როგორ გავიტანოთ საქონელი ექსპორტით ევროპაში

თამარ ბერუჩაშვილი

როგორც ცნობილია, ეკონომიკური აღმავლობა დიდად არის დამოკიდებული იმ ფაქტზე, თუ რამდენად წარმატებით მოახერხებს ქვეყანა ეროვნული ეკონომიკის დივერსიფიცირებას, ანუ საქართველოს შემთხვევაში, ტრადიციულად დსთ-ს ბაზარზე ორიენტირებული ექსპორტის სხვა ალტერნატიული ბაზრებისაკენ მიმართვას. ამ კონტექსტში და საზოგადოდ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პრიორიტეტების გათვალისწინებით ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. დღევანდელ მსოფლიოში ევროკავშირი საერთაშორისო ეკონომიკური ინტეგრაციის ფლაგმანს წარმოადგენს, რომელიც რეგიონალური ინტეგრაციის გაღრმავების კვალდაკვალ რეგიონალური ეკონომიკური გაერთიანებიდან წევრი ქვეყნების ეკონომიკურ-პოლიტიკურ გაერთიანებად გადაიქცა.
ამ კუთხით საინტერესოა მიმოვიხილოთ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამედროვე სავაჭრო ურთიერთობების მდგომარეობა და სამომავლო პერსპექტივები. ასევე ახალი რეალობების კონტექსტში (ევროკავშირის ბოლოდროინდელი გაფართოება და საქართველოს ჩართვა ევროკავშირის ახალ სამეზობლო პოლიტიკაში) ჩამოვაყალიბოთ რეკომენდაციები გასატარებელი ღონისძიებებისათვის.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარებისათვის აუცილებელი სამართლებრივი ბაზის ფორმირება დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე წლებიდან დაიწყო. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ერთ-ერთი პირველი შეთანხმება საფეიქრო პროდუქციით ვაჭრობის სფეროში გაფორმდა და 1993 წლის 1 იანვრიდან 1999 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედებდა. შეთანხმების მიხედვით საქართველოს საფეიქრო პროდუქციის და ტანსაცმლის გარკვეული ექსპორტი შეიძლებოდა დაქვემდებარებოდა რაოდენობრივ შეზღუდვებს გაერთიანების ბაზარზე იმ შემთხვევაში, თუკი ექსპორტის მოცულობა გადააჭარბებდა წინა წელს ევროგაერთიანების ბაზარზე აღნიშნულ პროდუქტის მთლიანი იმპორტის გარკვეულ რაოდენობას (0,35-დან 4 პროცენტს სხვადასხვა სასაქონლო კატეგორიის მიხედვით).
ქართული საფეიქრო პროდუქციის ექსპორტის პრაქტიკულად არარსებობის გამო, საქართველომ სრულად ვერ ისარგებლა აღნიშნული შეთანხმებით, ხოლო საქართველოს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) გაწევრიანების შემდეგ, აქტუალური გახდა ვმო-ს შეთანხმება საფეიქრო და ტანსაცმლის პროდუქციაზე, რომელიც ეხებოდა ვმო-ს წევრებს შორის საფეიქრო და ტანსაცმლის პროდუქციაზე რაოდენობრივი შეზღუდვების თანდათანობით მოხსნას (პროცესი დასრულდა 2005 წლის 1 იანვარს). ამრიგად, საფეიქრო პროდუქციით ვაჭრობის შესახებ ახალი შეთანხმების გაფორმების აუცილობლებამ აქტუალობა დაკარგა.
1999 წლის 1 ივლისიდან ძალაში შევიდა ევროგაერთიანებასა და საქართველოს შორის დადებული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება, რომლის ერთ-ერთი მიზანია ვაჭრობისათვის ხელის შეწყობა ბარიერების შემცირებისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ნორმების გამოყენებით. შეთანხმებით განსაზღვრულია უპირატესი ხელშეწყობის ორმხრივი რეჟიმი (MFN). ამრიგად, საქართველო ჯერ კიდევ ვმო-ში გაწევრიანებამდე სარგებლობდა უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმით ევროკავშირის ბაზარზე, ხოლო ვმო-ში გაწევრიანების შემდეგ სარგებლობს უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმით ვმო-ს ყველა წევრ ქვეყანასთან.
პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება ასევე ითვალისწინებს უპირატესი ეროვნული ხელშეწყობის რეჟიმიდან გამონაკლისს, რომელიც მოიცავს, ვმო-ს გადაწყვეტილებებისა და სხვა საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად, განვითარებადი ქვეყნებისთვის მინიჭებულ უპირატესობებს პრეფერენციების განზოგადებული სისტემის (GSP) ფარგლებში.
GSP შემუშავდა 1968-1970 წლებში ვაჭრობისა და განვითარების შესახებ გაეროს კონცეფციის (UNCTAD) ეგიდით, როგორც სტიმული განვითარებული ქვეყნებისთვის – მიანიჭონ არადისკრიმინაციული პრეფერენციული ტარიფები განვითარებადი ქვეყნების ექსპორტს. GATT-მა დაამტკიცა ეს მიდგომა ჯერ კიდევ 1971 წლის სპეციალური გადაწყვეტილებით, ხოლო მისი მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, 1981 წელს, უფლებამოსილების მიმნიჭებელი პუნქტით. ევროგაერთიანებამ თავისი GSP პირველად შემოიღო 1973 წელს და მას შემდეგ მას სხვადასხვა ფორმით ახორციელებს.2
ევროკავშირის პრეფერენციების განზოგადებული სისტემა, იყენებს რა სავაჭრო პოლიტიკის რეგულირების კლასიკურ საშუალებას – ტარიფებს, ტრადიციულად სავაჭრო პოლიტიკის დამოუკიდებელ ინსტრუმენტს წარმოადგენს, რომელიც ვაჭრობის განვითარებას უწყობს ხელს. ეს სისტემა განვითარებად ქვეყნებს, განვითარებულთან შედარებით, უფრო დაბალ საბაჟო ტარიფებს სთავაზობს, რაც მათ ექსპორტს ევროკავშირის ბაზრებზე დაშვების შეღავათიანი რეჟიმით უზრუნველყოფს. პრეფერენციების განზოგადებული სისტემა ხელს უწყობს განვითარებადი ქვეყნების ინდუსტრიალიზაციის პროცესის დაჩქარებას, ექსპორტის დივერსიფიკაციას და, შესაბამისად, საექსპორტო შემოსავლების ზრდას. ევროკავშირს აქამდე არსებული GSP-ის სქემის მიხედვით, ცალმხრივი სატარიფო შეღავათები ჰქონდა შემოღებული 178 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის. GSP-ის მოქმედი სქემა მოიცავდა დაახლოებით 6,900 დასახელების პროდუქციას, რომელთაგან 3,300 კლასიფიცირებული იყო როგორც არამგრძნობიარე პროდუქცია, რომელიც სარგებლობდა უბაჟო რეჟიმით, ხოლო მგრძნობიარე პროდუქცია კი უპირატესი ხელშეწყობის ეროვნული რეჟიმის ტარიფის 3.5 პროცენტული პუნქტით შემცირებით (უპირატესი ხელშეწყობის ეროვნულ რეჟიმს მინუს 20% საფეიქრო პროდუქციაზე/ტანსაცმელზე).
GSP-ის საერთო რეჟიმთან ერთად მოქმედებდა დამატებითი შეღავათების შემცველი “შრომითი უფლებების დაცვის”, “ნარკოტიკების წარმოებისა და ტრეფიკინგთან ბრძოლის” და “ყველაზე ნაკლებ განვითარებული ქვეყნების” სპეციალური სქემები.
საქართველო პასუხობდა GSP-ის არსებული სქემის ფარგლებში დამატებითი პრეფერენციების მინიჭების ყველა მოთხოვნას, რომელიც დადებითი სტიმული შეიძლება გამხდარიყო ქართული ექსპორტისათვის. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა ჯერ კიდევ 2000 წლიდან აწარმოებდა მოლაპარაკებებს ევროკომისიასთან საქართველოსათვის შრომის დაცვის მიმართულებით დამატებითი შეღავათების (Special incentive arrangements for Protection of Labor rights) მინიჭების თაობაზე, რაც ითვალისწინებდა GSP-ს ფარგლებში ე.წ. მგრძნობიარე საქონელზე მოქმედი საბაჟო ტარიფის დამატებით 5%-ით დაკლებას. აღნიშნული შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა, ძირითადად, ვმო-ს ფარგლებში ევროკავშირსა და ინდოეთს შორის წარმოშობილი დავის შედეგად.
ევროკავშირის GSP-ის სქემის გარკვეული ნაკლოვანებების გამო, მოგვიანებით ევროკომისიამ შეიმუშავა და 2005 წლის 27 ივნისს ევროკავშირის საბჭომ მიიღო ახალი საკანონმდებლო აქტი (Council Regulation # 980/2005), სადაც მოცემულია პრინციპები, რომლებიც წარმართავს ევროკავშირის სავაჭრო პრეფერენციების სისტემას განვითარებადი ქვეყნებისთვის მომდევნო ათი წლის განმავლობაში.3
GSP-ს აქამდე არსებული სისტემა გამარტივდა და აქამდე არსებული შეღავათების ხუთი სისტემა შემცირდა სამამდე:
პრეფერენციის ზოგადი რეჟიმი (General arrangement), რაც გულისხმობს არამგრძნობიარე პროდუქტებზე ნულოვანი ტარიფს, ხოლო მგრძნობიარე პროდუქტებზე ტარიფი მცირდება მოქმედი ტარიფიდან (MFN-ის ტარიფიდან) 3.5 პროცენტული პუნქტით. აღნიშნულ კატეგორიას ემატება დაახლოებით 300 ახალი დასახელების სასაქონლო ჯგუფი;
“ყველაფერი იარაღის გარდა” (Everything but arms), რომელიც ევროკავშირის ბაზარზე ნულოვანი ტარიფითა და კვოტების გარეშე შეღწევის საშუალებას აძლევს მსოფლიოს 50 უღარიბეს ქვეყანას, ადრე არსებულის ანალოგიურია;
მდგრადი განვითარებისა და ეფექტიანი მმართველობისათვის ახალი GSP+ სატარიფო დათმობების დაწესება.
GSP+ სქემა მოიცავს დაახლოებით 7,200 დასახელების პროდუქციას, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე დაიშვება საბაჟო გადასახადების გარეშე და მნიშვნელოვნად განსხვავდება GSP-ის ზოგადი რეჟიმიდან.4
GSP+ სავაჭრო რეჟიმით სარგებლობის უფლება ენიჭებათ იმ ქვეყნებს, რომლებიც გამოირჩევიან მდგრადი განვითარებით, ეფექტიანი მმართველობის სისტემით და რომლებმაც მოახდინეს აღნიშნული სავაჭრო რეჟიმის მისანიჭებლად აუცილებელი საერთაშორისო კონვენციების (23 კონვენცია) რატიფიკაცია ადამიანთა უფლებების, შრომის დაცვის და სხვა სფეროებში. ამასთანავე, აუცილებელია, მათ დაამტკიცონ რომ არიან მცირე GSP-ის ბენეფიციარი ქვეყნები და მათი ეკონომიკა ნაკლებად დივერსიფიცირებულია.
ამისათვს საჭიროა, რომ:
ევროკავშირში GSP-ით ხუთ უმსხვილეს სექტორში განხორციელებული იმპორტის მოცულობა შეადგენდესGSP-ით განხორციელებული იმპორტის საერთო მოცულობის 75%-ზე მეტს;
GSP-ით ამ ქვეყნიდან იმპორტი შეადგენდეს ევროკავშირის მიერ GSP-ით განხორციელებული იმპორტის საერთო მოცულობის არაუმეტეს 1%.
ახალი სქემა ითვალისწინებს სავაჭრო პრეფერენციების სისტემას განვითარებადი ქვეყნებისთვის მომდევნო ათი წლის განმავლობაში. თუმცა ყოველ სამ წელიწადში მოხდება მისი გადახედვა. ამჟამად დამტკიცებული სქემა მოქმედებს 2008 წლის 31 დეკემბრამდე.
აღსანიშნავია, რომ თუ ქვეყანა არ დააკმაყოფილებს მდგრადი განვითარებისა და ეფექტიანი მმართველობის კრიტერიუმებს (დაარღვევს შესაბამის კონვენციებს), დაისმება ამ ქვეყნის მიმართ GSP+ მოქმედების შეწყვეტის საკითხი. GSP+ რეჟიმით სარგებლობის უფლება ქვეყანას შეიძლება ჩამოერთვას აგრეთვე იმ შემთხვევაშიც, თუ მსოფლიო ბანკი აღიარებს მას, როგორც მაღალშემოსავლიანს ბოლო სამი წლის განმავლობაში და იმ შემთხვევაში, თუGSP+ რეჟიმით გატანილ მთლიან პროდუქციაში ხუთი უმსხვილესი სექტორის წილი იქნება 75%-ზე ნაკლები.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებით, ევროკავშირის საბჭოს ა. წ. 27 ივნისს #980/2005 განაწესის თანახმად, საქართველოს ევროკავშირის პრეფერენციების განახლებული გენერალიზებული სისტემის ახალი სქემით მიენიჭა მდგრადი განვითარებისა და ეფექტიანი მმართველობისათვის გათვალისწინებული შეღავათები (GSP+ სავაჭრო რეჟიმი). ამრიგად, ქართველი მეწარმეებს 2005 წლის 1 ივლისიდან საშუალება ეძლევათ GSP+ სავაჭრო რეჟიმით ისარგებლონ. აღსანიშნავია, რომ GSP+-ით სარგებლობის უფლება პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან მხოლოდ საქართველოსა და მოლდოვას მიენიჭათ.
იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირი საქართველოს მეორე სავაჭრო პარტნიორია დსთ-ს შემდეგ, აღნიშნული შეღავათების მინიჭება მნიშვნელოვანი სტიმული უნდა გახდეს ქართული პროდუქციის ექსპორტისათვის ევროკავშირის ბაზარზე.
წლების განმავლობაში საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის ვაჭრობა სწრაფი დინამიზმითა და განვითარებით გამოირჩევა. ძირითადი პარტნიორი ქვეყნებიდან აღსანიშნავია: გერმანია, გაერთიანებული სამეფო, იტალია, საფრანგეთი და ნიდერლანდები. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო წლების მონაცემებით, ევროკავშირის წილად სტაბილურად მოდის საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის დაახლოებით 30 პროცენტი, მათ შორის ექსპორტის – 17 პროცენტი და იმპორტის – 35 პროცენტი.
2005 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოს ვაჭრობამ ევროკავშირის ქვეყნებთან შეადგინა 836 600 მლნ. აშშ დოლარი, რაც დაახლოებით 15 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით (იხ. ცხრილი).
ევროკავშირის ბაზარზე საქართველოს ძირითადი საექსპორტო საქონელია: თხილი, მინერალური და გაზიანი წყლები, მინერალური სასუქები, ფეროშენადნობები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, დაუმუშავებელი ოქრო, შავი ლითონის ჯართი და ა.შ. იმპორტში ჭარბობს მსუბუქი მანქანები, სამკურნალო საშუალებები, შაქარი, გამოთვლითი მანქანები, ნავთობი და ნავთობპროდუქტები და ა.შ (იხ. ცხრილი).
ევროკავშირთან ვაჭრობის განვითარების კონტექსტში ყურადსაღებია ევროკავშირის ბოლო გაფართოების შედეგები. 2004 წლის პირველ მაისს დასრულდა ევროკავშირის გაფართოების მორიგი ტალღა – ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 10 ქვეყანა (ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, კვიპროსი და მალტა) ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდა, რაც ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებისათვის ამოქმედდა ევროკავშირის სავაჭრო პოლიტიკის ყველა პირობა და მოთხოვნა, გავრცელდა ევროკავშირის ყველა ორმხრივი და მრავალმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური შეთანხმების დებულებები და ნაკისრი ვალდებულებები, ისევე, როგორც დამცავი და სხვა სავჭრო ზომები. ამჟამად ისინი ვალდებულნი არიან გამოიყენონ ევროკავშირის ერთიანი საბაჟო ტარიფები, სავაჭრო წესები და ადმინისტრაციული პროცედურები. 2004 წლის აგვისტოში საქართველოს პარლამენტმა რატიფიკაცია გაუკეთა საქართველოსა და ევროგაერთიანებებისა და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ბრიუსელში 2004 წლის 30 აპრილს შესრულებულ შეთანხმების ოქმს “პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ”, რომლის საფუძველზეც საქართველოსა და ათივე ახალ წევრს შორის ურთიერთობები განხორციელდება ზემოთ აღნიშნული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების დებულებების შესაბამისად.
საბაჟო-სატარიფო სფეროში განსახორციელებელი ცვლილებებიდან გამომდინარე, ახალი წევრების სავაჭრო პოლიტიკა სრულად იქნება ჰარმონიზებული ევროკავშირის სავაჭრო პოლიტიკასთან, რაც დადებით მხარეებთან ერთად გულისხმობს ახალგაწევრიანებული ქვეყნების მხრიდან ვაჭრობაში იმ ტექნიკური ბარიერებისა და შეზღუდვების გამოყენებასაც (მაგ. კვოტები საფეიქრო ნაწარმზე, ფოლადზე და ზოგიერთ სამრეწველო პროდუქციაზე). ამასთან, ახალგაწევრიანებული ქვეყნები გამოიყენებენ შიდა მხარდაჭერის იმ მექანიზმებს, რომელსაც იყენებს ევროკავშირი.
ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: რა გავლენას მოახდენენ საქართველოს ექსპორტზე ზემოთაღნიშნული ცვლილებები?
როგორც ბოლო წლების სტატისტიკური მონაცემები მოწმობენ, საქართველოს ვაჭრობის ხვედრითი წილი ევროკავშირის 10 ახალგაწევრიანებულ ქვეყანასთან საქართველოს ვაჭრობის მთლიან მოცულობაში ძალზე მცირეა. ბოლო წლების განმავლობაში შეინიშნება ამ ქვეყნებთან ვაჭრობის მოცულობის კლების ტენდენცია. მაგ., თუ 2000 წელს ათივე ქვეყანაში საქართველოს ექსპორტის ხვედრითი წილი შეადგენდა მთელი ექსპორტის 2.1%-ს, 2001 წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა შეადგინა 1.8%, 2002 წელს 1.2%, ხოლო 2003 წლის მონაცემებით 0.8%. ანალოგიური ტენდენცია შეინიშნება იმპორტთან მიმართებაშიც. აღნიშნულ ქვეყნებში საქართველოდან გადის ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელები, ფარმაცევტული პროდუქტები, თხილი, შავი ლითონები, მცირე რაოდენობით კონსერვები და ა.შ. აღნიშნული პროდუქციის წილი მთლიან ექსპორტში უმნიშვნელოა, მაგ., 2003 წელს ღვინის ექსპორტმა მთლიანად შეადგინა 36 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო 10 ახალგაწევრიანებული ქვეყნების წილზე მოდის ღვინის ექსპორტის დაახლოებით 2 პროცენტი.
ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ, მიიღეს რა ევროკავშირის ერთიანი საიმპორტო-საბაჟო ტარიფები, იმ საქონელზე, რომელიც საქართველოს ძირითადად შეჰქონდა ამ 10 ქვეყნის ბაზარზე, საბაჟო ტარიფებმა უმეტესად დაიკლო, თუმცა ზოგიერთი ქვეყნის შემთხვევაში მოიმატა.
ევროკავშირში 10 ახალი ქვეყნის გაწევრიანებამდე მსგავსი პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმით საქართველო ამ ქვეყნებიდან 4-თან სარგებლობდა (ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი და ესტონეთი), რომლებსაც გააჩნდათ ევროკავშირისაგან განსხვავებული სისტემა. გაერთიანების შემდეგ ოთხის ნაცვლად ათივე ახალი წევრი ვალდებული იქნება საქართველოზე შეღავათები ვაჭრობაში გაავრცელოს ევროკავშირის სქემით, რაც გულისხმობს ქართული პროდუქციისათვის საექსპორტო ბაზრის გაფართოებას ევროპის 15 ქვეყნიდან 25-მდე და ამ ბაზარზე საქონლის შეტანას საბაჟო ტარიფის საგრძნობლად შემცირებული განაკვეთებით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ქართველი ექსპორტიორებისათვის ბაზარზე დაშვების პირობები უმჯობესდება, რადგან რამდენიმე განსხვავებული პრეფერენციული სავაჭრო სისტემა შესაბამისად განსხვავებული მოთხოვნებითა და წესებით შეიცვლება ერთიანი სისტემით, რაც, თავის მხრივ, გაამარტივებს რიგ ადმინისტრაციულ პროცედურებს ექპორტიორებისათვის.
საზოგადოდ, 10 ახალი ქვეყნის გაწევრიანება ევროკავშირში გაამარტივებს GSP-ის რეჟიმს დაქვემდებარებული ქართული ექსპორტის შეღწევას ამ ქვეყნებში და პერსპექტივაში შექმნის ამ კატეგორიის ექსპორტის ზრდის შესაძლებლობს. თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მოკლევადიან პერიოდში ქართულ ექსპორტს გარკვეული არასატარიფო ბარიერები შეექმნებათ, როგორც ეს უკვე მოხდა ბორჯომის შემთხვევაში. იმის გამო, რომ 2004 წლის პირველი მაისისთვის, ლატვიის ევროკავშირში გაწევრიანების დროისათვის ვერ მოესწრო ბორჯომის მინერალური წყლების სერტიფიცირების პროცესის დასრულება, ლატვიის მთავრობამ აკრძალა ბორჯომის მინერალური წყლების შეტანა ლატვიის ბაზარზე. ამ შეზღუდვების გამო ზარალს განიცდის როგორც კომპანია, ისე სახელმწიფო. პირველადი მონაცემებით სახელმწიფოს ზარალმა შეადგინა 155000 აშშ დოლარი, ხოლო კომპანია GG&MW-ის ზარალმა გადააჭარბა 130000 აშშ დოლარს.
საინტერესოა განვიხილოთ, რა მდგომარეობაა ევროკავშირთან საქართველოს ვაჭრობის ევროკავშირის პრეფერენციების განზოგადოებული სისტემის (GSP)-ის პრაქტიკულ გამოყენებასთან დაკავშირებით. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში ევროკავშირთან GSP-ის რეჟიმით საქართველოს ვაჭრობა საგრძნობლად გაიზარდა. როგორც სტატისტიკური მონაცემები მოწმობენ, თუ 2000 წელს საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში დაახლოებით 70 მლნ. აშშ დოლარს შეადგენდა და შეღავთიანი GSP-ის რეჟიმით ისარგებლა 18.5 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების საქონელმა (ევროკავშირში საქართველოს მთლიანი ექსპორტის 26.4%), 2003 წლისათვის საქართველოს ექსპორტი გაიზარდა 76.0 მლნ დოლარამდე, ხოლო GSP-ის რეჟიმით განხორციელებულ იქნა დაახლოებით 42 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების ექსპორტი (55.3%). 2004 წლის მონაცემების მიხედვით, ევროკავშირში საქართველოს ექსპორტმა შეადგინა 111 მლნ. აშშ დოლარი, საიდანაც GSP-ის რეჟიმში მოხვდა 50 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია (45%).
შესაბამისად, გაიზარდა გაცემული GSP-ის შეღავათებით სარგებლობისათვის საჭირო წარმოშობის დამადასტურებელი ფორმა A სერტიფიკატის რაოდენობა: 2000 წელს იყო 358, 2001 წელს – 305, 2002 წელს – 309, 2003 წელს – 528. 2004 წელს გაცემულია 494 სერტიფიკატი. GSP-ის გამოყენების (უტილიზაციის) მაჩვენებელი 2003-2004 წლებში დაახლოებით 52% შეადგენდა, რაც ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელი იყო ევროკავშირის პრეფერენციების მომხმარებელ ქვეყნებს შორის.5
2003 წელს GSP-ის რეჟიმით ისარგებლეს ევროკავშირში საქართველოს ექსპორტის უმსხვილესმა სასაქონლო პოზიციებმა: უალკოჰოლო სასმელები – 11.1 მლნ. აშშ დოლარი (ევროკავშირში მთლიანი ექსპორტის 14.6%), ამონიუმის გვარჯილა – 12.3 მლნ. აშშ დოლარი (16.2%), ფეროშენადნობები – 4.4 მლნ. აშშ დოლარი (5.8%), თხილი – 7.9 მლნ. აშშ დოლარი (10.4%). 2004 წელს საქართველოს ექსპორტის სასაქონლო პოზიციები არ შეცვლილა და შეადგინა: უალკოჰოლო სასმელები – 10.5 მლნ. აშშ დოლარი (ევროკავშირში მთლიანი ექსპორტის 13.9%), ამონიუმის გვარჯილა – 9.0 მლნ. აშშ დოლარი (11.9%), ფეროშენადნობები – 4.8 მლნ. აშშ დოლარი (6.3%), თხილი – 3.9 მლნ. აშშ დოლარი (5.1%).
საერთო ჯამში ქართველი ექსპორტიორების შეღავათმა GSP-ის რეჟიმის გამოყენებით 2003 წელს შეადგინა დაახლოებით 1.4 მლნ. აშშ დოლარი, ხოლო 2004 წელს – 1.8 მლნ. აშშ დოლარი.
როგორც უკვე აღინიშნა, 2005 წლის 1 ივლისიდან საქართველო სარგებლობს ახალი GSP+ სქემით, რომელიც მოიცავს დაახლოებით 7,200 დასახელების პროდუქციას, და ევროკავშირის ბაზარზე შეიძლება დაიშვას საბაჟო გადასახადების გარეშე.
ფაქტიურად, საქართველო, გახდა რა GSP+ -ის მომხმარებელი ქვეყანა, ევროკავშირიდან ცალმხრივად მიიღო თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი არსებული სატარიფო განრიგის დაახლოებით 75%-ზე, რომელიც ეხებასაქართველოს ევროკავშირში დღევანდელი ექსპორტის უდიდეს ნაწილს. GSP+ იძლევა უნიკალურ შანსს საფეიქრო პროდუქციით ვაჭრობაში, რადგან ის ვრცელდება მთლიანად საფეიქრო საქონელზე (სასაქონლო კოდები 50-66).
რაც შეეხება პერსპექტივებს, საქართველოს საექსპორტო პროდუქციიდან შეიძლება გამოვყოთ ღვინო, ბუნებრივი და მინერალური წყალი და რიგი სხვა პროდუქციისა, რომელთაც სერიოზული პერსპექტივა გააჩნია ევროკავშირის ბაზარზე.
ღვინო
ღვინო საქართველოს მნიშვნელოვანი ტრადიციული საექსპორტო პროდუქციაა. 2005 წლის ღვინის რეგისტრირებულმა მთლიანმა ექსპორტმა 81 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2004 წლის მონაცემზე 33 მილიონი აშშ დოლარით მეტია. ქართული ღვინის ექსპორტს სტაბილურად მზარდი ტენდენცია ახასიათებს. თუმცა აღნიშნული სექტორი დიდად არის დამოკიდებული რუსეთის სამომხმარებლო ბაზარზე. ევროკავშირის ქვეყნების წილი უმნიშვნელოა და ამჟამად არ აღემატება 3 პროცენტს (დაახლოებით 2 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია).
მას შემდეგ, რაც 2004 წლის იანვარში ევროკავშირის მიერ ქართული ღვინის ოფიციალური ცნობის პროცესი დასრულდა, შეიქმნა სერიოზული პერსპექტივა ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდისათვის ევროკავშირის ბაზარზე. ამიერიდან, ღვინის ქართველ მეწარმეებს შეუძლიათ ევროკავშირის ბაზარზე ღვინის ექსპორტი შეუზღუდავი რაოდენობით განახორციელონ. ამისათვის ქართველ მეწარმეებს სჭირდებათ სპეციალური VI1 სერტიფიკატის წარდგენა, რომელსაც საქართველოში შესაბამისი აკრედიტირებული ორგანო გასცემს და რომელშიც დეტალურად უნდა იყოს დახასიათებული ევროკავშირის ბაზარზე შესატანად განკუთვნილი ღვინო. ამასთან, ქართველ ექსპორტიორებს აგრეთვე დასჭირდებათ ევროკავშირში ღვინით ვაჭრობის გარკვეული წესების (არასატარიფო მოთხოვნების) დაკმაყოფილება.
აღსანიშნავია, რომ ღვინის ძირითადი სახეობები არ შედის საქართველოსთვის 2005 წელს მინიჭებულ GSP+ რეჟიმში, თუმცა ოთხი კატეგორიის ღვინო (22043092, 22043094, 22043006, 22043098 – ძირითადად ღვინის შემაგრებული სახეობები) პირველად შევიდა პრეფერენციულ რეჟიმში და იბეგრება შეღავათიანი ტარიფით. ღვინის საბაჟო გადასახადი შედგება ადვალორული (პროცენტული) და სპეციფიკური გადასახადისგან. GSP+-ის რეჟიმის პირობებში ადვალორული გადასახადი ნულს უტოლდება, ხოლო სპეციფიკური გადასახადი მესამე ქვეყნების გადასახადის დონეზე რჩება.
როგორც ფაქტები მოწმობენ, ევროკავშირის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის ძირითად შემაფერხებელ ფაქტორად გვევლინება არა საიმპორტო ტარიფები, არამედ ქართული ღვინის ცნობადობა, არასატარიფო მოთხოვნები, ბაზარზე დასამკვიდრებლად საჭირო სარეკლამო კომპანიისათვის აუცილებელი სახსრების ნაკლებობა და ევროკავშირის მომხმარებლის განსხვავებული გემოვნება (ქართული ღვინის გასაღების ტრადიციული ბაზრების მომხმარებლებთან შედარებით).
სხვა პერსპექტიული პროდუქცია
ევროკავშირის ბაზარზე სერიოზული პოტენციალი გააჩნიათ ქართულ ნატურალურ და მინერალური წყლების (სასაქონლო ნომერი 2202) ექსპორტს. ამ მიმართულებით პირველ რიგში მნიშვნელოვნია, ანალოგიურად ღვინისა, მოხდეს ევროკავშირის მიერ საქართველოს მინერალური და ნატურალური წყლის ოფიციალური ცნობა. GSP+ მოიცავს წყალს, მათ შორის მინერალურ წყალს (220210), რომელზეც GSP-ის ზოგადი რეჟიმით საბაჟო გადასახადი 6.1% იყო, ახლა კი GSP+ -ით ნულოვანი გადასახადით იბეგრება.
ახალი GSP+-ს სქემა ასევე ხელსაყრელია ქართული თხილის ექსპორტისათვის GSP-ის ზოგადი რეჟიმი ითვალისწინებდა 2,1% საბაჟო გადასახადს, ახალი რეჟიმით კი – 0%, ანალოგიური მდგომარეობაა ამონიუმის სულფატის შემთხვევაში: GSP-ის ზოგადი რეჟიმით გადასახადი იყო 3%, ახალი სქემით კი – 0%.6საქართველოს დიდი პოტენციალი გააჩნია სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის კუთხით (ახალ ხილი და ბოტნეული, ასევე სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ჯემები, წვენები, სანელებლები, თაფლი და ა.შ.) ამ სფეროში ექსპორტიორები ძირითადად აწყდებიან სერტიფიცირებისა და ფიტოსანიტარიის პრობლემებს. საქართველოში ჯერ კიდევ არ არსებობს საკვები პროდუქტების ადგილობრივი სერტიფიცირების ორგანო, რომელიც აკრედიტირებული იქნებოდა ევროკავშირის ბაზარზე. ამდენად, ექსპორტიორები იძულებულნი არიან სერტიფიცირება მოახდინონ უცხოური ორგანოების საშუალებით, რაც დამატებით ფინანსურ დანახარჯებთანაა დაკავშორებული.
გარდა აღნიშნულისა, სოფლის მეურნეობის პროდუქციას დიდი პოტენციალი გააჩნია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის და ე.წ. ბიოპროდუქციის ბაზარზეც, თუმცა აქაც მწვავედ დგას სერტიფიცირების პრობლემა. პროდუქციისათვის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის ნიშნის მისაღებად, ევროსტანდარტების შესაბამისად, საჭიროა ევროკომისიის შესაბამისი მოთხოვნებით გათვალისწინებული საკმაოდ რთული პროცედურის გავლა. ორგანული პროდუქციის სერტიფიცირება, პროდუქციის ჩვეულებრივი სერტიფიცირებისაგან განსხვავებით, წარმოადგენს წარმოების სრული ციკლის მონიტორინგს და უფრო მრავალმხრივია, ვიდრე პროდუქციის ზოგადი სერტიფიცირება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განვითარებისათვის მნიშვნელოვანი რეზერვები არსებობენ, რომელთა ამოქმედებისათვის საჭიროა მთელ რიგ ღონისძიებათა კომპლექსის გატარება, რომელთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მნიშვნელოვანია ევროკავშირის GSP+-ის ახალი სქემის ქართველ მეწარმეებამდე დაყვანა, აღნიშნული სქემის თარგმნა ქართულ ენაზე, სემინარებისა და კონსულტაციების ჩატარება არასატარიფო მოთხოვნების შესახებ.
ქართული ღვინის პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის ხელშესაწყობად, ევროკავშირის მიერ ქართული ღვინის ოფიციალურად ცნობის შემდეგ, ახალი ნაბიჯი იქნება და ევროგაერთიანება და საქართველოს შორის ღვინით ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმება. ამ შეთანხმებაში, ქართული ღვინის პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე დამკვიდრების ხელშემწყობი მექანიზმები უნდა (გარკვეული ტიპის შეღავათებიც) აისახოს, რაც რუსეთის ბოლოდროინდელი ქართული ღვინის ემბარგოს ფონზე დამატებით შესაძლებლობებს შექმნის ევროკავშირის ბაზარზე ქართული ღვინის დაშვების მასშტაბების გაფართოებისათვის. ამასთან ერთად, წარმატების მისაღწევად სახელმწიფომ საერთაშორისო პრაქტიკის საუკეთესო მაგალითების გათვალისწინებით, უნდა უზრუნველყოს უპირველეს ყოვლისა “ღვინისა და ვაზის” კანონის სრულმასშტაბიანი ამოქმედება და ადგილობრივი გეოგრაფიული დასახელებების სრული კონტროლი, რაც სერიოზულად შეუწყობს ხელს ფალსიფიკაციის წინააღმდეგ ბრძოლას, აამაღლებს ქართული ღვინის ხარისხს და, შესაბამისად მის პრესტიჟს. ქართველმა მეღვინეებმა უნდა მიმართონ მარკეტინგის უფრო აგრესიულ და ეფექტურ ფორმებს და რეგულარულად წარმართონ აქტიური საპრეზენტაციო კომპანიები, საშუალებები, რაც ქართულ პროდუქციაზე მოთხოვნის გაზრდის წინაპირობა იქნება საქართველოს ევროპაში ცნობადობის ზრდის კვალდაკვალ.
ეკოლოგიურად სუფთა სასოფლო-სამეურნეო და კვების მრეწველობის პროდუქციის ექსპორტზე ორიენტაცია ქართველი მეწარმეებისათვის განსაკუთრებული ნიშის დაკავების საშუალება იქნება – ეკოლოგიური სტანდარტების ამაღლება კი ზემოაღნიშნული სექტორების ექსპორტზე ორიენტირებისათვის ხელშემწყობი ფაქტორი იქნება. ამასთან, ევროკავშირის მოთხოვნის შესაბამისად, საჭიროა დარეგულირდეს სოფლის მეურნეობის პროდუქციის სერტიფიცირების პრობლემა. რაც შეეხება ევროკავშირის ბაზარზე ქართული ბუნებრივი და მინერალური წყლების ექსპორტის შესაძლებლობების სრულად გამოყენებას, საჭიროა ევროკავშირის მიერ საქართველის მინერალური და ნატურალური წყლის ოფიციალური ცნობის უზრუნველყოფა, რაც ხელისუფლებისა და ბიზნესის ერთობლივ ძალისხმევას მოითხოვს.
ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების ახალი რეალიების გათვალისწინებით, სამეზობლო პოლიტიკაში საქართველოს მონაწილეობის ეფექტიანობის უზრუნველყოფის და ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებისა და ინტეგრაციული პროცესების დაჩქარების მიზნით აუცილებელია, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების მიზნით, დაიწყოს კონსულტაციები ევროკავშირსა და საქართველოს შორის თავისუფალი ან ავტონომიური სავაჭრო შეთანხმების (ბალკანეთისა და მოლდოვას ანალოგიურად) გასაფორმებლად.
ზოგადად, საქართველოსათვის სადღეისოდ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ტრადიციულ საექსპორტო ბაზრებზე პოზიციების გამყარებასა და დამკვიდრებასთან ერთად, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება და სტაბილურ და პროგნოზირებად ბაზრებზე (უპირველესად ევროკავშირი) საქმიანობის სტანდარტებისა და ნორმების ათვისება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქართული ექსპორტის საერთო კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial