აჭარაში ტურიზმიდან შემოსავლებმა 23 მლნ ლარს გადააჭარბა

რედაქციისაგან

წლეულს აჭარაში ორჯერ მეტმა ტურისტმა დაისვენა, ვიდრე გასულ წელს. როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსმა თემურ ზოიძემ საინფორმაციო სააგენტო ჯი-ეიჩ-ენს განუცხადა, დამსვენებელთა რაოდენობამ წელს უკვე 127 ათას ადამიანს მიაღწია და სეზონის ბოლომდე კიდევ 160 ათასამდე გაიზრდება. რაც იმას ნიშნავს, რომ დამსვენებელთა რიცხვი გასულ წელთან შედარებით 100 პროცენტით გაიზარდა, რადგან შარშან დამსვენებელთა რიცხვმა აჭარაში 80 ათასი ადამიანი შეადგინა. განსაკუთრებული ზრდა უცხოელებზე მოდის.

წელს აჭარის კურორტებზე 5-ჯერ მეტმა უცხოელმა დაისვენა, ვიდრე შარშან. ძირითადად გაზრდილია სომხეთიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა. წელს აჭარაში 16 ათასმა სომეხმა დაისვენა, მაშინ, როდესაც შარშან მათი რიცხვი 3,510 არ აღემატებოდა (ანუ ზრდამ 355 პროცენტი შეადგინა).

ტურისტთა ნაკადი გაიზარდა ისეთი ქვეყნებიდანაც, როგორიცაა უკრაინა, პოლონეთი, ესპანეთი, თურქეთი, გერმანია, აშშ, აზერბაიჯანი, ირანი და სხვა.

აჭარის რეგიონში როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 23 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც 44 პროცენტით გაზრდილია გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით. შარშან ამ მაჩვენებელმა 16 მილიონი ლარი შეადგინა.

მთლიანი შემოსავლების 60-70 პროცენტი უცხოელი ტურისტებიდან მიღებულ შემოსავლებზე მოდის.

ზოიძის განცხადებით, წელს აჭარის სასტუმროები სრული დატვირთვით მუშაობდა. აჭარაში ბარხატნი სეზონი დაიწყო და დამსვენებლებს 25 ოქტომბრამდე კიდევ ელიან.