სამომხმარებლო ბაზრის კალათა

ლალი ჩაგელიშვილი

სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, საშუალო მომხმარებლისათვის საარსებო მინიმუმი 131,5 ლარს შეადგენს, რაც გასულ წელთან შედარებით 14,1 ლარით მეტია. ამასთნ, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისათვის საარსებო მინიმუმი 149,9 ლარია, საშუალო ოჯახისათვის კი – 260,7 ლარი. თბილისში საარსებო მინიმუმი საერთო ეროვნულ მაჩვენებელს 6,5 ლარით აჭარბებს.

საქართველოს ბაზრებსა და ბაზრობებზე იანვარ-მაისში ფიზიკური პირების მიერ საცალოდ რეალიზებული სამომხმარებლო საქონლის მოცულობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უმნიშვნელოდ – 0,3%-ით გაიზარდა და 1,2 მლრდ ლარი შეადგინა. რეალიზებული საქონლის სამი მეოთხედი არასასურსათო საქონელია, ერთი მეოთხედი კი – სასურსათო.

სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, სულ ქვეყანაში 302 სასურსათო, სამრეწველო და შერეული საქონლით მოვაჭრე ბაზარი და ბაზრობა მოქმედებს.

ფასების საერთო დონე მაისის ბოლოს 0,29%-ით შემცირდა. სასურსათო საქონელზე ფასები 0,35%-ით შემცირდა, ხოლო არასასურსათო საქონელზე – 0,44%-ით.

ფასები შემცირდა კარტოფილზე (14,3%) და ღორის ხორცზე (6,7%-ით), ხოლო გაიზარდა ქათმის ბარკლებზე (6,3%-ით).

არასასურსათო საქონლიდან, ივნისის თვეში გაიაფდა თხევადი გაზი (5%-ით), ნავთი (2,5%-ით) და ”ნორმალის” მარკის ბენზინი (1,7%-ით).

სამომხმარებლო ფასების ინდექსმა ბოლო პერიოდის განმავლობაში 100,03 პროცენტი შეადგინა. საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, 1 ივლისადან 7 ივლისამდე ფასების საერთო დონე 0,03 პროცენტით გაიზარდა, მათ შორის, სასურსათო საქონელზე – 0,02 პროცენტით, არასასურსაღო საქონელზე – 0.05 პროცენტით, ხოლო მომსახურების ტარიფები უცვლელი დარჩა.

მაისის ბოლოსთან შედარებით, ფასები გაიზარდა 30%-ით პომიდორზე, 13,3%-ით სტაფილოზე და 7,1%-ით ღორის ხორცზე. ფასები – 13,3%-ით შემცირდა კიტრზე და კარტოფილზე, 8,3%-ით – რძეზე და 2,9%-ით – სიგარეტ ”ვაისროიზე”. შედარებით, 2,7%-ით გაძვირდა ბენზინი ”ნორმალი” და 6,8%-ით ნავთი. 7,9%-ით გაიაფდა თხევადი გაზი.

სამომხმარებლო ფასების ინდექსი სამომხმარებლო ფასების დონის ცვლილების მაჩვენებელია და 51 დასახელების საქონლისა და მომსახურებისაგან შედგენილი კალათის ფასების ცვლილებას ასახავს.