კომუნიკაციის ტყის ზღაპრები და მოტყუებული თუ კომუნიკაციური მოსახლეობა

რედაქციისაგან

საქართველო კურიოზების ქვეყანაა, ერთი მხრივ, ვწუწუნებთ, რომ შემოსავლები არა გვაქვს და ღარიბად ვცხოვროვბთ, მეორე მხრივ, იშვიათად ნახავთ ქართველს, მობილური არ ეჭიროს ხელში ან ტელფონით საათობით არ ბაასობდეს. ყოველ შემთხვევაში, მოსახლეობის ნახევარი მობილურებით იღარიბებს თავს, მეორე ნახევარი – ბინის ტელეფონით. რა ხდება კომუნიკაციებში?

რამდენად მართებულად გვახდევინებენ ტარიფებს და რაშია გამოსავალი, სად მივყავართ მის ხვალინდელ დღეს და საქართველოს ტელეკომუნიკაციების ბაზარზე რას უნდა ველოდოთ? ჩვენ ლაპარაკს ვერ მოვიშლით, არადა, დღითიდღე უფრო მეტი ფული გვეხარჯება. ხომ არ გვატყუებენ, ან ჩვენ ხომ არ ვფლაგავთ ისედაც მწირ შემოსავლებს?
საქართველოში ტელეკომუნიკაციების განვითარება საკმაოდ გვიან, 90-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ეს სფერო ძალიან დაუტვირთავია. დარგის ექსპერტები აცხადებენ, რომ საქართველოში სატელეკომუნიკაციო ბაზარი საკმაოდ ლიბერალურია და მიუხედავად არაერთი ხელისშემშლელი გარემოებისა, რომელზედაც ქვემოთ ვისაუბრებთ, ჩვენს ქვეყანაში ეს დარგი ნელა, მაგრამ სტაბილურად ვითარდება.
რა განეკუთვნება ტელეკომუნიკაციის სფეროს? მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი, რისი საშუალებითაც შესაძლებელია ინფორმაციის გადაცემა. ეს არის ტელეფონი, ტელევიზია, ინტერნეტი და ფოსტაც კი. როდესაც საუბარია ტელეკომუნიკაციებზე, რატომღაც იგი ადამიანებში ტელევიზიის ასოციაციას იწვევს, არადა, ტელევიზიას ამ სფეროში ყველაზე ბოლო ადგილი უჭირავს. საქართველოში ტელეკომუნიკაციებიდან პრიორიტეტული – მობილური კავშირი ყველაზე კარგად განვითარებული სფეროა.
ადამიანებს ხშირად ესმით სიტყვები: სიხშირე, ეთერი… ისიც ესმით, რომ ეს რესურსები შეზღუდულია, მაგრამ არც ამ სიტყვების მნიშვნელობა იციან კარგად და არც ის, თუ რატომ არის იგი შეზღუდული. როგორც ჩვენი ექსპერტი, კახა ჟღენტი გვიხსნის, მისი გავრცელების სიხშირე არის სიგნალის გავრცელების შესაძლებლობა. სიგნალი ვრცელდება ორნაირად: ვერტიკალური და ჰორიზონტალური ტალღებით. ეს რესურსი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში შეზღუდულია. ელემენტარულად, სიგნალი არ მიდის იმ მანძილზე, რა მანძილზეც გვინდა. ტალღების გამოცემის აპარატურაც ძალიან შეზღუდულია. რომ წარმოვიდგინოთ, ჰაერი დაყოფილია გარკვეულ სექტორებად, ამ სექტორებში კი აპარატურა რყევის ამპლიტუდიდან გამომდინარე გადასცემს სიგნალს. პირობითად რომ ვთქვათ, საქართველოს ჰაერი დაყოფილია ტრასებად და არსებული ტექნოლოგიის პირობებში სხვა ტრასის არსებობა ორი რამის გამო გამორიცხულია: ეს ეწინააღმდეგება ფიზიკის კანონებს და არ არსებობს აპარატურა, რომელიც ამ ტრასის სიხშირეში იმუშავებს. ამით აიხსნება რესურსების შეზღუდულობაც.
მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არსებობს ორი თავისუფალი სიხშირე, რომლებიც არ იყიდება და მას არც ლიცენზირება სჭირდება. ეს სიხშირეები-2.4 და 5,6 თავისუფალ გამოყენებაშია და ნებისმიერ ეგრეთ წოდებულ “რადიოხულიგანს” შეუძლია ისარგებლოს.
მსოფლიოში სიხშირეების მოხმარების სხვადასხვა პრაქტიკა არსებობს: იჯარით გაცემა, გრძელვადიანი იჯარა, გაყიდვა და ა.შ. რაც შეეხება სხვა სიხშირეს, ის არის ერთიდან უსასრულობამდე. მისი დაყოფა 1900, 800, 400-ად დამოკიდებულია აპარატურაზე, არის სიხშირე, სადაც აპარატურას კარგი გამტარიანობა აქვს. მნიშვნელოვანია ექსპერტების აზრი ამ საკითხზე.
კახა ჟღენტი: – ერთმანეთისგან განსხვავდება ტელერადიო, კავშირგაბმულობის (ანუ ტელეფონის) და თანამგზავრული სიხშირეები. სატელევიზიოში არის დეციმეტრული და მეტრული სიხშირეები, ეს უკანასკნელი მსოფლოში ყველგან შეზღუდულია, დეციმეტრული კი – შეუზღუდავი. რაც უფრო მაღალია დეციმეტრული სიხშირე, მით უფრო კარგია ხარისხი, თუმცა ძვირია აპარატურა და დღევანდელი ტელევიზორები სიგნალს ძნელად აღიქვამენ. ხარისხი კარგია, მაგრამ გავრცელების დიაპაზონი – მოკლე.
თანამგზავრული სიხშირის საშუალებითაც ხდება მიწიდან თანამგზავრზე სიგნალის გადაცემა და, პირიქით. თუმცა ესეც შეზღუდულია.
– რამდენი სატელევიზიო მეტრული სიხშირეა საქართველოში?
– პირველიდან თორმეტამდე. აქედან დაკავებული ოთხია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დანარჩენი თავისუფალია. დავუშვათ, ერთ ტელევიზიას აქვს ერთი მეტრული სიხშირე, რომლის გადამცემი ფარავს და ახშობს მეორეს, ამიტომ მეორე, მესამე მეტრული სიხშირე უნდა გამოტოვო და სხვა ტელევიზიას მეოთხე მისცე. ასეთი პრინციპით გრძელდება მეთორმეტემდე. ამიტომაც არის რესურსი ამოწურული. დღეს მეტრული სიხშირე 4 ტელეკომპანიას აქვს: I არხი, მე-2 არხი, “რუსთავი 2” და ჰქონდა ტელეკომპანია “იბერიას”, თუმცა ამ სიხშირეს რა ბედი ეწია, ვერ გეტყვით.
დეციმეტრული სიხშირე კი ძალიან ბევრია და დიაპაზონებად იყოფა, დიაპაზონები – სექტორებად.
მეტრული სიხშირე გაცილებით სჯობს დეციმეტრულს, მაგრამ მისი გავრცელების დიაპაზონი პატარაა – მას ბევრი სარელეო ხაზი სჭირდება. თუმცა ახლა მთელი მსოფლიო გადადის ციფრულ ტელევიზიებზე და ამიტომაც დეციმეტრულს და მეტრულ სიხშირეებს მნიშვნელობა ეკარგება. მაგალითად, შემიძლია, ნებისმიერი სიგნალი მივიღო ჩემს ტელევიზიაში, რომელსაც მალე გავხსნით. ნებისმიერ სიგნალს აპარატურა გადაიყვანს ციფრში და ავტომატურად გაავრცელებს ციფრული სიგნალით.
– რა ხდება მობილური კავშირგაბმულობის სიხშირეებზე?
– მობილური კავშირის ორი სტანდარტი არსებობს: GSM სტანდარტი, რომელსაც მოიხმარს ევროპა და CDMAსტანდარტი, რომელსაც მოიხმარს ამერიკის შეერთებული შტატები. ისინი ტექნოლოგიურად განსხვავდება, ორივე მათგანი სხვადასხვა სიხშირეზე მუშაობს. CDMA-ს შესაძლებლობები ბევრად დიდია, მაგრამ ძვირადღირებული, ხოლო GSM-ის შესაძლებლობები – უფრო შეზღუდული, მაგრამ თვითღირებულება ბევრად ნაკლები აქვს.
GSM სიხშირეები: 800, 1800, 1900. დღეს არსებობს ისეთი აპარატურა, რომ შესაძლებელია შექმნა GSM-ის სტანდარტის სიხშირე. ეს სიხშირეები საქართველოს ანტიმონოპოლიური კანონის საფუძველზე დაყოფილია დიაპაზონებად. სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული ვითარებაა, ვთქვათ, ინგლისსა და რუსეთში სიხშირეების 1/3 ეკუთვნის მთავრობას, რომელიც სტრატეგიულ რესურსად ითვლება და არ იყიდება. დანარჩენი გაყიდულია. ჩვენნაირ პატარა ქვეყანას ეს არ სჭირდება. ჩვენთან GSM სიხშირე დაყოფილია დიაპაზონებად. ამ დიაპაზონში მუშაობს “მაგთი” და “ჯეოსელი”. არის თუ არა დატოვებული რამე მესამე ოპერატორისთვის, ანდა სახელმწიფო ინტერესებისთვის, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. მიმაჩნია, რომ არც არის საჭირო. საქართველოს არა აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ომის შემთხვევაში ეს სიხშირე გამოიყენოს.
– მობილურ სიხშირეებში, ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, როგორც ცნობილია, არსებობს 450 სიხშირე. გაყიდულია თუ არა ეს სიხშირეც?
– ეს არის ამერიკული CDMA სტანდარტის სიხშირე, რომელიც დიაპაზონებად იყოფა. თავის დროზე მთელი დიაპაზონი კომპანია “იბერიატელს” ჰქონდა ნაყიდი, თუ არ ვცდები, 90-იან წლებში. ამ სიხშირეზე კომუნისტების დროს მუშაობდა ტელეფონი “ალტაი”, სამთავრობო და მანქანის ტელეფონები. მერე ისე მოხდა, რომ ეს ინფრასტრუქტურა დაინგრა და დარჩა უპატრონო სიხშირე, რომელიც მერე ვიღაცამ იყიდა. რამდენად, როგორ მოხდა ეს, არაფერი ვიცი. ახლა კეთდება ამერიკული სტანდარტის მობილური კავშირი, რომელიც სერიოზული კონკურენტი იქნება ბაზარზე უკვე არსებული ოპერატორი კომპანიებისა.
GSM თავისი განვითარების ზღვარს მიაღწევს და გაჩერდება. CDMA-ს ჯერჯერობით, ტექნოლოგიური თვალსაზრისით, განვითარების შესაძლებლობები აქვს და ის კიდევ მეტად განვითარდება, ვიდრე GSM.
– როგორც ცნობილია, “მეგაკომის” სიხშირე ორ ნაწილად გაიყო. ერთი ნაწილი “მაგთიმ 25 მილიონად იყიდა, ხოლო მეორე – “მეგაკომს” დარჩა. არსებობს ვარაუდი, რომ ის შეიძლება “ალფა ჯგუფს” მიეყიდოს. რამდენად რეალურად გეჩვენებათ ეს სქემა?
– არის ამაზე საუბარი. “ალფა ჯგუფმა” შექმნა კომპანია “ალფა ტელეკომი”, რომელმაც ახლა იყიდა “თურქტელეკომის” 11%, “გოლდენტელეკომი” და სხვა კომპანიები: “კიევსტარი”, “ვიმპელკომი” “ალფასია”. ამ კომპანიის ერთ-ერთ დამფუძნებელს თავის წილი ჰქონდა “ბილაინში”. “ალფა ჯგუფი” დიდი კომპანიაა. რუსეთში ალბათ მესამე.
ეს კომპანია თავის დროზე ძალიან იყო დაინტერესებული, საქართველოში ეყიდა GSM ოპერატორის, მათ შორის, “მაგთის” წილი.
თუ ეს კომპანია მართლაც შემოვიდა საქართველოში, იგი CDMA სტანდარტის მობილურ კავშირს გააკეთებს. ანუ იქნება ორი GSM და ორი CDMA კომპანია. თუ “ალფა ჯგუფი” მოლაპარაკებას აგრძელებს “მაგთისთან”, ამ უკანასკნელს უკვე აქვს ეს სიხშირე და “მეგაკომის” დარჩენილი დიაპაზონი არაფერში სჭირდება. თუმცა შესაძლოა, “ალფა გჯუფმა” ორივე მათგანი იყიდოს და რადგან ორივე დიაპაზონი ექნება შევსებული, CDMA სიხშირეზე მას კონკურენტი აღარ ეყოლება, ისე, როგორც “იბერიატელს” არ ჰყავს კონკურენტი 450 სიხშირეში.
თუმცა რას გადაწყვეტს “ალფა ჯგუფი”, ეს მისი სტრატეგიული და ფინანსური ინტერესებია.
მობილურ კავშირგაბმულობაში არსებობს მაჩვენებელი მობილური შეღწევადობა, რომლის მიხედვითაც იზომება, ქვეყნის მოსახლეობის რა პროცენტია მობილური კავშირის მომხმარებელი. საქართველოში მობილური შეღწევადობა დაახლოებით 15%-ს აღწევს. ბაზრის რესურსი განსხვავებულია. ვთქვათ, ამერიკაში შეღწევადობაა 92%. ჩინეთში ყველაზე მაღალი – 98%. ასეთი მაღალი მაჩვენებელი დაბალი ტარიფით არის განპირობებული. მობილური შეღწევადობა ტარიფში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, თუმცა შეღწევადობის გარდა, ტარიფი ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ექსპერტები აღიარებენ, რომ საქართველოში მობილურ ოპერატორებს საკმაოდ მაღალი ტარიფები აქვთ დაწესებული და, შეიძლება ითქვას, ის ხელოვნურად არის გაზრდილი. ამის მიზეზი არასაკმარისი კონკურენციაა – ჩვენს ბაზარზე მხოლოდ ორად ორი კომპანია მუშაობს და დაბალია მოსახლეობაში შეღწევადობის მაჩვენებელი. “ჯეოსელი” 420 000 აბონენტს ითვლის, ხოლო “მაგთი” -500 000-ს. რესურსი დიდია და, ბუნებრივია, არც ერთი ოპერატორი კომპანია არ ფიქრობს ტარიფის დაწევაზე. ახალ-ახალი სერვისებით შიდა ქსელის ტარიფების დაკლების ტენდენცია დაიწყო, მაგრამ ეს არ ეხება ურთიერთკავშირის და ურთიერთჩართვის ტარიფებს.
– როგორ დგინდება საერთაშორისო ტარიფი?
– ეს განისაზღვრება საერთაშორისო ოპერატორებთან ურთიერთობით, ტრასის ღირებულებით, ამ ოპერატორზე როგორ გადის ადგილობრივი კომპანია: ოპტიკურბოჭკოვანი კაბელით თუ თანამგზავრით და ასე შემდეგ.
საერთაშორისო ტარიფებს ბევრი შემადგენელი ნაწილი აქვს. გააჩნია, როგორი შეღწევადობისაა ოპტიკურბოჭკოვანი კაბელი. მაგალითად, “ფობნეტი” თბილისიდან ფოთამდე ერთ ორმეგაბიტიან კაბელს 2500 დოლარად ყიდის, როცა რუსეთი ფოთიდან მოსკოვამდე იგივეს (საუბარია სიმეტრიულ ხაზებზე) ყიდის 7 000 დოლარად. “ფობნეტი” მონოპოლისტია და მონოპოლიურად მაღალი ფასიც უჭირავს. იგი დღეს ოპტიკურბოჭკოვანი კაბელის მფლობელია. ეს არის ქართული კერძო კომპანია.
თუმცა არსებობს ალტერნატიული რკინიგზის ბოჭკოვანი ხაზი, რომელსაც ტექნოლოგიური თვალსაზრისით კიდევ სჭირდება სრულყოფა. ამაზე უკვე სამი წელია, მიდის საუბარი. რეალურად კი სერიოზულად არავინ დაინტერესებულა.
რუსეთის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ მას ცალკე აქვს შექმნილი რკინიგზის სატელეკომუნიკაციო კომპანია, “ტრანსტელეკომი.” ეს კომპანია ოპტიკურბოჭკოვანი კაბელის გაქირავების, იჯარით გადაცემის, ტრაფიკის ტარიფის უდიდესი მონსტრია.
საქართველოს რკინიგზა ამით რატომღაც ნაკლებად არის დაინტერესებული, თუმცა ფანტასტიკური შესაძლებლობა აქვს, იყოს დამაკავშირებელი, ერთგვარი დერეფანი ამიერკავკასიის ქვეყნებისა ევროპასთან. ოპტიკურბოჭკოვანი კაბელი ბათუმამდეა მიყვანილი, სარფამდე სულ რაღაც 12 კილომეტრია დარჩენილი და რკინიგზას თავისუფლად შეუძლია ამ მანძილზე კაბელის ჩადება. ეს ალბათ 120 000 დოლარის საქმეა, რაც ნამდვილად არ არის ის თანხა, რომ ამის გაკეთება შეუძლებელი იყოს. თურქეთს გეოგრაფიულად საინტერესო მდებარეობა აქვს იმ თვალსაზრისით, რომ აზიისა და ევროპის ოპტიკურბოჭკოვანი კაბელები სტამბოლში იყრის თავს და ერთგვარი კვანძი იქმნება. საქართველოს კი აქვს შესაძლებლობა, აზერბაიჯანი და სომხეთი ამ გზით დააკავშიროს ევროპასთან. მით უფრო, რომ აზერბაიჯანი და უზბეკეთი ვერ შეთანხმდნენ კასპიის ზღვის ქვეშ ოპტიკურბოჭკოვანი კაბელის გაყვანაზე. გარდა ამისა, რკინიგზის ოპტიკურბოჭკოვანი კაბელის ამუშავებით გაჩნდება ალტერნატივა.
დღეს საქართველოს ოპტიკურბოჭკოვანი კაბელით ევროპაში მოხვედრის ერთადერთი გზა აქვს – ეს არის “ფობნეტი”, რომელიც ფოთში უერთდება “როსტელეკომს”.
დიდი ხანი არ არის, რაც გაკეთდა სარელეო ხაზი, რომლის საშუალებითაც ახალციხიდან სტამბოლს ვუკავშირდებით, მაგრამ იგი არ არის ოპტიკურბოჭკოვანი და, ბუნებრივია, ხარისხი დაბალია.
– რკინიგზის ოპტიკურბოჭკოვანი კაბელის დაუტვირთაობის გამო, როგორც ჩანს, სოლიდურ სატრანზიტო შემოსავლებს ვკარგავთ.
– არ მინდა, პიროვნულად ვინმეს შევეხო, მაგრამ რკინიგზის საქმიანობაში პრიორიტეტები მისი მენეჯერის გადასაწყვეტია.
ჩვენ ასევე არ გვაქვს ალტერნატიული კავშირი რუსეთთან ფოთი-ნოვოროსიისკის გარდა, რომელიც ზღვის ქვეშ გადის. ოპტიკურბოჭკოვანი გზით გასული სიგნალი ყველაზე ძვირი ღირს, მაგრამ დიდი შესაძლებლობები და არაჩვეულებრივი ხარისხი აქვს. ერთი ორმეგაბიტიანი ოპტიკურბოჭკოვანი ხაზი გაატარებს, ვთქვათ, მილიონ წუთს, მაშინ, როცა იგივე ზომის თანამგზავრული კავშირი გაატარებს 300 ათას წუთს. მათ შორის ასეთი სერიოზული განსხვავებაა. ოპტიკას ბევრი პლუსი აქვს: დაცულია, ხარისხი კარგია და ა.შ.
– სიგნალის მიღებაში ოპტიკის ალტერნატივა თანამგზავრია. ამ შემთხვევაში როგორია ტარიფები და როგორ ხდება მისი დაანგარიშება?
– ქვეყანა, რომელსაც თანამგზავრი აქვს, მატერიალურად საკმაოდ ძლიერი უნდა იყოს. მისი ჯერ შექმნა და მერე კოსმოსში გაშვება ძალიან ძვირია, მოვლა კი უფრო ძვირი ფუფუნებაა. საქართველოს არა აქვს თანამგზავრი და კიდევ დიდხანს არ ექნება, თუმცა მეეჭვება, როდესმე ჩვენი თანამგზავრი გავუშვათ. ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის ის ძალიან არარენტაბელურია. მას ვერც ტელევიზიისთვის გამოვიყენებთ და ვერც ტელეფონისთვის. უბრალოდ, ვერ მოვუვლით. აქედან გამომდინარე, თანამგზავრული სიგნალის ფასი არანაირად არ არის ჩვენზე დამოკიდებული. აქ ფასი საერთაშორისო ბაზრის მიხედვით რეგულირდება. თუმცა ოპტიკურზე ბევრად იაფია, რადგან შესაძლებლობები, როგორც ვთქვით, ბევრად ნაკლები აქვს.
– მობილური კავშირგაბმულობის ტელეფონების ტარიფში ძალიან მნიშვნელოვანია დამრგვალების თემა. ადამიანმა რომელმაც 30 წამი ისაუბრა ტელეფონზე, 30 წამის ღირებულება უნდა გადაიხადოს და არა 1 წუთის. დამრგვალების კოეფიციენტი ძალიან დიდია, კონტური საერთოდ არ არის. ყიდულობ 30-ლარიან ბარათს და არ იცი, რამდენი წამია ეს 30 ლარი. ჩვენთან ეს ნაწილი გამჭვირვალე არ არის.
– დამრგვალება დამოკიდებულია საბილინგო სისტემაზე და იგი საკმაოდ კონფიდენციალური ინფორმაციაა. ბილინგი ტრაფიკის აღრიცხვის ბუღალტრული სისტემაა. თავს ვერ დავდებ, მაგრამ ვიცი, რომ რუსეთში HTC ითვლის წამებს, “ბილაინი” კი 5-წამიან დამრგვალებას აკეთებს. ევროპაში ყოველი წამი ითვლება ისევე, როგორც ჩინეთში. თუმცა აქ იმდენად დაბალი ტარფია – 2 ცენტი – როგორც, უნდა დაამრგვალო, დიდ ცდომილებას არ მოგცემს, რასაც ვერ ვიტყვით მაღალი ტარიფის დამრგვალების შემთხვევაზე.
რაც შეეხება კონტურების სისტემას, ის ჩვენთან არ არის. სხვათა შორის, ამიერკავკასიის ბაზარზე აზერბაიჯანი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც კონტური გააჩნია და ჩვენთან შედარებით ორჯერ დაბალი ტარიფი აქვს. იგივე, რუსეთის შიდა ქსელში ჩვენგან განსხვავებით ძალიან დაბალი ტარიფია. საშუალოდ ალბათ 5-6 ცენტი წუთი. ჩემი ვარაუდით, საქართველოში SMS-ით მომსახურებაც ძალიან ძვირია, მომხმარებელი მაღალ ტარიფს იხდის.
მე რომ მობილური კავშირგაბმულობის კომპანია მქონდეს, წამიერ აღრიცხვას გავაკეთებდი. ეს კომპანიის ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული.
– ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ჩვენს ორ ოპერატორ კომპანიას შორის გარკვეული მოლაპარაკება არსებობს დამრგვალებისა და ტარიფების თაობაზე…
– საქართველოში რადგან მხოლოდ ორი კომპანიაა, არ არის გამორიცხული რაღაც პარტნიორული და ჯენტლმენური შეთანხმება მართლაც იყოს. არსებობს ბაზრიდან ფულის ამოღების და ამ ეტაპზე მაინც კონკურენტის არყოლის შესაძლებლობა და ამიტომაც, ბუნებრივია, ის აწესებს თავის ტარიფს.
– ბალის შემოღება ხომ არ გამოიწვევს რაიმე ცვლილებებს ტარიფის წარმოქმნაში?
– მიმაჩნია, რომ ბალის შემოსვლა უფრო მარკეტინგული, პიარ სვლაა, ვიდრე რაიმე პრინციპული ცვლილება ტარიფის წარმოქნაში. ბალის აბონენტები ყოველთვის იმდენად მცირე იქნება, რომ ის ვერ მისცემს საწყისს ტარიფის ცვლის ტენდენციას. როდესაც შეღწევადობა გახდება 30-35%, ცვლილება თვალშისაცემი იქნება.
– გაუგებარია, რატომ დაიკლებს ტარიფი, როცა კომპანიას შეუძლია კონკურენციის იგივე პირობებში იმუშაოს ძველი ტარიფით და აიღოს უფრო მეტი ფული, ვიდრე აქამდე?
– საქმეც იმაშია, რომ ვერ აიღებს. კომპანიის შეღწევადობა ტარიფზეც არის დამოკიდებული. გადამხდელუნარიანი მოსახლეობის რესურსს ორივე ოპერატორი კომპანია ოდესღაც ამოწურავს, რის შემდეგაც ერთი და იგივე ადგილის ტკეპნა მოუწევთ. ამის მერე დადგება ტარიფის დაწევის აუცილებლობა.
– საქართველოში ტელეფონით ლაპარაკის ტარიფი მსოფლიოში თითქმის ყველაზე მაღალია. ამაში, რა თქმა უნდა არის ობიექტური და სუბიექტური ფაქტორებიც. კონკურენციის გაზრდა დიდ როლს ითამაშებდა ტარიფის დაწევაზე. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია CDMA-ს ამოქმედება. თქვენი ინფორმაციით, როდისთვის იგეგმება ახალი სტანდარტის მობილური კავშირის შემოსავლა?
– ეს კაპიტალდაბანდებებზეა დამოკიდებული. თუ ერთიანად მოხდება დიდი კაპიტალდაბანდება, მისი შესაძლებლობები იმდენად დიდია, რომ ის ძალიან სწრაფად გადაფარავს GSM-ს.
არის სხვა ფაქტორიც, რაც საქართველოში CDMA სტანდარტის უპერსპექტივობას განაპირობებს. CDMA-სა დაGSM-ს შორის პრინციპული განსხვავებაა. ევროპა CDMA სტანდარტს არ ხმარობს, ყოველ შემთხვევაში ფუნდამენტურად. აქედან გამომდინარე იქმნება როუმინგის პრობლემა.
არის კიდე სხვა გარემოებაც: ვინაიდან CDMA უფრო დიდი შესაძლებლობების სტანდარტია, ვეროპული GSMოპერატორები, ცდილობენ ურთიერთჩართვაზე მაქსიმალურად მაღალი ტარიფები დააწესონ და ამით შეზღუდონCDMA-ს შეღწევადობა მოსახლეობაში.
– მესამე თაობის ტელეფონები რას წარმოადგენს და როდის შეიძლება ის საქართველოში შემოვიდეს?
– თუ ევროპაში მესამე თაობის მობილურები 2 წლის წინ შემოვიდა, საქართველოში ის შეიძლება შემოვიდეს 2007 წელს. შესაძლოა ითქვას, რომ მესამე თაობის მობილური ერთგვარი სატყუარაა. დღეს მესამე თაობის მობილურში შეგიძლია უყურო ტელევიზორს, მაგრამ რამდენად გამოიყენებს ამას ქართველი კაცი, ეს ცალკე თემაა. ვთქვათ, ავიღოთ WAP სერვისი GSM-ზე. ამას რომ იყენებდე, უნდა ცხოვრობდე უზარმაზარ ქვეყანაში, სადაც ერთ ადგილას საქმეს რომ მორჩები, მერე მეორე საქმის გასაკეთებლად 1500 კილომეტრი უნდა გაიარო. გზაში უსაქმურად რომ არ იყო და, ვთქვათ, 9 საათი უქმად არ დაკარგო, შეგიძლია, შენი ბიზნესი აწარმოო. ჩვენს ქვეყანაში კი, სადაც შეგიძლია ქვეყნის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში დაახლოებით 4 საათში ჩახვიდე, ასეთ სერვისებზე საუბარი სასაცილოა. თუმცა ძალიანაც კარგია ყველა ახალი სერვისი და მივესალმები, მაგრამ გამოყენების თვალსაზრისით ძალიან დაბალი პროცენტი აქვს. ამიტომაც ვითარდება ასე ნელა ეს სფერო.
საქართველოში სამი დამოუკიდებელი საერთაშორისო და ლოკალური ოპერატორი კომპანია მუშაობს: “ახალი ქსელები”, “ელექტროკავშირი” და “ახტელი”. “ელექტროკავშირი” სახელმწიფოს საკუთრებაა და ბუნებრივი მონოპოლისტია, ვინაიდან თავის დროზე ყველა ტელეფონი, რომელიც საქართველოში არსებობდა, “ელექტროკავშირს” ეკუთვნოდა.
ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, არსებობს “საქართველოს ტელეკომი”, რომელიც საერთაშორისო ოპერატორი 8-10-ის მფლობელია. მას ლოკალური ქსელი გააჩნია, თუმცა ძალიან შეზღუდული. იგი 44 ატს-ის მფლობელია. ეს კომპანია ამერიკელებისა და ქართველების მიერ ერთობლივად არის შექმნილი შემდეგი წილობრივი მონაწილეობით: 30% – “მეტრომედია”, 19% – “ბულკომი” და 51% – სახელმწიფო.
თავის დროზე, როცა “საქართველოს ტელეკომი” იქმნებოდა, წესდებაში ჩადებული იყო, რომ ქართული მხარე იღებდა ვალდებულებას, მისთვის არ შეექმნა კონკურენტი. როდესაც “ელექტროკავშირს” საერთაშორისო კოდი მიანიჭეს და საერთაშორისო ოპერატორი გახადეს, “ტელეკომში” ამან ძალიან დიდი უსიამოვნება გამოიწვია. ვიდრე ეს მოხდებოდა, ყველა საერთაშორისო ოპერატორი კომპანია საერთაშორისო ზარის განსახორციელებლად “საქართველოს ტელეკომს” უკავშირდებოდა. ასე ხდებოდა 2000 წლამდე.
დღეს საქართველოს ტელესაკომუნიკაციო ბაზარი ძალიან ლიბერალურია. ყველა კომპანიას შეუძლია, თვითონ აიღოს არხები და დამოუკიდებლად გავიდეს ნებისმიერ უცხოურ ოპერატორზე.
გარდა ამისა, ინტერნეტის შემოსვლამ და განვითარებამ ხმოვან ტრაფიკს სერიოზული ალტერნატივა გაუჩინა IPტელეფონიის სახით. ეს არის ინტერნეტის ქსელით გადაცემული ხმა. IP ტელეფონიის განვითარებამ საქართველოში საერთაშორისო საუბრებზე ფასების მკვეთრი დაცემა გამოიწვია.
ხმოვანი ტრაფიკი ყველა ქვეყანაში ძალიან ძვირია, რასაც სპეციალური აპარატურა განაპირობებს. ინტერნეტის ქსელი კი დიდია და ყველგან არის, მისი საშუალებით დედამიწის ნებისმიერ წერტილში უპრობლემოდ ჩავა ინფორმაცია. ხმოვანი ტრაფიკით ინფორმაციამ ძალიან ბევრი პუნქტი უნდა გაიაროს.
ექსპერტების თქმით, საქართველოში IP ტელეფონია დაახლოებით ხუთი წელიწადია, რაც შემოვიდა.
– ბატონო კახა, გამოდის, მთელი ხუთი წელი სატელეფონო კომპანიები მოსახლეობას ძარცვავდნენ. მათ წუთი უჯდებოდათ 5 ცენტი და ხალხს 35 ცენტს ახდევინებდნენ.
– ყოველ შემთხვევაში, ამის აფიშირება არ ხდება. რადგანაც ფასმა ასე მკვეთრად დაიწყო კლება, გამოდის, ყველა მუშაობდა IP-ზე. თუმცა მარტო ეს არ არის ტარიფების კლების მიზეზი.
ქართული სატელეკომუნიკაციო ბაზრის ლიბერალურობამ კომპანიებს საშუალება მისცა, უცხოელ ოპერატორებთან პირდაპირ კავშირებზე გასულიყვნენ. ადრე IP ტელეფონიაც რომ ყოფილიყო, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ნებისმიერ ოპერატორს თავისი ზარები “ტელეკომისათვის” უნდა მიეცა. ის თავის ფასს ადებდა და ამ ზარებს გადასცემდა “როსტელეკომს”, შემდგომ “როსტელეკომი” – “დოიჩტელეკომს” და ა.შ. ყველას თავის ფასი ჰქონდა და, IPტელეფონიაზე მუშაობის მიუხედავად, მოსახლეობას ტარიფს მაინც უძვირებდა. დღეს კი, ტრაფიკი, ვთქვათ, გერმანიაში ყოველგვარი “საქართველოს ტელეკომის”, “როსტელეკომის” და სხვა კომპანიების გარეშე მიდის. ამან თავისთავად დაწია ტარიფები.
– “გლობალ ერთი” როგორ ახერხებდა დღემდე დაბალ ტარიფზე მუშაობას?
– “გლობალ ერთის” საერთაშორისო ტარიფები მართლაც ძალიან დაბალია. ამისთვის სხვადასხვა მექანიზმი არსებობს. გააჩნია პარტნიორებს. “გლობალ ერთს” შიდა ბაზარზე აბონენტები არ ჰყავს. ეს არის მსოფლიოში მიღებული პრაქტიკა, იქმნება კომპანია, მას არ ჰყავს თავისი აბონენტები და მუშაობს შემდეგნაირად: ვთქვათ, “ელექტროკავშირის” აბონენტი რეკავს გერმანიაში. “ელექტროკავშირს” შეუძლია, ეს ზარი წაიღოს თვითონ, დააბოლოოს გერმანიაში და ეს ყველაფერი 5 ცენტი დაუჯდეს, ან შეუძლია, მისცეს სხვა კომპანიას, რომელსაც აბონენტები არ ჰყავს, მაგრამ აკავშირებს ხელშეკრულებები სხადასხვა ადგილობრივ კომპანიასთან, მოცულობის ხარჯზე აქვს იაფი ტარიფი და იგი დააბოლოებს ამ ზარს. თუ საქართველოში “ელექტროკავშირს” ჰყავს მილიონი აბონენტი, მილიონმა ადამიანმა რომ დარეკოს გერმანიაში, მოცულობა იმდენად მცირე იქნება, მას დაბალ ტარიფს არ მისცემენ. მაგრამ, როცა 10 მლნ კაცის დარეკილი შედის გერმანიაში, თავისთავად ტარიფი ბევრად ნაკლებია.
ზემოთ ნახსენებმა IP ტელეფონიამ შესაძლოა, შეცვალოს ტელეფონის ტრადიციული გაგება და ადამიანები ერთმანეთთან ინტერნეტით გავრცელებულმა სიგნალმა დააკავშიროს.
საქართველოში სწრაფად გავრცელდა და მალე პოპულარობაც მოიპოვა პროგრამამ Skype, რომელიც ამავე დასახელების ფირმამ შესთავაზა ინტერნეტის მომხმარებლებს. ეს იგივე IP ტელეფონიაა, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ეს არის კომპიუტერსა და კომპიუტერს შორის კავშირი. ხმა გადადის ციფრებში, რომელიც სპეციალური აპარატურის საშუალებით ისევ ხმად გარდაიქმნება. ინტერნეტის საშუალებით გავრცელებული სიგნალი ყველა ალტრნატიულ საშუალებასთან შედარებით იაფია, რადგან თვითონ ინტერნეტია იაფი.
შკყპე არის პატარა ფირმა, რომელიც ხალხს საშუალებას აძლევს, განახორციელონ უფასო ზარები შკყპე-ის სხვა მომხმარებლებთან ინტერნეტით და აგრეთვე იაფი ზარები ჩვეულებრივ ტელეფონზე.
ექსპერტების აზრით, შკყპე-ისა და VOIP-ის (“ხმა ინტერნეტში) აღზევება არაფერს ნიშნავს, გარდა ტრადიციული სატელეფონო ბიზნესის ჩაკვლისა, რომლის ტექნოლოგიაც საუკუნეზე მეტია, დანერგილია. შკყპე ტელეკომუნიკაციის ინდუსტრიაში სანახაობრივი გამოვლენაა. ხმოვანი ზარი ვრცელდება მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის საშუალებით. ამ კომპანიის მომხმარებელთა სიაში 54 მლნ ადამიანია, მაგრამ სხვა კომპანიებს, რომლებიც ასევე ნაწილობრივ ან სრულად ახორციელებენ ზარებს, მილიონობით მომხმარებელი ერიცხებათ. შკყპე-ის დამფუძნებელი ნიკალას ზენსტორმი აცხადებს, რომ მისი ღრმა რწმენით, მომავალში მამხმარებელი აღარ გადაიხდის ზარისთვის, ისევე, როგორც ის არ იხდის იმეილის გაგზავნისას. ეს გამოიწვევს სატელეფონო ბაზრის თანდათანობით სიკვდილს, რადგან სატელეფონო ზარებზე დადგენილი ფასები აუცილებლად დაიწევს.
VOIP-ი მომხმარებელს დაბალ ფასებზე მეტსაც სთავაზობს – შეუძლია, აირჩიოს VOIP პროვაიდერის ნომერი და ისარგებლოს შემდეგი მომსახურებებით: ხმოვანი ფოსტა, ვიდეო და ა.შ. ბევრი პროვაიდერი საშუალებას აძლევსVOIP-ს, მისმა აბონენტებმა ყველა მომსახურების გადასახადი შეუერთონ ტრადიციულ სატელეფონო ნომრებს. ასე რომ, აბონენტს შეუძლია, დაუკავშირდეს სან-ფრანცისკოს, ნიუ-იორკისა და ლონდონის ნომერს კომპიუტერის ანVOIP-ის მეშვეობით, შემდეგ კი ადგილობრივი ზარით ამ ქალაქებიდან ნებისმიერს. გარდა ამისა, ტელეფონი, ან კომპიუტერი ინტერნეტში ჩართვისთანავე დარეკავს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ე.ი აბონენტს შეუძლია, ქალქის ერთი ნომერი მეორე ქალაქში. წაიღოს. ერთი სიტყვით, Skype-ისა და VOIP-ის სერვისები გვთავაზობენ დაბალ ფასებს, დიდ არჩევანსა და მოქნილ სისტემას. ეს შესანიშნავი სიახლეა მომხმარებლისთვის, მაგრამ საშინელებაა სატელეფონო ოპერეტორებისთვის.
ყოველი ახალი “დამანგრეველი” ტექნოლოგიის გამოჩენისას უფრო მოძველებული ტექნოლოგიის წარმომადგენლები მის დაბლოკვას ცდილობენ ხოლმე. მაგრამ მოიძებნებიან ისეთებიც, რომლებიც სიახლეებს ეგუებიან მიუხედავად იმისა, რომ ეს მათი ბიზნესისათვის სახიფათოა. VOIP-ის მიერ შემოთავაზებული უფასო ზარების სისტემა განსაკუთრებულად მტკივნეული იქნება იმ ოპერატორთათვის, რომლებიც ყველაზე მეტად არიან დამოკიდებულნი გადასახადებზე. კერძოდ, ესენი არიან მობილური ოპერატორები. ისინი წლების განმავლობაში იბრძვიან, რომ აბონენტებმა რაც შეიძლება მეტი დახარჯონ. უარესიც, TviT third Generation-მ (3G) (მესამე თაობა) ქსელმა, რომელიც აპირებდა ამ ფირმების ზრდას, შესაძლოა, თვითონვე გაანადგუროს ისინი. ძლიერი ოპერატორები, რომლებიც ინტერნეტზე დამყარებულ ქსელებს ქმნიან, საშუალებას აძლევენ ასეთ ფირმებს, ისარგებლონ ტრადიციულ ტელეფონთან შედარებით მაღალეფექტური და დაბალფასიანი VOIP მომსახურებით. ისინი მოქმედებენ პრინციპით: “თუ მათი დამარცხება არ შეგიძლია, შეუერთდი მათ” და ამ ბიზნესში ებმებიან.
უკვე ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ VOIP-ი ტრადიციულ ტელეფონებს დიდ დარტყმას მიაყენებს. საკითხავია, ეს რამდენად სწრაფად მოხდება. წარმოების წარმომადგენლები უკვე საუბრობენ ამ დღეზე და ფიქრობენ, რომ ამ მომსახურების გავრცელება 5 წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
ერთი სიტყვით, VOIP ახდენს სატელეფონო სისტემის ხელახალ ფორმირებას. სწორედ ამიტომ ატყდა დიდი აურზაური Skype-ის გარშემო.
წამყვანმა აუქციონმა eBay გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2,6 ბილიონ დოლარად ყიდულობდა Skype-ს, ამას პლუს 1,5 ბილიონი, თუ მომავალ წლებში ეს ფირმა დასახულ მიზნებს მიაღწევდა. ეს თითქოს უზარმაზარი თანხაა იმ ფირმისთვის, რომლის შემოსავალიც წელიწადში მხოლოდ 60 მლნ დოლარია და ახლახან დაიწყო მოგების მოტანა. ყველაფრის მიუხედავად, eBay არ არის Skype-ით დაინტერესებულ კომპანიებს შორის ერთადერთი. Microsoft, yahoo news corporation და google – ეს კომპანიებიც აცხადებენ, რომ მსჯელობენ ამ საკითხთან დაკავშირებით. სავარაუდოდ, eBay-ს მიერ აუქციონზე შეთავაზებული თანხა ყველაზე დიდია. ეს კომპანია შკყპე-ის ტექნოლოგიის გამარტივებას გეგმავს და გამყიდველებს ღილაკზე თითის ერთი დაჭერით სთავაზობს სარეკლამო განცხადებებს მომხმარებელთან დასაკავშირებლად.
ანალიტიკოსები რატომღაც სკეპტიკურად არიან განწყობილნი. მათი აზრით, eBay არ იქნება Skype-ის საუკეთესო მესაკუთრე. ბოლო დროს აურზაური იყო ატეხილი Skype-ის გარშემო და დიდი დოზით შუქდებოდა ინტერნეტით ხმის გავრცელების საკითხები.
Skype-სთვის მნიშვნელოვნია ის ფაქტიც, რომ სხვა მფლობელებისგან განსხვავებით, eBay თავისუფლებას აძლევს მას. როგორც ბრენდის, ასევე ბიზნესის საკითხებში. “როდესაც Yahoo და Microsoft ყიდულობენ კომპანიებს, ისინი ფაქტობრივად აქუცმაცებენ მათ,” – ამბობს ზენსტორმი. მისი ხედვით, Skype უნდა გახდეს მსოფლიოს უდიდესი და საუკეთესო პლატფორმა კომუნიკაციის სისტემაში, არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება – ტექსტის, ხმის თუ ვიდეო ინტერნეტ მომსახურება, კომპიუტერი თუ მობილური ტელეფონი.
მისი კომპანია ჯერ სამი წლის არის და წლეულს 60 მლნ დოლარის შემოსავალს მოიტანს, რაც ნამდვილად არ არის მოგება. თუმცა მისი ამბიციები საქილიკო როდია, მას ნამდვილად შეუძლია სატელეფონო ფირმების დამარცხება და მათთვის წყლის შეყენება. მის ფირმას ძალუძს დღეში 150000 ახალი მომხმარებლის დამატება ისე, რომ არაფერი დაეხარჯოს ახალ მოწყობილობაზე ან მარკეტინგზე. მას შეუძლია, გაზარდოს მომხმარებელთა რიცხვი, თუ ეცოდინება, რომ მხოლოდ რამდენიმე მათგანი გამოიყენებს ისეთ ფასიან მომსახურებებს, როგორებიცაა: SkypeOut, skypeIn და ხმოვანი ფოსტა.
ესეც ფულის შოვნის წყარო იქნება. ეს ყველაფერი კი, სათავეს დაუდებს უჩვეულო ბიზნესის გეგმას. ინტერნეტ თელეპჰონყ-ს დამაარსებელი რიჩ ტერანი აცხადებს, რომ შკყპე-ის და მისი მომსახურებების გამო მომავალში ხმოვანი კომუნიკაციები უფასო იქნება.
ფირმა IDC, რომელიც ბაზარს იკვლევს, აკეთებს პროგნოზს, რომ ამერიკაში VOIP-ის აბონენტთა რიცხვი 2005 წლისთვის 3 მლნ-ს მიაღწევს, ხოლო 2009 წელს- 27 მლნ-ს. იაპონიას უკვე ჰყავს 8 მლნ აბონენტი. სხვა კვლევითი ფირმის მონაცემებით, 2010 წლისთვის აბონენტთა რიცხვი 197 მლნ-ს მიაღწევს. მათში არ შედიან ის მომხმარებლები, რომლებიც ამ სერვისს ხელმოწერის გარეშე იყენებენ. მხოლოდ Skype-ს 54 მლნ მომხმარებელი ჰყავს.
სანამ მთელ მსოფლიოში სატელეფონო ზარი 100%-ით უფასო გახდება, VOIP-ი გვარიანად დაანგრევს სატელეფონო ინდუსტრიის ფასიან მოდელს.
მანძილისა და ზარის ხანგრძლივობის ფაქტორები სრულიად შეუსაბამოა VOIP-ისთვის. ზენსტორმის განცხადებით, ადრე თუ გვიან ხალხი უარს იტყვის სატელეფონო ნომრებზე და გამოიყენებს სახელს ზუსტად ისე, როგორც ამას იმეილის გაგზავნისას აკეთებს.
მაგალითად, ტაივანში ისეთი მობილური ოპერატორისათვის, როგორიცაა Vodafone, VOIP-ს შეუძლია სერიოზული პრობლემების შექმნა. ტაივანი ფარდობითად ირიცხავს VOIP-ის ყველაზე ბევრ მომხმარებელს. VOIPსერვისისგან ნაკლები საფრთხე ემუქრებათ ინტეგრირებულ ოპერატორებს, რომლებიც გვთავაზობენ, როგორც კაბელიან, ასევე მობილურ მომსახურებას. Deusche Telekom, იაპონიის NTT ან BT საფრანგეთის ტელეკომი და KK-PN ყოველთვის ქმნიან ახალ, ინტერნეტის ტექნოლოგიებზე დამყარებულ ქსელებს. ამ კომპანიებს თავად შეუძლიათ,VOIP მომსახურება შესთავაზონ მომხმარებელს.
ზოგიერთი ოპერატორი უფრო ართულებს სიტუაციას, რადგან ცდილობს, VOIP-ის წინსვლა შეაყოვნოს. ჩინეთის ადგილობრივი გაზეთის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთმა დაბლოკა Skype-ის მიღება შენზენიდან. გერმანიისა და ამერიკის პროვაიდერებიც იყენებენ VOIP-ის დაბლოკვის უფლებას. თებერვალში Madison River Communications – რეგიონის სატელეფონო კომპანია ჩრდილოეთ კაროლინაში 15 000 დოლარით დაჯარიმდა მარეგულირებელთა მიერ VOIP-ის მომსახურების დაბლოკვის გამო. მსოფლიოს მდიდარი ქვეყნებიც არასწორად უდგებიან საკითხს. პროვაიდერთა უმეტესობა მთლიანად იღებს VOIP მომსახურებას ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. ყველა მცდელობის მიუხედავად, ფასიან ტელეფონზე ტარიფები იცვლება. მომსახურების ფასები ნულამდე ეცემა. აშშ-ის ბევრი რეგიონის ოპერატორი მომხმარებელს სთავაზობს შეუზღუდავ ადგილობრივ და საერთაშორისო ზარებს დადგენილი თვიური გადასახადით. მსგავსი ხრიკები სხვა ქვეყნებშიც პოპულალური ხდება. რამდენიმე ოპერატორმა შემოიღო VOIP მომსახურება. მაგალითად, Verizon’s Voice Wing და BT Broadband VOICEმომხმარებელს ტრადიციულ ტელეფონზე დაბალ ფასებს სთავაზობს, მაგრამ მათი მომსახურება Skype-ის მომსახურებაზე ძვირია. იმ შემთხვევისათვის, თუ ტრადიციული გზით ზარი საბოლოოდ გაქრება, ბევრი კომპანია ქმნის ახალ, ინტერნეტზე დამყარებულ VOIP-ის მსგავს ქსელებს.
კიდევ ერთი სიახლე, რომელიც ასევე ძლიერ აღელვებთ სატელეფონო ოპერატორებს, არის IPTV მომსახურება, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია ტელევიზიის საშუალებით ახალი და ზესწრაფი ინტერნეტ-კავშირი სახლებში. ეს არის მომსახურების მთელი ნუსხა, რომელიც სატელეფონო ოპერატორებს შემოსავლის წყაროს გაუჩენს. შესაძლოა, 2010 წლისათვის ხმა თავისუფლად გამოყენებადი გახდეს ინტერნეტში და ოპერატორები იშოვიან ფულს ისეთი სერვისით, როგორიცაა IPTV.
– არის თუ არა ინტერნეტი მომავალში ტელეფონის შემცვლელი?
– რასაკვირველია, არის. თუ საქართველოში პროვაიდერები განვითარდება, რასაც, რეკლამის მიუხედავად, მაინც დიდი პრობლემები აქვს, გახდება კიდეც მობილურის და ჩვეულებრივი ტელეფონის კონკურენტი. ადამიანები, რომლებიც კომპიუტერის ხშირი მომხმარებლები არიან, ერთმანეთს სწორედ კომპიუტერის საშუალებით ეკონტაქტებიან.
მინდა გითხრათ, რომ IP-ს და SKYPE-ს მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორებიც აქტიურად იყენებენ. სწორედ ამით არის განპირობებული, რომ მათი მოგება იზრდება. იყენებენ ინტერნეტის ქსელს, რათა დაუკავშირდნენ საზღვარგარეთს, მისი ღირებულება არის მცირე, მოგება – უზარმაზარი. საერთაშორისო ზარზე 2 დოლარზე ნაკლებს არც ერთი ოპერატორი არ გახდევინებს დღეს.
საინტერესოა, რა გზით წავა ტელეკომუნიკაციების განვითარება საქართველოში. ექსპერტების აზრით, ეს ისეთი სფეროა, რომელიც პოლიტიკურ კატაკლიზმებზე არ არის დამოკიდებული. თუ იგი ლიბერალურია, პოლიტიკური ცვლილებები ტელეკომუნიკაციების პოპულარობას ზრდის. რადგან ქვეყანაში რაც მეტი პრობლემაა, მოსახლეობას მით უფრო ხშირად უჩნდება ერთმანეთთან დაკავშირების და აზრის გაზიარების სურვილი. ინფორმაციის ხშირი გადაცემა კი სფეროს განვითარების საფუძველს იძლევა.
– კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ბაზარი საქართველოში ძალიან ლიბერალურია. ამ მიმართულებით ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია ნამდვილად მადლობის ღირსია. მისი დამსახურებაა, რომ ბაზარი შეზღუდული არ არის, რაც ტელეკომუნიკაციების კიდევ მეტად განვითარდებას გამოიწვევს. პრობლემა სხვა რამეშია:
პირველი ფუნდამენტური პრობლემა ბაზრის სიმცირეა, რაც ინვესტორების ნაკლებ დაინტერესებას განაპირობებს. არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემაა არაპროფესიონალიზმი. ტელეკომუნიკაციას გარდა მენეჯერობისა, ელემენტარულად, ტექნოლოგიური პროცესების ცოდნა სჭირდება. კომპანია ტექნიკის განვითარებას უნდა უწყობდეს ფეხს. ამ ბიზნესით დაკავებული ადამიანები ერთგვარ კასტას ქმნიან და ამ წრის იქით ეს ბიზნესი არ გადის. არ გადის იმ მიზეზით, რომ ამ საქმის ფუნდამენტურად, ძირეულად თუ დილეტანტის დონეზე მცოდნენიც კი ძალიან ცოტანი არიან. თუკი ამ სფეროში რაიმე ვითარდება, ავითარებენ ერთი და იგივე ადამიანები.
კომპანიებმა იციან, რომ ამ პატარა ბაზარზე გარედან არც ერთი ინვესტორი არ შემოვა და დიდ კაპიტალდაბანდებას არ მოახდენს. ამიტომაც ისინი ნელ-ნელა ვითარდებიან, მაგრამ განვითარება გარდაუვალია.
– თუ შეიძლება, ახალ ტელევიზიაზე გვესაუბრეთ, რომელსაც თქვენ ხსნით. როგორ იმოქმედებს ეს ბაზარზე?
– ტელევიზიას ჰქვია “გლობალTV””, კომპანიას კი Global contact consulting. ეს იქნება საქართველოში პირველი ციფრული ტელევიზია; პოსტსაბჭოთა სივრცეში ანალოგი არის რუსეთში HTV და ბალტიისპირეთში – ALMATV . თუმცა ჩვენ მათგან განვსხვავდებით. HTV “გაზპრომს” ეკუთვნის და მას საკუთარი, კომპანიის თანამგზავრი ემსახურება. რუსეთი დიდია ტერიტორიულად და ამიტომ მას აქვს თანამგზავრი, რომელზეც უშვებს სიგნალს, თანამგზავრი კი მას რუსეთის მთელ ტერიტორიაზე ასხივებს. ჩვენი პრინციპი იგივეა, თანამგზავრზე დაყენებულია ტრანსპორტერი. თითო ტრანსპორტერი 36 მეგაბიტს შეიცავს. დინამიკურ ტელევიზიას 8 მეგაბიტი სჭირდება, რომ მოქმედება შეუნელებლად აჩვენოს. ტელევიზია 4 მეგაბიტშიც აჩვენებს, მხოლოდ უფრო სტატიკურ გადაცემებს. ერთი ტრანსპორტერი იტევს 36 მეგაბიტს, “იმედი” იხდის წელიწადში დაახლოებით 200 000 დოლარს, იმისთვის, რომ თანამგზავრით ვრცელდება მთელ საქართველოში, გარდა იმისა, რომ თავისი სარელეო ხაზი აქვს, რათა მისი აბონენტი არ იყოს დამოკიდებული რესივერსა და ანძაზე.
ჩემი ტელევიზიის პრინციპიც იგივეა. თანამგზავრი რომ ამეღო (70 არხი მაქვს), ერთი ტრანსპორტერით 5 არხის ჩვენება შემეძლო. 8 მეგაბიტში “იმედი” იხდის 200 000 დოლარს. ამიტომ ჩვენ სხვა გზა ავირჩიეთ – არის შვედური კომპანია “სირიუსი”, რომელსაც ბევრი თანამგზავრი აქვს. თანამგზავრს აქვს თავის ვადა, ანუ ვადა გასდის იმ მზის ელემენტებს, რომლითაც იგი იმართება, შვედები კი რუსებისგან და ამერიკელებისგან განსხვავებით, ცაში არ ტოვებენ და ისინი მიწაზე ჩამოაქვთ. ამ ჩამოტანილი თანამგზავრებიდან მე შევიძინე ტრანსპორტერები და მათი საშუალებით 90კმ-ის დიამეტრით ვასხივებ სიგნალს. გვაქვს 18 ანძა, რომლებზეც ჩვენი ტრანსპორტერები დავაყენეთ.
მე მაქვს მე-5 სიხშირე. მომავალი წლიდან პარლამენტი მიიღებს კანონს და სიხშირეები აღარ გაიცემა, ისინი გაიყიდება. მაქვს ჰაერში გაჭიმული ოპტიკურბოჭკოვანი კაბელი კახეთიდან ბათუმამდე, რასაც სატელევიზიო სიგნალის გადასაცემად ვიყენებ. ეს იქნება ახალი, ციფრული საკაბელო ტელევიზია, რომელსაც ასევე აქვს შესაძლებლობა, შექმნას საკუთარი არხები. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ქვეყანა ტექნოლოგიის თვალსაზრისით ძალიან ჩამორჩება, არ მინდა ერთიანად მივაყარო მომხმარებელს ყველაფერი, რისი მიწოდებაც შემიძლია. ამიტომ ჯერ მივაწვდი ტელევიზიას, შემდეგ დავამატებ საკუთარ პროდუქტს, მაგალითად, გლობალ ფეხბურთს. ამისთვის ლიცენზია ოფიციალურად შევიძინე. სხვა ტელეკომპანიები ყიდულობენ ფეხბურთს ღია ეთერისთვის, რაც ძალიან ძვირია. მე ვყიდულობ დახურული საკაბელო არხისთვის, სადაც ღია ეთერთან შედარებით აბონენტთა რაოდენობა შეზღუდულია. მე ასევე შემიძლია ინტერნეტის მიწოდება საქართველოს ნებისმიერ კუთხეში. ჩემს სატელევიზიო სიგნალს მოჰყვება ინტერნეტ სიგნალიც.
– ანუ ეს ხაზი შეიძლება ტელეფონადაც გამოიყენო და პროვაიდერიც იყო?
– რასაკვირველია. მე მაქვს შესაძლებლობა, მომავალში შევქმნა WIMAX დაWI-FI ბადე საქართველოზე. შეიძენ ბარათს და ნებისმიერი ადგილიდან შეხვალ ინტერნეტში. შემდეგ მობილურ კავშირზეც გადავალ, ეს იქნება იგივე შკყპე, ოღონდ მობილური. თუ მე მთელ ქვეყანას დავფარავ ამ ბადით, კომპიუტერს ჩავანაცვლებ მობილურით, ტელეფონი ინტერნეტში ავტომატურად იქნება ჩართული და ძალიან იაფიც ეღირება. ძვირი იქნება “მაგთიზე შესვლა, რადგან ის თავის ფასს მოითხოვს, მაგრამ IP-დან IP-ზე დაკავშირება იქნება უფასო. აბონენტი თვეში ფიქსირებულ გადასახადს გადაიხდის.
გარდა ამისა, შემიძლია, ნებისმიერი ორგანიზაციისა და კომპანიისთვის ინფორმაციის გადამცემი ვიყო, შევქმნა დახურული სისტემები. ასეთი შეკვეთა მაქვს “თელასისგან” – მას საშუალებას მივცემ, თავისი 42 ქვესადგურიდან მიიღოს ინფორმაცია ჩემი ანძების მეშვეობით, რაც იმას ნიშნავს, რომ განერალური დირექტორი კაბინეტიდან ონლაინ რეჟიმში უყურებს, რა ხდება მის ქვესადგურებში. შემიძლია, ერთმანეთში ჩავრთო ნებისმიერი ბანკი. ეს ყველაფერი მხოლოდ ერთი პროექტისთვის რომ დაწყებულიყო, ძალიან ძვირი იქნებოდა. მხოლოდ ტელევიზიის თვალსაზრისით, ჩემთვის ანძის დადგმა, ვთქვათ, ხევსურეთში არ იქნებოდა მომგებიანი, მაგრამ როცა იქ ვიღაცას აქვს ბანკი, ან საზღვარი დასაცავი, ერთიანობაში უკვე იაფი მიჯდება. ყველაფერთან ერთად, მე არ ვიქნები დამოკიდებული რეკლამაზე, რადგან ჩემი აბონენტი მყავს, რომლებიც ფულს მიხდიან. გადასახადი იქნება 7-დან 30 ლარამდე. ახალი ტელევიზიის ამოქმედებას 2006 წლისთვის ვაპირებთ.