სამუშაო ძალის ბაზრის რეგულირების პრობლემები და მოსახლეობის დასაქმების სრულყოფის ძირითადი მიმართულებები

თამილა არნანია-კეპულაძე, ეკ. მეცნ. კანდიდატი
მსოფლიოს გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სამუშაო ძალის ბაზარი წარმოადგენს ეკონომიკის ყველაზე რეგულირებად ელემენტს, ხოლო ეკონომიკური კრიზისისა და ეკონომიკის ტრანსფორმაციის დროს სახელმწიფოს როლო სამუშაო ძალის ბაზარზე კიდევ უფრო იზრდება. ასეთ პირობებში დასაქმების სფეროს ლიბერალიზაციაზე ორიენტირება, სამუშაო ძალის ბაზრის თვითრეგულირების მექანიზმზე დაყრდნობა არ არის გამართლებული.
სამუშაო ძალის ბაზარზე სახელმწიფოს პოლიტიკის განხორციელება სახელმწიფოსგან მოითხოვს მეცნიერულად დამუშავებული და დასაბუთებული პოლიტიკის გატარებას, რომელშიც გათვალისწინებული იქნება:
– ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა;
– სამუშაო ძალის, როგორც საქონლის, თავისებურებები და მისი გასხვისების სპეციფიკა;
– მოსახლეობის დასაქმების დონის ზრდა დასაქმების ახალი კონცეფციის საფუძველზე.
სამუშაო ძალის ბაზრის რეგულირების სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისას პირველ რიგში უნდა განისაზღვროს ამ პოლიტიკის მიზნები, ამოცანები და გზები, რომელთა მეშვეობით შესაძლებელი გახდება დასახული მიზნების მიღწევა. სამუშაო ძალის ბაზარზე სახელმწიფოს პოლიტიკის ძირითად მიზანს, ჩვენი აზრით, წარმოადგენს უმუშევრობის შემცირება, ერთი მხრივ, და, მეორე მხრივ – დასაქმების სრულყოფა. ამისათვის სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ისეთი ამოცანების შესრულებაზე, როგორიცაა: ა). სამუშაო ძალის მიწოდების რეგულირება; ბ). სამუშაო ძალაზე მოთხოვნის ზრდის სტიმულირება და გ). სამუშაო ძალაზე არსებულ მოთხოვნა-მიწოდების შორის თანაფარდობის სრულყოფა. თითოეული ამ ამოცანის შესრულება შესაძლებელია გარკვეული ღონისძიებების განხორციელების მეშვეობით (სქემა 1.).
საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლასთან დაკავშირებით ჩვენ გვიწევს ქვეყნისათვის ოპტიმალური დასაქმების პოლიტიკის მოდელის შერჩევა და შექმნა. საქართველოს დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია დასაქმების პოლიტიკის ისეთი მოდელის შერჩევა, რომელიც უზრუნველყოფს დასაქმებული მოსახლეობის ცხოვრების დონის ზრდას სამუშაო ძალის ხარისხის ამაღლების, შრომის ნაყოფიერების და, აქედან გამომდინარე, ხელფასის ზრდის საფუძველზე და უმუშევართა რაოდენობის შემცირებას მათთვის შემწეობის ზრდის პარალელურად. ანუ დასაქმების პოლიტიკა უნდა იყოს მიმართული სამუშაო ძალის ბაზრის თვით ხასიათის შეცვლაზე, რაც ნიშნავს გადასვლას დაბალი მწარმოებლურობის მქონე სამუშაო ძალის ჭარბი მიწოდებიდან უმუშევრობის დაბალ დონესა და მაღალმწარმოებლურ დასაქმებაზე. დასაქმების პოლიტიკის ასეთი მოდელი აუცილებლად უნდა ეფუძნებოდეს ჩვენი ქვეყნის დღევანდელ სოციალურ, ეკონომიკურ, დემოგრაფიულ სპეციფიკურობას, კულტურისა და ტრადიციების თავისებურებებს.
სამუშაო ძალის ბაზარზე არსებული მძიმე მდგომარეობის დაძლევისაკენ მიმართული სახელმწიფოს პოლიტიკის დამუშავების დროს აუცილებელია მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გათვალისწინება, მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს დღეს სამუშაო ძალის ბაზარზე შექმნილი მძიმე ვითარების მიზეზები და მათ მიერ გამოწვეული ნეგატიური შედეგები. ეს, ერთი მხრივ, დაგვეხმარება აქტიური ქმედებები მივმართოთ მიზეზების აღმოფხვრაზე და, მეორე მხრივ, მათ მიერ გამოწვეული შედეგების შერბილებაზე.
საქართველოს სამუშაო ძალის ბაზარზე შექმნილი სიტუაცია მნიშვნელოვნად არის განპირობებული წარმოების მოცულობის დაცემით, გაჭიანურებული ეკონომიკური კრიზისით, არასტაბილური საფინანსო-საკრედიტო სისტემით და ა.შ., რამაც გამოიწვია უმუშევრობის მასშტაბების გაფართოება და მისი ხანგრძლივობის ზრდა, შრომითი შემოსავლების შემცირება და მოსახლეობის ცხოვრების დონის დაცემა, სამუშაო ძალის სტრუქტურის რეგრესული ცვლილებები და ა.შ.
სამუშაო ძალის ბაზრის ჩამოყალიბების ეტაპზე მისი ძირითადი შემადგენელი ელემენტების და, აგრეთვე, თვითრეგულირებისა და თვითორგანიზაციის მექანიზმის განუვითარებლობის გამო სახელმწიფოს როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ ეტაპზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ეკონომიკის კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლაზე, მოსახლეობის ცხოვრების დონის დაცემის პროცესის შეჩერებაზე, ხელი უნდა შეუწყოს წარმოების მოცულობისა და მეპ-ის ზრდას, ჩამოაყალიბოს სამუშაო ძალის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების, დასაქმებისა და უმუშევრობის რაციონალური პროპორციები.
დასაქმების სფეროზე სახელმწიფოს მხრიდან ზემოქმედების ინტენსივობიდან გამომდინარე, განასხვავებენ დასაქმების პასიურ და აქტიურ პოლიტიკას.
დღევანდელი საქართველოს ეკონომიკის დეპრესიული მდგომარეობიდან გამომდინარე, მხოლოდ პასიური მოლოდინის ტაქტიკა, ჩვენი აზრით, არ შეიძლება გამართლებილი იყოს; ის ხელს შეუწყობს მდგომარეობის შერბილებას. პასიურ პოლიტიკასთან ერთად განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს დასაქმების აქტიურ პოლიტიკას, რაც ნიშნავს სამუშაო ძალის ბაზარზე სახელმწიფოს მხრიდან აქტიური ქმედებების განხორციელებას.
ყველა ამ ვითარების გათვალისწინებით შეგვიძლია დავსახოთ ჩვენი ქვეყნის დასაქმების აქტიური პოლიტიკის ისეთი ძირითადი მიმართულებები, როგორიცაა:
– ერთობლივი მოთხოვნის ზრდაზე მიმართული სახელმწიფოს მაკროეკონომიკური პოლიტიკის გატარება;
– სახელმწიფოს მხრიდან ორგანიზაციული, საკანონმდებლო და ფინანსური ზომების მიღება, რაც მიმართული იქნება განათლების სისტემის განვითარებასა და კადრების გადამზადების სრულყოფაზე;
– ვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნის პროგრამაზე ორიენტირებული კადრების მომზადებისა და გადამზადების სისტემის ჩამოყალიბება;
– განათლების სისტემის ორიენტირება დამსაქმებელთა მოთხოვნებსა და ბაზარზე სამუშაო ძალაზე მოთხოვნა-მიწოდების თანაფარდობის ცვლილებებზე;
– შრომით მოწყობაზე ორიენტირებულ უმუშევართა და დაუსაქმებელთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების უზრუნველყოფა;
– ხანგრძლივ უმუშევართა გადამზადებისა და ფსიქოლოგიური ადაპტაციის ცენტრების შექმნა;
– გადამზადების პრევენციული სისტემის შექმნა იმ პირთათვის, ვისაც სამუშაოდან გამოთავისუფლება ელოდება;
– კადრების დარგთაშორისი და რეგიონთაშორისი მობილურობის რეგულირება და ხელშეწყობა;
– საზოგადოებრივი სამუშაოების ორგანიზება;
– სამუშაო ძალის მიწოდების რეგულირებაზე მიმართული ღონისძიებების განხორციელება;
– თვითდასაქმების ხელშეწყობა, მცირე და საშუალო ბიზნესისა და მეწარმეობის სტიმულირება.
ცნობილია, რომ სამუშაო ძალის ბაზრის რეგულირებას სახელმწიფო ახორციელებს სამი მიმართულებით: სოციალური პოლიტიკის, დასაქმების პოლიტიკისა და მაკროეკონომიკური პოლიტიკის მეშვეობით.
სოციალური პოლიტიკის გატარება გულისხმობს ეფექტური სოციალური უზრუნველყოფის სისტემის ჩამოყალიბებას. ეს, პირველ რიგში, ეხება უმუშევართა დახმარების განხორციელებას მათი ცხოვრების დონის ამაღლების მიზნით. გარდა ამისა, საპენსიო უზრუნლყოფის რეგულირებას. საქართველოს დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, სოციალური პოლიტიკის გატარება უნდა მოიცავდეს უმუშევრების, პენსიონერების, ინვალიდებისა და სხვა სოციალურად დაუცველი პირებისათვის დახმარებების დროულად გაცემას და მათი ოდენობის ზრდას ჯერ მინიმალური ხელფასის, ხოლო ქვეყნის ეკონომიკის განვითარების კვალობაზე – საარსებო მინიმუმის დონემდე და ზემოთ.
უნდა მოხდეს საპენსიო უზრუნველყოფის სისტემის მნიშვნელოვანი ცვლილებები, რათა გათვალისწინებული იქნეს პენსიაზე გასულთა და გამსვლელთა მუშაობის სტაჟი და ხელფასის მოცულობა. ასეთი ღონისძიებების განხორციელებას, ჩვენი აზრით, დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან:
– ხელს შეუწყობს მომუშავეთა სურვილს, აღიარონ თავიანთი დასაქმება და შემოსავალი;
– შეამცირებს აღურიცხავი ეკონომიკის სფეროში მომუშავეთა რაოდენობას;
– გამჭირვალეს გახდის ეკონომიკის ყველა სფეროში მომუშავეთა შემოსავლებს გადასახადებისათვის.
დასაქმების სფეროში განხორციელებული პოლიტიკა მიმართულია ახალი სამუშაო ადგილების, კადრების გადამზადების სისტემისა და შრომითი მოწყობის ცენტრების შექმნაზე.
სამუშაო ძალის ბაზარზე არსებული მძიმე მდგომარეობის გაუმჯობესება, როგორც აღინიშნა, უშუალოდ არის დამოკიდებული მის გამომწვევ მიზეზებთან ბრძოლაზე და, მაშასადამე, იმაზე, თუ რამდენად წარმატებულად განხორციელდება ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობის პროცესი. ამიტომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე მიმართული მაკროეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სამუშაო ძალის ბაზარზე შექმნილი პრობლემების გადასაჭრელად.
საქართველოს დღევანდელი ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობა და, მაშასადამე, სამუშაო ძალის ბაზარზე არსებული პრობლემების გადაჭრა, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული აქტიური საინვესტიციო პოლიტიკის განხორციელებაზე, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. მაგრამ ინვესტიციების მოზიდვისათვის აუცილებელია მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, რაც დამოკიდებულია:
– ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილურობაზე;
– დადებული ხელშეკრულებების პირობების შესრულების გარანტირებულობაზე;
– სხვადასხვა სახის შეღავათების დაწესებაზე და ა.შ.
ასეთი გარემოს შექმნა გამოაცოცხლებს საინვესტიციო სურვილებს. გარდა ამისა, ინვესტიციების მოზიდვისათვის (და საერთოდ, ქვეყანაში საქმიანი გარემოს შექმნისათვის) დიდი მნიშვნელობა აქვს ისეთი სასიცოცხლო მნიშვნელობის მომსახურებით უზრუნველყოფას, როგორიცაა ელექტროენერგიით მომარაგება, გზების მდგომარეობის გაუმჯობესება და ა.შ.
ინვესტორთა სახით პირველ რიგში გვევლინება საქართველოს მოსახლეობა, შრომითი კოლექტივები, ბანკები. კერძო პირი განახორციელებს საკუთარი სახსრების ინვესტირებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სავსებით იქნება დარწმუნებული იმ ორგანიზაციის საიმედოობაში, ვისაც ანდობს თავის ფულს. დღეისათვის საზოგადოებას არა აქვს სახელმწიფოს ნდობა, ხოლო კერძო სტრუქტურებს მოსახლეობა შესაძლებელია ენდოს მხოლოდ სოციალური პოლიტიკის სადაზღვეო პრინციპების გატარების საფუძველზე ანუ განახორციელებს სოციალურ ინვესტიციებს (რომელიც წარმოადგენს ეკონომიკის ერთ-ერთ უმთავრეს ელემენტს), როცა ადამიანს ექნება იმის გარანტია, რომ გარკვეული დროის განმავლობაში ის მიიღებს საჭირო სამედიცინო მომსახურებას, ან ბინას, ან შეძლებს, მისცეს შვილებს კარგი განათლება და ა.შ. ხოლო რაც შეეხება განსაკუთრებით მსხვილ ინვესტიციებს, მათ დაბანდებას განახორციელებენ უცხოური კომპანიები, რომლებიც, როგორც ამას მრავალი ქვეყნის გამოცდილება გვიჩვენებს, წარმოადგენენ ადგილობრივი ეკონომიკის აღმავლობის მნიშვნელოვან ფაქტორს. მაგრამ, ჩვენი აზრით, ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული სიფრთხილე გვმართებს. უცხოური ინვესტიციების მოზიდვა უნდა განხორციელდეს გარკვეული შეზღუდვებით: სასურველია, განხორციელდეს არა პირდაპირი ინვესტიციები ანუ ინვესტიციები სამრეწველო კაპიტალის სახით, არამედ მოხდეს კაპიტალის მოზიდვა სესხების სახით. ამასთან, სასესხო კაპიტალის მოზიდვას უნდა ახლდეს გრძელვადიანი სასესხო განაკვეთის შემცირებაზე მიმართული ღონისძიებების კომპლექსი.
დასაქმების მაკროეკონომიკური პოლიტიკა გულისხმობს უმუშევრობის შემცირებისა და დასაქმების ზრდის მიზნით ფულად-საკრედიტო, საბიუჯეტო და საგადასახადო ღონისძიებების გატარებას. სპეციალური საკრედიტო-საგადასახადო პოლიტიკის დამუშავება ხელს შეუწყობს დასაქმების ზრდის სტიმულირებას. ასეთი პოლიტიკა უნდა ითვალისწინებდეს გარკვეული შეღავათების დაწესებას დასაქმების დონის გაფართოებისათვის, მაგრამ ამავე დროს უნდა ახორციელებდეს კონტროლს იმაზე, თუ რის ხარჯზე მიმდინარეობს დასაქმების დონის გაფართოება.
ახალი სამუშო ადგილების შექმნა შეუძლებელია დასაქმების სამსახურების ეფექტური მუშაობის გარეშე. ასეთი საქმიანობა მოიცავს სამსახურის მაძიებლებისათვის ვაკანტური სამუშაო ადგილების შერჩევას, ეკონომიკისათვის საჭირო კადრების მომზადებისა და გადამზადების დაფინანსებას და ა.შ.
დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში უნდა შემუშავდეს ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და შენარჩუნების პროგრამა. იგი უნდა განხორციელდეს ორი მიმართულებით:
ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და შენარჩუნება უშუალოდ სახელმწიფოს მიერ;
კერძო კომპანიებსა და ფირმებში ახალი სამუშაო ადგილების შექმნის სტიმულირება საგადასახადო, ფულად-საკრედიტო და საბიუჯეტო პოლიტიკის მეშვეობით.
დასაქმების სახელმწიფო პროგრამა უნდა ატარებდეს კომპლექსურ ხასიათს, კერძოდ, დასაქმების დონის ამაღლებასთან ერთად, მასში უნდა იყოს გათვალისწინებული დასაქმების ეფექტიანობა, დასაქმების პირობები, სტრუქტურა, ხასიათი და ა.შ., ანუ ყოველივე ის, რაც დასაქმების თანამედროვე კონცეფციით არის გათვალისწინებული. ეს პროგრამა აუცილებლად უნდა შეიქმნას ამა თუ იმ დარგისა და რაიონისათვის მისი მიზანშეწონილობის კრიტერიუმიდან გამომდინარე, რეგიონისა და დარგის განვითარების პერსპექტივებისა და მოცემულ დარგში წარმოებულ პროდუქტზე ბაზარზე არსებული მოთხოვნის მოცულობის გათვალისწინებით.
ახალი სამუშაო ადგილების შექმნა უნდა მიმდინარეობდეს სხვადასხვა მიმართულებებით და ეფუძნებოდეს საკუთრების ფორმების მრავალფეროვნებას.
ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ერთ-ერთ შესაძლებლობას წარმოადგენს საკუთარი საქმის ორგანიზება ანუ თვითდასაქმება. საქართველოს დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, დასაქმების ეს ფორმა ყველაზე მისაღებია, მაგრამ საჭიროებს მხარდაჭერას სახელმწიფოს მხრიდან, რაც უნდა გამოიხატოს, პირველ რიგში, ფინანსურ მხარდაჭერაში და შეიძლება განხორციელდეს ორნაირად: ან ერთჯერადი დაფინანსების მეშვეობით (თვითდასაქმების ე.წ. ფრანგული მოდელი, რომელმაც გავრცელება ჰპოვა საფრანგეთში, შვედეთში, ესპანეთში და სხვ.), ან პერმანენტული დაფინანსების საფუძველზე სანამ ახალდაწყებული საქმიანობა გადის ჩამოყალიბების ეტაპს (თვითდასაქმების ინგლისური მოდელი, რომელიც გარდა ინგლისისა, გავრცელებულია გერმანიაში, კანადაში, ავსტრიაში, იტალიაში, ნიდერლანდებში). საქართველოს დღევანდელი პირობებიდან გამომდინარე, ინდივიდუალურ მეწარმეთა ინიციატივის გააქტიურებისათვის მიზანშეწონილად მიგვაჩნია ერთჯერადი დაფინანსების მეთოდის გამოყენება. მაგრამ მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერის განხორციელება საკმარისი არ არის და მას აუცილებლად უნდა დაემატოს განვითარებული კონსალდინგური მომსახურების გაწევა, რაც თვითდასაქმების პროგრამას უფრო იაფს, ქმედითს და შედეგიანს გახდის.
ახალი სამუშაო ადგილების შექმნის საქმეში დიდი მნიშვნელობა ენიჭება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. როგორც ამას გვიჩვენებს განვითარებული ქვეყნების მაგალითი, სწორედ ამ ზომის საწარმოებში არის დასაქმებული მოსახლეობის უდიდესი ნაწილი.
მცირე და საშუალო ზომის საწარმოთა განვითარების პოლიტიკისა და ეკონომიკური სტრატეგიის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იყოს მათი ფუნქციობის სპეციფიკურობა, კერძოდ: წარმოების მცირე ზომები, საწარმოთა დიდი რაოდენობა, საკუთარი ფინანსების უკმარისობა და მათი გამოყენების შეზღუდულობა, საგარანტიო რესურსების ნაკლებობა და, როგორც შედეგი, საბანკო კრედიტების მიღების მცირე შესაძლებლობა და ა.შ. მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის აუცილებელია მათი ინფრასტრუქტურის განვითარება ანუ საკრედიტო-ფინანსური, ინფორმაციული, სერვისის, კონსალდინგისა და სხვა სამსახურების შექმნა, რომლებში მომუშავე სხვადასხვა სახის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები ხელს შეუწყობენ მცირე და საშუალო ბიზნესის საქმიანობას.
ჩვენს ქვეყანაში მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარება, ჩვენი აზრით, პირველ რიგში უნდა გულისხმობდეს ამ საწარმოთა ფინანსურ და საკონსულტაციო მხარდაჭერას, შეღავათიანი საკრედიტო პოლიტიკის გატარებას.
ეკონომიკის ტრანსფორმაციის პროცესში დასაქმება შემცირდა ჩვენთვის ისეთ ტრადიციულ დარგებში, როგორიცაა კვების პროდუქტებისა და სასმელების, ტანსაცმლის წარმოება (მათზე მოთხოვნა ძირითადად კმაყოფილდება იმპორტის ხარჯზე), ხე-ტყის დამუშავება (ახლა ხორციელდება მხოლოდ ნედლეულის ექსპორტი), საფეიქრო ნაწარმის, რეზინისა და პლასტმასის წარმოება და ა.შ. ვფიქრობთ, რომ მიზანშეწონილი იქნება ამ დარგების აღდგენა და მათი შემდგომი განვითარება.
სამუშაო ძალის ბაზარზე არსებული მძიმე სიტუაციის განმუხტვის, უმუშევრობის დაძლევისა და დასაქმების მოცულობის ზრდის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს აგრეთვე უმუშევართა დროებითი დასაქმებისათვის სამუშაოების ორგანიზება.
სახელმწიფოს ზემოქმედება სამუშაო ძალის ბაზარზე უნდა შეეხოს მის თითოეულ სისტემაშემქმნელ ელემენტს (ფორმირებად სამუშაო ძალის ბაზარს, სამუშაო ძალის ბაზარს ვიწრო გაგებით და ფუნქციობად სამუშაო ძალის ბაზარს)&ლოწასტ; და, აქედან გამომდინარე, სამუშაო ძალის ბაზრის კვლავწარმოების ყველა ფაზას. ამასთან, სახელმწიფოს პოლიტიკა სამუშაო ძალის ბაზრის თითოეულ ქვესისტემაში უნდა ატარებდეს სპეციფიკურ და განსაზღვრულ ხასიათს, მას უნდა ჰქონდეს საკუთარი მიმართულება და მიზნები (სქემა 2.). სახელმწიფოს ფუნქციობის თავისებურება სამუშაო ძალის ბაზრის თითოეულ ქვესისტემაში და სამუშაო ძალის ბაზრის განვითარების კონკრეტულ ეტაპზე ისე უნდა ხორციელდებოდეს, როგორც მოცემულ სქემაზე არის ნაჩვენები, ქვეყნის ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის ფარგლებში და განისაზღვროს, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის ეკონომიკური სტრატეგიის ამოცანებით, ეკონომიკის და შრომითი რესურსების მდგომარეობით, ეკონომიკური ციკლის ფაზით და ყოველივე ამის გათვალისწინებით.
გარდა ამისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური გლობალიზაციის პროცესი, რაც გამოიხატება სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკების ურთიერთდამოკიდებულების გაძლიერებით, ართულებს და ზღუდავს სახელმწიფოს ზეგავლენის შესაძლებლობებს ეროვნული მეურნეობის მაკროეკონომიკურ პროცესებზე.
სახელმწიფოს ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა პირველ რიგში ეხება დასაქმების სახელმწიფო რეგულირებას. გლობალიზაციის პროცესი უფრო ამჟღავნებს ქვეყნებს შორის არსებულ დიფერენციაციას შრომის ნაყოფიერებაში, ანაზღაურებასა და შრომის პირობებში, რაც, ერთი მხრივ, ზრდის შრომითი მიგრაციის სურვილს და, მეორე მხრივ, ზღუდავს ამ პროცესს. ყოველივე ეს ობიექტურად იწვევს შრომითი პროტექციონისტული პოლიტიკის გატარების აუცილებლობას, რაც უნდა განხორციელდეს ორი მიმართულებით:
– პირდაპირი პროტექციონისტული ზემოქმედებით, როცა იზღუდება შრომითი იმიგრანტების ან ემიგრანტების ნაკადები;
– არაპირდაპირი პროტექციონისტული ზემოქმედებით, როცა ფართოვდება ეროვნული სასაქონლო წარმოება და იქმნება ახალი სამუშაო ადგილები.
საქართველოს დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, სახელმწიფომ არ უნდა შეზღუდოს შრომითი მიგრაციის მოცულობა, ვინაიდან მიგრაციის ასეთი ფორმა მოსახლეობის დაბალი შემოსავლებისა და მასობრივი უმუშევრობის პირობებში ბევრ ოჯახს გადარჩენის ერთგვარ შანსს აძლევს და ამასთან ერთად ზრდის მოსახლეობის ერთობლივ მოთხოვნას, მათ მსყიდველუნარიანობას. მაგრამ ყოვლად დაუშვებელია ამ პროცესის სტიქიური განვითარება და საჭიროებს ყურადღებას და კონტროლს სახელმწიფოს მხრიდან. ამასთან, სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ადგილობრივი წარმოების აღორძინებას და განვითარებას, ადგილობრივი წარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მის რესტრუქტურიზაციას. სახელმწიფომ უნდა შეიმუშავოს დროებითი ღონისძიებების პროგრამა შიგა სასაქონლო ბაზრის დასაცავად, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის და, შესაბამისად, ეროვნული სამუშაო ძალის ბაზრის განვითარებასა და მის ადაპტირებას მსოფლიოში შექმნილ ტენდენციებთან. იმის გამო, რომ ნედლეულის დიდი ნაწილი უცხოეთიდან შემოდის, საჭიროა მასზე საბაჟო გადასახადის შემცირება, ხოლო ზოგ შემთხვევაში მოხსნაც კი.
დღეს საქართველოს სამუშაო ძალის ბაზარზე არსებული პრობლემები გამოწვეულია იგივე მიზეზებით, რამაც განაპირობა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისი. ამის გამო დასაქმების პოლიტიკა აუცილებლად უნდა ხორციელდებოდეს ერთიანი ეკონომიკური პოლიტიკის ფარგლებში, სადაც დასაქმება წარმოადგენს სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტს. დასაქმებისა და უმუშევრობის პრობლემების დაძლევა შესაძლებელია მხოლოდ სამუშაო ძალის ბაზრის რეგულირების პოლიტიკის გატარების საფუძველზე მაკრო და მიკრო დონეებზე.