საქართველოს დოსიე ინვესტორებისათვის

რედაქციისაგან

28 ნოემბერს ქორთიარდ მარიოტში შედგა “საქართველოს საინვესტიციო მეგზურის” პრეზენტაცია – www.investment-guide.ge. ეს არის ინგლისურენოვანი საიტი ინვესტორთათვის. საქართველოში არსებული ამერიკის სავაჭრო პალატის საინვესტიციო და საგადასახადო კომიტეტის თავმჯდომარის, გია ბაზღაძის აზრით: “საინვესტიციო მეგზური” საუკეთესო გზაა, რეკლამირება გავუწიოთ ჩვენს საინვესტიციო წინადადებებს. მას ანალოგი არა აქვს საქართველოში. მისი მარტივი და ძალზე იოლად განახლებადი ინფორმაცია იმის გარანტიაა, რომ პროექტი არ გარდაიცვლება. ეს არის პროექტის დასაწყისი და მისი მომავალი დამოკიდებულია ჩვენზე”.
პრეზენტაციას ესწრებოდა ამერიკის ელჩი საქართველოში ჟონ ფ. ტეფტი. იგი მოხარულია, რომ ამერიკის საელჩომ ხელი შეუწყო პროექტის შემქმნელებს ამ წამოწყებაში და მზად არის, მხარი დაუჭიროს ყველას, ვინც დაინტერესებულია ჩვენი ქვეყნით. მან აგრეთვე აღნიშნა რომ “საქართველოს საინვესტიციო მეგზურის” არსებობა კარგ სამსახურს გაუწევს როგორც ამერიკელ ინვესტორებს, ასევე სხვა ქვეყნების წარმომადგენლებსაც. პროგრამის ერთ-ერთმა თანაავტორმა, კომპანია UGT-ის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ ხაზი გაუსვა, რომ ეს ვებ-გვერდი არის საქართველოს ფანჯარა მსოფლიოს ეკონომიკაში, იგი დააკავშირებს ადგილობრივ მეწარმეებსა და უცხოელ ინვესტორებს, რომლებსაც დაუყოვნებლივ შეეძლებათ საჭირო ინფორმაციის მიღება. როგორც ინტერნეტ ტექნოლოგიების გამოცდილი სპეციალისტი, იგი ამბობს, რომ ამგვარი პროექტები მომგებიანი არ არის, თუმცა დიდი შედეგის მოტანა შეუძლია. ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, პროგრამის სპონსორმა და ორგანიზატორმა, ბატონმა ფადი ასლიმ პირად საუბარში განაცხადა, რომ საიტი ქართულ და რუსულ ენებზეც იქმნება, რაც კიდევ უფრო გააფართოებს მის მომხმარებელთა სიას.
დროული და ზუსტი ინფორმაცია უმთავრესია საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღების დროს. ეს ინტერნეტ მეგზური გახდება რესურსი ინვესტორებისათვის, რომლებსაც სურთ ქვეყანაში ბიზნესის წამოწყება. იგი სრულ ინფორმაციას მიაწოდებს პოტენციურ ინვესტორებს საქართველოს ეკონომიკაზე, საკანონმდებლო ბაზაზე, ბაზრის მოცულობასა და კონკრეტულ ბიზნეს სფეროებში არსებულ პრობლემებზე. ასევე დაეხმარება უცხოელებს საქმიანი პარტნიორის უშუალო მოძებნაში, ხოლო ადგილობრივ ბიზნესს მისცემს თავისი პროდუქციის პრომოუშენის საშუალებას.
მეგზურის წამყვანი ლოზუნგია “რაღაც ყველაფრის შესახებ და ყველაფერი რაღაცის შესახებ”. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამერიკის სავაჭრო პალატა იმედოვნებს, რომ უზრუნველყოფს ვირტუალურ ენციკლოპედიას რაღაცით ყველაფრის შესახებ და მსურველი მოხვდება სწორედ იქ, სადაც მოიძიებს ყველაფერს რაღაცის შესახებ.