საქონლის მარაგის სოციალურ-ეკონომიკური არსი და მნიშვნელობა

ეკა კახნიაშვილი

სასაქონლო მარაგი არის სასაქონლო მასის ერთობლიობა, საქონელმიმოქცევის სფეროში და გამიზნულია გასაყიდად. საქონლის მარაგი, როგორც ისტორიული კატეგორია, წარმოიშვა მას შემდეგ, როცა შრომის პროდუქტი გადაიქცა საქონლად, განვითარება იწყო სასაქონლო წარმოებამ. საქონლის მარაგის ფუნდამენტური კვლევა განახორციელა კ. მარქსმა.

მან თავის შრომებში “კაპიტალი,” და “ზედმეტი ღირებულების თეორიები” აჩვენა, რომ არა ყველა სახის პროდუქტი და არა ყოველთვის შეიძლება იყოს საქონელი და, ბუნებრივია, არა ყოველი მარაგი შეიძლება განვიხილოთ, როგორც საქონლის მარაგი. მან ხაზი გაუსვა, რომ საქონლის მარაგის შექმნა არ წარმოადგენს კაპიტალისტური წარმოების წესის თავისებურებას, თუმცა აღნიშნული საზოგადოების პირობებში წარმოებისა და მოხმარების განვითარება თავის პიკს აღწევს. მართალია, საქონლის მარაგის წარმოშობა დაკავშირებულია სასაქონლო წარმოების აღმოცენებასთან, ზედმეტი პროდუქტის გაჩენასთან, მაგრამ ერთი საზოგადოებრვი ფორმაციის მეორეში გადასვლისას მარაგის სიდიდე, მიზანი და წარმოშობის პირობები იცვლება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მარაგის დონის და სიდიდის ყოველგვარი შედარება და, შესაბამისად, მისი შეფასება შეფარდებითია, საჭიროებს მრავალი ფაქტორის გათვალისწინებას, რომლებიც საფუძვლად ედება მის შექმნას და განვითარებას.

კ. მარქსის მტკიცებით, მარაგი არსებობს საწარმოო კაპიტალის სახით (წარმოების საშუალებანი), ინდივიდუალური მოხმარების ფონდის სახით (პროდუქციის და ქონების სახით მოსახლეობაში) და საქონლის მარაგის სახით (ბაზარზე არსებული საქონლის მარაგის სახით)1 კაპიტალიზმამდელ ფორმაციებში ჭარბობდა მარაგი ინდივიდუალური მოხმარების სახით, ხოლო საქონლის მარაგს დიდი მნიშვნელობა არ ენიჭებოდა მხოლოდ კაპიტალიზმის ჩასახვის დროს, ხოლო როცა სასაქონლო წარმოება გაბატონებული ხდება, მარაგის უდიდესი ნაწილი საქონლის მარაგის სახეს იღებს.

კაპიტალიზმის განვითარების ადრეულ სტადიაში ძირითადად მზა პროდუქციის მარაგი იქმნებოდა. იგი უზრუნველყოფდა წარმოების პროცესის უწყვეტი საქონლის მიწოდების სისტემატურობას ცვალებადი საბაზრო კონიუნქტურის პირობებში. ის იქმნებოდა იმ შემთხვევაში და ისეთი ოდენობით, როცა მისი შექმნა და შენახვა უზრუნველყოფდა მეტი მოგების მიღებას, ვიდრე ახალი წარმოების ორგანიზება ან ძველის რეორგანიზაცია.

კაპიტალიზმის მონოპოლიურში გადაზრდამ მარაგის შედგენილობის ცვლილება გამოიწვია. საწარმოო სიმძლავრეების არასრულად გამოყენების პირობებში გამოვლინდა, რომ საჭიროა საწარმოო სიმძლავრეების, ნედლეულის და მასალების საკმაო რეზერვები, ხოლო მზა პრუდუქციის მარაგი შეიძლება იყოს უფრო მცირე ოდენობით. ამასთან ერთად იზრდება ცოცხალი და განივთებული შრომის მანევრირების აუცილებლობა, აგრეთვე, მთლიანად ნედლეულის და მასალების მოცულობის წარმოება, მათი გამოყენების ეფექტიანობა, რამდენადაც მზა ნაწარმის მორალური დაძველება უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე ნედლეულის და წარმოების ტექნოლოგიისა. გარდა ამისა, მზა პროდუქციის მარაგის შექმნა მნიშვნელოვან ხარჯებთანაა დაკავშირებული მათი შენახვის გამო.

ნათქვამიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ კაპიტალისტურ საზოგადოებაში მარაგის შესახებ შეიძლება ვიმსჯელოთ არა მარტო მზა პროდუქციის ოდენობით, არამედ ნედლეულის, მასალების მარაგით, საწარმოო სიმძლავრეების გამოყენების ხარისხით, სამუშაო ძალის რეზერვებით, უმუშევრობის დონით.

უპირველეს ყოვლისა, მარაგის შექმნის აუცილებლობა გამოწვეულია წარმოების ფაქტორით. წარმოება და მოხმარება ერთიმეორეს არ ემთხვევა დროსა და სივრცეში. ბუნებრივია, მოხმარება არ შეიძლება წარმოებას აღემატებოდეს, რამდენადაც მოიხმარება ის, რაც იწარმოება. ხოლო ცალკეულ პერიოდებში მათი ცვლილებანი შეიძლება ერთიმეორეს არ ემთხვეოდეს.

მარაგის შექმნა აუცილებელია წარმოების სფეროში, მომოქცევაში და მოხმარებაში. წარმოების სფეროში მარაგი არსებობს წარმოების მარაგის სახით, როგორიცაა, ნედლეული, მასალები, სათბობი, რომლებიც განკუთვნილია საწარმოო მოხმარებისათვის.

საქონელმიმოქცევის სფეროში მარაგი შეიძლება იყოს საბითუმო, საცალო ვაჭრობაში და გზაში. მოხმარების სფეროში მარაგს წარმოადგენს მოსახლეობის განკარგულებაში არსებული კვების პროდუქტები, აგრეთვე მის სარგებლობაში არსებული ქონება (მსუბუქი მრეწველობის ნაწარმი, კულტურულ-საყოფაცხოვრებო დანიშნულების და სამეურნეო საქონელი).

საქონლის მარაგის აუცილებლობა გამოწვეულია აგრეთვე სატრანსპორტო პირობებით და საქონლის რეალიზაციის თავისებურებებით. წარმოების და მოხმარების სეზონურობით, კლიმატური პირობებით და სხვა.

საქონლის მარაგის მნიშვნელობა განპირობებულია იმითაც, რომ იგი არის ქვეყნის ეროვნული შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი. კერძოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქონლის მარაგი თავისი მნიშვნელობით და სიდიდით მეორე ადგილზეა ეროვნული სიმდიდრის ჩამონათვალში. მისი სიდიდე 1961-1966 წლებში გაიზარდა 124,1-დან 281,2 მილიარდ დოლარამდე ანუ თითქმის 2,3- ჯერ2.

საქონლის მარაგის აუცილებლობას განაპირობებს აგრეთვე მოთხოვნა-მიწოდების მუდმივი ცვალებადობა, საქონლის შემოზიდვის ინტერვალები და სხვა. სპეციალისტები მიუთითებენ სარეზერვო ფონდის არსებობის აუცილებლობაზე იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ შესაძლო შემთხვევითი შეფერხებანი საქონელბრუნვის პროცესში.

მარაგის მოცულობა და დონე ფრიად მოძრავი და ცვალებადია. განვითარებულ ქვეყნებში მისი აბსოლუტური მოცულობა მზა ნაწარმის სახით განუხრელად იზრდება, შეფარდებითი დონე საქონელბრუნვასთან მიმართებაში ასევე ზრდის ტენდეციით ხასიათდება, თუმცა უფრო შენელებული ტემპით. აშშ-ს სტატისტიკის მონაცემების საფუძველზე, საქონლის მარაგი მრეწველობაში საშუალოდ შეადგენს 3 თვის გაყიდვის მოცულობას, საბითუმო ვაჭრობაში თვენახევრის სიდიდეს, ხოლო საცალო ვაჭრობაში ორი თვის რაოდენობას3.

ინგლისის სტატისტიკის მონაცემებით, საქონლის მარაგის სიდიდე ამ ქვეყანაში ომის შემდგომ პერიოდში საშუალოდ საქონელბრუნვის ერთ მეშვიდედ ნაწილს შეადგენდა.

საქონლის მარაგი არის ეფექტური საშუალება სახალხო მეურნეობაში დისპროპორციის თავიდან ასაცილებლად. რადგანაც იგი უზრუნველყოფს წარმოების სახსრების ნორმალურ წრებრუნვას, საშუალებას იძლევა, დროულად და მოქნილად შეიცვალოს ეკონომიკური სიტუაცია, რადგანაც არსებობს შესაძლებლობა სწრაფი მანევრირებისათვის.

მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქონლის მარაგის დიდი რაოდენობით დაგროვების შემთხვევაში არსებობს მისი მორალური და მატერიალური გაუფასურების საშიშროება ნაწილობრივ ან სრულიად. ამიტომ როგორც აღინიშნა, საწარმოო სიმძლავრეთა რეზერვები ზოგ შემთხვევაში უფრო მომგებიანია, ვიდრე საქონლის მარაგი. როგორც დაკვირვებანი აჩვენებს, საქონლის მარაგის გამოყენება, როგორც სტაბილიზაციის საშუალება, სასარგებლოა მაშინ, როცა აუცილებელია აღმოიფხვრას შეფერხებანი, რომელიც დაკავშირებულია მოთხოვნა-მიწოდების მიმდინარე შეუსაბამობასთან, რადგან წარმოებას უნდა გააჩნდეს დრო იმისათვის, რომ გაზარდოს პროდუქციის გამოშვების მოცულობა და გააუმჯობესოს მისი ხარისხი.

ამა თუ იმ პერიოდში გამოშვებული საქონელი განიხილება, როგორც მარაგი, მიწოდების ელემენტი. უნდა აღინიშნოს, რომ საქონლის მასის რაციონალურ მოძრაობას ყველა რგოლში – მწარმოებლიდან მომხმარებლამდე საფუძვლად უნდა ედოს საქონლის მარაგის ოპტიმალური ოდენობა, მისი სტრუქტურული შედგენილობით. მარაგი, სიჭარბე ან ნაკლებობა დადგენილ ნორმატივთან შედარებით თანაბრად საზიანოა საქონელბრუნვის შეუფერხებელი პროცესისათვის.

საქონლის მარაგის ოპტიმიზაცია არის მნიშვნელოვანი პირობა გაფართოებული კვლავწარმოების მაღალი ტემპების, საქონლის შეუფერხებელი გაყიდვის, მოსახლეობის მზარდი მოთხოვნის სრულყოფილად დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად მინიმალური ხარჯების გაწევის პირობებში.

საქონლის მარაგის არსებული მდგომარეობა მოქმედებს გაერთიანების, საწარმოს, ფირმის შრომით მაჩვენებელზე – მისი სიმცირე უარყოფითად აისახება არა მხოლოდ მომხმარებელთა მოთხოვნილების დაკმაყოფილების ხარისხზე, არამედ იწვევს ვაჭრობის მუშაკთა გაუმართლებელ მოცდენას, აფერხებს შრომის ნაყოფიერების გადიდებას, აუარესებს ობიექტის ეფექტიანი ფუნქციონირების დონეს. პირიქით, საქონლის მარაგის სიჭარბე ნორმატივზე ზევით ადიდებს საქონელმიმოქცევის დროს, დაკავშირებულია ზედმეტ ხარჯებთან, საქონლის ხარისხის გაუარესებასთან და სხვა უარყოფით მომენეტებთან.

საქონლის მარაგის მოცულობასა და მისი შენახვის ხანგრძლივობაზე დამოკიდებულია ბანკის პროცენტის და ბუნებრივი დანაკარგების სიდიდე. საბოლოო ანგარიშში საქონლის მარაგი უშუალოდ უკავშირდება საწარმოს მოგებას და ეს დამოკიდებულება სხვამხრივაც საყურადღებოა, რამდენადაც მარაგი განაპირობებს საქონელბრუნვის განვითარებას, ეს უკანასკნელი ზეგავლენას ახდენს საერთო შემოსავლებზე და პირველ რიგში აისახება სავაჭრო ობიექტის მოგების გადიდების მაჩვენებლებზე.

მომდინარე საქონელბრუნვის დაკრედიტების პარალელურად ბანკი სავაჭრო ობიექტებს კრედიტს გამოუყოფს სეზონური საქონლის მარაგის დაგროვების მიზნით.

ყოველივე აღნიშნული სრულ სურათს ვერ მოგვცემს, თუ ისეთ მაჩვენებელს არ გავითვალისწინებთ, როგორიცაა მოსახლეობის მომსახურების დონე. საქონლის მარაგის ნორმალიზაციის პროცესში აუცილებელია, მხედველობაში მივიღოთ მოსახლეობის თავისუფალი დროის ფაქტორი, სავაჭრო მომსახურების დონე და საქონელბრუნვის შეუფერხებელი განვითარების ინტერესები.

ამრიგად, შეიძლება დავასკვნათ, რომ საქონლის მარაგის მოცულობისა და დონის განსაზღვრა უკავშირდება საქონლის სამეურნეო საქმიანობის ყველა მხარეს, რაც აუცილებელს ხდის, რომ მის განხილვას კომპლექსურად მივუდგეთ.

უპირველეს ყოვლისა, ძირითადი მაჩვენებელი, რომელიც გვიხასიათებს საქონლის მარაგის ფუნქციონირების ეფექტიანობას, არის საქონლის მომოქცევის სისწრაფე ანუ საქონელბრუნვადობა, რომლის დაჩქარებასაც აქვს უაღრესად დიდი ეკონომიკური და სოციალური მნიშვნელობა. რამდენადაც საქონელმიმოქცევის სფეროში არ იქმნება მატერიალური დოვლათი, არ იხარჯება რესურსები, საზოგადოება დაინტერესებულია რესურსების უპირატესი გამოყენებისა და პირადი და საწარმოო მოხმარების მიზნით, საქონლის ბაზარზე ყოფნის ხანგრძლივობის შემცირებით. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვან ეკონომიკურ და სოციალურ ამოცანას წარმოადგენს საქონელმიმოქცევის (საქონელბრუნვადობის) დაჩქარება. საქონელბრუნვადობა არის საშუალო საქონელმიმოქცევის დრო, რომელიც დამოკიდებულია საქონელბრუნვის მოცულობაზე, საქონლის მარაგის სიდიდეზე და პერიოდის დღეთა რიცხვზე.

როგორც ცნობილია, საზოგადოებრივი პროდუქტის წრებრუნვა შედგება ორი ფაზისაგან – წარმოებისა და მიმოქცევის ფაზისაგან. რაც უფრო მოკლეა მიმოქცევის დრო, მით უფრო სწრაფად სრულდება მთლიანად საზოგადოებრივი პროდუქტის წრებრუნვა.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial