ინფლაცია და საქართველოს ეკონომიკა

ლალი ჩაგელიშვილი

2005 წლის ზაფხულში დაწყებულ მსოფლიო ეკონომიკურ ცვლილებებს, რაც “შავი ოქროს” კატასტროფული გაძვირებით იყო გამოწვეული, მშვიდად არც საქართველოს ეკონომიკური სივრცე დაუტოვებია. რა ზეგავლენას მოახდენს ეს ქვეყნის ეკონომიკაზე და როგორ განვითარდება მოვლენები, ამაზე პასუხს დღეისათვის არსებული დინამიკის ანალიზის შედეგად შევძლებთ.

აგვისტოს თვის მონაცემებიდან, ნიუ იორკის სასაქონლო ბირჟაზე ერთი ბარელი ნავთობი 66 აშშ დოლარი გახდა, მაშინ, როდესაც ივლისის ბოლოს ეს მაჩვენებელი ერთ ბარელზე 55 აშშ დოლარს შეადგენდა. ერთ თვეში “შავი ოქროს” ასეთი კატასტროფული გაძვირება სიკეთის მომასწავებელი არ არის ისეთი ქვეყნებისათვის, როგორიც საქართველოა. პროგნოზი პესიმისტური შეიძლება არ ყოფილიყო, რომ არა მთავრობის მაღალი ეშელონებიდან ძალზე მშვიდი განაცხადი იმის თაობაზე, რომ ნავთობზე ფასი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება და ბენზინის ფასი 2 ლარი გახდება.

იმის მაგივრად, რომ მთავრობამ ქმედითი ღონისძიებები გაატაროს ნავთობის ფასის არსებულ ნიშნულზე დასაჭერად, იგი წინასწარ აგუებს მოსახლეობას იმ აზრს, რომ თვითგადარჩენისთვის ბრძოლა უფრო გართულდება, მაგრამ იმას არ ითვალისწინებენ, რომ მსგავსი განცხადებებით კიდევ ერთხელ დასტურდება ნავთობის ბიზნესის სამთავრობო დონეზე მართვის საფრთხე.

რაც შეეხება მსოფლიო ბაზარზე ნავთობთან დაკავშირებულ მოვლენებს, ის მოთხოვნა-მიწოდების წონასწორობის დარვევითაა განპირობებული, კონკრეტულად კი, გაზრდილი მოთხოვნის პირობებში მოთხოვნის შემცირებით. აღნიშნული მოვლენები უპირველესად ირანსა და აშშ-ს შორის ჯერ კიდევ ერაყის ომის შემდგომდროინდელი პროცესების გაგრძელებაა. აშშ-ის მხრიდან მსოფლიო ბაზარზე ირანის ნავთობზე შეზღუდვების დაწესება თავისთავად მოასწავებს ნავთობის გაძვირებას. არადა, ეს გარდაუვალია, თუ ირანი მართლაც გააგრძელებს ბირთვულ პროგრამაზე მუშაობას.

ნავთობთან დაკავშირებული პრობლემები აშშ-ს ადრეც ჰქონია (70-იან წლებში კუვეიტთან არსებული პრობლემები), მაგრამ მას მტკივნეული დარტყმა ქვეყნისათვის არ მიუყენებია, რადგან აშშ-ს საკმარისი ეკონომიკური ბერკეტები ჰქონდა კრიზისის დასაძლევად, და მეორეც, პოლიტიკური ორიენტაციის გამოც მასთან საერთაშორისო-ეკონომიკური ურთიერთობები არ შეუწყვეტია გარე სამყაროს. დღესაც ანალოგიურად, აშშ-ის ეკონომიკას შავი ოქროს ომი ლახვარს ვერ ჩასცემს. იქ მიუხედავად მაღალი ფასისა, ბენზინზე მოთხოვნა არ დაცემულა და კვლავინდებურად მაღალია.

ეკონომიკის სწრაფი ზრდაა ჩინეთშიც, რასაც ვერ ვიტყვით ევროპის ქვეყნებზე. პარიზის საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ექსპერტების განცხადებით, ადრინდელთან შედარებით, 2005 წელს ნავთობზე მოთხოვნა დღეში საშუალოდ 150 ათასი ბარელით ნაკლები იქნება. მიუხედავად ამისა ფასები კვლავ ძვირდება.ბენზინის ფასის ზრდის ტემპის დაჭერას და ინფლაციის ჩარჩოებში მოქცევას ცდილობს რუსეთის მრეწველობისა და ენერგეტიკის სამინისტროც, თუმცა საწვავის ფასებზე რადიკალური გავლენის მოხდენას ის არ გეგმავს. რუსეთის შიდა ბაზარზე ნავთობის ფასი დღეისათვის ნედლ ნავთობზე 40 დოლარს აჭარბებს.

საქართველოს მთავრობა კი იმედს ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის ამუშავებაზე ამყარებს. ნოღაიდელის თქმით, აღნიშნული პროექტის ამოქმედება მსოფლიო ფასებზე გავლენას მოახდენს და გაძვირებას შეაჩერებს. მიმაჩნია, რომ მსგავსი დასკვების გამოტანა ცოტა უხერხულია. ბაქო-ჯეიჰანის მაგისტრალის ამოქმედება ნამდვილად არ მოხსნის და ვერც მოხსნის პრობლემას. ინფლაცია და მისი თანმდევი პროცესები უკვე აშკარაა. დღეს ძირითადია, ახლავე მიიღოს საქართველოს ხელისუფლებამ ქმედითი ღონისძიებები, რათა თავიდან ავიცილოთ უფრო რთული სოციალური კატასტროფა, რასაც შესაძლოა, უმართავი პროცესებიც მოჰყვეს. მე მგონი, დადგა დრო, სხვის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს კი არ მივყვეთ და არ ველოდოთ, ვისი დახმარებით გამოგვისწორდება მდგომარეობა, არამედ თვითონ უნდა ვიმოქმედოთ და გავითავისოთ, რომ ვიდრე ქვეყანაში არ ამოქმედდება არსებული, მაგრამ დაკონსერვებული ეკონომიკური ბერკეტები, ვიდრე არ ამუშავდება საქართველოს მრეწველობა მთელი თავისი სიმძლავრით, რასაც პირველ ყოვლისა, ხელისუფლების მხრიდან კეთილი ნება სჭირდება, მანამდე რეალურად არაფერი გვეშველება და ყველაფერს დროებითი ხასიათი ექნება.

ეკონომიკური თეორიიდან ცნობილია, რომ ეკონომიკური ციკლის ერთ ეტაპს მეორე მოჰყვება, მეორეს – მესამე; კრიზისს აღმავლობა ცვლის. ამჯერადაც გარკვეული პერიოდის შემდეგ მსოფლიო ბაზარზე I სამყაროს მიერ ამოქმედებული რეზერვების საფუძველზე კვლავ დაბალანსდება მოთხოვნა-მიწოდება და თავს ნუ მოვიტყუებთ, რომ ნავთობის გაძვირებით დაწყებული პროცესები ჩვენ დავარეგულირეთ. სიმართლეს პირდაპირ შევხედოთ და იმაზე ვიფიქროთ, როგორ შევქმნათ საკუთარი რეზერვები, რომ მორიგმა კრიზისებმა ზურგში ლახვარი არ ჩაგვცეს და სხვისი შემყურეები არ ვიყოთ. რაც შეეხება დაკონსერვებული სამრეწველო საწარმოების ამოქმედების უაზრობას, ბ-ნ ი. ჩოგოვაძის ამ მოსაზრებას ნამდვილად ვერ დავეთანხმებით. თუ საქართველოს სურს, საერთაშორისო ურთიერთობებში თანასწორუფლებიანი პარტნიორის სტატუსი დაიმკვიდროს, სწორედ საკუთარი რესურსების ამოქმედებასა და რეზერვების შექმნაზე უნდა იზრუნოს. მანამდე კი მსოფლიო ეკონომიკური პროცესები ჩვენს ეკონომიკაზე შემდეგნაირად აისახა:2005 წლის ივლისში, 2004 წლის ივლისთან შედარებით, ინფლაციის დონემ 6 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2005 წლის შვიდ თვეში საშუალოდ, 2004 წლის შვიდი თვის საშუალოსთან შედარებით – 108,9 პროცენტი. 2005 წლის რვა თვის მონაცემებით კი, ფასების საერთო დონე გაიზარდა ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე – 17,6%-ით, ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე – 16,3%-ით, უალკოჰოლო სასმელებზე – 9,9%-ით, ბენზინი გაძვირდა 6,4%-ით, დიზელის საწვავი კი – 6,0%-ით. ინფლაციის საერთო დონემ ამავე პერიოდისათვის 7,2% შეადგინა.

5

3

4