ინვესტიციების ეფექტიანობის ფაქტორები ტრანსფორმირებად ეკონომიკაში

ნათია კასრაძე

კაპიტალი, როგორც ცნობილია, მიედინება იმ სფეროებისა და დარგებისაკენ, სადაც მოსალოდნელია მეტი მოგება, შემოსავალი (უკუგება), მაგრამ თვით ინვესტიციების განაწილება დარგების თუ ცალკეული ინვესტიციური პროექტების მიხედვით მარტივად როდი ხორციელდება. განაწილების ეკონომიკური და არაეკონომიკური ხელსაყრელი გარემო პირობები, სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა და ამოცანები პირველ რიგში წარმოადგენს ინვესტიციების ეფექტიანობის ფაქტორებს.

ამასთან, ცალკეული კერძო ინვესტორისათვის, როგორც წესი, ეკონომიკური შედეგი (მოგება, შემოსავალი) განმსაზღვრელი ფაქტორია. მთლიანად ქვეყნის მასშტაბით, მაკროეკონომიკურ დონეზე ინვესტიციების საერთო ეფექტიანობის ფაქტორებში მხედველობაშია მისაღები სოციალური, პოლიტიკური, კულტურული და ეკოლოგიური ეფექტიანობის განმსაზღვრელი პირობები (მოსახლეობის შემოსავლები, ცხოვრების დონე, პოლიტიკური სტაბილურობა, ეკოლოგიური უსაფრთხოება და სხვ.)

ზოგადად, ინვესტიციების ეფექტიანობის ფაქტორებზე მსჯელობისას გამოიყოფა მათი ტრადიციული სახეები, ესენია:
– ინოვაციური პროცესი ანუ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიღწევების გამოყენება;
– ინვესტიციური პროცესის მართვისა და ორგანიზაციის დონე, თანამედროვე მენეჯმენტის მეთოდების გამოყენება;
– კადრების კვალიფიკაცია;
– ეკონომიკის თვითრეგულირების მექანიზმის და სახელმწიფო რეგულირების მექანიზმის მოქმედება;
– ბუნებრივი პირობები;
აღნიშნული ფაქტორების გამოყენების ხასიათი და ხარისხები (დონე, მასშტაბები) განსაზღვრავს ინვესტიციური რესურსების ეფექტიანობას ცალკეული პროექტების თუ მთელი ქვეყნის მასშტაბით.

მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში არსებული მიღწევების გამოყენება ინვესტიციების ეფექტიანობის უმთავრესი ფაქტორია, რაც მრავლამხრივ გამოვლინდება და უკავშირდება ინვესტიციური პროცესის ყველა ეტაპს და მიმართულებას. საერთოდ, ინოვაციური პროცესი პირდაპირ არის დაკავშირებული ინვესტიციებთან, მისი ისეთი მიმართულებები, როგორიცაა ახალი პროდუქციის ათვისება, მოწინავე ტექნოლოგიური პროცესების დანერგვა, ახალი მოწყობილობების გამოყენება, ნოუ-ჰაუ წარმოების ორგანიზაციის სფეროში და ა.შ. შეუძლებელია ინვესტიციების გარეშე. მეცნიერულ-ტექნოლოგიურ სიახლეთა გამოყენება, თვით სამშენებლო პროცესები (დაპროექტება, საკუთრივ მშენებლობა, აშენებული ობიექტების ამოქმედება – სიმძლავრეთა ათვისება) წარმოების საერთო პროგრესს და ეფექტიანობის ამაღლებას განსაზღვრავს.

ინვესტიციების ეფექტიანობა ამრიგად ინოვაციურ პროცესს ორმხრივ უკავშირდება: ჯერ ერთი, საერთო სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მასშტაბით და საკუთრივ ინვესტიციური სფეროს მასშტაბით.

ინვესტიციურ პროცესში ჩართული მეცნიერულ-ტექნოლოგიური სიახლეები მატერიალიზდება ძირითად კაპიტალში, რაც შემდგომ ხდება წარმოების ეფექტიანობის ამაღლების (შრომითი და მატერიალური დანახარჯების შემცირების, პროდუქციის ხარისხის ამაღლების) წყარო. მეორე მხრივ, მეცნიერულ-ტექნოლოგიური სიახლეები ზრდის შექმნილი ძირითადი კაპიტალის სიმძლავრეებს მთლიანად და კაპიტალური დაბანდებების ერთეულზე, ე.ი. შეფარდებით, აიაფებს წარმოების საშუალებებს, ასევე აუმჯობესებს მათი გამოყენების პირობებს და სხვ.

ინვესტიციური პროცესის მართვის და ორგანიზაციის გაუმჯობესება საბაზრო ურთიერთობათა პირობებში მიკროდონის ერთ-ერთი ფაქტორია და სამშენებლო პროექტების რეალიზაციის პროცესში ვლინდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას მაკროეკონომიკური მნიშვნელობა არ ჰქონდეს. მართალია, ჩვეულებრივ არსებობს განსხვავება ცალკეული საინვესტიციო პროექტების მენეჯმენტის, საერთოდ სამუშაოთა ორგანიზაციის მხრივ, მაგრამ ქვეყნის მასშტაბით გარკვეული საერთო დონე ყალიბდება, რადგან სამშენებლო სამუშაოთა ორგანიზაცია ემყარება ქვეყანაში არსებულ საერთო საგანმანათლებლო და მეცნიერულ-ტექნიკურ დონეს, გამოცდილებას, მოწინავე მეთოდების გავრცელებას ქვეყნის შიგნით, უცხოეთის სიახლეთა გამოყენებას და გავრცელებას ორგანიზაციებს შორის.

ინვესტიციური პროცესის მართვისა და ორგანიზაციის სრულყოფა ინვესტიციების ეფექტიანობაზე მრავალი მიმართულებით მოქმედებს. კერძოდ, ის ხელს უწყობს ინვესტიციური ციკლის შემცირებას, შრომის, მატერიალური და ფინანსური რესურსების ეკონომიას, მშენებლობის ხარისხის გაუმჯობესებას და სხვ.

კადრების კვალიფიკაცია უშულაოდ დაკავშირებულია წინა ფაქტორებთან – მეცნიერულ-ტექნოლოგიურ პროგრესთან და სამშენებლო საქმის ორგანიზაციასთან, მართვის გაუმჯობესებასთან. ცხადია, თანამედროვე ტექნიკასა და ტექნოლოგიას ვერ გამოიყენებენ, მართვისა და ორგანიზაციის პროგრესულ მეთოდებს ვერ აითვისებენ, სათანადო კვალიფიკაციის არმქონე კადრები – მუშები, სპეციალისტები (ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი). როგორც საერთოდ ყველა დარგში, მშენებლობის სფეროშიც შეიმჩნევა მუშაკთა კვალიფიკაციის -მორალური ცვეთა” (არსებული ცოდნის დაძველება). აქედან გამომდინარე, ახალი კადრების მომზადება თანამედროვე მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევების კვალობაზე განუწყვეტლივ ყურადღებას მოითხოვს.

ამჟამად მნიშვნელოვანია საბაზრო ურთიერთობათა შესაბამისი კადრების მომზადება სამშენებლო მენეჯმენტის, მარკეტინგული კვლევების დარგში.

კადრების კვალიფიკაციის ამაღლება მშენებლობის სფეროში ხელს უწყობს შრომის მწარმოებლურობის გადიდებას, პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას, ამასთან ერთად, იგი შეიძლება იყოს მასალებისა და ენერგიის დანაკარგების შემცირების პირობა და ა.შ.

კადრების კვალიფიკაციის მნიშვნელობა დიდია მშენებლობათა ტექნიკური პროექტების თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობის მხრივ.

სპეციფიკურია ეკონომიკის თვითრეგულირების მექანიზმის (ე.წ. ”უხილავი ხელის”) მოქმედება ინვესტიციების ეფექტიანობაზე. კონკურენციის მექანიზმი და სამშენებლო პროდუქციის ფასწარმოქმნა პირდაპირ უბიძგებს ინვესტორებს მაღალეფექტიანი პროექტების შერჩევისა და განხორციელებისაკენ. ამდენად ეს მექანიზმი ორი მიმართულებით მოქმედებს: ინვესტიციების დარგთაშორისი ეფექტიანი გადანაწილების და კონკრეტული სამშენებლო ობიექტების საუკეთესო (მაღალეფექტიანი) ვარიანტების შერჩევის მიმართულებით. საბაზრო მექანიზმი ამ შემთხვევაში საკმაოდ საიმედოა და ინვესტიციების ეფექტიანობის ამაღლების მნიშვნელოვან ფაქტორად გვევლინება.

სახელმწიფო რეგულირების მექანიზმს რაც შეეხება, იგი ძირითადად დამხმარე როლს ასრულებს ინვესტიციების ეკონომიკური ეფექტიანობის ამაღლების საქმეში. მისი როლი უფრო მეტი და წონადია ინვესტიციების სოციალური, პოლიტიკური, კულტურული და ეკოლოგიური ეფექტის ამაღლების თვალსაზრისით. აქ სათანადო მეთოდების, განსაკუთრებით ექსპერტული შეფასების მეთოდის საფუძველზე ხდება საინვესტიციო პროექტების შერჩევა. სახელმწიფოს პოლიტიკამ უნდა განსაზღვროს აღნიშნულ სფეროებში ინვესტიციების მიმართულებები, რაც უნდა მოხდეს საზოგადოების მოთხოვნილებათა შესაბამისად, ანუ სოციალური ეფექტის მიღების მიზნით.

ამასთან ეკონომიკური მეთოდების გამოყენება ამ შემთხვევაშიც აუცილებელია, კერძოდ დანახარჯების ეკონომიის, პროექტების განხორციელების დაჩქარების, მშენებლობის ხარისხის გაუმჯობესების თვალსაზრისით. ნებისმიერი სოციალური და სხვა პროექტი უნდა ხორციელდებოდეს მაღალი ხარისხის უზრუნველყოფისა და ხარჯების ეკონომიის პრინციპების შერწყმით, ე.ი. ისე, რომ არც ერთი მხარე არ დაზარალდეს.

ბუნებრივი პირობები, როგორც ცნობილია, ეფექტიანობის საყოველთაო საფუძველია. ისინი ინვესტიციების ეფექტიანობაზე მოქმედებენ, კონკრეტულად, ცალკეული ინვესტიციური პროექტების ფარგლებში, მაგრამ ქვეყანაში ამა თუ იმ პერიოდში განხორციელებული ინვესტიციური პროექტების ერთობლიობაზე ბუნებრივი პირობების ცვლილების გავლენის საფუძველზე შეიძლება ვიმსჯელოთ მაკროდონეზე მათი შედეგების – ინვესტიციების ეფექტიანობის გადიდების ან შემცირების შესახებ.

ამჟამად ბუნებრივი პირობები უმთავრესად ინვესტიციების ეფექტიანობის შემცირების მიმართულებით მოქმედებს, რადგან წიაღისეულის მდიდარი და ადვილად მოსაპოვებელი მარაგები, სხვა რესურსების საუკეთესო და ხელმისაწვდომი წყაროები მეტწილად ამოწურულია. ამასთან, ეს არ ნიშნავს, რომ არ იყოს ახალი მდიდარი ბუნებრივი რესურსების ათვისების შესაძლებლობებიც. აქვე უნდა ითქვას, რომ ბუნებრივი რესურსების ათვისება, როგორც წესი, სულ უფრო მეტად კაპიტალტევადი ხდება საერთოდ, ამ უარყოფითი ფაქტორის გავლენის შერბილებისა და ნეიტრალიზაციის უმთავრესი პირობაა მეცნიერულ-ტექნოლოგიური პროგრესი, მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლება და წარმოების ორგანიზაციის, მენეჯმენტის გაუმჯობესება.

ბუნებრივ პირობებთან დაკავშირებით საგულისხმოა ეკოლოგიური ასპექტი. თანამედროვე პირობებში ნებისმიერი წარმოება, პირველ რიგში, მრეწველობა, განსაკუთრებით ცალკეული დარგები (მეტალურგია, ქიმია, ტრანსპორტი და სხვა) დიდ ზიანს აყენებენ გარემოს. გარემოს დაბინძურება იღებს კოლოსალურ მასშტაბებს. მაგალითად, ნახშირორჟანგის (ჩO2) გამოყოფა ატმოსფეროში მსოფლიოში წელიწადში 21754838 . 103 ტონას შეადგენს1. უზარმაზარ სიდიდეს აღწევს იგი ცალკეულ ინდუსტრიულად განვითარებულ ქვეყნებში. ბუნების დაბინძურების ეს და სხვა მიმართულებები დიდ ინვესტიციებს მოითხოვს მათი საზიანო, საბოლოოდ საშიში გავლენის თავიდან აცილებისათვის.

მნიშვნელოვანია ახალი, უნარჩენო და სხვა პროგრესული ტექნოლოგიების შემუშავება და გამოყენება, რაც ბუნების დაცვასაც ემსახურება და ინვესტიციების ეფექტიანობის ამაღლებასაც.

ეფექტიანობის ზემოთ განხილული საერთო ფაქტორები ინვესტიციურ სფეროში რამდენიმე ძირითადი მიმართულებით, კომპლექსში, ურთიერთკავშირში მოქმედებს, რაც განსაზღვრავს ინვესტიციების ეფექტიანობის საერთო დონეს ცალკეული პროექტებისა თუ მაკროეკონომიკური მასშტაბით.

ცალკეული პროექტებისა და ქვეყნის მასშტაბითაც მნიშვნელოვანია ინვესტიციების ტექნოლოგიური სტრუქტურა. როგორც ცნობილია, ინვესტიციური პროცესის პროდუქტის – საწარმოო სიმძლავრეთა, მომსახურების სფეროს ობიექტების პოტენციალის ზრდის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია მოწყობილობების რაოდენობა და ხვედრითი წილი ინვესტიციებში (რაც შემდგომ ძირითად კაპიტალში მის წილად აისახება). რაც მეტია ეს წილი და თვით მოწყობილობის ტექნიკური დონე, მით მაღალია ინვესტიციების ეფექტიანობა.

საერთო მეცნიერულ-ტექნოლოგიური პროგრესის კვალობაზე ინვესტიციების ტექნოლოგიურ სტრუქტურას სრულყოფის ტენდენცია ახასიათებს, რაც გამოიხატება მათში მანქანა-დანადგარების (მოწყობილობების) ხვედრითი წონის ზრდით, ამას გვიჩვენებს შემდეგი მონაცემები (ცხრილი 1).

როგორც ამ მონაცემებიდან ჩანს, მიუხედვად გარკვეული რყევებისა, მთლიანობაში მოკლე ხანშიც კი მნიშვნელოვნად გაიზარდა მანქანებისა და მოწყობილობების ხვედრითი წილი ინვესტიციების მთელ მოცულობაში, ეს დაკავშირებულია თანამედროვე, ძვირადღირებული მოწყობილობების დანერგვასთან, ასევე იმასთან, რომ ინვესტიციები ძირითადად მიმართული იყო წარმოების ტექნიკური გადაიარაღებისა და რეკონსტრუქციისაკენ და ნაკლებად ახალი მშენებლობისაკენ.

მეცნიერულ-ტექნოლოგიური პროგრესის, საზოგადოების მოთხოვნილებათა ცვლილებისა და გარკვეულწილად ცალკეული ქვეყნის ბუნებრივი რესურსების, ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის, ასევე საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა გავლენით კონკრეტულ პირობებში ყალიბდება ინვესტიციების დარგობრივი სტრუქტურა. ინვესტიციების საერთო ეფექტიანობის ამაღლებაზე მაკროეკონომიკური მასშტაბით ამ სტრუქტურის გავლენა გამოიხატება იმ დარგების წილის გადიდებით, რომლებშიც ინვესტიციები უფრო მაღალი უკუგებით ხასიათდება. კონკრეტულ მომენტში ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენადაა შესაძლებელი მაღალეფექტიან დარგებში ინვესტირება ანუ როგორია ასარჩევ დარგებს შორის ყველაზე ეფექტიან დარგებში ინვესტირების შესაძლებლობები. ცხადია, ასეთი შესაძლებლობა როცა ამოიწურება მაღალეფექტიან დარგებში, საჭირო ხდება ნაკლებეფექტიან დარგებზე გადასვლა. აქ შეიძლება დავინახოთ ე.წ. კლებადი მწარმოებლურობის კანონის გამოვლენა.

უნდა აღინიშნოს, რომ მომსახურების დარგების როლისა და ადგილის ზრდა მთელ ეკონომიკაში, რომლებიც შედარებით ნაკლებად კაპიტალტევადია, ხელს უწყობს ინვესტიციების მაკროეკონომიკური ეფექტიანობის ამაღლებას.

ინვესტიციების მაკროეკონომიკურ ეფექტიანობას მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს მათი დარგობრივი სტრუქტურა. ამ მხრივ უნდა აღინიშნოს იმ დარგების წილი მთელს ინვესტიციებში, რომლებიც ხასიათდება ინვესტიციების და საერთოდ გამოყენებული რესურსების უკუგების მაღალი დონით, რაც საბოლოოდ აისახება ქვეყნის მასშტაბით ინვესტიციების ეფექტიანობის საერთო მაჩვენებელზე.

ამასთან ერთად, ინვესტიციების მაკროეკონომიკური ეფექტიანობის ერთ-ერთი ძირითადი პირობაა მათი პროპორციული განაწილება ეკონომიკის სფეროებსა და დარგებს შორის. დსთ ქვეყნებში აშკარად შეიმჩნევა ინვესტიციების მეტად არათანაბარზომიერი დარგობრივი განაწილება, რაც ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი საბაზრო მექანიზმისა და სახელმწიფო რეგულირების არასათანადო როლის შედეგია. ეს ჩანს შემდეგი მონაცემებიდან3 (იხ. ცხრილი 2).

ამრიგად, ინვესტიციების უდიდესი ნაწილი უმეტეს შემთხვევაში მრეწველობისკენაა მიმართული, შემდეგ მოდის ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა. განსაკუთრებით მცირეა დაბანდებები სოფლის მეურნეობაში. იგივე უნდა ითქვას მომსახურების სფეროს დარგებზეც, რომლებიც ამ ცხრილის მიხედვით გაერთიანებულია დანარჩენ დარგებში.

ინვესტიციების ასეთი სტრუქტურა ხელს ვერ შეუწყობს ეკონომიკის დინამიკურ და პროპორციულ განვითარებას, თვით ინვესტიციების საბოლოო შედეგის ზრდას ქვეყნის მასშტაბით, ამიტომ იგი გაუმჯობესებას მოითხოვს.

მნიშვნელოვან როლს ინვესტიციების ეფექტიანობის ამაღლებაში ასრულებს მანქანა-მოწყობილობების ხარისხობრივი პარამეტრები, მოძველებული აღჭურვილობა ამცირებს ეფექტიანობას.

ქვეყნის მასშტაბით ინვესტიციების საერთო რესურსების განაწილება შეიძლება განვიხილოთ კვლავწარმოებითი სტრუქტურის მიხედვით. ინვესტიციები შეიძლება მიმართული იყოს ახალი ობიექტების მშენებლობისაკენ საწარმოო თუ არასაწარმოო სფეროებში, არსებულ საწარმოთა და ორგანიზაციათა გაფართოებისაკენ ან ტექნიკური გადაიარაღებისა და რეკონსტრუქციისაკენ. ინვესტიციები ხშირად დაკავშირებულია საწარმოთა თუ ორგანიზაციათა რესტრუქტურიზაციასთან, მიმართულია პროფილის შეცვლის, ორგანიზაციული თუ ტექნიკური განახლებისაკენ.

ინვესტიციების კვლავწარმოებითი სტრუქტურა დამოკიდებულია ქვეყანაში ინვესტიციურ და საერთო ეკონომიკურ პოლიტიკაზე, ეკონომიკის განვითარების პირობებსა და ამოცანებზე, ძირითადი კაპიტალის მდგომარეობაზე საწარმოებსა და მთელ ქვეყანაში, მისი განახლების აუცილებლობის ხარისხზე და ა.შ.

უშუალოდ სამშენებლო პროცესთანაა დაკავშირებული ინვესტიციების ეფექტიანობის ისეთი კერძო ფაქტორები, როგორიცაა: დაპროექტების ხარისხი, მშენებლობის პროცესის ხანგრძლივობის რაციონალურად წარმართვა; აშენებული ობიექტების ამოქმედება და მათი სიმძლავრეების ათვისება.

მაღალ ტექნიკურ დონეზე, თანამედროვე მიღწევების გამოყენებით შესრულებული სამშენებლო პროექტები, ერთი მხრივ, აიაფებს მშენებლობას, იწვევს ინვესტიციების შეფარდებით ეკონომიას, მეორე მხრივ, განაპირობებს ისეთი სამშენებლო პროდუქტის (საწარმოო შენობები, ნაგებობები, მათი აღჭურვა და სხვა) მიღებას, რომლებიც უზრუნველყოფენ მათი გამოყენების პროცესში მაღალ ეფექტიანობას. დიდი მნიშვნელობა აქვს თვით საპროექტო ორგანიზაციების ხარისხობრივი პარამეტრების – კადრების კვალიფიკაციის, ტექნიკური შეიარაღების, სამუშაოთა ორგანიზაციის, მატერიალური სტიმულირების დონეს და ა.შ.

მშენებლობის ხანგრძლივობის შემცირება დაკავშირებულია ინვესტირებული სახსრების გარკვეული პერიოდით ”გაყინვასთან” ანუ მათგან შედეგის მიღების დაყოვნებასთან. ამიტომ რაც მეტია ეს პერიოდი, მით მცირდება ინვესტიციების ეფექტიანობა. ამასთან, ცალკეული სამშენებლო პროექტები განსხვავდება ტექნოლოგიური თავისებურებებით, შესრულებულ სამუშაოთა მოცულობით და სხვ. აქედან გამომდინარე, მშენებლობის ხანგრძლივობა და ინვესტიციების უკუგების მიღების ვადებიც სხვადასხვაა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ცალკეული პროექტების მიხედვით და მთლიანადაც ქვეყანაში მშენებლობის საშუალო ვადების შემცირების პირობები არ არსებობდეს.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ მხრივ აქვს დაპროექტების და მშენებლობის პროცესის ორგანიზაციას, გამოყენებული ტექნოლო ‘გიების პროგრესულობის დონეს. ცხადია, საწინააღმდეგოდ, ანუ მშენებლობის გახანგრძლივების მიმართულებით მოქმედებს ორგანიზაციის დაბალი დონე, მოძველებული ტექნოლოგიები.

საბაზრო მექანიზმი (კონკურენცია, მატერიალური პასუხისმგებლობა და სტიმულირება) უთუოდ წარმოადგენს მშენებლობის ხანგრძლივობის შემცირებით დაინტერესების, მაშასადამე, მშენებლობის ვადების შესაძლო შეკვეცის ფაქტორს. ამასთან, ამ მექანიზმის სათანადო გამოყენება დამოკიდებულია ეკონომიკურ სუბიექტებზე, მათ უნარზე, პროცესის მართვაზე, რაც ყოველთვის როდია სათანადო დონეზე, ამიტომ იშვიათი როდია მშენებლობის ზედმეტად გახანგრძლივების შემთხვევები.

ამ მხრივ მაინც შეიმჩნევა დიდი განსხვავება ადმინისტრაციულ-მბრძანებლურ და საბაზრო ეკონომიკებს შორის, უკანასკნელის უპირატესობით.

სამშენებლო ციკლის ბოლო სტადია, რაზეც დამოკიდებულია ინვესტიციების ეფექტიანობა – დასრულებული სამშენებლო ობიექტების მომზადება – ამოქმედებისათვის, მისი სრულად გამოყენება, საწარმოო სიმძლავრეთა დატვირთვა თუ შესაბამის დონეზე არ განხორციელდა, მთელი წინა სამუშაოები უნაყოფო აღმოჩნდება. ამ მხრივ, გარდა ორგანიზაციულ-ტექნიკური სამუშაოებისა თვით სამეურნეო ობიექტების შიგნით, მნიშვნელოვანია გარე სამყაროსთან კავშირი, როგორიცაა რესურსებისა და მზა პროდუქციის (მომსახურების) ბაზრის შესწავლა, მარკეტინგული კვლევა.

ინვესტიციების ეფექტიანობის ხელშემწყობი მექანიზმის მოქმედება დამოკიდებულია საბაზრო ურთიერთობათა ჩამოყალიბების დონეზე. ეს ურთიერთობები დაკავშირებულია ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირების მექანიზმთან, რაც განაპირობებს ინვესტიციების დარგობრივი სტრუქტურის სრულყოფას, მეცნიერულ-ტექნოლოგიურ სიახლეთა დანერგვას, წარმოების ორგანიზაციის სრულყოფას, თვით სამშენებლო პროცესის რაციონალიზაციას და სხვ. გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, საბაზრო ურთიერთობები სრულყოფილად ჩამოყალიბებული ჯერ კიდევ არაა, ჩვენს სინამდვილეში დღემდე მოქმედებს არახელსაყრელი გარე ეკონომიკური ფაქტორები – ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ეთნოკონფლიქტების შედეგები, საგარეო პოლიტიკური ურთიერთობების ზოგიერთი უარყოფითი მომენტი და სხვ. ამიტომაც ინვესტიციების ეფექტიანობის ფაქტორები სრულად ვერ მოქმედებს, ირღვევა ცალკეულ ფაქტორთა შორის ურთიერთკავშირი, მათი გამოვლენის კანონზომიერებები. ამის შედეგად ინვესტიციების ეფექტიანობაც მკვეთრი მერყეობით გამოირჩევა. ეს ჩანს შემდეგი მონაცემებიდან (იხ. ცხრილი 3).

ქვეყანაში ინვესტიციების მაკროეკონომიკური, ასევე მიკრო დონის ეფექტი
ანობის ამაღლება მომავალში დამოკიდებული იქნება საბაზრო მექანიზმის სრულყოფილად ამოქმედებასა და ეკონომიკის მეცნიერულად გამართულ სახელმწიფო რეგულირებაზე.

Print Friendly, PDF & Email

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial