თემის სამეწარმეო მობილიზაცია – საზოგადოების სწრაფი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საფუძვლები

დავით მამუკელაშვილი

ქვეყანაში ბოლო წლებში შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა მნიშვნელოვანწილად გამოწვეულია იმით, რომ მიზანმიმართული ეკონომიური და სოციალური რეფორმები არ განხორციელებულა. რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, მიმდინარე პერიოდის ღრმა კრიზისული მდგომარეობის მიუხედავად, უმნიშვნელოვანესი რეზერვები, რომელთა ამოქმედება შეიძლება გახდეს მოსახლეობის დიდი ნაწილის არსებობის პირობების სწრაფი გაუმჯობესების საფუძველი, უყურადღებოდ რჩება.

ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი რეზერვი მოსახლეობის მიერ საკუთარი პრობლემების საერთო ძალისხმევით მოგვარებაში და სახელმწიფოს მხრიდან ამ პროცესების ხელშეწყობაში ძევს. მიმდინარე პერიოდში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მოსახლეობის თითოეული წევრის გააქტიურებას მათი საერთო სოციალურ-ეკონომიური პრობლემების მოსაგვარებლად, რადგან ჭეშმარიტად, დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბების საფუძველს სწორედ აქტიური და ინიციატორი ადამიანები წარმოადგენენ.

ასეთი პროცესების განხორციელების მიზნით, აუცილებელია მოსახლეობის სექტორის ხელშეწყობა. საზოგადოებრივი ინტერესებისა და პრობლემების უფრო თვალსაჩინოდ წარმოჩინებისა და მოგვარების მიზნით საჭირო გახდა სათემო ორგანიზაციის ფორმის შემოღება.

სათემო ორგანიზაციებს შეუძლიათ აღძრან საზოგადოებრივი აქტივობა იმ სფეროებში, რომლებიც უაღრესად მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის და სადაც ამგვარი აქტივობის ინტენსიური განვითარება ბუნებრივად, სხვადასხვა პირობების გამო ჯერჯერობით არ ხდება. ამ ორგანიზაციების მუშაობის სტილი მოქნილი და დღევანდელი მოთხოვნილებების შესაბამისია.

მიმდინარე პერიოდში, როცა აუცილებელია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ ინფრასტრუქტურაზე ფინანსური დახმარების გაწევა სხვადასხვა ფორმით, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მოსახლეობის რეალური შესაძლებლობების გამოკვეთას და მათ მაქსიმალურ რეალიზაციას. ყველაზე მეტად სწორედ საზოგადოებრივ ცხოვრებასთან ორგანულად შერწყმულ სათემო ორგანიზაციებს ხელეწიფებათ თემის მოსახლეობის თანამონაწილეობის ღრმად გააზრებული პროექტების საშუალებით მოახდინონ ადგილებზე რეალურად არსებული ინტელექტუალური, სამეურნეო და ორგანიზაციული მოწყობის უმნიშვნელოვანესი რესურსების მთლიანი წარმოჩენა და გამოყენება, რომლის შედეგადაც გარედან ფინანსური დახმარებისა და სხვა სახის ზემოქმედების ღონისძიებებს შეექმნებათ წარმატებით განხორციელების ობიექტური საფუძველი. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის, რომ სათემო ორგანიზაციებს შეუძლიათ განახორციელონ ადგილობრივი მოსახლეობის საერთო ძალისხმევით მოგვარების, ანუ თემის მოსახლეობის მობილიზაციის პროექტები მაშინაც კი, როცა პროექტი შემოსავლის მომტანია, ანუ თემის სამეწარმეო მობილიზაციის პროექტები.

თემის მობილიზაციის მიმართულებებს შორის განსაკუთრებული ადგილი ენიჭება ეკონომიკურ ნაწილს, რადგან სწორედ ეკონომიკური ეფექტიანობის პრინციპზე დამყარებულ პროექტებს გააჩნიათ რეალური სიცოცხლისუნარიანობისა და მდგრადი განვითარების ძლიერი გარანტიები. აქ თემის მობილიზაცია შეიძლება გახდეს მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის ტრადიციული დარგების ახლებური ორგანიზაციული მოწყობის, მათი ეფექტურობის ამაღლებისა და შესაბამისად, თემის წევრთა შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდის რეალური მექანიზმი, რაც, თავის მხრივ, მოსახლეობის სოციალური განვითარების მყარ საფუძველს წარმოადგენს.

ამის თვალსაჩინო მაგალითია სოფლის მეურნეობის ის დარგები, სადაც არსებობს სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებისა და გადამუშავების ჩამოყალიბებული ტრადიციები. ისინი ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის უმნიშველოვანეს ნაწილს წარმოადგენენ და მწვავე ეკონომიკურ კრიზისს განიცდიან, რომლის გამომწვევი მიზეზები სიღრმისეულ ანალიზს საჭიროებენ.

სასოფლო-სამეურნეო სისტემის დარგების ორგანიზაციული მოწყობის ანალიზი

სასოფლო-სამეურნეო დარგები წარმოადგენენ მთლიანობით სისტემას (აგრო-სამრეწველო კომპლექსს), რომლის ეფექტურობა დამოკიდებულია როგორც მისი შემადგენელი ძირითადი ელემენტების იმანენტურ თვისებებზე, ასევე ამ რგოლებს შორის არსებულ ურთიერთკავშირებზე. რაც უფრო მჭიდროა (ორგანულია) ეს ურთიერთკავშირები, მით მეტად სრულყოფილი და ეფექტურია სისტემა. შესაბამისად, ამ კავშირების დარღვევა ხდება საბაბი ამ დარგების პარალიზებისა, რომლის შედეგებიც სახეზე გვაქვს. ვეცდებით, შედარებით სრულყოფილად წარმოვადგინოთ ამ ურთიერთკავშირების ამჟამინდელი მდგომარეობის ანალიზი.

სასოფლო-სამეურნეო დარგობრივი სისტემა და მისი ინგრედიენტები
1. კავშირი მიწა — ფერმერი

მიწა ფერმერისათვის (გლეხისთვის) – არა მარტო საწარმოო საშუალება, არამედ მისი, როგორც სოციალურ-ეკონომიკური სუბიექტის არსის განმსაზღვრელი ორგანული ნაწილია. შესაბამისად, მიწისაგან გლეხის მოწყვეტა გამოიწვევს მისი, როგორც სამეწარმეო ინდივიდის ფუნქციის მოსპობას და მას, უკეთეს შემთხვევაში, გადააქცევს მხოლოდ დაქირავებულ შრომის ობიექტად. საქართველო ოდითგან აგრარული ქვეყანა იყო და სწორედ ქართველი ხალხის ისტორიულმა ორგანულმა კავშირმა მიწასთან მნიშვნელოვანწილად განაპირობა ქართული სახელმწიფოებრიობა, მისი ეთნოფსიქოლოგიური და ეთნოკულტურული საფუძვლების შექმნა და განვითარება, რისთვისაც ძველმა ბერძნებმა მათ სამართლიანად უწოდეს “გეორგიანელები” (მიწათმოქმედნი). საბჭოთა სოციალისტური სისტემის ნეგატიური მემკვიდრეობის მიუხედავად, რაც უპირველეს ყოვლისა მიწების ნაციონალიზაციით იყო გამოწვეული, ქართველი კაცის საუკუნეებით განმტკიცებული კავშირი მიწასთან ორგანულია, მტკიცეა, რომელიც კიდევ უფრო გაძლიერდა ბოლო წლებში გატარებული ღონისძიებების საფუძველზე (მიწების პრივატიზაცია, მოსახლეობაზე საკუთრების დამადასტურებელი სერთიფიკატების გადაცემა და სხვა).

2. კავშირი ფერმერი – სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება
სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია ორ ძირითად ჯგუფად იყოფა:
ა) პროდუქცია, რომელსაც მეორადი გადამუშავების გარეშე გააჩნია სასაქონლო სახე. იგი ფერმერის მიერ უშუალოდ მიეწოდება ბაზარს ან მოიხმარება პირადი ინტერესებისთვის. ასეთებია: ხილი, ბაღჩეული, ბოსტნეული, ციტრუსი, ნაწილობრივ ხორცისა და რძის პროდუქტები და სხვა. ამ ტიპის პროდუქციის წარმოება, მრავალი სირთულის მიუხედავად, შედარებით მოწესრიგებულია და ამას, ძირითადად, ის გარემოება განაპირობებს, რომ გლეხი უშუალოდაა დაკავშირებული სარეალიზაციო ბაზრებთან და კონტროლს უწევს საკუთარი პროდუქციის რეალიზაციიდან სასურველი კომერციული შედეგის მიღებას. ამდენად, კავშირი ფერმერი – პირველადი პროდუქციის წარმოება შეიძლება ჩაითვალოს, როგორც მყარი.
ბ) პროდუქცია, რომელიც განკუთვნილია მეორადი გადამუშავებისთვის. ასეთებია: ჩაი (ჩაის ფაბრიკებისთვის), ყურძენი (ღვინის ქარხნებისათვის), ხილი, ბოსტნეული, ბაღჩეული (საკონსერვო წარმოებისთვის), ხორცი და რძე (ხორცისა და რძის კომბინატებისათვის) და სხვა. სწორედ ეს არის ის სფერო, სადაც ფერმერი იზოლირებულია სარეალიზაციო ბაზრისაგან, რადგან ასეთი პროდუქციის ერთადერთი მომხმარებელი მხოლოდ შესაბამისი გადამამუშავებელი საწარმოა. ამდენად, ამ ტიპის პირველადი პროდუქციის წარმოება მთლიანად დამოკიდებულია გადამამუშავებელი საწარმოს ფუნქციონირების ეფექტურობაზე. სანამ ანალიზს გავაკეთებთ გადამამუშავებელ მრეწველობაში არსებულ მდგომარეობაზე, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის უმნიშვნელოვანესი გარემოება, რომ ამ სასოფლო-სამეურნეო დარგებზე მოდიოდა ქვეყნის შიდა ეროვნული პროდუქტის ძირითადი ნაწილი და ამიტომ ის ქვეყნის ეკონომიკის მთავარ ბაზისს წარმოადგენდა. მაგ., 90-იანი წლების დასაწყისში ჩაის სექტორში დასაქმებული იყო 180.000 კომლი, მევენახეობაში 150.000 კომლი; ასევე უდიდესი მნიშვნელობა მოსახლეობის დასაქმებისა და შემოსავლების მხრივ გააჩნდა საკონსერვო წარმოებას, რძისა და ხორცის პროდუქტების წარმოებას და სხვ.

ამ დარგების მდგომარეობა მიმდინარე პერიოდში ხასიათდება, როგორც ღრმად კრიზისული, რომლის გამომწვევი მიზეზებისგან ძირითადად მიგვაჩნია:
1. არაკონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოება და სარეალიზაციო ბაზრების დაკარგვა.
2. ინტერესთა კონფლიქტი გადამამუშავებელ საწარმოსა და პირველადი პროდუქციის (ნედლეულის) მწარმოებლებს (ფერმერებს) შორის. აღნიშნული ორივე პრობლემის შემადგენილობა სხვადასხვაა, თუმცა მათ გააჩნიათ საერთო საფუძვლები.
1. არაკონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებისა და სარეალიზაციო ბაზრების დაკარგვის ძირითადი მიზეზი არის:
ა) გადამამუშავებელ საწარმოთა მოძველებული ტექნიკური აღჭურვილობა;
ბ) ქვეყანაში განხორციელებული პრივატიზაციისა და ვაუჩერიზაციის შედეგად ამ საწარმოთა უდიდესი ნაწილი გადავიდა კერძო პირების მფლობელობაში, რომელთა ძირითადმა ნაწილმა პირველადი კაპიტალის დაგროვება საბჭოთა სისტემაში გაბატონებული და მის შემდეგ შენარჩუნებული სამეურნეო და ფინანსური საქმის წარმოების ნეგატიური ფორმების საფუძველზე შესძლო. ამ ფორმებს საბაზრო ეკონომიკასა და ნამდვილ სამეწარმეო საქმიანობასთან არავითარი კავშირი არ გააჩნიათ და ძირითადად ორიენტირებულნი არიან სახელმწიფო და საზოგადოებრივი სახსრების დატაცებაზე, გადასახდების დამალვაზე, პროდუქციის ფალსიფიკაციაზე, კონტრაბანდაზე და სხვ., რასაც თავის მხრივ ნოყიერ ნიადაგს უქმნიდა ქვეყანაში გაბატონებული კორუფციული გარემო.