კაპიტალიზმი და რელიგია ანუ ვებერის წიგნის – “პროტესტანტული ეთიკა და კაპიტალიზმის სული” 100 წლისთავისადმი

მოამზადა ამბროსი გრიშიკაშვილმა

ის გარემოება, რომ სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობა სრულიად განსხვავებულად ამზადებდა და ამზადებს ადამიანს ცხოვრების, განსაკუთრებით სამეურნეო საქმიანობისათვის, დიდი ხანია, რაც ცნობილია. თუმცა, აღნიშნული ურთიერთდამოკიდებულება ადამიანის შრომის კულტურასა და მის აღმსარებლობას შორის მეცნიერულად პირველად გამოჩენილმა გერმანელმა სოციოლოგმა და ეკონომისტმა მაქს ვებერმა შეისწავლა.

შედეგად, ამ სფეროში თავისი მეცნიერული დაკვირვებები მან ჩამოაყალიბა წიგნში “პროტესტანტული ეთიკა და კაპიტალიზმის სული, რომლის წერასაც იგი 1904 წელს, ანუ ზუსტად ასი წლის წინათ, შეუდგა. აღნიშნული მრგვალი თარიღი გასულ წელს ფართოდ აღინიშნა ევროპაში. მისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობა მრავალმა მეწარმემ თუ მეცნიერმა, პოლიტიკოსმა თუ ღვთისმსახურმა მიიღო, ანუ ყველა იმ ადამიანმა, რომელიც კარგად გაეცნო ვებერის შრომას და გაოცდა ავტორის მეცნიერული პატიოსნებით და პრობლემათა სიღრმეებში წვდომის უნარით.

როგორც ცნობილი სოციოლოგები აღნიშნავენ, ძნელია დღევანდელი

სოციოლოგიური მეცნიერების განვითარება ისე, თუ არ გამოიყენებ ვებერის მიერ აღმოჩენილ ტერმინებს, არ გაითვალისწინებ მის თეორიულ ნაღვაწს, და საერთოდ, მის მიერ შესწავლილ პრობლემებს, რომლებიც ფაქტიურად ადამიანის ცხოვრების ყოველ მხარეს ეხებიან. ვებერის შეხედულებები შრომის რაციონალიზაციის, ბიუროკრატიის თუ თანამედროვე კაპიტალიზმის შესახებ, ჩვენს დღემდე ხომ თითქმის არ შეცვლილა.

ერთ-ერთ პირველ პრობლემას, რომელიც ვებერის ზემოთქმულ წიგნშია წამოჭრილი, წარმოადგენს მასში მოცემული ტერმინი “კაპიტალიზმის” განსაზღვრება. სახელდობრ, ამ წიგნში დააყენა ვებერმა საკმაოდ ფუნდამენტური კითხვა იმის შესახებ, თუ რა მიზეზების გამო გახდა XVI საუკუნის შემდეგ პერიოდში დასავლეთი გაცილებით უფრო განვითარებული და მდიდარი, ვიდრე მთელი დანარჩენი სამყარო? ამასთან, როგორ მოხდა, რომ თავად დასავლეთშიც ერთი ქვეყანა უფრო დაწინაურდა, ვიდრე მეორე? რატომ იყო, რომ მაგალითად, 1863 წელს, როდესაც ლონდონში მეტროს პირველი ხაზი გაიხსნა (ცნობისათვის: თბილისის მეტროს პირველი ხაზი გაიხსნა 1961 წელს), ევროპის მრავალ ქვეყანაში ჯერაც ისე ცხოვრობდნენ, მოგზაურობდნენ და მუშაობდნენ, როგორც XVIII საუკუნეში?

გავიხსენოთ ისიც, რომ 1776 წელს გამოჩენილი შოტლანდიელი ადამ სმითი თავის წიგნში “ხალხთა სიმდიდრის მიზეზების… შესახებ”, ამ ყველაფერს, გარკვეულწილად, არცთუ უსაფუძვლოდ, “თავისუფალი ბაზრის უხილავ ხელს” აბრალებდა.

გამოჩენილი გერმანელი მეცნიერი 1904 წელს ამტკიცებდა, რომ კაპიტალისტური რევოლუცია, უპირველეს ყოვლისა, ადამიანების თავში მწიფდება და ხორციელდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თანამედროვე კაპიტალიზმის არსი არა ადამიანების სწრაფვაა გამდიდრებისაკენ, არა ინდუსტრიალიზაცია ან ფინანსური ნაკადების ბრუნვის დაჩქარება, არა ნავთობისა თუ ქვანახშირის მარაგები, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ესაა საზოგადოებრივი სულის განსაკუთრებული მდგომარეობა. ესაა განსაკუთრებული ტიპი ღირსებებისა და ჩვეულებების, რომელიც ადამიანს ყოველდღიურად უბიძგებს დამზოგველობისკენ, შრომისმოყვარეობისკენ, სხვა ადამიანების მიმართ ჯანსაღი შეჯიბრისკენ და ეს ყოველივე მას აღავსებს ოპტიმიზმითა და რწმენით საკუთარი თავისადმი. ეს არის საზოგადოებრივი კლიმატი, რომელიც მორალურად, რელიგიურადაც კი აძლიერებს ყოველი იმ ადამიანის ძალისხმევას და ინიციატივას, რომელსაც პატიოსანი გზით და ღირსეული ხერხებით სურს გაიუმჯობესოს თავისი ყოფა-ცხოვრება.

ამასთან, საუბრობს რა კაპიტალიზმის კულტურული თუ მენტალური საფუძვლების შესახებ, ვებერი ხაზს უსვამს იმასაც, რომ კაპიტალიზმი ველური მცენარე როდია, რომელიც, სადაც არ უნდა ჩარგო, აყვავდება და თავის ნაყოფს გამოიღებს, არამედ ეს, უპირველეს ყოვლისა, არის კეთილშობილური სისხლი, რომელიც სათანადო კლიმატს მოითხოვს არსებობისთვის. კაპიტალიზმის გამარჯვება ნევისა თუ ვოლგის, დნეპრისა თუ ვისლას ნაპირებზე დამოკიდებულია არა ბანკომატებისა თუ სუპერმარკეტების რიცხოვნობაზე, არამედ, უპირველეს ყოვლისა, რუსების, უკრაინელებისა თუ პოლონელების ტრადიციებზე, წეს-ჩვეულებებსა და მენტალობაზე.

კითხვაზე, თუ საიდან წარმოსდგებოდა ეს საოცარი კლიმატი, რომელიც ადამიანებს უბიძგებდა შრომის შედეგად, გამდიდრებისკენ და ამასთან, კარნახობდა მათ ეცხოვრათ მომჭირნეობით და აღვსილი ყოფილიყვნენ ყოველდღიური ოპტიმიზმით, ვებერი უყოყმანოდ პასუხობდა – ქრისტიანობიდან.

ისტორიიდან ცნობილია, რომ კაპიტალისტური კულტურის ჩანასახები ნამდვილად შუა საუკუნეების ქრისტიანობიდან წარმოიშვა. ვენეციის თუ გენუის მოქალაქეებმა, თავიანთი ვაჭრული უნარისა და გერგილიანობის, შრომისმოყვარეობისა და ოპტიმიზმის წყალობით, საკუთარი ქალაქები მძლავრ ევროპულ სავაჭრო და ხელოსნობის ცენტრებად აქციეს. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ კაპიტალიზმის განვითარების ეს პირველი ეტაპი იმდენად ინტენსიური იყო, რომ უკვე XIV საუკუნეში ფლანდრიული ბრუგია და იტალიური ვენეცია ერთმანეთს დილიჟანსების რეგულარული ხაზებით უკავშირდებოდნენ (ცნობისთვის: ეს შესაძლებელი გახადა 1338 წელს ალპებზე გამავალმა პირველმა სარკინიგზო ხაზმა).

ამასთან, ვებერისთვის კაპიტალისტური რევოლუციის ნამდვილი დასაწყისი 1517 წლის შემდეგაა საძიებელი, როდესაც მარტინ ლუთერისა და იან კალვინის მიერ ქრისტიანული დოგმატების რადიკალური ცვლილებები განხორციელდა. კარგი იქნება თუ გავიხსენებთ, პირველი მათგანი დარწმუნებული იყო, რომ ღმერთი ჩვენგან მოელის არა მხოლოდ წირვასა და ლოცვას, არამედ ყოველდღიური საქმეების, ამასთან პროფესიული მოვალეობის გულდასმით აღსრულებასაც. მეორეს მხრივ, კალვინის და მისი მომხრეების ქადაგების მიხედვით გამოდიოდა, რომ ადამიანებს თავიანთი ცოდვისა თუ მადლის საფასური უკვე აქ, დედამიწაზე მიეზღვებოდათ. მაგალითად, თუ ადამიანს ჰყავდა მომჭირნე და გონიერი ცოლი, თავადაც ინიციატივიანი იყო და საქმეები კარგად მისდიოდა, ეს იმის მომასწავებელი იყო, რომ ღმერთს მოსწონდა მისი საქციელი და თანაუგრძნობდა მას და პირიქით. ამასთან, ვებერისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო კალვინის მოძღვრების პურიტანული ნაწილი, კერძოდ, კი იმის რწმენა, რომ ადამიანური სხეული და მასთან დაკავშირებული იმპულსები, მოთხოვნილებები და რაც მთავარია, სიამოვნებისკენ სწრაფვა, წარმოადგენდა პირდაპირ გზას ცოდვებისა და დაცემისაკენ. ამიტომ მეტად გადაუდებელ და საშურ საქმეს წარმოადგენს, როგორც ამას ხაზგასმით ამბობდა ჟენეველი რეფორმატორი, ცხოვრების მოწესრიგება. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ადამიანს უნდა ემუშავა მძიმედ, დაეზოგა შემოსავალი და უარი ეთქვა ყოველგვარ ზედმეტობაზე. ამ გაგებით განსაკუთრებული პატივისცემის ღირსია მდიდარი, რამეთუ მას აქვს დასახარჯი და უარს ამბობს ამაზე.

შედეგად, თანამედროვე კაპიტალიზმი წარმოიშვა იქ, სადაც ამ ორი მოძღვრების მთავარი მიმდინარეობები იკვეთება და საფუძვლად ედება ადამიანთა ყოველდღიურ საქციელს და სადაც ადამიანები საკუთარი რწმენის თანახმად მზად არიან მძიმედ იმუშაონ, გამდიდრდნენ კიდეც და ამასთან მოერიდონ ზედმეტ მფლანგველობას, დაზოგონ და აკუმულაცია გაუკეთონ თავიანთ შემოსავლებს. შესაბამისად კაპიტალისტური კულტურა უპირველესად ჩამოყალიბდა რეფორმაციასთან ერთად გერმანიაში, შვეიცარიაში, ინგლისში, ნიდერლანდებში, ანუ სკანდინავიის ქვეყნებში. ამასთან, ამ კულტურის ნამდვილ ნავსაყუდელად იქცა ბრიტანეთის კოლონიები ახალ ინგლისში (დღეს აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროები), შემდგომში შეერთებული შტატები, საითკენაც XVII საუკუნიდან მთელი ევროპის პროტესტანტები დაიძრნენ, რათა ეპოვათ საკმარისი სივრცე და პირობები ახალი იერუსალიმის ასაშენებლად.

ვებერის ეს გაკვეთილი კაპიტალიზმის განვითარების ისტორიიდან ზოგადად ორი პრობლემის გასაშუქებლადაა საჭირო. პირველს წარმოადგენს პრობლემა რელიგიის, კონკრეტულად კი ქრისტიანობის, საზოგადოებრივი როლისა და დანიშნულების შესახებ. ვებერი, ისევე, როგორც გამოჩენილი დასავლეთელი მოაზროვნენი: ჰანტინგტონი თუ ბელი დარწმუნებულია იმაში, რომ დასავლური ცივილიზაცია არა მხოლოდ ისტორიულად, არამედ ორგანულადაც არის დაკავშირებული ქრისტიანული კულტურის ტრადიციებთან, მისი განუყრელი სისხლხორცეული ნაწილია. ამიტომ, ყოველ მის აღმავლობასა თუ კრიზისს აქვს, ანდა ექნება შესაბამისი პოლიტიკური თუ ეკონომიკური შედეგები.

მეორე პრობლემა პირველზე კიდევ უფრო რთულია. თუ ვებერის შეხედულებებს ბოლომდე გავითვალისწინებთ, მაშინ აუცილებლად გაგვიჩნდება კითხვა: რამდენად არის შესაძლებელი კაპიტალიზმის მშენებლობა პროტესტანტიზმისგან განსხვავებულ სხვა ნიადაგზე, თუნდაც იგი კათოლიკური ან მით უფრო, მართლმადიდებლური იყოს?
საოცარია პირდაპირ: ექსპერტთა დაკვირვებით, კათოლიკეთა გარკვეულ წრეებშიც მხოლოდ სიტყვა “კაპიტალიზმი” გარკვეულ უსიამოვნო შეგრძნებასა და მისგან დისტანცირების მოთხოვნასაც კი იწვევს. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია ევროკავშირში 2004 წლის 1 მაისს ახლად გაერთიანებულ ქვეყნებში. შესაძლოა, ეს გამოწვეულია იმ ფაქტითაც, რომ ამ ქვეყნებში ახალგაზრდა კაპიტალიზმი ჯერაც ველურ ხასიათს ატარებს, რაც მორალურად და რელიგიურად მგრძნობიარე ადამიანებს ძალიან აღიზიანებს. მათში ამ გაღიზიანებას განსაკუთრებით იწვევს უგემოვნო რეკლამები, უსულგულო დამქირავებლები და ის გიგანტური სუპერმარკეტებიც კი, რომლებიც ნაცვლად იმისა, რომ ადამიანებმა კვირაობით დაისვენონ, აიძულებს მათ ივაჭრონ და რაც შეიძლება მეტი საქონელი შეიძინონ. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ამ ახლად გაკაპიტალისტებულ ადამიანებს აკლიათ დადებითი, პოზიტიური ტრადიციები, მათ შორის ნაკლებად არიან კეთილშობილი ადამიანები გამორჩეული ქცევითა და კულტურით, გასაგები გახდება ამ უკანასკნელთადმი არა მხოლოდ ღრმად მორწმუნე კათოლიკეთა, არამედ რიგით მორწმუნეთა მხრიდან ამგვარი დამოკიდებულების მიზეზები.

თუმცა, არც იმის დავიწყება ეგების, რომ კათოლიკური სარწმუნოების მიდგომები კაპიტალისტური სისტემისადმი დროთა განმავლობაში იცვლება. თუნდაც ის რად ღირს, რომ რომის პაპი იოან პავლე II თავის ცნობილ ენციკლიკაში “Centesimus Annus” (1991 წლის) თავის სამწყსოს მოუწოდებს, აქტიურად დაუჭირონ მხარი ქვეყანაში ახალ კაპიტალისტურ სისტემას, რომელიც მეწარმეობაზე, კერძო საკუთრებასა და საბაზრო ურთიერთობებზეა დამყარებული. ამავე ენციკლიკაში პაპი მოუწოდებს მორწმუნეთ უარი თქვან მეურვე სახელმწიფოზე, ანდა რაღაც მესამე გზის ძიებაზე სოციალიზმსა და კაპიტალიზმს შორის. პაპი ხაზგასმით ამბობს, რომ კაპიტალიზმს ძალუძს ადამიანებში ინიციატივის, ღირსებისა და პატიოსნების გრძნობა ჩამოაყალიბოს.

პაპის ამ შეხედულებას ადასტურებს სხვადასხვა ფაქტი კათოლიკური ქვეყნების რეალობიდან. მაგალითად, კათოლიკური და აგრარული ბავარია დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული მიწაა გერმანიაში. თავის რეგიონში ანალოგიურ როლს ასრულებენ, ასევე არანაკლებ კათოლიკური ჩრდილოეთ იტალია თუ ხორვატია. მსგავსი მოვლენები შეინიშნება ალპურ ევროპასა და ბენილუქსის ქვეყნებშიც.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial