“მცირე და საშუალო საწარმოთა დასახმარებლად საბაჟო გადასახადები 300 მილიონით შემცირდა”

რედაქციისაგან
დღეს ყველასათვის გასაგებია, რომ საქართველოს საგარეო ეკონომიკური პოლიტიკისათვის მსოფლიო გლობალურ ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ მხრივ განსაკუთრებული დატვირთვა ბიზნესის ქართველი წარმომადგენლებისათვის საერთაშორისოდ აღიარებული და მიღებული სავაჭრო პრაქტიკის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდებას აქვს. ქართული ეკონომიკისთვის მეტად მნიშვნელოვანია ექსპორტის ზრდა და ევროკავშირის ბაზარზე დამკვიდრება, მაგრამ ამ მხრივ პრობლემათა წყებას ბოლო არ უჩანს.
აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 18 ივლისს, სასტუმრო “მარიოტ თბილისში” ევროკომისიის წარმომადგენლობამ და ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭომ ევროკავშირ-საქართველოს სავაჭრო საკითხებზე სემინარი მოაწყვეს. მისი მიზანია, რომ ქართველი საზოგადოებისათვის და განსაკუთრებით ბიზნეს წრეებისათვის ევროკავშირის სავაჭრო პოლიტიკის შესახებ ინფორმაციის, მის ბაზარზე შეღწევის პირობების, ტექნიკური რეგულირებების, სატარიფო და არასატარიფო ბარიერებისა და საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდეს. საქართველოზე ვრცელდება ევროკავშირის შეღავათი (GSP+), რომლის პრეცენდენტიც ზოგადი სავაჭრო შეღავათების მქონე 180 ქვეყნიდან მხოლოდ 14 ქვეყანაშია.
საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ჯემალ ინაიშვილი:
– მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ბიზნესკავშირი სულ რამდენიმე თვის წინ შეიქმნა, მაგრამ უკვე რეალური საქმეებით წარმოჩნდა ჩვენ წინაშე. ქართული ბიზნესისათვის მნიშვნელოვანია დღევანდელი სემინარიც. იგი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება. ჩვენი ქვეყნის მიზანია ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მჭიდრო სავაჭრო კავშირების განვითარება, მით უმეტეს დღევანდელი პრობლემებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენს ექსპორტს შეექმნა. ამიტომ უნდა ვიფიქროთ ახალი ბაზრების ათვისებასა და ექსპორტის განვითარებაზე. ამ მხრივ მნიშვნელოვან ბაზარს ევროპის ბაზარი წარმოადგენს. სავაჭრო ურთიერთობების განვითარება, პირველ რიგში, ჩვენს ქვეყანაში ვაჭრობის განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვაზეა დამოკიდებული. ამ მიმართულებით საქართველოში ბევრი რამ კეთდება, რათა შევქმნათ მიმზიდველი საინვესტიციო გარემო და ქვეყანაში ჩამოყალიბდეს ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა. რამდენიმე დღეში საქართველოს პარლამენტი ახალ კანონს მიიღებს, რომლის საფუძველზეც მოხდება სოფლის მეურნეობისა და კვების პროდუქტების გარდა ყველაფრის განულება, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებას და ეკონომიკის განვითარებას, რაც თავისთავად აისახება სავაჭრო და საექსპორტო პოტენციალის ზრდაზე. პარლამენტში მიმდინარეობს მსჯელობა საბაჟო კოდექსის ახალ ვარიანტზე, რომელიც მაქსიმალურად ლიბერალური და გამარტივებული უნდა იყოს, რაც განსაკუთრებით საექსპორტო რეჟიმს უნდა შეეხოს. ასევე ვმუშაობთ არსებული საგადასახადო კოდექსის დახვეწაზე. ამ ქმედებებმა საბოლოოდ დადებითი შედეგი უნდა გამოიღოს. საუბარია GSP+ რეჟიმზე, რაც საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვანია, მაგრამ მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ სამწუხაროდ მასში არ შედის ღვინო, თუმცა ქართული ალკოჰოლური სასმელების ამ რეჟიმში შესვლას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
სოფია მუნიოზი, რუსეთთან, დსთ-სთან, კანდიდატ ქვეყნებთან და ბალკანეთთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე ევროკომისიის ვაჭრობის დირექტორიატში:
– ვფიქრობ, თქვენი ქვეყნისათვის ჩვენი სემინარი ნამდვილად მნიშვნელოვანია შემდგომი მოლაპარაკებების, აგრეთვე ევროკავშირისა და საქართველოს სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი განვითარების კონტექსტში. ყველა გამომსვლელი დამეთანხმება, რომ ვაჭრობა არის ის მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელსაც ქვეყნის აყვავება და მატება მოჰყვება. ამიტომ, იმ სამოქმედო გეგმაში, რომლის საფუძველზეც თქვენთან მოლაპარაკებების გამართვას ვაპირებთ, მთავარი დარგი სწორედ ვაჭრობაა. საერთოდ, საქართველომ ეკონომიკის განვითარებისათვის მრავალმხრივ უნდა განავითაროს თავის სავაჭრო სისტემა. ჩვენ თავლყურს ვადევნებთ ევროკავშირისა და საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებს, საქართველოს სავაჭრო სტრუქტურას, რაშიც, ვფიქრობ, მრავალი პრობლემა გაქვთ. რაც შეეხება თქვენს ექსპორტს, ის მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული. ჩემი მთავარი მიზანია, მოგაწოდოთ ინფორმაცია სავაჭრო სტრუქტურის შექმნის აუცილებლობის შესახებ და ვისაუბრო საქართველოსა და ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობებზე. ევროკავშირი საქართველოს მთავარი სავაჭრო ძალაა. ის პირველი ექსპორტიორი და მეორე უმსხვილესი იმპორტიორია აშშ-ის შემდეგ. რაც ნათლად გაჩვენებთ, რომ მხოლოდ თქვენი სავაჭრო ძალა არ გახლავთ, ის ღია ვაჭრობის ძალაა, თანაც არა მხოლოდ ვაჭრობაში.
ჩვენ ყურადღებით ვეცნობით ევროკავშირ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობების მონაცემებს, ისევე, როგორც თქვენს სავაჭრო ურთიერთობებს მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან. ეს ის სფეროა, სადაც მრავალ შემთხვევაში დარღვეულია ბალანსი, ეს ეხება თქვენს სამეზობლო პოლიტიკასა და თქვენი მეზობელი ქვეყნების პოლიტიკას, რომელიც თქვენ მიმართ ხორციელდება. არსებობს სამეზობლო ურთიერთობების სამოქმედო გეგმა, რომელიც ამ პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ. ჩვენ საქართველოს საერთო ვაჭრობაში უკანასკნელი 5 წლის მანძილზე ზრდას ვხედავთ, მაგრამ ფაქტიურად, ევროკავშირის ვაჭრობამ ორიენტაცია კვლავ დსთ-ს ქვეყნებზე აიღო, რაც დსთ-ს ქვეყნებთან სავაჭრო პოლიტიკაზეც აისახა. როგორც აღვნიშნე, ევროკავშირი-საქართველოს შემთხვევაში სავაჭრო ურთიერთობებში გარკვეული დისბალანსი შეიმჩნევა იმ პროდუქტებში, რომლითაც ხორციელდება ვაჭრობა. ეს ეხება ნედლეულს, სოფლის მეურნეობის პროდუქტებს. Gაუგებარია, თუ რატომ ხდება მათი ექსპორტი ევროკავშირში. მინდა აგიხსნათ ევროკავშირის ვაჭრობის მთავარი შტრიხები. არსებობს ჩარჩოკანონები, რომლითაც ჩვენ სხვა ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობებში ვიყენებთ, ეს არის პასუხისმგებლობა, რომელიც მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებთან გვაკისრია. ჩვენი მიზანი ვაჭრობის განვითარების ხელშეწყობაა, მაგრამ ეს დახმარება მისაღები ფორმებით უნდა მოხდეს. ჩვენ სავაჭრო ურთიერთობებისას ევროკავშირის ღირებულებების წარმოჩენას ვცდილობთ, რათა სავაჭრო ბაზარი უფრო პროგრესული გავხადოთ. ჩვენი სავაჭრო პოლიტიკის მთავარი შტრიხი მრავალმხრივი და ორმხრივი ვაჭრობებია, როგორც ეს ევროკავშირ-საქართველოს შემთხვევაში ხდება, რაც სამოქმედო გეგმაშია ჩაწერილი. თქვენს შემთხვევაში მოქმედებს GSP+ სისტემა. რაც შეეხება მრავალმხრივ სავაჭრო ურთიერთობებს, ეს თქვენ კარგად იცით, რადგან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი ხართ, რაც საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების სისტემაში ჩართვას ნიშნავს. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაშიც ევროკავშირი თავის ღირებულებებს ნერგავს, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ჩვენი სახელმწიფო პოლიტიკა ცდილობს თავისი ღირებულებების ექსპორტს, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დონეზეც კი. თუმცა ჩვენს სავაჭრო ურთიერთობებში ორმხრივ ვაჭრობასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ევროკავშირს ამ სახის შეთანხმება 120 ქვეყანასთან აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს 120 ქვეყანასთან თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმებას, მათი საშუალებით ამ ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების განვითარებასა და უფრო მეტად გაღრმავებას ვცდილობთ.
საქართველო GSP+ სისტემით ისარგებლებს, რომელიც მხოლოდ 14 ქვეყანაზე ვრცელდება, რაც თქვენს ქვეყანას სოფლის მეურნეობის, რკინისა და სხვა ექსპორტის დონის ამაღლებაში დაეხმარება. ეს იმისთვის კეთდება, რომ ღარიბ ქვეყნებს ევროკავშირის ბაზარზე გასვლაში დავეხმაროთ.
სემინარზე მოხსენებით გამოვიდა ევროკომისიის საგადასახადო და საბაჟო კავშირის გენერალური დირექტორიპატრის პილე, რომელმაც საბაჟო და ვაჭრობის ხელშეწყობის საკითხებზე ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის კონტექსტში ისაუბრა:
– ვაჭრობის საკითხში საბაჟო ადმინისტრაციას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, მისი ლიბერალიზაცია და გამარტივება საბაჟო ტარიფებს უკავშირდება. მცირე და საშუალო საწარმოთა დასახმარებლად საბაჟო გადასახადები 300 მლნ. ევროთი შემცირდა, რაც მათთვის საკმაოდ დიდ შეღავათს წარმოადგენს. შედარებით სხვა მიდგომებია საჭირო მსხვილ მწარმოებელთათვის, უნდა დაინერგოს საბაჟო სისტემების შესაბამისი სისტემები, ვალდებულებები რისკის ანალიზის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საბაჟო სისტემების გამარტივების საკითხში პრობლემები წარმოიქმნება. მნიშვნელოვანია კორუფციის საკითხიც, რომლის გამოც საბაჟო სექტორებში ძვირადღირებული ვალდებულებებია, ამიტომ აუცილებელია საბაჟო დოკუმენტაციასთან რეგულირების დონეზე ჰარმონიზაცია. ევროკავშირის საბაჟო პოლიტიკის ორიენტაცია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან ვაჭრობის განვითარების ხელშეწყობაა. აგრეთვე ჩვენი მიზანია საბაჟო წესები გახდეს საჯარო და ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისთვის. კიოტოს კონვენციის თანახმად, თანხის გადახდა დოკუმენტაციის წარდგენის თანხმლები პროცედურა უნდა იყოს. უნდა ვთქვა, რომ ევროკავშირს ბევრი პროგრამა აქვს განსახორციელებელი. მნიშვნელოვან მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს ერთი ფანჯრის პრინციპი, ევროკავშირის მასშტაბით უნდა დაინერგოს კომპიუტერულად ტრანფარაბელური სისტემა, რათა ავტომატურად მოხდეს იმპორტისა და ექსპორტის შესახებ ინფორმაციის გაცვლა. ევროკავშირის საბჭოში განიხილება ახალი დებულებები, როგორიცაა სამეზობლო პოლიტიკა. ევროკავშირი ყველა პარტნიორ ქვეყანას ითვალისწინებს. აუცილებელია საბაჟო სისტემების მოდერნიზაცია და ახალი კონცეფციების დანერგვა, თანამშრომლობა უწყებებს შორის და კორუფციასთან ბრძოლა. 1999 წლის საქართველო ევროკავშირის შეთანხმების თანახმად არსებობს დებულება, რომელიც საბაჟო სექტორში ურთიერთდახმარების პროგრამას ითვალისწინებს. ევროკავშირთან თანამშრომლობის სამოქმედო გეგმაში ჩადებულია დებულება – რეგულირების დონეზე განიხილონ ვაჭრობის სფეროში უსაფრთხოების გაზრდა კანდიდატ ქვეყნებში. ყველა პარტნიორმა ქვეყანამ აღიარა საბაჟო კანონმდებლობის ჰარმონიზაციის აუცილებლობა. საქართველო-ევროკავშირის მოლაპარაკებების შემდეგ პროექტის სახით მიღებულია არასავალდებულო დოკუმენტი, სადაც ევროკავშირი საქართველოზე პასუხისმგებლობას საქართველოში დებულებების დანერგვის შემთხვევაში აღიარებს. მართალია, მასში ბევრი რამ დასახვეწია, მაგრამ აუცილებელია ახალი საბაჟო კანონის მიღება, რომელიც ევროკავშირის საერთო სტანდარტებთან ჰარმონიზებული იქნება.

comments

Social media & sharing icons powered by UltimatelySocial