საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემა – საერთაშორისო ვაჭრობის ქმედითი მექანიზმი

ალექსანდრე კვერნაძე

1998 წლის 1 იანვარს შესრულდა საბაჟოთა მსოფლიო ორგანიზაციის (სმო)-ს საერთაშორისო შეთანხმების “საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის” მიღების ათი წელი. აღნიშნული სისტემა მოწონებულ იქნა სმო-ს საბჭოს მიერ 1983 წლის 14 ივნისს 62-ე სესიის მუშაობის დროს. 1988 წლის 1 იანვარი იყო შეთანხმების მოქმედების დაწყების თარიღი, ამ დროისათვის მსოფლიოს 40 ქვეყანა და ერთი საბაჟო-ეკონომიკური ზონა გახდა შეთანხმების ხელმომწერი მხარე. იმავე წელს შეთანხმებას შეუერთდა 9 სახელმწიფო.

“საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემა”, რომელიც ხშირად მოიხსენიება როგორც “ჰარმონიზებული სისტემა” (Harmonaized Sistem ან უბრალოდ HS), არის საქონლის კლასიფიკაციის საერთაშორისო მრავალდარგობრივი სისტემა, რომელიც შეიცავს 5000 სასაქონლო ჯგუფს, რომელთაგან თითოეული იდენტიფიცირებულია იურიდიულ და ლოგიკურ სტრუქტურას დაქვემდებარებული ექვსი ციფრით და ცალსახა კლასიფიკაციის მიზნით განისაზღვრება მკაცრი წესებით. ეს სისტემა პრაქტიკაში გამოიყენება 170 ქვეყნისა და ეკონომიკური ზონის მიერ და წარმოადგენს საბაჟო ტარიფებისა და საერთაშორისო სავაჭრო სტატისტიკის საფუძველს. ამგვარად, საქონლის 98%-ზე მეტი და საერთაშორისო ვაჭრობის 95%-ზე მეტი კლასიფიცირებულია HS ტერმინოლოგიით.

ჰარმონიზებული სისტემის ერთმნიშვნელოვანი გამოყენების უზრუნველსაყოფად (სმო) სისტემატურად ატარებს შესაბამის სამუშაოებს. მიღებულია რეკომენდაციები დაკავშირებული ინფორმაციის კლასიფიკაციასთან (მიუერთდა 33 ქვეყანა), აგრეთვე შექმნილია ჰარმონიზებული სისტემის სასაქონლო მონაცემთა ბაზა კომპიუტერულ კომპაქტ დისკებზე და მრავალი სხვა. სმო დახმარებას უწევს წევრ ქვეყნებს და ორგანიზაციებს კლასიფიკაციის დამუშავების ინფრასტრუქტურის შექმნაში, რაც გამუდმებით შეისწავლება ჰარმონიზებული სისტემის კომიტეტის მიერ და გამოიცემა კლასიფიკაციის პრაქტიკული ცნობარის სახით. ჰარმონიზებული სისტემის მომხმარებელთა მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით, ვაჭრობის ტექნოლოგიისა და პრაქტიკის გათვალისწინებით საბჭოს მიერ შემუშავებულია და მიღებულია შეთანხმების იურიდიული ტექსტის ორი შესწორება, რომლებიც ძალაში შევიდა, შესაბამისად, 1992 და 1996 წლებში.

მიუხედავად იმისა, რომ ჰარმონიზებული სისტემა თავდაპირველად შეიქმნა როგორც საბაჟო და სტატისტიკური სამსახურების ძირითადი ინსტრუმენტი, მას შეუძლია შეასრულოს სპეციფიკური კატეგორიის საქონლის საზღვრებს შორის გადაადგილების მონიტორის როლი. ამ მიმართულებით სმო-ს რეკომენდაციები იქმნებოდა სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, მათ შორის OECD, UNEP, UNSD, INCB, OPCW და სხვა. ამავე დროს გაეროს სტატისტიკის განყოფილების რეკომენდაციით წევრმა ქვეყნებმა სავაჭრო-სტატისტიკური ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ ჰარმონიზებული სისტემის ფორმატში.

სავაჭრო პოლიტიკის ფორმულირება და ეკონომიკური ანალიზი სახელმწიფო და კერძო სექტორში ყალიბდება ჰარმონიზებული სისტემის კოდიფიკაციის ბაზაზე, რაც გაეროს მიერ მიღებულია, როგორც საქონლის კლასიფიკაციის საფუძველი. საქონლის ჰარმონიზებული სისტემის კლასიფიკაცია მნიშვნელოვან როლს თამაშობს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მუშაობაში. კერძოდ, “არაშეღავათიანი წარმოშობის ჰარმონიზაციის წესებში”, შეთანხმებაში “საინფორმაციო ტექნოლოგიების შესახებ” და მრავალი სხვა.

მომავალში შესაძლებელია, რომ საბაჟოებისათვის ნაკლებ მნიშვნელოვანი გახდეს შემოსავლებისადმი კონტროლი მაშინ, როცა გაიზრდება მათი როლი სავაჭრო შეთანხმებების მონიტორინგზე, ვაჭრობის ხელშეწყობასა და სავაჭრო მონაცემების ეფექტურ შეგროვებაში. საბაჟოებს ამ როლის შესრულება ხელეწიფებათ, თუ მათ ექნებათ შესაბამისი ინსტრუმენტები. ერთ-ერთ ასეთ ინსტრუმენტს წარმოადგენს კლასიფიკაციის ჰარმონიზებული სისტემა. ამ სისტემის განვითარებისათვის სმო გამუდმებით ატარებს სამუშაოებს და შესწორებების და დამატებების შემდეგი კომპლექტი 2002 წლისათვის შევა ძალაში. ეს შესწორებები ითვალისწინებს როგორც სავაჭრო ნიმუშების, ტექნოლოგიების ცვლილებებს, ასევე ახალი კატეგორიის საქონელს, რაც განსაკუთრებით საინტერესო შეიძლება იყოს ჰარმონიზებული სისტემის მომხმარებლებისათვის ისეთ სფეროებში, როგორიცაა, მონიტორინგი ნარჩენების ტრანსპორტირებისადმი, ბუნების დაცვა, საერთაშორისო ვაჭრობის მართვა, საზოგადოებრივი უსაფრთხოება და ა.შ. ჰარმონიზებული სისტემის გამოყენება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს შიდა დაბეგვრის მოწესრიგებას. უდავოა, რომ ჰარმონიზებული სისტემა იქნება ყველა ამ ფუნქციის წარმატებით შესრულების უშუალო ინსტრუმენტი. სავაჭრო მონიტორინგის შესრულება ჰარმონიზებული სისტემის საფუძველზე, ჰარმონიზებული სისტემის გამოყენება მსოფლიო მასშტაბით ხელს შეუწყობს მის ფართოდ გავრცელებას. ჰარმონიზებული სისტემის გამოყენება გაუადვილებს საერთაშორისო ვაჭრობაში ჩაბმულ პირებს ურთიერთშეთანხმებულ მოქმედებას, შეამცირებს გაუგებრობებს, გახდება ძირითადი ინსტრუმენტი კორუფციასთან ბრძოლაში. დაბოლოს, მსოფლიო ავტომატიზირებულ ერაში მრავალი სისტემა გამოიყენებს ჰარმონიზებული სისტემის კოდებს საქონლის საიდენტიფიკაციოდ.

ჰარმონიზებული სისტემა გახდა სმო-ს მიერ მიღებულ შეთანხმებებს შორის ყველაზე წარმატებული. იგი აღმოჩნდა საქონლის კლასიფიკაციის საუკეთესო ინსტრუმენტი გლობალური მასშტაბით როგორც საბაჟო სტრუქტურებისა და სტატისტიკური სამსახურებისათვის, ასევე საერთაშორისო ვაჭრობაში ჩაბმული სტრუქტურებისათვის.

დამატებითი ინფორმაცია “საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის”, და საერთოდ, სმო-ს მუშაობის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ ინტერნეტში მისამართზე www.wco.org აგრეთვე მოგვაკითხოთ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საინფორმაციო განყოფილებაში.