ნიკო ნიკოლაძის ეკონომიკური ფენომენი

რამაზ ნამიჭეიშვილი

ნიკო ნიკოლაძეს მარტო საზოგადოება კი არა, მეცნიერებაც არ იცნობს საფუძვლიანად. ის უფრო ჟურნალისტური და სამწერლო პუბლიკაციებით არის წარმოჩინებული. მოიხსენიება როგორც ბუმბერაზი მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე, სოფელ ჯიხაიშის აღმაშენებელი, ფოთის ქალაქის თავი, 60-იანელთა თანამებრძოლი და პუბლიცისტი. მის ეკონომიკურ აზროვნებას რამდენიმე ავტორი სხვადასხვა ასპექტით თუ იხილავს, თორემ ფენომენალობაზე არავინ შეჩერებულა. ამას რამდენიმე ახსნა აქვს.

ნიკო ნიკოლაძე მისი თანამედროვებისთვისაც არ იყო სრულყოფილად ცნობიერი. იმჟამინდელ პერიოდში ფილოლოგიური და ფილოსოფიური მეცნიერებები ავითარებდნენ აზრს, რომლის მიხედვითაც, ხალხის ცხოვრების პირობების გაუმჯობესება პირდაპირ კავშირშია მოსახლეობის მასობრივ განათლებასთან და რომ ეს საქმე თავისთავზე უნდა აიღოს ინტელიგენციამ. ეს,რა თქმა უნდა, თავისთავად კეთილშობილური მიზანია, მაგრამ, როგორც რიჩარდ პაიპს უწერია, გაჩნია, ვინ როგორ გაიგებს მას და რომელს აირჩევს-ხალხს ემსახუროს თუ ხალხი მოიმსახუროს. აქ სუბიექტური თავისუფლებისთვის არჩევანის ვრცელი ასპარეზი იხსნება, მით უმეტეს, თუკი მოსახლეობის უმრავლესობა გაუნათლებელი და უცოდინარია. ასეთ შემთხვევაში ხალხი იოლად მართვადი არის რევოლუციურად განწყობილი სოციალური ჯგუფების მიერ და იგი მათი ინტერესების მსხვერპლი ხდება. საგანმანათლებლო მოძრაობა ასეთ საშიშროებას შეიცავდა. მაშინდელ ინტელექტუალურ აზროვნებას გაუჭირდა ამის გაგება. კარგა ხნის შემდეგ ევროპა მძიმე დანაკლისით, მაგრამ მაინც მალე გამოერკვია ამ მცდარი აზროვნებიდან. სამაგიეროდ, რუსეთის მაშინდელ იმპერიაში გაჩაღდა საგანმანათლებლო მოძრაობა. გამონაკლისი არც საქართველო იყო. თერგდალეულებმა, სიცოცხლის რისკის ფასად, ყველაფერი გააკეთეს თავიანთი ქვეყნის სასარგებლოდ. მაგრამ მაინც, საბოლოოდ ფსევდო საგანმანათლებლო მოძრაობამ გაიმარჯვა და კომუნისტები ნამდვილ მამულიშვილებს სასტიკად გაუსწორდნენ. ვერაფერი შეღავათია ის,რომ მათ უმრავლესობას სწამდა იმ მოძღვრებისა, რომელიც თურმე თვით ავტორს დაუწუნია მას შემდეგ, რაც ჯევონსისა და მერგელის შრომებს გასცნობია.თუ მეცხრამეტე საუკუნის ინტელექტუალებს, თავიანთი კეთილშობილური მიზნებისათვის არ უღალატიათ და ბოლომდე გაჰყვნენ საგანმანათლებლო მოძრაობის ეროვნულ ინტერესებს, ნიკო ნიკოლაძე სხვა არჩევანს აკეთებს და პრაქტიკულად ემიჯნება მათ. ამ პერიოდში იგი უკვე ორმოც წელს გადაცილებულია, საფუძვლიანად იცნობს მსოფლიოში თითქმის ყველა გახმაურებულ ფილოსოფიურ, ეკონომიკურ, იურიდიულ და პოლიტიკურ შეხედულებებს, ზედმიწევნით ფლობს ფრანგულ, რუსულ, გერმანულ და ინგლისურ ენებს, არის ევროპის ეკონომიკური და პოლიტიკური ცხოვრების უშუალო მონაწილე და აქვს მათი კრიტიკული შეფასების უნარი, პრაქტიკულ ურთიერთობებს ამყარებს ევროპაში მოღვაწე ყველაზე გამოჩენილ პოლიტიკოსებთან, მეცნიერებთან და გამომგონებლებთან.

თანამებრძოლთაგან გამიჯვნას წინ უსწრებდა საგანმანათლებლო მოძრაობაზე მისი შეხედულების გადაფასება. “ჩემმა დამზადებამ დედა-ენა, მიზნად კი არა, მარტო ერთ იარაღთაგანათ მაჩვენა ერის კეთილდღეობისა. მესმოდა, არა მარტო ენით იკვებება ხალხი…შევეხე ეკონომიკას, კრედიტს, მრეწველობას, მიწისმფლობელობას და თვითმმართველობას. ძველი მოღვაწეების ნაშრომთა შესწავლამ ნება მომცა, მკვდრეთით აღმედგინა ბობოლებისაგან დამარცხებული და დამარხული საქმეები და მოქმედი პირები, მაგალითად,ყველასათვის ერთიანად დავიწყებული საადგილ-მამულო ბანკები. ბ.გიორგი ყაზბეგს ჰკითხეთ…რამდენჯერ დაგვჭირდა დუშეთს ასვლა 1871-1873 წწ. რამდენიმე ყმაწვილს, რამდენი მეცადინეობა დაგვჭირდა, რომ ილია ჭავჭავაძისათვის სახელმწიფო სამსახურზე ხელი აგვეღებინებინა, ბანკის დაარსება იერიშით აგვეღო, ბანკი განახლების ბანაკად გვექცია და შიგ ჭავჭავაძე ძალდატანებით ქართული საქმის სათავეში ჩაგვეყენებია”2. მას მრავალმხრივი და საფუძვლიანი ევროპული განათლება, პრაქტიკული ალღო და ბუნებრივი ნიჭი საშუალებას აძლევდა დაენახა, რომ მხოლოდ წერა-კითხვის ცოდნით ქვეყანა წინ ვერ წავიდოდა, რომ მომავალი სამეწარმეო საქმიანობას ეკუთვნოდა, რომ თეორიული ცოდნა მხოლოდ მაშინ ხდება სასარგებლო, როცა ნივთებად და მომსახურების სახეებად იქცევა. ამის საფუძველზე მიიღო ,მაშინდელი საზოგადოებისათვის თითქმის წარმოუდგენელი გადაწყვეტილება-საცხოვრებლად გადავიდა დიდ ჯიხაიშში, შეისყიდა მიწა, 25 ჰა და დაიწყო მასზე ფერმერული საქმიანობა, რამაც მერე ფართო მასშტაბები მიიღო და მთელ სოფელს გადაედო, თანამედროვე გაგებით, აგროსამრეწველო კომპლექსის სახე მიიღო.

ნიკო ნიკოლაძის სოფელში დასახლებას ჩემთვის ხელმისაწვდომ ლიტერატურაში, არცთუ იშვითად მხოლოდ ერთი ახსნა აქვს. თურმე ნიკო ნიკოლაძე სოფელ დიდ ჯიხაიშში დედულეთის სიყვარულით, ხოლო ზოგიერთების აზრით, ქართული სოფლისადმი სიყვარულის გამო დასახლებულა. ამის საილუსტრაციოდ ბევრ ავტორს საკმაოდ ვრცელი მასალა მოაქვს ცნობილი და უცნობი ადამიანების მოგონებებიდან ნიკო ნიკოლაძის საქმიანობაზე დიდ ჯიხაიშში. ყველაფერი ეს ერთად ნიკო ნიკოლაძისადმი მათი გულწრფელი სიყვარულისა და პატივისცემის მიუხედავად მხოლოდ, მსუბუქი მეტაფორაა და დაახლოებით ისე გამოდის, როგორც თვით ნიკო ნიკოლაძე ხსნიდა დედა დათვის მეტისმეტ სიყვარულს თავისი ბელის მიმართ, რაც არცთუ იშვითად, მსხვერპლით მთავრდება. ერთია გარეგანი მზერა, გრძნობადი აღქმა, პირადი სიმპატია და ანტიპატია რომელიმე ადამიანის მიმართ. მეორე არის ის, თუ რას წარმოადგენს იგი თავისთავად, აზრობრივად, რამდენად მისაწვდომია ეს ინტელექტი ჩვენი გონებისათვის. ნიკო ნიკოლაძის მოღვაწეობის საერთო შეფასება კი ერთი პიროვნებისათვის ძალზე ძნელი საქმეა. იგი მთელი სამყაროა თეორიული აზროვნებისა, სამეურნეო საქმიანობისა, პოლიტიკური შეხედულებების ჭიდილისა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გლობალიზაციისა, ინოვაციებისა და შემოქმედებითი საქმიანობის მრავალსახეობისა.

ფერმერი აქამდე ნიკო ნიკოლაძისათვის არავის უწოდებია. ეს მე შევკადრე ბუმბერაზ ინტელექტუალს ასეთი სახელდება და მასში დიდ ჯიხაიშში მისი მოღვაწეობის პირველ წლებს ვგულისხმობ, მაშინ როცა იგი ყიდულობს მიწას და იწყებს მის შემოღობვას ტრიფოლიატით, ხალხმა რომ შემდგომ “ნიკოლაძის ეკალი” უწოდა, სარწყავი სისტემების მოწყობას, მცენარეთა და ცხოველთა ჯიშების სელექციას, როცა მთელი მისი ოჯახი შრომით საქმიანობაში ებმება, რაც მაშინ გამოჩენილი და დიდგვაროვანი ოჯახებისთვის შეუფერებელ საქმედ და სირცხვილად ითვლებოდა3, პროდუქტების მოყვანას, შენახვას, კონსერვაციას, ტრასპორტირებას და რეალიზაციას, მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენებას, პროგრესული ტექნოლოგიების იმპორტს და წარმოებაში დანერგვას, სასოფლო-სამეურნეო წარმოების გაფართოებას და მექანიზაციის საშუალებების ინვესტირებას. ამ საქმიანობის გაგრძელებას მოჰყვა სასწავლებლის გახსნა და საჭირო პროფესიების სპეციალისტების მომზადება, გზების გაყვანა, ფოსტისა და ამბულატორიის გახსნა, მატარებლის ბაქნის მშენებლობა სოფელ იანეთში, წისქვილების მოწყობა, საზღვარგარეთელი სპეციალისტების მოწვევა სხვადასხვა სამუშაოთა შესასრულებლად, ტექნიკური პროექტების შექმნა ენერგიის ახალი წყაროების მისაღებად და სხვა. ამას გარდა, იყო კიდევ ბევრი პროექტი და ჩანაფიქრი, რომლებიც მთლიანობაში წმინდა ფერმერულ საქმიანობასთან ერთად, აგროსამრეწველო კომპლექსის შინაარსში ექცევა.

ზემოთ ვახსენე, რომ ნიკო ნიკოლაძე ფერმერი იყო. ეს ტერმინი მაშინ ქართულ მეტყველებაში არ იყო დამკვიდრებული, რაც არ ითქმის სიტყვა ფერმის მიმართ. მაშინ ფერმის შექმნა ძნელი საქმე იყო და მისი მეპატრონე მდიდარ კაცად ითვლებოდა. ამის საილუსტრაციოდ ისევ ზემოთ დასახელებული გაზეთი “ივერია” მოვიშველიოთ. მასში ვკითხულობთ:” ქვემო იმერეთში, სოფელ ჯიხაიშს ამისთანა ფერმა გაუშენებია ბ-ნ ნიკოლაძეს და მეორე უფრო პატარა ფერმა სოფ.ღანირს კოკინია დგებუაძეს, ორივე სწორედ სასიამოვნო სანახავია და და სასარგებლო ყოველის ჩვენებურის მეურნისათვის. გარდა იმისა, რომ ეს ფერმები ავრცელებს სოფლებში უკეთესს ხეხილის ნამყენებს და თესლეულობას, მათი შემუშავების და მოვლის წესებს, თვით ფერმის პატრონების მაგალითს ბევრი მეზობელი თავადი და აზნაური მუშაობას მიუჩვევია…ორ-სამ სოფელში რომ თითო ამისთანა ფერმა გაჩნდებოდეს, მეურნეობის ბედი გამობრუნდება ჩვენს ქვეყანაში”. ეს გადახვევა ტექსტიდან ორი მიზნით მოხდა. ერთი იმის გამო, ხაზი გამესვა ნიკო ნიკოლაძის სტრატეგიული ხედვისა და წარმატებისათვის და მეორე, მიმენიშნებინა ისიც, რომ მაშინდელმა პრესამ სწორად შეაფასა თავისუფალი მეწარმეობის მნიშვნელობა ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაში. ეს მაშინ, როცა ერის განმანათლებელი მამები არ იზიარებდნენ ნიკო ნიკოლაძის არჩევანს და საქვეყნო საქმიდან გაქცევად უთვლიდნენ. შეიძლება ამის გამოც იყო, რომ წარმატებების მიუხედავად, მის საქმიანობას მასობრივი მიმბაძველები არ გამოუჩნდნენ.

მას მეწარმისთვის ნიშანდობლივი, დღევანდელი მოთხოვნებიდან გამომდინარე, ყველა საჭირო თვისება ჰქონდა, როგორც ინტელექტუალური ძლევამისილება და დაუცხრომელი ენერგია, ასევე რისკი, შეუპოვრობა, ნოვატორობა და გაბედულება, რომელთა გარეშე არ არსებობს მეწარმეობრივი წარმატებები. ესენი მასში იმდენად მოჭარბებული, იმპულსირებადი და შედეგობრივად მრავალსახიერი იყო, რომ გარეშემყოფთ, განურჩევლად მასთან სიახლოვისა, შიში ექმნებოდათ (ამას ქვევით ისევ დავუბრუნდები). ეს დაახლოებით იმგვარი შიშია, შატობრიანმა რომ თქვა პასკალზე-“თავზარდამცემი გენია”. ამიტომ დარჩა იგი დღესაც ბოლომდე შეუცნობელი. რაკი სიტყვამ მოიტანა, ბარემ აქვე ისიც ვთქვათ, კიდევ რამ განაპირობა ის, რომ ნიკო ნიკოლაძის ეკონომიკური ფენომენი დღემდე შეუსწავლელია. ამაზე გავლენა მრავალმა ფაქტორმა იქონია. ვერც რუსეთის იმპერიაში, ვერც საქართველოში გავრცელება ვერ ჰპოვა იმ აზრმა, რომ ხალხის მთავარი საქმიანობა მაშინ ბიზნესი იყო, რასაც რისკიანი და გაბედული ადამიანები კაი ხანია მისდევდნენ. ამას მოჰყვა ისიც, რომ საქართველოში მაშინ დაწყებული მეწარმეობრივი აღმავლობა ჩვენი ქვეყნის გასაბჭოებამ დაასამარა.. აღნიშნულ მიზეზებს უნდა მიეთვალოს ისიც, რომ ნიკო ნიკოლაძემ, მას შემდეგ, რაც რუსეთიდან ევროპაში გადაინაცვლა და საფუძვლიანად გაეცნო ევროპულ კულტურას, მთლიანად შეცვალა თავისი მსოფლმხედველობა ქვეყნის რეფორმაციის რევოლუციურ მეთოდებზე. ბუნებრივია, ასეთი შეხედულებების მოღვაწეს კომუნისტები თავისად ვერ ჩათვლიდნენ. დაიწუნეს კაპიტალისტური საქმიანობისა და არარევოლუციური წარსულის გამო. მთლიანად გვერდი ვერ აუარეს და ნიკო ნიკოლაძე თერგდალეულების საგანმანათლებლო საქმიანობის ფორმატით შემოსაზღვრეს. ამას კიდევ დამატებულია ისიც, რომ მისი მრავალმხრივი და ხელხვავრიელი შრომები დაწერილია სხვადასხვა ენებზე და გაბნეულია რუსეთისა და ევროპის ქვეყნების წიგნსაცავებში და საოჯახო ბიბლიოთეკებში. ახლა მათი შეკრება და გამოცემა არ წარმოადგენს განსაკუთრებულ სიძნელეს, მაგრამ აუცილებელი ხდება ის, რომ ჩვენი ბიზნესმენები დაინტერესდნენ ნიკო ნიკოლაძის ეკონომიკური მემკვიდრეობით. საკმარისი არ არის და ეკონომისტებს ცოდნად ვერ ჩავუთვლით ნიკო ნიკოლაძის ბიოგრაფიული დეტალების გამოწვლილივით განხილვას, მითუმეტეს, რომ მისი ინტელექტუალური და კულტურული კაპიტალი ჯერ კიდევ არ გამხდარა წარსული, პირიქით, მისი მემკვიდრეობა ცოცხალია და ჩვენს საზოგადოებრივ აზროვნებას წინ უსწრებს.

დიდ ჯიხაიშში ნიკო ნიკოლაძის ფართომასშტაბიანმა სამეურნეო ინოვაციებმა გამოძახილი ჰპოვა მთელ საქართველოში. ფოთის მეშჩანებმა იგი ქალაქის თავად მიიწვიეს(იმ დროისათვის უკვე გახმაურებული იყო მისი შრომები ფოთის ნავმისადგომის ისტორიისა და და მისი საპორტო ქალაქად გარდაქმნის ეკონომიკურ პერსპექტივებზე). მაშინ ფოთში ცხოვრება ძალიან ჭირდა. ზღვის კარიბჭის მოსახლეობა იმ დროს 7000 კაცს ცოტათი თუ აღემატებოდა. მეუნარგიას თქმით, რომელიც მაშინ ქალაქის თავი იყო, ფოთის ბიუჯეტი სოფელ საჯავახოს ბიუჯეტსაც ვერ უტოლდებოდა. ვრცელი ჭაობიანობის გამო მას ბაყაყების ქალაქს უწოდებდნენ. ასეთი ქალაქის მოთავეობა იკისრა მაშინ ნიკო ნიკოლაძემ.

ქალაქის თავის თანამდებობაზე კიდევ უფრო გაიშალა და ახალი გაქანება მიეცა მის ნიჭსა და უნარს. აქ გამომჟღავნდა მისი მეწარმეობრივი უნარიანობა და მენეჯერული ფენომენი. ქალაქის თავის პოსტზე მისი არჩევის მნიშვნელობასა და ავტორიტეტზე კარგად უწერია ქუთაისის გუბერნიის განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელ ს.ლ.კარსკის, რომელმაც ნიკო ნიკოლაძის ფოთში ქალაქის თავად მოღვაწეობაზე საბრალდებო დასკვნა დაწერა.

“ნიკოლაძე ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მიიწვიეს და ქალაქის თავად აირჩიეს. ცხადია, რომ ისეთი უთვალსაჩინოესი კაცი, როგორიც ნიკოლაძე არის, ქალაქის თავის თანამდებობაზე თავისი ავტორიტეტის წყალობით, განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე, დიდ გავლენას მოახდენდა…ნიკო ნიკოლაძე ფლობს ბუნებრივ კრიტიკულ უნარს, ძალზე განათლებულია, ადვილად ერკვევა იმ ყოველნაირ სპეციალურ ტექნიკურ საკითხებში, რომელთანაც მას შეხება უხდება. ახასიათებს იშვიათი შრომისუნარიანობა, ურყევი ნებისყოფა, ენერგიულია, არ ერიდება არავითარ წინააღმდეგობებს” ფრიად პატივმოყვარულსაც კი. ამას ემატება სიტყვისა და კალმის განსაკუთრებული ოსტატობა, პოლემიკაში ოპონენტისადმი საშიში მისი სრულყოფილი სარკაზმი. ამ ბუნებრივი თვისებების წყალობით ნიკოლაძემ უზარმაზარი როლი ითამაშა კავკასიაში, როგორც პოპულარულმა პუბლიცისტმა და საზოგადო მოღვაწემ, რომლის სიტყვას ყურადღებით ისმენდა მოსახლეობა და მისი ინტერესების გამომხატველი საუკეთესო ნაწილიც”5 ნიკო ნიკოლაძის მოღვაწეობის შესახებ,როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ერთიანი აზრი ვერ შეიქმნა. მას სხვადასხვა ასპექტით მოიხსენიებენ. ფოთში მოღვაწეობაც არ არის გამონაკლისი. აქ ის გაგებულია ხან როგორც ქალაქის თავი, ხან კიდევ როგორც პორტის მშენებელი, ობლიგაციებისა და ნახევარკაპიკიანი საფუთო მოსაკრებლის ავტორი და სხვა. სინამდვილეში საქმე გვაქვს გაცილებით რთულ, მსხვილმასშტაბიან და ინოვაციურ შემოქმედებასთან. ქალაქის თავად მისი მოღვაწეობა არის საქართველოს აღმშენებლობა ფოთიდან. პორტის მშენებლობას ის ყოველთვის განიხილავდა ქვეყანის ეკონომიკასთან მიმართებაში, გარე სამყაროსთან თანამშრომლობაში, გლობალურ ურთიერთობებში. ეს ეხებოდა როგორც ქვეყნის ექსპორტს, მაგალითად, მარგანეცის გატანას, ასევე იმპორტს-ტექნიკური ნაკეთობების შემოტანას, ტექნიკური ინოვაციების პროექტებს. თავდაპირველად პორტის შესახებ.

ნიკოლაძის მისვლამდე ფოთის პორტი თავისი 35 წლის ისტორიის მიუხედავად, ერთ უბადრუკ ნავმისადგომს წარმოადგენდა. ბატონმა ნიკომ ყველაზე უკეთ დაინახა მისი მომავალი და ამისთვის არაფერი დაუზოგავს, პირველ ყოვლისა, ჯანი და ინტელექტუალური ენერგია. გამოიყენა პირადი ნაცნობობა, მისი დიდი ავტორიტეტი და იმპერიის მაღალ ეშელონებს, შეიძლება ითქვას, ფოთის პორტის აღმშენებლობის შესახებ გადაწყვეტილება ხელიდან გამოგლიჯა. მაშინდელ იმპერიაში ეს მშენებლობა ყველაზე დიდი მასშტაბისა იყო და იურიდიულად იმდენად სამართლებრივად დახვეწილი, რომ რუსეთ-იაპონიის ომის პერიოდშიც ვერ გაბედეს მისი დაკონსერვება, პირიქით, მშენებლობა სწრაფად მიმდინარეობდა და იგი შვიდ წელიწადში დასრულდა იმაზე გაცილებით ნაკლები დანახარჯებით, ვიდრე ეს საპროექტო ხარჯთაღრიცხვით იყო გათვალისწინებული. მთავარია იმისი აღნიშვნაც, რომ ფოთის პორტი იმპერიაში გემების ყველაზე უხიფათო მისადგომი გახდა. ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს ისიც, თუ რამდენ სირთულეს ქმნიდა მაშინ ასეთი მსხვილი მასშტაბის მშენებლობა კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტისა და ფინანსური უსახსრობის გამო. ამას ემატებოდა მოსახლეობის დაბალი საგანმანთლებლო ცენზი და აზრობრივი პრობლემები ქალაქის სათათბიროსა და ქალაქმმართველობაში. სახელისუფლო სტრუქტურებს აშკარად არ ჰყოფნიდათ სპეციალური განათლება ფოთის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებში და ქალაქის თავს რამდენიმე მათგანთან წინასწარ უნდა ემუშავა, რათა მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრა სხდომებზე არ ჩაშლილიყო. თვით მოსახლეობასაც მისადმი უსაზღვრო ნდობა ჰქონდა.

ნიკო ნიკოლაძე ფოთის პორტის მშენებლობის უშუალო ინიციატორი და მენეჯერი იყო. თვითონ მოიარა ევროპის 12 საპორტო ქალაქი, გაეცნო მათ საქმიანობას და მონაწილეობდა პორტის ნახაზების შექმნაში. მაგრამ ეს საკმარისი რომ არ იყო, ყველაზე უკეთ თვითონ გრძნობდა. პორტის ინტერესები უშუალო კავშირში აღმოჩნდა ქალაქის განვითარებასთან. აუცილებელი იყო თვით ქალაქ ფოთის მოწყობა-ქუჩების გაყვანა, ხიდების მშენებლობა, ჭაობების დაშრობა, სასწავლებლების, საყოფაცხოვრებო და კულტურული დანიშნულების ობიექტების აგება. კიდევ: ამ მიზნების შესასრულებლად საჭირო საფინანსო წყაროების მოძებნა. მისი გონება ამ საქმეშიც უზადოდ მოქმედებდა. კომერციულ, სარისკო და საფინანსო საქმიანობაში მამის გენი დაჰყვა (მამამისი იაკობი მრავალგვარ ბიზნესს ეწეოდა. მან.პირველმა გაბედა საქონლის შემოტანა საქართველოში საზღვაო ტრასპორტით, რაც მაშინ წარმოუდგენლად მიაჩნდათ). როცა ფოთს დასჭირდა დამატებითი საფინანსო წყაროების დებეტი პორტის მშენებლობისთვის, ნიკო ნიკოლაძემ ობლიგაციების პრეცედენტი შექმნა. 1896 წ. ფოთის პორტის პროექტის დასამუშავებლად ქალაქს მხოლოდ 140 ათ.რუბლის რეზერვი ჰქონდა. საჭირო იყო კიდევ თანხების მოზიდვა მარგანეცის ჩასატვირთი მექანიკური მოწყობილობის-ელევატორის ასაგებად და ქალაქის სხვა საჭიროებათა დასაფინანსებლად. ბატონი ნიკოს ინიცაიტივით 1896 წ., პირველად საქრთველოში, ფოთში შემოღებული იქნა საობლიგაციო სესხი, რომელმაც მაშინ 1,4 მლნ. რუბლი შეადგინა. 1900წ. მისი სიდიდე 2 მლნ. გაიზარდა, რაც შენარჩუნებული იქნა 1904 წ. მესამე გამოშვების სერიისას. პორტის მშენებლობას მოჰყვა საზღვაო ინფრასტრუქტურის შექმნაც. ეს ეხებოდა როგორც საკუთრივ პორტს (ტალღამტეხების აგებას, სანაპირო ზოლების გამაგრებას), ასევე თვითონ ქალაქის მშენებლობას. კერძოდ, ჭაობების დაშრობას, ხიდების აგებას, ქუჩების გაყვანას, გზების მოწყობას.

ელევატორის გარეშე შეუძლებელი იყო მარგანეცის და ქვანახშირის გაგზავნა სხვა ქვეყნებში გემებით. ნიკო ნიკოლაძე ხუთი წელიწადი ებრძოდა ამ საქმის ბოლომდე მიყვანას. ელევატორის მშენებლობას ნახევარ მლნ. რუბლზე მეტი დასჭირდა. ამას მოხმარდა ნახევარკაპიკიანი საფუთო მოსაკრებელი მარგანეცზე და კიდევ საობლიგაციო სესხი.

ფოთის პორტის საქმიანობა ნიკო ნიკოლაძეს მთელ სამყაროზე ჰქონდა გათვლილი. ფოთიდან უნდა გასულიყო მარგანეცი, ქვანახშირი, ნედლი მერქანი, ღვინო; ფოთში უნდა შემოსულიყო რკინიგზა სადგურ “პროხლადნაიადან” კავკასიის მთავარი ქედის გავლით სამრეწველო პროდუქცია და მას ამისი პროექტი ჰქონდა, ისევე როგორც ფოთიდან ირანის გავლით ინდოეთის ოკეანისაკენ მატარებლის მოძრაობის მარშრუტების პროექტები, მან დაამუშავა, აგრეთვე, რკინიგზის გაყვანის ტექნიკური ვარიანტი ბზიფის ტყის ექსპორტული შესაძლებლობების ასათვისებლად, და თვით მდინარე ბზიფის ჰიდროენერგიის გამოყენების ტექნიკური ნამუშევრები, ღვინის სარდაფის პროექტი ქუთაისის კირქვოვან მთებში ქართული ღვინის ევროპული მეთოდით დასაყენებლად. იმპერიის შიდა რეზერვების მრავალ ვარიანტთა შორის ნიკო ნიკოლაძეს არ გამორჩენია მუღანის უდაბნოსა და მისი მიმდებარე ტერიტორიებიდან ხორბლის მიღების მაღალი პოტენციალური შესაძლებლობები სარწყავი სისტემების მოწყობის ბაზაზე, რომლის პროექტიც თვითონ შექმნა, და რომელსაც მაშინდელი რუსული პრესა ფართოდ გამოეხმაურა და ყოველმხრივ მოიწონა იგი. ნიკო ნიკოლაძე მისი პროექტის განხორციელებისათვის თითქმის მესამედი საუკუნე იბრძოდა. პალაშკოვსკისთან6 ერთად დაამუშავა აგრეთვე მუღანის უდაბნოს დაფინანსების გეგმა. რომლის თანახმად რამდენიმე მილიონი ჰა ნასვენი მიწების მორწყვა შესაძლებელი იქნებოდა უმცირესი საბიუჯეტო დანახარჯებით, ხოლო ჩინეთთან ომის შეწყვეტის შემთხვევაში საბიუჯეტო ხარჯები საერთოდ არ იქნებოდა საჭირო. იმპერიის ეროვნული შემოსავალი 13 მლრდ. რუბლით მოიმატებდა.

ნიკო ნიკოლაძემ დაამუშავა ეისკის რკინიგზის წესდების პროექტი, რამაც სახელმწიფო საბჭოს მხურვალე მხარდაჭერა მოიპოვა. ამ წესდებაში მან გამოიყენა თავისი ფორმულა ნაღდი ფულის გარეშე აქციების გადახდაზე. სახელმწიფო საბჭო ამასაც მხურვალე მხარდაჭერით შეხვდა და ამის შემდეგ ნიკო ნიკოლაძისეული გამოთვლის წესი ყველა წესდებისათვის სავალდებულო შეიქნა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ნიკო ნიკოლაძის მოღვაწეობა ჰიდრო რესურსების გამოყენებაში. მარსელ დეპრეს მიერ ელექტროენერგიის შორ მანძილზე გადაცემის ეკონომიკური მნიშვნელობა მაშინდელი რუსეთის საზოგადოებისათვის უცნობი იყო და პრესაში ეს ფუნქცია მან შეასრულა. თვითონ გააცნო ის პალაშკოვსკის. ამ უკანასკნელმა მას მდინარე ვოლხოვის ელექტრიფიკაციის პროექტი შეუკვეთა. ამისი წყალობითა და ნიკოლაძის ეისკის რკინიგზის წესდების პროექტით პალაშკოვსკი გზათა დამფუძნებელი გახდა და დიდი მოგებაც ნახა. მათი თანამშრომლობა დიდხანს გაგრძელდა, რადგან ის ორივესთვის სასარგებლო იყო. ბუნებრივია, პალაშკოვსკი მას საკმაო გასამრჯელოს უხდიდა, რაც შემდგომ გამოძიებამ ბრალდებად წაუყენა. დაკვირვებული თვალითაც კი დაუჯერებლად ჩანს, როგორ ახერხებდა ასეთი კოლოსალური სამუშაოების შესრულებას კაცი, რომელიც ფოთის ქალაქის თავი იყო და ყველა სახის სამშენებლო თუ საირიგაციო სამუშაოები მისი ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა. ამაზე ნიკო ნიკოლაძე გამომძიებლისათვის მიცემულ ახსნა-განმარტებით ბარათში წერს. რომ სამუშაოების დიდ ნაწილს პალაშკოვსკისათვის იგი მისი პეტერბურგში მივლინებების პერიოდში ასრულებდა. მინისტრების, უწყებათაშორისი კომისიების და დეპარტამენტების სხდომებზე თუ რამდენიმე საათი ან კვირა ეკარგებოდა, შუალედურ შეხვედრებში მთელი კვირები გადიოდა. ეს კი საკმარისი იყო მისი ავტორიტეტის,საქმიანი სკოლის მეთოდურად აღზრდილი კაცისათვის, შრომას მიჩვეული ადამიანისათვის, ბევრი მოესწრო და გაეკეთებინა. ამისი უფლება კი სახელმწიფო მოხელეს კანონით ჰქონდა.

ნიკო ნიკოლაძე თავისი საქმიანობის ზემოთაღნიშნულ ახსნა-განმარტებაში მეტისმეტად მოკრძალებულია. უფრო ვრცელია მისი საქმიანობის შეფასებაში თვით გამომძიებელი კარსკი:

“განსაცვიფრებლად გეჩვენება, თუ როგორ ასწრებდა ნიკოლაძე ფოთის ქალაქმმართველობის თანამდებობაზე ასეთი მასის კვლევითი სამუშაოების შესრულებას პალაშკოვსკისათვის, როგორც კავკასიაში, ასევე პეტერბურგში,და საზღვარგარეთ, თუმცა ეს პიროვნულ ენერგიასა და შრომისუნარიანობაზეა დამოკიდებული…

…იგი დღეში მინიმუმ 10 საათს მუშაობდა.

ნიკოლაძეს ამოცანებს უმსუბუქებდა ხალხის უსაზღვრო ნდობა, რომლითაც ის სარგებლობდა ფოთის საზოგადოებაში და განსაკუთრებით სათათბიროში, სადაც ამ დაუცხრომელი ენერგიის კაცს ყველა გვერდით ედგა ქალაქის აღმშენებლობაში, რისი ინიციატორიც თვითონ იყო, და ხალხის მადლიერება, რის სანაცვლოდ მან მთელი თავისი ენერგია ჩააფრქვია პატარა ქალაქიდან ისეთი პორტის შექმნაში, როგორიც თანამედროვე ფოთია.

ამას უნდა მიემატოს მისი პიროვნული მომხიბვლელობა, ექსპანსიური ლოიალობა, რომლითაც იზიდავდა გარეშემყოფთ, ნებისყოფის ძალა, რომელსაც ემორჩილებოდა მისი აზროვნება და ხასიათი, წინააღმდეგობებისადმი შეუპოვრობა, სიტყვა და კალამი, რომლითაც ის იოლად უსწორდებოდა მოწინააღმდეგეებს, როგორც ეს საქმის მასალებიდან ჩანს, ფოთში მოღვაწეობის პერიოდში, ოპონენტებისადმი ნიკოლაძის სხვადასხვა ბრალდების პასუხებიდან7”.

ჩემთვის ხელმისაწვდომ ლიტერატურაში ძალზე ბევრი მასალა აღმოჩნდა ნიკო ნიკოლაძის მოღვაწეობაზე ელექტრიფიკაციის სფეროში. იგი სწრაფად აღიქვამდა ტექნიკური რევოლუციის სიკეთეს და ყველაფერს აკეთებდა მისი საწარმოო ათვისებისათვის. ფრანგი ინჟინრის, მარსელ დეპრეს გამოგონება ელექტროენერგიის შორ მანძილზე გადაცემის შესახებ საზოგადოებისათვის კი არა, თვით ბიზნესმენებისათვისაც ვერ გახდა გასაგები. გამომგონებელს მეცენატი და დამფინანსებელი ესაჭიროებოდა. საქმეში ნიკო ნიკოლაძე ჩაერია და როტშილდს მისწერა, რომელიც დარწმუნდა გამოგონების პერსპექტივასა და ეფექტიანობაში. მარსელ დეპრემ გამოგონებაზე დაფინანსება მიიღო. 1886 წ.მან საქვეყნოდ აჩვენა ელექტროენერგიის შორ მანძილზე გადაცემის შესაძლებლობა, 56 კმ სადენებით მოწოდებული ენერგიით პარიზი განათდა. მარსელ დეპრეს ამ გამარჯვებას ნიკო ნიკოლაძეც ესწრებოდა. ელექტოენერგიის გამოყენებას იგი საქართველოს უკავშირებდა. სამშობლოში დაბრუნებული აღფრთოვანებას ვერ მალავდა. გაზეთ “ნოვოე ობოზრენიეში” წერდა, რომ ჩვენს მთიან ქვეყანას ახლო მომავალში რევოლუცია ელოდებოდა, რომელსაც ელექტროენერგია გამოიწვევდა ეკონომიკურ სფეროში, ფინანსებში, მრეწველობაში. რომ ეს იქნებოდა მშვიდი, აუცილებელი რევოლუცია ყოველგვარი აფეთქების, სისხლის ღვრის, ტახტებისა და საკურთხევლების მსხვრევის გარეშე. ჩვენს ქვეყანას კი ამითვის საკმაოდ მდიდარი რესურსები გააჩნია. თვითონ, პრაქტიკულად დაინტერესდა ელექტრიფიკაციით. მან პირველმა მიაწოდა იმპერიის მოსახლეობას ინფორმაცია ელექტროენერგიის გამოყენების ეკონომიკური ეფექტიანობის შესახებ, ხოლო შემდეგ საქმეში გაარკვია და უცხოელ კაპიტალისტებს დაუახლოვა პალაშკოვსკი. ამ უკანასკნელის შეკვეთით ნიკო ნიკოლაძემ ჩაატარა მრავალი გამოკვლევა ჰიდრო ელექტროტექნიკური დანადგარების გამოყენების შესახებ საფრანგეთის, შვეიცარიისა და იტალიის ქვეყნების მიმართ.

საქართველოში ნიკოლაძის სახელს უკავშირდება ბზიფის, ენგურის, ლაჯანურის, ზემო ავჭალის მდინარეების პოტენციური ენერგიის გამოყენების პროექტები და წინადადებები. ელექტროენერგია ფართო შესაძლებლობებს უქმნიდა რკინიგზის განვითარებას. აქაც უამრავ წამოწყებას მოჰკიდა ხელი. ვერ ეგუებოდა იმას, რომ თბილისი-ფოთის რკინიგზა ქუთაისს ასცდა, რამაც მძიმედ იმოქმედა ქალაქის ეკონომიკაზე. საბოლოოდ მისმა აზრმა გაიმარჯვა და ქუთაისში რკინიგზა მაინც შეიყვანეს. ძალზე დიდი შრომა დასჭირდა ტყიბულის რკინიგზის მშენებლობას. ჯერ იყო და ვიღაცებმა იმის მტკიცება დაიწყეს, რომ საბაგირო გზის მშენებლობა უკეთესი იქნებოდა, სხვებმა ტყიბულის ნახშირის დაბალი კონკურენტუნარიანობა მოიტანეს მიზეზად, ბევრმა კიდევ მარშრუტების ვარიანტებზე ატეხა კამათი. ნიკო ნიკოლაძეს უამრავი მასალის მოკვლევა სჭირდებოდა ამ არგუმენტების გასაბათილებლად. აქაც გაიმარჯვა. ლამის ათი წელიწადი დასჭირდა ნიკო ნიკოლაძეს, ჭიათურა-შორაპნის რკინიგზის გაყვანისთვის რომ მიეღწია. ურომლისოდ შეუძლებელი იქნებოდა მარგანეცის მასობრივად გამოტანა(მარგანეცი მანამდე ცხენებით გამოჰქონდათ რკინიგზამდე).

ნიკო ნიკოლაძის მეწარმეობრივი და მენეჯერული საქმიანობის არეალი შემოსაზღვრავს ეკონომიკის გლობალურობას, მის პერსპექტიულ სივრცეებს, მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევების შეცნობასა და პროპაგანდას, საზოგადოებრივ ინტერპრეტაციას, მეწარმეობრივ ინოვაციებს, ქვეყნის ნაციონალური უპირატესობების კვლევასა და მათი მასივების გარდაქმნას ეკონომიკის კონკურენციულ ურთიერთობებად. იგი ნამდვილი რეფორმატორია. ტრადიციებში იოლად ამჩნევს, როგორც დრომოჭმულსა და ვადაგასულს, ასევე კონკურენტუნარიანსა და ტესტირებად უნარ-ჩვევების არტეფაქტებს. ცივილიზებული ევროპის ქვეყნების პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების საფუძვლიანი ცოდნა, მეცნიერებისა და ტექნიკის რევოლუციური ზეგავლენა ადამიანის აზროვნებაზე მას საშუალებას აძლევდა, დაენახა მისი ქვეყნის ბუნებრივი და ხელოვნური უპირატესობები და მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციის მოთხოვნების შესადარ პირობებამდე აეყვანა ისინი. აქ მე არ ვიხილავ განათლებაზე მის რეფორმისტულ შეხედულებებს, რადგან ის ცალკე კვლევის საგანია. მხედველობაში მაქვს სამდინარო და სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარებაზე ნიკო ნიკოლაძის თავგამოდებული და დაუცხრომელი შემართება, ქვეყნის ელექტრიფიკაციის მისეული მსხვილი მასშტაბები, საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების საწარმოო გამოყენება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ეს ყველაფერი ზემოთ ნათქვამი გავიმეორე იმისთვის, რათა ხაზი გამესვა ნიკო ნიკოლაძის ეპოქალური რეფორმისტული აზროვნებისათვის. ქვეყანას იგი განიხილავდა არა მხოლოდ ეკონომიკური გადარჩენისა და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ასპექტებში, არამედ ეპოქალურ მოთხოვნებთან შესაბამის კავშირში. ეს ნიკო ნიკოლაძის მეწარმეობრივ მოღვაწეობაში ის პერიოდებია, როცა ჩავლილია ორთქლის ძრავების ეპოქა და ტექნიკური პროგრესის გაცნობიერებული მატერიალობაა ტრანსპორტი და კერძოდ, სარკინიგზო ტრანსპორტი და სტარტზეა მისი მომდევნო ელექტროენერგიის ეპოქა. ამას თანამედროვე ტერმინოლოგიით გამოვთქვამ, თორემ მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციის ასეთი კლასიფიკაცია მაშინ არ არსებობდა. ის რუსი მეცნიერის, ნ.კონდრატიევის თეორიის8 ბაზაზე შექმნა გერმანელმა მეცნიერმა ი. შუმპეტერმა.

ნიკო ნიკოლაძეს წინასწარხედვის გამორჩეული ნიჭი ჰქონდა. ამის საილუსტრაციოდ მოტანილ მასალებს, შეიძლება კიდევ ერთი ფაქტურა მივამატოთ მისი თანამედროვეთა მოგონებებიდან. კაჭახიძე იხსენებს მის შეკითხვას ნიკო ნიკოლაძისადმი, თუ რას ფიქრობდა იგი კაპიტალიზმზე და მის მომავალზე. ბუნებრივია, კითხვის ავტორს, რომელიც ბოლშევიზმის მიმდევარი იყო, დიდი მოაზროვნის თვალსაზრისი აინტერესებდა. ბატონმა ნიკომ უპასუხა, რომ გაივლიდა დრო და კაპიტალიზმი წარსულს ჩაბარდებოდა. შეიცვლებოდა ქვეყნის საზოგადოებრივი სტრუქტურა და ხალხის ცხოვრების უკეთესი პირობები შეიქმნებოდა, რისი საფუძველი ელექტროენერგიის გამოყენების პერსპექტივებიდანაც ჩანდა.9 აქ, უნებლიეთ, ა. მარშალის პოზიცია გვახსენებს თავს. დიდ ეკონომისტს საკუთრება და კაპიტალიზმი ესმოდა არა როგორც მანკიერი ინსტიტუტი და საზოგადოების განვითარების ევოლუციური გზიდან გადავარდნა, არამედ როგორც კაცობრიობის განვითარების შუალედური საფეხური. ამ თვალსაზრისს მთელი ცხოვრება ატარებდა ნიკო ნიკოლაძეც და რაც უფრო გადიოდა დრო, მით უფრო იზრდებოდა და ფართოვდებოდა მისი თვალთახედვის ჰორიზონტი. სოციალიზმის გამარჯვებამ ვერ შეარყია მისი მსოფლმხედველობა, ყოფიერებამ ვერ სძლია ცნობიერებას. არ სჯეროდა იმ წარმატებებისა. რასაც მაშინ საბჭოთა სოციალიზმს მიაწერდნენ. ვერც დაიჯერებდა ევროპულ აზროვნებაზე აღზრდილი კაცი. ის თავის შრომებში რამდენჯერმე იმოწმებდა მსოფლიოში გახმაურებულ ჰ.ბოკლს, რომელიც ლიბერალურ თვალსაზრისზე იდგა და საზოგადოების პერმანენტული განვითარების იდეის უპირატესობას აღიარებდა. მისი აზრით, რევოლუციები მხოლოდ დროებით წარმატებებს იძლეოდა და ნამდვილ ეროვნულ პროგრესს ვერ მოიტანდა.

ემიგრაციიდან დაბრუნებული ნიკო ნიკოლაძე ისევ სამშობლოს სამსახურში ჩადგა. მაშინდელ იდეოლოგიურ ფსიქოზს იგი არ შეუშინებია და ბოლომდე შეუვალი დარჩა როგორც სამეცნიერო თვალსაზრისით, ასევე პრაქტიკული საქმიანობითაც.

ჩვენი დღევანდელი ცხოვრება ნიკო ნიკოლაძის ეპოქის მსგავსია. აქაც, დაახლოებით, იგივე სიტუაციაა, როგორიც მაშინ იყო. ცხოვრების პირობების მყისიერი შეცვლა, ხალხის მოუმზადებლობა, ხელისუფლების გამოუცდელობა, ერთმანეთს შორის ქიშპი, გაუტანლობა, დაპირისპირება, და კიდევ ისიც, რაც მაშინ ცნობილი არ იყო-წინა თაობების დაწუნება ასაკობრივი მოტივებით, რაც ჩვენი მოსახლეობის საკმაოდ მძიმე სოციალურ ვითარებას და ეკონომიკურ სიდუხჭირეს არსებობას უხანგრძლივებს. არანიკოლაძისეულია ის, რომ ყველაფერში სხვის იმედზე ვართ, ქვეყნის აღმშენებლობას მხოლოდ გარეშე ძალებს ვუკავშირებთ, რაღაც უცხო გზებს ვეძებთ. არასერიოზულია ქვეყნის მომავლის სხვადასხვაგვარ ქიმერებზე ჩამოკიდება – მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს, მცირე და საშუალო ბიზნესი გადაგვარჩენს და ა.შ. საქართველოს აღმშენებლობას ნიკოლაძის გზებით უნდა მივუდგეთ. ესაა თანამედროვე ცოდნით შეიარაღება, ჩვენი ქვეყნის ეროვნული სიმდიდრეების შესწავლა, მოსახლეობის ეკონომიკური აზროვნების განახლება, ცოდნის პრაქტიკულად გამოყენება, გამოცდილების დაგროვება და უფრო და უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისადმი შეჭიდება, ხალხისა და მამულის სიყვარული, რომელიც ადამიანს თავის უნარსა და ენერგიას ქვეყნის სამსხვერპლოზე მიატანინებს.