდვა, რათა საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად მიიღონ ბუნებრივ სიმდიდრეებზე ექსპლუატაციის უფლება, ვიდრე სახსრები დააბანდონ ეროვნული მეურნეობის სხვა რომელიმე დარგში. ამიტომ გასაკვირი როდია, რომ ბიზნესმენთა გარკვეული ნაწილი ადვილად ვერ ძლევს ამგვარ ცდუნებას.

2. მეორე მიზეზს წარმოადგენს ის, რომ ბუნებრივი სიმდიდრეები ადვილად ექვემდებარებიან ფასთა ცვლილებებს. ამიტომ ბანკები კარგ პერიოდებში სიამოვნებით გაიღებენ სესხებს, მაგრამ მაშინვე, როგორც კი ეცემა ფასები მაგალითად, ნავთობზე მკაცრად მოითხოვენ მათ უკან დაბრუნებას (ძველი პრინციპის გათვალისწინებით: ასესხე მხოლოდ მას, რომელიც სრულიადაც არ საჭიროებს სესხს). აღნიშნული იწვევს ეკონომიკის კიდევ უფრო არასტაბილურობას, ვიდრე ამას ექნებოდა ადგილი მაშინ, თუკი მხოლოდ ნედლეულზე ფასთა ცვლილებები გვექნებოდა.

3. მესამე მიზეზი კი არის ის, რომ ნავთობისა და სხვა მინერალური ნედლეულის წყალობით შესაძლებელია უფრო ადვილად იქნეს მიღწეული კეთილდღეობა, მაგრამ ნედლეული თავისთავად არ ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და სამწუხაროდ, ხშირად უარყოფით გავლენასაც კი ახდენს ეკონომიკის სხვა დარგების განვითარებაზე. მაგალითად, ნავთობის გაყიდვიდან შემოსული სავალუტო ამონაგები ხშირად იწვევს ადგილობრივი ვალუტის გაუფასურებას. ეს მოვლენა ცნობილია, როგორც “ჰოლანდიური ავადმყოფობა”.

კერძოდ, ნავთობისა და გაზის საბადოების აღმოჩენამ ჰოლანდიის სანაპიროებთან გამოიწვია უმუშევრობის მკვეთრი ზრდა. პარალელურად ეს გახდა შრომისუუნაროთა რიცხოვნობის ზრდის მიზეზიც, რადგან მრავალი ჰოლანდიელი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გაცილებით უკეთესი იყო მათ მიეღოთ შრომისუუნაროთათვის განკუთვნილი შემწეობა, ვიდრე დახმარება უმუშევრობისთვის. ვენესუელის, ანუ ქვეყნის, რომელიც ლათინურ ამერიკაში ყველაზე დიდ ნავთობის საბადოებს ფლობს, მოსახლეობის ორი მესამედი სიღატაკეში ცხოვრობს. ამიტომ, სულაც არაა გასაკვირი მათი მოთხოვნა, რომ ქვეყნის მოსახლეობის ვიწრო წრემ, რომელიც სიმდიდრის უდიდეს ნაწილს ფლობს, ქონების ნაწილი მათ გაუყოს.

საბედნიეროდ გვაქვს უკვე ამ სახის პრობლემების გადაჭრის გამოცდილება. დემოკრატიული, კონსესუსზე დამყარებული, გამჭვირვალე პრინციპები, რომლებიც მაგალითად, ბოსტვანაში მოქმედებენ, ნამდვილად არის იმის გარანტი, რომ ის სიმდიდრე, რომელიც სასარგებლო წიაღისეულის გაყიდვის შედეგად შემოედინება ქვეყანაში, სამართლიანად და გონივრულად იქნება განაწილებული. ისიც ვიცით, რომ სტაბილიზაციის ფონდის დახმარებით, საითაც მიმართავენ მოგების ნაწილს ნედლეულზე მაღალი ფასების არსებობის პირობებში, შესაძლებელი გახდება ეროვნულ მეურნეობაში სტაბილურობის შენარჩუნება ფასების მერყეობის დროს. ამგვარი მერყეობა კი, განსაკუთრებით იმის შედეგი შეიძლება იყოს, რომ უცხოელ მსესხებელთა ზეგავლენით ადგილობრივი ხელისუფლება ეკონომიკური აღმავლობის დროს სესხულობს დიდი რაოდენობით სახსრებს იმის იმედით, რომ ამგვარი სამეურნეო აღმავლობა დაუსრულებლად გაგრძელდება.

ამასთან “ჰოლანდიური ავადმყოფობა” მიზეზია იმ თანამდევი მოვლენებისა, რომლებიც თან ახლავს ნავთობისა და სხვა ნედლეულის რეალიზაციას და რომლებთანაც ძალზე ძნელია ბრძოლა, მით უმეტეს ღარიბი ქვეყნისათვის. არადა, ასეთ შემთხვევაში, პრინციპში ძნელი არაა ვალუტის კურსის ზრდის წინააღმდეგ ბრძოლა: საჭიროა ფული დაბანდდეს აშშ-ში ან ევროპაში, ხოლო შემდეგ თანდათანობით იქნეს იგი ქვეყანაში შეტანილი. სამწუხაროდ, განვითარებადი ქვეყნების უმრავლესობა ამგვარ ეკონომიკურ პოლიტიკას მიიჩნევს არა საკუთარი, არამედ სხვა ქვეყნების ეკონომიკის განმტკიცების ღონისძიებად და უარს ამბობს მასზე.

ნიშანდობლივია, რომ ზოგიერთი ქვეყანა, მაგალითად, ნიგერია, ცდილობს გამოიყენოს ამგვარი გამოცდილება. კერძოდ, მას სურს შექმნას სტაბილიზაციის ფონდი, თავისი ბუნებრივი რესურსები გაყიდოს გამჭვირვალე პირობებში კონკურენციულ ბაზარზე. და რაც უფრო მთავარია, ნიგერიელები ნამდვილად ცდილობენ, რომ ნედლეულის გაყიდვით მიღებული შემოსავალი დაბანდებული იქნეს ეროვნული მეურნეობის განვითარების მიმართულებით, რათა უკვე იმ დროისათვის, როდესაც თანდათან შემცირდება მათი ბუნებრივი რესურსები გაიზარდოს ქვეყნის ჭეშმარიტი სიმდიდრე: ძირითადი კაპიტალი და ადამიანური რესურსები.

დასავლეთის ქვეყნებს შეუძლიათ განვითარებადი ქვეყნებისათვის მიხმარება რეფორმების გონივრულად განხორციელებაში. ამ უკანასკნელთა ხელისუფლების მიერ ფულის გათეთრება და საიდუმლო საბანკო ანგარიშები არამხოლოდ ხელს უწყობს ტერორიზმის აღზევებას, არამედ ნოყიერი ნიადაგი ხდება კორუფციის მასშტაბების გაფართოებისათვისაც, რომელიც ასუსტებს ეროვნულ მეურნეობას. ეკონომიკური გამჭვირვალეობის დაცვის მიზნით კარგი იქნებოდა ასევე ისეთი პრინციპების შემოღება, როგორიცაა მაგალითად, გადასახადების დაწესება მხოლოდ სრულიად დასაბუთებულ ხარჯებზე. გარდა ამისა, დასავლეთის ქვეყნების მიერ იარაღის მასობრივი მიყიდვა განვითარებადი ქვეყნებისთვის ხელს უწყობს კონფლიქტების გაჩაღებას, რომელთა შედეგებიც თანდათან უფრო საშინელი ხდება. ყოველივე ამას ჯვარი უნდა დაესვას. ბუნებრივი სიმდიდრეების სიჭარბეს შეუძლია და უნდა იქცეს კიდეც კეთილდღეობის და წყევლის მიზეზი. მხოლოდ პოლიტიკური ნების დეფიციტი გვიშლის ხელს, რომ ამ მიმართულებით ვიმოძრაოთ.