რა შეღავათებს აძლევს ევროპა ქართულ ბიზნესს

რედაქციისაგან
ბოლოდროინდელი ღვინის ექსპორტის პრობლემებთან დაკავშირებით მწვავედ დადგა საქართველოს ა) საექსპორტო პოტენციალის, რესურსების შეფასების და მისი წარმოების ხელშეწყობის საკითხი; ბ) ახალი, ევროპული ბაზრის უფრო სრულად ათვისების და საერთაშორისო ვაჭრობის მათ შორის პრეფერენციების გენერალური სისტემის ჩვენთან პოპულარიზაციის და რიგით ბიზნესმენამდე მიტანის თემა; გ) ქართული ბრენდების და ქართული პროდუქცისს საერთაშორისო მარკეტინგის პრომოუშენის საკითხი. აქედან გამომდინარე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალი ეკონომიკის და ბიზნესის ინსტიტუტი” მათ პარტნიორებთან ერთად იწყებს დისკუსიას “ქვეყნის საექსპორტო პოტენციალი და მისი გამოყენების პრობლემები”. ამ ნომერში გთავაზობთ დისკუსიის ფარგლებში ორ თემას: “ევროპული შეღავათების სისტემა” და “ადგილობრივი სამკურნალო კურორტების პოტენციალი”. დისკუსია გაგრძელდება შემდეგ ნომერში, რამეთუ დაგეგმილია ამ თემაზე კონფერენციის მოწვევა და კონკრეტული გზების დასახვა.

ბატონო კოტე, შვიდი წლის განმავლობაში, ბრიუსელში საქართველოს ელჩად მუშაობის შემდეგ, თქვენ სათავეში ჩაუდექით ახლადშექმნილ ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს. იქნებ ჟურნალ “საქართველოს ეკონომიკის” მკითხველისთვის ცოტა რამ მოგეთხროთ საბჭოს მიზნებისა და ფუნქციების შესახებ.
– ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭო STATOIL-ისა და კანარგოს მიერ დაფუძნდა.
ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს მთავარ მიზანს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების მოცულობის ზრდის ხელშეწყობა წარმოადგენს.
მიზნის მისაღწევად, ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭო აქტიურად ითანამშრომლებს საქართველოსა და ევროკავშირის სახელისუფლებო სტრუქტურებთან, საფინანსო ინსტიტუტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ბუნებრივია კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.
აქვე ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭო საქართველოში მოქმედი ანალოგიური ორგანიზაციების პარტნიორი, და არა კონკურენტი, ორგანიზაცია იქნება. ღრმად ვარ დარწმუნებული რომ ამგვარმა ორგანიზაციებმა ერთმანეთი უნდა შეავსონ. ხსენებულის დასტურს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაცია უკვე გახდა ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს წევრი. ხოლო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები ამჟამად მიმდინარეობს.
ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ოფისი ბრიუსელში, ერთ-ერთ პრესტიჟულ საოფისე შენობაშია განთავსებული. მასში ყველა ტექნიკური პირობაა შექმნილი, რათა ბრიუსელში ყოფნისას, მისი გამოყენება ბიზნეს საბჭოს წევრებმა შეძლონ.
ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს, ხელმძღვანელობს მაქსიმუმ ცხრა წევრისგან შემდგარი დირექტორთა საბჭო – ხოლო, მის ყოველდღიურ მართვას გენერალური მდივანი ახორციელებს. დღესდღეობით დირექტორთა საბჭო სამი წევრისგან შედგება: ბატონი დევიდ გლენდინინგი (დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე-ს წარმომადგენელი); ბატონი ბადრი ჯაფარიძე (დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე-ს წარმომადგენელი) და ბატონი არვე ტორვიკი (დირექტორთა საბჭოს წევრი, STATOIL-ის წარმომადგენელი).
ბიზნეს საბჭოს წევრების რაოდენობის ზრდის პარალელურად შეივსება დირექტორთა საბჭოს ვაკანტური ადგილები.
არსებობს ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს წევრობის სხვადასხვა კატეგორიები. ესენია: ა) ძირითადი წევრები; ბ) კორპორაციული წევრები და გ) ასოცირებული წევრები. საწევრო გადასახადებს, კატეგორიების მიხედვით, დირექტორთა საბჭო ადგენს.
ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოში გაწევრიანება შეუძლია ყველა იმ იურიდიულ და კერძო პირს, რომელიც აღიარებს საბჭოს წესდებას და გამოხატავს ინტერესს მისი საქმიანობის მიმართ. ამისათვის მსურველებმა უნდა შეავსონ წევრობის განაცხადის ფორმა, რომელიც, ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს შესახებ დამატებითი ინფორმაციასთან ერთად, ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ვებ-გვერდზე (www.eugbc.net) შეგიძლიათ მოიძიოთ.
– ბატონო კოტე, თქვენ დიდი ხანია ევროპაში მოღვაწეობთ, როგორ გგონიათ, გარდა თხილისა და გვარჯილასი რით შეიძლება ჩვენ ევროპა დავაინტერესოთ?
– პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ევროსტატის მონაცემებით, ევროკავშირის ბაზარზე საქართველოდან განხორციელებული სოფლის მეურნეობის და გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ექსპორტი ზრდის ტენდენციით ხასიათდება. ამ მაჩვენებელმა 2005 წელს 79 მლნ. ევრო შეადგინა, რაც საგრძნობლად აღემატება 2001 წლის მაჩვენებელს – 24 მლნ. ევროს. თუმცა, ეს მაჩვენებლები სრულად ვერ ასახავენ საქართველო – ევროკავშირის სავაჭრო პოტენციალს.
ვფიქრობ, ამ ეტაპზე, მნიშვნელოვანია, რომ ქართულ საექსპორტო პროდუქციას მაქსიმალურად გაეხსნას გზა ევროკავშირის ბაზარზე, ხოლო ის საკითხი, თუ რომელი ქართული პროდუქტით შეიძლება ევროპის დაინტერესება, მარკეტინგის სფეროს განეკუთვნება და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ბაზრების მოთხოვნილებების საფუძვლიან შესწავლაზე იქნება დამოკიდებული. ღრმად მწამს, რომ ქართულ საექსპორტო პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე იმპორტის ლეგალიზების, ანუ საქართველოში პროდუქციის წარმოებისა და ექსპორტის ევროპული სტანდარტების დამკვიდრების, ევროკავშირის პრეფერენციების განზოგადოებული სისტემის ახალი GSP+ სქემის ეფექტურად გამოყენების და მარკეტინგული სამუშაოს შესაბამის დონეზე ჩატარების შემთხვევაში, ისეთ ქართულ პროდუქციას, როგორიცაა ღვინო, მინერალური წყალი და გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია, ევროკავშირის ბაზარზე, განსაკუთრებით ევროკავშირში ათი ახალი წევრი ქვეყნის შესვლის გათვალისწინებით, მყიდველი გამოუჩნდება. თუმცა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ევროკავშირის ბაზარზე შეღწევა რთული პროცესია და გარკვეულ დროს, ცოდნასა და არც თუ უმნიშვნელო ფინანსურ რესურსებს მოითხოვს. ეს პროცესი დიდად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შეძლებენ ქართველი ექსპორტიორები, ევროკავშირის ბაზარზე არსებული სატარიფო და განსაკუთრებით არასატარიფო ბარიერების დაძლევას. ამაში მათ სახელმწიფოსა და არასამთავრობო სექტორის დახმარება სჭირდებათ, რაშიც თავისი მოკრძალებული წვლილის შეტანას საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს საბჭოც ეცდება.
– თქვენ ევროკავშირის პრეფერენციების გენერალური სისტემა ახსენეთ. რას ითვალისწინებს ეს სისტემა?
– ევროკავშირმა პრეფერენციების განზოგადოებული სისტემა (GSP) პირველად 1973 წელს შემოიღო და ამის შემდეგ მას სხვადასხვა ფორმით ახორციელებს. ევროკავშირის პრეფერენციების განზოგადოებული სისტემა, იყენებს რა სავაჭრო პოლიტიკის რეგულირების კლასიკურ საშუალებას – ტარიფებს, ვაჭრობის განვითარებას უწყობს ხელს. ეს სისტემა განვითარებად ქვეყნებს, განვითარებულთან შედარებით, დაბალ საბაჟო ტარიფებს სთავაზობს, რაც ევროკავშირის ბაზარზე მათი ექსპორტის შეღავათიან რეჟიმს უზრუნველყოფს. GSP ხელს უწყობს განვითარებადი ქვეყნების ინდუსტრიალიზაციის პროცესის დაჩქარებას, ექსპორტის დივერსიფიკაციას და შესაბამისად, საექსპორტო შემოსავლების ზრდას.
ევროკავშირს GSP-ის სქემის მიხედვით ცალმხრივი სატარიფო შეღავათები 178 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის ჰქონდა მინიჭებული. GშP-ის მოქმედი სქემა მოიცავს დაახლოებით 6,900 დასახელების პროდუქციას, რომელთაგან 3,300 კლასიფიცირებულია როგორც არამგრძნობიარე პროდუქცია და ევროკავშირის ბაზარზე უბაჟო რეჟიმით დაიშვება, ხოლო დანარჩენი კლასიფიცირებულია როგორც მგრძნობიარე პროდუქცია, და ევროკავშირის ბაზარზე უპირატესი ხელშეწყობის ეროვნული რეჟიმის ტარიფის 3.5 პროცენტული პუნქტით შემცირებელი საბაჟო ტარიფით დაიშვება. გამონაკლისს საფეიქრო პროდუქცია და ტანსაცმელი წარმოადგენს, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე უპირატესი ხელშეწყობის ეროვნულ რეჟიმს ტარიფის 20 პროცენტული პუნქტიით შემცირებელი საბაჟო ტარიფით დაიშვება.
2005 წელს, ევროკავშირმა ახალი GSP+ სქემა დააწესა, რომელიც დამატებით სატარიფო შეღავათებს ითვალისწინებს. GSP+ სქემა მოიცავს დაახლოებით 7,200 დასახელების პროდუქციას, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე საბაჟო გადასახადების გარეშე დაიშვება.
ახალი GSP+ სქემა, განვითარებადი ქვეყნებისთვის, მომდევნო ათი წლის განმავლობაში, სავაჭრო პრეფერენციების მინიჭებას ითვალისწინებს. თუმცა, ყოველ სამ წელიწადში მოხდება მისი გადახედვა. ამჟამად დამტკიცებული სქემა 2008 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედებს.
– რა პირობები უნდა დააკმაყოფილოს ქვეყნამ, ევროკავშირის პრეფერენციების გენერალური სისტემის ახალი სქემით გათვალისწინებული შეღავათებით რომ ისარგებლოს?
GSP+ სქემით სარგებლობის უფლება ენიჭებათ იმ ქვეყნებს, რომლებიც გამოირჩევიან მდგრადი განვითარებით და ეფექტური მმართველობის სისტემით, რომლებიც, მსოფლიო ბანკის შეფასებით, განვითარებად ქვეყნებს წარმოადგენენ, რომელთა ეკონომიკა არადივერსიფიცირებულია და დამოკიდებულია შეზღუდული ნომენკლატურის საექსპორტო პროდუქციაზე (GSP+ სქემის მიმღები ქვეყნიდან, GSP-ს რეჟიმით, ევროკავშირის ბაზარზე იმპორტირებული ხუთი ძირითადი პროდუქტის წილი უნდა აღემატებოდეს ამ ქვეყნიდან, ევროკავშირის ბაზარზე, ხსენებული რეჟიმით განხორციელებული იმპორტის საერთო მოცულობის 75%-ს) და რომელთაგანაც, ევროკავშირის ბაზარზე, GSP-ს რეჟიმით განხორციელებული იმპორტის მოცულობა, GSP-ს რეჟიმით, ევროკავშირის ბაზარზე განხორციელებული იმპორტის საერთო მოცულობის 1%-ს არ აღემატება.
ზემოხსენებული პირობების დაკმაყოფილების გარდა, GSP+ სქემის მიმღები ქვეყანა, აღნიშნული სავაჭრო რეჟიმის მისანიჭებლად აუცილებელი 27 საერთაშორისო კონვენციიდან მიერთებული უნდა იყოს ძირითადი პოლიტიკური უფლებების, ადამიანთა უფლებების და შრომის უფლებების დაცვის სფეროს 16 კონვენციას, ასევე გარემოს დაცვის, ეფექტური მმართველობის, ნარკოტიკების წარმოების და მისი გავრცელების სფეროს დარჩენილი 11 კონვენციიდან მინიმუმ 7 კონვენციას და აღებული უნდა ჰქონდეს ვალდებულება, რომ GSP+ სქემის მოქმედების ვადის ამოწურვამდე, ანუ 2008 წლის 31 დეკემბრამდე, ოცდაშვიდივე კონვენციას იქნება მიერთებული.
ჩამოთვლილი პირობების დარღვევის (კონვენციების პრინციპების დარღვევის ჩათვლით) შემთხვევაში დაისმება ამ ქვეყნის მიმართ GSP+ სქემის მოქმედების შეწყვეტის საკითხი.
საქართველო იმ თოთხმეტი ქვეყნის სიაში მოხვდა, რომლებიც GSP + სქემით სარგებლობის უფლება მისი მოქმედების დაწყების დღიდან, 2005 წლის 1 ივლისიდან მიენიჭა. აღსანიშნავია, რომ ქვეყანათა ხსენებულ სიაში პოსტსაბჭოთა სივრციდან საქართველოს გარდა მხოლოდ მოლდოვა მოხვდა. ამჟამად GSP+ სქემით 15 ქვეყანა სარგებლობს.
თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ, თუ GSP+ სქემის მიმღები ქვეყნიდან ევროკავშირის ბაზარზე 2001-2003 წლებში განხორციელებული რომელიმე სასაქონლო ჯგუფის იმპორტის საშუალო მაჩვენებელი, ევროკავშირის ბაზარზე, GSP-ს რეჟიმით განხორციელებული ხსენებული სასაქონლო ჯგუფის მთლიანი იმპორტის 15%-ს გადააჭარბებს, ეს სასაქონლო ჯგუფი, ამ ქვეყანისათვის პრეფერენციული რეჟიმიდან ამოღებული იქნება. ევროკავშირი მიიჩნევს რომ, ასეთ შემთხვევაში, GSP+ სქემის მიმღები ქვეყნისათვის, კონკრეტულ სასაქონლო ჯგუფზე, სავაჭრო შეღავათების მიცემა საჭირო არ არის და მას თავისუფალ კონკურენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია.
– კონკრეტულად რა მოაქვს საქართველოსთვის GშP+ სქემით სარგებლობას?
– გახდა რა GSP+ სქემის მიმღები ქვეყანა, საქართველომ, ევროკავშირიდან, არსებული სატარიფო ნუსხის დაახლოებით 75%-ზე ფაქტიურად ცალმხრივად მიიღო თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი. ქართული პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე იმპორტის უდიდესი ნაწილი დღესდღეობით პრეფერენციული რეჟიმით ხორციელდება. თუმცა, ამავე დროს, უნდა აღინიშნოს, რომ, სამწუხაროდ, GSP+ სქემა ღვინის ძირითად სახეობებზე შეღავათებს არ ითვალისწინებს.
GSP+ სქემას თავისი დადებითი როლი შეუძლია შეასრულოს ქართული მტკნარი და მინერალური წყლების ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის საკითხში. მაგალითად, თუ GSP-ის ზოგადი რეჟიმით მტკნარ და მინერალურ წყალზე საბაჟო გადასახადი 6.1% იყო, GSP+ სქემა ამ პროდუქტისთვის ნულოვან საბაჟო ტარიფს ითვალისწინებს. დამეთანხმებით რომ, სერიოზული კონკურენციის პირობებში, 6.1%-იან შეღავათს დიდი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს.
ახალი GSP+ სქემა ხელსაყრელია ქართული თხილის ექსპორტიორებისთვისაც, GSP-ის ზოგადი რეჟიმის მოქმედებისას საბაჟო გადასახადი 2,1% იყო, ახალი სქემა კი 0%-იან საბაჟო ტარიფს ითვალისწინებს. ანალოგიური მდგომარეობაა ამონიუმის სულფატის შემთხვევაში – GSP-ის ზოგადი რეჟიმის მოქმედებისას საბაჟო გადასახადი 3% იყო, ახალი სქემა კი 0% საბაჟო განაკვეთს ითვალისწინებს. არსებული სავაჭრო რეჟიმი ხელსაყრელია სოფლის მეურნეობის და გადამამუშავებელი მრეწველობის სხვა პროდუქციისთვისაც. მაგალითად – ჯემების, ხილის წვენების, სანელებლების, თაფლის, მწვანე ჩაის, აგრეთვე აზოტოვანი სასუქებისათვის.
ვრცელდება რა მთლიანად საფეიქრო საქონელზე, GSP+ სქემის გამოყენება, ხსენებული პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე შეტანის საუკეთესო შანსს იძლევა.
– თქვენი აზრით როგორ უნდა შეუწყოთ საექსპორტო წარმოებას ხელი ქვეყნის შიგნით. კერძოდ, ღვინის და მინერალური წყლების წარმოების, როგორი პერსპექტივებია?
– როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, ევროკავშირთან ვაჭრობაში არსებობს სატარიფო და არასატარიფო ბარიერები. საგულისხმოა, რომ სატარიფო ბარიერები, განსაკუთრებით GSP+ სქემის მოქმედების პირობებში ხელშემშლელ ფაქტორს ნაკლებად წარმოადგენენ. ძირითადი პრობლემა მაინც არასატარიფო ბარიერების დაძლევა, ანუ საქართველოში პროდუქციის წარმოების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა და ევროკავშირის ბაზარზე მათი ექსპორტირებისას ევროკავშირის შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილებაა. ამ თვალსაზრისით, საუკეთესო მაგალითს ევროკავშირის მიერ ქართული ღვინის ე.წ. “ცნობის” საკითხი წარმოადგენს.
ევროკავშირის ბაზარზე ქართული ღვინის პროდუქციის იმპორტის ლეგალიზების მიზნით, ევროკავშირის მიერ ქართული ღვინის ცნობის საკითხმა, 2002 წლიდან სულ უფრო მეტი აქტუალობა შეიძინა. ამის მიზეზს წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ ევროკავშირის ბაზარზე, ქართული ღვინის პროდუქციის ექსპორტიორები პრობლემებს სულ უფრო ხშირად აწყდებოდნენ. ევროგაერთიანებებთან საქართველოს მისიამ და ბენილუქსის ქვეყნებში საქართველოს საელჩომ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, 2002-2003 წლებში ძალზე მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია ევროკავშირის ბაზარზე ქართული ღვინის პროდუქციის იმპორტის ლეგალიზებისათვის. ამ კუთხით, განსაკუთრებული ძალისხმევა, მესამე ქვეყნიდან ღვინის პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე იმპორტირებისას, ევროკავშირის სერტიფიკატი ფორმა “VI1”-ის გაცემასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებისაკენ იქნა მომართული.
2003 წელს ევროპულ მხარესთან ინტენსიური კონსულტაციები ჩატარდა როგორც ღვინის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან თავსებადობის საკითხთან, ასევე აუცილებელი სტრუქტურულ-ადმინისტრაციული ღონისძიებების გატარებასთან დაკავშირებით.
ევროკავშირის მიერ ქართული ღვინის ოფიციალურად ცნობის პროცესი 2004 წლის დასაწყისში დასრულდა და ამჟამად, ქართველ მეწარმეებს, ევროკავშირის ბაზარზე, ქართული ღვინის პროდუქციის ექსპორტი ლეგალურად და ამასთან, შეუზღუდავი რაოდენობით შეუძლიათ განახორციელონ.
ვინაიდან ზემოხსენებულ პერიოდში ბრიუსელში საქართველოს ელჩი გახლდით და ევროკავშირის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობის საკითხის გადაწყვეტაში აქტიურ მონაწილეობას ვღებულობდი, ამჟამად კი ევროკავშირ საქართველოს ბიზნეს საბჭოს ერთ-ერთ დამფუძნებელთან – საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანიასთან ერთად, ევროპულ ბაზარზე მინერალური წყლის, კერძოდ ბორჯომის იმპორტის ლეგალიზებაზე ვმუშაობ, დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ევროკავშირის ბაზარზე ქართული პროდუქციის იმპორტის ლეგალიზება საკმაოდ კომპლექსური და რთული საკითხია, ყოველი ცალკეული პროდუქტის შემთხვევაში სპეციფიკურ მიდგომას მოითხოვს და საქართველოს ხელისუფლების ყველა შესაბამისი სტრუქტურის და კერძო სექტორის შეთანხმებულ ძალისხმევას მოითხოვს.
– ცნობილია, რომ ევროკავშირის ბაზარი კონტროლის და ბიუროკრატიის მაღალი დონით გამოირჩევა. სხვა ქვეყნების პროდუქციის მსგავსად, ქართულ პროდუქციაზეც არის დაწესებული ევროკავშირის ბაზარზე შეღწევის ქვოტები?
– დღესდღეობით ქართულ პროდუქციაზე ევროკავშირის ბაზარზე ქვოტები დაწესებული არ არის. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, ვსარგებლობთ GSP+ სქემითაც. ასე რომ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ევროკავშირთან ვაჭრობაში დიდი ყურადღება არასატარიფო ბარიერების დაძლევას უნდა მიექცეს.
– რას ურჩევთ ქართველ ექსპორტიორებს, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას არასატარიფო ბარიერების დაძლევის თვალსაზრისით, რათა ქართული პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე შევიდეს? თქვენ ასევე აღნიშნეთ რომ ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭო ქართველ მეწარმეებს ევროკავშირის ბაზარზე შეღწევაში დაეხმარება. რის გაკეთებას აპირებთ ამ კუთხით?
– სხვადასხვა პროდუქციის წარმოების, შეფუთვის, შენახვის და ტრანსპორტირების წესები ევროკავშირის შესაბამისი კანონმდებლობით, ძირითადად, ევროკომისიის რეგულაციებითა და ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით რეგულირდება. როგორც აღვნიშნე, თითოეული პროდუქტის შემთხვევაში, ევროკავშირის ხსენებული წესების შესაბამისად, ქართულ მხარეს სფეციფიკური ღონისძიებების გატარება მოუწევს.
ვფიქრობ მნიშვნელოვანი იქნება ქართველ მეწარმეებს მივაწოდოთ სრული ინფორმაცია, ევროკავშირის ბაზარზე შეღწევის მარეგულირებელი წესების შესახებ. მათგან კი გავიგოთ, თუ რა მიაჩნიათ ევროკავშირის ბაზარზე შეღწევის მთავარ ბარიერად. ამ მიზნით, ევროკავშირ საქართველოს ბიზნეს საბჭო, საქართველოში ევროკომისიის დელეგაციასთან ერთად, ახლო მომავალში, თბილისში, ევროპელი ექსპერტების მონაწილეობით, სავაჭრო საკითხებზე სემინარის ჩატარებას გეგმავს.
ქართული კომპანიების სურვილის შემთხვევაში, მზად ვართ ასევე, ორგანიზება გავუკეთოთ ბრიუსელში, ევროკომისიის ვაჭრობის და სოფლის მეურნეობის გენერალური დირექტორატების წარმომადგენლებთან მათ შეხვედრებს.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თქვენ მკითხველს ვაუწყო, რომ ევროკომისიის შესაბამისი ვებ-გვერდის (www.export-help.cec.eu.in) მეშვეობით ექსპორტიორს შეუძლია დაადგინოს კონკრეტულ საქონელზე საბაჟო ტარიფის ოდენობა, ექვემდებარება თუ არა ესა თუ ის საქონელი GSP+ სქემას, რა დოკუმენტაციაა საჭირო ევროკავშირში აღნიშნული საქონლის იმპორტისთვის და ა.შ.
– და ბოლოს, საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირთან ზრდის ტენდენციით ხასიათდება. თქვენი აზრით, როგორი პერსპექტივები გვაქვს ამ ზრდის კუთხით, და რას აკეთებს ევროპა იმისათვის რომ საქართველოსთან მისი სავაჭრო ბრუნვა გაიზარდოს?
რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის იმპორტის აკრძალვის ფონზე, ალტერნატიული ბაზრების ათვისება უაღრესად აქტუალური გახდა (თუმცა, უმჯობესი იქნებოდა, ამ საკითხზე სერიოზული მუშაობა უფრო ადრე დაწყებულიყო). თავის მხრივ, ევროკავშირიც მზად არის გააღრმავოს საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობები, რასაც ევროკავშირის სამეზობლო ინიციატივაში საქართველოს ჩართვაც ითვალისწინებს. ხსენებულის დასტურად, საქართველოსათვის GSP+ სქემის მინიჭებას მოვიყვანდი, რომლის შესახებაც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ.
განსაკუთრებით მინდა გავუსვა ხაზი იმ ფაქტს, რომ ღვინით ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, ევროკავშირმა ქართულ მხარესთან კონსულტაციები უკვე დაიწყო. ხსენებული ხელშეკრულების მთავარი მიზანი გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა იქნება. რაც, დამეთანხმებით, ძალზე მნიშვნელოვანია ფალსიფიკაციასთან ბრძოლის თვალსაზრისით.
ვფიქრობ, ზემოხსენებული ფაქტები, ევროპასთან სავაჭრო ბრუნვის ზრდის მასტიმულირებელი იქნება და რეალურ შედეგსაც გამოიღებს. თუმცა რუსეთის ბაზრის ევროკავშირის ბაზრით სრულ ჩანაცვლებას, ახლო მომავალში არ უნდა ველოდეთ.

ტრეინინგი სურსათის უვნებლობის მართვის საკითხებზე ქართული საწარმოებისთვის

ბაკურიანი – ა.წ. 8-11 მაისს, USAID-ის პროექტ AგVANთAGE-ის ინიციატივით, ბაკურიანში ჩატარდა ტრეინინგი საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის და ამ სისტემის დანერგვამდე აუცილებელი წინასწარი პროგრამების შესახებ. სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის დანერგვის საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა 2005 წლის დეკემბერში მიიღო კანონი სურსათის უვნებლობისა და ხარისხის- შესახებ, რომლის მიხედვითაც ამ სისტემების დანერგვა ახლო მომავალში ქართული კომპანიებისთვის სავალდებულო გახდება.
ტრეინინგის მიზანი იყო საქართველოში კვების მრეწველობის სექტორში მოღვაწე საწარმოებისათვის მიეწოდებინა დეტალური ინფორმაცია იმ ეტაპებისა და პროგრამების შესახებ, რომელთა განხორციელება ამ სისტემების წარმატებით დანერგვისათვის აუცილებელია. ტრეინინგს ესწრებოდა 20-მდე მონაწილე, რომლებმაც წარმოადგინეს ქართული კომპანიები, მათ შორის: საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანია, შპს. ჯორჯიან ეკო (ეკო ფუდი), შპს. ნაქორუ, შპს. ფორტროუზ ჯორჯია (სელა), შპს. თხილის განაშენიანებისა და გადამუშავების კომპანია, შპს. გაგრა+ და სხვა. ტრეინინგის ჩასატარებლად მოწვეულნი იყვნენ სასურსათო პროდუქტების ასოციაციის ექსპერტები, რომლებსაც აღნიშნულ დარგში მუშაობის 25 წლიანი გამოცდილება ჰქონდათ.
ვინაიდან სურსათი ადამიანის მიერ მოხმარებულ პროდუქტთა შორის ყველაზე გავრცელებულია და მან შეიძლება კრიტიკული ზეგავლენა მოახდინოს ადამიანის ჯანმრთელობაზე, კვების მრეწველობის საწარმოებს მათი მომხმარებლების წინაშე დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ. აღნიშნული კომპანიები ვალდებულნი არიან აწარმოონ უვნებელი სურსათი, რომელიც ზიანს არ მიაყენებს ადამიანის ჯანმრთელობას და მის სიცოცხლეს. სურსათი პირველ რიგში უვნებლობის პარამეტრებს უნდა აკმაყოფილებდეს და შემდეგ იმ დამატებით მახასიათებლებს, რასაც უკვე სურსათის ხარისხი ეწოდება.
მსოფლიოში დღესდღეობით სურსათის უვნებლობის მართვის ყველაზე გავრცელებული მიდგომა საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემაა, რომელიც მის დანერგვამდე განსახორციელებელ წინასწარ პროგრამებთან ერთად უზრუნველყოფს კვების მრეწველობის საწარმოებში უვნებელი სურსათის წარმოებას და იმის დადასტურებას, რომ ამ კომპანიების მიერ წარმოებული სურსათი უვნებელია.
დღესდღეობით ეს სისტემა სურსათის უვნებლობის მართვის ყველაზე ეფექტური მეთოდია, რომელიც ფართოდ გამოიყენება აშშ-ს, ევროპისა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. გარდა ამისა, აღნიშნული სისტემების არსებობა ის ძირითადი მოთხოვნაა, რომელსაც ევროპელი და სხვა განვითარებული ქვეყნების წარმომადგენლები თავიანთ მომწოდებლებს უწესებენ. მათ სჭირდებათ იმის გარანტია, რომ შესყიდული საქონელი მოხმარებისათვის უვნებელია და რომ მათ მომწოდებელი სტაბილურად ერთი და იგივე ხარისხის პროდუქტს აწვდის განაცხადაAgVANTAGE-ის ხარისხის კონტროლისა და უზრუნველყოფის სპეციალისტმა, თამარ ლაბარტყავამ.
ამ სისტემების დანერგვა კომპანიებს აძლევს საშუალებას მოახდინონ მათ ორგანიზაციაში არსებული პროცესების სტანდარტიზაცია, სურსათის წარმოებასთან დაკავშირებული საფრთხეების პრევენცია, ეფექტურად მართონ არსებული პროცესები და გადაანაწილონ რესურსები, რაც თავისთავად წარმოების ხარჯების შემცირებას, პროცესების მართვისა და გადაწყვეტილების მიღების გაადვილებას გულისხმობს. ამავე დროს ზრდის კომპანიის ახალ ბაზრებზე შესვლის შესაძლებლობს, რაც დღეისათვის ქართული საწარმოებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია.
AgVANTAGE თავისი საქმიანობის ფარგლებში ქართულ კომპანიებს უწევს საკონსულტაციო მომსახურებას სურსათის უვნებლობისა და ხარისხის მართვის სისტემების დანერგვაში, ისევე როგორც პერიოდულად სთავაზობს მათ ტრეინინგებსა და სემინარებს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.