საქართველო რიცხვებში

მოამზადა პროფ. ლალი ჩაგელიშვილმა
ინფლაცია
თ ბილისში სამომხმარებლო ფასების ინდექსმა (სამომხმარებლო ფასების დონის ცვლილების მაჩვენებელი) 31 მარტიდან – 6 აპრილამდე 99,71 პროცენტი შეადგინა. მარტის ბოლოს აღნიშნული მაჩვენებელი 99,97 პროცენტი იყო. (ეს ინდექსი ასახავს 51 დასახელების საქონლისა და მომსახურებისაგან შედგენილი კალათის ფასების ცვლილებას).
ამავე პერიოდთან შედარებით ფასების საერთო დონე შემცირდა 0,29 პროცენტით, მათ შორის სასურსათო საქონელზე – 0,70 პროცენტით; არასასურსათო საქონელზე ფასები გაიზარდა 0,22 პროცენტით; ამასთან, მომსახურების ტარიფები უცვლელი დარჩა.
ქ. თბილისში სამომხმარებლო ფასების ინდექსმა (სამომხმარებლო ფასების დონის ცვლილების მაჩვენებელი)7 აპრილიდან 13 აპრილამდე 100,06 პროცენტი შეადგინა. 31 მარტიდან 6 აპრილამდე პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი 99,71 პროცენტი იყო. (ეს ინდექსი ასახავს 51 დასახელების საქონლისა და მომსახურებისაგან შედგენილი კალათის ფასების ცვლილებას).
31 მარტიდან 6 აპრილამდე პერიოდთან შედარებით ფასების საერთო დონე 0,06 პროცენტით გაიზადა. მათ შორის სასურსათო საქონელზე – 0,23 პროცენტით, ხოლო არასასურსათო საქონელზე ფასები შემცირდა 0,21 პროცენტით; ამასთან მომსახურების ტარიფები უცვლელი დარჩა.
სურსათი
მარტის ბოლოს ფასები შემცირდა კიტრზე (6,9%-ით), კარტოფილზე (6,1%-ით), სტაფილოზე (5,7%-ით), გაყინულ თევზზე (5,0%-ით), ყველზე (4,8%-ით), ხახვზე (4,2%-ით), პომიდორზე (3,4%-ით) და ვაშლზე (2,2%-ით); ფასები გაიზარდა ფოთლოვან კომბოსტოზე (7,4%-ით), ჭარხალზე (7,0%-ით), სიგარეტ “Winston light”-ზე (6,5%-ით), სიგარეტ “პირველზე” (2,0%-ით) და შაქარზე (0,7%-ით). აპრილის პირველ ნახევარში ფასები გაიზარდა კვერცხზე (10,0%-ით), კარტოფილზე (8,1%-ით), ფოთლოვან კომბოსტოზე (5,2%-ით), სიგარეტზე “Winston light” (3,5%-ით), შაქარზე (2,8%-ით), სიგარეტზე “პირველი” (2,6%-ით), სტაფილოზე (0,7%-ით); ფასები შემცირდა ვაშლზე (5,5%-ით), პომიდორზე (5,1%-ით), ჭარხალზე (3,9%-ით), კიტრზე (3,9%-ით).
არასასურსათო საქონელი
საანალიზო პერიოდში ფასი გაიზარდა ბენზინ “რეგულარზე” (2,2%-ით), ხოლო ფასი შემცირდა ნავთზე (1,1%-ით).
აპრილის პირველ კვირასთან შედარებით ფასები გაიზარდა დიზელის საწვავზე (0,8%-ით) და ბენზინზე “რეგულარი” (0,7%-ით).
საქართველოს საგადამხდელო ბალანსის მდგომარეობა
2005 წელი
საქართველოს საგადამხდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიში ტრადიციულად უარყოფითია. მან 2005 წელს -688,8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 97 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს განაპირობებს საქონელი, სადაც იმპორტი 1.8-ჯერ ჭარბობს ექსპორტს. მისი დანარჩენი კომპონენტების (მომსახურება, შემოსავლები და მიმდინარე ტრანსფერტები) სალდო დადებითია.
2005 წელს, 2004 წელთან შედარებით, ექსპორტი 35 პროცენტით გაიზარდა, ხოლო იმპორტი – 34 პროცენტით. შედეგად საქონლით ვაჭრობის დეფიციტიც გაიზარდა 33 პროცენტით და 1213,9 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია. 2005 წლის ძირითად საიმპორტო საქონელს წარმოადგენს ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები და სამკურნალო საშუალებები. იმპორტის ზრდის განმსაზღვრელი ფაქტორებია: ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდა, მსუბუქი ავტომობილების იმპორტის მკვეთრი ზრდა და ნაწილობრივ მილსადენების მშენებლობა. 2005 წლის ძირითად საექსპორტო საქონელს წარმოადგენს შავი ლითონების ჯართი, ფეროშენადნობები და ყურძნის ნატურალური ღვინოები. ექსპორტის ზრდის ძირითადი მიზეზია ჯართზე ფასების ზრდა და თურქმენეთის ვალის გასტუმრება საქონლით – შაქრით, თვითმფრინავებით, ასევე ფეროშენადნობებისა და თხილის ექსპორტის მკვეთრი ზრდა.
მომსახურების ბალანსი დადებითია. დადებითმა სალდომ 2005 წელს 71.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგენდა, რაც 28 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. შესაბამისად, გაზრდილია მომსახურების ექსპორტიც და იმპორტიც.
შემოსავლების ბალანსიც დადებითია. აქ კრედიტში ჭარბობს საქართველოს რეზიდენტების შემოსავლები საზღვარგარეთ მუშაობისგან, ხოლო დებეტში საინვესტიციო შემოსავლები.
მიმდინარე ტრანსფერტები საკმაოდ სოლიდურია და ნაწილობრივ აბალანსებს საქონლის ვაჭრობით გამოწვეულ დეფიციტს. მიმდინარე ტრანსფერტების ბალანსი 2004 წელს 413.9 მლნ. აშშ დოლარი იყო, ხოლო 2005 წელს მან მხოლოდ 359.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 54.7 მლნ. აშშ დოლარით ნაკლებია 2004 წლის შესაბამის მაჩვენებელზე, ანუ ადგილი აქვს 13 პროცენტიან კლებას.
კაპიტალისა და ფინანსური ანგარიშის დადებითმა სალდომ 677.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც თითქმის ორჯერ მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ეს ძირითადად გამოწვეულია ფინანსური ანგარიშის დადებითი სალდოს ზრდით, რომელმაც 2005 წელს 617.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (102 პროცენტით მეტი 2004 წელთან შედარებით).
პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა საქართველოში 2004 წელს ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და შაჰდენიზის გაზსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით მკვეთრად გაიზარდა და თითქმის 500 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია. 2005 წელს საქართველოს ტერიტორიაზე დასრულდა ნავთობსადენის მშენებლობა, ამან ნაწილობრივ გამოიწვია პირდაპირი ინვესტიციების მოცულობის შემცირება. ასევე, ადგილი ჰქონდა უცხოური ინვესტიციის გამოსყიდვას საკმაოდ სოლიდური მოცულობით (43 მლნ. აშშ დოლარი). ამის გავლენით, 2005 წლის პირველ სამ კვარტალში პირდაპირი ინვესტიციების წმინდა მოცულობამ 270.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. მდგომარეობა თითქმის გამოსწორდა მეოთხე კვარტალში, სადაც მკვეთრად გაიზადა პრივატიზაციის პროცესიდან შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და მან 58.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.6-ჯერ მეტია 2005 წლის პირველ სამ კვარტალში პრივატიზაციის პროცესიდან შემოსულ ინვესტიციებზე. საკმაოდ მნიშვნელოვანი პირდაპირი ინვესტიციები განხორციელდა მილსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით და საბანკო სექტორში. ამან განაპირობა ის, რომ 2005 წლის მეოთხე კვარტალში განხორციელებულმა ინვესტიციებმა 177.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. შესაბამისად, 2005 წელს საქართველოში სულ განხორციელდა 447.8 მლნ. აშშ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია, რაც 10 პროცენტით ნაკლებია 2004 წლის მონაცემებთან შედარებით.
ცხრილის მიხედვით, თუ პირობითად მთლიანი ინვესტიციებიდან BP-ის წილს გამოვრიცხავთ, დანარჩენ ინვესტიციებში 2005 წელს წინა წელთან შედარებით ადგილი აქვს 31%-იან ზრდას. უმსხვილესი ინვესტორის (BP) ხვედრითი წილის შემცირება ნიშნავს იმას, რომ 2005 წელს ადგილი ქონდა უცხოური ინვესტიციების დივერსიფიცირებას და სტრუქტურის გაუმჯობესებას.
ზემოაღნიშნული გარემოება არის იმის წინაპირობა, რომ 2006 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მკვეთრი ზრდაა მოსალოდნელი.
პორტფელის ინვესტიციები და ფინანსური წარმოებულები უმნიშვნელოა, რადგან ჯერჯერობით ვერ მოხერხდა ფინანსური ბაზრის ჩამოყალიბება სრულყოფილი სახით.
სხვა ინვესტიციების ბალანსმა 2005 წელს 176.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც ჩვენი ვალდებულებების ზრდაზე მიუთითებს, ნაწილობრივ ეს გამოწვეულია ვალების რესტრუქტურიზაციის პროცესით. არსებული შეთანხმების თანახმად, ხდება დარიცხული პროცენტების კაპიტალიზაცია, ასევე გადავადდა ძირითადი ვალის მნიშვნელოვანი ნაწილი. ეს გარკვეულად ამსუბუქებს ჩვენს საგადამხდელო ტვირთს. მაგრამ, შესაბამისად იზრდება ვალდებულება.
სარეზერვო აქტივების მოცულობა 2004 წელს გაიზარდა 178.5 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო 2005 წელს კიდევ – 111.6 მლნ. აშშ დოლარით.